არის თუ არა ჩემი ვულვა და ვაგინა ნორმალური?
III თავი
თქვენი ვულვა და ვაგინა ისეთივე უნიკალურია, როგორც დანარჩენი სხეული. აქ მოყვანილია ის ინფორმაცია, რაც დაგჭირდებათ ვულვის, ვაგინალური გამონადენის და თქვენი გენიტალიების მოვლის შესახებ.
მრავალი ადამიანი ახსენებს ,,ვაგინას” და რეალურად ლაპარაკობს ვულვაზე. ვულვა გარეთ მდებარეობს, თქვენი გენიტალიების ხილვადი ნაწილია; ვაგინის ბაგეები, კლიტორი, ვაგინის შესასვლელი და შარდმდენი მილის დაბოლოება. ვაგინა შიგნითაა – ესაა წელვადი მილი, რომელიც ვულვას საშვილოსნოს ყელთან აკავშირებს. არ არსებობს ვულვის ,,სტანდარტული” ფორმა. ვაგინა და ვულვა ისეთივე უნიკალურია, როგორც ადამიანის სახე – მათ აქვთ ერთი და იგივე ნაწილები, მაგრამ გამოიყურებიან განსხვავებულად. ბაგეებიც სხვადასხვა ფორმის და ზომისაა. ზოგ ქალს აქვს ფართო ვაგინის შესასვლელი, ზოგს ვიწრო. კლიტორი შესაძლოა პატარა, ან დიდი, გამოწეული ან შემალული იყოს. ფართოდ გავრცელებულია ვულვის ასიმეტრიულობა (როდესაც ერთი მხარე განსხვავებულია მეორისგან). განსხვავდება ფერებითაც: მუქი ყავისფერიდან – ღია ვარდისფერამდე, სხვადასხვა ტექსტურის და რაოდენობის თმით. ქალების უმრავლესობის ვაგინის შესასვლელში მდებარეობს აპკი – თხელი მემბრანული ქსოვილი. ზოგიერთი ქალის აპკი თითქმის მთლიანად ფარავს ვაგინის შესასვლელს, ზოგიერთის კი – საერთოდ არა.
სხვადასხვა სახის აქტივობებმა შესაძლოა გამოიწვიოს თქვენი აპკის გაწელვა და გახსნა, როგორიცაა ველოსიპედის ტარება, სხვადასხვა სპორტი, რაიმეს შედება ვაგინაში (ტამპონის ან თითის), ვაგინალური სექსი.
3.1 რა არის ვაგინალური გამონადენი?
გარდატეხის ასაკში იწყება ვაგინალური გამონადენი (სისველე ვაგინიდან). ის შესაძლოა იყოს უფერო, თეთრი ან ოდნავ მოყვითალო, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც შრება ტრუსზე. მენსტრუაციის ახლო პერიოდში შესაძლოა იყოს ყავისფერი, ან ვარდისფერი. ვაგინალური გამონადენი იცვლება მენსტრუალური ციკლის განმავლობაში. ზოგ დღეებში უფრო იმატებს, თხელდება, ან სქელდება, იცვლის ფერს. ზოგადად, გამონადენი ნორმალურია – ეს არის ვაგინის თვით- გასუფთავების მექანიზმი. მიაქციეთ ყურადღება, თუ როგორ გამოიყურება ჩვეულებრივ თქვენი ვულვა და ვაგინალური გამონადენი (ასევე სუნსაც), ასე გეცოდინებათ, თუ რაიმე შეიცვლება, რადგანაც ეს შესაძლოა ინფექციის ნიშანი იყოს. თუ გაქვთ გამონადენი, რომელიც მწვანეა, ნაცრისფერი, ქაფიანი, ხაჭოსებრი, მძაფრი თევზის სუნით, მიმართეთ ექიმს. თუმცა, არ ინერვიულოთ – ვაგინალური ინფექციები ძალიან ფართოდაა გავრცელებული და ხშირად, მარტივია სამკურნალოდ. თუ სექსუალურად აღზნებული ხართ, შესაძლოა შეამჩნიოთ, რომ თქვენი ვაგინა უფრო სველია, ვიდრე ჩვეულებრივ. ეს იმიტომ, რომ ვაგინა გამოყოფს უფერო სითხეს, რომელიც ბუნებრივი ლუბრიკანტია, სექსის დროს ხახუნის შესამცირებლად.
3.2 როგორ გავისუფთავო ვაგინა და ვულვა?
საუკეთესო გზა ვულვის გასაწმენდად არის წყალი. არ გამოიყენოთ საპონი ან სხვა თავის მოვლის საშუალება ვაგინის შიგნით. არაა საჭირო ვაგინის გასუფთავება – ის თავის თავს თვითონ ისუფთავებს! ვაგინისთვის და ვაგინალური გამონადენისთვის ნორმალურია ოდნავი სუნი, მაშინაც კი, როცა სუფთაა. მაგრამ არ ინერვიულოთ – სხვა ადამიანები ამას ვერ ამჩნევენ. ამიტომ, არაა საჭირო ვაგინალური დეოდორანტების, ან სხვა სახის სპრეების და საწმენდების გამოყენება. მეტიც, სურნელოვან ჰიგიენურ პროდუქტებს შეუძლიათ გაღიზიანების და ინფექციების გამოწვევა.
3.3 არის თუ არა ჩემი მკერდი ნორმალური?
მკერდი და ძუძუსთავები სხვადასხვა ადამიანში სხვადასხვა ზომის, ფორმის და ფერისაა. გარდატეხის ასაკში თქვენი მკერდი ვითარდება და იზრდება. მკერდი იცვლება მთელი ცხოვრების განმავლობაში. ორსულობა და ზოგადად, ასაკის მატება ჩვეულებრივ, ახდენს გავლენას თქვენი მკერდის ზომასა და ფორმაზე. მკერდი უმეტესად ცხიმია, ამიტომაც წონის მატებისას ან კლებისას, ისიც იცვლება. ასევე ნორმალურია დასიება მენსტრუაციის განმავლობაში. ფართოდ გავრცელებულია სტრიები მკერდზე – ვარდისფერი, წითელი, ყავისფერი ან თეთრი ხაზები თქვენს კანზე, რომელიც შესაძლოა, ოდნავ ამობურცული, ან ჩავარდნილი იყოს. სტრიები ჩნდება თქვენი სხეულის ფორმის ცვლილებისას, როდესაც კანი ვერ ასწრებს ფორმირებას. სტრიების უმეტესობა ნელ- ნელა ქრება და შეუმჩნეველი ხდება. მკერდის მსგავსად, ძუძუსთავებიც ინდივიდუალურია. ორივე, ძუძუსთავები და არეოლა (ძუძუსთავების ირგვლივ მრგვალი კანი) სხვადასხვა ზომის და ფერისაა, ღია ვარდისფერიდან – მოყავისფრო შავამდე. თქვენი ძუძუსთავის ფერი ხშირად გავს თქვენი კანის ფერს. ასევე, სავსებით ნორმალურია ძუძუსთავებს გარშემო თმის ზრდა. ზოგიერთი ძუძუსთავი გამოწეულია, ზოგიერთი კი – ჩაწეული. ისინი შესაძლოა უფრო ამოიწიოს, როდესაც გცივათ, სექსუალურად აღზნებული ხართ, ნერვიულობთ, ან ვინმე ეხება. მკერდი და ძუძუსთავები ეროგენული ზონებია, ამიტომაც მათთან შეხება, შესაძლოა, სასიამოვნო გრძნობა იყოს.
მრავალ ადამიანს მოსწონს მკერდზე შეხება სქესობრივი აქტის დროს, მაგრამ თუ არ მოგწონთ ამგვარი შეხება, ესეც ნორმალურია. თქვენზეა დამოკიდებული, თუ რა გსიამოვნებთ და რა – არა, ამის შესახებ შეგიძლიათ თქვენს პარტნიორსაც შეატყობინოთ. მკერდს სხვა როლიც აქვს, ესაა ძუძუთი კვება ბავშვის ყოლის შემთხვევაში.
მრავალ ადამიანს აწუხებს საკუთარი მკერდის ზომა, თუმცა ეცადეთ, ამასთან დაკავშირებით არ იღელვოთ. დიდია თუ პატარა, მკერდის ყველა ზომა ნორმალურია. არ არსებობს არანაირი აბი, კრემი, მოწყობილობა, ან სპეციალური სავარჯიშო, რომელიც თქვენი მკერდის ზომას ცვლის – საუკეთესო გზა თქვენი სხეულის სიყვარულია. ზოგიერთი ადამიანის მკერდი იმდენად დიდია, რომ იწვევს ტკივილს ან ზურგის პრობლემებს, ამიტომაც, შესაძლოა, მათ გადაწყვიტონ გაიკეთონ მკერდის დაპატარავების ოპერაცია. თუ გაქვთ კითხვები მკერდის შესახებ, მიმართეთ ექიმს, ან სანდო უფროსს.
3.4 როდის იწყება მკერდის ზრდა?
ყველას მკერდი სხვადასხვა სიხშირით ყალიბდება. უმეტესად, მკერდი ყალიბდება 8-დან 14 წლამდე. მკერდის ჩამოყალიბების დასრულებას შესაძლოა დიდი დრო დაჭირდეს გარდატეხის ასაკში. ხშირად ცვლილებები ნელია, ხანდახან კი – სწრაფი. მკერდი შესაძლოა დასიებული, ან მგრძნობიარე გახდეს ჩამოყალიბების პროცესში. ჩამოყალიბების დროც განსხვავებულია. ხშირად, მკერდის ჩამოყალიბება გარდატეხის ასაკის პირველი ნიშანია, მაგრამ ზოგიერთი ქალის მკერდი ჩამოყალიბებას გვიან გარდატეხის ასაკამდე აგრძელებს. თუ ნერვიულობთ იმაზე, რომ თქვენი მკერდი ძალიან სწრაფად იზრდება, ან საერთოდ არ იზრდება, მიმართეთ ექიმს.
მთარგმნელი: ანო გულიშვილი
© Planned Parenthood Federation of America Inc.
კრებულის სხვა თავების სანახავად გადადით საიტის განყოფილებაში “ყველაფერი შენი სხეულის შესახებ”.