IV თავი

ყველას პენისი და სათესლე ჯირკვალი განსხვავებულია. გარდატეხის ასაკში ისინი იზრდება და შესაძლოა, ოდნავ ფერიც შეიცვალოს. არ ინერვიულოთ თქვენი პენისის ზომაზე, რადგან ყველა ზომა ნორმალურია.

4.1 არის თუ არა ჩემი პენისი ნორმალური?

ყველა ადამიანის პენისი განსხვავებულია, სქელი თუ წვრილი, გრძელი თუ მოკლე, სწორი თუ ოდნავ მოღუნული – ყველა ინდივიდუალურია. ამიტომაც, თუ არ გტკივათ, ან არაკომფორტულად არ გრძნობთ თავს ე.ი ყველაფერი რიგზეა.

გარდატეხის ასაკის რაღაც ეტაპზე, პენისი დიდდება და სიგრძეში იმატებს. სხვადასხვა ადამიანისთვის ეს სხვადასხვა ეტაპზე ხდება. ზრდას შესაძლოა რამდენიმე წელი დასჭირდეს.

მოზრდილებისთვის, პენისის საშუალო ზომა მოდუნებულ მდგომარეობაში 6-დან 12 სმ-მდე მერყეობს, ხოლო ერეგირებულ მდგომარეობაში 12-დან 18 სმ-მდე. მოდუნებულ მდგომარეობაში თქვენი პენისის ზომა არ განაპირობებს ერეგირებულ მდგომარეობაში მის სიგრძეს. ზოგიერთი პენისი იზრდება ერეგირებისას, ზოგიერთი კი მიახლოებით იგივე ზომა რჩება. ბევრი ბიჭი ნერვიულობს პენისის ზომაზე, მაგრამ რეალურად, არ არსებობს ,,ნორმალური” ზომა და მითი, რომ ,,დიდი ყოველთვის უკეთესია”, არ არის მართალი. ციფრებზე და საზომებზე ნერვიულობას, სჯობს გიყვარდეთ თქვენი სხეული ისეთი, როგორიც არის. შესაძლოა, რომ თქვენ ისევ იზრდებით, ამიტომ არ ინერვიულოთ.

არ არსებობს უსაფრთხო გზა პენისის ზომის გასაზრდელად. პენისის გასაზრდელი აბები, კრემები და აპარატები არ მუშაობს, ხოლო ოპერაციები ძვირი და რისკიანია და დიდ განსხვავებას არ იძლევა.

საბოლოოდ, ყველა პენისი განსხვავებულია და ის, თუ როგორ გამოიყურება, არ ახდენს გავლენას კარგ სექსზე.

4.2 რა განსხვავებაა წინდაცვეთილ და წინდაუცვეთავ პენისებს შორის?

დაბადებიდან, ყველას პენისს აქვს ჩუჩა (ნაზი კანი, რომელიც ფარავს და იცავს თქვენი პენისის თავს). ზოგიერთი ბიჭის მშობელი ირჩევს მცირე ოპერაციას- წინდაცვეთას ბავშვის დაბადებისას. საქართველოში ასეთი პრაქტიკა ხშირი არ არის, თუმცა არსებობს.  არ ინერვიულოთ იმის თაობაზე, წინდაცვეთილი ხართ თუ არა – ორივე ნორმალურია და ორივე თითქმის ერთნაირად მუშაობს, უბრალოდ ოდნავ განსხვავებულად გამოიყურება. წინდაცვეთილ პენისებს არ აქვს კანი თავზე, ამიტომაც თავის დანახვა ყოველთვის შესაძლებელია. წინდაუცვეთავ  პენისებს  არ აქვს კანი თავზე, ამიტომაც თავის დანახვა ყოველთვის შესაძლებელია. წინდაუცვეთავ  პენისებს  თავზე   აქვს   რბილი   კანი, რომელიც ფარავს წინა ნაწილს. როდესაც წინდაუცვეთავი პენისი ერეგირებულ მდგომარეობაშია, ჩუჩა იწევა და თავი ჩნდება. კაცები, რომლებსაც წინდაუცვეთავი პენისი აქვთ, ხშირად მოშარდვისას, დაბანისას ან პრეზერვატივის გაკეთებისას, ხელით იწევენ კანს.

4.3 არის თუ არა ჩემი სათესლე ჯირკვალი და სათესლე პარკი ნორმალური?

სათესლე ჯირკვალი  თქვენი სხეულის  სპერმის “ქარხანაა”. გარდატეხის ასაკში, თქვენი სათესლე ჯირკვლები იწყებს სპერმის წარმოებას და შენახვას და ასე გრძელდება მთელი ცხოვრების განმავლობაში. ისინი ასევე ქმნიან ტესტოსტერონს – ჰორმონს, რომელსაც ამოყავს სახეზე თმები და ხელს უწყობს კუნთების, ბოხი ხმის და სექსუალური ლტოლვის წარმოქმნას. უმეტესად გავრცელებულია ორი სათესლე ჯირკვალი. ხშირად ერთი ჯირკვალი მეორეზე დაბლა მდებარეობს და ერთი უფრო დიდია, ვიდრე მეორე, ხანდახან კი ერთი ზომისაა. ეს სავსებით ნორმალურია.

სათესლე პარკი არის თქვენი სხეულის სპერმის დაცვის სისტემა. კუნთები თქვენს სათესლე პარკში მოძრაობენ, რათა სპერმა ჯანსაღ ტემპერატურას ინარჩუნებდეს. შესაძლოა შეამჩნიოთ, რომ სითბოში სათესლე პარკი ქვემოთ იწევა, ხოლო სიცივეში ზემოთ ადის, უფრო უახლოვდება სხეულს, ასევე მაშინაც, როდესაც ეაკულაცია იწყება. სათესლე პარკი ხშირად უფრო მუქია, ვიდრე დანარჩენი კანი, თუმცა არა ყოველთვის. ზოგიერთი ადამიანის სათესლე პარკი უფრო გრძელია, ზოგიერთის კი – მოკლე. სათესლე პარკი ხშირად დანაოჭებულია და დაფარულია თმით. ბევრ ადამიანს აქვს პატარა, უმტკივნეულო გამონაზარდები სათესლე პარკზე, ან პენისზე – ეს ნორმალურია და არ იწვევს ჯანმრთელობის პრობლემებს.

სათესლე ჯირკვლები და სათესლე პარკები სენსიტიურია, ამიტომაც მათთან ნაზად შეხება შესაძლოა, სასიამოვნო იყოს. ზოგ ადამიანს სიამოვნებს სექსუალური აქტის დროს შეხება, ზოგს- არა. შეგიძლიათ ამაზე თქვენს სექსუალურ პარტნიორს ესაუბროთ. სათესლე ჯირკვლები ძალიან ნაზია. დარტყმა, ჩქმეტა ან უხეშად მოქცევა შესაძლოა ძალიან მტკივნეული იყოს. ამიტომაც, როდესაც სპორტით დაკავდებით, დაიცავით სათესლე ჯირკვლები. კარგი იდეაა ხელით სათესლე ჯირკვლების რეგულარული შემოწმება, რათა შემდგომში შეატყოთ, თუ რაიმე შეიცვლება. თუ ახალი გამონაზარდი, ტკივილი, ქავილი ან სხვა სახის ცვლილება შენიშნეთ თქვენს სათესლე პარკზე ან ჯირკვალზე, მიმართეთ ექიმს. შესაძლოა, ეს იყოს შემოქობილი ეგზემა (სოკოვანი დაავადება), სათესლე ჯირკვლის დაჭიმვა ან სქესობრივი გზით გადამდები დაავადება. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან იშვიათია, ზოგიერთ თინეიჯერს შესაძლოა აღმოაჩდეს სათესლე ჯირკვლის კიბო. რეგულარულად შეემოწმეთ ექიმთან და მიაქციეთ ყურადღება ცვლილებებს.

მთარგმნელი: ანო გულიშვილი

© Planned Parenthood Federation of America Inc. 

კრებულის სხვა თავების სანახავად გადადით საიტის განყოფილებაში “ყველაფერი შენი სხეულის შესახებ”.