ესე შერჩეულია “ქალთა მზერის” ახალგაზრდა ფემინისტთა ესეების კონკურსის მეშვეობით. 

როგორ ვაჩვენოთ მენსტრუაცია? როგორი უნდა იყოს ქალების შრომის პოლიტიკა მენსტრუაციის გათვალისწინებით? და საერთოდ, საჭიროა თუ არა თვიური? ეს ერთი შეხედვით რადიკალური კითხვები საკმაოდ აქტუალურია დასავლეთში, მაშინ როცა საქართველოში ამ მხრივ ელემენტარულ ცოდნასაც კი ცოტა ქალი ფლობს.

ევოლუციური თვალსაზრისით ყოველთვიური მენსტრუაცია არც ისე ძველი მოვლენაა. ანთროპოლოგმა ბევერლი სტრასსმანმა დოგონის ტომზე ორწლიანი დაკვირვებისას აღმოაჩინა რომ კონტრაცეფციის არმქონე საზოგადოებაში, რომელიც პირველყოფილთან მიახლოებულ პირობებში ცხოვრობს, ქალები სიცოცხლის უდიდეს ნაწილს ფეხმძიმეები ან ძუძუთი მკვებავები ატარებდნენ, რაც ბუნებრივია, ამენორეას იწვევს. შესაბამისად, ცხოვრების მანძილზე მათ საშუალოდ 100 მენსტრუაცია აქვთ, მაშინ როცა თანამედროვე ქალებში ეს რიცხვი 400-დან 500-მდე მერყეობს (Strassmann, 1999). ასეთ მოკლე დროში  ორგანიზმი ვერ ევოლუციონირებს იმდენად, რომ უმტკივნეულოდ ადაპტირდეს ამ მოვლენის მიმართ. წინამენსტრუაციული სინდრომი, თავის ტკვილები, გულისრევა და სხვა არასასიამოვნო გვერდითი ეფექტები, შედარებით „ახალგაზრდა“ მოვლენებია. იგივე შეიძლება ითქვას საკვერცხეებისა და ძუძუს კიბოზე – მათში უჯრედების უფრო ხშირი და ინტენსიური დაყოფა მნიშვნელოვნად ზრდის დაავადების რისკს. შეიცვალა აგრეთვე მენარქეს ასაკი: 16-17 წლიდან ის 12-14 წლამდე ჩამოვიდა, ეს კი ძუძუს კიბოს ალბათობას კიდევ უფრო ზრდის, რადგან მენარქეს შემდგომ პირველ მშობიარობამდე ძუძუს კიბოს აღმოჩენის შანსი ყოველწლიურად 7%-ით მატულობს (Colditz and Frazier, 1995). და ბოლოს, მკვლევარები ჯერ კიდევ ვერ სცემენ პასუხს მთავარ კითხვას, თუ რატომ გახდა მენსტრუაცია საჭირო ზოგ ცხოველში, როცა ცხოველთა უმეტესობა მას საერთოდ არ განიცდის. ერთ-ერთი გავრცელებული თვალსაზრისით, უფრო სქელი ენდომეტრიუმი დედის დამცავი მექანიზმია აგრესიული ემბრიონის წინააღმდეგ, რადგან ადამიანებში ემბრიონსა და დედას სხვადასხვა ამოცანა აქვს – დედას სურს, რაც შეიძლება მეტი ჯანმრთელი ბავშვი გააჩინოს, ხოლო ემბრიონს – რაც შეიძლება მეტი რესურსი აიღოს დედისგან, რადგან სხვა ბავშვები სამყაროში მისი პოტენციური კონკურენტები იქნებიან. უსარგებლო გასქელებული ენდომეტრიუმი ორგანიზმიდან მენსტრუაციის დროს განიდევნება ენერგიის შენახვის მიზნით. თუმცა ეს მხოლოდ ერთ-ერთი თეორიაა.

მრავალი საუკუნის განმავლობაში მენსტრუაცია, როგორც უცხო, სისხლთან ასოცირებული მოვლენა, შიშს აღძრავდა პირველყოფილ საზოგადოებაში, რელიგიებში კი ქალების უწმინდურებისა და ცოდვილობის დამამტკიცებელ არგუმენტად გამოიყენებოდა. მენსტრუაციის მარგინალიზება  ძლიერი იყო არამხოლოდ კულტურაში, არამედ სამედიცინო საზოგადოებაშიც. მხოლოდ „მეორე ტალღის“, 70-ანი წლების ფემინისტები პირველად უდგებიან საკითხს სერიოზულად (Stone, 2014). ჯუდი ჩიკაგოს „წითელი დროშა“ (Red Flag, 1971), შეიქმნა როგორც პასუხი ტამპონების მრავალრიცხოვან რეკლამებზე, რომლებიც მენსტრუაციას პარადოქსულად წარმოადგენდნენ ჯანსაღ და ბუნებრივ, მაგრამ ბინძურ და სასირცხვილო მოვლენად. ჯუდი ჩიკაგოს პროტესტი სახვით ხელოვნებაში თვიურის ერთ-ერთი პირველი პირდაპირი ჩვენებაა(1). ამგვარად მენსტრუაცია ვიზუალურ კულტურაში სულ რაღაც 50 წელია რაც არსებობს. ამასთანავე მენსტრუალური სისხლის ჩვენება ასოცირდება ავანგარდულ ხელოვნებასთან ან მემარცხენე ფემინისტურ აქტივიზმთან. ბუნებრივია, ეს თემა ჯერ კიდევ განკვეთილია ფართო საზოგადოებაში. თუმცა ფემინიზმის ახალმა ტალღამ უკვე გამოიღო ისეთი შედეგი, როგორიცაა კომპანია Body Form-ის სარეკლამო რგოლი, სადაც პირველად ვხედავთ საფენზე წითელ სითხეს.

ეს საკითხები უფრო ფართო პერსპექტივას ხსნის მენსტრუაციაზე, თუმცა საქართველოში ქალების დიდი ნაწილი საბაზისო ცოდნასაც ვერ ფლობს იმ მოვლენაზე, რომელიც ჯამში მისი ცხოვრების დაახლოებით 6 წელს იკავებს. ამასთანავე, ქალის სურვილის შემთხვევაში საჭირო ინფორმაცია საკმაოდ ხელმისაწვდომია, თუნდაც ვებ-გვერდებისა და აპლიკაციების მეშვეობით. ამის და მიუხედავად, უმეცრების დონე მაღალი რჩება, რადგან ქალთა უმრავლესობას მიაჩნია, რომ უკვე საკმარისი იცის. მიზეზი რა თქმა უნდა სტიგმაა, რომელმაც იმდენად ღრმად გაიდგა ფესვები ჩვენს კულტურაში, რომ ბიოლოგიის მასწავლებლებიც კი, რომლებიც ამ საკითხში გათვითცნობიერებულნი უნდა იყონ, ამჯობინებენ რეპროდუქციის თავები დაჩქარებულად გაიარონ ან სრულიად გამოტოვონ(2). მოსწავლეებში ამ თავების ილუსტრაციებიც კი ტაბუ დადებული თემაა – ამ გვერდებს არ შლიან, ხოლო თუ შლიან, ხუმრობით იცილებენ ხოლმე უხერხულებას. ეს გასაკვირი არ არის, რადგან მასწავლებელი, რომელიც კლასის ავტორიტეტია, თავად გრძნობს უხერხულებას ამ თემის მიმართ. მენარქეს დადგომისას გოგონები ინფორმაციას დედებისგან ან თანატოლებისგან იღებენ – ნახევრად ჩურჩულითა და ევფემიზმებით. ბიჭები მენსტრუაციას ხუმრობების თემად აქცევენ, ხოლო ეკლესია, რომელიც საქართველოს მოსახლოების უდიდესი ნაწილისთვის გამორჩეული ავტორიტეტია,  უწმინდურებად თვლის მენსტრუაციას და უკრძალავს ტაძარში შესვლასა და რიტუალების ჩატარებას. თუ დოგონის ტომში თვიურის დროს ქალებს ფიზიკურად განაცალკევებდნენ დანარჩენი სოფლისგან, თანამედროვეობაში მათ უხილავი ზღვარი განკვეთავს. გოგონას ერთ-ერთი ყველაზე დიდი შიში მენსტრუაციის ფაქტის გასაჯაროვება ხდება. მენსტრუაცია უნდა დაიფაროს და მიიჩქმალოს, მისი თანმდევი არასასიამოვნო სიმპტომები კი ქალმა ჩუმად უნდა აიტანოს. გამორიცხულია მენსტრუაციის ფაქტის გამჟღავნება სამსახურეობრივ სიტუაციაში, განსაკუთრებით თუ ხელმძღვანელი მამაკაცია.

სამწუხაროდ საფუძვლიანი კვლევის არარსებობის გამო საქართველოში არ გაგვაჩნია ზუსტი სტატისტიკური მონაცემები იმის შესახებ თუ როგორ მოქმედებს ტაბუიზირებული თვიური ქალის სტატუსზე პროფესიულ სამყაროსა და ყოველდღიურ ცხოვრებაში. რიცხვების გარეშე შეგვიძლია შევაჯამოთ მხოლოდ ის, რასაც არაერთხელ თავად შევსწრებივართ და რისი მსხვერპლებიც გავმხდარვართ – აფთიაქში საფენების ჩუმად შერჩევა, გადაჩურჩულბა ქალ კოლეგასთან იმაზე, რომ მოგვივიდა, მიზეზების მოფიქრება, როცა შეხვედრაზე უარს ვამბობთ. ინფორმაციის ხელმისაწვდომობა არ არის საკმარისი ფაქტორი. საჭიროა ქალების ინტერესი და დაჟინებული ყურადღება საკუთარი ჯანმრთელობის მიმართ. ხოლო ამისთვის, თავის მხრივ, საზოგადოება უნდა გამოვიდეს მოზარდული ხითხითისა და უხერხულობის ასაკიდან. მხოლოდ ამის შემდეგ შევძლებთ რომ შევუერთდეთ მსოფლიოს ისეთ საკითხებში როგორიცაა მენსტრუაცია და შრომის პოლიტიკა, მენსტრუაცია ვიზუალურ კულტურაში და საჭიროა თუ არა 28 დღიანი ციკლი.  ან საერთოდ კი, ავიტანოთ უსიამოვნო მოვლენები მათი მოჩვენებითი „ბუნებრივობის“ გამო თუ გავბედოთ რომ თავად ვმართოთ პროცესი.


(1) ხელოვნებათმცოდნეთა ნაწილს მიაჩნია რომ იტალიურ აღორძინებაში Madonna Lacti-ს ხატება მენსტრუაციის შენიღბული გამოვლინებაა, რადგან დედის რძე მენსტრუალურ სისხლთან ასოცირდებოდა. ავტორი საუბრობს მენსტრუალური სისხლის პირდაპირ, შეუნიღბავად ჩვენებაზე.

(2) ვინაიდან საუბარია ავტორისა და მისი თაობის სასკოლო გამოცდილებაზე, მოიაზრება პერიოდი 2010 წლამდე.

წყაროები:

Colditz, G. and Fraizer, A. (1995). Models of breast cancer show that risk is set by events of early life: prevention efforts must shift focus.

Kelland, L., Paphitis, S. and Macleod, C. (2015). A contemporary phenomenology of menstruation: Understanding the body in situation and as situation in public health interventions to address menstruation-related challenges. [online] Available at: https://ac.els-cdn.com/S0277539515300066/1-s2.0-S0277539515300066-main.pdf?_tid=b5537692-0667-11e8-8a0f-00000aab0f6b&acdnat=1517390501_fd9fdacc0434b68b00a5cbd6d9a247bb [Accessed 31 Jan. 2018].

Stone, A. (2014). Negotiating Feminine Absence: Menstruation and Visual Culture. [ebook] Savannah: Savannah College of Art an d Design. Available at: http://ecollections.scad.edu/iii/cpro/DigitalItemPdfViewerPage.external?id=0428414699318450&itemId=1002674&lang=…&file=%2Fiii%2Fcpro%2Fapp%3Fid%3D0428414699318450%26itemId%3D1002674%26lang%3D…%26nopassword%3Dtrue%26service%3Dblob%26suite%3Ddef#locale=…&gridView=true [Accessed 31 Jan. 2018].

Strassmann B. (1999). Menstrual Cycling and Breast Cancer: An Evolutionary Perspective. Journal of Women’s Health, 8(2), pp.193-202.

Strassmann, B. (1996). The Evolution of Endometrial Cycles and Menstruation. The Quarterly Review of Biology, 71(2), 181-220. Retrieved from http://www.jstor.org/stable/3035646

ავტორი: თამუნა ჩქარეული; ვესტმინსტერის უნივერსიტეტის მაგისტრი ფოტოგრაფიასა და ფოტოჟურნალიზმში.

პროექტი ხორციელდება ახალგაზრდა ფემინისტური ფონდი “ფრიდა”-ს მხარდაჭერით.