ამსტერდამის ‘წითელი ფანჯრები’

ამსტერდამის ‘წითელი ფანჯრები’

დღეს, მთელს მსოფლიოში პროსტიტუციაზე მიმდინარე დებატები ეხება საკითხს – უნდა მოხდეს თუ არა პროსტიტუციის დეკრიმინალიზება. სექს-მუშაკები, ფემინისტები თუ უფლებდამცველები თანხმდებიან, რომ თავად პროსტიტუციაში ჩართული ქალები არ უნდა იყვნენ კრიმინალიზებულნი. საკითხი დგას ასე: უნდა მოხდეს თუ არა კლიენტების და მესამე მხარის საქმიანობის დეკრიმინალიზებაც. ანუ არჩევანი დგას სრულ დეკრიმინალიზაციასა და შვედურ მოდელს შორის.

ლეგალიზაცია/დეკრიმინალიზაციის მომხრეების მთავარი არგუმენტი არის ის, რომ ლეგალიზება გააუმჯობესებს სექს-მუშაკების მდგომარეობას, ვინაიდან ბორდელები მათ შესთავაზებენ უსაფრთხო გარემოს, დაიცავენ კლიენტის ძალადობისგან, უზრუნველყოფენ ელემენტარულ ჰიგიენას და უსაფრთხო სექსის პრაქტიკებს, ა.შ. მეორე ის რომ სექს-მუშაკები ისარგებლებენ იმ ბენეფიტებით რაც ჩვეულებრივ დასაქმებულს აქვს: ჯანმრთელობის დაზღვევა, პენსია, ა.შ. და მესამე ის, რომ მოიხსნება სტიგმა პროსტიტუციაზე და აღარ ექნება ადგილი ქალების შერცხვენას.

თუმცა, ლეგალიზებული/დეკრიმინალიზებული ქვეყნების(გერმანია, ახალი ზელანდია, ნიდერლანდები, ავსტრია, ავსტრალია, ა.შ) გამოცდილება საპირისპიროს ამტკიცებს. ვინაიდან გერმანია ლეგალიზაციის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითს წარმოადგენს, ხოლო ახალი ზელანდია – დეკრიმინალიზაციის ერთადერთ მაგალითს, აქ ძირითადად ამ ორ ქვეყანას განვიხილავ:

ახალი ზელანდია ერთადერთი ქვეყანაა (თუ არ ჩავთვლით ავსტრალიის ერთ შტატს New South Wales-ს), რომელსაც აქვს სრული დეკრიმინალიზაციის მოდელი. სწორედ ამ მოდელზე მიუთითებენ, როგორც საუკეთესოზე Amnesty International, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციები თუ სექს-მუშაკთა პროფკავშირები.

დეკრიმინალიზაციას განასხვავებენ ლეგალიზაციისგან, რომელიც ათამდე ქვეყანაშია. ეს უკანასკნელი გულისხმობს მეტ სახელმწიფო რეგულაციებს – სპეციალური ფართების, ე.წ. ‘წითელი უბნების’ გამოყოფას პროსტიტუციისთვის, სავალდებულო ჯანმრთელობის შემოწმებას და სავალდებულო რეგისტრაციას).

ახალ ზელანდიაში პროსტიტუციის დეკრიმინალიზება მოხდა 2003 წელს, რასაც წინ უძღოდა New Zealand Prostitutes Collective-ის მრავალწლიანი აქტივიზმი.

აღნიშნული ორგანიზაციის წევრი და აქტივისტი, საბრინა ვალისცე, რომელიც 20 წლის განმავლობაში იმყოფებოდა პროსტიტუციაში და თავის დროზე აქტიურად ადვოკატირებდა დეკრიმინალიზაციას, ამჟამად ამ მოდელის მარცხზე საუბრობს. მისი თქმით, დეკრიმინალიზაციამ ვერ შეასრულა დაპირებული მოლოდინი, გაეძლიერებინა და დაეცვა სექს-მუშაკები. ამის სანაცვლოდ, ძალაუფლება მთლიანად ბორდელის მფლობელების და კლიენტების ხელში აღმოჩნდა. სექს მუშაკებმა დაკარგეს კონტროლი გაწეული მომსახურების ფასებსა და პირობებზე. ახლა ეს ბორდელის მენეჯმენტსა და კლიენტს შორის შეთანხმების საგანი გახდა. ახალ ზელანდიაში, ისევე როგორც ლეგალიზაციის მქონე ქვეყნებში, ქალები არა დასაქმებულებად, არამედ ინდივიდუალურ კონტრაქტორებად არიან გაფორმებულნი. ვალისცეს თქმით, რეალურად ისინი დასაქმებულებს წარმოადგენენ დასაქმებულის ყველანაირი უფლების გარეშე. მათ არ აქვთ შესვენება სამსახურში, შვებულება, ბორდელი წყვეტს მათ სამუშაო საათებს, ფასებს, ჩაცმის სტილს, ა.შ. გარდა ამისა, ქალები ჯარიმდებიან ავადმყოფობისა და სამსახურის გაცდენისთვის, დაგვიანებისთვის, იხდიან ყოველდღიურ გადასახადებს – ოთახის, ცვლის, თეთრეულის და ა.შ.

შემცირებული ფასები და უსაფრთხოება.

როგორც ყოფილი სექს მუშაკი რეი სთორი აღნიშნავს ლეგალიზაციის შემდეგ პროსტიტუციის ბიზნესი სუპერმარკეტის ტიპის ეკონომიკას დაექვემდებარა. ბაზარზე დომინირებენ დიდი ბორდელები, რომლებიც კლიენტებს დაბალ ფასებს  და მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობენ. ბორდელის მხრიდან ქალებს უწესდებათ ფიქსირებული დღიური გადასახადები, რის გამოც მათ დღეში 3-5 კლიენტის ნახვა მხოლოდ ამ ვალის დასაფარად უწევთ და ამის შემდეგ იწყებენ უკვე მოგებაზე წასვლას. მაგალითისთვის გერმანულ მეგა-ბორდელ ‘Paradise’-ში ეს დღიური გადასახადი 130, ხოლო ‘Pascha’-ში 180 ევროა მაშინ, როცა კლიენტისგან სექს მუშაკი ერთ მომსახურებაში მხოლოდ 30-50 ევროს იღებს. (ზოგან ფასები 10, 20 ან 30 ევროა) გერმანიაში განსაკუთრებით პოპულარულია ე.წ. flat-rate ბორდელები, რომლებიც კლიენტს ფიქსირებულ ფასად, სულ რაღაც 70-80 ევროდ მთელი დღის მომსახურებას სთავაზობენ (სასურველი რაოდენობის ქალთან სასურველი რაოდენობის სექსი). ფასში ხშირად შედის ლუდი და ჰამბურგერიც. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ გერმანიაში საშუალო ხელფასი 3700 ევროა, ფასები კატასტროფულად დაბალია.

მეგა-ბორდელები მრავალსართულიან სასტუმროს ტიპის შენობებს წარმოადგენენ, თავისი ბარ-რესტორნით, აუზებით და კომფორტული ოთახებით. დასაქმებული ქალები იქვე ცხოვრობენ, ოთახში ფულს იხდიან და ბორდელისთვის ოფიციალურად არა დასაქმებულებს არამედ ინდივიდუალურ კონტრაქტორებს, იგივე კლიენტებს წარმოადგენენ. შრომითი კონტრაქტის არქონა მეპატრონეებისთვის საუკეთესო გზაა როგორც გადასახადებისთვის თავის არიდებისთვის, ასევე დამსაქმებლის პასუხისმგებლობებისგან გასათავისუფლებლად. სწორედ ახლახანს, 2017 წლის სექტემბერში მეგაბორდელ ‘პაშას’ მფლობელს ამ გზით გადასახადების არიდებისთვის 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ლეგალიზაციის შემდეგ გერმანიაში არ დაფიქსირებულა არცერთი შემთხვევა, რომ დასაქმებულებს დამსაქმებლისთვის ეჩივლათ და თავიანთი შრომითი უფლებები ლეგალურად დაეცვათ.

მეგა-ბორდელი ‘Paradise’ - გერმანია

მეგა-ბორდელი ‘Paradise’ – გერმანია

ბორდელები მოქმედებენ ‘კლიენტი ყოველთვის მართალიას’ პრინციპით და კლიენტის შენარჩუნების მიზნით არათუ თვალს ხუჭავენ ძალადობის ნებისმიერ შემთხვევაზე, პირიქით, დავის შემთხვევაში აქტიურად იჭერენ კლიენტის მხარეს. ახალ ზელანდიელი ქალები ამბობენ, რომ თუ კლიენტს კონკრეტულ მომსახურებაზე უარს ეტყვიან(მათ შორის დაუცველ სექსზე) ან ძალადობის გამო  წინააღმდეგობას გაუწევენ, ამ უკანასკნელს შეუძლია არასრული ან არასათანადო მომსახურებისთვის იჩივლოს და საკუთარი თანხა უკან დაიბრუნოს, ქალები კი უკეთეს შემთხვევაში საყვედურს იღებენ მენეჯმენტისგან, უარესში – გაგდებას. სექს-მუშაკი ჩელსი გედესი ამბობს რომ, იმ შემთხვევაშიც კი თუ ქალის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, მენეჯერს უჭირს სასწრაფოს გამოძახება, ვინაიდან სასწრაფოს პოლიცია მოყვება და ბორდელის მფლობელის ნომერ პირველი წესია – არანაირი პოლიცია! ახალი ზელანდიის ბორდელებში არსებულ სიტუაციას კარგად აღწერს ყოფილი სექს-მუშაკი და აქტივისტი რეი სთორი თავის სტატიაში ‘Working in a New Zealand brothel was anything but ‘a job like any other’’. სტატიაში სთორი საუბრობს 12 საათიან სამუშაო გრაფიკზე შესვენებისა და ნორმალური კვების გარეშე, მენეჯმენტის ირონიულ დამოკიდებულებასა და კლიენტები პრივილეგირებულობაზე.

მეგა-ბორდელი ''Pascha' - გერმანია

მეგა-ბორდელი ”Pascha’ – გერმანია

ჩელსი გედესის თქმით დეკრიმინალიზაციამ და პროსტიტუციის ‘ჩვეულებრივ პროფესიად’ ჩამოყალიბებამ კლიენტებში უფლებამოსილების შეგრძნების გაზრდა გამოიწვია და ისინი მეტად მომთხოვნები და აგრესიულები გახდნენ.

ასევე, საბრინა ვალისცე აღნიშნავს, რომ დღეს კლიენტის მოთხოვნებს ძირითადად პორნოგრაფია განსაზღვრავს და რომ პორნოგრაფიული ძალადობა ნორმაა პროსტიტუციაში. დღის განმავლობაში ბევრ, ხშირად 20-ამდე კლიენტთან გენიტალიური კონტაქტის, ხშირად კი ძალადობრივი სექსის გამო, ტკივილი, ვაგინალური და ანალური სისხლდენები და ჩახევები სექს-მუშაკების ყოველდღიურობას წარმოადგენს.

კლიენტთა დამოკიდებულებას კარგად ასახავს საიტიდან ‘Punternet UK’ აღებული მონაცემები. ეს არის სპეციალური საიტი კლიენტებისთვის სადაც ისინი შეფასებას უკეთებენ  სექს-მუშაკების მიერ გაწეულ მომსახურებას. კლიენტთა უმეტესობა უკმაყოფილოა, რომ ‘ქალები გვამებივით გაშეშებულები წვანან, მხოლოდ ტკივილზე წუწუნებენ და ყველაფრის გაკეთებას უშლიან’. სექს-მუშაკებს მოიხსენიებენ ხორცის ნაჭრებად, ცოცხალ გვამებად, ბოზებად, დეტალურად აღწერენ აგრესიული სექსის პრაქტიკებს, როდესაც ქალები სისხლდენებამდე მიყავთ. ა.შ.

კანადელი ფსიქოლოგის მელისა ფარლის კვლევის თანახმად პროსტიტუციაში ჩართული ქალების 69%-ს პოსტ-ტრავმული სტრესული აშლილობა აღენიშნება. 75%-ს კი ცხოვრების რაღაც ეტაპზე გამოუცდია უსახლკარობა.

სტიგმა და რეგისტრაცია.

მეგა-ბორდელ 'პაშას' რეკლამა ტაქსიზე, კიოლნი

მეგა-ბორდელ ‘პაშას’ რეკლამა ტაქსიზე, კიოლნი

ერთადერთი რაზეც წარმატებით მოხსნა სტიგმა ლეგალიზაციამ სექსის ყიდვა და არა გაყიდვაა. თუ გერმანიაში 2002 წლის პროსტიტუციის აქტამდე  სექსის ყიდვა სამარცხვინოდ მიიჩნეოდა და კაცები ამას ჩუმად აკეთებდნენ, ახლა ეს სოციალურად მისაღები ქმედება გახდა. დღეს, სკოლის დამთავრების ბორდელში აღნიშვნა ბიჭებში საკმაოდ პოპულარულია. ბორდელის რეკლამებს იხილავთ ავტობუსებზე, ტაქსებზე, ხიდებზე, ბილბორდებზე და ა.შ.

გერმანიაში ქალების უმრავლესობას არ უსარგებლია რეგისტრაციის უფლებით და შესაბამისად ვერ იღებს ჯანმრთელობის დაზღვევას და პენსიას. ბევრი მათგანი აღნიშნავს, რომ მათთვის ანონიმურობა უფრო ძვირფასია, ვინაიდან, ეს ერთი მხრივ, მათ იცავს სამედიცინო პერსონალის დამამცირებელი მოპყრობისაგან, მეორე მხრივ კი, სამომავლოდ მათი

მეგა-ბორდელ არტემისის რეკლამა ავტობუსზე, ბერლინი.

მეგა-ბორდელ არტემისის რეკლამა ავტობუსზე, ბერლინი.

სხვა პროფესიაში დასაქმების შანსებს ზრდის. ამას გარდა, ის ფაქტი, რომ ბორდელები უარს ამბობენ სექს-მუშაკების დასაქმებულად გაფორმებაზე, შეუძლებელს ხდის დასაქმებულის

უფლებებების განხორციელებას. რაც შეეხება სავალდებულო ჯანმრთელობის შემოწმებას, ის სექს-მუშაკების მხრიდან უნივერსალურად ბოროტებად არის აღიარებული.

გაზრდილი ტრეფიკინგი.

ლეგალიზებულ ქვეყნებში პროსტიტუციის ბიზნესი ძირითადად ტრეფიკერების და ორგანიზებული დანაშაულის ხელშია. მაგალითად, გერმანიაში, ჰამბურგის და ფრანკპურტის ‘წითელ უბნებს’  ბაიკერთა baikersoni 1კრიმინალური დაჯგუფება ‘Hells Angels’ აკონტროლებს, ხოლო შტუტგარტი  ‘United Tribuns’-ის ხელშია.

გერმანიაში 3500 მდე რეგისტრირებული ბორდელია. ხოლო მთლიანი შემოსავალი პროსტიტუციიდან 15 მილიარდამდე ევროა. პროსტიტუციაში ჩართული ქალების რიცხვი კი 400 000-დან 1 000 000-მდეა. გერმანული პოლიციის ვარაუდით, აქედან 50-90% ტრეფიკინგის მსხვერპლია. იგივე ვარაუდებს აკეთებენ სხვადასხვა სოციალური სააგენტოები.

დღეს გერმანიაში, სექს-მუშაკების უმრავლესობა მიგრანტია, ძირითადად აღმოსავლეთ ევროპის ღარიბი ქვეყნებიდან(ბულგარეთი, რუმინეთი, მოლდოვა,). მათი მასობრივი გამოჩენა ქვეყანაში  2004 წლის ევროკავშირის გაფართოებას მოყვა, რომელმაც აღმოსავლეთ ევროპის რიგი ქვეყნები მოიცვა (2007 წელს ბულგარეთი და რუმინეთიც). უვიზო რეჟიმმა და თავისუფალმა მიმოსვლამ განსაკუთრებით გაუადვილა ტრეფიკერებს საქმე და მათ მინიმალური ძალისხმევა სჭირდებათ ამ ქალების გადასაყვანად. ბულგარეთის, რუმინეთის და მოლდოვის სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობას კარგად აღწერს მიმი ჩაკაროვა თავის დოკუმენტურ ფილმში ‘სექსის ფასი’. დღემდე 90-იანი წლების პოსტ-საბჭოთა ქვეყნებისათვის დამახასიათებელი სიღარიბე, უმუშევრობა, პოლიციის კორუფცია ამ ქვეყნებს კვლავ ტრეფიკერების მთავარ სამიზნედ აქცევს.  (აღმოსავლეთ ევროპაში ტრეფიკინგის ბუმი 90-იან წლებში, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დაიწყო).

ბაიკერთა კრიმინალური დაჯგუფება ‘Hells Angels’ პროსტიტუციის ბიზნესს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში აკონტროლებს.

ბაიკერთა კრიმინალური დაჯგუფება ‘Hells Angels’ პროსტიტუციის ბიზნესს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში აკონტროლებს.

სექს-ტურიზმის განვითარების თვალსაზრისით გერმანია ახალი ტაილანდია. გერმანული აეროპორტებიდან სპეციალურ ავტობუსებს ტურისტები პირდაპირ ბორდელებში მიყავს. გერმანიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მეგა-ბორდელი ‘Paradise’ განგებ აეროპორტთან ახლოსაა აშენებული.

აღსანიშნავია, რომ 2007 წელს ჰოლანდიაში მთავრობამ ტრეფიკინგის და ორგანიზებული კრიმინალის ჩართულობის გამო  ამსტერდამის წითელი უბნების მესამედი და ‘წითელი ფანჯრების’(სადაც ქალები ვიტრინებში არიან გამოფენილნი) ნახევარი მთლიანად დახურა. ამსტერდამის იმჟამინდელი მერის ჯობ კოენის თქმით, მათი მოლოდინი, ლეგალიზაციის (2000) მეშვეობით ინდუსტრია უფრო გამჭვირვალე გაეხადათ და დაეცვათ დასაქმებულები, არ გამართლდა. ‘ამის სანაცვლოდ ჩვენ გვაქვს ორგანიზებული დანაშაული და ტრეფიკინგი.’ მერის ოფისის რეპორტის თანახმად, თუ 20 წლის წინ პროსტიტუციის ბიზნესს ხანშიშესული ყოფილი სექს-მუშაკები აკონტროლებდნენ, დღეს ის ადგილობრივი თუ აღმოსავლეთ ევროპელი სუტენიორების ხელშია. ლეგალიზაციის შემდეგ ჰოლანდია მიმზიდველი გახდა უცხოელი ტრეფიკერებისათვის. ამსტერდამის მუნიციპალური საბჭოს წევრის, ყოფილი სექს-მუშაკის, კარინა შაპმანის თქმით, პოლიციის მიერ აღრიცხული ‘80 განსაკუთრებით საშიში სუტენიორიდან და ტრეფიკერიდან’ მხოლოდ სამია ადგილობრივი. ამსტერდამში დასაქმებული 8000-დან 11000-მდე სექსმუშაკიდან კი 75% უცხოელია(აღმოსავლეთ ევროპიდან, აზიიდან და აფრიკიდან).

ესპანეთში,  პოლიციის ცნობით, პროსტიტუციაში ჩართული ქალების 60% რუმინეთიდანაა ტრეფიკირებული. ქვეყანაში რუმინელი ქალების გამოჩენა 2000-იან წლებში დაიწყო – მას შემდეგ რაც ლათინური ამერიკის ქვეყნებს ვენესუელას, კოლუმბიას და კუბას 2001 წელს ესპანეთთან უვიზო რეჟიმი გაუუქმდათ. მანამდე ესპანეთის ბორდელები ლათინო-ამერიკელი ქალებით იყო სავსე. 2001 წლიდან კი თამაშში რუმინული მაფია ჩაერთო.

შვედური მოდელი

შვედური მოდელი, რომელიც სრული დეკრიმინალიზაციის პროგრესულ ალტერნატივად მიიჩნევა და რომელიც გულისხმობს მხოლოდ სექს-მუშაკების საქმიანობის დეკრიმინალიზებას და ამავე დროს კლიენტების და ე.წ. მესამე მხარის საქმიანობის კრიმინალიზებას, ბოლო 3 წლის განმავლობაში მიიღო კანადამ(2014),  ჩრდილო ირლანდიამ(2015), საფრანგეთმა(2016), ირლანდიამ და შოტლანდიამ(2017). მანამდე არსებობდა მხოლოდ 3 ქვეყანაში: შვედეთი(1999), ნორვეგია და ისლანდია(2009). ამ მოდელის ერთ-ერთ მთავარ უპირატესობად ითვლება ის, რომ ის მთლიანად ცვლის ძალაუფლებრივ დინამიკას კლიენტს და სექს-მუშაკს შორის. ვინაიდან, ქალის მხრიდან პოლიციაში დასმენის შიშით კლიენტები ერიდებიან ძალადობას და იძულებულნი ხდებიან ‘ჭკვიანად მოიქცნენ’. ასევე შვედური მოდელი იმ ქალებს, რომელთაც პროსტიტუციისთვის თავის დანებება სურთ, სთავაზობს  Exit პროგრამებს(საცხოვრისით და სამსახურით უზრუნველყოფა, საჭიროების შემთხვევაში ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია), რაც დადებითად აისახება არა მარტო იმ ქალების კეთილდღეობაზე, ვინც სარგებლობს ამ სერვისებით, არამედ მათზეც ვინც რჩება პროსტიტუციაში, ვინაიდან ბევრი ქალის თამაშიდან გასვლა იწვევს დაბალ კონკურენციას სექს-მუშაკებს შორის, რაც უზრუნველყოფს ბაზარზე მუდმივად მაღალი ფასების შენარჩუნებას.(შესაბამისად ის არგუმენტი რომ კლიენტების კრიმინალიზებით სექს-მუშაკებს შემოსავალი მოაკლდებათ არ არის მართებული). მელისა ფარლის კვლევის თანახმად, სექს-მუშაკების 85%-ს  პროსტიტუციისთვის თავის დანებების სურვილი აქვს, თუმცა ამას ვერ ახერხებს. პროსტიტუციის თავის დანებების სირთულე საკმაოდ დიდ პრობლემას წარმოადგენს ლეგალიზებული პროსტიტუციის მქონე ქვეყნებში დასაქმებული ქალებისთვის (ამ სირთულეზე იხილეთ გერმანელი ყოფილი სექს-მუშაკის ჰუშკე მაუს სტატია). შვედეთში სექსის ყიდვა ფულადი ჯარიმით – 50 დღის სამუშაო ხელფასით ან/და მაქსიმუმ ერთი წლით თავისუფლების აღკვეთით ისჯება. ჯარიმებიდან შემოსული თანხა სექს-მუშაკებისთვის განკუთვნილ სერვისებს ხმარდება. 2008 წლის კვლევის თანახმად, კლიენტების რაოდენობა შვედური მოდელის მიღების შემდეგ თითქმის განახევრდა, ხოლო სექს-მუშაკების 2500-3000დან 650-მდე შემცირდა (თუმცა, სხვა კვლევით სექს-მუშაკების რაოდენობის არც ზრდა და არც შემცირება არ დასტურდება)

შვედური მოდელი მიწოდების ნაცვლად, მოთხოვნის პრობლემატიზებას ახდენს და  მოთხოვნის შემცირების გზით ინდუსტრიის შემცირებაზეა მიმართული. მაშინ როდესაც დეკრიმინალიზაციის მომხრენი იციკლებიან ქალების არჩევანზე და აგენტობაზე, შვედური მიდგომა ცდილობს ფოკუსი გადაიტანოს კლიენტზე და სუტენიორზე. ვინაიდან, არჩევნის და აგენტობის დისკურსი პროსტიტუციას ქალების პრობლემად წარმოგვიჩენს და მის მთავარ აქტორებს – კლიენტს და სუტენიორს უხილავს ტოვებს.

ბევრი სექს-მუშაკი მიუთითებს, რომ პროსტიტუციაში მთავარი პრობლემა არის არა  სტიგმა, როგორც ამას ლიბერალები ამტკიცებენ, არამედ ის რეალური ძალადობა(სექსუალური თუ ეკონომიკური) რაც ხორციელდება მათზე კლიენტების თუ სუტენიორების მხრიდან.

მაგალითად, საბრინა ვალისცე ამბობს: ‘შვედური მოდელი ძალაუფლებას აცლის მათ, ვინც ფინანსურ და სექსუალურ ექსპლუატაციას გვიწევს. ფასების შემცირებაში, პროსტიტუციაში ჩართული ადამიანების ცემაში, გაუპატიურებაში, სიკვდილში დამნაშავეა არა ხალხის აზრი, არამედ კლიენტი და სუტენიორი. იმის სახელდება, თუ ვინ წარმოადგენს ამ საქმეში რეალურ კრიმინალს აუცილებელი პირობაა  პროსტიტუციაში დასაქმებული ადამიანების დასაცავად. ამას კი შვედური მოდელი ახერხებს.’

რეიჩელ მორანი,  რომელიც 7 წლის განმავლობაში იმყოფებოდა პროსტიტუციაში და რომლის აქტივიზმის წყალობითაც მიიღო ირლანდიამ  შვედური მოდელი, ხაზს უსვამს  კანონის ნორმატიულ ხასიათს, მის პოტენციალს რაიმე ტიპის მოქმედება სოციალურად მიუღებელი ან მისაღები გახადოს. მისი თქმით, შვედეთში ახალი თაობა იზრდება იმ ცოდნით, რომ სექსში ფულის გადახდა მიუღებელია. ‘50-60 წელს მიტანებული ხალხიც ემხრობა ამ კანონს , მაგრამ არა იმდენად, როგორც ახალგაზრდები. ისინი ამ კანონთან ერთად გაიზარდნენ და მათთვის ეს ერთადერთი რეალობაა.’ შვედეთის მთავრობამ  საკმაო ძალისხმევა დახარჯა პოლიციელების მენტალიტეტის ცვლილებაზეც, სპეციალური ტრენინგების და გადამზადებების მეშვეობით.

მორანი ასევე ხაზს უსვამს, მოთხოვნის გადაჯაჭვულობას ტრეფიკინგთან. ის ამბობს, რომ ქვეყნებში სადაც პროსტიტუცია – ლეგალური, ხოლო სექსის ყიდვა სოციალურად მისაღები და წახალისებული ქმედება ხდება, მოთხოვნის გარდაუვალი ზრდა აღინიშნება, რაც თავის მხრივ ქმნის მიწოდების კრიზისს, რომელიც ყოველთვის ტრეფიკინგით კმაყოფილდება.(იხ. მორანის სიტყვა ჩრდილო ირლანდიის ასამბლეის სხდომაზე)

შვედი ჟურნალისტი და პროსტიტუციის მკვლევარი კაისა ეკის ეკმანი ამბობს, რომ  არასდროსაა პროსტიტუციაში საკუთარი ნებით ჩართვის იმდენი მსურველი, რამხელაც მოთხოვნაა ‘განსაკუთრებით ეს ეხება განვითარებულ ქვეყნებს. სხვა შემთხვევაში მაფიას მათი აღმოსავლეთ ევროპიდან გადმოყვანა არ დასჭირდებოდა’. მისი თქმით, მოთხოვნის შემცირება ტრეფიკინგის შემცირებისთვის აუცილებელი პირობაა.

ეკმანი ამბობს, რომ შვედურმა მოდელმა შვედეთი ტრეფიკერებისთვის არამმზიდველ ადგილად აქცია, ამიტომ მათ ნორვეგიაში გადაინაცვლეს. ‘’შედეგად ნორვეგია ნიგერიულმა მაფიამ მოიცვა, ნორვეგიელმა კაცებმა კი სექსში ფულის გადახდა დაიწყეს. ამაზე საპასუხოდ, ნორვეგიამაც შვედური მოდელი მიიღო. ტრეფიკერებმა ახლა დანიაში გადაინაცვლეს, სწორედ ამიტომაა, რომ ამჟამად დანიაც შვედური მოდელის მიღებას განიხილავს”

სწორედ ტრეფიკინგთან ბრძოლა გახდა მაგალითად საფრანგეთსა და ირლანდიაში ერთ-ერთი მთავარი მოტივაცია შვედური მოდელის მისაღებად. 2011 წელს, საფრანგეთის პარლამენტის საინფორმაციო კომისიამ პროსტიტუციის საკითხებში წარადგინა რეპორტი, რომლის თანახმადაც, საფრანგეთის მთავარ ქალაქებში პროსტიტუციაში ჩართული ქალების 80%-ს მიგრანტები წარმოადგენენ, მათგან უმრავლესობა კი ტრეფიკინგის მსხვერპლი მსხვერპლია. რეპორტის თანახმად ეს მაჩვენებელი 1990-იან წლებში 20%-ს წარმოადგენდა.

შვედური მოდელის და სრული დეკრიმინალიზაციის მომხრეთა შორის მკვეთრი იდეოლოგიური სხვაობაა. თუ დეკრიმინალიზაციის მომხრეები, პროსტიტუციის მორიგ პროფესიად აღიარებას მოითხოვენ და მას ორ თანასწორ ადამიანს შორის არსებულ თანაბარ გაცვლად აფასებენ, შვედური მოდელის მხარდამჭერები პროსტიტუციას, როგორც გენდერული უთანასწორობის შედეგად, ასევე მიზეზად მიიჩნევენ და სექს-მუშაკსა და კლიენტს შორის არსებულ ძალაუფლებრივ ასიმეტრიას აღიარებენ. შვედური მოდელის მომხრეებს ხშირად ადანაშაულებენ სექს-მუშაკების ვიქტიმიზაციაში, რომ ისინი სექს-მუშაკებს მსხვერპლად აღიქვამენ და არა გაცვლის თანასწორ მხარედ, შესაბამისად მათ უკარგავენ აგენტობას. თუმცა, როგორც ყოფილი სექს-მუშაკი ჰუშკე მაუ თავის სტატიაში ‘მემარცხენეების სიყვარული პროსტიტუციისადმი’ კითხულობს: ‘’საინტერესოა ვინ ახდენს პროსტიტუციაში ჩართული ქალების ვიქტიმიზაციას – კლიენტები, რომლებიც ჩვენზე ძალადობენ, თუ ისინი, ვინც შემდგომ ამ ძალადობაზე მიუთითებენ? ჩვენ უნდა დავეხსნათ იმ სულელურ აზრს,რომ ყველა, ვისაც პროსტიტუცია საზიანოდ და არაჰუმანურად მიაჩნია, კონსერვატორი მორალისტია და ‘დაცემული ანგელოზების’ დამოძღვრა სურს. აღიარო პროსტიტუციის არაჰუმანურობა ნიშნავს, გესმოდეს ის რეალური პირობები, რომელშიც პროსტიტუციაში ჩართულ ადამიანებს უწევთ ცხოვრება და სოლიდარობას უცხადებდე მათ“

ბოლო წლებში შვედური მოდელი განსაკუთრებულ პოპულარობას იძენს დასავლეთში. თუ 2000იან წლებში საუკეთესო გამოსავლად ლეგალიზაცია/დეკრიმინალიზაციაა მიიჩნეოდა, ამ ათწლეულში ყურადღება შვედურ მოდელზეა გადატანილი(ასევე რეკომენდებულია ევროპარლამენტის მიერ).

ინდუსტრიის ლობი სექს მუშაკთა პროფკავშირების და გაერთიანებების სახით.

მიუხედავად, ლეგალიზაცია/დეკრიმინალიზაციის მარცხისა, სექს-მუშაკთა პროფკავშირები  მთელი მსოფლიოს მასშტაბით ერთხმად ემხრობიან არა შვედურ, არამედ ახალი ზელანდიის  დეკრიმინალიზაციის მოდელს. საქმე იმაშია, დღეს ყველა მოქმედი სექს-მუშაკთა პროფკავშირი რეალურად ‘ყვითელ პროფკავშირს’ წარმოადგენს და სუტენიორების თუ ბორდელის მფლობელების მიერაა დაარსებული ან მართული.

International Union of Sex workers(IUSW) საერთაშორისოდ ცნობილი ბრიტანული პროფკავშირია.  თუმცა მისი მთავარი აქტივისტი, დუგლას ფოქსი ბრიტანული  ესკორტ-სააგენტოს მფლობელია. ორგანიზაციის მეორე სახე, ასევე ცნობილი აქტივისტი, სექს მუშაკი ლორა ლი ჩრდილო ირლანდიის ასამბლეის სპეციალური კომიტეტის სხდომაზე აღიარებს რომ IUSW-ს ზოგიერთი წევრი ე.წ. სუტენიორია. მიუხედავად მენეჯერების, სუტენიორების და მფლობელების მაღალი ჩართულობისა IUSW  ბრიტანეთში სექს-მუშაკების მთავარ ხმას წარმოადგენს და 2002 წლიდან ბრიტანული პროფკავშირის GMB-ს წევრია.

The Global Network of Sex Work Projects – NSWP არის ყველაზე გავლენიანი ორგანიზაცია სექს მუშაკთა უფლებების დაცვის სფეროში. (აერთიანებს სექს მუშაკთა 263 კოლექტივს მსოფლიოს 78 ქვეყანაში) ამ ორგანიზაციის კვლევებს თუ მოხსენებებს ეყრდნობიან სხვადასხვა ქვეყნის მთავრობები თუ არასამთავრობო ორგანიზაციები პროსტიტუციაზე საკუთარი პოლისის შემუშავებისას(მათ შორის გაეროს სააგენტოები და Amnesty International). NSWP-ის ვიცე-პრეზიდენტი ალეხანდრა გილი 2014 წელს ტრეფიკინგის ბრალდებით დააკავეს და 15 წლით იხდის სასჯელს მექსიკის ციხეში.  დანარჩენი წევრები კი (მათი უმრავლესობა აკადემიკოსია) ტრეფიკინგის არსებობას უარყოფენ/ან მის მინიმალიზებას ახდენენ და მას დასავლელი ფემინისტების შეთქმულებად ნათლავენ. მათი თქმით, ფემინისტების ასეთი დაინტერესება ტრეფიკინგით, მათი პოსტკოლონიური სენტიმენტებით და ‘მესამე სამყაროს’ სექსმუშაკების მიმართ პატერნალიზმით აიხსნება(იხ. Joe Doezema – Ouch! Western Feminists’ ‘Wounded Attachment’ to the ‘Third World Prostitute’ ) ორგანიზაციის წევრი, აკადემიკოსი ლორა აგუსტინი ტრეფიკინგის წინააღმდეგ მებრძოლ ფემინისტებს ვიქტორიანული ეპოქის მორალისტ ‘ბურჟუა ქალებს’ ადარებს, რომელთაც პროსტიტუციაში ჩართული ქალების ‘გადარჩენა’ სურდათ. აგუსტინის თქმით, ‘ტრეფიკინგის’ ცნების გამოგონება დიდი შეცდომა იყო’… ‘ტრეფიკინგის წინააღმდეგ მიმართული კანონები ზღუდავენ საერთაშორისო მიმოსვლას და ახდენენ მიგრაციის კრიმინალიზებას.’ NSWP-ს წევრები გარდა იმისა რომ აკადემიურ საქმიანობას ეწევიან, ასევე წერენ (ან ინტერვიუებს იძლევიან) ისეთი ცნობილი გამოცემებისათვის როგორიცაა  Guardian, Jacobin, The New York Times, Washinton post, Huffingston Post, Vice, Slate, Salon და ა.შ. მოკლედ უდიდესი გავლენა აქვთ პროსტიტუციაზე საჯარო დისკურსის წარმოებაზე.

 

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ ლეგალიზაცია წარმოადგენს მწვანე შუქს ტრეფიკერებისთვის. არგუმენტები, რომ ლეგალიზაცია გააუმჯობესებს პროსტიტუციაში ჩართული ქალების სამუშაო პირობებს და უსაფრთხოებას, ეყრდნობა მხოლოდ აბსტრაქტულ მსჯელობებს და არა რეალობის ანალიზს. როგორც რეალობა გვიჩვენებს პროსტიტუციის, როგორც ინდუსტრიის დეკრიმინალიზება მხოლოდ აუარესებს მასში დასაქმებული ქალების მდგომარეობას და ერთადერთი ვინც მისით სარგებელს იღებს კლიენტები, ბიზნესი და სახელმწიფოა.

ბოლოს კი შემოგთავაზებთ რამდენიმე სტატიას, რომელიც ჩემი აზრით, ყველაზე კარგად დაეხმარება მკითხველს  პროსტიტუციაზე წარმოდგენის შექმნაში:

  1. Legalization has turned Germany into the ‘Bordello of Europe’ – Manuela Schon, Feminist current
  2. Working in a New Zealand brothel was anything but ‘a job like any other’ – Rae Story, Feminist current
  3. The Evidence About Prostitution That The New York Times Ignored – Rachel Moran, Truthdig
  4. The Prostitution Debate Has Become Mired In Libertarian Thinking – Rae Story, Morning star
  5. The German model is producing hell on earth! – Ingeborg Krauss, Trauma and prostitution
  6. The Left’s love of prostitution – An open letter from exited womenავტორი: მარიამ ჭიღიტაშვილი, ფემინიზმის სოციოლოგი, ქალთა მზერის კოლექტივის წევრი