ავტორი: ვერიკო დუნდუა

2014 წელს გამოქვეყნებული კვლევა კაცები და გენდერული ურთიერთობები საქართველოში რომელიც სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის მიერ, გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის (UNFPA) მხარდაჭერით განხორიელდა, პირველ ‘მხიარული, ჩართული მამიკოების’ კამპანიის დასაწყისი იყო. ‘მამა, წიგნი წამიკითხე’ პირველი კამპანია იყო სადაც პოპულარული და წარმატებული მამიკოები ჩაერთვნენ მხიარული პოსტერებით ხელში: ‘ მამა, წიგნი წაუკითხე’, ‘მამა, ბურთი ეთამაშე’, ‘მამა, ჟირაფი დამიხატე’, ‘მამა, მუზეუმში/კინოში წამიყვანე’ . მოკლედ ამ წარმატებულმა მამებმა გადაწყვიტეს ცნობიერების ამაღლება სხვა მამებისთვის, რათა საკუთარ თავზე აეღოთ მშობლობის ყველაზე მხიარული, დასაფასებელი, ასევე მათ პროფესიებთან დაკავშირებული ამოცანები და ამითი საოჯახო შრომის გენდერული სეპარაციისთვის წერტილი დაესვათ, თუმცა ყველაზე ბინძური და დაუფასებელი სამუშაოები (ტუალეტის გახეხვა, ნაგვის ყუთის გამორეცხვა ან აბაზანიდან თმების ბღუჯის ამოღება) ისევ ქალების საქმედ დარჩა. მოცემული კვლევიდან ყველაზე პოპულარული რიცხვი 11% გახდა (მამების მხოლოდ 11% უკითხავს ბავშვებს წიგნებს), თუმცა ამ კვლევაში მოყვანილი ან არშესული სხვა სტატისტიკური მონაცემები ცოტა ყურს გარეთ დაგვრჩა.

კონკრეტულად კი მამების მხოლოდ 7-12%-ია ჩართული შვილებისთვის საჭმლის მომზადების პროცესში და მხოლოდ 6% ბავშვების ტანსაცმლის რეცხვის პროცესში, თუმცა პოსტერი წარწერით ‘მამა, აჯაფსანდალი მომიმზადე’ ან ‘მამა, შორტები გამირეცხე’ არცერთ პოპულარულ და წარმატებულ მამიკოს ხელში არ მინახავს.

ასევე კვლევაში ვერ წავაწყდი სტატისტიკას მამების რამდენი პროცენტი აშორებს იატაკზე დაყრილი პლასტელინის ნარჩენებს, რეცხავს ჭუჭყიანი ბოტასების ძირებს, კუჭში გასვლის შემდგომ წმინდავს უნიტაზზე განავლის ლაქებს ან ამოაქვს სამზარეულო რაკოვინაში ჩარჩენილი საჭმლის ნარჩენები ჭურჭლის დარეცხვის შემდეგ.  ეს არის შრომის ის მაგალითები, რომლებიც პირდაპირპროპორციულად ბავშვის მოვლასთან არ იგივდება, შესაბამისად მამები თავს არ თვლიან ვალდებულად მსგავსი ჭუჭყიანი სამუშაოს შესასრულებლად და ‘არაჩვეულებრივი მამის’ პოზას მხოლოდ ბავშვის ზოოპარკში წაყვანით ირგებენ, მაშინ როცა ყველა ეს სამუშაო პირდაპირაა დაკავშირებული ბავშვის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების საკითხებთან.

2016 წელს ამ მხიარულ კამპანიას კიდევ ერთი არანაკლებ მხიარული კამპანია დაემატა. ეს გაეროს მოსახლეობის ფონდისა და We Care-ის პარტნიორობით შექმნილი პროექტი ‘კაცები ზრუნავენ’. მათი დეკლარირებული მიზნებია:

ჩვენი მიზანია მშობლებს (განსაკუთრებით კი მამებს) მივაწოდოთ ინფორმაცია მამების ბავშვის აღზრდაში ჩართულობის, შვილებთან ინტენსიური ურთიერთობის, თამაშის, წიგნების კითხვის აუცილებლობს და მნიშვნელობის შესახებ.
თუ კი გსურთ თქვენს შვილს ჰქონდეს ბედნიერი ბავშვობა და გაიზარდოს თავდაჯერებულ ადამიანად, მაშინ ჩვენი გვერდი სწორედ თქვენთვისაა! 🙂

როგორც ვხედავთ მამების მიმართ მოთხოვნები კვლავაც არ შეცვლილა. მათ მხოლოდ საკუთარ შვილთან ურთიერთობა, თამაში, წიგნის კითხვა, გასეირნება მოეთხოვებათ მანამ სანამ სხვა იმ უხილავ, ბინძურ სამუშაოს ასრულებს, რომლის გარეშეც ჰარმონიული ცხოვრება წარმოუდგენელია, თუმცა მიუხედავად ამისა მამები, რომლებიც ამ აბსოლუტურ მინიმუმს აკმაყოფილებენ 10-ჯერ უფრო მეტ აღიარებასა და დაფასებას მიიღებენ ვიდრე დედები, რომელთა შრომა მაინც მეორეხარისხოვან და უმნიშნელო საქმიანობად ხდება. ამ პროექტის ვებსაიტზე  გვხვდება მამების დღიურები, წერილები მამებს, წერილები მამებისგან. ბედნიერი შვილები და ცოლები მადლობას უხდიან მამებს მათ მიერ გაწეული მინიმალური ძალისხმევისთვის. მამების დღიურები სათუთად აღწერს შვილთან გატარებული დროის შესახებ. თუმცა მსგავსი პროექტები დედების მიმართ დამოკიდებულებაში არ არსებობს, ან თუ არსებობს, ხაზს უსვამს დედობის ბედნიერებას და არსად არ ხდება მოხსენიება იმ მძიმე სამუშაოსი, რომლის შესრულებაც დედებს უწევთ.

ამ კამპანიას საბოლოო მიზნად გენდერული თანასწორობა და საოჯახო შრომის პარტნიორებზე თანაბრად გადანაწილების მიღწევის მიზნები აქვს, თუმცა მე ვთვლი რომ რეალურად კამპანია ამის საპირისპიროს ახორციელებს.

ზოგმა შეიძლება მითხრას რომ უმნიშვნელო პრობლემაზე ვწერ. როდესაც საქართველოს რეალობაში მამების თანამონაწილეობა ბავშვების აღზრდის პროცესში თითქმის მინიმალურია, რატომ არ უნდა მოვახდინოთ იმ მამების წახალისება, რომლებიც ამ ნორმატივებს არღვევენ და ცდილობენ საკუთარი შვილის აღზრდაში უფრო აქტიურად ჩაერთონ? რატომ არ უნდა იყოს მათი თანამონაწილეობა აღფრთოვანებისა და სხვებისთვის მაგალითის მიმცემი საქციელი? რატომ არ უნდა შევუწყოთ ხელი მამაკაცების საოჯახო საქმეში ჩართვას?

სამწუხარო რეალობა ის არის რომ მსგავსი პროექტები რეალურად საპირისპიროს იწვევს. გასაგებია რომ ყველას გვაქვს სურვილი საოჯახო შრომა პარტნიორებზე თანაბრად გადანაწილდეს, მაგრამ, როდესაც ვცდილობთ ამ გადანაწილებისთვის მამაკაცებს შევთავაზოთ უფრო მხიარული, დასაფასებელი დავალებები და ისე შემოვიტყუოთ საშინაო საქმისთვის, როდესაც ყველაზე მძიმე და ბინძურ სამუშაოს კვლავ ქალებს ვუტოვებთ რომ მამობაზე გულმობრუნებული მამაკაცი არ დავაფრთხოთ, ამით ქალების შრომას კიდევ უფრო უხილავს ვხდით. როდესაც მამაკაცებს მინიმალური ძალისხმევის გაწევაზე მაქსიმალურ ყურადღებას და პატივისცემას ვთავაზობთ, ეს კიდევ უფრო ამცირებს ოჯახში ქალს როლს, რომელიც ამის მეათედ ყურადღებას არ იმსახურებს 10-ჯერ მეტი გაწეული შრომისთვის. ამით ქალების შრომას კიდევ უფრო ვაუფასურებთ.

მამაკაცების ‘მოსყიდვა’ მათი მინიმალური მამობრივი და ადამიანური მოვალეობის შესრულებისას გმირად აღიარებით, მამობრივი ეტალონად გამოყვანით, როცა მსგავსი რამ არ ხორციელდება ქალების მიმართ, ვნებს ქალების მდგომარეობას. ეს დამოკიდებულება გამომდინარეობს პატრიარქატული წესრიგიდან, რომელშიც მამაკაცის შრომა უფრო მნიშნელოვანია, ვიდრე ქალისა, შესაბამისად მამაკაცები უფრო მნიშვნელოვან როლებს ირგებენ როგორც სახლის გარეთ, ასევე ოჯახში და სეპარაცია ქალისა და კაცის სამუშაოს შორის კვლავაც ხაზგასმულია. კაცის დრო ძალიან მნიშნელოვანია რომ ისინი ისეთ წვრილმან საქმეზე მოვაცდინოთ, როგორიცაა ცოცხის პირზე მიკრული მტვერის ჩამოშორება, კედლებიდან აბლაბუდის ჩამოწმენდა, მაცივრისა და გაზქურის გამოწმენდა ან ტუალეტის ჩოთქის გაწმენდა. მანამ სანამ მამები მხიარულად უკითხავენ ბავშვებს ძილის წინ ზღაპრებს, დედები ჩუმად ასრულებენ ამ მოვალეობებს, რომლის გარეშეც არსებობა შეუძლებელია, თუმცა ჩვენი ყურადღება ისევ მამაკაცების საქმიანობაზე გადატანილი და ისევ აღფრთოვანებაში მოვყავართ მათ გულისხმიერებას, შეასრულონ მათზე დაკისრებული მოვალეობების მინიმუმი რომ კვლავ კმაყოფილად მიუსხდნენ მაგიდას ფანქრით ხელში დღიურების დასაწერად.

მსგავსი დამოკიდებულება ასევე აღვივებს სტერეოტიპებს რომ მამებს არ შეუძლიათ ისეთივე მშობლის როლი გასწიონ, როგორც დედას და სრულად შეითავსონ და გადაინაწილონ საშინაო საქმის ყველა ასპექტი, მიუხედავად იმისა რამდენად დამაჯილდოვებელია ამ საქმის შესრულება. შეიძლება სამზარეულო ხელსაბანთან კაფელის ზოლებში ჩარჩენილი ცხიმის წვეთების ამოხეხვა ისეთივე საყურადსაღებო საქმე არ არის, როგორიც შვილის მუზეუმში წაყვანა მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია და არანაკლებ დროსა და ენერგიას და რაც მთავარია აღიარებას მოითხოვს.