II თავი

 

მენსტრუაციის დაწყება მოზარდის (გოგონას) ცხოვრების გარდაუვალი ნაწილია. მენსტრუაციის დროს, რამდენიმე დღის განმავლობაში, მცირე რაოდენობის სისხლი გამოდის თქვენი ვაგინიდან. ქვემოთ მოყვანილია რჩევები, თუ როგორ გაუმკლავდეთ მენსტრუაციას, სპაზმებს და პმს-ს (პრე-მენსტრუალური სინდრომი).

 

2.1 რისი ცოდნა მჭირდება მენსტრუაციის შესახებ?

მენსტრუაცია არის პერიოდი, როდესაც სისხლი თქვენი საშვილოსნოდან ჩამოდის ვაგინაში, რამდენიმე დღის განმავლობაში, ყოველ თვე. მენსტრუაცია იწყება გარდატეხის ასაკში, საშუალოდ 12-15 წლისას.

თქვენი  მენსტრუაციული  ციკლი  არის  ის, რაც განაპირობებს სისხლდენას ყოველ თვე. ის კონტროლდება თქვენს სხეულში არსებული ჰორმონების მიერ. მენსტრუალური ციკლის დანიშნულება არის თქვენი სხეულის მომზადება ორსულობისთვის. თქვენი მენსტრუალური ციკლი = მენსტრუაციის პირველი დღიდან მენსტრუაციის ბოლო დღემდე პერიოდს.

ადამიანების უმეტესობისთვის ,,შესვენება” მომდევნო მენსტრუაციამდე 21-35 დღეა, ხოლო სისხლდენა გრძელდება 2-7 დღემდე. თუმცა ეს რიცხვები ინდივიდუალური და ყველასთვის განსხვავებული. თქვენი მენსტრუაცია შესაძლოა ყოველი თვის  ერთსა და იმავე დღეს არ დაიწყოს, განსაკუთრებით მენსტრუაციის დაწყების პირველ ეტაპზე. შესაძლოა, რამდენიმე წელი დაჭირდეს მენსტრუალური ციკლის დარეგულირებას და ბუნებრივ რიტმში ჩაყენებას, ზოგიერთი ადამიანისთვის კი, ციკლი საერთოდ არ რეგულირდება ცხოვრების განმავლობაში.

მენსტრუაციის არქონა შესაძლოა ორსულობის ნიშანი იყოს, თუ თქვენ გქონდათ ვაგინალური სექსი დაუცველად. თუმცა არსებობს სხვა მიზეზებიც.

მენსტრუაციის დროს სისხლდენასთან გამკლავების უამრავი საშუალება არსებობს. შეგიძლიათ გამოიყენოთ საფენები, ტამპონები ან მენსტრუალური ჭიქა, რათა სისხლი არ მოხვდეს ტანსაცმელზე.

ზოგიერთ ადამიანს აწუხებს სპაზმები მენსტრუაციამდე ან მენსტრუაციის განმავლობაში- ამას პმს ეწოდება. საბედნიეროდ, არსებობს გზები, რომელიც შეგიმცირებთ ტკივილს და დისკომფორტს.

 

2.2 როგორ გავუმკლავდე პმს-ს და სპაზმებს?

პმს არის პრე-მენსტრუალური სინდრომი – როდესაც ჰორმონები, რომლებიც აკონტროლებენ მენსტრუალურ ციკლს, იწვევენ ცვლილებებს სხეულში მენსტრუაციის დაწყების წინ.

პმს-ს ახასიათებს:

  • სპაზმები (ტკივილი მუცლის არეში და ზურგში, ქვემოთ)
  • შებერილობა (როდესაც თქვენი მუცელი შებერილია)
  • გამონაყარი
  • მკერდის დასიება
  • გადაღლილობა
  • გუნება-განწყობის ცვლილებები (როდესაც თქვენი ემოციები იცვლება სწრაფად , ან თავს მოწყენილად, გაბრაზებულად გრძნობთ).

 

ზოგიერთი ქალი პმს-ს განიცდის ყველა მენსტრუაციის წინ, ზოგი – უფრო იშვიათად, ზოგს კი საერთოდ არ აქვს.

სპაზმები ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სიმპტომია მენსტრუაციამდე და მენსტრუაციის დროს. სპაზმები, შესაძლოა, ძალიან მტკივინეული იყოს, ან ოდნავ გამაღიზიანებელი. სპაზმების მოხსნა შესაძლებელია წამლებით (მაგ: იბუპროფენი, ნოშპა), თბილი საფენის დადებით მტკივნეულ ადგილზე, ცხელი აბაზანის მიღებით, ვარჯიშით, ან სხეულის გაწელვით.

ზოგიერთი ტიპის თავდაცვის საშუალება: აბები, იმპლანტები და სპირალი, ეხმარება პმს-ის და სხვა მენსტრუალური პრობლემების დროს. თუ პმს-ის დროს გიჭირთ ნორმალური, ჩვეული აქტივობების კეთება, დაელაპარაკეთ უფროსს, ან ოჯახის ექიმს. არაა აუცილებელი ტკივილით იტანჯებოდეთ ყოველ თვე, მათ შეეძლებათ რაიმე ფორმით დახმარების გაწევა.

 

2.3 რას უნდა ველოდე მენსტრუაციისას?

პირველ ციკლზე ნერვიულობა ნორმალურია. იმის ცოდნა, თუ რა არის ნორმალური, დაგეხმარებათ უკეთესად მომზადებაში. თუმცა, ყველას სხეული განსხვავებულია, ასევეა მენსტრუაციაც.

 

2.4 როდის დამეწყება მენსტრუაცია?

არ არსებობს ზუსტი გზა იმის გასაგაგებად, თუ როდის დაგეწყებათ მენსტრუაცია. შესაძლოა, იყოს რაღაც ნიშნები (სპაზმი, შებერილობა ან გამონაყარი), მაგრამ ეს ყველასთან არ ხდება.

ქალების უმრავლესობა მენსტრუაციას იწყებს 12- იდან 15 წლამდე, თუმცა ზოგიერთი უფრო ადრე ან გვიანაც. თქვენი მენსტრუაცია შესაძლოა დაიწყოს მიახლოებით იმ დროს, როდესაც  თქვენი ოჯახის წევრების (დედის ან დების). თუ მენსტრუაცია არ დაიწყება 16 წლამდე, მიაკითხეთ ექიმს შესამოწმებლად. რადგანაც რთულია მენსტრუაციის დაწყების ზუსტი დროის დადგენა, თან იქონიეთ საფენი, ან ტამპონი, რათა უფრო მომზადებულად შეხვდეთ მას.

 

2.5 როგორ უნდა გავიგო მენსტრუაციის დაწყება?

ზოგიერთი ქალისთვის მენსტრუაციის დაწყებისას ჩნდება ნიშნები, როგორებიცაა შებერილობა, გამონაყარი, დასიებული მკერდი, ემოციურობა. ზოგიერთს მენსტრუაციის დაწყების წინ ეწყება სპაზმები მუცელში, ზურგში ან ფეხებში. თუმცა, ყველას ეს ნიშნები არ აქვს. ხანდახან, ისინი თვიდან თვემდე იცვლება. რაც უფრო იზრდები, უფრო მარტივია იმის გაგება, როდის გეწყება მენსტრუაცია.

ზოგი ქალი ნიშნავს მენსტრუაციის დღეებს კალენდარზე, ან სპეციალურ აპლიკაციებში. პერიოდის დღეების დამახსოვრება დაგეხმარებათ, მიახლოებით იცოდეთ, როდის დაგეწყებათ შემდეგი, ასევე იმის გაგებაშიც, გიგვიანდებათ, თუ არა. ძალიან გავრცელებულია, რომ მენსტრუაცია თვის  ერთსა  და იმავე დროს არ იწყებოდეს -განსაკუთრებით თინეიჯერებში.

თუ დაწყებისას თან არ გაქვთ საფენი, ან ტამპონი, შეგიძლიათ სთხოვოთ თქვენს მშობელს, მეგობარს, მასწავლებელს, ან სკოლის ექიმს (არ შეგრცხვეთ – ყველა ქალს ერთხელ მაინც გამოურთმევია ტამპონი, ან საფენი სხვისთვის!). თუ სხვა არჩევანი არ გაქვთ, დაკეცეთ ტუალეტის ქაღალდი, ან სუფთა ნაჭერი და დააფინეთ ტრუსზე.

თუ თქვენი ტანსაცმელი შემთხვევით გაისვრება, შეგიძლიათ, მოიხვიოთ სვიტერი ან პერანგი წელზე, ანდა ითხოვოთ გათავისუფლება სკოლიდან. არ შეგრცხვეთ- ყველა ქალს დასვრია სამოსი შემთხვევით, ეს ხდება ხოლმე!

 

2.6 რა არის ნორმალური მენსტრუაცია?

ნორმალური მენსტრუაცია განსხვავებულია ყველა ადამიანისთვის. ის შესაძლოა შეიცვალოს სიცოცხლის განმავლობაში. მენსტრუაცია, ჩვეულებრივ, თვეში ერთხელ მიმდინარეობს. პირველად მოსვლისას, სისხლდენა შეიძლება რამდენიმე დღეს გაგრძელდეს და ძალიან ცოტა სისხლი გამოვიდეს.

მენსტრუაციის ხანგრძლივობა 2-დან 7 დღემდე მერყეობს (ყველასთვის ინდივიდუალურია). შესაძლოა, მოგეჩვენოთ, რომ ბევრი სისხლი გამოდის, მაგრამ ქალების უმრავლესობისთვის სისხლის რაოდენობა 1-6 სუფრის კოვზია. მენსტრუალური სისხლი შესაძლოა იყოს წითელი, ყავისფერი, ან ვარდისფერი. ასევე, ნორმალურია, რომ ხანდახან შედედებულიც იყოს. თუ თქვენი სისხლდენა იმდენად ინტენსიურია, რომ საფენების, ან ტამპონების გამოცვლა ყოველ საათში გიწევთ, მიმართეთ ექიმს.

თქვენი მენსტრუაციის პირველ წლებში, ციკლი შესაძლოა ერთსა და იმავე დროს არ დაიწყოს. შესაძლოა, სისხლდენა შემცირდეს, ან გაძლიერდეს, ან ყოველთვე პმს-ის სხვადასხვა სიმპტომი გაგიჩნდეთ. როცა გაიზრდებით, მენსტრუაცია უფრო რეგულირდება და მარტივი ხდება იმის გაგება, თუ რა არის ,,ნორმალური” თქვენთვის.

 

მთარგმნელი: ანო გულიშვილი

© Planned Parenthood Federation of America Inc. 

კრებულის სხვა თავების სანახავად გადადით საიტის განყოფილებაში “ყველაფერი შენი სხეულის შესახებ”.