„შავი ოქროს ქალაქი“, ასე იცნობდნენ ჭიათურას საბჭოთა კავშირში. ქალაქი, რომელიც საბჭოთა პერიოდში ერთ-ერთ ხმაურიან და სიცოცხლით სავსე ინდუსტრიულ ცენტრს წარმოადგენდა, დღეს მივიწყებულია და მარტო უწევს ბრძოლა გადარჩენისათვის. ჭიათურის შესასვლელში, რაც ადამიანის ყურადღებას იპყრობს, ეს საბჭოთა დროინდელი ნახევრად ჩამონგრეული და დაჟანგული ინფრასტრუქტურა, ქუჩებში, გზის პირებზე, მწვანე ნარგავების ფოთლებზე დაფენილი შავი მტვრის ფენები და საოცრად შავი ყვირილაა, ეს ყველაფერი კი მანგანუმის მოპოვების წესების დაუცველობის შედეგია. ჭიათურა, რომელიც მე-19 საუკუნიდან მოყოლებული ერთ-ერთ ყველაზე მდიდარი ნედლეულის მწარმოებელია მსოფლიოში, მისი მაცხოვრებლები სიღარიბის, სიდუხჭირისა და ეკოლოგიური კატასტროფის უკიდურეს ზღვარზე დგანან.  მძიმეა ჭიათურელი ადამიანის ყოველდღიური ტკივილიანი ცხოვრება, რომლის ერთადერთი შემოსვალის წყარო მხოლოდ მაღაროა, რომელიც მათივე თქმით თან კლავთ და თან აცოცხლებთ.

მანგანეცის მოპოვების ისტორია ქალაქის დაარსების ისტორიაც არის. მიუხედავად იმისა, რომ 130 წელზე მეტია, რაც მანგანუმის ინტენსიური მოპოვება მიმდინარეობს,  ექსპერტთა შეფასებით, ჭიათურაში კვლავაც მანგანუმის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მარაგია ევროპაში. 1845 წელს ერთ-ერთ რუსულ სამთო ჟურნალში დაიბეჭდა ვრცელი შინაარსის სტატია მანგანუმით მდიდარი არგვეთის საერისთავოს შესახებ, თუმცა ამ ტერიტორიის მეცნიერული შესწავლა გერმანელი აკადემიკოსის, ჰერმან აბიხის სახელს უკავშირდება, რომელიც იმჟამად კავკასიის გეოლოგიურ შესწავლას აწარმოებდა და საკუთარი კვლევის შედეგები 1849 წელს კავკასიის მეფისნაცვალს წარუდგინა მოხსენების ბარათის სახით. აღნიშნული ინფორმაციის მიუხედავად, იმერეთის რეგიონში არსებული მდიდარი საბადოებით იმ პერიოდში არავინ დაინტერესებულა მანამ, სანამ აკაკი წერეთლის უშუალო ხელმძღვანელობით არ დაიწყო მანგანუმის საბადოს შესწავლა და კვლევა მის მიერ უშუალოდ მოწვეული სპეციალისტების ძალისხმევით. აკაკიმ კვლევის შედეგები სხვადასხვა ენაზე თარგმნა და ბროშურის სახით გამოსცა. 1879 წლიდან იწყება მადნეულის მოპოვების ისტორიაც, რომელიც თავად ქალაქის წარმოშობის ისტორიაა. მე-19 საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისიდან არაერთი საქმოსანი და მეწარმე გამოჩნდა, რომლებიც იჯარითა თუ პირდაპირი შესყიდვის გზით ცდილობდენ ხელში ჩაეგდოთ მადნეულით მდიდარი მიწის ნაკვეთები. წარმოების სწრაფ განვითარებას ხელს უწყობდა საბადოს დამუშავების ხელსაყრელი პირობები, მადნის ძალიან მაღალი ხარისხი და დასავლეთ ევროპის ქვეყნებსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში სწრაფად მზარდი ფოლადის წარმოება. ქართული მანგანუმი უმეტესად საექსპორტოდ იყო განკუთვნილი და მას მოიხმარდა ევროპის ქვეყნები, როგორიც იყო: გერმანია, ინგლისი, ბელგია, საფრანგეთი, ავსტრია-უნგრეთი, აშშ და ა.შ. საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებისა და დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობის ხანმოკლე პერიოდში (1918-1921 წწ) ჩამოყალიბდა მანგანუმის მადნის საექსპორტო საზოგადოება „ჩემო”, რომელმაც ადგილობრივი სააქციო საზოგადოებები გააერთიანა, თუმცა არსებობა 1925 წელს შეწყვიტა და მანგანუმის საბადოს განკარგვის უფლება ამერიკულ ფირმა „ჰარიმანის კონცესიას” გადაეცა.

მანგანუმზე მზარდი მოთხოვნიდან გამომდინარე სწორედ ჭიათურა იყო ერთ-ერთი ცენტრი, რომელიც საბჭოთა კავშირისა და აღმოსავლეთ ევროპის ქარხნებს მადნეულით ამარაგებდა. საბჭოთა კავშირის დაშლისა და სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, საქართველოს ეკონომიკამ, რომელიც მჭიდროდ იყო დაკავშირებული მოკავშირე რესპუბლიკებზე, უმძიმესი დარტყმა მიიღო, როდესაც მარტოდმარტო აღმოჩნდა მსოფლიოს ბაზრის პირისპირ. ქვეყანამ განიცადა კატასტროფული ვარდნა  შემოსავლებსა და კაპიტალდაბანდებებში. ქვეყანა, რომელიც საბჭოთა კავშირის პერიოდში ყველაზე უფრო მდიდარ რესპუბლიკად მიიჩნეოდა, გადაიქცა ერთ-ერთ ყველაზე უფრო ღარიბ სახელმწიფოდ, რომლის ზრდა 2000-იანი წლების შუა ხანებამდე არ აღდგენილა (ვეიდი. რ, 2016).

2003 წელს კი ხელისუფლებაში მოდის ახალგაზრდა და ამბიციური ლიდერი, მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც ახალი საკონსტიტუციო ცვლილებები განახორციელა. ქვეყანა მმართველობის „ამერიკული მოდელიდან“ ე.წ „ფრანგულ მოდელზე“ გადავიდა. ქვეყანაში შეიქმნა ძლიერი ქმედუნარიანი ხელისუფლება. საქართველო საპრეზიდენტო რესპუბლიკიდან ნახევრად-საპრეზიდენტო რესპუბლიკად გადაიქცა, თუმცა პრეზიდენტის უფლებამოსილება ამ შემთხვევაში სუპერ საპრეზიდენტო რესპუბლიკას ნამდვილად არ ჩამოუვარდებოდა. ქვეყანაში რჩებოდა ძლიერი პრეზიდენტი, რომელიც აკონტროლებდა მთავრობას და მისი დათხოვნაც შეეძლო, პრეზიდენტმა მთავრობის დათხოვნასთან ერთად პარლამენტის დათხოვნის უფლებაც მიიღო. პრეზიდენტის უფლებამოსილების გაზრდის შემდეგ, ხელისუფლებამ ქვეყანაში კაპიტალიზმის ახალი მოდელის დამკვიდრება დაისახა მიზნად, რაც გამოიხატა  ე.წ „შოკურ თერაპიაში“, ისეთი მკვეთრ და რადიკალური რეფორმებისა და პოლიტიკის წარმოებაში, როგორიც იყო  ეკონომიკური და სოციალური რეფორმები (ლიბერალური საგადასახადო პოლიტიკა, ბიზნესის ლიცენზირებისა და ნებართვების გამარტივებული სისტემა, სახელმწიფო საკუთრების პრივატიზაცია, ახალი შრომის კოდექსი, შეღავათიანი საგარეო-სავაჭრო რეჟიმები და ა.შ). მიხეილ სააკაშვილმა ეკონომიკური წარმატების გზად თავისუფალი ბაზრისა და სრული დერეგულირების პოლიტიკა გამოაცხადა. სწორედ ამ პერიოდიდან იწყება სახელმწიფო სტრატეგიული ობიექტების საპრივატიზაციოდ გამოტანა, მათ შორის, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებაზე ნებართვების გაცემის უფლება. ანტიკორუფციული მოტივით ხელისუფლებამ გააუქმა შრომის ინსპექცია, ანტი მონოპოლიური სამსახური, სურსათის უვნებლობის მარეგულირებელი ორგანო,
გამარტივდა გარემოზე ზემოქმედების ნებართვების მოპოვება.
მიმდინარეობდა ქონებებისა და ძალაუფლების ოფშორულ პერიფერიებში გადასროლა, რესურსების გადაცემა უკანონო გარიგებებით ოფშორებში რეგისტრირებულ საწარმოებს ამოფარებულ კონკრეტულ ავტორიტეტებსა და სამთავრობო წრეებზე. მას შემდეგ, რაც პრივატიზებული საწარმოები კვლავ ამოქმედდა საქართველოს რეგიონებში, მათ შორის ჭიათურაში განახლდა მანგანუმის მოპოვება, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა იყო დასაქმებული.

მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლების მიერ დეკლარირებული თავისუფალი ბაზრის პოლიტიკა, რომელიც ეფუძნებოდა ლიბერალურ შრომით და გარემოს დაცვით კანონმდებლობას, დამსაქმებლის ვალდებულებებს დასაქმებულის მიმართ მინიმუმამდე ავიწროებდა, ხოლო გარემოზე ზემოქმედების ნებართვების მიღებასა და წიაღისეულის მოპოვებას მაქსიმალურად მარტივად ხელმისაწვდომს ხდიდა ბიზნესისათვის. ნეოლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკის არჩევამ უმძიმესი შედეგები იქონია გარემოსა და შრომით უფლებებზე, განსაკუთრებით, იმ რეგიონებში, სადაც მოპოვებითი ინდუსტრია წარმოებდა. წინა ხელისუფლების რეჟიმმა ხელი შეუწყო ე.წ სოციალურად უპასუხისმგებლო სახელმწიფოს მოდელის ჩამოყალიბებას, რომელიც აისახებოდა  უმუშევრობაში, ჯანდაცვისა და განათლების ხელმიუწვდომლობაში და რაც მთავარია სახელმწიფოს მიერ მოსახლეობის მიმართ პასუხისმგებლობისა და ანგარიშვალდებულებებისაგან თავის არიდებაში.

2006 წელს კომპანია „ჯორჯიან-მანგანეზმა“ ჭიათურაში მადნის მოპოვების ლიცენზია შეიძინა, რომელიც 2007 წლის იანვარში შემოვიდა საბადოზე, თუმცა 2006 წლის აგვისტოში, ხელისუფლებასა და კომპანიას შორის, წინასწარი მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი იმჟამინდელმა პრემიერ-მინისტრმა, ზურაბ ნოღაიდელმა მოაწერა. აღნიშნული მემორანდუმით, 8 წლის მანძილზე, გარემოზე მიყენებული ზიანის გამო, ,,ჯორჯიან მანგანეზი” საჯარიმო სანქციებისგან გათავისუფლებული აღმოჩნდა. ეს იყო გარიგება, რომლითაც საქართველოს იმჟამინდელმა ხელისუფლებამ კომპანიას წინასწარ მისცა უფლება, 8 წლის განმავლობაში, ჭიათურა ეკოლოგიური კატასტროფის ზღვარამდე მიეყვანა. „ჯორჯიან-მანგანეზის“ პარალელურად  ჭიათურაში 40-მდე პატარა ე.წ. კოოპერატივი მუშაობს, რომელთაც კომპანიამ თავის სალიცენზიო ტერიტორიის ნაწილი მიჰყიდა.

2012 წელს როდესაც საქართველოს პოლიტიკურ ისტორიაში პირველად განხორციელდა ხელისუფლების გადაბარება დემოკრატიული გზით და ქვეყნის სათავეში მოვიდა კოალიციური მთავრობა, აღნიშნულ პროცესებს საქართველოს ინდუსტრიულ ქალაქებში თან მოჰყვა მაღაროელთა გაფიცვებისა და დასაქმებულთა საპროტესტო, აქტიური ტალღა. საზოგადოებისათვის სწორედ ამის შემდგომ გახდა ცნობილი იმერეთის რეგიონში წლების მანძილზე არსებული დარღვევების შესახებ. 2013 წელს საერთაშორისო ორგანიზაციების ზეწოლის შედეგად, რაც აისახებოდა მათ ანგარიშებსა და გამოსვლებში, რომლებიც საქართველო მოქალაქეთა შრომით უფლებებსა და გარემოზე მიყენებულ ზიანს შეეხებოდა, ხელისუფლება იძულებული აღმოჩნდა, რომ შრომით კოდექსში გარკვეული ცვლილებები შეეტანა, რაც არაეფექტური და სუსტი ფორმით მარეგულირებელ უწყებების აღდგენას გულისხმობდა. ამ ცვლილებების დადებითი შედეგების მოლოდინის მიუხედავად, ჭიათურის მაღაროში დასაქმებულთა განცხადებით, მათი უფლებების მხრივ პოზიტიური კუთხით არაფერი არ შეცვლილა. ხელისუფლება კვლავ ინარჩუნებს სტატუს კვოს, რაც დამსაქმებელთა მიერ მათი შრომითი უფლებების შელახვასა და სახელმწიფოს მხრიდან კი დუმილით გამოიხატება. საქართველოს ინდუსტრიულ მოპოვებაში სამუშაო ადგილებზე დაღუპულთა და დასახიჩრებულთა რიცხვი ყოველწლიურად იზრდება.  მდგომარეობის გაუარესებას კი ხელს უწყობს ქვეყანაში შრომითი ინსპექციის ეფექტური მექანიზმების არარსებობა. გარდაცვლილთა და დაშავებულთა სტატისტიკა კიდევ ერთხელ ცხადყოფს საქართველოში სამუშაო ადგილებზე შრომის უსაფრთხოების პრობლემათა სიმწვავეს, რაც თავისთავად უსაფრთხოების წესების დაცვასთან დაკავშირებულ სრულყოფილ რეგულაციების შემოღებასა და მათი შესრულების მონიტორინგს გულისხმობს.

ჭიათურაში მადნეულის მოპოვებისას ირღვევა მადნეულის მოპოვების ყველა ის კანონი, რომელიც მადნის მოპოვებას უკავშირდება, მათ შორის, საქართველოს კონსტიტუცია, კანონი წიაღის შესახებ, საქართველოს კანონი ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ, ასევე კანონი გარემოზე ზემოქმედების ნებართვების შესახებ და ა.შ. 2013 წელს პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტმა, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები მოიწვია, რომლებსაც საბადოს კომპლექსური შესწავლა დაევალათ. შესწავლიდან 8 თვის შემდეგ,  გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციის თანახმად, 2013-2014 წწ. შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ საქმიანობის გარემოსადაცვითმა ზიანმა 357 364 708 ლარი შეადგინა (გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ანგარიში, 2013-2014 წწ.).

კომპანიის მიერ მადნის მოპოვება დამუშავებისას აუცილებელია რიგი წესების დაცვა, რომ მინიმუმამდე დავიდეს მადნის მოპოვებისას წარმოქმნილი უარყოფითი ზემოქმედება. თავდაპირველად უნდა მოიხსნას მიწის ზედა, მცენარებით დასახლებული ფენა, მადნის ამოღების შემდეგ აუცილებელია გადათხრილი მონაკვეთის რეკულტივაცია. რაც ნიშნავს იმას, რომ პირველ ეტაპზე უნდა მოხდეს ამოთხრილი კარიერის (ან მაღაროს) ამოვსება მიწის ფენით, ღია კარიერის შემთხვევაში კი ნიადაგის გამდიდრება ჰამუსით და ბალახის ბელტებით, რომ აღდგეს მცენარეული საფარი. თუ მადნის შემდეგ არ განხორციელდა მიწის რეკულტივაცია, ნიადაგი აბსოლიტურად მწირი და უმოსავლო ხდება, რაც იწვევს მის გაუდაბნოებას. სამწუხაროდ კომპანიის მიერ მადნის მოპოვების შემდეგ, არსად არ მიმდინარეობს მიწის რეკულტივაცია, რამაც უკიდურესად გააღარიბა ინდუსტრიული რეგიონი და ფაქტობრივად ძირი გამოუთხარა სოფლის მეურნეობას. უმძიმესი მდგომარეობაა მდინარე ყვირილასა და მის შემოგარენში, სადაც დღემდე უმოწყალოდ მიმდინარეობს ასწლოვანი ტყეების უნებართვოდ გაჩეხვა. განადგურებულია საქალაქო და სასოფლო ინფრასტრუქტურა, ჭიათურის ათზე მეტმა სოფელმა პრაქტიკულად შეწყვიტა არსებობა. დღემდე კვლავ აქტიურად გრძელდება მანგანუმის ღია წესით მოპოვება, რომელიც ატმოსფერულ ჰაერს აბინძურებს, რადგან აფეთქებისას ჰაერში მანგანუმის ორჟანგი გაიბნევა, რაც უკიდურესად საშიშია ადამიანის სიცოცხლისათვის. ჭიათურის სოფლების წყალმომარაგების ქსელის 70%  შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ კუთვნილებაა, კომპანია მოსახლეობას ამ პრობლემის მოგვარებას უკვე წლებია ჰპირდება, თუმცა ფაქტია, რომ ამ კუთხით დღემდე არაფერი არ გაკეთებულა. მოსახლეობას არა აქვს წვდომა სუფთა წყალთან, რადგან სასმელი წყალი უკიდურესად დაბინძურებულია, ადგილობრივების განცხადებით, ხანდახან წყალს მანგანუმიც კი მოსდევს და ჭურჭელში ილექება. საბჭოთა პერიოდში მანგანეცის რეცხვა სპეციალურ კლდეზე აშენებულ საცავში ხდებოდა, დღეს კი კომპანიის მიერ მისი წმენდა მდინარე ყვირილაში ხდება, რომელშიც  მანგანუმის ნარეცხი წყალი ჩაედინება. წლების წინ განარეცხი წყლის გამწმენდი და სალექავი სისტემაც არსებობდა, თუმცა ამჟამად შლამი პირდაპირ მდინარეში მიედინება.

საქართველოს რეგიონებიდან ყველაზე მძიმე სურათი ადამიანთა ჯანდაცვის კუთხით ჭიათურის რეგიონში ყველაზე მეტად საგანგაშოა. გარემოზე უკონტროლო ზემოქმედებამ და რესურსების არასწორად, ღია წესით მოპოვებამ უზრუნველყო ჰერში, წყალსა და ნიადაგში ქიმიურ ნივთიერებათა გაჟონვა. რეგიონში მაღალია ონკოლოგიურ პაციენტთა რაოდენობა, რაც გარემოზე მავნე ზემოქმედების პირდაპირი შედეგია, ასეთივე მზარდია ზედა სასუნთქ სისტემათა დაავადებათა მაჩვენებელიც, რომელთა შესახებ საფუძვლიანი კვლევები სახელმწიფოს დღემდე არა აქვს ჩატარებული. ამ პრობლემათა გათვალისწინებით სამწუხაროდ, ჭიათურის მაღაროში დასაქმებულ ადამიანებს პირველადი ჯანდაცვის მომსახურების მისაღებად 40 კილომეტრის გავლა უწევთ ზესტაფონამდე, რადგან მუნიციპალიტეტში, რომელიც 55 300 მაცხოვრებელს (Geostat, 2016) ითვლის, მხოლოდ ერთადერთი 25 კაციანი სტაციონარია, რომელსაც  პაციენტების მიღება არ შეუძლია.

უმძიმესია თავად მდგომარეობა შრომითი უფლებების კუთხით. დღეს ჭიათურა შრომითი ექსპლუატაციის სარისკო კერას წარმოადგენს. მაღაროში დასაქმებულებს მუშაობა უჟანგბადო და საბჭოთა კავშირის დროინდელ, მოძველებულ ინფრასტრუქტურულ სივრცეში უწევთ, რომლის განიავება და ჟანგბადით შევსება არ ხდება და შესაბამისად ხშირია მუშათა დასახიჩრებისა და გარდაცვალების შემთხვევები. მიზერულია მაღაროში მომუშავე ქალების შრომითი ანაზღაურება, რომლებიც მაღაროში ძირითადად ექთნის, დამლაგებლისა და ბუღალტრის პოზიციებზე არიან დასაქმებულნი და რომელთა ხელფასი 200 ლარს შეადგენს. კომპანია მათ ზეგანაკვეთური შრომის შესრულებასაც ავალდებულებს, რაც კომპანიის მიერ დადებული ხელშეკრულების გათვალისწინებით, სათანადოდ არ ნაზღაურდება. ბოლო პერიოდში „ჯორჯიან მანგანეზში,“ ადგილი ჰქონდა ქალების დისკრიმინაციას შრომითი უფლებების კუთხით, როდესაც რამდენიმე მათგანი სქესის ნიშნით გათავისუფლებული იქნა სამსახურიდან. ეს მხოლოდ ნაწილობრივი ჩამონათვალია იმ პრობლემებისა, რაც უკვე წლებია აწუხებს ჭიათურელ მოსახლეობას და რამაც ისინი სიღარიბისა და ეკოლოგიური კატასტროფის ზღვარამდე მიიყვანა.

ფაქტია, რომ დღეს არსებული დემოკრატიული ნეოლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკა განაპირობებს, რომ ბუნებრივი რესურსების უკონტროლო დატაცებისა და უკანონო მოპოვების პირობებში ადამიანები და მათი ოჯახები მონოპოლისტ საწარმოზე იყვნენ დამოკიდებულნი. ნეოლიბერალური პოლიტიკის მოდელი თავისი არსით პირველ რიგში ადამიანის კეთილდღეობაზე ორიენტირებული ფასეულობის კუთხითაც აბსოლიტურად მიუღებელი და გაუმართლებელია, რომლის ყველაზე თვალსაჩინო გამოხატულებაცაა მზარდი უთანასწორობის ზრდა და საზოგადოების უმრავლესობის სრული გაღატაკება ნეოლიბერალურ გარემოში. საქართველოში დასაქმებულთათვის შრომითი უფლების მინიმალური გარანტიებით უზრუნველყოფა ჯერ კიდევ სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენდს. პრობლემების წყარო კი სახელმწიფოს იმ პოლიტიკის შედეგია, რომელიც განზე დგომის პოზიციას ამჯობინებს. ფაქტია, რომ ხელისუფლება სათანადოდ ვერ აცნობიერებს შრომის მნიშვნელობას ეკონომიკური კუთხით, რომლის განვითარება ეფუძნება არა მხოლოდ ინვესტიციებსა და კაპიტალს, არამედ ნებისმიერი სახელმწიფოს ეკონომიკური განვითარების მთავარი მამოძრავებელი რუსურსი ადამიანია და შესაბამისად, თუ ჩვენ გვსურს ვაწარმოოთ კონკურენციული, ზრდაზე ორიენტირებული და ეფექტური ეკონომიკა, ამისათვის პირველ რიგში აუცილებელია, რომ შრომითი, ადამიანური რესურსის განვითარებისათვის, შევუქმნათ მათ ცხოვრებისა და შრომითი უფლებების განხორციელების ღირსეული პირობები.

ავტორი: ეკა დარბაიძე; პოლიტიკის მეცნიერების დოქტორი

 

გამოყენებული ლიტერატურა

 

  1. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი, (2016). საჯარო პოლიტიკის ნარკვევი, ჭიათურის მანგანუმის გამამდიდრებელი საწარმო და გარემოსდაცვითი პრობლემები
  2. ავდალიანი ე. ჭიათურის მანგანუმი – ქართული შავი ოქროს ისტორია, Forbes Georgia, 10 ივლისი 2013, ხელმისაწვდომია http://forbes.ge/news/164/WiaTuris-manganumi—qarTuli-„Savi-oqros“-istoria
  3. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ანგარიში, 2013-2014 წწ.
  4. ვეიდი რ. საქართველო – ნეოლიბერალიზმი და ინდუსტრიული პოლიტიკა, განთავსებულია 29.06.2016 http://european.ge/robert-wade-saqartvelo-neoliberalizmi-da-industriuli-politika/
  5. ჯონსი ს. (2012). საქართველოს პოლიტიკური ისტორია დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი
  6. Al-Rodhan, Nayef R.F., Stoudmann, G., Definitions of Globalization: A Comprehensive Overview and a Proposed Definition”, GCSP Occasional Papers, Geneva: Geneva Centre for Security Policy (GCSP), 2006, 19 June.
  7. Thorsen, D., Lie, A., “What is Neoliberalism?”Department of Political Science, University of Oslo, 1980, pp 30-39.