12COERCIVE-tmagArticle

გამარჯობა. 
მე მინდა, რომ… ვისაუბრო, დიახ, ვისაუბრო, იმ პირად სივრცეზე, რომელიც არ გაგვაჩნია ქალებს საქართველოში. ძალიან კი მრცხვენია, რომ წერილის წერა ანონიმურად მიწევს, (ჩემი არჩევანი გამოწვეულია ბევრი გარემოებით, მაგრამ მაინც, ეს კიდევ ერთხელ იმაზე მიუთითებს, რომ უსამართლობა ბატონობს არჩევანის თავისუფლებაზე), მაგრამ რაღაც მნიშვნელოვანი მაქვს სათქმელი, რაც არა მარტო ჩემი, არამედ მთელი დედათა მოდგმის პრობლემაა ჩვენს ქვეყანაში, ამიტომ არ ვჩუმდები და ვწერ.

ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე ვიყავი, როდესაც ჩემი სხეულის საიდუმლო გავანდე ერთ ბიჭს. მე ის არ მიყვარდა. მეტიც, არც კი მომწონდა. ალბათ, იფიქრებთ, მთლად გაგიჟებულაო, თორემ საზოგადოება ეგეთი რადიკალურიც არ არის, სიყვარულით გაშმაგებულს მსგავსი ქმედება არ აპატიოსო. ასე და ამგვარად, თავი გილიოტინაში შევყავი. ვიცოდი, ოდესღაც გაიგებდა დედაჩემი, მაგრამ არ მაინტერესებდა. მეტიც, რამდენჯერ მინდოდა “აღსარება” მომეშორებინა ზურგიდან მაშინ, როდესაც ის სხვების პირად ცხოვრებას მოსამართლის ჩაქუჩით ხელში უსვამდა საბოლოო დაღს. მაშინ, როდესაც სახლში გაკვირვებული მოდიოდა: “იცოდი მაგის შეყვარებული ვინ ყოფილაო?”. მაშინ, როდესაც სასიკვდილო განაჩენი გამოჰქონდა “კახპებისთვის”, რომლის ნაწილი ახლა მისი შვილიც იყო. სამაგიეროდ – მე ვდუმდი, ან ხანდახან საუბარში მხარს ვუბამდი, რომ ჩემამდე არ დაეყვანა საქმე. მეშინოდა? ჰო, ვის ვატყუებ, მეც მეშინოდა. ვერც კი ვიაზრებდი რა რეაქცია შეიძლებოდა მოყოლოდა ქართველი დედისგან შვილის მიერ ჩადენილ “დანაშაულს”. ასე განვლო დრომ… ერთხელ მახსოვს დეპრესიამ სახეში მწარედ შემომილაწუნა, როცა გავაანალიზე, რომ ყველაფერი იდეალურად მიდიოდა. მე არ მტკიოდა არაფერი… და ამაზე შემზარავი ის უფრო არის, რომ ეს ტრაგედიად არ გეჩვენება. მაშინ, ვიფიქრე, რამე მძაფრი გამოცდილება მჭირდება საკუთარ თავს რომ დავუბრუნდე-მეთქი, ხოდა თურმე იღბალიც ამ აღიარებას ელოდა ჩემგან, როდესაც სახლში მისულმა დედაჩემი განრისხებული დავინახე. ცალკე გამიყვანა. კარი მიხურა. ტელეფონი საწოლზე დააგდო და მითხრა: “შენ გოგო რეებს წერ?”, ჰო, გასაგებია რაზეც იყო საუბარი. ტიროდა. ბევრი იტირა. თან გამწარებული მიყვიროდა, მე შენ ადამიანად არ გამიზრდიხარო. აბა მე რა უნდა მეთქვა? ვერც კი მივხვდი რა ხდებოდა. გულის ცემაც კი არ ამჩქარებია. ვუყურებდი. წესიერ ტყუილს მე მაინც ვერ მოვიფიქრებდი, მაგაზე ხელი მქონდა ჩაქნეული. მაინტერესებდა ზუსტად რა წაიკითხა. ეს კიდე გაყვიროდა: რა მნიშვნელობა აქვსო. ეს იყო ის დღე, როცა მან საკუთარ შვილს პირველად დაუძახა მეძავი.
მთელი ღამე არ სძინებია. ლოგინის ჭრაჭუნი მესმოდა. ახლა უკვე თავს დამნაშავედ ვგრძნობდი. მთელი ღამე არ მიძინია. ვაყურადებდი, თან შიგადაშიგ ჩუმად ვტიროდი. მეშინოდა. ასე დილის ხუთი საათი იქნებოდა, ცოტა ხნით თვალები მოვადუნე, მაგრამ ვინ დაგაცადა, ოთახის კარი გაიღო, თავი შემოყო და ეს უკვე იყო ის დღე, როდესაც მან მეორედ დამიძახა მეძავი. გავიდა. მეც ავდექი. მეზობლის სახლიდან ქუჩაში გავედი და მზის ამოსვლამდე იქეთ-აქეთ დავსეირნობდი სასოწარკვეთილი. მერე ისევ სახლში დავბრუნდი და შორიდან ვათვალიერებდი, როდის ჩამოვიდოდა სამზარეულოში, რომ რამენაირად სახლში შევპარულიყავი. შევედი. ჩანთაში ნივთები ჩავაწყე. სოფელში გახიზვნას ვგეგმავდი, მაგრამ ჭიშკრის ჭრაჭუნის ხმა როგორც კი გაიგო, ზევსივით გადმოიხედა მეორე სართულის ფანჯრიდან და დამიყვირა: “შენ არსადაც არ მიდიხარ!”. უსიტყვოდ დავემორჩილე. იმ ოთახში შევედი, სადაც თვითონ არ იყო. საწოლს ვეფარებოდი და ვაყურადებდი ფეხის ნაბიჯების ხმას, ზუსტად უნდა მცოდნოდა სად შედიოდა და გამოდიოდა, რომ სადმე არ წავფეთებოდი. ძველი სახლების უნიკალური ფუნქციის, თხელი კედლების გამო, ადვილი იყო განმესაზღვრა როდის მოხვდებოდა ის ჩემს სამალავთან. ეს ყველაფერი წააგავდა კატა-თაგვობანას თამაშს. ამასობაში ბალიშსა და საბანს ვწვდი და ვიფიქრე, აივანზე რომ ტახტი იდგა იქ წამეძინა. უცებ კიბეებზე ფეხის ნაბიჯების ხმა გავიგე. საბანი მთლიანად გადავიფარე, ის დრო გამახსენდა, როცა ბნელ ოთახში არარსებულ მონსტრებს სწორედ ასე ვემალებოდი. ამ შემთხვევაში კი “მონსტრი” არსებული და ბევრად უფრო საშიში იყო. საბოლოოდ, მეორე სართულის “ზალაში” დავმკვიდრდი, რომელიც ჩვენს კულტურაში, მხოლოდ ვინმეს გარდაცვალების შემთხვევაში გამოიყენება. ახლა ეს გარდაცვლილი მე გახლდით, ოღონდაც მე არავინ დამტიროდა, აბა ვის გაუგია “დამნაშავის” შეცხადებაზე პატიოსანი მოქალაქე გამოჩენილიყოს?
ორი დღე გავიდა უკონტაქტოდ. მესამე ღამეს ამოვიდა. იატაკზე ლეიბი მქონდა დაფენილი და მაგაზე ვიწექი. ამან მთლად გააგიჟა. ალბათ, თვალწინ დაუგდა სექსის სცენა, ამიტომ სახეზე ზიზღის მეტი არაფერი ეტყობოდა. რატომ გააკეთეო მკითხა. ეს როგორ გაბედეო. მე შენ კარგ შვილად მიმაჩნდიო, ისე მიხაროდაო წამატებული რომ იყავიო, შენი იმედი მქონდაო ცხოვრებაშიო, შენ კიდევ რა გააკეთეო. ასეთი შვილის ყოლასო ხომ სიკვდილი ჯობიაო. წადიო, თავი მოიკალიო, თუმცა მოსაკლავი მე ვარო, რომ ქალად ვერ გამიზრდიხარო (ხშირად მიფიქრია, როგორი ილუზიურია. მაგ თაობას სჭირს ეს. ასე ჰგონია ყველაფერი ისე უნდა იყოს, როგორც მას უნდა. ამიტომ ყველა ატყუებს, მათ შორის ქმარიც. ასეც გათხოვდა, პრინცესას კაბაში. თავი რომანში ეგონა, უფრო სწორად ზღაპარში, ხოდა იმ ზღაპრიდან უცებ “გამზრდელზე” გადმორთო ტვინი და შოკშია, რატომაც არა.), თავი უნდა მოვიკლაო, შე უსირცხვილოო, ამას როგორ ვიფიქრებდიო, ერთი შვილი მყავხარო და ეს რა ჩაიდინეო, ყველას მოვდებო შენს ამბავსო, შენ ამას ნებისმიერთან იზამო, მიდიო ეგერო ცირკთან დადექიო იბოზავეო, რათ გინდაო სწავლაო, წადიო, ნებისმიერთან ქენი ძაღლივითო, გყვარებოდა მაინცო, ან ამას სხვას რას ეუბნებოდიო, არ გრცხვენოდაო? საერთოდ როგორ გაბედეო სხვისთვის მიგეწერაო ასეთი ამბავიო, აწიო შენ ცოლად ვინ მოგიყვანსო. იქამდე ისევ ისე, გულცივად ვუსმენდი, მეც ვერ ვხვდებოდი, რატომ ვერ ვგრძნობდი ვერაფერს, მაგრამ აქ შევეპასუხე: ადამიანს მასე როგორ დავამცირებ ვუთხრა ქალიშვილი არ ვარ და მაინც ხომ მომიყვან ცოლადო? აქ გამწარებულმა ჩემი აიპედი ნაფლეთებად აქცია. ეს ძალიან მეწყინა. შეიძლება რომანტიული სიყვარული არ შემიძლია, მაგრამ ნივთები მიყვარს, ისინი ხომ ასე არასდროს მოგექცევიან?! ხოდა გამწარებულმა შემოვუტრიალე: ბიჭი რომ ვყოფილიყავი, ქვეყანას ხომ არ დააქცევდი-მეთქი? გაჩუმდა. ხმა არ ამოუღია, მაგრამ მერე ისევ ამ უსასრულო ლანძღვა-გინების სერიას მოყვა.
უკვე აღარ მახსოვს მერამდენე დღე იყო, მაგრამ კვირა იქნებოდა გასული. დილაობით მივარდებოდა და მაღვიძებდა ამ ნამუსით როგორ გძინავსო. მერე ნელ-ნელა ჩაცხრა. სკოლაში სიარულმა იძულებული გახადა ისევ, როგორც შვილს ისე მომქცეოდა, საზოგადოებაში მაინც, მაგრამ რეპლიკები გამუდმებით ისმოდა. ერთხელ ტელევიზორს ვუყურებდით, უცხოელებზე იყო გადაცემა, არ მახსოვს ზუსტად რა გადიოდა,მაგრამ აი მანდ წაიგესლა: უცხოელის გარდა შენ ცოლად ვინ მოგიყვანსო. კიდევ იჩინა თავი ჩემი მენსტრუაციის პერიოდში. ჩხუბი დამიწყო ისევ. სულ ახლახან კიდე მეუბნება: ყველგან ის მელანდება რაც ჩაიდინეო, შენდამი ნდობა ხომ სამუდამოდ გამიქრაო, როგორ არ გრცხვენიაო, მე იმაზე მერევა გული მთლად, რომ არ გიყვარდაო, ასე ნებისმიერთან რომ შეგიძლია გააკეთოო. მეძავებს რატომ ეძახიან მეძავებსო? შენ ამას კიდე ბევრჯერ გააკეთებო. როგორ ამეხსნა აბა მე ამის საქმე, რომ არ იყო? მართალია, მე არ მიყვარს. მე ძალიან მიჭირს შეყვარება. უბრალოდ, ბავშვობიდანვე ისე მზრდიდა, რომ გამორჩეული უნდა ვყოფილიყავი. როდესაც სხვები მეექვსე კლასში ასტრიდ ლინდგრენს კითხულობდნენ, მე “მადამ ბოვარს” ვკითხულობდი. როდესაც სხვები ლექსის სამ სტროფს სწავლობდნენ, მე მთლიანად ვიზეპირებდი. როდესაც სხვები თავიანთ ტოლებთან თამაშით ერთობოდნენ, მე ოთახის კუთხეში მიყუჟული ვუსმენდი უფროსკლასელების გარჩევებს ლიტერატურაზე, თუ ხელოვნებაზე. მე ყველაფერს ძალიან მალე ვითვისებდი, მე ხომ ყველაფერი მაინტერესებდა? მას უნდოდა ეს, მას მე მაშინ ვუყვარდი, როდესაც მისთვის ავტორიტეტული ხალხი გაოცებაში მომყავდა. აი, შენი პასუხიც, დედა! გაინტერესებდა “ეს” რატომ გავაკეთე? ღმერთმანი,მე ხომ მაინტერესებდა! ყველა გრძნობაზე უფრო მაღლა დგას ინტერესი ჩემნაირ ადამიანში. შენ ხომ ჩემთვის არასდროს გითქვამს, რომ 11 წლისას მენსტრუაცია უნდა მომსვლოდა? შენ ხომ არასდროს მოგიყოლია ისტორიები სიყვარულზე ან სექსზე? შენ ხომ არ დამჯდარხარ და რჩევა არასდროს მოგიცია როგორ მოვქცეულიყავი? მე მშვენივრად ვიცოდი, რასაც ჩავდიოდი ამ საზოგადოებისთვის. ეს ყველა იმ გოგოსთვის გავაკეთე, რომლის დედაც შენ ხარ! ჩვენ პორნოგრაფიაზე გაზრდილი თაობა ვართ. მე ამის მრცხვენია. ეს კი თქვენი ბრალია. აი, ამ ცხოველობამ და თქვენმა ნიჰილიზმმა მოკლა ჩემში სიყვარული და არა მარტო ჩემში – თითოეულ თინეიჯერ გოგოში, რომლებიც ბედავენ თუ არ ბედავენ თავიანთი პირადი ცხოვრება წარმათონ. შენ მართალი იყავი, რომ თქვი დამნაშავე ვარო, ოღონდ არა იმის გამო, რომ ქალიშვილი ვერ ჩამაბარებ ქმარს, არამედ იმიტომ, რომ შენ ამაზე ჩემთან არასდროს გისაუბრია. შენ ხომ არასდროს აგიხსნია მადამ ბოვარი რატომ არ იყო მეძავი? ხო, ეს თქვენი საზოგადოებაა, რომელიც აღმერთებს ლიტერატურაში აღწერილი ქალის მსუბუქ ყოფაქცევას და როდესაც შვილში ამ ქალს ამოიკითხავენ სწორედ, რომ საკუთარ შვილებს სჯიან მწარედ. ბოლოს კი, მახსენდება ჰანეკეს ერთ ჩემს საყვარელ ფილმში გაჟღერებული ფრაზა: “შვილები დაისჯებიან მამების მიერ ჩადენილი ცოდვებისათვის” და ბევრად უფრო ნათელი ხდება ეს ყოველივე.

ავტორი: ანონიმური