განხორციელებული პროექტები

16/01/2017-31/05/2017

ორგანიზაციული განვითარება ფემინიზმის ლოკალური პოპულარიზებისათვის“- ჩვენი, როგორც დამოუკიდებელი ფემინისტური ორგანიზაციის პირველი სრული პროექტი. პროექტი ითვალისწინებდა უსაფრთხო სადისკუსიო სივრცის შექმნის იდეას, სადაც კითხვის წრეების მეშვეობით მასალების გაცნობა, პირადი გამოცდილებების გაზიარება და გოგოების ფემინისტური ცოდნით აღჭურვა მოხდებოდა.
ამ გარემოს შექმნაში მონაწილეობას ვიღებდით ,,ქალთა მზერის’’ ჯგუფის წევრები, რომლებიც მოხსენებების მომზადების, კითხვის წრეების დაგეგმვის, თარგმანებსა და კრიტიკულ წერილებზე მუშაობის პროცესში განვვითარდით, როგორც ორგანიზაცია, და გავეცით საჭირო ცოდნები ქალებისთვის ყველაზე მნიშვნელოვან თემებზე . პროექტის ვიდეოები იხილეთ აქ: ფემინისტური ვიდეო-ლექციები

შევქმენით ჩვენი დამოუკიდებელი გაზეთი. პირველი და მეორე ნომერი სწორედ ამ პროექტის ფარგლებში გამოიცა. პროექტის ფინანსური მხარდამჭერი იყო “ქალთა ფონდი საქართველოში”.

2017 წელს გავხდით ახალგაზრდა ფემინისტური ფონდის “ფრიდას” გრანტიორები. ფონდის მიერ გამოყოფილი თანხა მთლიანად ხმარდება ორგანიზაციის ინფრასტრუქტურულ და ადმინისტრაციულ ხარჯებს. ფონდი “ფრიდას” მხარდაჭერით ორგანიზაციამ შექმნა შემდეგი კონტენტი: “ეს მე უნდა ვთქვა”, “ქალთა მზერის” გაზეთის მესამე ნომერი, სხვადასხვა თარგმანები, ბლოგები და ა.შ

“ქალთა ფონდის” დახმარებით განვახორციელეთ პროექტი “შენი სხეული შენი ბრძოლის ველია”, რომელიც მიზნად ისახავდა ახალგაზრდა გოგონებისათვის სექსუალური და რეპროდუქციული უფლებების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას და ქალების სპეციფიური ბარიერებისა და პრობლემების დღის წესრიგში დაყენებას.

პროექტის ფარგლებში მოვამზადეთ თარგმანები სხეულის პოლიტიკის შესახებ . მოვამზადეთ ვიდეო რგოლები სქესობრივი განათლების შეტანის საჭიროებაზე სკოლებში, გრაფიკული ვიდეოები სქესობრივ განათლებაზე და კრებული “ყველაფერი შენი სხეულის შესახებ”, რომლის ბეჭდური ვერსიაც კვლავ ხელმისაწვდომია ჩვენს ოფისებში.

“ფრიდრიხ ებერტის ფონდის” მხარდაჭერით 2018 წელს განვახორციელეთ პროექტი “ჭიათურელი ქალების გაძლიერება”. პროექტის ფარგლებში შევხვდით ჭიათურის მაღაროში დასაქმებულ ქალებს, ვისაუბრეთ ქალთა გაერთიანების საჭიროებაზე საქართველოს ინდუსტრიულ ზონებში დასაქმებულთა შორის, ასევე ქალთა სპეციფიურ საჭიროებებზე ჯანდაცვის კუთხით, ჩავწერეთ ინტერვიუები სხვადასხვა თემებზე. სწორედ ამ დროს გამოვეცით და ჭაითუაში ჩავიტანეთ გაზეთის მეოთხე ნომერი.

2018 წლის 1 მაისს დავიწყეთ პროექტი “მრავალეთნიკური საზოგადოების გამოწვევები”. პროექტის ფარგლებში ვეწვიეთ საქართველოს 3 რეგიონს, სადაც შევხვდით და ინტერვიუები ჩავწერეთ სხვადასხვა ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენელ ახალგაზრდა ქალებთან. შევქმენით და გავავრცელეთ გრაფიკული ვიდეოების სერია “დემოკრატია მრავალფეროვნებაშია”. ასევე, საფუძველი დავუდეთ პირველ ფემინისტურ ბანაკს, რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან ეთნიკური და რელიგიური უმცირესოების წარმომადგენელი გოგონებისთვის უსაფრთხო სივრცის შექმნას. პროექტის ფინანსური მხარდამჭერი გახდა “UNAOC”.

2019 წელს “ქალთა ფონდის” დახმარებით განვახორციელეთ პროექტი “ფემინისტურ დღის წესრიგში კიბერ უსაფრთხოების ტექნიკების დანერგვა”, რომლის მიზანი იყო მითების დამსხვრევა ქალის სექსუალობასა და ქალის რეპრეზენტირებაზე ონლაინ სივრცეში და ქალების ცნობიერების ამაღლება ციფრულ უსაფრთხოებაზე. პროექტის ფარგლებში ჩავწერეთ და გავავრცელეთ ინტერვიუები, სადაც საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები საუბრობენ ონლაინ სივრცეში ბულინგზე, საკუთარ გამოცდილებებზე და თავდაცვის გზებზე. პროექტი ასევე ითვალისწინებდა შემეცნებითი ხასიათის გრაფიკულ ვიდეოებსაც.

მიმდინარე პროექტები

2019 წელს დავიწყეთ პროექტი “იზრუნე შენზე”. პროექტის ფარგლებში, ჩვენი მიზანია ახალგაზრდა ფემინისტური ნარატივის შეტანა იქ, სადაც ჩვენი ხმა არ ისმის, თუმცა აუცილებელია. ჩვენ ვქმნით სქესობრივი განათლებისთვის საჭირო ციფრულ სივრცეს -ციფრულ სახელმძღვანელოს და ინფოგრაფიკულ ვიდოებს, რომლებიც მოიცავენ ვალიდურ ინფორმაცის და ხელმისაწვდომია ახალგაზრდა ადამიანებისთვის. პროექტი ასევე მოიცავს უფასო გინეკოლოგიურ მომსახურებას (გამოკვლევები და კონსულტაცია) 16-25 წლის გოგონებისთვის, რადგან საქართველოს ჯანდაცვის პირობებში ქალთა ჯანმრთელობა უმნიშვნელოვანესი პრობლემაა.