რეცენზია: A girl walks home alone at night
როდესაც გვეგონა, რომ ფილმებმა ვამპირებზე საკუთარი თავი ამოწურეს, ეს ფილმი სრულიად განსხვავებული აქცენტებით წარსდგა ჩვენს წინაშე. ფილმში ხაზგასმულია ყველა ქვეყნისთვის რელევანტური საკითხი, ის რაც აერთიანებს ამერიკელ, ირანელ და ნებისმიერ ქვეყანაში მცხოვრებ ქალს – ჩაგვრა პატრიარქალური კულტურის მიერ.
ფილმში მოქმედება ირანის წარმოსახვით ქალაქში, „Bad City”-ში ვითარდება, შეიძლება ითქვას, რომ ეს ქალაქი მთლიანად გეტოა თავისი ჯანქებით, დილერებით და სექს-მუშაკებით, აქედან ერთერთი ნარკოდილერი საედი პატრიარქალური კულტურის იდეალურ პროდუქტად გვევლინება – დომინანტი ალფა მამაკაცი, რომელიც ქალებს მხოლოდ სექსუალურ ობიექტებად აღიქვამს და ჩაგრავს ყველას, ვინც მასზე სუსტია. მის პარალელურად გვევლინება ვამპირი გოგონა, რომლის მთავარი დანიშნულება „ვამპირობა“ და ხალხისთვის უაზროდ სისხლის წოვა სულაც არ არის. ის ღამე ქუჩებს პატრულირებს და მისი მიზანი ქუჩებში გენდერული ძალადობის შეჩერებაა. გასათვალისწინებელია, რომ გოგონა არ გვევლინება სექსუალურ ობიექტად, ის ირანულ ტრადიციულ სამოსშია გამოწყობილი, რაც სულ არ უშლის მას ხელს იმაში, რომ ერთ-ერთი ყველაზე მეამბოხე ქალი პერსონაჟი შექმნას ჩვენს თვალში.
ფილმში კარგად ჩანს, რომ ჰიპერსექსუალიზირებული დასავლელი ქალი, რომელიც „თავისუფლების“ ნიღაბს არის ამოფარებული, იგივენაირ ჩაგვრას განიცდის, როგორსაც დასავლეთის მიერ დემონიზირებული ჩადრიანი ქალი, თუმცა ჩადრიანი ქალის ბრძოლა ძალადობრივი კულტურის წინააღმდეგ დღეს ბევრად უფრო რევოლუციური აქტია, ვიდრე ყველა ამერიკელი ლიბერალი ფემინისტის აქტივობა ერთად აღებული. გოგონა შეიძლება თანამედროვე გენდერული ომის მებრძოლად აღვიქვათ, მისი პერსონაჟი ძლიერი ქალის განსხეულებაა, რომელიც დაუცველ სექს-მუშაკ ქალ ატტის მფარველობს. ამ სცენაში ვხედავთ ერთ-ერთ ფემინისტურ ჟესტს – ქალურ სოლიდარობას.
ფილმში კარგად ჩანს, როგორ ექცევიან კაცები „ბილწ“ ქალებს, როდესაც ქალი კარგავს თავის „მთავარ დანიშნულებას“ და სცდება „სწორ“ გზას, ის უკვე დაბალი ღობეა და მისი დამცირება ღირსეულ საქციელადაც კი ითვლება. ზუსტად ასე ხდება ატტის შემთხვევაშიც. ვამპირი გოგონა მხოლოდ იმ მამაკაცებს კლავს, რომლებსაც „ცუდ ბიჭებად“ მიიჩნევს, სწორედ ასეთია ზემოთხსენებული ნარკოდილერი საედი, ის ატტის ექსპლოატაციას უწევს და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებს, რასაც ვამპირი გოგონა შეესწრება, გოგონა რასაკვირველია მარტივად ახერხებს საედის შებმას და ეს უკანასკნელი საკუთარ სახლში სექსისთვის პატიჟებს, ხოლო როდესაც გვგონია, რომ ისიც მორიგი ქალია, რომელიც ვერ უძლებს გრძნობას, რომ არ იყოს დომინანტი კაცის მორჩილი, სწორედ მაშინ აჭამს თითს და უცლის საძილე არტერიას ჩვენს ალფა მამაკაცს. სწორედ აქ ირღვევა ის მითი, რომ ქალი ბუნებით მორჩილია(#fiftyshadesofgrey).
მორიგი დასამახსოვრებელი მომენტია, როდესაც ვამპირი გოგონა პატარა ბიჭუნას აშინებს, რომელიც ბევრი დანაშაულის მოწმეა „Bad City”-ში, თუმცა ხმას არაფერზე იღებს, ის პირდება რომ ცხოვრების ბოლომდე მის ყველა ნაბიჯს გააკონტროლებს და თუ ბიჭუნა ცუდად მოიქცევა იმ მოძალადე კაცების ბედი ეწევა, რომლებიც გოგონამ წამებით მოკლა, ამ ეპიზოდისგან ვასკვნით, რომ ბიჭებს პატარაობიდანვე უნდა ვასწავლოთ ძალადობის დანახვაზე რეაგირება და ხმის ამოღება: როდესაც ხედავენ რომ მათ წინ ქალი იჩაგრება, ან ნებისმიერი უსამართლობა ხდება.
ვამპირი გოგონას და მისი ბიჭის არაშის ურთიერთობაც სრულიად უცერემონიო ნეიტრალურ ურთიერთობად გვევლინება, დომინაციის, მორჩილების და უაზრო კლიშეების გარეშე, რაც სულაც არ აკლებს რომანტიკას მათ ურთიერთობას.
რეჟისორი ანა ლილი ამირპური ანგრევს ჩუმი, ჩაგრული, შუა აღმოსავლელი ქალის მითს, რომელიც ჩადრში იმალება და სრულიად სხვა პერსპექტივიდან გვანახებს შუა აღმოსავლელ ქალს (უფრო სწორი იქნებოდა მეთქვა, რომ ფაშისტურ დასავლეთს უჩვენებს თავმომწონედ) ის გვახსენებს, რომ რეალურად ყველაზე ძლიერები ყოველთვის იქ არიან, სადაც ჩაგვრა ყველაზე მძიმეა. ფილმი ეხება გლობალურად აქტუალურ პოლიტიკურ საკითხებს, თუმცა თვითონ რეჟისორი პირად ინტერვიუში თავს იკავებს რაიმე კონკრეტული პოლიტიკური განცხადებისგან, ის მოგვიწოდებს თვითონ განვსაჯოთ და ამოვიკითხოთ ყველაფერი, თუმცა იმას აცხადებს, რომ ჩადრის პოლიტიზირება ყველაზე ნაკლებად სურდა და ყურადღების გამახვილებას გეი პერსონაჟზე – როკაბილიზე მოითხოვს.
ვისაც აინტერესებს, როგორ შეიძლება ვამპირებზე ისეთი ფილმის გადაღება, სადაც ქალი არ არის ობიექტი, რომლის ინტერესები მხოლოდ კაცების სიყვარულს და ქუჩაში უკონტექსტოდ გამვლელების სისხლიგან დაცლას მოიცავს, ვურჩევდი აუცილებლად ნახოს ეს ფილმი. A girl walks home alone at night არის ერთ-ერთი ყველაზე ჯანსაღი ფემინისტური ფილმი, სწორად განაწილებული აქცენტებით და მნიშვნელოვანი მესიჯებით, რაც თანამედროვე კინემატოგრაფში გვინახავს.
ავტორი: ნინკა ხაინდრავა