XI თავი

სქესობრივად გადამდები დაავადება ვრცელდება სქესობრივი კონტაქტით – ორალურად, ანალურად და ვაგინალურად. სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები ფართოდ გავრცელებულია და ხშირად არ გააჩნია სიმპტომები. ქვემოთ იხილავთ გზებს, თუ როგორ აირიდოთ, ან მოიქცეთ სქესობრივად გადამდები დაავადებით ინფიცირების შემთხვევაში.

9.1 სანერვიულოა თუ არა სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები?

თქვენ შესაძლოა გსმენიათ ისეთ სქესობრივად გადამდებ დაავადებებზე, როგორებიცაა გონორეა, ქლამიდია, ჰერპესი, აივ-ინფექცია და სხვ. სქესობრივად გადამდები დაავადებები ძალიან გავრცელებულია – ადამიანების უმრავლესობა ცხოვრების განმავლობაში ერთხელ მაინც ინფიცირდება. ხოლო 15-24 წლის ასაკში სქესობრივად გადამდები დაავადებების შეძენის ყველაზე მაღალი რისკია. ყველაზე გავრცელებული სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები (გონორეა, ქლამიდია) იკურნება ანტიბიოტიკებით და დაინფიცირებულისთვის საფრთხეს არ წარმოადგენენ, თუ სწრაფი მკურნალობა მოხდება. თუმცა სხვებმა შესაძლოა წარმოქმნან ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები, განსაკუთრებით მაშინ, თუ არ მოხდა მათი მკურნალობა.

მიუხედავად იმისა, რომ სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები ფართოდაა გავრცელებული, ხანდახან ადამიანები გრძნობენ სირცხვილს, როდესაც ინფიცირდებიან. თუმცა, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები, სხვა ინფექციების მსგავსად, ერთი ადამიანიდან გადადის მეორეზე. უბრალოდ სექსი არის ინფექციის გადატანის გზა. ამიტომაც, თუ დაინფიცირდებით, არ  ნიშნავს, რომ ,,ბინძური” ან ცუდი ადამიანი ხართ; თქვენ ხართ მილიონობით ადამიანიდან ერთ-ერთი. ამიტომაც, სხვა ინფექციების მსგავსად, არსებობს სამკურნალო საშუალებები, რომლებიც დაგეხმარებათ გამოჯანმრთელებაში. ასევე, არსებობს საშუალებები სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებისგან თავის ასაცილებლად.

9.2 როგორ ავიცილოთ თავიდან სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები?

ერთადერთი 100%ით გარანტირებული გზა სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებისგან თავის ასაცილებლად არის სქესობრივი კონტაქტის არ ქონა (ვაგინალური, ანალური, ორალური, ან გენიტალიების შეხება სხვა ადამიანთან). სექსის არქონა = სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების არქონას. მაგრამ  თუ თქვენ გაქვთ სექსი, დაცული სქესობრივი აქტი ამცირებს სქესობრივი გზით გადამდები დაავადებით ინფიცირების რისკებს. დაცული სექსი ნიშნავს პრეზერვატივის, ქალების პრეზერვატივის, ან დენტალური ბარიერის გამოყენებას. ეს ბარიერები გიცავს სხვადასხვა სითხის და კანთან შეხებისგან, რომლებსაც სქესობრივად გადამდები დაავადებების გადატანა შეუძლიათ. პრეზერვატივის გამოყენება შეგიძლიათ პენისზე ვაგინალური, ანალური და ორალური სექსისას. ქალთა პრეზერვატივები გამოიყენება ვაგინალური და ანალური სექსისას. დენტალური ბარიერების გამოყენება შესაძლებელია ორალური სექსისას ვულვაზე ან პენისზე.

სექსის არქონა, ან სექსის დროს პრეზერვატივის გამოყენება ორი საუკეთესო საშუალებაა სქესობრივად გადამდები დაავადებებისგან თავის დასაცავად. თუმცა არსებობს სხვა საშუალებებიც:

შემოწმება სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებზე. თუ თქვენ გაქვთ ინფექცია, იმკურნალეთ, რათა გამოჯანმრთელდეთ და არ იყოთ გამავრცელებელი სხვა ადამიანებზე ილაპარაკეთ პარტნიორთან. კარგი კომუნიკაცია, განსაკუთრებით უსაფრთხო სექსზე, დაგეხმარებათ ნდობის მოპოვებაში და თქვენ და თქვენს პარტნიორს უფრო დაგაახლოვებთ.

აარჩიეთ ისეთი სქესობრივი აქტივობები, რომლებიც ნაკლებად სარისკოა. სქესობრივი აქტივობების უამრავი უსაფრთხო გზა არსებობს. მასტურბაცია, ჩაცმულ მდგომარეობაში გენიტალიების ხახუნი, სექსუალურად ლაპარაკი და ჩახუტება არის იმ საშუალებათაგანი, რითაც სქესობრივად გადამდები დაავადებები არ ვრცელდება.

თუ თქვენს პარტნიორს არ უნდა პრეზერვატივის გამოყენება სქესობრივად გადამდები ინფექციებისგან თავდასაცავად, ის არ გცემთ პატივს. მას, ვინც ნამდვილად ზრუნავს თქვენზე, ენდომება თქვენი უსაფრთხოება. ხოლო, ვინმეს მიერ ისეთი რამის დაძალება, რის გამოც თავს არაკომფორტულად გრძნობთ, არ არის სწორი, მიუხედავად იმისა, რამდენად გიყვართ, თუ მოგწონთ ერთმანეთი.

9.3 როგორ ვრცელდება სქესობრივად გადამდები დაავადებები?

სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები ხშირად ვრცელდება   დაუცველი   ვაგინალური,   ანალური ან ორალური სექსის დროს. თუმცა, ყველაფერი ყოველთვის ასე მარტივი არაა – სხვადასხვა დაავადება სხვადასხვა გზით გადადის.

ზოგიერთი ინფექცია გადადის სხეულის სითხეებით, როგორიცაა სპერმა, ვაგინალური სითხე და სისხლი. ზოგიერთი შეიძლება გადავიდეს თქვენი პირის და გენიტალიების ხახუნით პარტნიორის პირსა და გენიტალიაზე. მარტივად რომ ვთქვათ, ნებისმიერი ტიპის სქესობრივი კონტაქტი, რომელიც შეიცავს სხეულის სითხეებს ან გენიტალიების შეხებას, გაყენებთ სქესობრივად გადამდები დაავადებების რისკის ქვეშ. ამიტომაც, პრეზერვატივების და სხვა ბარიერების გამოყენება სექსს უფრო უსაფრთხოს ხდის. მათ შეუძლიათ ,,დაბლოკონ” კანი და სითხეები, რომლებიც ავრცელებენ სქესობრივად გადამდებ დაავადებებს.

ვაგინალური და ანალური სექსი განსაკუთრებით სარისკოა, თუ არ იყენებთ პრეზერვატივს. ორალურ სექსს ასევე შეუძლია გარკვეული დაავადებების გადატანა ( მაგ: ჰერპესი ან პაპილომა-ვირუსი). პრეზერვატივების და დენტალური ბარიერების გამოყენება ორალური სექსისას, გიცავთ თქვენც და თქვენს პარტნიორსაც. ზოგიერთი სქესობრივად გადამდები დაავადება (მაგ: შიდსი) შპრიცის გაზიარებითაც გადადის (ნარკოტიკების, პირსინგების, ან ტატუების) ან ბავშვზე, მშობიარობისგან, ან ძუძუთი კვებით. თუმცა სქესობრივად გადამდები დაავადების გადატანა შეუძლებელია ჩახუტებით, ხელის ჩაკიდებით ან ტუალეტით. სქესობრივად გადამდები დაავადების მიღება შესაძლებელია მხოლოდ სპერმასთან, ვაგინალურ სითხესთან, სისხლთან ან გენიტალიების კონტაქტით. სქესობრივად გადამდები დაავადება ჰაერიდან არ ჩნდება – მისით ინფიცირება შესაძლებელია მხოლოდ სხვა ინფიცირებულთან კონტაქტის შემდგომ. თუმცა, უამრავმა ადამიანმა, რომელიც ინფიცირებულია, შესაძლოა არ იცოდეს ამის შესახებ, რადგანაც, ხანდახან დაავადება უსიმპტომოა. ამიტომაც, ტესტირება სქესობრივად გადამდებ დაავადებებზე და ასევე პრეზერვატივის გამოყენება, მნიშვნელოვანია.

9.4 როგორ შეიძლება იმის გაგება, აქვს თუ არა პარტნიორს სქესობრივად გადამდები დაავადება?

ერთადერთი სარწმუნო გზა ამის გასაგებად ტესტის გაკეთებაა. ვიღაცის პენისის, ან ვულვას გარეგანი დათვალიერებით, შეუძლებელია ითქვას, არის თუ არა ის დაინფიცირებული. სქესობრივი გზით გადამდები დაავადების მატარებელი შესაძლოა თავს გრძნობდეს და გამოიყურებოდეს სრულიად ნორმალურად – თუმცა მაინც გადაიტანოს ინფექცია სხვაზე.

ხანდახან, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები შესამჩნევ პრობლემებს იწვევენ. შეემოწმეთ, თუ გენიტალიაზე, ან მასთან ახლოს აღგენიშნებათ შემდეგი სიმპტომები:

  • ტკივილი.
  • დასიება.
  • უცნაური   გამონაყარი, გამონაზარდი, ან ნაწიბურები.
  • ქავილი და/ან წვა.
  • ტკივილი, ან წვა მოშარდვის დროს.
  • გამონადენი პენისიდან.
  • ვაგინალური  გამონადენი, რომელსაც აქვს განსხვავებული სუნი, ფერი, ან ტექსტურა.
  • სისხლდენა გენიტალიებიდან.

ამ სიმპტომების ქონა ყოველთვის არ ნიშნავს იმას, რომ სქესობრივად გადამდები დაავადების მატარებელი ხართ. ჯანმრთელობის სხვა პრობლემებმაც შესაძლოა გამოიწვიოს მსგავსი სიმპტომები. მაგალითად, წვა მოშარდვის დროს შესაძლოა საშარდე მილის ინფექცია იყოს, უცნაური გამონადენი კი -სოკოვანი ინფექცია. ერთადერთი გზა სწორი დიაგნოზირებისთვის ექიმთან კონსულტაციაა.

9.5 დაორსულების რისკი სქესობრივი აქტის დროს

სქესობრივად გადამდებ დაავადებებთან ერთად, ვაგინალური სექსის დროს არსებობს დაორსულების რისკიც. ნებისმიერ დროს, როდესაც სპერმა (ან ეაკულაციამდე გამოყოფილი სითხე) ვაგინაში მოხვდება, არსებობს დაორსულების შანსი. ასევე, მაშინ, თუ სპერმა მოხვდება ვულვაზე ან ვაგინის გარშემო (მაგ: თუ სველი სპერმა თითებზე ეხება ვაგინას). ამიტომაც, თუ ვაგინალური სექსი გაქვთ, ან ფიქრობთ, რომ მალე გექნებათ – გამოიყენეთ თავდაცვა (პრეზერვატივი, სპირალი ან აბები) ორსულობის თავიდან ასარიდებლად.

9.6 რა არის საუკეთესო გზა ორსულობის თავიდან ასაცილებლად?

ერთადერთი 100%-იანი გზა ორსულობის თავიდან ასაცილებლად ვაგინალური სექსის, ან ნებისმიერი სქესობრივი აქტის, სადაც სპერმა ვულვას და ვაგინას ეხება, არქონაა. თუმცა, რადგანაც ადამიანების უმრავლესობას ცხოვრების განმავლობაში სექსი აქვთ, საჭიროა ვისაუბროთ თავდაცვის სხვა გზებზეც. პრეზერვატივები თავდაცვის ერთადერთი საშუალებაა,რომელიც ორსულობისგან და სქესობრივად გადამდები დაავადებისგან ერთდროულად გიცავს. თუმცა, ვაგინალური სექსის შემთხვევაში, უმჯობესია პრეზერვატივთან ერთად სხვა თავდაცვის საშუალების გამოყენებაც – აბი, სპირალი, იმპლანტი, ან ინექცია. ასეთი მეთოდით თავს დაიცავთ როგორც სქესობრივად გადამდები დაავადებებისგან, ასევე ორსულობისგანაც.

© Planned Parenthood Federation of America Inc. 

კრებულის სხვა თავების სანახავად გადადით საიტის განყოფილებაში “ყველაფერი შენი სხეულის შესახებ”.