„საქალწულე აპკის“ სოციალურ-კულტურული განზომილება
რამდენიმე ათასი წლის წინ, ნეოლითურ ხანაში, კაცები პირველ მესაკუთრეებად ფორმირდნენ, საიდანაც დაიწყო პირველი კლასთაშორისი დაპირისპირება (ქალებად და კაცებად მონიშნულ ჯგუფებს შორის). ისინი აკონტროლებდნენ და ანაწილებდნენ ყველაფერს: მიწის, თავშესაფრის და საჭმლის ჩათვლით. ენგელსის მიხედვით, კაცობრიობის განვითარების საწყის ეტაპზე, ხალხს ჰქონდა ქაოტური სექსუალური ურთიერთობები, რის შედეგადაც, ბავშვის ერთადერთი მშობელი, ბავშვის აღზრდაზე პასუხისმგებელი პირი იყო დედა, რადგან მამობის გამორკვევა შეუძლებელი იყო. შემდგომ, უპირველესი საკუთრების ფორმა, რომელიც საერთოობის პრინციპს ეფუძნებოდა, განიდევნა და ჩანაცვლდა კერძო საკუთრებით და კერძო დაგროვებით, რომლის სათავეშიც კერძო მესაკუთრეებად კაცები მოგვევლინნენ, შესაბამისად, ისტორიულად იმარჯვებს ოჯახისა და სქესობრივი ურთიერთობის ისეთი ფორმა, რომლის თვითმიზანია გამოარკვიოს მემკვიდრე, რათა საკუთრება არ გასცდეს ოჯახს და ქონების დაგროვება გვარში გაგრძელდეს. ქალებმა დიდხანს იბრძოლეს მონოგამიური ურთიერთობების დამკვიდრებისთვის, რადგან ორსულებს სჭირდებოდათ ადამიანი, რომელიც მათზე იზრუნებდა და ამ პერიოდის განმავლობაში ყოფას შეუმსუბუქებდა. რადგან მაშინ არ არსებობდა კონტრაცეპტივები, ქალები თავს იკავებდნენ მრავალ პარტნიორთან სექსუალური კავშირის ქონისგან და მხოლოდ ერთ პარტნიორს ირჩევდნენ. მონოგამიურ ურთიერთობებში, როდესაც ქალი „ქალიშვილი’’ ოჯახდებოდა, ანუ სექსუალური დებიუტი ჰქონდა კონკრეტულ კაცთან, არ არსებობდა ეჭვის საფუძველი, რომ ნაყოფი სხვა მამაკაცის იყო, ამიტომ, ქალებს ნაყოფის ტარების გამო აძლევდნენ თავშესაფარს და საჭმელს.
„ქალიშვილი’’ შვილის ყოლას დიდი ფულადი სარგებელი მოჰქონდა მამებისთვის, რადგან გოგონებს შეძლებულ მამაკაცებზე ათხოვებდნენ და სანაცვლოდ თანხას იღებდნენ. სამწუხაროდ, ამ ტრადიციის ექო დღემდე ჩაგვესმის. გოგონებს, რომლებიც არ იყვნენ „ქალიშვილები’’ და იყვნენ უკვე „წაბილწულები’’, აძალებდნენ პროსტიტუციაში ჩაბმას და მამებს მათი მოკვლის უფლებაც კი ჰქონდათ. მსგავსი შემთხვევები დღემდე მთელ მსოფლიოში გვხვდება, როდესაც ოჯახის ღირსება შეურაცხყოფილად მიიჩნევა და გოგონებს ცემენ, აწამებენ, სახლიდან აგდებენ, ზოგ შემთხვევაში, კლავენ კიდეც.
რეალურად, „ქალიშვილობა’’ არ არის ღირებულება, რომლის ქონის ან არქონის შემთხვევაში რაიმე გაკლდება ან გემატება. გოგონებს პატარაობიდანვე აჩვევენ და ეუბნებიან, რომ „ქალიშვილობა’’ მათი ღირებულების საზომია და რომ ვაგინალური პენეტრაცია სექსის ჯადოსნური ფორმაა, რომლის შემდეგაც იცვლები, რაიმე გაკლდება ან გემატება. ქალიშვილობა არ არის რაიმე სახის, უმანკოების გამზომი ფიზიკური მატერია, რომელიც მიწებებული გაქვს და სექსუალური აქტის შემდეგ ეს მატერია, შესაბამისად, უმანკოება ქრება.
ქალიშვილობის საზომად იყენებენ აპკს, რომელსაც 1546 წლამდე არანაირი შეხება არ ჰქონია ქალიშვილობის კონსტრუქტთან. დღესდღეობით, აპკი ცნობილია, როგორც მემბრანული წარმონაქმნი საშოში, ის სამედიცინო თვალსაზრისით უმნიშვნელოა და მისი მეშვეობით შეუძლებელია სექსუალურ აქტივობის წინასწარმეტყველება. შესაბამისად, მითია ქალიშვილობაზე შემოწმება და მითუმეტეს დიდი სისულელეა ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაცია ე.წ. ქალიშვილობის მოწმობის შესახებ.
ტერმინ ქალიშვილობას დღემდე დიდი გავლენა აქვს ქალების სექსუალობაზე, ამიტომაც, უკეთესი იქნება, თუ „ქალიშვილობის დაკარგვას’’ უბრალოდ სექსუალურ დებიუტს დავუძახებთ, რადგან სექსი მხოლოდ ვაგინალური პენეტრაცია არ არის. ყოველ ადამიანს საკუთარი მოსაზრება და შეხედულება აქვს იმის შესახებ, თუ რას მოიცავს მათთვის სექსი. მსჯელობით, რომლის მიხედვითაც სექსი მხოლოდ ვაგინალური პენეტრაციაა, გამოდის, რომ ქვიარი (ლესბოსელი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი) ქალების სექსუალობას, ფაქტობრივად, უარვყოფთ. სექსის მხოლოდ რეპროდუქციისთვის საჭირო აქტად განხილვა წმინდად პატრიარქალურ-კაპიტალისტური მოვლენაა, ჩვენ უნდა დავიმახსოვროთ, რომ სექსუალურ აქტის დიაპაზონს მხოლოდ ჰეტერო და სისგენდერი ადამიანები არ განსაზღვრავენ. აქტის განსაზღვრების უნივერსალური ფორმულა შემდეგნაირია: როდესაც პარტნიორი განიჭებს სიამოვნებას ან შენ ანიჭებ მას, არ აქვს მნიშვნელობა თქვენს სქესსა თუ ორიენტაციას. შენ თავად გეკისრება პასუხიმგებლობა, განსაზღვრო, რა არის შენთვის სექსი და როდის გექნება სექსუალური დებიუტი და არა საზოგადოებას, სახელმწიფოს, მშობლებს, ექიმებს ან რელიგიას. იმის გამო, რომ საქართველოში სექსუალური განათლება არ არსებობს და სახელმწიფოს ამ საკითხთან დაკავშირებით საერთოდ არ აქვს პოლიტიკა თუ პოზიცია, მოზარდები ძალიან დიდი რისკ-ფაქტორების ქვეშ რჩებიან, იქნება ეს სექსუალური გზით გადამდები დაავადებები, არასასურველი ორსულობა თუ სექსუალური დებიუტის შესახებ მისტიფიცირებული ცოდნები. უმეტეს ნაწილს არ აქვს ძირითადი ინფორმაციაც კი, თუნდაც სექსუალური დებიუტის შესახებ. მოზარდებში გავრცელებული მითია: თითქოს პირველი ვაგინალური პენეტრაციის დროს აუცილებელია სისხლი წამოგივიდეს, რადგან შენი აპკი უნდა ჩაიხეს, რაც ტკივილის პირდაპირპროპორციულია. თუ ყველაფერს არასწორად აკეთებ, ტკივილს, რა თქმა უნდა, ნამდვილად განიცდი. სანამ უშუალოდ პენეტრაციის აქტამდე მივალთ, აუცილებელია პრელუდია, რათა ვაგინამ გამოყოს ბუნებრივი ლუბრიკანტი, საშო გაფართოვდეს და აქტი შესაძლო გახდეს ტრავმების (ჩახევის) გარეშე. თუ აქტი მტკივნეულია, რისი მიზეზიც შეიძლება იყოს შიში და სტრესი, ის უნდა შეწყდეს. ყველა გოგონას, თავისი დაქალისგან ან დაქალის დაქალისგან მოუსმენია, ვინ როგორ „დაკარგა ქალიშვილობა’’, ვის რამდენი სისხლი წამოუვიდა და ვის როგორ ეტკინა. არც ერთი ეს ისტორია ერთმანეთს არ ემთხვევა, რადგან ყველა ქალს სხვადასხვა ზომის აპკი აქვს. ისტორიების მოსმენისას იბნევი და წარმოდგენა არ გაქვს, როგორ ხდება ეს ყველაფერი, გგონია, რომ აპკი მთლიანად ფარავს ვაგინალურ ხვრელს, ვერ ხვდები, ციკლი საიდან მოდის, თუ არა აპკიდან. აპკი ფარავს ვაგინალური ხვრელის ნახევარს, (ყველას ინდივიდუალური მემბრანა აქვს) ზოგჯერ მეტს, ზოგჯერ ნაკლებს. ასევე, არსებობს ანომალიები, როდესაც აპკს აქვს 2 ნახვრეტი ან ის ზედმეტად ვიწროა, ამ შემთხვევაში საჭიროა ქირურგიული ჩარევა. იმისათვის, რომ ყველაფერმა უმტკივნეულოდ ჩაიაროს, საჭიროა გამოიყოს საკმარისი ბუნებრივი ლუბრიკანტი, მაგრამ სასურველია დამატებითი ხელოვნური ლუბრიკანტის მოხმარება, რომელიც ყველა აფთიაქში მოიძებნება. არ არის საჭირო აპკის „ჩახევა’’ რადგან ის საკმაოდ ელასტიურია. სასურველია სექსუალურ დებიუტამდე 2 კვირით ადრე მასტურბირება, რათა აპკი კარგად გაიწელოს და ტკივილიც უმნიშვნელო იყოს. პაუზის შემდეგ, აპკი ისევ პირველად ფორმაში დგება. ასე რომ, რეალურად, არაფერს ვკარგავთ, არაფერია მტკივნეული და სწორად მოქცევის შემთხვევაში, არაფერი არ იხევა. ბავშვის გაჩენის შემდეგაც კი, საშო გარკვეული დროის შემდგომ უბრუნდება თავის პირვანდელ სახეს.
რატომ არის საჭირო ამ თემებზე საუბარი? სექსუალობისა და სექსის შესახებ საზოგადოებაში არსებული ცოდნა ფრაგმენტული და ხშირ შემთხვევაში, არავალიდურია. ქალწულობა/ქალიშვილობა არსებობს მხოლოდ სოციალურ/კულტურულ განზომილებაში, რადგან ამ კონსტრუქტს არ გააჩნია არავითარი სამედიცინო მნიშვნელობა. ეს კულტურული კონსტრუქცია ქალების წინააღმდეგ მიმართულ რეპრესიულ იარაღად იქცა. ჩენს ქვეყანაში გაბატონებული მორალური უმრავლესობა ორიენტირებულია ქალის სექსუალობის დათრგუნვის და კონტროლისკენ, ხოლო მეორე, „პროგრესული’’ ნაწილი ქალის სექსუალურ გათავისუფლებას მისთვის ჭარბი სექსის, ბევრი პარტნიორისა და „ჯანსაღი სექსუალური ცხოვრების’’ მოთხოვნაში ხედავს. რეალურად, არც ერთი იდეოლოგიური პროექტი არ ზრუნავს ქალის გათავისუფლებაზე, მისთვის ცოდნის მინიჭების გზით. ჩვენი მწყობრი და მეცნიერულ ცოდნაზე დაფუძნებული აზროვნება დაიწყება მაშინ, როდესაც ფემინისტური პოლიტიკის დღის წესრიგში განათლების ისეთი რეფორმის მოთხოვნა დადგება, რომელიც მსგავსი ცოდნის დისტრიბუციას შეძლებს, გოგონებს თავს არ მოახვევს რომელიმე კლიშეს და არ განუსაზღვრავს ქალს დარჩეს ,,ქალიშვილად’’ თუ ჰყავდეს მრავალი სექსუალური პარტნიორი, არამედ მისცემს მას საჭირო ცოდნას საკუთარი სექსუალური ცხოვრების მისი სურვილისამებრ წარმართვის უზრუნველსაყოფად.
ავტორი: ნინკა ხაინდრავა