XI თავი

თუ თქვენ არ ეთანხმებით სქესობრივი აქტის ქონას და ვიღაც გაიძულებთ რაიმეს გაკეთებას, ეს სექსუალური თავდასხმა, შევიწროება და/ან გაუპატიურებაა. თუ ვინმე ასე გავნებთ, ეს არასდროს არის თქვენი ბრალი.

11.1 უფრო ვრცლად: რა არის სექსუალური თავდასხმა, შევიწროება და გაუპატიურება?

სექსუალური თავდასხმა, ან შევიწროება ნიშნავს ნებისმიერ არასასურველ სექსუალურ კონტაქტს. ანუ, როდესაც ვინმე იყენებს ძალას, ან წნეხს (ფიზიკურს ან ემოციურს) თქვენგან რაიმე სექსუალურის მისაღებად. გაუპატიურება ეწოდება აქტს, როდესაც ვიღაც გაიძულებთ სექსის ქონას.

ყველა ქვეყანა ,,გაუპატიურებას”, ,,სექსუალურ თავდასხმას” და ,,სექსუალურ შევიწროებას” სხვადასხვაგვარად განმარტავს. გაუპატიურება ჩვეულებრივ ნიშნავს ვაგინალური, ანალური, ან ორალური პენეტრაციის დაძალებას სხეულის ნაწილით, ან საგნით. აქ მოყვანილია სექსუალური შევიწროების, ან თავდასხმის მაგალითები:

  • ვიღაც ეხება თქვენს მკერდს, უკანალს, ან ინტიმურ ადგილებს, თქვენი თანხმობის გარეშე.
  • ვიღაც განახებთ საკუთარ გენიტალიებს,  ან გაიძულებთ შეეხოთ მას თქვენი თანხმობის გარეშე.
  • ვიღაც თავის  გენიტალიებს  გიხახუნებთ თქვენი თანხმობის გარეშე (ეს ხშირად ხდება ხალხმრავალ ადგილებში, მაგალითად მეტროებსა და ავტობუსებში).
  • ვიღაც გაიძულებთ, აკოცოთ.
  • ვიღაც გიჭერთ და გკოცნით, გეხებათ და გეხახუნებათ თქვენი თანხმობის გარეშე.
  • ვიღაც უკანალზე გირტყამთ თქვენი თანხმობის გარეშე.

არ აქვს მნიშვნელობა იმას, რომ ასეთი პიროვნება თქვენი ოჯახის წევრია, მეგობარი ან ვინმე, ვისაც ხვდებით – ეს მაინც არასწორია. ყველას აქვს უფლება გადაწყვიტოს რა მოხდება მის სხეულზე. თუ ადამიანი, რომელსაც ხვდებით, არ სცემს პატივს თქვენს საზღვრებს, შესაძლოა არაჯანსაღ, ან ძალადობრივ ურთიერთობაში იმყოფებოდეთ. თუ რომელიმე თქვენი მასწავლებელთაგანი, ოჯახის წევრი, უფროსი სამსახურში, ან ვინმე თქვენზე უფროსი პირი რაიმე სექსუალურს ცდილობს თქვენთან, ეს სექსუალური შევიწროებაა – მიუხედავად იმისა, ეთანხმებით თუ არა მას. თუ მასწავლებელი, ან ვინმე უფროსი პირი თქვენს ცხოვრებაში ცდილობს შეგეხოთ, გაკოცოთ, ან გთხოვთ რაიმე სექსუალური აქტის განხორციელებას მათთვის, რაც შეიძლება სწრაფად უამბეთ ისეთ უფროს ადამიანს, რომელსაც ენდობით. ხშირად, მოძალადეები თავს ისე გაგრძნობინებენ, რომ სხვასთან მოყოლით, ან იმის არ გაკეთებით რასაც გეტყვიან, დიდი პრობლემები შეგექმნებათ. მაგრამ რასაც ისინი აკეთებენ არ არის ნორმალური და არ აქვს მნიშვნელობა, რა თქვით, ან გააკეთეთ, ეს 100%-ით მათი დანაშაულია და არა თქვენი.

გაუპატიურების, სექსუალური შევიწროების, ან თავდასხმის ფაქტის წინაშე ყველა შეიძლება დადგეს, არ აქვს მნიშვნელობა თქვენს ასაკს, რასას, გენდერს,ან სექსუალურ ორიენტაციას. ზოგიერთ ადამიანს სჯერა, რომ ეს მხოლოდ გოგონებთან ხდება, მაგრამ ეს არაა მართალი. მიუხედავად იმისა, რომ სექსუალური თავდასხმის მსხვერპლთა უმრავლესობა ქალია, ყოველი ხუთიდან ერთი მამაკაცია.

რა უნდა გააკეთო, თუ ვინმემ სექსუალურად შეგავიწროვა, თავს დაგესხა, ან გაგაუპატიურა?

თუ თქვენ გამოგიცდიათ სექსუალური თავდასხმა, შევიწროება ან გაუპატიურება, ალბათ თავს შოკირებულად, შეშინებულად გრძნობთ და ზუსტად არ იცით, რა გააკეთოთ შემდგომში.

ესაა ის რჩევები, რომელიც რაც შეიძლება სწრაფად უნდა გაითვალისწინოთ:

  • რაც შეიძლება სწრაფად წადით უსაფრთხო ადგილზე. თქვენი უსაფრთხოება მნიშვნელოვანია. იმის მიხედვით, თუ სად ხართ, შესაძლოა წახვიდეთ ისეთ ადგილზე, სადაც ბევრი ხალხია, ან იპოვოთ ვინმე, ვინც დაგეხმარებათ.
  • როდესაც უსაფრთხო ადგილზე მოხვდებით, არაფერი არ შეცვალოთ თქვენს სხეულზე. არ არის აუცილებელი დაუფიქრებლად გადაწყვიტოთ, რომ დაელაპარაკოთ პოლიციას, ან შეიტანოთ სარჩელი. მაგრამ თუ გადაწყვეტთ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პოლიციას ჰქონდეს მტკიცებულება, რომელიც შესაძლოა თქვენს სხეულზე იყოს. ამიტომაც, არ მიიღოთ შხაპი,  ან არ გაიწმინდოთ თქვენი სხეული. ასევე, თუ შესაძლებელია, არ ისარგებლოთ ტუალეტით, არ დაივარცხნოთ თმები, არ ჭამოთ, მოწიოთ, ან დალიოთ, ან მიიღოთ რაიმე სახის წამალი. თუ ტანსაცმელს გამოიცვლით, თავდასხმის დროს ნაცვამი ტანსაცმელი წაიღეთ კლინიკაში ან პოლიციის დეპარტამენტში ქაღალდის პარკით.
  • მომხდარის შესახებ უამბეთ მშობელს, მეურვეს ან ვინმე უფროს პირს ვისაც ენდობით. ისინი დაგეხმარებიან იმის გარკვევაში, თუ რა უნდა გააკეთოთ შემდგომ, რაც შეიძლება მოიცავდეს ექიმის ან ექთნის კონსულტაციას შემოწმებისთვის ან პოლიციაში დარეკვას.
  • მოინახულეთ ექიმი ან ექთანი. სამედიცინო დახმარება ძალიან მნიშვნელოვანია სექსუალური თავდასხმის შემდგომ. მიმართეთ სასწრაფო დახმარების ოთახს.

ექიმებმა და ექთნებმა ხშირ შემთხვევაში იციან, თუ როგორ უნდა იზრუნონ თქვენზე. ისინი:

1. შეგამოწმებენ იმის გასაგებად, თუ რა ზიანი გაქვთ მიყენებული

2. უზრუნველგყოფენ ისეთი სამედიცინო დახმარებით, როგორიცაა სასწრაფო კონტრაცეფცია (თუ არის ორსულობის რისკი), ტესტი სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებზე და წამალი, რომელიც დაგიცავთ აივ-ინფექციისგან

3. შეაგროვებენ სამხილებს, რათა შემდგომში მოგეცეთ სარჩელის შეტანის შესაძლებლობა. სამხილი შეიძლება მოიცავდეს სპერმას, თმას ან თავდამსხმელის კანის უჯრედებს.

  • გადაწყვიტეთ, გსურთ თუ არა დალაპარაკება პოლიციასთან. სექსუალური თავდასხმა კრიმინალია და თქვენ გაქვთ უფლება განაცხადოთ პოლიციაში, თუ ეს გსურთ. თქვენ შეგიძლიათ თავად დაურეკოთ მათ, ან მშობელს, მეურვეს და სანდო პირს სთხოვოთ ამის გაკეთება. პოლიცია დაგისვამთ კითხვებს და ასევე, გაგესაუბრებათ, გსურთ თუ არა სარჩელის შეტანა. თუ პოლიციასთან საუბარს გადაწყვეტთ, შესაძლოა გინდოდეთ გვერდით გყავდეთ ვინმე, ვინც მხარს დაგიჭერთ. თუ პოლიციის ოფიცერი გთხოვთ მარტო საუბარს, შეგიძლიათ არ გააკეთოთ ეს, თუ არ გინდათ. შეგიძლიათ გვერდით გყავდეთ ოჯახის წევრი, მეგობარი, ან ადვოკატი.
  • დაიმახსოვრეთ, რომ რაც მოხდა თქვენი ბრალი არაა. ზოგჯერ ადამიანები ფიქრობენ, რომ თუ თავდამსხმელი მეგობარი, ოჯახის წევრი, ან შეყვარებული იყო, მაშინ ეს ფაქტი თავიანთი ბრალია. თუმცა ეს ასე არაა. თუნდაც თქვენ დაგეწყოთ რაიმე სექსუალური აქტივობა ამ პიროვნებასთან და არ გინდოდათ გაგრძელება, თუმცა მან მაინც დაგაძალათ, ეს თქვენი ბრალი არ არის. ის, თუ როგორ გეცვათ, სვამდით, ან იქცეოდით, ამ ფაქტს თქვენს დანაშაულად არ აქცევს. თქვენ არ გითხოვიათ ამის გაკეთება და არ იმსახურებდით.

სექსუალური თავდასხმის შემდგომ, შესაძლოა, დიდი დრო დაგჭირდეთ იმისთვის, რომ თავი უსაფრთხოდ იგრძნოთ. თერაპევტთან საუბარი, რომელმაც იცის, თუ როგორ იმუშაოს სექსუალური თავდასხმის, შევიწროების ან გაუპატიურების მსხვერპლებთან შესაძლოა დიდად დაგეხმაროთ.  ასევე  ეხმარება  იმ ადამიანებთან კონტაქტი, რომლებსაც იგივე გამოუცდიათ.

11.2 როგორ დავეხმარო მეგობარს, რომელიც სექსუალური თავდასხმის მსხვერპლია?

ყველაზე დიდი დახმარება მის გვერდით ყოფნა იქნება. აქ ჩამოთვლილია მარტივი რაღაცეები, რაც უნდა გააკეთოთ ან არ უნდა გააკეთოთ, თუ თქვენი მეგობარი გააუპატიურეს, შეავიწროვეს, ან თავს დაესხნენ.

რა უნდა გააკეთოთ:

  • მოუსმინეთ მათ ისტორიას და დაიჯერეთ მისი მონაყოლი.
  • უთხარით, რომ რაც მოხდა მისი ბრალი არაა.
  • დაარწმუნეთ ისინი, დაელაპარაკონ სანდო უფროს პირს.
  • შესთავაზეთ გაყოლა დახმარების მისაღებად.

რა არ უნდა გააკეთოთ:

  • არ უთხრათ მათ, რომ შეეძლოთ ფაქტის თავიდან არიდება.
  • არ  მოუყვეთ ეს ამბავი სხვებს, თუ  თავად მსხვერპლი არ გთხოვთ.
  • არ აიძულოთ პოლიციასთან დალაპარაკება
  • არ დაემუქროთ თავდამსხმელზე შურისძიებით.

ნებისმიერი სახის სექსუალურ ძალადობასთან გამკლავება, დროის საკითხია. შესაძლოა პიროვნებამ სწრაფადვე ვერ გაანალიზოს, რომ თავდასხმის/ შევიწროების/გაუპატიურების მსხვერპლია.

ასევე მნიშვნელოვანია თქვენს თავზე ზრუნვაც, როდესაც ცდილობთ მეგობრის გვერდში დგომას. საყვარელ ადამიანზე სექსუალური ძალადობის ფაქტის გაგება, მიუხედავად იმისა, რომ ეს თქვენ არ გადაგხდენიათ, შესაძლოა, ძალიან საწყენი იყოს.

ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის სახელმწიფო ცხელი ხაზი: 116 006

მთარგმნელი : ანო გულიშვილი

© Planned Parenthood Federation of America Inc. 

კრებულის სხვა თავების სანახავად გადადით საიტის განყოფილებაში “ყველაფერი შენი სხეულის შესახებ”.