სექსუალური შევიწროება საჯარო სივრცეში:

საქართველო და ევროპული ქვეყნების გამოცდილება


ავტორი: ეკა დარბაიძე; პოლიტიკის მეცნიერების დოქტორი.

მიუხედავად იმისა, რომ ოცდამეერთე საუკუნეში გვიწევს ცხოვრება, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიების, განვითარებისა და სოციალური წინსვლის ერადაა მიჩნეული, სამწუხაროდ კვლავ აქტუალური რჩება ისეთ საკითხებზე მსჯელობა და მათი გადაჭრის გზების ძიებაზე ფიქრი, როგორიც  სექსუალური შევიწროებაა.

მაინც რა არის „სექსუალური შევიწროება“? სექსუალური შევიწროება ეს არის ქალთა დისკრიმინაციის ერთ-ერთი ყველაზე დაფარული ფორმა, რომელიც ქალებს მამაკაცებთან შედარებით დაქვემდებარებულ მდგომარეობაში ამყოფებს, ლახავს მათ ღირსებას, ხელს უშლის მათი პოტენციალის სრულ განვითარებას და შრომითი ურთიერთობების შენარჩუნებას. სამწუხაროდ ყოველდღიურად მსოფლიოში ქალთა დიდი ნაწილი სექსუალურ ძალადობას განიცდის დაწყებული შედარებითი „მსუბუქი“ ფორმით, დამთავრებული ისეთი მძიმე ფორმებით, რასაც გაუპატიურება და ფემიციდი ჰქვია. სექსუალური შევიწროება სამუშაო ადგილებსა და ქუჩაში, დისკრიმინაციის რთულად იდენტიფიცირებად და ნაკლებად ხილულ ფორმას წარმოადგენს.

მიუხედავად იმისა, რომ სექსუალური შევიწროება  ნეიტრალური ტერმინია, იგი  ქართულ სივრცეში ძირითადად ქალებს ეხებათ, რადგან უმეტეს შემთხვევაში ქალები ხდებიან სექსუალური შევიწროების მსხვერპლნი. საჯარო სივრცეში სექსუალური შევიწროების უჩინარ დისკრიმინაციად მიჩნევა რამდენიმე ფაქტორით არის განპირობებული. ერთის მხრივ, იგი სექსუალური ძალადობის ნაკლებად მნიშვნელოვან ფორმად აღიქმება, ხოლო მეორეს მხრივ კი მისი იდენტიფიცირება ხშირ შემთხვევაში რთულია, რადგანაც იგი პატრიარქალურ საზოგადოებაში კაცების ნორმალურ ქმედებად და მასკულინობის ნორმად აღიქმებასექსუალური შევიწროების ფორმებს, რომელსაც ყველაზე ხშირად ვაწყდებით დღეს საქართველოში წარმოადგენს:

  • არასასურველი შეხება
  • შემაფასებელი კომენტარები
  • სექსუალური კომენტარები
  • დასტვენა ან დასიგნალება
  • უარის მიუხედავად სახელის ან/და საკონტაქტო ინფორმაციის დაჟინებული მოთხოვნა
  • სექსუალური ძალადობა

გაეროს ქალთა მიმართ ყველა ფორმის დისკრიმინაციის აღმოფხვრის შესახებ კონვენციის (CEDAW) მესამე თავის მე-11 მუხლის მიხედვით, სექსუალური შევიწროება წარმოადგენს გენდერული ნიშნით ძალადობის ფორმას და მოიცავს სექსუალური ხასიათის ქცევას, განურჩევლად იმისა, ვერბალური იქნება ეს თუ არა. მონაწილე სახელმწიფოები  ვალდებულნი არიან სამუშაო ადგილზე ქალთა დისკრიმინაციის შემთხვევები აღკვეთონ. პეკინის დეკლარაციაც სექსუალურ შევიწროებას ძალადობის ერთ-ერთ ფორმად განიხილავს და გაეროს წევრ ქვეყნებს მოუწოდებს, გაატარონ შესაბამისი პოლიტიკა მის აღმოსაფხვრელად. რაც შეეხება ევროკავშირის სამართალს, 1976 წლის დირექტივაში 2002 წელს შევიდა ცვლილება თანასწორი მოპყრობის შესახებ, სადაც აღნიშნულია, რომ “სექსუალური შევიწროება წარმოადგენს სქესის ნიშნით დისკრიმინაციას და შესაბამისად, უნდა იქნას აკრძალული. აღნიშნული კანონის მე-2 მუხლი განმარტავს სექსუალურ შევიწროებას, როგორც „სექსუალური ხასიათის არასასურველ, სიტყვიერ, არასიტყვიერ და ფიზიკურ ქცევას, რომლის მიზანია ან იწვევს პირის ღირსების შელახვას ან დამაკნინებელი, მტრული, დამამცირებელი ან შეურაცმყოფელი გარემოს შექმნას (Council Directive 2002/73/EC, Art.2).

სექსუალური შევიწროების საკითხი აღნიშნულია შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კონვენციაშიც და უფრო მეტიც, 2018 წლისთვის დაგეგმილ საერთაშორისო კონფერენციაზე შევიწროების თემა ფართოდ  იქნება განხილული და მიღების შემთხვევაში, ხელმომწერი სახელმწიფოები ვალდებულნი იქნებიან სამუშაო ადგილებზე სექსუალური შევიწროების ფაქტები აღმოფხვრან.

მკვლევარები განასხვავებენ სამი სახის სექსუალურ შევიწროებას:

  • სექსუალური შევიწროების ფიზიკური ფორმები, რომელიც შეიძლება მოიცავდეს არასასურველ შეხებას, მოხვევას, კოცნას, ჩახუტებას და ა.შ
  • შევიწროების ვერბალური ფორმები, რომელიც მოიცავს სქესობრივი ხასიათის ხუმრობებს, კომენტარებს, მუქარას და კითხვებს გარეგნობასთან, ცხოვრების სტილთან ან ორიენტაციასთან დაკავშირებით
  • შევიწროების არავერბალური ფორმები,  იგი გულისხმობს მიშტერებას, დაჟინებით ყურებას. შევიწროების არავერბალური ფორმა იგივე კიბერშევიწროებაც არის და გულისხმობს სექსუალური ხასიათის შეურაცხმყოფელ  შეტყობინებების, ფოტოების, საჩუქრების გაგზავნას ან ჩვენებას ელექტრონულ სივრცეში.

საინტერესო რა მდგომარეობაა აღნიშნული პრობლემის კუთხით ევროპულ სახელმწიფოებში, როგორია სექსუალურ შევიწროებასთან ბრძოლის საკანონმდებლო ბაზა და დანაშაულის სტატისტიკა, როგორია შევიწროების წინააღმდეგ ამ ქვეყნების ბრძოლის სახელმწიფო სტრატეგია.

სექსუალური შევიწროება მთელს მსოფლიოში დისკრიმინაციის გავრცელებულ ერთ-ერთ ფარულ ფორმას წარმოადგენს და მას ქვეყნები სხვადასხვა მეთოდებით ებრძვიან. კვლევების მიხედვით, ევროკავშირის ქვეყნებში ქალთა 40-50% ყოველდღიურად სამუშაო ადგილებზე სხვადასხვა ფორმით სექსუალურ შევიწროვებას განიცდის. ფუნდამენტურ უფლებათა სააგენტოს (FRA) მიერ ევროკავშირის ქვეყნებში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ფიზიკური სექსუალური შევიწროება (ნებისმიერ სიტუაციაში და არა მხოლოდ სამუშაო ადგილზე) ყველაზე გავრცელებულ ფორმას წარმოადგენს, რომლის შემდგომ მოდის სიტყვიერი, ხოლო ბოლოს კი არავერბალური სექსუალური შევიწროება:

  • ფიზიკური სექსუალური შევიწროება: ქალების 29%-ს ევროკავშირში გამოცდილი აქვს არასასურველი შეხება, მოხვევა ან კოცნა.
  • სიტყვიერი სექსუალური შევიწროება: ქალების 24%-ის მიმართ ადგილი ჰქონდა სექსუალური ხასიათის კომენტარებს ან შეურაცხმყოფელ ხუმრობებს.
  • სექსუალური შევიწროების არავერბალური ფორმები (მათ შორის კიბერშევიწროება): ქალების 11%-ს მიღებული აქვს არასასურველი ან შეურაცხმყოფელი სექსუალური ხასიათის ელექტრონული წერილები, მოკლე ტექსტური შეტყობინებები ან შეურაცხმყოფელი, შეუფერებელი წინადადებები სოციალური ქსელებით.

2015 წლის მარტში გერმანიის ანტი-დისკრიმინაციულმა სამსახურმა წარმოადგინა საინტერესო კვლევა, რომლის თანახმად აღმოჩნდა, რომ გერმანიაში რესპოდენტთა ნახევარზე მეტი განიცდიდა სექსუალურ ძალადობას დასაქმების ადგილზე და მათგან მხოლოდ 19%-ი ფლობდა ინფორმაციას საკუთარ უფლებათა შესახებ, მათ შორის 18% იყო ქალი, ხოლო 2% კი მამაკაცი. (Sexual Harassment Rife in Workpaleces: Report. 3 Marc, 2015. The Local.de). გერმანული კანონმდებლობის მიხედვით, სექსუალური შევიწროების ან ძალადობის მსხვერპლს თავდაცვის უფლება აქვს მხოლოდ მაშინ, როდესაც უშუალოდ ხდება შევიწროება, ხოლო თუ არასასურველი ქმედება დამთავრდა და მსხვერპლმა შემდგომ განახორციელა თავდაცვა, აღნიშნულ ქმედებაში მსხვერპლი შესაძლოა თავად იქნეს დამნაშავედ მიჩნეული და ვალდებული აღმოჩნდეს პასუხი აგოს კანონის წინაშე.

საფრანგეთში სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადია მორალური და სექსუალური შევიწრoება და 15 000 ევრომდე ჯარიმას, ან ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთს ითვალისწინებს, ხოლო დანაშაულის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას, ან 30 000 ევრომდე ჯარიმას. (სისხლის სამართლის კოდექსი 222-33-ე მუხლი). უნდა აღინიშნოს, რომ ასეთ შემთხვევაში ხშირად სექსუალურ შევიწროებად განიხილება მაღალი რანგის თანამდებობის პირების მიერ ჩადენილი დისკრიმინაციული აქტი (მაგ. სამუშაო ადგილზე), ამავდროულად არსებობს მორალური შევიწროება, რაც გულისხმობს განმეორებად ქმედებას, რომელიც მოქმედებს ადამიანის მენტალურ და ფიზიკურ მდგომარეობაზე და იწვევს მის დეგრადირებას, და შესაბამისად ორივე მათგანი ისჯება კანონით. საინტერესოა, რომ 2016 წლის მაისში რიგით უკვე მეჩვიდმეტე მინისტრმა ქალმა გააკეთა განცხადება საფრანგეთის მინისტრთა კაბინეტიდან, პოლიტიკაში არსებულ სექსუალურ შევიწორებასთან დაკავშირებით და მის მიერ გაკეთებულ განცხადებას ყოფილმა თექვსმეტმა მინისტრმა ქალმა მოაწერა ხელი. ეს იყო ქრისტინე ლაგარდე, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ამჟამინდელი ხელმძღვანელი და საფრანგეთის ყოფილი ფინანსთა მინისტრი. (Face au sexism, 17 ex-ministres lancent un appel: “Nous ne nous tairons plus”, Europe 1. 14 mai 2016)).

დიდი ბრიტანეთში სექსუალურ შევიწროება რეგულირდება სექსუალური დანაშაულების შესახებ 2003 წლისსექსუალური ძალადობის(Sexual Offences Act, 2003) აქტით, რომელიც სხვა კანონებთან შედარებით, უკეთ ასახავს საჯარო სივრცეში შევიწროების შინაარსს. ბრიტანული კანონმდებლობით სექსუალური შევიწროების ელემენტებად მოიაზრება:

  • ქმედება, როდესაც ადამიანი განზრახ ეხება მეორე ადამიანს
  • თუ შეხება არის სექსუალური ხასიათის
  • ადამიანი, რომელსაც ეხებიან, არ უნდა იძლეოდეს თანხმობას (როდესაც აღნიშნული ქმედება ხორციელდება მისი ნების საწინააღმდეგოდ)

დიდ ბრიტანეთში 2016 წელს პროფესიული კავშირის კონგრესისა და ყოვედღიური სექსიზმის პროექტის ფარგლებში ჩატარებულმა კვლევებმა ცხადყო, რომ ქალების ნახევარზე მეტი (52%) განიცდის სექსუალურ შევიწროებას სამუშაო ადგილზე. რაც გულისხმობს როგორც ფიზიკურ ურთიერთობას, ასევე არასასურველ რეპლიკებს და სხვა მსგავსი ტიპის ქმედებებს. ასაკის დაკონკრეტებასთან ერთად ამ ტიპის ქმედების პროცენტული მაჩვენებელი კიდევ უფრო ზევით იწევს, რადგან 16-24 წლის ასაკთა ჯგუფის გამოკითხვის შედეგად, რესპოდენტთა 63% აფიქსირებს რომ გამხდარა სექსუალური შევიწროების მსხვერპლი (Half of Women in UK have Been Sexually Harassed at Work, Study Finds, The Guardian, 10 August, 2016). მიუხედავად იმისა, რომ კანონით მკაფიოდ არის განსაზღვრული ის ფაქტი, რომ სექსუალური შევიწროება დისკრიმინაციაა და იგი არის დასჯადი, ბრიტანელი ქალბატონები საუბრობენ, რომ სახელმწიფოს მხრიდან არ ხდება კანონის მთელი ძალით გამოყენება და პოტენციური და მსგავსი ქმედების ჩამდენი პირები, დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში ვერ გრძნობენ საფრთხეს. აღნიშნულ საკითხს ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურა დიდი ბრიტანეთის მთავრობა, სადაც აღნიშნული იყო, რომ  სექსუალური შევიწროება არის დასჯადი ქმედება და ასეთ შემთხვევაში მსხვერპლმა დაუყონებლივ უნდა მიმართოს შესაბამისს ორგანოებს, რათა მოხდეს დანაშაულზე დროული რეაგირება, რომ სექსუალური შევიწროების ნებისმიერი მსხვერპლი დიდ ბრიტანეთში არის დაცული თანასწორობის აქტით და მოძალადე აუცილებლად დაიჯება კანონის მთელი სიმკაცრით.

საინტერესოა შვეიცარიის შემთხვევა სექსუალურ შევიწროებასთან ბრძოლის კუთხით, აღსანიშნავია, რომ შვეიცარიის კონფედერაციის კონსტიტუციაში 1981 წელს შევიდა სექსუალური შევიწროების განმარტება, რომელშიც აღნიშნული იქნა, რომ სექსუალური შევიწროების მსხვერპლი შესაძლოა გახდეს როგორც ქალი, ასევე მამაკაცი. (შვეიცარიის კონსტიტუციის მე-4 მუხლი). სექსუალურ შევიწროებას ქვეყანაში არეგულირებს, არა მარტო ქვეყნის უმაღლესი კანონი, არამედ არაერთი სამართლებრივი აქტი, რომლებშიც საუბარია როგორც აღნიშნული დანაშაულის ფორმებზე და მათ სიმძიმეზე, ასევე მსხვერპლის მიერ სარჩელის შეტანის პროცედურებზე. 1990-იანი წლებიდან  მოყოლებული შვეიცარიაში რიგი ღონისძიებები იქნა გატარებული ქვეყნის ხელისუფლების მიერ სექსუალური ძალადობის პრევენციის კუთხით. საინტერესოა, რომ შვეიცარიაში კომპანიის ხელმძღვანელები ხელს აწერენ  დეკლარაციას და პირობას დებენ, რომ მათ დაწესებულებაში, სამუშაო ადგილებზე ადგილი არ ექნება სექსუალური შევიწროების შემთხვევას, და რომ ასეთ შემთხვევათა გამოვლენის შემთხვევაში მსხვერპლი მიიღებს მხარდაჭერასა და დამნაშავის მიმართ გატარებული სანქციები იქნება ძალიან მკაცრი. ქვეყანაში ფუნქციონირებს უამრავი ცენტრი, სადაც დახმარების მიღება შეუძლიათ დაზარალებულებს. ასეთი ცენტრებია მაგალითად: ადგილობრივი და რეგიონული მომსახურების ცენტრები, თანასწორობის ოფისები, დასაქმებულ ქალთა დახმარების საკონსულტაციო ცენტრები, შერიგებისა და დახმარების კანტონალური ბიუროები. არსებობს ასევე სექსუალური ძალადობის შემთხვევაში მსხვერპლის დასახმარებლად განკუთვნილი ისეთი ინტერნეტ საიტები, როგორიცაა www.harcelementsexuel.ch და ასევე 24 საათიანი ინტერაქტიული საინტი Non ce non.ch-ი.

აშშ-ში სექსუალურ შევიწროებაზე ღიად საუბარი ჯერ კიდევ  1979 წელს დაიწყო, თუმცა სამუშაო ადგილზე მტრული გარემოს შექმნაში დამნაშავეთათვის 1991 წლამდე მხოლოდ ფინანსური სანქციები არსებობდა, თუმცა ამავე წელს დადგინდა, რომ სტანდარტები შემუშავებული უნდა ყოფილიყო არა მოძალადის, არამედ მსხვერპლის პერსპექტივიდან. დღესდღეობით ამერიკის შეერთებულ შტატებში სექსუალური შევიწროება რეგულირდება 1984 დისკრიმინაციის აქტით და განიმარტება, როგორც არასასურველი სექსუალური შეთავაზება და ან სექსუალური ხასიათის ქმედების არასასურველი მოთხოვნა ისეთ გარემოებებში, რომელშიც ჩვეულებრივ გონიერი ადამიანი თავს იგრძნობდა შეურაცყოფილად ან შეშინებულად (თავი 28A).(Weizer. P. 2002, Sexual Harassment). საჯარო სივრცეში სექსუალური შევიწროებას ამერიკაში  მისი გამოვლენის ფორმის მიხედვით ყოფენ და თითოეულ მათგანს სხვადასხვა ანდა რამდენიმე კანონი არეგულირებს სხვადასხვა შტატში. ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლების ძალისხმევის მიუხედავად, ბოლო დროინდელი კვლევები ცხადყოფს, რომ სექსუალური შევიწროების ფაქტები ამერიკაში კვლავაც ხშირია, განსაკუთრებით შავკანიანი მოსახლეობის მიმართულებით.

სექსუალურ შევიწროებასთან, როგორც გენდერული ნიშნით ძალადობის ერთ-ერთ დანაშაულთან ბრძოლის კუთხით არანაკლებ საინტერესოა ბელგიის შემთხვევა. კერძოდ, 2014 წლის 21 მაისს, თანაბარი შესაძლებლობების ფედერალური მინისტრის ინიციატივით, მთავრობამ მნიშვნელოვანი ცვლილებები განახორციელა 2007 წლის „დისკრიმინაციის აღმოფხვრის შესახებ კანონში“ და სქესის ნიშნით დისკრიმინაცია სისხლის სამართლის კანონით დასჯად დანაშაულად გამოაცხადა. აღნიშნული ინიციატივა უკავშირდება ბელგიის ქალაქ ბრიუსელში მცხოვრებ სტუდენტ გოგონა სოფი პიტერსის მიერ გადაღებულ ვიდეოს, სახელწოდებით Femme de la Rue (ქალი ქუჩიდან), რომელმაც ფარული კამერის საშუალებით შეეძლო დაეფიქსირებინა და გაესაჯაროებინა ბრიუსელის ქუჩებში კაცების მიერ ქალთა შევიწროების ფაქტები. აღნიშნული კანონის მიღებას გარკვეული კრიტიკა მოჰყვა საზოგადოების გარკვეული ნაწილის მხრიდან, მათ შორის, ქუჩაში შევიწროების წინააღმდეგ მიმართული ცნობილი მოძრაობა ”Hollaback”-ის მხრიდან, რომლებიც კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდნენ ქუჩაში შევიწროების სისხლის სამართლებრივ დანაშაულად განსაზღვრას და აღნიშნულ ქმედებას მრავალმხრივი მიზეზით ხსნიდნენ. მათი აზრით, ყველა ვიდეო, რომელშიც ქუჩაში გადაღებული სექსუალური შევიწროება იყო ასახული წარმოადგენდა „ერთეულ“, პერსონალურ ისტორიას და კანონის ამ სახით მიღება და მოვლენების ამგვარი განვითარება ხელს შეუწყობდა ახალი სტერეოტიპების ჩამოყალიბებას საზოგადოებაში. საინტერესოა ის ფაქტი, რომ აღნიშნულ ვიდეოში  ასახული ქუჩაში განხორციელებული სექსუალური შევიწროების დროს, ხშირ შემთხვევაში ფერადკანიანი მამაკაცები ფიგურირებდნენ, და შესაბამისად, სტერეოტიპი, რომ ძირითადად ფერადკანიანი კაცები უფრო ხშირად ავიწროებენ ქალებს, კიდევ უფრო გამყარდებოდა ამგვარი ვიდეოების ჩვენების საფუძველზე. ამგვარად, ის მამაკაცები, რომლებიც ეთნოკულტურულ უმცირესობებთან ასოცირდებიან, შესაძლოა, ზეწოლის და კონტროლის ობიექტი გამხდარიყვნენ. მოძრაობა ”Hollaback”-ი ღრმად იყო დარწმუნებული, რომ მსგავსი საკანონმდებლო რეგულაციის მიღება ბელგიაში ხელს შეუწყობდა სექსიზმის რასიზმით ჩანაცვლებას. მიუხედავად საზოგადოების გაკვეული ნაწილის მძაფრი კრიტიკისა, ფაქტია, რომ ბელგიაში კანონი სექსიზმის წინააღმდეგ მაინც შევიდა ძალაში. ბელგიური კანონმდებლობით, სექსიზმის წინააღმდეგ ნორმის მიხედვით: „კანონის მიზნებისათვის, სექსიზმი არის ნებისმიერი ქმედება ან ქცევა [სისხლის სამართლის კოდექსის 444 მუხლში მითითებულ სიტუაციაში], რომელიც აშკარად მიზნად ისახავს პირის შეურაცხყოფას მისი სქესის გამო, ან იგივე მიზეზით განხორციელებული ქმედება პირის დამცირების მიზნით ან პირის მხოლოდ სქესობრივ განზომილებაში განხილვა ისე, რაც სერიოზულ ზიანს აყენებს პირის ღირსებას“ (Service Public Federal Interieur et Institut pour L’Egalite des Femmes et Des Hommes, Chapitre 2. Art 2.). აღნიშნულმა ახალმა კანონმა შემოიტანა სქესის ნიშნით შევიწროების დეფინიცია  და დაკონკრეტდა მისი საზღვრები „ე.წ საჯარო სივრცის საშუალებით“, რაც თავისთავად გულისხმობს როგორც ქუჩას, ასევე სხვა საჯარო სივრცეებს. ბელგიის ხელისუფლებამ სექსუალური შევიწროების ჩადენისათვის შემოიღო ჯარიმა 1000 ევროს ოდენობით ან თავისუფლების აღკვეთა ერთი თვიდან ერთ წლამდე.

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის განმარტებით, სექსუალური შევიწროების მსხვერპლისთვის მტრული სამუშაო გარემოს შექმნა გულისხმობს სექსუალური ხასიათის ან სქესზე მიმართულ ხუმრობებს, არასასურველ რეპლიკებს ან შეხებას, რომელიც ხელს უშლის ადამიანს სამუშაოს შესრულებაში. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ექპერტები სექსუალურ შევიწროებას განმარტავენ, როგორც: „ნებისმიერი შეუსაბამო შენიშვნას, ხუმრობას, პიროვნების ჩაცმულობაზე, გარეგნობაზე, ასაკზე, ოჯახურ სიტუაციაზე; ქედმაღლური ან პატერნალისტური დამოკიდებულებას, რომელიც ატარებს სექსუალურ ქვეტექსტს და ლახავს პიროვნების ღირსებას; ნებისმიერი არასასურველი  თხოვნა ან მიწვევა, იმპლიციტური თუ ექსპლიციტური, მიუხედავად იმისა, შეიცავს თუ არა მუქარას. ნებისმიერი სახის მზერას ან სხვა ჟესტიკულაციას, რომელიც ასოცირდება სექსუალობასთან და ნებისმიერი სახის არასასურველი ფიზიკური კონტაქტი, როგორიცაა შეხება, ჩქმეტა, მოფერება თუ თავდასხმა (შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია, N 111 კონვენცია, ჟენევა 1996).

განასხვავებენ სამუშაო ადგილზე განხორციელებული სექსუალური შევიწროების  ორ სახეს:

  1. Quid pro quo (მომსახურება მომსახურების სანაცვლოდ)

სექსუალური ხასიათის ფიზიკური, სიტყვიერი ან არავერბალური ქცევა, რომელიც მიზნად ისახავს ზემოქმედების მოხდენას ადამიანის სამსახურსა და კარიერულ წინსვლაზე.

  1. მსხვერპლისთვის მტრული, საშიში ან დამამცირებელი გარემოს შექმნა.

და მაინც მართლაც, რა განსხვავებაა საზოგადოებრივ თავშეყრის და სამუშაო ადგილებს შორის განხორციელებულ შევიწროვებას შორის? პასუხი საკმაოდ არასასიამოვნოა. საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში სექსუალურ შევიწროვებას შეიძლება ჰქოდეს ერთჯერადი ხასიათი, რომელიც დროში არ გრძელდება და სავარაუდოდ შემთხვევის ადგილზევე დასრულდება. ხოლო რაც შეეხება სამუშაო ადგილზე სექსუალურ შევიწროვებას, იგი შეიძლება იყოს გრძელვადიანი და მსხვერპლს ნაკლებად ჰქონდეს იმის საშუალება რომ თავიდან აიცილოს იგი.

შევიწროება ადამიანს ხელს უშლის განვითარებასა და სრულად რეალიზებაში, იგი ეწინააღმდეგება თანასწორობისა და დისკრიმინაციის აღმოფხვრასთან დაკავშირებით დადგენილ საკანონმდებლო და საერთაშორისო პრინციპებს. თუ შევიწროება სამუშაო ადგილზე ხორციელდება,  ადამიანს სქესის გამო სირთულეები ექმნება კარიერულ წინსვლასა და ისეთ სფეროებში დასაქმებაში, სადაც ძირითადად განსხვავებული სქესის ადამიანები არიან დასაქმებული.

რა მდგომარეობაა სექსუალურ შევიწროებასთან ბრძოლის სამართლებრივი კუთხით საქართველოში და არეგულირებს თუ არა აღნიშნულ დანაშაულს კანონი? სამწუხაროდ, სექსუალური შევიწროების რეგულირების კუთხით ჩვენს ქვეყანაში სრული საკანონმდებლო ვაკუმია. ქართული კანონმდებლობის არც ერთი ნორმატიული აქტი არ შეიცავს სექსუალური შევიწროების ცნებას და ბუნებრივია არც მის ფორმებს არ განიხილავს. საქართველოში სექსუალური შევიწროება წარმოადგენს ქალთა დისკრიმინაციის ერთ-ერთ ყველაზე დაფარულ ფორმას, რომელიც ქალებს დაქვემდებარებულ მდგომარეობაში აყენებს მამაკაცებთან შედარებით, ლახავს მათ ღირსებას, და ხელს უშლის შრომითი ურთიერთობების შენარჩუნებას და მათი პოტენციალის სრულ რეალიზებას. კანონი გენდერული თანასწორობის შესახებ“, რომელიც 2010 წელს იქნა მიღებული საქართველოს პარლამენტის მიერ  განმარტავს დასაქმების ადგილზე სექსუალურ შევიწროებას, თუმცა მას არ განსაზღვრავს, როგორც დასჯად ქმედებად. კანონში ვკითხულობთ, რომ „დაუშვებელია შრომით ურთიერთობებში სექსუალური ხასიათის ნებისმიერი არასასურველი სიტყვიერი, არასიტყვიერი ან ფიზიკური ქცევა, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს პირის ღირსების შელახვას ან მისთვის დამამცირებელი, მტრული ან შეურაცმყოფელი გარემოს შექმნას (საქართველოს კანონი გენდერული თანასწორობის შესახებ, მუხლი 6.1.(ბ). გარდა ამისა, არ არსებობს რაიმე სახის მექანიზმი/განყოფილება, რომელიც შეისწავლის სექსუალური ძალადობის შემთხვევებს. რეგულარული ადმინისტრაციული საჩივრები არ აძლევს მსხვერპლს კონფიდენციალურად დარჩენის საშუალებას. მსხვერპლს დამოუკიდებლად არ შეუძლია გამოიძიოს შემთხვევა, რადგან საზოგადოება დასაქმების ადგილზე და ასევე ზემდგომი პირები არ იჩენენ არანაირ სოლიდარობას მის მიმართ და პირიქით, ხშირ შემთხვევაში თავად მსხვერპლს ადანაშაულებენ აღნიშნული შემთხვევის პროვოცირებაში.

გასულ წელს, მომზადდა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც ნებისმიერი სახის სექსუალური შევიწროება, მათ შორის შრომითი ურთიერთობისას განხორციელებული, ადმინიტრაციულ კანონდარღვევად გამოცხადებას ითვალისწინებდა და კანონდამრღვევს ფინანსურ პასუხისმგებლობას აკისრებდა. კანონპროექტის ინიციატორი, რესპუბლიკური პარტია გახლავთ, პარტიის წევრების განცხადებით ასეთი კანონპროექტის საჭირობა განაპირობა სახალხო დამცველის 2015 წლის ანგარიშმა, რომელშიც საუბარი იყო იმაზე, რომ სექსუალური ნიშნით შევიწროება სამუშაო ადგილზე, ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ქმედებაა. ამავე ინიციატივას ასევე საფუძვლად დაედო გახმაურებული ქეისი ტელეკომპანია „იმედში“, როდესაც თანამშრომელმა პროდიუსერი დაადანაშაულა მსგავის ტიპის ქმედებაში.

2017 წლის 4 მაისს პარლამენტმა „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ სტამბოლის კონვენციის რატიფიცირებას დაუჭირა მხარი. საქართველოს კანონმდებლობა უკვე მოიცავს არა მხოლოდ ოჯახის ფარგლებში, არამედ ზოგადად, ქალის მიმართ ძალადობას, როგორც პირად, ასევე საზოგადოებრივ სივრცეებში. ამავდროულად, კანონში მოცემული ცნება „ქალი“ გულისხმობს მდედრობითი სქესის იმ წარმომადგენელსაც, რომელსაც ჯერ არ შესრულებიათ 18 წელი. კონვენციის საშუალებით კანონში ასევე შევიდა ცვლილება „ადევნებასთან“ დაკავშირებით, რომელიც სისტემატური უკანონო თვალთვალისა და არასასურველი კომუნიკაციის დამყარების მცდელობის შემთხვევაში დაისჯება ჯარიმით ან 120-დან 180 საათამდე ვადით საზოგადოებისათვის სასარგელო შრომით, ანდა ორ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით. მიუხედავად იმისა, რომ ევროპის საბჭოს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ კონვენციის ხელმოწერით სახელმწიფომ აიღო ვალდებულება,  რომ სექსუალური შევიწროვებაც დასჯადი გახადოს (40-ე მუხლი) და შრომის კოდექსის მიხედვითაც ყველა სახის დისკრიმინაცია აკრძალულია, ეს საკითხი სამწუხაროდ მაინც კანონმდებლობის მიღმა აღმოჩნდა.

ოფიციალური სტატისტიკა საქართველოში სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებით არ არსებობს, თუმცა სახალხო დამცველის არაოფიციალური ცნობებით, ასეთი შევიწროების მიმართ ყველაზე დაუცველები ძირითადად ახალგაზრდა და ქორწინებაში არმყოფი ქალები არიან, რაც ძირითადად მოიცავს მაღალი თანამდებობის მქონე მამაკაცებისგან ახალგაზრდა ქალების საზოგადოებრივი ცხოვრების კონტროლსა და ისეთი ქალების დამცირების მცდელობას, რომლებიც არსებული სტერეოტიპის მიხედვით, „კაცის სამსახურში“ მუშაობენ.

საქართველოში სექსუალური შევიწროების პირველი ხმაურიანი შემთხვევა უკავშირდება ქალს, რომელმაც სამსახურში სექსუალური შევიწროების ფაქტზე უფროსს რეაგირება სთხოვა, აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს თანამშრომელი იყო. ამ ფაქტის გამო იგი გაათავისუფლეს და შესაბამის განცხადებაში მისი ქმედება მოხსენიებული იყო, როგორც „უღირსი საქციელი“. ეს განცხადება უზენაესმა სასამართლომ უკანონოდ მიიჩნია, თუმცა გათავისუფლებული თანამშრომელი ამ დრომდე სამსახურში არ დაუბრუნებიათ.

        საქართველოში საზოგადოების ცნობიერება სექსუალური შევიწროვების შესახებ საკმაოდ დაბალია. ხშირ შემთხვევაში, ქალთა მიმართ განხორციელებული სექსუალური შევიწროვება არ განიხილება დანაშაულად, როგორც საზოგადოების ასევე მსხვერპლის მხრიდან, შესაბამისად ეს ართულებს ფაქტების გამოვლენის საკითხს და ასევე ამ პრობლემის აღმოფხვრას. იმისათვის, რომ ეს დამოკიდებულება შეიცვალოს, საჭიროა აქტიური კამპანია როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების ასევე სახელმწიფოს მხრიდან. ეს ერთის მხრივ აამაღლებს საზოგადოების ცნობიერებას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და ასევე მოახდენს სამართალდამცავი ორგანოების ჩარევას და დანაშაულის აღკვეთა/პრევენციას.

სექსუალური შევიწროვების პრობლემა აქტუალურია არამხოლოდ საზოგადოებრივ ტრანსპორტში და სხვა მსგავსი ტიპის თავშეყრის ადგილებში, არამედ სამუშაო ადგილებზეც. 2014 წელს, ქალთა საინფორმაციო ცენტრის მიერ ჩაატარა კვლევა თბილისის მეტროში ქალთა მიმართ სექსუალური შევიწროვების ფაქტზე (Street Harassment). კვლევა ჩატარდა დედაქალაქის მეტროს თოთხმეტ მეტროსადგურში. შედეგები მართლაც საგანგაშო აღმოჩნდა,  რადგან კვლევაზე დაყრდნობით აღმოჩნდა, რომ მეტროთი მოსარგებლე ქალთა 45% გამხდარა სექსუალური შევიწროვების მსხვერპლი, 78.9%-ს ამ ფაქტზე რეაგირება არ ჰქონია,  ხოლო 85.5%-ს არავინ დაეხმარა და არც ერთ მათგანს არ მიუმართავს პატრულისათვის. ეს კი ორგანიზაციის აზრით, საზოგადოებაში ინფორმირებულობის ნაკლებობაზე მეტყველებს. საქართველოს გარდა, მსგავი ტიპის შემთხვევებზე წერს ამერიკული გამოცემა „The Wall Street Journal”, სადაც საუბარია იმაზე, რომ ნიუ იორკ სითის მეტროში, მსგავსი ტიპის დაფიქსირებული ქმედებები 50%-ს აჭარბებს. აქაც უმეტეს შემთხვევაში მსხვერპლი ქალები არიან. ამ შემთხვევაშიც, საუბარია არასასურველ შეხებაზე, რეპლიკებსა და ნებართვის გარეშე ფოტო/ვიდეო გადაღებაზე.  თუმცა საინტერესოა ის ფაქტიც,  რომ ჩვენი რეალობის მსგავსად, აშშ-ს მოქალაქე ქალბატონებიც ხშირ შემთხვევაში ერიდებიან პოლიციას მიმართონ და აღნიშნული ქმედება დააფიქსირონ, რადგან სჯერათ რომ მათი საჩივარი არ იქნება სერიოზულად აღქმული. მაგრამ რეალობა სხვაა, რადგან ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტის სამგზავრო განყოფილების უფროსის განცხადებაში ვკითხულობთ რომ, მეტროს პოლიცია განსაკუთრებული სერიოზულობით ეკიდება მსგავს შემთხვევებს და ახდენს ადეკვატურ რეაგირებას თოთოეულ კრიმინალურ საჩივარს. (Hafford M. NYC Subway Harassment is up 50%, June 22, 2016)

2014 წელს, სოციალური მეცნიერების ცენტრის მიერ ჩატარდა კვლევა სამუშაო ადგილებზე სექსუალურ კვლევასთან დაკავშირებით, სადაც კითხვაზე „გამხდარხართ თუ არა სექსუალური შევიწროვების მსხვერპლი?“ პირდაპირ დადებითი პასუხი რესპოდენტთა 3%-მა გასცა და განაცხადა, რომ ერთხელ მაინც განუცდია სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროება. 2%-ის თქმით, ეს შევიწროება ბოლო 12 თვის განმავლობაში მოხდა, ხოლო მას შემდეგ რაც კითხვის ფორმულირება შეიცვალა, ხოლო შინაარსი აბსოლიტურად იგივე დარჩა, დადებითი პასუხის პროცენტული მაჩვენებელი 38%-მდე გაიზარდა, ხოლო კაცების რაოდენობამ კი 8%-ი შეადგინა.

ზემოთ მოყვანილი ფაქტებიდან გამომდინარე შეიძლება დავასკვნათ, რომ სექსუალური შევიწროება ნამდვილად წარმოადგენს აქტუალურ პრობლემას მსოფლიოში, რომლის გადასაჭრელად სხვადასხვა ღონისძიებები ხორციელდება, თუმცა ჯერ კიდევ დიდი სამუშაოა გასატარებელი, რადგან საზოგადოებაში მყარადაა დამკვიდრებული სტერეოტიპები, რომელთა მიხედვითაც შევიწროების ეს სახე არასერიოზული, მსხვერპლისგან პროვოცირებული ან მხოლოდ ქალებისთვის არსებული პრობლემაა. ამ და სხვა სტერეოტიპების აღმოფხვა აუცილებელია, რათა საზოგადოებაში ტოლერანტულმა გარემომ დაისადგუროს და თანაც, სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილება გვიჩვენებს, რომ სექსუალურ შევიწროებასთან ბრძოლა და მისი მაქსიმალურად ამოფხვრა გენდერული თანასწორობისა და ბალანსის დაცვის ერთ-ერთი საწინდარია.

რა შეიძლება გამოიწვიოს სექსუალურმა შევიწროებამ და რა შედეგებამდე შეიძლება მიიყვანოს შევიწროების ობიექტი? სექსუალური შევიწროება მსხვერპლისთვის ძალიან სტრესულია, მისი ნეგატიური შედეგები იასახება არა მხოლოდ სამუშაო, საქმიან გარემოზე, არამედ მსხვერპლის ჯანმრთელობასა და მის მენტალურ მდგომარეობაზე. მან შესაძლოა მსხვერპლში გამოიწვიოს დეპრესია, უძილობა, უსუსურობისა და თვით დანაშაულის შეგრძნება. ადამიანები ხშირად კარგავენ თავდაჯერებულობას და თუ ეს ხორციელდება სამუშაო ადგილზე, სრულიად შესაძლებელია, რომ მსხვერპლი საარსებო წყაროს გარეშე აღმოჩნდეს. უფრო მეტიც, თუ მსხვერპლი გადაწყვეტს ასეთი სამსახურის დატოვებას, ცუდი რეკომენდაციის შემთხვევაში, მის მომავალ კარიერულ წინსვლასაც შეექმნება საფრთხე. თუ სექსუალური შევიწროება სამუშაო ადგილზე ხორციელდება, იგი ბუნებრივია ნეგატიურ გავლენას ახდენს ორგანიზაციაზეც, რადგან შეიძლება ორგანიზაციამ შესაძლოა დაკარგოს ძლიერი თანამშრომლები ან აღნიშნულმა ფაქტმა გამოიწვიოს დასაქმებულებში მოტივაციის შემცირება, და რასაკვირველია ნეგატიურად აისახება მათ იმიჯზე.

რა უნდა გაკეთეს საზოგადოების მხრიდან სექსუალური შევიწროების პრევენციის მიზნით? ამ ყოველივეს გამოსასწორებლად აუცილებელია საზოგადოებაში და დასაქმების სფეროებში ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების გატარება, როგორიცაა ტრენინგები, შეხვედრები, საინფორმაციო ბუკლეტები. საჭიროა სამუშაო ადგილებზე ხელი შეეწყოს განსხვავებულ სქესთა დაწინაურების თანაბარ შესაძლებლობას, მათთვის დაცული გარემოს შექმნას და დაფასებას რომელიმე სქესისთვის არატრადიციული პროფესიის არჩევის შემთხვევაში.

სექსუალური შევიწროების შემთხვეევაში კარგია, თუ მსხვერპლი საკუთარ პოზიციას მყარად გამოხატავს, ან აცნობებს მისთვის სანდო პიროვნებას, სამსახურის შემთხვევაში მაღალი თანამდებობის მქონე პირს, ორგანიზაციას ან სახალხო დამცველის აპარატს, რომლის მოვალეობაც გენდერული თანასწორობის შესახებ კანონის მიხედვით, გენდერული თანასწორობის დარღვევებზე რეაგირებას წარმოადგენს. აუცილებელია, მსხვერპლს ჰქონდეს  შევიწროების ამსახველი წერილობითი ჩანაწერი, დამამტკიცებელი შეტყობინებები, აუდიოფაილები, არასასურველი საჩუქრები ან სხვა სახის  მტკიცებულებები.

დღეს საქართველოში სექსუალური შევიწროება არ არის დასჯადი ქმედება და არ განისაზღვრება დისკრიმინაციად. 2017 წლის 24 ოქტომბერს ქალთა მოძრაობამ საქართველოს პარლამენტში სექსუალური შევიწროების აკრძალვის მოთხოვნით 1000 ხელმოწერა წარადგინდა, რომელიც ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში სოციალური ქსელის საშუალებით შეგროვდა. პეტიციის ხელისმომწერნი მოითხოვენ, რომ პარლამენტმა მიიღოს საკანონმდებლო ცვლილებები შრომისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსებში, რათა სექსუალური შევიწროება აიკრძალოს როგორც დასაქმების ადგილზე, ისე საჯარო სივრცეში.

ერთ-ერთი მთავარი პრობლემა დღეს ამ მიმართულებით ქართული კანონმდებლობის დახვეწაა. დღემდე ტერმინი “სექსუალური შევიწროება” საქართველოს კანონმდებლობაში არსად მკაფიოდ არ არის განმარტებული. რისთვისაც აუცილებელია, რომ პირველ რიგში ხელისუფლების ძალისხმევით შეიქმნას და ჩამოყალიბდეს სამუშაო ჯგუფი, რომელშიც შევლენ როგორც საჯარო, ასევე სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, ასევე გენდერის ექსპერტები, რათა კოორდინირებულად მოხდეს სექსუალური შევიწროების რეგულაციების ფორმებსა და მასთან დაკავშირებულ სხვა მნიშვნელოვან ასპექტებზე შეთანხმება და შესაბამისი სამართლებრივი ჩარჩოს მომზადება. საჭიროა განიმარტოს, თუ რას ნიშნავს ტერმინი „შევიწროება“ ანტიდისკრიმინაციულ კანონში, ასევე კანონმდებლობის დასახვეწად საჭიროა ცვლილების განხორციელება შრომის, ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის კოდექსში.  საჯარო სივრცეში სექსუალური შევიწროება უნდა გახდეს სისხლის და ასევე ადმინისტრაციულ სამართლის კოდექსით გათვალიწინებული სამართალდარღვევა, რომელიც დამნაშავეს ადმინისტრაციულ სამართლებრივ ან სისხლის სამართლებრივ სანქციებს დააკისრებს. დღევანდელი შრომის კოდექსში არსებობს ჩანაწერი, რომელსაც დისკრიმინაციის ზოგადი აკრძალვა შემოაქვს, თუმცა იგი არანაირად არ ეხება და არ გულისხმობს კონკრეტულად სექსუალურ შევიწორებას, ან მის ფორმებს. იგივე შეიძლება ითქვას კანონი „გენდერული თანასწორობის“ შესახებ, რომელიც განმარტავს დასაქმების ადგილზე სექსუალურ შევიწროებას, თუმცა არ განსაზღვრავს მას, როგორც დასჯად ქმედებად.

ფაქტია, რომ ქალთა და გოგონათა უსაფრთხოება და თავისუფლება, როგორც ადამიანის ფუნდამენტური უფლება, სერიოზული საფრთხის ქვეშ დგას როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ, მათ შორის ისეთ დემოკრატიულ და განვითარებულ სახელმწიფოებშიც, როგორიცაა ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია და ა.შ. მიუხედავად იმისა, რომ მრავალი ქვეყანა აღიარებს მამაკაცისა და ქალის თანასწორობას და აღნიშნული გენდერული ბალანსის დასაცავად შემუშავებულია მთელი რიგი რეგულაციები, ყოველდღიურ ცხოვრებაში მაინც ვაწყდებით ისეთ შემთხვევებს, როდესაც ჩვენი მეგობრები, ნაცნობები და თანამოქალაქეები ხდებიან გარკვეული დისკრიმინაციის მსხვერპლნი. მიუხედავად უკვე არსებული გარკვეული ბერკეტებისა ასეთ შემთხვევათა წინააღმდეგ საბრძოლველად, საჭიროა უფრო ეფექტური და მრავალმხრივი კამპანია, რომელშიც აქტიურად იქნებიან ჩართულნი, როგორც სახელმწიფო სტრუქტურები, ასევე სამოქალაქო საზოგადოების ყველა სეგმენტი. ამ შემთხვევაში საქმე გვექნება არამხოლოდ საზოგადოების მხრიდან სოლიდარობასთან, არამედ სახელმწიფოს მხრიდან ქმედითი რეგულიციების გატარებასთან, რაც გარკვეულ დონეზე შეამცირებს მოძალადეთა რაოდენობას და პოტენციურ მოძალადეს გაუქრობს დანაშაულის ჩადენის სურვილს.

 

ბიბლიოგრაფია

 

  1. გაეროს ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღკვეთის კომიტეტი, ზოგადი რეკომენდაცია №19, „ქალთა მიმართ ძალადობა“
  2. ევროპის საბჭოს კონვენცია ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ, მუხლი 40
  3. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (საქსტატი).(2015). „ქალები და კაცები საქართველოში“
  4. „სექსუალური შევიწროვება (ჰარასმენტი) ტრანსპორტში“. Gender Information Network of South Caucasus. 2014-11-27. From http://www.ginsc.net/home.php?option=article&id=31014&lang=ge
  5. „სახელმწიფომ სექსუალური შევიწროვება დასჯადი უნდა გახადოს“. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. 2016-04-08. From https://gyla.ge/ge/post/sakhelmtsifom-seqsualuri-shevitsroeba-dasjadi-unda-gakhados
  6. პურნოვა, ა. „სექსუალური შევიწროება საჯარო სივრცეში: ძალაუფლების დეკლარირება თუ უჩინარი დისკრიმინაცია?“ სამხრეთ კავკასია, ფემინიზმი და გენდერული დემოკრატია. 2016-02-19. From http://www.feminism-boell.org/ka/2016/02/19/seksualuri-shevicroeba-sajaro-sivrceshi-zalauplebis-deklarireba-tu-uchinari-diskriminacia
  7. ფუნდამენტურ უფლებათა სააგენტო (2014), „ძალადობა ქალების მიმართ: ევროკავშირის მასშტაბით ჩატარებულიკვლევა. ძირითადი შედეგები“
  8. პეკინის ჟონგზეს ქალთა სამართლებრივი კონსულტაციისა და მომსახურების ცენტრი, WomenWatch China და შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია (2010), „სახელმძღვანელო სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროების პრევენციის შესახებ“
  9. საფრანგეთის სისხლის სამართლის კოდექსი, article 222-333 du code penal

Retrieved on 06.16.2017 from: http://www.bbc.com/news/world-europe-36297081

  1. სექსუალური შევიწროება საჯარო სივრცეში, საკანონმდებლო პრაქტიკის ანალიზი, კავშირი საფარი 2017
  2. Bassham.D (2009). False Complaints of Sexual Harassment: A Practical Approach
  3. Chapitre 2. Art. 2. (Service Public Federal Interieur et Institut Pour L’Egalite des Femmes et des Hommes), Publié le : 2014-07-24. Retrieved on 03.16.2017 from http://www.ejustice.just. fgov.be/cgi/article_body.pl?language=fr&caller=summary&pub_date=14-07- 24&numac=2014000586
  4. Half of women in UK have been sexually harassed at work, study finds”. Gender Information Network of South Caucasus. 2017-03-02. Retrieved on 02.10.2017 from:http://www.ginsc.net/home.php?option=article&id=35476&lang=en
  5. ILO: Equality in Employment and Occupation: Special Survey on equality in employment and occupation is respect of Convention No.111, Geneva, 1996, .p. 39
  6. Strub S., Schär M. Risque et ampleur du harcèlement sexuel sur le lieu de travail. Une enquête représentative en Suisse alémanique et en Suisse romande, Berne 2008 Retrieved on 06.16.2017 from (http://www.ebg.admin.ch/themen/00008/00074/00219/index.html?lang=fr
  7. “Reports of sexual harassment and assault on NYC subway skyrocket more than 50%”. Gender Information Network of South Caucasus. 2016-06-22. Retrieved on 01.10.2017 from http://www.ginsc.net/home.php?option=article&id=34457&lang=en
  8. More than 50% of women in adversting experience sexual hararassmnet study finds, The Wall Street Journal, August 11, 2016

Retrieved on 05.13.2017 from: https://www.wsj.com/articles/more-than-50-of-women-in-advertising-experience-sexual-harassment-study-finds-1470938770