გთავაზობთ ფემინისტურ კრიტიკულ რეფლექსიას Women in the World-ის სამიტის ერთ-ერთ პანელზე, სადაც სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი ქალები ავტორიტარ ლიდერებზე საუბრობდნენ. მიწვეულთა შორის იყო ქართველი ჟურნალისტი, „ტაბულას“ დამფუძნებელი და რედაქტორი, თამარა ჩერგოლეიშვილი, ხოლო პანელს მოდერაციას ჰილარი კლინტონი უწევდა. Women in the World-ს პრეტენზია აქვს ქალი ლიდერების წარმოჩენასა და ქალთა გაძლიერებაზე. ამ პოსტში კონკრეტული პანელის მაგალითზე ვეცდები ვაჩვენო, რატომ არის პრობლემური ერთი მხრივ Women in the World-ის ფემინიზმი და მეორე მხრივ, თამარა ჩერგოლეიშვილის პოზიციები, რომელიც ამ სამიტზე/პანელზე საქართველოს თუ ქართველი ქალების წარმომადგენლად ფიგურირებდა.

  • Women in the World-ის პანელი, რომელიც სამი ქვეყნის – რუსეთის, ჩინეთისა და თურქეთის – ავტორიტარ
    ლიდერებზე ფოკუსირდება, სრულად ექვემდებარება ორიენტალისტურ თუ იმპერიალისტურ ხედვას, რომ „ბოროტი აღმოსავლელი დიქტატორები“ დემოკრატიას და უმცირესობებს ებრძვიან. ამ კონტექსტში „სიტყვის თავისუფლებისთვის“ მებრძოლი და დევნილი ქალი ჟურნალისტების წინწამოწევა მინიშნებაა დასავლეთის მისიაზე, ან როგორც გაიატრი სპივაკი იტყოდა, „თეთრი კაცების/ქალების“ მისიაზე, რომ „ყავისფერი ქალები ყავისფერი კაცებისგან გადაარჩინონ“. ქალები აღმოსავლური ბარბაროსული პატრიარქატისგან გადასარჩენები არიან. ამგვარი იმპლიციტური თუ ექსპლიციტური დებულებებით დასავლეთი კულტურულად აღმატებულის სახეს ინარჩუნებს და „აღმოსავლეთის“ საქმეებში ჩარევის ლეგიტიმიზაციას ახდენს.
  • ძალაუფლების ამგვარ მოქმედებასთან შესაბამისობაში მოდის თამარა ჩერგოლეიშვილის განცხადებები, რომ დასავლეთი დემოკრატიისა და თანასწორობის სივრცეა, რომ ყველას ურჩევნია დასავლეთი, რადგან „ის უკეთესია“, რომ NATO-ს სამხედრო ორგანიზაცია მხოლოდდამხოლოდ მშვიდობის დასაცავად არსებობს… საინტერესოა ასევე თამარას განცხადება, რომ რუსეთი საშიშია ქალებისთვის, რადგან ის მაჩოიზმს ავრცელებს, დასავლეთში კი „ყველას შეუძლია თანასწორი იყოს“. თავისთავად ეს უკანასკნელი ფორმულირება – ყველა თანასწორი კი არ არის, ყველას შეუძლია რომ იყოს – მიგვანიშნებს შესაძლებლობების თანასწორობის იდეალზე, სადაც წარმატებისთვის გზა ხსნილია კაცისა და ქალისთვისაც, თუკი ისინი კონკურენციაში სხვების ჩამოტოვებას შეძლებენ. გარდა ამისა, მაჩოიზმის ცალსახად რუსეთთან და თანასწორობის ამერიკასთან თუ დასავლეთთან ასოცირებით, თამარა სრულად აიგნორებს ჰეგემონური მასკულინობისა და პატრიარქატის იმ სახეს, რომელიც გლობალური ხდება და რომელსაც სწორედ დასავლელი, თეთრი ჰეტეროსექსუალი კაცი განასახიერებს. ნეოლიბერალური პატრიარქატი ქალთა (განსაკუთრებით განვითარებადი ქვეყნების ქალების) დაქვემდებარებაზე დგას, თუმცა აღნიშნული პანელიც და თამარაც ახერხებენ ამის განხილვას (ხსენებასაც კი) გვერდი აუარონ, ამის მიზეზი კი ისაა, რომ ისინი მხოლოდ ცალკეულ ლიდერებზე ფოკუსირდებიან და ჩაგვრის წყაროდ მათ განიხილავენ.
  • „მჩაგვრელები“ ავტორიტარი ლიდერები არიან, რომლებიც თავისუფლებისთვის მებრძოლ ჟურნალისტებს თუ აქტივისტებს დევნიან. ჩაგვრის ამგვარად განხილვა სტრუქტურული ჩაგვრების უგულებელყოფას იწვევს. ამ ნარატივის მიხედვით, ჩაგვრა მხოლოდ ისაა, რასაც „ბოროტი ლიდერი“ აკეთებს, შეუძლებელია ჩაგვრამ ლიბერალური დემოკრატიის ინსტიტუტებისა და სტრუქტურების ყოველდღიურობაში იარსებოს; შეუძლებელია „თავისუფლებამ“ (რაც სინამდვილეში კონკურენციის თავისუფლებას ნიშნავს) ჩაგვრა წარმოშვას. ეს იწვევს იმას, რომ პრაქტიკულად არ არის საუბარი განხილულ ქვეყნებში ქალთა რეალურ მდგომარეობაზე. მაგალითად, თამარა ბევრს ლაპარაკობს პუტინზე, მაგრამ არც ერთხელ არ ახსენებს საქართველოში ფემიციდისა და ქალთა მიმართ ძალადობის პრობლემას ან საკანონმდებლო ორგანოებში ქალი წარმომადგენლების ნაკლებობას (მარტში საქართველოს პარლამენტმა გენდერული კვოტირების კანონპროექტი განიხილა, მაგრამ კანონი ჩავარდა. „ევროპულმა საქართველომ“, პარტიამ, რომელთანაც თამარა ჩერგოლეიშვილია ასოცირებული, კვოტების მხარდაჭერაზე უარი განაცხადა). სწორედ მჩაგვრელ ლიდერებზე ფოკუსირება აძლევს თამარას იმის საშუალებასაც, რომ მედიის რეგულირების საჭიროება უარყოს და მოითხოვოს მეტი „თავისუფლება“ , „თავისუფლება“, რომელიც ამ შემთხვევაში პუტინის მიმართ კონკურენტული მედია-სტრატეგიის შექმნაში გამოიხატება და რომელიც ისევ დასავლეთმა უნდა შექმნას.
  • თამარას მიერ პუტინზე ფოკუსირება საქართველოს ერთადერთ მტრად რუსეთს წარმოადგენს. ავტორიტარული რუსეთი უშლის ხელს საქართველოს „თავისუფლებას“. პუტინი სტალინთან არის შედარებული. რუსეთამდე საბჭოთა კავშირი უშლიდა ხელს „თავისუფლებას“. ამ ფონზე გასაკვირი არ არის, რომ თამარა ქართველ ქალთა რეპრეზენტაციისთვის საბჭოთა არმიასთან ბრძოლაში დაღუპული მარო მაყაშვილის სახეს იყენებს. თამარას სურს, რომ ახალი მარო მაყაშვილი იყოს, მაგრამ იგი ვერ იქნება ქართველ ქალთა წარმომადგენელი, რადგან იგი ქალების რეალურ გაძლიერებას და განვითარებას კი არა, პატრიარქატის ერთი ვერსიის მეორე, უფრო ბრჭყვიალა, ვერსიით ჩანაცვლებას გვთავაზობს.

    პოსტი მოგვაწოდა ავტორმა, რომელმაც ანონიმურად დარჩენა ისურვა.