ესე შერჩეულია “ქალთა მზერის” ახალგაზრდა ფემინისტთა ესეების კონკურსის მეშვეობით. 

ქალის და მამაკაცის ფუნქციათა დაყოფის საფუძველს ძველ პერიოდში ძალიან მარტივი საფუძველი ჰქონდა – ქალი შთამომავლობის გაგრძელების წყარო იყო, ხოლო მამაკაცს უნდა ეზრუნველყო უსაფრთხოება შეექმნა „თაობათა“ შემქნელისთვის. შემდგომში წამოვიდა მოსაზრება სქესთა შორის ბიოლოგიური განსხვავებულობის შესახებ, სადაც მასკულინობას თავისთავად მოიზრებენ, როგორც – „აქტიურს“, ხოლო ფემინურობისა – „პასიურს“. მსგავსი დაყოფა სუფთად ანატომიური ხასიათის იყო, თუმცა დღევანდელი სამყარო მთელი თავისი ცივილიზებული პირობებით, შრომითი საქმიანობის სპექტრის და ტექნოლოგიური ცვლილებებით, აღარ საჭიროებს სქესთა ასეთ დაყოფას და სასაცილოცაა, რომ დღევანდელობაში დისკუსიის საგანია ქალთა უფლებებიც, ფუნქციებიც და რეალობაში არსებული „გენდერული ჩაგვრის“ სხვადასხვა ფაქტორები.

ფემიურობის ჩამოყალიბების და შემდგომში მისი როლის განსაზღვრის შესწავლა საინტერესო იქნებოდა ფსიქოლოგიის, კონრეტულად კი ფსიქოანალიზის კუთხით. განხილვას თუ დავიწყებთ ფროიდიდან, იგი მიიჩნევდა, რომ ყველა ბავშვი იბადება ბისექსუალად და შემდგომ (ოიდიპალურ საფეხურზე) ხდება გენდერული იდენტობის ჩამოყალიბება. ფროიდის მიერ შემოთავაზებულ ფსიქოსექსუალურ განვითარებას თუ გავყვებით, ბიჭების შემთხვევაში საკუთარ სქესთან იდენტიფიცირება შედარებით მარტივად ხდება. ოიდიპოსის კომპლექსის მარტივ პოზიტიურ შინაარს წარმოადგენს – მამისადმი ამბივალენტური განწყობა და დედისაკენ სწრაფვა. ოიდიპოსის კომპლექსის დაძლევასთან ერთად უნდა მოიხსნას „მუხტი“ დედა – ობიექტისგანაც. მის ნაცვლად შეიძლება გაძლიერდეს დედისადმი (ან მამისადმი) იდენტიფიკაცია. ოიდიპოსის კომპლექსის დაძლევით ვაჟის მასკულინური ხასიათი განმტკიცდება. ფროიდის მიხედვით თუ შევხედავთ, კაცებს შედარებით მზა-მზარეული სამყარო ხვდებათ და ის გამოწვევაც, რაც მათ ფსიქოსექსუალური განვითარების ეტაპზე ხვდებათ,ბევრად მარტივად გადასალახავია,ვიდრე გოგონებში.ფროიდი თავის ნაშრომში „ფემინურობა“ აღნიშნავს,რომ ფსიქოანალიზის მიზანს არ წარმოადგენს აღწეროს ქალის რაობა,არამედ უბრალოდ ინტერესდება თუ როგორ ვითარდება ბისექსუალური დისპოზიციების მქონე ბავშვიდან.

მოცემული მოსაზრება კითხვას ბადებს, საქმე ხომ არ გვაქვს სქესობრივი თვალსაზრისით „ჩაგვრასთან“, მასკულინობის დომინანტურ სქესობრივ ნიშნად აღიარებასთან და მისთვის უპირატესობის მინიჭებასთან ,რომელიც შემდგომში, კულტურულ დონეზე მყარდება და უფრო მკაფიოდ წარმოჩნდება.
კულტურაში ქალთა როლის განსასაზღვრად და პრობლემების გამოსაკვეთად, არ შეიძლება უყურადღებოდ დავტოვოთ ფემინისტთა მეორე ტალღის წარმომადგენლები იულია კრისტევა და ლუის ირიგარი, რომლებიც ფსიქოანალიზზე დაყრდნობით, კულტურული კონსტრუქტის ჭრილში განიხილავდნენ გენდერულ იდენტობას. კრისტევამ წინა პლანზე გამოიტანა ქალის დედობრიობის საკითხი, რომელიც კულტურათა უმეტესობაში, დღესდღეისობითაც თითქოსდა მოვალეობად აღიქმება. იგი აღნიშნავდა, რომ დედობრიობა წარმოადგენდა პიროვნულ მოთხოვნილებას, რომელიც სრულყოფის, სისავსის მოთხოვნილებას აჩენდა ქალში და ამ მოსაზრებით უპირისპირდებოდა ფროიდს, რომელიც მიიჩნევდა, რომ ქალისთვის დამახასიათებელი იყო ნარცისული სიყვარული და რომ ურჩევნია სხვას უყვარდეს, ვიდრე მას უყვარდეს.კრისტევას აზრით კი დედობრიობა გულისხმობს სიყვარულის გაცემას და ზრუნვას იდივიდზე,რომელიც სრულიად ქალის სუბიექტურ მოთხოვნილებას წარმოადგენს და სრულიად მეორე ხარისხოვანია ვალდებულება/„შთამომავლობის გაგრძელების“ გავრცელებული შეხედულება.

ირიგარი მიიჩნევდა,რომ ჩვენ ვცხოვრობთ პატრიარქალურ წყობილებაში,სადაც ფემინურობა (ანუ იყო ქალი) წარმოადგენს მხოლოდ კაცების მიერ შექმნილ კონსტრუქტს,რომელიც კულტურით და სასაუბრო ენით არის შემოფარგლული და ქალს არ გააჩნია საკუთარი,ინდივიდუალური გამოხატულება სწორედ ამ ფარგლებში,სხვა მხრივ რომ ვთქვათ,ქალის ფუნქცია-მოვალეობები,ის როლები რითაც მას უწევს არსებობა მამაკაცებისვე მიერ არის ჩარჩოებში ჩასმული და თუ მას ვინმე გასცდება მსწრაფლ კარგავს კულტურისთვის დადებით მნიშვნელობას. ირიგარი ამ კულტურული კონსტრუქტის ალტერნატივად განიხილავს ახალი კულტურის შექმნას, ალტერნატიული ლინგვისტური წესრიგის დამყარებით. რომელსაც სრულიად ვეთანხმები და დავამატებდი,რომ ამ ახალი კულტურის შემქნა უნდა მოხდეს სწორედ ქალების მიერ,რათა შესაძლებელი გახდეს, რომ კულტურაშივე აისახოს,ქალის,როგორც ინდივიდის როლი და მახასიათებლები, მოიხსნას ჩარჩოები,რომელიც აწესებს თუ როგორი უნდა ვიყო მე,რომ საზოგადოებამ დამაფასოს როგორც ქალი,როგორც დედა და არ ვიყო შემოფარგლული მათ მიერ შემოთავაზებული, მზა მახასიათებლების ნაკრებით.

გამოყენებული ლიტერატურა:Minsky, R. (1996). Psychoanalysis and Gender. Psychology Press.

ავტორი: მარიამ იანტბელიძე; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწფიო უნივერსიტეტი; ფსიქოლოგიის ბაკალავრი.

პროექტი ხორციელდება ახალგაზრდა ფემინისტური ფონდი “ფრიდა”-ს მხარდაჭერით.