ქალაქის ქალებზე ალბათ გონებაში პოპ-კულტურის მიერ შექმნილი სახეხატები – საშუალო და მაღალი კლასის ქალები წარმოვიდგება. რეალურად, ქალაქში მცხოვრები ქალების ბევრი და ჭრელი სოციალური ჯგუფია, რომელიც შეიძლება ყურადღებიდან გამოგვრჩეს, მაგალითად – გარემოვაჭრე ქალები, ანუ ქალაქის უხილავი ქალები. ქალები, რომელთა არასაშინაო შრომაც უხილავი და დაუფასებელია; რომლებსაც საჯარო სივრცეებიდანაც აქრობენ.

უხილავობას ხაზს უსვამს ის ფაქტიც, რომ ჯერჯერობით სახელმწიფოს არ ჩაუტარებია არც ერთი კვლევა გარემოვაჭრეებზე – არაა ცნობილი რა როლი უკავიათ საქართველოს ეკონომიკაში, რა სჭირდება ამ სოციალურ ჯგუფს, როგორ შეიძლება სიღარიბის დაძლევა მათ შორის და სხვა. საკვლევია ასევე გარემოვაჭრეობის გენდერული ასპექტებიც, რომელიც თვალის შევლებითაც აშკარაა: ბაზარში, ბაზრობებზე, ქუჩაში (სადაც შემორჩა) ძირითადად ქალებს ვხვდებით. უმეტესად ქალები ასრულებენ იმ სამუშაოს, რაც ასეთი არასტაბილური, დაბალშემოსავლიანი და დაუცველია.

ჩვენი კვლევის ფარგლებში, რომელიც ქალებსა და თბილისის ურბანულ გარემოს შეეხება, საჭიროდ მივიჩნიეთ, სივრცე დაგვეთმო ამ ადამიანებისთვის, რომელთა არსებობაც კი ყურადღებისა და პოლიტიკური დღის წესრიგის მიღმაა დარჩენილი. ფემინისტური დღის წესრიგი წარმოუდგენელია, თუ იგი არ მოიაზრებს ყველა ქალს, თუ არ იზრუნებს ყველა ჯგუფის კეთილდღეობისთვის. ამისათვის, ჩვენ ვესაუბრეთ რამდენიმე გარემოვაჭრე ქალს მათ პრობლემებსა და საჭიროებებზე. 

აქვე აღსანიშნავია, რომ ბაზრებსა და ბაზრობებზე სიარულისას ბევრმა მათგანმა უარი გვითხრა ინტერვიუზე, რადგან ყველანაირად იმედგაცრუებულნი არიან დღევანდელი მდგომარეობით: პარტიულ პოლიტიკაში ფუჭი დაპირებებისა და კეთილდღეობის ილუზიების ფონზე მხოლოდ გაუარესებული რეალობით.

ეკონომიკური მდგომარეობა

გარემოვაჭრეობის მთავარი გამომწვევი და მთავარი მახასიათებელია სიღატაკე. სიღატაკე იმ საზოგადოების, სადაც ეს პრაქტიკა დაფუძნებულია და სიღატაკე თავად იმ ადამიანების, ვინც მასშია ჩართული. ამას აღნიშნავს ასევე საერთაშორისო შრომის ორგანიზაცია, რომელიც არაფორმალურ ეკონომიკას სიღარიბესთან აკავშირებს.

შემოსავალი აქვს, თუმცა არ ჰყოფნის პირადი ხარჯების დასაფარად – ასეთია ოთხივე რესპონდენტის პასუხი შემოსავალთან დაკავშირებულ კითხვებზე. 

დეზერტირების ბაზრის ტერიტორია

ერთ-ერთი რესპონდენტი ეკონომიკური მდგომარეობის მთავარ დამამძიმებელ ფაქტორად ვალებს ასახელებს: “ძალიან დიდი უმუშევრობაა, დიდი გაჭირვება, აქ არ არსებობს ადამიანი, რომ დიდი ვალი არ ჰქონდეს, ბანკში გაშავებული არ იყოს, გაუბედურებული არ იყოს, დაყადაღებული არ იყოს. მე პირადად ყადაღა მადევს აღსრულებაში, ბინას მართმევდნენ. ამ პროცენტიანმა ვალებმა მოგვსპო და მოგვინელა, ეს არის ყოველდღიური პროცენტიანი ფული, რომელზეც მოდის მევახშე, ყოველდღე მიაქვს ფული… როცა ვერ ვვაჭრობ, იძულებული ვარ ვისესხო”.

ქალების მიერ ვალის აღების მოტივად ბაზრობაზე ადგილის ქირაობა, საქონლის ვერგასაღება, ჯანმრთელობის პრობლემები დასახელდა. “კლიენტი არ არის, კლიენტს თავად ფული არ აქვს და აბა როგორ მოვა” – აღნიშნავს ეკა (სახელი შეცვლილია), რომელიც ვაგზლის ბაზრობაზე ვაჭრობს.
მძიმე ეკონომიკური მდგომარებაა სწორედ ის ამოსავალი პრობლემა, რაც სხვა დანარჩენებს უდევს საფუძვლად.

ურბანული გარემო 

თბილისის ურბანულ სივრცეში სხვადასხვა ფენისა და ჯგუფის წარმომადგენელი ქალი გვხვდება და გარემოც, შესაბამისად, სხვადასხვაგავარად ზემოქმედებს მათზე. საჭირო იყო დაგვენახა ის ქალებიც, რომლებიც ერთ დროს თბილისის ურბანული გარემოსთვის განუყოფელი ნაწილი იყვნენ თუმცა ახლა იშვიათად თუ გვხვდებიან, არა იმიტომ, რომ სიღარიბე დაძლიეს, არამედ იმიტომ, რომ სახელმწიფო სააკაშვილის მმართველობიდან მოყოლებული დღემდე მათ გადამალვას ცდილობს სხვადასხვა მეთოდებით.


გარემოვაჭრეებთან საუბრით გამოიკვეთა, რომ სხვადასხვა ურბანული პრობლემები, რაც ქალაქის მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს ხელს უშლის, მათთვის ნაკლებ პრობლემას წარმოადგენს ან საერთოდ არაა პრობლემური. ეს მიგნება სულაც არაა პოზიტიური, არამედ კიდევ უფრო მძიმე რეალობას გვიჩვენებს: საზოგადოების გარკვეული ფენა იმდენად გაუცხოებულია ყველანაირი დასვენებისა და სარეკრეაციო აქტივობისგან, რომ თითქმის არანაირი შეხება არ აქვს, მაგალითად, მწვანე ზონებთან; ასევე იმდენად გრძელია მათი სამუშაო დღე, რომ ისინი ძალიან იშვიათად ხვდებიან საცობებში. 

გაუცხოება გამოვლინდა არა მხოლოდ ურბანულ სივრცეში რეკრეაციასთან, არამედ რესპონდენტები ქალაქგარეთ დასასვენებლად წასვლასაც ვერ ახერხებენ. ამის მიზეზად დროის უქონლობა დასახელდა, განპირობებული იმით, რომ ეკონომიკური მდგომარეობა არ აძლევთ საშუალებას გააცდინონ ის დრო, რაც შემოსავლის შოვნაში შეუძლიათ გამოიყენონ. 

ნანა (სახელი შეცვლილია), 52 წლის ხონიდან არის და თბილისში დეზერტირების ბაზარში ვაჭრობს, როდესაც იგი ხონში თავის სახლს სტუმრობს იქაც შესასრულებელი შრომა ელოდება და არა დასვენება. როგორც თავად ამბობს, ოჯახის წევრები დადიან [დასასვენებლად], შვილი დადის, თავად – არა. მომდევნო რესპონდენტი, ეკა ამ მდგომარეობის ძირითად მიზეზად ვალებს ასახელებს – “ვალი და დასვენება ერთად არ შეიძლება”.

ჯანმრთელობა

ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა, რა თქმა უნდა, მჭირდო კავშირშია ეკონომიკურ მდგომარეობასთან. შესაბამისად, ჩვენს რესპოდენტებსაც დროისა და ფინანსების უქონლობის გამო ჯანდაცვაზე ნაკლებად აქვთ წვდომა; თუნდაც ეს იყოს უფასო, საყოველთაო ჯანდაცვის მიერ ანაზღაურებული სერვისები. გამოკითხულები მხოლოდ სიმპტომების გამწვავებისას ახერხებენ ექიმთან ვიზიტს, – “ექიმთან მხოლოდ მაშინ მივდივარ, როდესაც სიმპტომები მწვავდება. ჯერ ერთი გასინჯვა ღირს 50 ლარი და გასინჯვის იქითაც რომ გინდა?!”. 

ჰაერის დაბინძურება თბილისში

მანანა (სახელი შეცვლილია), 48 წლის, დეზერტირების ბაზარში ვაჭრობს. ოფიციალური მონაცემებით ამ ტერიტორიაზე თბილისში ყველაზე მაღალი ჰაერის დაბინძურებაა. მანანას თქმით, ამ გამონაბოქლვის გამო ალერგიული ხველა აწუხებს, თუმცა ექიმთან ვიზიტს ვერ ახერხებს. ალერგიასთან ერთად ჩიყვიც აქვს, ექიმმა ჰორმონი დაუნიშნა, თუმცა უსახსრობის გამო წამალს ვერ ყიდულობს.

სამივე გამოკითხულთაგან ყველას მენოპაუზა ნორმალურზე ადრე დაეწყო. ამის მიზეზი სავარაუდოდ, მაღალი სტრესი, ცხოვრების მძიმე პირობები და არაჯანსაღი გარემოა.

მაღალი სტრესის ხარისხი შეინიშნება ყველა გამოკითხულთან, ამის მიზეზეად ძირითადად სახელდება სამუშაოს მიერ გამოწვეული სტრეტი, ფინანსური პრობლემები, ვალები, უმუშევრობა. სტრესთან დაკავშირებით, უხილავობის კიდევ ერთი ფაქტი გამოჩნდა ეკასთან, როდესაც მან შემდეგი რამ თქვა: “ამდენ ნერვიულობას მხოლოდ საკუთარ თავზე ვიღებ, არ ვამბობ ოჯახში, ქმართან და შვილთან… რავიცი, ასეა ცხოვრება”. 

***

პრობლემების მოგვარების საკითხის მიმართ სკეპტიკურად არიან განწყობილი გარემოვაჭრეები, თუმცა გულგრილად რამდენიმე რამ მაინც დაასახელეს: მანქანების შემცირება, კორპუსების მშენებლობების შემცირება, პროცენტიანი ვალების რეგულირება სახელმწიფოს მიერ. ერთ-ერთი რესპონდენტი ამ კითხვას სრულიად ნიჰილისტურად შეხვდა: პრობლმების მოგვარების გზებს ვერ ხედავს, რადგან ფიქრობს, რომ მის აზრს ისედაც არავინ გაითვალისწინებს. ამ ნიჰილიზმში იკითხება როგორ ბედის ამარად დარჩენილები არიან ეს ქალები სახელმწიფოს მიერ, ყველა ზრუნვისა და სიკეთისგან შორს.

ეკა ინტერვიუს ბოლოს აღნიშნავს: “აქ, რომ იცოდეთ, პარლამენტშიც არ ზის ისეთი ჭკვიანი ხალხი ზის – ჩემზე არ მაქვს საუბარი, მე ერთი ჩვეულებრივი მასწავლებელი ვიყავი – აქ არიან ექიმები, პროფესორები, იმიტომ რომ იმ პერიოდში რომ არ იყო მუშაობა, საოცარი შიმშილობა იყო, მიანება ხალხმა თავი ყველაფერს და დაიწყო ვაჭრობა, ამ ვაჭრობით გაჰქონდათ თავი. დღეს კიდევ, ამდენმა “კარფურებმა” და ასეთებმა ისე მოაქციეს ცხოვრება, რომ ასე მუშაობის საშუალებაც აღარ გვაქვს”.

სახელმწიფო ვალდებულია იზრუნოს თავის ყველა მოქალაქეზე, მათი ეკონომიკური და სოციალური გაძლიერება იყოს პრიორიტეტი, ამისთვის მან უნდა “აღიაროს მოვაჭრეების სოციალური მოწყვლადობა, ზოგად სახელმწიფო დონეზე უნდა გაზარდოს სოციალური დახმარების პროგრამების მოცულობა; მიკრო დონეზე უნდა ჩაერიოს კომერციული ფართის ფასების დარეგულირებაში, ბაზრებისა და სავაჭრო ცენტრების მფლობელებსა და მოვაჭრეებს შორის მოლაპარაკებებში; უნდა გამოყოს საჯარო სივრცეები, სადაც მოვაჭრეებს უფასოდ ან დაბალი და სტაბილური გადასახადის ნაცვლად შეეძლებათ ვაჭრობა; უნდა გახსნას სახელმწიფო მფლობელობაში არსებული ბაზრები და სხვა სახის სავაჭრო სივრცეები”.

ამის დასაწყებად აუცილებელია, ოფიციალური კვლევების ჩატარება გარემოვაჭრეებზე და მათი პრობლემების დღის წესრიგში შეტანა. ჩვენი რეკომენდაციით, საჭიროა, გარემოვაჭრეებზე ჩატარდეს ორი სპეციფიკური კვლევა:

  • გარემოვაჭრეობის გენდერული ასპექტები
  • ჰაერის დაბინძურების ზემოქმედება გარემოვაჭრეებზე

სახელმწიფომ უნდა აღიაროს, რომ ამ ჯგუფის პრობლემებს და თავად მის ასეთი სახით არსებობას ქვეყანაში არსებული არასწორი ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკა იწვევს. პოლიტიკა, რომელიც რესურსების არასამართლიანად და უთანასწოროდ გადანაწილებას უწყობს ხელს.

ამის მზადყოფნა სახელმწიფოსგან ჯერჯერობით საერთოდ არ ჩანს. მოქმედი ხელისუფლება აგრძელებს წინას მიერ დაწყებულ ფასადური კეთილდღეობის პოლიტიკას, სადაც სიღარიბე იზრდება, თუმცა საჯარო სივრცეებში მისი ადგილი არ არის – იგი უნდა განიდევნოს, როგორც არასასურველი, მარგინალური, არაჰიგიენური, უწესრიგო.

__________

გამოყენებული წყაროები:

რეხვიაშვილი, ლ. (2017). გარემოვაჭრეები და კაპიტალისტური წესრიგი, EMC: https://emc.org.ge/ka/products/garemovachreebi-da-kapitalisturi-tsesrigi

ჯანიაშვილი, მ. და ბერეკაშვილი, ბ. გარემოვაჭრეობის სირთულეები და პრობლემები საქართველოში: https://1tv.ge/analytics/%E1%83%92%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%90%E1%83%AD%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%94/

International Labour Organization. Informal Economy: http://ilo.org/global/topics/employment-promotion/informal-economy/lang–en/index.htm

ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მონიტორინგის ავტომატური სადგურების მონაცემები (2018): http://meteo.gov.ge/radiation_pdf/656.pdf

კვლევა მომზადებულია ქალთა მზერის დაკვეთით.

ფინანსური პარტნიორია ფემინისტური ფონდი “ფრიდა”.

კვლევის ავტორები: მარიამ ვაწაძე, თეკლა კობიძე.

2018 წ.