მოცემული სტატია წარმოადგენს 2016 წლის 16 მაისს, მემარცხენე ქალთა ორგანიზაცია “ქალთა მზერა”-ს მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე ‘სოლიდარობის ქსელების საჭიროება – ლგბტ პოლიტიკის ინტეგრირება საერთო ბრძოლაში’ მომხსენებელი გიორგი ჩუბინიძის მიერ წარმოთქმულ სიტყვას.

დღეს მე მინდა ყურადღება მიგაქცევინოთ აუცილებელ და ყოველთვის გადაუდებელ მოთხოვნას, ეს მოთხოვნა და არა თხოვნა მუდამ თან გასდევს ყველა წინააღმდეგობის პოლიტიკას, რომელიც სტატუს ქვოს ახალი მომავალის სახელით აკრიტიკებს. ეს მოთხოვნა შეიძლება ითქვას რომ უნივერსალურია ან ოდნავ ფრთხილები რომ ვიყოთ, კვაზი-უნივერსალური, რამდენადაც ყველა წინააღმდეგობის დისკურსი განსხვავებულია და შესაბამისად განსხვავებულია ამ დისკურსების მიერ ნაწარმოები ნამეტი, ჭარბი, ზედმეტი წინააღმდეგობრივი იმპულსები, რომლებიც თავად ამ დისკურსების მდგრადობასაც კი უქმნის ხოლმე საფრთხეს. ამ მოთხოვნას ან იმპულსს, რომელსაც სიჭარბისა და ზედმეტობის თვისებები მივაწერეთ შეგვიძლია უბრალოდ და მარტივად სამართლიანობა ვუწოდოთ; სამართლიანობა, რომელიც აჭარბებს ყველა კანონს, ესე იგი, ყველა სტატუს ქვოს და ეჭქვეშ აყენებს მის საბოლოობას ან უბრალოდ მის სამართლიანობას. სამართლიანობის ამ ძახილის ან მოთხოვნისგან თავისუფალი არც წინააღმდეგობის პოლიტიკებია, რამდენადაც ისინიც, ისევე როგორც ყველა, ჩართულები არიან ძალაუფლებრივ ურთიერთობებში და შესაბამისად პოლიტიკა მიმდინარეობს არა მხოლოდ მჩაგვრელსა და ჩაგრულს შორის, არამედ მჩაგვრელსა და მჩაგვრელს, ჩაგრულსა და ჩაგრულს შორისაც და ეს აგონიზმი თუ ანტაგონიზმი, ხშირად პროდუქტიული და სასარგებლო, ამოუშლელი მოცემულობაა.

რა კავშირი აქვს ქვიარ თეორიას სამართლიანობის ასეთ გაგებასთან? ქვიარობა და ქვიარ თეორია ზოგადად ხშირად ასოციაციურად კავშირდება ანდროგინულ გარეგნობასთან, არანორმატიულ სექსუალურ ქცევებთან ან უბრალოდ აკრონიმ “ლგბტ”-სგან განსხვავებით არაექსკლუზიურ და ღია აღმნიშვნელთან, რომელიც მუდმივ გაფართოებას ექვემდებარება. რამდენადაც ქვიარობის ეს გაგებები მცდარი არ არის, იმდენად ისინი საჭიროებენ ქვიარობის და ქვიარ პოლიტიკის კიდევ ერთი ასპექტის გამოყოფას, რომელიც ჩემი აზრით ცენტრალურია ამ თეორიაზე და პრაქტიკაზე კიდევ უფრო სრული სურათის შესაქმნელად. თუმცა, ქვიარობასა და ქვიარ პოლიტიკაზე საუბარი არ მსურს ნაწილი იყოს “ეგზოტიკურ” თეორიებზე მსჯელობის, რომელიც საკუთარ თავს ვერ იცნობს ქართულ რეალობაში ან იმ რეალობაში, რომელსაც ერთმნიშვნელოვნად და ცალსახად ვუწოდებთ “ქართულს” და ჩვენი რეალობის “ქართულად” კვალიფიცირება არ არის ქვეყნის ოფიციალური სახელის უბრალო გამეორება, არამედ მის უკან ხშირად ჩაჩუმებული ე.წ. “არა-ქართული” ქცევები, სურვილები, იდენტობები იმალება. თუმცა ეს ყველაფერი არ არის.

ქვიარი არათარგმნადი ცნებაა და ამავდროულად სრულყოფილი თარგმნის შეუძლებლობის სიმპტომიცაა. ქვიარი არათარგმნადია იმდენად, რამდენადაც იგი რეპრეზენტაციული პოლიტიკის ნაშთია; ქვიარი ის არის, ვისი რეპრეზენტაცია, თარგმნა წინააღმდეგობის პოლიტიკამ საკუთარ ენაზე ვერ შეძლო. რაღაც აზრით ქვიარი წინააღმდეგობის პოლიტიკის გარდაუვალი პარაზიტია, რომლის გარეშეც წინააღმდეგობის პოლიტიკა, რაღაც აზრით, შეუძლებელიცაა. სხვა სიტყვებით, არ არსებობს რეპრეზენტაციული პოლიტიკა, რომელიც ყველა წინააღმდეგობრივ იმპულსს შეისრუტავს და საბოლოოდ დაადგენს საკუთარ ჰომოგენურობას. ქვიარი ამ აზრით ფემინისტური და ლგბტ პოლიტიკის პოლიტიზებული და რადიკალიზებული ნარჩენია, რომელიც გამეინსტრიმებას, ესე იგი, მთავარ, ცენტრალურ დინებას და მის კალაპოტს არ დაექვემდებარა, მასში არ ან ვერ მოექცა, არ შთაინთქა და წაიშალა. ქვიარი არათარგმნადი ცნებაა იმდენად, რამდენადაც ის პირობითია და მონიშნავს მუდმივად ცვალებად და ამბივალენტურ მიმართებას მეინსტრიმ ფემინისტურ და ლგბტ პოლიტიკებთან. ამგვარად, სიტყვა “ქვიარი” შეიძლება ჩანაცვლდეს სიტყვათა რიგი სერიებით, რომლებიც დააკმაყოფილებენ ზემოთ აღწერილ სტრუქტურულ მიმართებას მეინსტრიმთან ან დომინანტურ წინააღმდეგობის პოლიტიკასთან ან პოლიტიკებთან მიმართებით. სწორედ ამიტომ ქვიარობა კვაზი-უნივერსალურია, იმდენად, რამდენადაც იგი არსებობს ყველგან, სადაც ფემინისტური და ლგბტ პოლიტიკა ესწრაფვის სტატუს ქვოს გარდაქმნას და მასში გარკვეულ ფასად დამკვიდრებას. ეს ფასი ან ძღვენი, რომელსაც ეს პოლიტიკები თავიანთი მიზნებიდან გამომდინარე იხდიან ხშირად ან ზოგჯერ მავნე გვერდით ეფექტებს იძლევა.

მავნე გვერდითი ეფექტების საილუსტრაციოდ ისევ ის ქვეყანა გამოდგება, რომელსაც თავად სიტყვა ქვიარი უკავშირდება. შეერთებულ შტატებში გეი ქორწინების ოფიციალურ დაშვებასა და აღიარებს თან სდევდა მეინსტრიმ ლგბტ ორგანიზაციების მრავალწლიანი მუშაობა გეი ან ლესბოსელი ადამიანის უფრო წარმოსადეგი ხატის შესაქმნელად, რომელიც მართალია კონსერვატორისთვის თავზარდამცემად, მაგრამ მაინც გაიმეორებდა ჰეტერონორმატიულ და კაპიტალისტურ სამყაროში გაბატონებულ იდეალებს. აქვე აღსანიშნავია რომ ეს იდეალები, როგორებიცაა, ოჯახის სიწმინდე, სხეულის სიჯანსაღე, მონოგამიურობა, წარმატებულობა, ბედნიერება და სხვა, ხშირად სწორედ ანტითეტურად გამოიყენებოდა გეი და ლესბოსელ ადამიანებზე საჯარო საუბრისას. თავისთავად ცუდი ამ ღირებულებებში არაფერია, სირთულეები ჩნდება მაშინ, როცა თითოეული ეს ღირებულება თუ იდეალი საზოგადოებაში ნორმატიულ სტატუსს მიიღებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერ ღირებულება თუ იდეალი, რომელიც შეუსაბამო იქნება მათთან, ავტომატურად ან მექანიკურად დაინიშნება დევიაციად, გადახრად, არანორმალურობად. იდეოლოგიური სახელმწიფო აპარატები, და ეს ცნება კარგად აღწერს საჯარო სივრცეში იდეოლოგიური ჰეგემონიის რეპროდუცირების მექანიზმებს, ავტონომიურად და ავტომატურად იწყებენ ყველაფრის დისკვალიფიცირებას, რაც ამ აპარატების ფილტრებში აღარ ტარდება.

ნორმები, რომლებიც მეინსტრიმ ლგბტ პოლიტიკა შეერთებულ შტატებში ხელუხლებელი დატოვა ან, რომელთან შეზრდაც მიზნად დაისახა, არა უბრალოდ თეორიული აბსტრაქციები არიან არანაირი შედეგით რეალობაში, არამედ ეს თეორიული აბსტრაქციები შეუძლებელს ხდიან არანორმატიული სურვილების, იდენტობებისა თუ უბრალოდ ცხოვრების გაგებას, აღქმას ან სულაც დანახვას ან ისეთ დანახვას, რომელსაც უხილავობა შეიძლება ჯობდეს. თეორიული აბსტრაქციები ან უბრალო ახირებები, როგორც მოწიფულმა ლიდერმა შეიძლება უწოდოს, მნიშვნელოვანი შედეგების მქონეა. ერთი მხრივ ჰეტერონორმატიული და კაპიტალისტური ნორმების შეთვისება ახალ ექსკლუზიებსა და ახალ ძალადობებს აჩენს და არეპროდუცირებს, მეორე მხრივ ეს მოცემულობა ახალ მნიშვნელობას ანიჭებს გამოტოვებულთა პოლიტიკას, მათი სურვილებისა და მოთხოვნების პოზიტიურ აფირმაციას.

ძალიან შორს რომ არ წავიდეთ და რომ არ წარმოვიდგინოთ თითქოს ეს ყველაფერი ეგზოტიკური ცნებების სამყაროში ხდება, სადღაც შორს, ვიდრე აქ და ახლა, აუცილებელია აღინიშნოს ან სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს და პოლიტიზირდეს ის ექსკლუზიები, რომლებსაც თავად ჩვენი (?) წინააღმდეგობის თანდათან უფრო მარავალფეროვანი ფრონტი აწარმოებს, რაც ამავდროულად, და ესეც უნდა აღინიშნოს, არ უნდა გვაძლევდეს მეინსტრიმ პოლიტიკების ტოტალური უარყოფის, მათი სანაგვეზე მოსროლისა და სრულიად გაბატონების ცდუნებას. სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ როგორც თავში აღვნიშნე, ყველა ქართული წინააღმდეგობის პოლიტიკა ძირითადად ქართველო ცენტრულია, ყოველ შემთხვევაში, იშვიათად (და ეს იშვიათობები ყოველთვის განსაკუთრებით სასიხარულოა) თუ ვაწყდებით ხოლმე აზერბაიჯანელ, სომეხ თუ სხვა ეროვნების ადამიანებს ამ ფრონტში. ხშირად, ჩემი ჩათვლით, ვიხსენებთ ხოლმე შეერთებული შტატების გამოცდილებას, კერძოდ შავკანიანი ფემინისტების კრიტიკას, მაგრამ იშვითად თუ წავაწყდებით აზერბაიჯანელ და სომეხ ქალებზე ან აზერბაიჯანელი და სომეხი ქალების საუბარს მათ კომპლექსურ რეალობებზე, რომლებშიც ისინი ცხოვრობენ და აქ ძირითადად მხედველობაში მყავს ის ადამიანები, რომლებიც თბილისის მიღმა ცხოვრობენ, ესე იგი, პოლიტიკის მიღმაც.

ხელახლა რომ დავუბრუნდე ჩემი საუბრის შეფარულ თემას, რაც ჩემი განსაკუთრებული ინტერესია და ეს ინტერესი შეუძლებელი იქნებოდა, რომ არა წინააღმდეგობის ის ფრაგმენტირებული ფრონტი, რომლის გამთლიანებაზეც ყველა ვოცნებობთ. სწორედ ამ ფრაგმენტების შექმნამ, ესე იგი, საქართველოში ახალი მემარცხენე სოციალურ-პოლიტიკური მოძრაობების გაჩენამ, საშუალება მომცა ან ყველას საშუალება მოგვცა უფრო კარგად დავინახოთ წინააღმდეგობის პოლიტიკების ლიმიტები, განსაკუთრებით და ყველაზე მეტად ეს ლიბერალურ პოლიტიკებს ეხება, რომლებიც რაღაც აზრით ფართო პროგრესული ძალების ნაწილები არიან (თუ სიტყვა პროგრესული ღირს შესანარჩუნებლად თანმდევი ასოციაციებით). სოციალური ბრძოლების დივერსიფიკაცია ჩვენი საშუალებაა დავინახოთ სოციალური მოძრაობები არა ძალაუფლებრივი ურთიერთობების მიღმიერ, უმანკო აგენტებად, არამედ პოლიტიკის აქტიურ შემოქმედებად, რომლებიც ხშირად ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მოდიან და ეს წინააღმდეგობები ზოგჯერ უფრო მწვავეა, ვიდრე “საერთო მტერთან” დაპირისპირება.

საერთო ფრონტის ოცნება, რომელიც ყოველთვის თან გასდევდა ყველა პროგრესისტულ ძალებს ერთი მხრივ შეუძლებლობაა და მეორე მხრივ შესაძლოა საჭირო და აუცილებელი ინსტრუმენტი. ოცნება, როგორც ინსტრუმენტი, ოცნება, როგორც იარაღი. ხშირად საერთო ფრონტზე ვოცნებობთ მაშინ, როცა არავინაა ფრონტზე განსალაგებლად. ხშირად საერთოდ ენაზე ვოცნებობთ მაშინ, როცა არავინაა, ვინც სხვა ენაზე ლაპარაკობს ან ვინც ლაპარაკობს ჩვენს გარდა. თუმცა, საერთო ფრონტის ეს ძახილი არ არის აუცილებელი არსებულ მოცემულობას აღწერდეს, საერთოდ ფრონტი არსებობს მომავალში და იგი მოდის მომავლიდან, საერთო ფრონტი მო-მავალია ჩვენსკენ და ეს აქ და ახლა გვაიძულებს, ჩვენგან მოითხოვს გამოვიგონოთ ალიანსები, რომლებიც ჯერ არ არსებობენ, მაგრამ იარსებებენ. სხვა სიტყვებით, საერთო ფრონტი რამდენადაც ბევრს შეიძლება არაფერს აღწერდეს, იმდენად აწარმოებს ადგილებს, რომლებიც მომავალში შეივსებიან. ამგვარად, რთულია ვინმემ დამაჯერებელი და საბოლოო პასუხი გაგვცეს კითხვაზე იმის შესახებ თუ როგორ და რა მეთოდებითაა შესაძლებელია ჩაგვრის სხვადასხვა ფორმების ერთმანეთთან დაკავშირება, თუმცა უბრალოდ შეკითხვაც კი, რომელიც მის სასურველობას მონიშნავს, უკვე თავის თავში შეიცავს პასუხსაც, რომელიც ჯერ აქ არ არის, მაგრამ მოდის მომავლიდან.

რომ შევაჯამოთ, ერთი მხრივ ქვიარი ყველა პროგრესული პოლიტიკის თავსატეხია, იქნება ეს ლიბერალური თუ სოციალისტური და განცალკევებულ აფირმაციას, ორგანიზებასა და პოლიტიზირებას საჭიროებს, არავითარ შემთხვევაში უფრო ამაღლებულისთვის შეწირვას ან ჩაჩოჩებას. მეორე მხრივ კი, ქვიარობა და ჰომოგენური მთელების დაშლა, მათი ლიმიტების ჩვენება და ახალი ძალების ორგანიზება თავის თავში უნდა შეიცავდნენ “საერთო ფრონტის” დაპირებას; სწორედაც დაპირებას, რამდენადაც ბრძოლათა გადაკვეთის წერტილების მუდმივი ძიება არის პოლიტიკის შესაძლებლობის პირობა და ისევე როგორც ქვიარი გაგებული იმ აზრით, როგორადაც დღეს ჩვენ განვიხილეთ ფემინისტური და ლგბტ პოლიტიკების ჭრილში.

ავტორი: გიორგი ჩუბინიძე