XII თავი

ჯანსაღი კომუნიკაციის უნარებს ურთიერთობის გაუმჯობესება შეუძლია. ჯანსაღი კომუნიკაცია პატივისცემის, გულწრფელობის, მოსმენის, თქვენი გრძნობების და სურვილების გამოხატვის საშუალებაა.

12.1 რა არის ჯანსაღი კომუნიკაცია?

კომუნიკაცია მხოლოდ საუბარი  არაა.  მოსმენა  და პატივისცემა ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. ჯანსაღი კომუნიკაცია ორმხრივი უნდა იყოს. ადვილია, ილაპარაკო სასიამოვნო საგნებზე ან ისეთ რაღაცებზე, რაც ორივეს ერთად გადაგხდენიათ, თუმცა ჯანსაღი კომუნიკაციის დროს, ასევე შეგიძლიათ ისაუბროთ რთულ საგნებზეც ისე, რომ არ მიაყენოთ შეურაცხყოფა ერთმანეთს. შესაძლოა, ყოველთვის არ შეთანხმდეთ, თუმცა განხვავებებზე ლაპარაკიც შესაძლებელია, თუ თავს უსაფრთხოდ და დაფასებულად გრძნობთ. ეს ნიშნავს იმის თქმას, რასაც გრძნობთ, ან გსურთ და ასევე პარტნიორის მოსმენას და დაფასებასაც.

ჯანსაღი კომუნიკაცია არ უნდა იყოს მანიპულაციური, დამამცირებელი ან ცალმხრივი. ის არ უნდა ნიშნავდეს ,,შენის გატანას”, არამედ ერთმანეთის მხარდაჭერას.

12.2 რჩევები ჯანსაღი კომუნიკაციისთვის.

ჯანსაღი კომუნიკაცია ვარჯიშს და დაგეგმვას საჭიროებს. აქ მოყვანილია ის რჩევები, რომელიც დასაწყისისთვის დაგეხმარებათ:

  • აზრის ფორმულირება დაიწყეთ სიტყვით ,,მე”.

მაგ: ,,მე თავს ცუდად ვგრძნობ, როცა შენ…” იმის მაგივრად რომ თქვათ: ,,თავს ცუდად მაგრძნობინებ”. ეცადეთ თავი შეიკავოთ პარტნიორის დადანაშაულებისგან, რომ ისინი ძალით ცდილობენ თქვენთვის ტკივილის მოყენებას.

  • იყავით ნათელი და პირდაპირი. არავის არ შეუძლია თქვენი გონების წაკითხვა, ამიტომაც თქვით რას ფიქრობთ, გრძნობთ ან გჭირდებათ.
  • არ უგულებელყოთ თქვენი გრძნობები. თქვენი წუხილის ადრევე გამოთქმა უკეთესია, ვიდრე შემდგომში, როდესაც უფრო დიდ პრობლემად იქცევა.
  • განამტკიცეთ ნდობა ურთიერთობაში. თუ ვინმეს უნდობლობის საბაბი არ მოუცია, იმის დაჯერება, რომ საუბარში სიმართლეს გეუბნებიან და კარგს გულისხმობენ, დაგეხმარებათ ნდობის განმტკიცებაში.
  • დასვით კითხვები. თუ ვერ გაიგებთ, თუ რას ამბობს, ან რატომ ამბობს რაიმეს თქვენი პარტნიორი, შეეკითხეთ. არ შესძინოთ თქვენი ინტერპრეტაცია ნათქვამს.
  • ისაუბრეთ პირისპირ. ძალიან ადვილია ტექსტის ან იმეილის მისინტერპრეტაცია ან გაუგებრობა. პირისპირ საუბარი მისი ხმის ტონის  გაგების და მისი სხეულის ენის დანახვის საშუალებას მოგცემთ.
  • არ იყვიროთ. კამათისას გაბრაზება ნორმალურია, მაგრამ თუ ბრაზს გრძნობთ, შეისვენეთ, სანამ ორივე არ დაწყნარდებით.
  • მზად იყავით ბოდიშის მოხდისთვის. შეცდომები ყველას მოსდის. ბოდიშის მოხდა დაგეხმარებათ ჩხუბისშემდგომნორმალურიურთიერთობისთვის.

12.3 უარის თქმა სექსზე.

ხანდახან ძალიან რთულია პარტნიორისთვის იმის თქმა, რომ სექსი არ გინდათ. მაგრამ იმაზე ლაპარაკი, თუ რისი გაკეთება გსურთ, ან არ გსურთ სქესობრივად, ძალიან მნიშვნელოვანია ურთიერთობაში.

12.4 როგორ ვთქვა უარი სექსზე?

სექსზე უარის თქმა თეორიულად მარტივი უნდა იყოს, მაგრამ რეალურად, ,,არას” თქმისას შესაძლოა თავი წნეხის ქვეშ, დამნაშავედ, ან იძულებულად იგრძნოთ. ვინმესთვის სექსის იძულება არასდროსაა ნორმალური და თქვენ იმსახურებთ პირადი საზღვრების პატივისცემას. შესაძლოა გეგონოთ, რომ ყველას აქვს სექსი, თუმცა სიმართლე ისაა, რომ სექსუალური ცხოვრების დაწყების საშუალო ასაკი 17 წელია და ბევრი უფრო დიდხანსაც იცდის. თქვენ გაქვთ უფლება, გადაწყვიტოთ, თუ როდის იქნებით მზად სექსისთვის და შეგეძლოთ ,,არას” თქმა ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადამიანთან, ნებისმიერი მიზეზით (თუნდაც მაშინ, როდესაც უკვე გქონიათ). თუმცა უარის თქმა შესაძლოა ძალიან რთული იყოს, განსაკუთრებით მაშინ, თუ იქამდე არ გიფიქრიათ როგორი ფორმით უნდა გამოხატოთ ეს. სექსი დაფუძნებულია თანხმობაზე. თუ არ გინდათ სექსის ქონა, გააგებინეთ პარტნიორს.

თუ თქვენი პარტნიორი გაიძულებთ ან გემუქრებათ დაშორებით, იმის გამო, რომ სექსი ან სხვა სექსუალური აქტივობა არ გსურთ, ეს არაჯანსაღი ურთიერთობის ნიშანია. ხოლო, თუ თქვენს შეყვარებულს არ სურს სექსი, მნიშვნელოვანია ამ გადაწყვეტილების პატივისცემა. ისინი უარს სექსზე ამბობენ და არა თქვენზე.

12.5 რჩევები სექსზე უარის თქმისთვის

  • ,,არა” თითქოს მარტივი სიტყვაა, თუმცა, მისი თქმა შესაძლოა რთული იყოს საყვარელი ადამიანისთვის. აქ მოყვანილია რჩევები, თუ როგორ შეგიძლიათ ცივილურად უარის თქმა: იყავით თავდაჯერებული და იცოდეთ რა გინდათ. ეს ნიშნავს ფიქრს, იმაზე, თუ რატომ გსურთ მოცდა.
  • თქვით ,,არა”. თქვენ არ ხართ ვალდებული არავისთან (თუნდაც იმ ადამიანის წინაშე, ვინც გიყვართ) , აუხსნათ თუ რატომ არ გინდათ იმის გაკეთება, რაც თავად სურთ. ახსნა შეგიძლიათ, მაგრამ დაიმახსოვრეთ, რომ ვალდებული არ ხართ.
  • უთხარით, თუ რისი გაკეთება გსურთ მათგან ერთად: კოცნა, შეხება, ფილმების ნახვა და ა.შ.
  • იყავით ნათელი და პირდაპირი. საუბრისას უყურეთ თვალებში და გამოიყენეთ სერიოზული ტონი.
  • პარტნიორს ასევე შეგიძლიათ გააგებინოთ, რომ მოგწონთ ან გიყვართ ის, თუმცა სექსისთვის მზად არ ხართ.

მთარგმნელი : ანო გულიშვილი

© Planned Parenthood Federation of America Inc. 

კრებულის სხვა თავების სანახავად გადადით საიტის განყოფილებაში “ყველაფერი შენი სხეულის შესახებ”.