ჩვენს შესახებ

მემარცხენე ფემინისტური მოძრაობა “ქალთა მზერა” ორიენტირებულია ქალთა ავტონომიური პოლიტიკის წარმოებაზე."ქალთა მზერა"

პოლიტიკის ავტონომიურად წარმოების მცდელობებისას, ჩვენს რეალობაში არსებობს შემდეგი წინაღობები –  მემარცხენე ფემინისტურმა მოძრაობამ უნდა მოახდინოს საკუთარი მოთხოვნების ლიბერალური მოთხოვნებისგან გამიჯვნა, ფემინისტურმა მოძრაობამ უნდა მოახერხოს მოძრაობის შიგნით იდეების კლასობრივ პრიზმაში დაფუძნება, ხოლო შემდეგ გადალახოს მამაკაცთა და არამხოლოდ მათ მიერ ლიმიტირებული და წინასწარ დასაზღვრული ავტონომიურობა.

ჩვენ უნდა მივაღწიოთ ძირეული ცვლილებას ქალებისთვის, რაც გულისხმობს სიმდიდრის გადანაწილების იერარქიის შეცვლას. უნდა შეიცვალოს ტენდენცია, რომლის მიხედვითაც  ეკონომიკის, კულტურის და პოლიტიკის ცალ-ცალკე, ერთმანეთისგან გათიშულ საკითხებად განხილვაა გაბატონებული. აუცილებელია გაკრიტიკებულ იქნას კაპიტალისტური წარმოების წესი და ნეოლიბერალური სუბიექტის წარმოების პროცესი, რომლებსაც სიმდიდრის არათანაბარ გადანაწილებასთან და აზროვნების დეპოლიტიზებასთან ერთად, თვითონ ფემინიზმი ახალ, სტერილურ გზაზე გადაჰყავს. ნეოლიბერალიზმმა მოახდინა რადიკალიზმის გამოთიშვა ფემინიზმის ემანსიპატორული იდეისაგან, შედეგად კი პრაქსისის მაგივრად გვაქვს ფემინიზმი, როგორც როგორც ინსტიტუციაში მოსვლის გარანტია. ეს პრაქტიკა შესაცვლელია.

ლიბერალური ტალღის შედეგად განვითარებულმა ფსევდომემარცხენე აქტივიზმმა კარგად დაალაგა პრიორიტეტები მიმართებით, როგორიცაა „ჯერ ბანკები, მერე ქალები’’, თითქოს გენდერული საკითხი არ იყოს ერთ-ერთი ფუნდამენტური და შექმნა დღის წესრიგი, რომელშიც ქალთა საკითხი ნაკლებმნიშვნელოვანია. ჩვენ უნდა ჩავერთოთ სოციალური ტრანსფორმაციის პროექტში, როგორც ქალები. ნეოლიბერალიზმის წყალობით, საზოგადოებაში მასკულინობის კონცეპტი ტრანსფორმირდა, რამაც ახალი სუნთქვა გაუხსნა ქალის პასიურ სუბიექტად დატოვების ძველ პრაქტიკას. ასეთი ნიადაგიდან ამოზრდილ მოძრაობებში ქალი არათუ ძლიერდება, არამედ ხდება მისი, როგორც რაოდენობრივად გამამრავლებლის გამოყენება უსქესო მოთხოვნების წამოყენებისას, ქალებს აღიქვამენ დამატებად და არა უშუალო სუბიექტებად. ჩვენ უნდა შევცვალოთ ეს პრაქტიკა და ჩავანაცვლოთ იგი ქალთა საჭიროებებიდან ამოზრდილი მოთხოვნების მყარად დაფიქსირებით.
ჩვენი მიზანია, რომ ქალების კლასობრივი ინტუიცია გარდაიქმნას კლასობრივ ცნობიერებად.  ჩვენი მიზანია შევარყიოთ ავტონომიის ცნების ლიმიტირებულობა და მარგინალიზებულობა, გავაბათილოთ ის აზრი, რომლის მიხედვითაც ავტონომია სამუდამო სეპარაციაში მყოფ, ანტაგონიზმის გამაღვივებელ, საშიშ პრაქტიკადაა დასახული.

ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რომ საჭიროა შევქმნათ მოძრაობა მემარცხენე მოძრაობაში და წინააღმდეგობა – წინააღმდეგობაში ნაცვლად იმისა, რომ ერთიანობის სახელით მივჩქმალოთ არსებული წინააღმდეგობები, ეს პოლიტიკურად დამღუპველია.
ავტონომიური ფემინისტური სივრცეების მეშვეობით, ჩვენ შეგვიძლია შევასუსტოთ კაცებზე ფსიქოლოგიური დამოკიდებულება, შევამოწმოთ ჩვენი ან დავიმოწმოთ სხვა ქალების გამოცდილება, შევქმნათ ნორმათა ახალი დისკურსები, მაგალითისთვის, ჩვენ გვჭირდება ენის დემოკრატიზაცია და სტრატეგიების შესასრულებლად და დასასახად, საშუალებათა მაქსიმალური ათვისება.

ნათელია, რომ „ქალი’’ არის კონცეპტი, რომელიც ჩვენ უნდა გავხადოთ პრობლემური, მოვახდინოთ მისი დესტაბილიზაცია და შევცვალოთ იგი ჩვენი ბრძოლის პროცესში. დღესაც, როგორც ადრე, მემარცხენე მოძრაობის მთავარი გამოწვევაა, რომ დაუშვან ფემინისტების მიერ სოციალური მოძრაობის შექმნა და აღიარონ, რომ მოთხოვნათა და მოძრაობათა ჰომოგენურობაზე ოცნება უპირისპირდება ქალთა ისტორიულ ჩაგვრის ანალიზს.
ჩვენი მიზანია, ავალაპარაკოთ ქალთა მატერიალური საჭიროებები და გარდავქმნათ ყოფა ისეთი მექანიზმების მეშვეობით, რომლებიც აიძულებს სახელმწიფოს აიღოს სოციალური პასუხისმგებლობა ქალებზე, მშრომელებზე და ყველა იმ მარგინალურ ჯგუფზე, რომელსაც კაპიტალისტური პატრიარქატი მოგებისათვის ამუშავებს.