ავტორი: გვანცა ხონელიძე

სუროგატი დედა არის ქალი, რომლის საშვილოსნოშიც გადააქვთ სხვა ქალის კვერცხუჯრედისაგან მიღებული ემბრიონი, რომელიც იმყოფება განვითარების მეხუთე დღის სტადიაზე. სუროგატი დედის დახმარება ესაჭიროება ისეთ პაციენტს, რომელსაც თავისი საკუთარი ემბრიონის 9 თვე ტარება არ შეუძლია საშვილოსნოს პათოლოგიის ან რაიმე სომატური დაავადების გამო (მაგ. დიაბეტი). სუროგატ დედასა და ნაყოფს შორის არ არის გენეტიკური კავშირი ვინაიდან ემბრიონი სხვა ქალის კვერცხუჯრედის განაყოფიერების შედეგადაა მიღებული. სუროგატი დედის სისხლიდან მხოლოდ ჟანგბადსა და საკვებ ნივთიერებებს იღებს ნაყოფი. სუროგატი დედის საშვილოსნო ასრულებს ე.წ. ბუნებრივი ინკუბატორის როლს. ესაა სტანდარტული დეფინიცია სუროგატი დედისა. ქალის სხეულის სამოქალაქო შეთანხმების ფარგლებში გამოყენებასთან მიმართებით ევროპული სამართლის ოჯახში განსხვავებული და საკმაოდ ორაზროვანი მიმართებები იკვეთება. საფრანგეთი, გერმანია, იტალია, ესპანეთი, პორტუგალია და ბულგარეთი კრძალავს ნებისმიერი ფორმით სუროგაციას. გერმანიაში სუროგაციის შემთხვევები სისხლის სამართლის დანაშაულად კვალიფიცირდება. ისრაელში „ემბრიონის ტარების ხელშეკრულება“ შედგება ორი ნაწილისგან : -შეთანხმება სუროგატსა და სუროგაციის მსურველ მხარეს შორის -, შეთანხმება ბავშვის სტატუსის შესახებ, კანონი ამ შეთანხმებას აღიქვამს მხარეთა შორის დამოუკიდებლად დადებულ ხელშეკრულებად „თავისუფალ ბაზარზე“. გაერთიანებულ სამეფოში, ირლანდიაში, დანიაში და ბელგიაში კანონით ნებადართულია მხოლოდ ალტრუისტული სუროგაცია, ხოლო კომერიცული აკრძალულია. ბელგიაში ერთადერთი კლინიკა მუშაობს ამ კუთხით, სადაც საკმაოდ მკაცრი წესებია. შესაბამისად ბელგიის მოქალაქეები უფრო ხშირად სხვა ქვეყნებში სარგებლობენ ამ „მომსახურებით“. კომერციული სუროგაცია არის ლეგალური ამერიკის შეერთებული შტატების რამოდენიმე შტატში, რუსეთში, ინდოეთში, უკრაინაში, საქართველოში სუროგაციის ცენტრების არსებობა 1997 წლიდან არის ლეგალიზებული. საკანონმდებლო რეგულაციებთან ერთად ყურადსაღებია ფინანსურ მხარესაც, ოჯახები, საერთაშორისო არაკომერციული ორგანიზაციებიდან შემდეგი რაოდენობის თანხებს იღებენ.

ამერიკა – $100,000

ინდოეთი – $47,350

ტაილანდი – $52,000

უკრაინა – $49,950

საქართველო – $49,950

მექსიკა – $45,000

(BBC ნიუსის ინფორმაცია, 6 აგვისტო, 2014  )

პირველად ეს მეთოდი გამოიყენეს 1986 წელს ინგლისში, რომლის შედეგად დაიბადა გოგონა. სუროგატმა დედამ უარი განაცხადა ბავშვის გადაცემაზე, თუმცა ნიუ-ჯერსის სასამართლომ ბავშვის მეურვეობა მიანიჭა ბილოგიურ მამას. ამის პარალელურად სუროგატ დედას მიენიჭა უფლება ბავშვის აღზრდაში მონაწილეობის. პირველად ამ მეთოდით საქართველოში ბავშვი დაიბადა 2004 წელს. ამ ფაქტის შემდეგ ინტერესი სუროგაციის მიმართ თანდათანობით იზრდება. ჯანდაცვის საერთაშორისო სააგენტოს სუროგაციის ცენტრში სუროგატი დედობის მსრუველთა რაოდენობა იზრდება. 2008 წლიდან დარეგისტრირებულია 38-მდე ქალი. ხოლო 2014 წლის მონაცემებით 49 ქალი. ჟორდანიას სახელობის სამედიცინო კვლევითი ინსტიტუტის მონაცემთა ბაზაში კი სამი წლის განმავლობაში ასამდე წარმატებული გარიგებაა დარეგისტრირებული.

90 იანი წლების მეორე ნახევარი არის პერიოდი, როდესაც ახალ დამოუკიდებლობა გამოცხადებული საქართველო უერთდება ყველა საერთაშორისო პაქსტსა თუ დათქმას და ეს ისტერიული ფონი ერთის მხრივ იყო იმისი საჯარო პოლიტიკურ ველში მტკიცება რომ ქვეყანა დამოუკიდებელია და მეორეს მხრივ დასავლურ, ევროპულ წესრიგში გადაბარგების დასტური. საქართველოს კანონი „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ “, რომელიც 1997 წელს იქნა მიღებული დასაშვებს ხდის ინ ვიტრო განაყოფიერებას , საშვილოსნოსშიდა ინსემინაციას, სუროგაციას, როგორც ოჯახის დაგეგმვის ერთ-ერთ ფორმას. ეს კანონი, რომელიც მთელ რიგ ქვეყნებში ეთიკურ დილემებს სვამს საქართველოში ძლიერი ლობის მეშვეობით გავიდა საკანონმდებლო ორგანოში, რადგან მარტო დღეს 3 ძლიერი სუროგაციის ცენტრი არსებობს საქართველოში. ეს კანონი გავიდა სამოქალაქო საზოგადოებისა და საჯარო განხილვების და ინფორმირებულობის და ევროპული პრაქტიკების გაცნობის გარეშე.

გერმანიაში ნებისმიერი სახის სუროგაცია მკაცრადაა დარეგულირებული და წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს. ახლანდელი კანონის თანახმად, არცერთმა სპეციალისტმა არ უნდა მოახდინოს განაყოფიერება და ემბრიონის დონაცია, ქალზე რომელიც მზად არის გადასცეს ბავშვი  პოტენციურ მშობლებს დადგენილ ვადებში. ეს არის სამათლებლივი დანაშაული და გულისხმობს თავისუფლების აღკვეთას, ან შესაბამისი ფულადი ჯარიმის გადახდას.კანონი: 13 დ.  კრძალავს რეკლამირებას სუროგაციის საკითხთან დაკავშირებით და მისი არ გათვალისწინება გულისხმობს სისხლის სამართლის აღძვრას. სწორედ ასეთი  კანონის გამო, გერმანელი წყვილები მიმართავენ სხვა ქვეყნებს სადაც სოციალური ფონი გაცილებით დაბალია და კანონმდებლობა კი ქალის სხეულის ექსპლუატაციას მორგებული. 2014 წელს გერმანულ შპიგელში დაიბეჭდა ქართველ სუროგატ დედაზე, ჟანაზე, ვრცელი სტატია რომლითაც ჟანას სახით ილუსტრირებულია აღმოსავლეთ ევროპელი,აზიელი, განვითარებადი მესამე სამყაროს ქალების ბედი, რომელთა ექსპლუატირებული ყოფის დამაგვირგვინებელი ამ ქვეყნების კანონმდებლობაა. ჟანა არის 29 წლის, ჰყავს მეუღლე და ორი შვილი, მისი დღიური შემოსავალი რესტორანში მიმტანად მუშაობიდან არის 15 ლარი. შვედი წყვილისათვის ბავშვის გადაცემის შემდეგ ის მიიღებს 15 000 ამერიკულ დოლარს რომლის მეშვეობითაც აპირებს ერთ ოთახიანი ბინის შეძენას. მან რამდენჯერმე კვერცხუჯრედიც გაყიდა და იცის რომ ამერიკაში არის ერთი მისი „შვილი“. ჟანა ამბობს რომ ეხლა იგრძნო თუ რა არის იყო ორსული. იგი ყოველთვიურ კონსულტაციაზე დადიოდა გინეკოლოგთან, იღებდა დაგეგმილ კვებით რაციონს, შვედმა ოჯახმა მას საყოფაცხოვრებო ნივთებიც აჩუქა. საინტერესო ფაქტია ისიც რომ სუროგატი დედა არის ჟანა, ხოლო კვერცხუჯრედის მიმცემი ქალი არის ასევე ქართველი. შპიგელი სათაურს იწყებს შემდეგი ეთიკური დილემით ჰყავს თუ არა ბავშვს 3 დედა? ის რომლის გენებიც ააქვს, ის რომელმაც მუცლით ატარა თუ ის რომელიც გაზრდის და შვედეთში კარგ პირობებს შეუქმნის?

სუროგაციის ჯანსაღი კრიტიკის ველი წმინდად ფემინისტური და ანტიკაპიტალისტურია. ქალის რეპროდუქციული უნარი ხდება სამართლებრივი გარიგების ობიექტი რაც სამართლის ეთიკურ წესთან მოდის წინააღმდეგობაში, რომელიც ერთის მხრივ აღიარებს შრომას, რომელსაც გასწევს ადამიანი და რომელიც რეგულირდება სამართლებრივი ნორმების მეშვეობით, მაგრამ მეორეს მხრივ დაუშვებლად მიაჩნია ორგანოებსა და სხეულის ნაწილებზე ისე მოხდეს შეთანხმების მიღწევა როგორც სამოქალაქო ბრუნვაში თავისუფლად არსებულ ნივთებზე. ქალის აქვს ბიოლოგიური შესაძლებლობა ნაყოფი გამოკვებოს და გამოზარდოს ნერვულის სისტემის დისფუნქციის, ნივთიერებათა ცვლის მოშლის ხარჯზე. სუროგაციის ცნება თავის თავშივე აკეთებს დაშვებას რომ არსებობს სრულიად წმინდა, ავთენტური ნებელობა სხეულში ნაყოფის გაზრდისა, სამართალი ამ შემთხვევაში ბრმაა სუროგატი დედის ყოფისა და გადაწყვეტილების მიზეზ შედეგობრიობა გამოკვეთოს ან დააინტერესოს, იგი ორიენტირს დამკვეთზე აკეთებს, რომელიც აგებს არაჰორიზონტალურ ურთიერთობას და სარგებლობს წინასწარ გარანტირებული ნაყოფზე საკუთრების უფლებით და სუროგატი დედის ყოველდღიურობის განკარგვისა და დაგეგმვის პრივილეგიით. ამ გარიგებისას სუროგატი დედის სხეული ხდება კანონმდებლობისთვის, მედიცინისთვის, დამკვეთი ოჯახისთვის და შუამავალი სუროგაციის ცენტრისთვის შიშველი დაკვირვებისა და მართვის ობიექტი. უშუალო 9 თვიან ორსულობის ფაზას წინ უსწრებს ვარჯიშის, კარგი დიეტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დისციპლინარული დანერგვა, ხოლო 9 თვის მანძილზე სავალდებულო შემოწმებები და ზედამხედველობა. ქალის სხეული ამ პერიოდში, როგორც ბუნებრივი საწარმო მოქმედებს 4 ზედამხედველობის აპარატის მიერ წინასწარ დაანგარიშებული ქმედებების მიხედვით.

სუროგაციის პოზიტიურად განხილვისას მთავარი არგუმენტი არის ბავშვის ყოლის სურვილის მქონე წყვილების არსებობა. ქალის სხეულის ინკუბატორად ათვისება პირდაპირ პროპორციულია დედობისა და შვილის ყოლის ფეტიშიზაციით რომელიც არა თანდაყოლილი ადამიანური მახასიათებელია არამედ კონკრეტულ პერიოდში ჩამოყალიბებული სოციალური კონსტრუქტია. ქალის სხეულზე კონტროლი არ შემოიფარგლება მხოლოდ შობადობის რეგულაციით, იგი უფრო თანმიმდევრულია და იწყება ორსულობის, დედობის და მშობიარობის ფეტიშიზაციით. შუა საუკუნეებში არ არსებობდა კონცეპტი „დედობა“ და „ბავშვობა“. ბავშვი თავისი ცნობიერებით არ იყო გაყოფილი მოზრდილი ადამიანისგან. ნელ- ნელა ბავშვები ყალიბდებიან როგორც კლასი, განსაკუთრებული სათამაშოებით, ტანსაცმლით, განსაკუთრებული საკომუნიკაციო ენით. ნელ-ნელა ქალი, ყალიბდება როგორც ამ არსების მომვლელი, დამასპეციალიზირებელი, პირველი სოციალიზაციის მიმნიჭებელი. შობადობა საკრალურად იქცა, პრიორიტეტი იმისკენ გადაიხარა ვინც გამნაყოფიერებელია, გამნაყოფიერებელი იძლევა გვარსაც და საკუთრებასაც შესაბამისად განაყოფიერებული ზიგოტის დაცვა იქცა სოციალური წესრიგის  შენარჩუნების სიმბოლოდ.

მშობიარობისა და ბედნიერი დედობის მითების მიღმა დგას ქალის გამოფიტული სხეული, შეცვლილი ჰორმონალური ბალანსი, მშობიარობის შემდეგ გარკვეული პერიოდი შეზღუდული შერაცხადობა, დეპრესიები, ტოქსიკოზი, მასტოპათია. მიუხედავად ამისა კულტურა და მედია გვეუბნება რომ ეს ყოველივე არ არსებობს. მითები სწორედ მაშინაა საჭირო, როცა რაღაც მნიშვნელოვანია დასამალი, სენტიმენტების წარმოქმნით მოხდა ქალების აზროვნების დაშორება თავიანთი სხეულებისგან, რომლებსაც ისინი უკვე ფრაგმენტულად აღიქვამენ,  ქალის შობადობის უნარი არის ის, რაც მიითვისა სახელმწიფომ და ძალაუფლებრივმა აპარატმა და ეს ცარიელი ადგილი ამოავსო აბსტრაქტული დედობის კონცეპტით.

გერმანული კანონმდებლობით თუ ნებისმიერი, კომერციული თუ ალტრუისტული სუროგაცია დასჯადია სამაგიეროდ გერმანელი ბავშვის მსურველები მიდიან ისეთ ქვეყნებში მაგალითად ინდოეთში სადაც კანონმდებლობა საერთოდ არ აწესრიგებს სუროგაციას, ან საქართველოსა და რუსეთში სადაც ძალიან დაბალი ფასის გადახდა უწევთ. ევროპული დახვეწილი კანონმდებლობა პრინციპის დონეზე იცავს საშუალო სტატისტიკურ ევროპელ თეთრკანიან მოქალაქეს, რათა არ გახდეს სუროგატი დედა სამაგიეროდ თუნდაც ევროპაში გეტოებში მცხოვრებ არაბებზე, აფრო ამერიკელებზე ლათინოსებზე კანონმდებლობის გავრცელება  უუნაროა რადგან აქ იატაკქვეშა გარიგებები ლაპარაკობს კანონების მაგივრად. შესაბამისად კანონი ვერ კარნახობს ყოფას ცვლილებისკენ. პირველი რასაც მსოფლიო რეგულაციებით ვხედავთ არის ის რომ მესამე სამყაროს მუშა ხელის ექსპლუატაციის პარალელურად ქალის რეპროდუქციული უნარის გამოყენება აქტიურად მიმდინარეობს ცივილიზებული ქვეყნების მიერ.

შპიგელში დაბეჭდილი სტატია არის ერთი ქალის ღატაკი ყოფის ალაპარაკების მცდელობა პარალელურად ეს გერმანელისთვის არის იმის ჩვენება რომ მას აქვს ეთიკური პერსპექტივის შენარჩუნების ფუფუნება, რაც მხოლოდ გერმანიისმაგვარ ერებს აქვთ. ჟანასთვის ყოფა სხვაგვარია, იგი ამბობს რომ დიახ, მე ვარ ინკუბატორი, ეს არაა ჩემი შვილი. მისი გაჭირვება არღვევს მასში დედობრივი კონსტრუქტის განცდებს ნაყოფის მიმართ, მაგრამ ნეგატიურად, რადგან საკუთარი სხეულის მიმართ დამოკიდებულება უკვე უკარნახეს. და დააჯერეს რომ თუ ფული უნდა და უნდა რომ ბინა იყიდოს სახელწიფოს კიარ უნდა დააკისროს სოციალური პასუხისმგებლობა არამედ წავიდეს და სუროგატი დედა გახდეს.

ალტრუისტული სუროგაციის პრაქტიკები არ ცვლის სუროგატი დედის კომერციული ურთიერთობის სოციალურად ჩამოყალიბებულ შინაარსს. ესაა მძიმე სოციალური ფონის გამოძახილი, სუროგაციაზე საუბარი ვერ დაიყვანება ეთიკურ დილემამდე, პირიქით ეს დილემა საუკეთესო ოინია დაგვარწმუნონ რომ მატერიალური ფაქტორები არ განკარგავს სუროგატად გახდომის სურვილს. სასწორის მეორე პინაზე გვთავაზობენ შვილის ყოლის სურვილს. შვედი ქალი რომელსაც უნდა ბავშვი, შეუქმნის მას კეთილდღეობას აჩენინებს ქართველ ჟანას ბავშვს, ეს აქტი  ჟანას და ჟანას უკან მდგომი ქალების სტატუს კვოს შენარჩუნებაა დედობის სურვილის გამო.

რა შეიძლება იყოს ამ საკითხზე რეფლექსიის მიზანი? უპირველესად ქალები ვინც სუროგატი დედები არიან გაერთიანდნენ ერთი ნიშნის ქვეშ რა ნიშანსაც ანტიკაპიტალსიტური და ფემინისტური დისკურსი შექმნის, ესაა ჩაგრული და ექსპლუატირებული ქალის ნიშანი. მეორე გზა კანონმდებლობის შეცვლა და იმ კერძო ბიზნესებისათვის სარჩოს შეწყვეტაა რომლებიც წლებია მილიონებს იღებენ სუროგაციის პოზიტიურად რეკლამირებით.კანონის შეცვლა არ შეცვლის ყოფას, რომელიც კომპლექსურია. სოციალური პასუხისმგებლობისგან დაცლილი სახელმწიფო თავის მუშა ხელთან ყოველდღიურად უშვებს მესიჯებს რომ ინდივიდუალური პასუხისმგებლობაა ნებისმიერი წარმატებისა და წარუმატებლობის, სოციალური სიდუხჭირისა თუ სიმდიდრის საწინდარი. მინიმალური კეთილდღეობების მოთხოვნის გაძლიერებით, როგორიცაა მინიმალური სტანდარტი ხელფასისა, შრომის ინსპექცია, საყოველთაო დაზღვევის პაკეტი, სპეციფიურად ქალთა რეპროდუქციული სისტემის საჭიროებებზე მორგებული შეღავათიანი პაკეტები ამ ეტაპზე ესაა პირველადი ბრძოლის სტრატეგია რომ ქალს მიეცეს საშუალება  და დრო მისი სხეულის მიკრო პოლიტიკა დაგეგმოს გარეშე პროცესებისგან დამოუკიდებლად.