ანდრეა დვორკინი, ჩვენი სისხლი

დაიბეჭდა: ანდრეა დვორკინი, ჩვენი სისხლი: წინასწარმეტყველებანი და მსჯელობანი სექსის პოლიტიკის შესახებ. ნიუ იორკი, ნიუ იორკი: ჰარპერ ენდ როუ, 1976 თავი IX, ძირითადი მიზეზი გამოსვლა მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტში, კემბრიჯი, 1975 წლის 26 სექტემბერი. მთარგმნელი: ნესტან მღებრიშვილი ·

პირველ-პრინციპები და მიზეზებია ის, რაც აუცილებლად უნდა ვიცოდეთ, რამეთუ სწორედ მათით და მათგანაა ცნობილი სხვა დანარჩენი… – არისტოტელე, მეტაფიზიკა, წიგნი პირველი

დღეს მსურს, გესაუბროთ ზოგ რეალობასა და შესაძლებლობაზე. რეალობები სასტიკი და ველურია; შესაძლებლობები კი, გულწრფელად რომ გითხრათ, შეიძლება, შეუძლებლად მიიჩნიოთ. მინდა, შეგახსენოთ, რომ იყო დრო, როდესაც ყველას სჯეროდა დედამიწის სიბრტყის. ნავიგაცია მთლიანად ამ რწმენაზე იყო დამყარებული. ყველა რუკა ამ რწმენაზე დაფუძნებული დეტალებით იქმნებოდა. ახლა რწმენას ვუწოდებ, თუმცა მაშინ, ეს სინამდვილე იყო, ერთადერთი წარმოსადგენი სინამდვილე. სინამდვილე იყო იმიტომ, რომ ყველას სჯეროდა მისი სიმართლის. ყველას სჯეროდა მისი სიმართლის იმიტომ, რომ სიმართლეს ჰგავდა. დედამიწა ბრტყლად გამოიყურებოდა; არ არსებობდა ვითარება, რომელშიც მას ჰორიზონტზე არ ჰქონდა ნაპირები, სადაც ვინმე შეიძლებოდა გადავარდნილიყო; ადამიანები ასკვნიდნენ, რომ სადღაც არსებობდა უკანასკნელი ნაპირი, რომლის იქითაც არაფერი იყო. წარმოსახვის უნარი, როგორც ყოველთვის, შებოჭილი იყო არსებითად შეზღუდული და კულტურულად განპირობებული ფიზიკური გრძნობების მიერ და სწორედ ამ გრძნობებმა დაადგინეს დედამიწის სიბრტყეც. სინამდვილის ეს პრინციპი არ იყო მხოლოდ თეორიული; მის მიხედვით მოქმედებდნენ. გემები არასდროს ცურავდა ზედმეტად შორს რომელიმე მიმართულებით იმიტომ, რომ არავის უნდოდა დედამიწის ნაპირებს მიღმა გადაცურვა; არავის უნდოდა საზარელი სიკვდილი ამგვარი წინდაუხედავი, სულელური ქმედების შედეგად. საზოგადოებებში, სადაც ნავიგაცია მნიშვნელოვან საქმიანობას წარმოადგენდა, ამგვარი ბედის შიში აშკარა და შემაძრწუნებელი იყო.
ახლა კი, როგორც ამბავი იუწყება, კაცმა სახელად ქრისტეფორე კოლუმბი წარმოიდგინა, რომ დედამიწა მრგვალი იყო. მან წარმოიდგინა, რომ შესაძლებელი იყო შორეულ აღმოსავლეთთან დასავლეთისკენ გაცურვით მიღწევა. არ ვიცით, როგორ ჩაისახა მის გონებაში ეს იდეა; თუმცა მან ეს ნამდვილად წარმოიდგინა და აღარც დავიწყებია. დიდი ხნის მანძილზე, მანამ, სანამ დედოფალ იზაბელას შეხვდებოდა, მას არავინ უსმენდა და მის იდეასაც არაფრად აგდებდნენ, რადგან ის აშკარად შეშლილი იყო. დედამიწა უეჭველად ბრტყელი იყო. ახლა ჩვენ ვუყურებთ დედამიწის კოსმოსიდან გადაღებულ სურათებს და აღარც გვახსოვს, რომ ოდესღაც არსებობდა უნივერსალური რწმენა, რომ დედამიწა ბრტყელი იყო.
შემდეგი ამბავი ხშირად გამეორებულა. მარი კიურის გაუჩნდა უცნაური იდეა, რომ არსებობდა ჯერ კიდევ აღმოუჩენელი ელემენტი, რომელიც აქტიური იყო, მუდამ ცვალებადი და ცოცხალი. მეცნიერული აზროვნება მთლიანად დაფუძნებული იყო ცნებაზე, რომ ყველა ელემენტი პასიური, ინერტული და სტაბილური იყო. მიუხედავად იმისა, რომ მასხრად იგდებდნენ და სამეცნიერო დაწესებულებები უარს ეუბნებოდნენ შესაფერისი ლაბორატორიის გამოყოფაზე, მიუხედავად იმისა, რომ სიღარიბისა და წყვდიადისთვის იყო განწირული, მარი კიური, თავის მეუღლესთან – პიერთან ერთად, დაუღალავად შრომობდა რადიუმის გამოსაყოფად, რომელიც, თავდაპირველად, მხოლოდ და მხოლოდ მისი წარმოსახვის ნაყოფი იყო. რადიუმის აღმოჩენამ სრულიად გაანადგურა ძირითადი წინაპირობა, რომელზეც დაფუძნებული იყო როგორც ფიზიკა, ასევე ქიმიაც. რადიუმის აღმოჩენამდე არსებული სინამდვილე – სინამდვილე აღარ იყო.
სინამდვილის ცნობილი, გამოცდილი პრინციპები, რომლებისაც საყოველთაოდ სჯერათ და რომელთაც ერთგულად, თავგამოდებით მისდევენ, ხშირად ღრმა უცოდინრობის შედეგადაა ჩამოყალიბებული. ჩვენ არ ვიცით, თუ რა და რამდენი არ ვიცით. უგულვებელვყოფთ რა ჩვენსავე უცოდინრობას, რომელიც უამრავჯერ გამოაშკარავებულა, ჩვენ გვჯერა, რომ სინამდვილე ისაა, რაც ვიცით.
სინამდვილის ერთ-ერთი ძირითადი პრინციპი, რომლისაც საყოველთაოდ სჯერათ და რომელსაც ერთგულად, თავგამოდებით მისდევენ, არის ის, რომ არსებობს ორი სქესი, კაცი და ქალი, და რომ ეს სქესები არა მხოლოდ განსხვავდებიან ერთმანეთისგან, არამედ საპირისპირონიც არიან. ამ ორი სქესის ბუნების აღსაწერად ხშირად იყენებენ მაგნიტური პოლუსების მოდელს.
მამრობით სქესს დადებით პოლუსს ადარებენ, მდედრობით სქესს კი – უარყოფით პოლუსს. როდესაც ერთმანეთთან დააახლოვებენ, ამ ორი სქესის მაგნიტურ ველებს შორის ურთიერთკავშირი უნდა დამყარდეს და ეს ორი პოლუსი ერთ იდეალურ მთლიანობად უნდა გაერთიანდეს. ზედმეტია იმის თქმა, რომ ორმა ერთნაირმა პოლუსმა დაახლოებისას ერთმანეთი უნდა განიზიდოს. მამრობით სქესს, საკუთარი დადებითი დანიშნულების გამო, დადებითი თვისებები აქვს; მდედრობით სქესს კი, საკუთარი უარყოფითი დანიშნულებიდან გამომდინარე, არ გააჩნია არცერთი დადებითი თვისება, რომელიც მამრობით სქესს მიეწერება. მაგალითისთვის, ამ მოდელის მიხედვით, კაცები აქტიურები, ძლიერები და მამაცები არიან; ქალები კი – პასიურები, სუსტები, მშიშრები. სხვაგვარად რომ ვთქვათ, კაცი კაცია, ქალი – ქალი; ქალს არ შეუძლია ის, რაც შეუძლია კაცს; ქალს არ აქვს ის ძალა, რაც კაცს. კაცი დადებითია, ქალი კი – მისი უარყოფითი.
ამ მოდელის აპოლოგეტები ამტკიცებენ, რომ იგი მორალურია იმიტომ, რომ არსებითად ეგალიტარიანულია. თითოეულ პოლუსს უნდა ჰქონდეს საკუთარი გამორჩეული იდენტობის ღირსება; თითოეული პოლუსი საჭიროა ჰარმონიული ერთიანობისთვის. ეს შეხედულება, რა თქმა უნდა, იმ მყარი რწმენითაა გამოწვეული, რომ თითოეული სქესის ხასიათის შესახებ გამოთქმული მტკიცებები სინამდვილეს შეესაბამება და რომ თითოეული სქესის არსი სწორადაა გაგებული და აღწერილი. სხვაგვარად რომ ვთქვათ, იმის მტკიცება, რომ კაცი დადებითია, ქალი კი უარყოფითი ისეთივე სიმართლეა, როგორც ქვიშის მშრალად, წყლის კი – სველად აღწერა – დამახასიათებელი ნიშანი, რომელიც ამ მოვლენებს ყველაზე კარგად აღწერს სიმართლეზეა დაფუძნებული და ამ განსხვავებული დამახასიათებელი ნიშნების ღირებულებაში ეჭვის შეტანა შეუძლებელია. სიმონ დე ბოვუარი თავის “მეორე სქესში” ააშკარავებს “განსხვავებული, მაგრამ თანაბარი” დოქტრინის ცდომილებას:
„სინამდვილეში, ორი სქესის თანაფარდობა არ ჰგავს ორი ელექტრული პოლუსისას, რამეთუ კაცი წარმოადგენს დადებითსა და ნეიტრალურს – ამას გვაჩვენებს კაცის, როგორც ზოგადად ადამიანების განმსაზღვრელი სქესის აღქმა; ამავდროულად ქალი მხოლოდ უარყოფითს წარმოადგენს, ის ყოველგვარი თანაზიარობის გარეშე, შეზღუდული კრიტერიუმებით განიხილება… “ქალი მხოლოდ ზოგიერთი თვისების არარსებობის გამოა ქალი,” თქვა არისტოტელემ; “ჩვენ ქალთა ბუნება უნდა აღვიქვათ, როგორც ბუნებრივი დეფექტურობით დაავადებული რამ.” ხოლო წმინდა თომასი კი ქალს “არასრულფასოვან კაცად” აცხადებს, “შემთხვევით” არსებად… აქედან გამომდინარე, ადამიანთა მოდგმა მამრობითია და კაცი განსაზღვრავს ქალს არა როგორც თავისთავად, არამედ კაცთან ფარდობით ქმნილებად; ის არ მიიჩნევა ავტონომიურ არსებად.”
ქალის ამგვარი ავადმყოფური აღქმა, როგორც კაცის საპირისპიროსა, უარყოფითობისა, “ზოგიერთი თვისების არარსებობის გამო ქალობის” ცნება სრულიად კულტურას აინფიცირებს. ის ყოველი პოლიტიკური და ეკონომიკური სისტემის, ყოველი სოციალური ინსტიტუტის ნაწლავებში არსებული კიბოა. ის სწორედ ის ლპობაა, რომელიც ყოველ ადამიანურ ურთიერთობას წაახდენს, თავს ესხმის ადამიანთა ყოველგვარ ფსიქოლოგიურ სინამდვილეს და ანადგურებს ადამიანთა იდენტობის უმარტივეს ნაწილაკებსაც კი.
ქალთა უარყოფითობის ამგვარ პათოლოგიურ აღქმას ათასწლეულების მანძილზე გვახვევდნენ თავს. კაცებისგან სრულიად გამოსარჩევად ქალთა სხეულების ველური დასახიჩრება უზარმაზარი მასშტაბით გვხვდება. მაგალითისთვის, ჩინეთში ქალებს ათასი წლის მანძილზე უკრავდნენ ფეხებს მანამ, სანამ კუნძებს არ დაუმსგავსებდნენ. როდესაც გოგონა შვიდი ან რვა წლის იყო, მას ფეხებს შაბით, შეკუმშვის გამომწვევი ქიმიკატით ბანდნენ. შემდეგ, ცერას გარდა ყველა თითს ფეხის გულებისკენ უღუნავდნენ და რაც შეიძლება მჭიდროდ უხვევდნენ. ამ პროცედურას სამი წლის განმავლობაში უამრავჯერ იმეორებდნენ. აგონიაში მყოფ გოგონას ფეხით სიარულს აძალებდნენ. ფეხებზე გამაგრებული კოჟრები ჩნდებოდა; ფეხის ფრჩხილები კანში იზრდებოდა; ფეხები ჩირქითა და სისხლით ივსებოდა; სისხლის მოძრაობა პრაქტიკულად შეწყვეტილი იყო; ცერა თითი ხშირად სძვრებოდათ… იდეალური ფეხი იყო სამი ინჩის სიგრძის, აყროლებული, დამპალი ხორცი. კაცები დადებითები იყვნენ, ქალები კი უარყოფითები იმიტომ, რომ კაცებს სიარული შეეძლოთ, ქალებს – არა. კაცები ძლიერები იყვნენ, ქალები კი სუსტები იმიტომ, რომ კაცებს სიარული შეეძლოთ, ქალებს – არა. კაცები დამოუკიდებლები იყვნენ, ქალები კი დამოკიდებულები იმიტომ, რომ კაცებს სიარული შეეძლოთ, ქალებს – არა. კაცები ძლიერები იყვნენ იმიტომ, რომ ქალები ხეიბრდებოდნენ.
ჩინელი ქალების მიმართ ჩადენილი ამგვარი სიმხეცე მხოლოდ ერთი მაგალითია იმ სისტემური სადიზმისა, რომელსაც ქალთა სხეულებზე გამოხატავენ იმისათვის, რომ კაცების საპირისპირო, უარყოფით არსებებად აქციონ. ჩვენ, როგორც წარსულში, ახლაც გვამათრახებენ, გვცემენ და თავს გვესხმიან; ჩვენ, როგორც წარსულში, ახლაც გვფუთავენ ტანსაცმელში, რომელიც ჩვენი სხეულების გასამრუდებლად, ჩვენი მოძრაობისა და სუნთქვის გასამტკივნეულებლად და გასართულებლადაა შექმნილი; ჩვენ, როგორც წარსულში, ახლაც გვაქცევენ ორნამენტებად, გვართმევენ ფიზიკურ არსებობას, რათა ვერ ვირბინოთ, ვიხტუნოთ, ვიძრომიალოთ, ანდაც ვიაროთ სხეულის ბუნებრივი მდგომარეობით; ჩვენ, როგორც წარსულში, ახლაც გვმალავენ, სახეები მახრჩობელა ქსოვილების, ანდაც მაკიაჟის ფენებით გვაქვს დაფარული, რათა საკუთარი სახეების ფლობაც კი არ შეგვეძლოს; ჩვენ, როგორც წარსულში, ახლაც გვაძალებენ, მოვიშოროთ თმა იღლიებიდან, ფეხებიდან, წარბებიდან და ხშირად გენიტალიებიდანაც კი, რათა კაცებმა ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე დაამტკიცონ თავიანთი ბანჯგვლიანი ვაჟკაცობის დადებითობა. ჩვენ, როგორც წარსულში, ახლაც ნების წინააღმდეგ გვასტერილებენ; საშვილოსნოს ყოველგვარი სამედიცინო მიზეზის გარეშე გვაცლიან; კლიტორებს გვაჭრიან; მკერდს და გულ-მკერდის მთლიან მუსკულატურას აღტყინებული უდარდელობით გვაშორებენ. ეს უკანასკნელი პროცედურა, რადიკალური მასტექტომია, ოთხმოცი წლისაა. გთხოვთ, დაფიქრდეთ უკანასკნელი ოთხმოცი წლის განმავლობაში იარაღების განვითარებაზე, ბირთვული ბომბები, მომწამლავი გაზები, ლაზერული სხივები, ხმოვანი ბომბები და ა.შ., გთხოვთ, იკვლიოთ ტექნოლოგიის განვითარება ქალებთან შედარებით. რატომ ასახიჩრებენ ქალებს ასე უწესოდ მკერდის ოპერაციის დროს; რისთვის ყვავის დასახიჩრების ამგვარი ველური ფორმა, რადიკალური მასტექტომია, თუ არა ქალთა კაცებთან შედარებით უარყოფითობის გასაზრდელად? ფიზიკური დასახიჩრების ეს ფორმები დაღებია, რომლებიც ჩვენივე სხეულების უარყოფითა და განადგურებით ქალებად გაგვამწესებს.
კაცების მიერ შექმნილ უცნაურ მსოფლიოში, ქალის უარყოფითობის პირველადი ემბლემა ორსულობაა. ქალებს შეუძლიათ ბავშვების ტარება; კაცებს – არა. მაგრამ, რამეთუ კაცები დადებითები არიან, ქალები კი – უარყოფითები, ბავშვის ტარების შეუძლებლობა დადებით თვისებადაა განსაზღვრული, ხოლო ბავშვის ტარების შესაძლებლობა – უარყოფით თვისებად. რამეთუ ქალის კაცისგან გამორჩევის ყველაზე იოლი გზა სწორედ ეს შესაძლებლობაა და რამეთუ ქალთა უარყოფითობა მხოლოდ კაცების დადებითობის საპირწონედაა დაწესებული, ორსულობის ფუნქცია ქალის უარყოფითი და დაქვემდებარებული სტატუსის განსასაზღვრად, შემდეგ კი მის დასადასტურებლად გამოიყენება. ორსულობა ერთგვარი ფიზიკური დაღი ხდება, ნიშანი, რომელიც ორსულს ავთენტურად ქალად გამოარჩევს. ორსულობა, რაც არ უნდა უცნაური იყოს ეს, ქალის უარყოფითობის ფორმა და სუბსტანცია ხდება.
კიდევ ერთხელ გთხოვთ, დაფიქრდეთ ტექნოლოგიაზე ქალებთან შედარებით. მაშინ, როდესაც კაცები მთვარეზე დადიან და მათ მიერ შექმნილი თანამგზავრი მარსზე დასაჯდომად ემზადება, კონტრაცეფციის ტექნოლოგია ჯერ კიდევ დანაშაულებრივად არასრულფასოვანია. კონტრაცეფციის ორი ყველაზე ეფექტური ხერხია აბი და საშვილოსნოსშიდა სპირალი. აბი მომწამვლელია, სპირალი – სადისტური. თუ ქალი ჩასახვის თავიდან აცილებას გადაწყვეტს, მან ან მარცხი უნდა განიცადოს იმიტომ, რომ კონტრაცეფციის არაეფექტური მეთოდი აირჩია, რომელ შემთხვევაშიც ორსულობის დროს სიკვდილის რისკი არსებობს; ანდაც უნდა გარისკოს: აბის გამო საშინლად დაავადდეს, ან სპირალის გამო აუტანელი ტკივილით გაიტანჯოს – და, რა თქმა უნდა, ამ გზებიდან ნებისმიერის არჩევის შემთხვევაში არსებობს სიკვდილის რეალური საშიშროება. ახლა, როდესაც აბორტის უსაფრთხო და მარტივი ტექნიკები შეიმუშავეს, ქალებს მტკიცე უარს ეუბნებიან მათთან წვდომაზე. კაცები მოითხოვენ, რომ ქალებმა დაორსულება გააგრძელონ, რათა განასახიერონ ქალთა უარყოფითობა და შედეგად კაცების დადებითობა დაადასტურონ.
თუმცა ქალთა ცხოვრებაზე ფიზიკური თავდასხმები შემაძრწუნებელია, ჩვენი ინტელექტუალური და შემოქმედებითი უნარების მიმართ ჩადენილი ძალადობაც არანაკლებ სადისტურია. ქალები – მიცემულნი არიან რა უარყოფით ინტელექტუალურ და შემოქმედებით ცხოვრებას თითქოსდა იმ მიზნით, რომ კიდევ ერთხელ ხაზი გაესვას ამ შესაძლებლობების არსებობას კაცებში – უტვინოდ მიიჩნევიან; ქალურობა სულელობის სინონიმადაა ქცეული. ჩვენ ქალურები ვართ მხოლოდ მაშინ, როდესაც ჩვენი გონებრივი უნარები განადგურებული ან უკუგდებულია. ქალთა უარყოფითობის ამ განზომილების გასაძლიერებლად, ჩვენ სისტემატიურად გვეუბნებიან უარს ოფიციალურ განათლებაზე და ბუნებრივი ინტელექტის ყოველი გამოხატულება ისჯება მანამ, სანამ ვეღარ გავბედავთ, ვენდოთ საკუთარ შემეცნებას, მანამ, სანამ ვეღარ გავბედავთ, პატივი ვცეთ ჩვენს შემოქმედებით იმპულსებს, მანამ, სანამ ვეღარ გავბედავთ, ვავარჯიშოთ ჩვენი კრიტიკული უნარები, მანამ, სანამ ვეღარ გავბედავთ, დავხვეწოთ ჩვენი წარმოსახვის უნარი, მანამ, სანამ ვეღარ გავბედავთ, პატივი ვცეთ საკუთარ გონებრივ თუ მორალურ სიმახვილეს. თუკი მაინც მოვახერხებთ რაიმე შემოქმედებითის ან ინტელექტუალურის გაკეთებას, ამ სამუშაოს აუფერულებენ, უგულვებელყოფენ, ანდაც დასცინიან, რათა ის ცოტა ქალიც, რომელთა გონების დამცირებაც ვერ შეძლეს, თვითმკვლელობამდე ან სიგიჟემდე მივიდეს, ანდაც უკან დაუბრუნდეს ქორწინებასა და ორსულობას. ამ ულმობელი წესის ძალიან ცოტა გამონაკლისი არსებობს.
ქალთა უარყოფის პათოლოგიის ყველაზე აშკარა ლიტერატურული გამოვლინება შეგვიძლია პორნოგრაფიაში ვიპოვოთ. ლიტერატურა ყოველთვის ყველაზე მჭევრმეტყველი გამოხატულებაა კულტურული ღირებულებებისა; ხოლო პორნოგრაფია ამ ღირებულებების უწმინდეს არსს გადმოსცემს. ლიტერატურულ პორნოგრაფიაში, სადაც ქალის სისხლს ბიოლოგიური გამძლეობის რეალური შეზღუდვის გარეშე შეუძლია დინება, ამ მომაკვდინებელი, კაცთა დადებითობის კულტურის სული საბაზისო ფორმით ვლინდება: კაცური სადიზმი ქალური მაზოხიზმით იკვებება; კაცური მბრძანებლობა ქალური მორჩილებით საზრდოობს.
პორნოგრაფიაში სადიზმი სწორედ ის ხერხია, რომელსაც კაცები თავიანთი მბრძანებლობის დასამყარებლად იყენებენ. სადიზმი ძალაუფლების ავთენტური გამოვლინებაა, რომელიც კაცობას ადასტურებს; ხოლო კაცობის პირველი დამახასიათებელი თვისება ისაა, რომ მისი არსებობა ქალის უარყოფაზეა დაფუძნებული – კაცობა მხოლოდ ქალთა საძაგელი დამცირებით შეიძლება დადასტურდეს, დამცირებით, რომელიც არასდროსაა საკმარისად საძაგელი მანამ, სანამ მსხვერპლის სხეულიცა და ნებისყოფაც არ განადგურდება.
ლიტერატურულ პორნოგრაფიაში კაცთა დადებითობის სისტემის ცენტრში არსებული სიბნელის მფეთქავი გული მთელი თავისი შემაძრწუნებელი სიშიშვლითაა გამოაშკარავებული. სიბნელის გული შემდეგში მდგომარეობს – ამგვარი სექსუალური სადიზმი კაცურ იდენტობას ახორციელებს. ქალებს აწამებენ, ამათრახებენ და ბოჭავენ; ქალებს თოკავენ და პირში ბურთს ჩრიან, შანთავენ და წვავენ, დანებით და მავთულებით ჭრიან; ქალებზე შარდავენ და მოისაქმებენ; მკერდში გავარვარებულ ნემსებს არჭობენ, ძვლებს უმტვრევენ, სწორ ნაწლავებს უნადგურებენ, პირებს უოხრებენ, ვაგინებს ველურად უჩეჩქვავენ პენისებით, დილდოებით – და ეს ყველაფერი მხოლოდ კაცის გონებაში თავისივე ღირებულების სიცოცხლისუნარიანი შეგრძნების ჩამოსაყალიბებლად ხდება.
კაცთა ამხანაგობის ამგვარად იდეალიზირებული ხედვა ააშკარავებს კაცური საზოგადოების არსებითად ჰომოსექსუალურ ხასიათს. კაცები ქალთა სხეულებს ერთმანეთთან ალიანსებისა და კავშირების შესაქმნელად იყენებენ. კაცები ქალთა სხეულებს ადვილად საცნობი ძალაუფლების მისაღწევად იყენებენ, რომლითაც სხვა კაცების თვალებში თავიანთ კაცურ იდენტობას დაამოწმებენ. კაცები ქალთა სხეულებს იყენებენ იმისთვის, რომ ერთმანეთთან ცივილიზებული და მშვიდობიანი სოციალური ტრანზაქციების განხორციელება შეძლონ. ჩვენ გვგონია, რომ ჰეტეროსექსუალურ საზოგადოებაში ვცხოვრობთ იმიტომ, რომ მამაკაცების უმეტესობა ჩაციკლულია ქალებზე, როგორც სექსუალურ საგნებზე; თუმცა სინამდვილეში, ჩვენ ვცხოვრობთ ჰომოსექსუალურ საზოგადოებაში იმიტომ, რომ ძალაუფლების, ავტორიტეტისა და ავთენტურობის ყოველი დამაჯერებელი ტრანზაქცია სწორედ კაცებს შორის ხდება; სამართლიანობასა და ინდივიდუალობაზე დაფუძნებული ყოველი ტრანზაქცია ხდება კაცებს შორის. კაცები ნამდვილები არიან; სწორედ ამიტომ, ყოველი ნამდვილი ურთიერთობა კაცებს შორის არსებობს; ყოველი ნამდვილი კომუნიკაცია კაცებს შორის არსებობს; ყოველი ნამდვილი თანაზიარობა კაცებს შორის არსებობს; ყოველი ნამდვილი ურთიერთდამოკიდებულება კაცებს შორის არსებობს. ჰეტეროსექსუალობა, რომელიც შეგვიძლია განვსაზღვროთ, როგორც კაცთა სექსუალური მბრძანებლობა ქალებზე, რკოსავითაა – მისგან იზრდება კაცთა ჰომოსექსუალური საზოგადოების ძლევამოსილი მუხა, საზოგადოებისა, რომელიც კაცებისაა, კაცებისმიერია და კაცებისთვისაა, საზოგადოებისა, რომელშიც კაცთა თემის დადებითობა ქალთა უარყოფით, ქალთა ხორცისა და ნებისყოფის სრული განადგურებით ხორციელდება. ლიტერატურულ პორნოგრაფიაში, რომელიც ჩვენი ცხოვრების გამოხდილი ვერსიაა, ქალები ფართოდ გახსნილი ნახვრეტები, მიმზიდველი ნაპრალები, გასაჟიმი მილები და მისთანანი არიან. ქალის სხეული სამი ცარიელი ხვრელისგან უნდა შედგებოდეს და ყოველი მათგანი მხოლოდ და მხოლოდ იმისთვისაა შექმნილი, რომ ამდგარი კაცური პოზიტიურობით გაივსოს.
თვით ქალური სასიცოცხლო ძალაც კი უარყოფითად ხასიათდება: ჩვენ არსებითად მაზოხისტებად განვისაზღვრებით; ეს გულისხმობს იმას, რომ ჩვენ მივისწრაფით ტკივილისა და ძალადობისკენ, თვითგანადგურებისკენ, მოსპობისკენ – და სწორედ ეს სწრაფვა საკუთარი უარყოფისკენ არის ის, რაც ქალებად გვცნობს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ჩვენ ვიბადებით იმისთვის, რომ გავნადგურდეთ. სექსუალური მაზოხიზმი ხორცს ასხამს ქალურ უარყოფითობას ისევე, როგორც სექსუალური სადიზმი ასხამს ხორცს კაცურ დადებითობას. ქალის ეროტიკული ფემინურობა განისაზღვრება იმით, თუ რამდენად სჭირდება მას, რომ ატკინონ, რამდენად სჭირდება, რომ დაეპატრონონ, რამდენად სჭირდება, რომ მასზე იძალადონ, რამდენად სჭირდება, რომ დაიმორჩილონ, რამდენად სჭირდება, რომ სცემონ, რამდენად სჭირდება, რომ შეურაცხყონ, რამდენად სჭირდება, რომ დაამცირონ. ყველა ქალი, რომელიც წინააღმდეგია, გამოხატოს ეს ე.წ. საჭიროებები, ანდაც, ყველა ქალი, რომელიც პროტესტს უცხადებს ამ საჭიროებების არსებით ღირებულებებს, ანდაც, ყველა ქალი, რომელიც უარს აცხადებს, მოიწონოს ან მონაწილეობა მიიღოს საკუთარ განადგურებაში ხასიათდება, როგორც ანომალია, საკუთარი ქალურობის უარმყოფი, ჭირვეული დედაკაცი, ძუკნა და ა.შ. როგორც წესი, ამგვარ ანომალიებს გაუპატიურებით, ჯგუფური გაუპატიურებით, ანდაც დატყვევების რაიმე ფორმით აბრუნებენ ქალთა ნახირში. არსებობს თეორია, რომ როდესაც ასეთი ქალები მორჩილების მათრობელა სიტკბოებას გასინჯავენ, ისინი ლემინგებივით მიაწყდებიან თავიანთ განადგურებას.
რომანტიკული სიყვარული, როგორც პორნოგრაფიაში, ისევე ცხოვრებაშიც, ქალთა უარყოფის ზღაპრული ზეიმია. ქალისთვის სიყვარული განისაზღვრება, როგორც მზადყოფნა, დაემორჩილოს თავისსავე განადგურებას. როგორც ამბობენ, ქალები სიყვარულისთვის არიან შექმნილნი – ანუ, მორჩილებისთვის. სიყვარული, ანუ მორჩილება, უნდა იყოს ქალის ცხოვრების მატერიაცა და მიზანიც. ქალისათვის სიყვარულის უნარი ძალადობის ატანის უნარის და ამავე ძალადობისაკენ ლტოლვის სინონიმია. ქალისათვის სიყვარულის მტკიცებულება არის მზადყოფნა, განადგურდეს იმ ერთის მიერ, ვინც უყვარს, მისსავე სასიკეთოდ. ქალისათვის სიყვარული ყოველთვის თავგანწირვაა, საკუთარი იდენტობის, ნებისყოფისა და ფიზიკური მთლიანობის გაწირვა თავისი საყვარელი ადამიანის მასკულინობის განსახორციელებლად და გამოსასყიდად.
პორნოგრაფიაში ჩვენ ვხედავთ ნედლ ქალურ სიყვარულს, მის გაშიშვლებულ ეროტიკულ ჩონჩხს; ჩვენ თითქმის შეგვიძლია, შევეხოთ ჩვენი მიცვალებულების ძვლებს. სიყვარული ეროტიკული, მაზოხისტური ლტოლვაა; სიყვარული გააფთრებული ვნებაა, რომელიც აიძულებს ქალს, დაემორჩილოს დამცირებულ სიცოცხლეს ბორკილებში; სიყვარული ჩამთრევი სექსუალური ბიძგია გადაგვარებისა და ძალადობისკენ. ქალი პირდაპირი მნიშვნელობით ეძლევა კაცს; კაცი პირდაპირი მნიშვნელობით ისაკუთრებს და ეპატრონება მას.
პირველადი ტრანზაქცია, რომელიც გამოხატავს ამ ქალურ დამორჩილებასა და კაცურ პატრონობას, როგორც პორნოგრაფიაში, ასევე სიცოცხლეშიც – ჟიმაობის აქტია. ჟიმაობა კაცური დადებითობისა და ქალური უარყოფითობის ძირითადი ფიზიკური გამოხატულებაა. ურთიერთობა სადისტისა მაზოხისტთან არ აღმოცენდება ჟიმაობის აქტიდან; პირიქით, ის ამ აქტში გამოხატულებასა და განახლებას ჰპოვებს.
კაცისთვის ჟიმაობა კომპულსური ქმედებაა, როგორც პორნოგრაფიაში, ისევე ცხოვრებაშიც. მაგრამ ცხოვრებაში, და არა პორნოგრაფიაში, ის საშიშროებით აღვსილი, შემაძრწუნებელი აქტია. კაცური დადებითობის ნაკურთხი ორგანო, ფალოსი, ქალურ სიცარიელეში აღწევს. შეღწევის დროს, კაცის მთელი არსება მისი პენისია – ის და მისი მბრძანებლობის სურვილი სავსებით ერთნი არიან; აღმართული პენისი მისი იდენტობაა; მგრძნობელობა სრულიად პენისშია ლოკალიზებული და სწორედ ამიტომ, დანარჩენი სხეული სრულიად უგრძნობი და მკვდარია. შეღწევის დროს, კაცის ჭეშმარიტი არსება საშიშროების ქვეშაცაა და მტკიცდება კიდეც. ნეტავ, ქალური უფსკრული გადაყლაპავს მას, შთანთქავს და გაანადგურებს მის პენისს, მის მთლიან პიროვნებას? ნეტავ, ქალური უფსკრული დაუბინძურებს ცხოველუნარიან დადებითობას თავისი შხამიანი უარყოფითობით? ნეტავ, ქალური უფსკრული წაუბილწავს შეთხელებულ მამრობითობას თავისი მდედრობითობის გამანადგურებელი ტოქსიკურობით? თუ შეძლებს, ქალის ფართოდ გახსნილი ანატომიური ხვრელის შემაძრწუნებელი სიცარიელიდან დაუზიანებელმა, კიდევ უფრო დამტკიცებული დადებითობით გამოცუროს იმიტომ, რომ ქალის შიგნით მყოფმაც კი შეძლო მდედრობითისა და მამრობითის პოლარულობის შენარჩუნება თავისი ფოლადისებრი კვერთხის ცალკეულობისა და ერთიანობის შენარჩუნებით; მისი მასკულინობა დამოწმებულია, რამეთუ იგი არ შეერწყა ქალს და შესაბამისად, არც თავი დაუკარგავს, ის არ გახსნილა ქალში, ის არ გადაქცეულა არც ქალად და არც ქალის მსგავსად, ის ქალმა ვერ შთანთქა.
ეს სახიფათო მოგზაურობა ქალურ უფსკრულში უამრავჯერ, კომპულსურად უნდა გამეორდეს იმიტომ, რომ მასკულინობა თავისთავად არაფერია; მასკულინობა თავისთავად არ არსებობს; მისი რეალურობა ქალურ უარყოფითობასთან დაპირისპირებაზე, მასთან კონტრასტზეა დამოკიდებული. მასკულინობის გამოცდა, მიღწევა, შეცნობა და განხორციელება მხოლოდ ფემინურობასთან დაპირისპირებითაა შესაძლებელი. როდესაც კაცები სექსს, ძალადობასა და სიკვდილს საწყის ეროტიკულ სიმართლეებად წარმოაჩენენ, ისინი გულისხმობენ შემდეგს: რომ სექსი, ანუ ჟიმაობა, არის ქმედება, რომელიც საშუალებას აძლევს მათ, გამოსცადონ საკუთარი რეალობა, ანდაც იდენტობა, ანდაც მასკულინობა ყველაზე კონკრეტულად; რომ ძალადობა, ანდაც სადიზმი, არის ის ხერხები, რომელთა გამოყენებითაც ისინი ხორცს ასხამენ რეალობას, ანდაც იდენტობას, ანდაც მასკულინობას; და რომ სიკვდილი, ანდაც უარყოფა, ანდაც არარაობა, ანდაც ქალისმიერი დაბინძურება არის ის რისკები, რომლებზეც ისინი ქალური ხვრელის სიცარიელეში ყოველი შეღწევისას მიდიან.
მაშ, რაზეა დაფუძნებული მტკიცება, რომ ჟიმაობა კაცისთვის სასიამოვნოა? როგორ შეიძლება, სასიამოვნო იყოს ქმედება, რომელიც ასე გაჟღენთილია პიროვნების, პენისის დაკარგვის შიშით? როგორ შეიძლება, რომ ამგვარად ობსესიური, მღელვარებით შეპყრობილი აქტი სასიამოვნოდ ხასიათდებოდეს?
პირველ რიგში, აუცილებელია, გავიაზროთ, რომ სწორედ ეს არის პორნოგრაფიის ფანტასტიკური განზომილება. კაცური პორნოგრაფიის გამეჩხერებულ გარემოებებში, კაცთა ძრწოლა ამოკვეთილია ჟიმაობის აქტიდან, იგი დაცენზურებულია და დარედაქტირებული. კაცების სექსუალური სადიზმი, რომელიც პორნოგრაფიაში ასე ცხადადაა წარმოჩენილი – ნამდვილია; ქალები მას ყოველდღიურად გამოცდიან. კაცთა მბრძანებლობა ქალის სხეულზე და მის წინააღმდეგ – ნამდვილია; ქალები მას ყოველდღიურად გამოცდიან. ქალთა სხეულების მხეცური გამოყენება პორნოგრაფიაში – ნამდვილია; მსოფლიოს გარშემო, ქალები ამ ძალადობისგან დღიდან დღემდე, წლიდან წლამდე, თაობიდან თაობამდე იტანჯებიან. არ არის ნამდვილი და ფანტაზიაა კაცთა მტკიცება, რომ ჟიმაობა მათთვის აღმაფრთოვანებელი გამოცდილებაა, უკიდურესი სიამოვნება, წმინდა კურთხევა, ბუნებრივი და იოლი ქმედება, რომელშიც ძრწოლა და შიში არ არსებობს. სინამდვილეში ამ მტკიცებას არაფერი ადასტურებს. შეგვიძლია, ვიკვლიოთ ცხრა მილიონი ჯადოქარი ქალის ხოცვა-ჟლეტა ევროპაში, რომელიც კაცების მხრიდან ქალთა ავხორცულობის შიშით იყო განპირობებული, ანდაც, ვიკვლიოთ გაუპატიურების ფენომენი, რომელიც ჟიმაობას მდედრობითი სქესის მეტოქის მიმართ აშკარა მტრობის აქტად წარმოაჩენს, ანდაც, ვიკვლიოთ იმპოტენცია, რომელიც ქალურ უფსკრულში შეღწევის უნებლიე უუნარობაა, ანდაც, მივაკვლიოთ „ვაგინა დენტატას“ (კბილებით სავსე ვაგინა) მითს, რომელიც ქალის გენიტალიის მიმართ დამადამბლავებელი შიშისგანაა ნაწარმოები, ანდაც, გამოვყოთ მენსტრუალური ტაბუები, როგორც კაცური ძრწოლის გამოვლინება, ამ ყველაფრის შედეგად აღმოვაჩენთ, რომ სინამდვილეში, კაცი ჩაციკლულია საკუთარ შიშზე ქალის მიმართ და რომ ამ ძრწოლას ყველაზე თვალნათლივ სწორედ ჟიმაობისას ხედავს.
მეორეს მხრივ, აუცილებელია, გავიაზროთ, რომ პორნოგრაფია ერთგვარი პროპაგანდაა, რომელიც შექმნილია კაცისთვის იმის დასამტკიცებლად, რომ არ უნდა ეშინოდეს, რომ არ ეშინია; მის მხარდასაჭერად, რათა ჟიმაობა შეძლოს; იმის დასამტკიცებლად, რომ ჟიმაობა შეუბღალავი ბედნიერებაა; მისი შიშის სინამდვილის დასამალად პონროგრაფიული ფანტაზიით მომარაგების გზით, რომელსაც რწმენასავით შეისწავლის და რომლის მიხედვითაც იბატონებს ქალებზე ისე, როგორც ნამდვილ მამაკაცს შეშვენის. შეიძლება ითქვას, რომ მათრახები, ბორკილები და სისასტიკის სხვა ატრიბუტები უსაფრთხოების ფენებია, რომლებიც ხელს უწყობს პორნოგრაფიულ მტკიცებას, თითქოს ჟიმაობა ისევე გამოიცემა კაცობისგან, როგორც სინათლე – მზისგან. თუმცა სინამდვილეში, ქალებზე სისტემატიური ძალადობა და ქალების გლობალური დაქვემდებარებაც კი არაა საკმარისი კაცის გონებაში ჟიმაობის აქტისთვის დამახასიათებელი ძრწოლის გასაქრობად.
მესამე, რაც აუცილებლად უნდა გავიაზროთ, არის ის, რომ ის, რასაც კაცი ნამდვილ სიამოვნებად აღიქვამს – მისი კაცური იდენტობის დამტკიცებაა. ყოველთვის, როდესაც იგი ქალურ უფსკრულში შეღწევის ხიფათს გადაურჩება, მისი მამაკაცურობა მტკიცდება. ის ამტკიცებს, რომ არ არის ქალი და რომ სხვა კაცებისნაირია. დედამიწაზე არცერთი სიამოვნება შეედრება საკუთარი სინამდვილის, დადებითობის და არა უარყოფითობის, კაცობის და არა ქალობის დამტკიცების სიამოვნებას, სიამოვნებას საკუთარი თავის იმ ჯგუფის კეთილსინდისიერ წევრად დამტკიცებისა, რომელიც ყველა სხვა ცოცხალ არსებაზე მბრძანებლობს.
და მეოთხე, აუცილებელია, გავიაზროთ, რომ კაცური დადებითობისა და ქალური უარყოფითობის სექსუალურ სისტემაში, ჟიმაობის აქტში არაფერია, გარდა კლიტორის შემთხვევითი ხახუნისა, რაც აღიარებს ან ხორცს ასხამს ქალის ნამდვილ ეროტიკულობას თუნდაც იმ ფორმით, რომლითაც იგი მონურ პირობებში გადარჩა. კაცთა დადებითობის სისტემის პატიმრობაში ეს ეროტიკულობა არ არსებობს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, უარყოფითი უარყოფითია. ჟიმაობა სრულიად კაცური აქტია, რომელიც ფალოსის, მასკულინობის სინამდვილის და ძალაუფლების დასამტკიცებლადაა შექმნილი. ქალებისთვის ჟიმაობის სიამოვნება თვით-უარყოფის მაზოხისტურ სიამოვნებაში მდგომარეობს. კაცთა დადებითობის სისტემაში თვითუარყოფის მაზოხისტური სიამოვნება გაზღაპრულებული და მისტიფიცირებულია ქალებისთვის იმის დასამტკიცებლად, რომ კმაყოფილებას თავდაუზოგავობაში ვიპოვით, სიამოვნებას – ტკივილში, განმტკიცებას – თავგანწირვაში, ქალურობას – მასკულინობის მორჩილებაში. დაბადებიდანვე წვრთნიან რა ამ უცნაური მსოფლმხედველობის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, სჯიან რა, როდესაც საკმარისად კარგად ვერ სწავლობენ მაზოხისტურ მორჩილებას, სრულიად ათავსებენ რა კაცთა დადებითობის სისტემის საზღვრებში, ცოტა ქალი თუ გამოცდის საკუთარ თავს, როგორც თავისთავად ნამდვილს. პირიქით, ქალი საკუთარ თვალებში მხოლოდ მაშინაა ნამდვილი, როდესაც თავს კაცების დადებითობასთან აიგივებს და უერთდება მას. ჟიმაობისას ქალი უერთდება კაცს, რომელიც თავისთავად ნამდვილია და სინამდვილესაც მისი გამოყენებით, არაპირდაპირად გამოცდის; ჟიმაობისას ქალი გრძნობს თვითუარყოფის მაზოხისტურ სიამოვნებას, რომელსაც ჯიუტად აღწერენ, როგორც მისი ქალურობის დაკმაყოფილებას.
ახლა მსურს, ხაზი გავუსვა უმნიშვნელოვანეს სხვაობას – სხვაობას სიმართლესა და სინამდვილეს შორის. ადამიანებისთვის სინამდვილე სოციალურია; სინამდვილე არის ის, რისი სინამდვილისაც ადამიანებს მოცემულ მომენტში სჯერათ. ამით არ მსურს იმის თქმა, რომ სინამდვილე უცნაური ან შემთხვევითია.
ჩემი აზრით, სინამდვილე ყოველთვის ზოგადად პოლიტიკის, კონკრეტულად კი, სექსუალური პოლიტიკის ფუნქციაა – ეს ნიშნავს იმას, რომ იგი ემსახურება ძალაუფლების მქონეებს, განამტკიცებს და ამართლებს რა მათ უფლებას, იბატონონ უძლურებზე. სინამდვილე ის წინაპირობებია, რომლებზეც სოციალური და კულტურული ინსტიტუტებია დაფუძნებული. სინამდვილეა ასევე გაუპატიურება, მათრახი, გაჟიმვა, ჰისტერექტომია, კლიტორიდექტომია, მასტექტომია, შეკრული ფეხი, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი, კორსეტი, მაკიაჟი, ვუალი, თავდასხმა და ცემა, დამცირება და დასახიჩრება თავიანთ კონკრეტულ გამოხატულებებში. სინამდვილეს ისინი გვაჩეჩებენ, ვისთვისაც ის გამოსადეგია, რათა იგი თავისთავადად მოგვეჩვენოს. სინამდვილე თვითმყოფადია, რამეთუ ის კულტურული და სოციალური ინსტიტუტები, რომლებიც მასზეა დაფუძნებული, ასევე განასახიერებს და ხელს უწყობს მის არსებობას. ლიტერატურა, რელიგია, ფსიქოლოგია, განათლება, მედიცინა, ბიოლოგიის მეცნიერება, სოციალური მეცნიერებები, ბირთვული ოჯახი, ეროვნული სახელმწიფო, პოლიცია, ჯარები და შიდასახელმწიფოებრივი სამართალი – ეს ყველაფერი განასახიერებს მოცემულ სინამდვილეს და ხელს უწყობს მის არსებობას. მოცემული სინამდვილე, რა თქმა უნდა, იმაში მდგომარეობს, რომ არსებობს ორი სქესი, მდედრობითი და მამრობითი; რომ ეს ორი სქესი ურთიერთსაპირისპირო, პოლარულია; რომ მამრობითი სქესი თავისთავად დადებითია და მდედრობითი სქესი – თავისთავად უარყოფითი; და რომ ადამიანთა არსებობის დადებითი და უარყოფითი პოლუსები ბუნებრივად ერთიანდებიან ჰარმონიულ მთლიანობად.
რაც შეეხება სიმართლეს, ის არც ისე ხელმისაწვდომია, როგორც სინამდვილე. ჩემი აზრით, სიმართლე უცილობელია, რამეთუ ის არსებობს და მისი პოვნა შესაძლებელია. მაგალითისთვის, რადიუმი ყოველთვის არსებობდა; სიმართლე ყოველთვის ის იყო, რომ რადიუმი არსებობდა; მაგრამ რადიუმი არ არსებობდა სინამდვილის ადამიანურ აღქმაში მანამ, სანამ მას მარი და პიერ კიურიები არ გამოყოფდნენ. როდესაც მათ ეს გააკეთეს, სინამდვილის ადამიანურ აღქმას საფუძვლიანად შეცვლა მოუწია, რათა რადიუმის არსებობის სიმართლისთვის შესაფერისი გამხდარიყო. აგრეთვე, დედამიწა ყოველთვის სფერო იყო; ეს ყოველთვის სიმართლე იყო; მაგრამ მანამ, სანამ კოლუმბი აღმოსავლეთის საპოვნელად დასავლეთისკენ გაცურავდა, ეს არ იყო სინამდვილე. შეიძლება ითქვას, რომ სიმართლე არსებობს და ადამიანებმა მისი პოვნა თავიანთ პროექტად უნდა აქციონ, რათა სინამდვილე სწორედ მასზე დაფუძნდეს.
სიმართლესა და სინამდვილეს შორის განსხვავებას ხაზი იმისთვის გავუსვი, რომ ძალიან მარტივი რამის თქმა შევძლო: მიუხედავად იმისა, რომ სქესობრივი პოლარულობის სისტემა ნამდვილია, ის არ შეესაბამება სიმართლეს. სიმართლეს არ შეესაბამება ის, რომ არსებობს ორი, ერთმანეთისგან განცალკევებული და ურთიერთსაპირისპირო, პოლარული სქესი, რომლებიც ბუნებრივად და თავისთავად ერთიანდებიან ჰარმონიულ მთლიანობად. სიმართლეს არ შეესაბამება ის, რომ მამრობითი სქესი წარმოაჩენს დადებითსა და ნეიტრალურ ადამიანურ თვისებებსა და პოტენციალებს მდედრობითი სქესისგან, ქალისგან განსხვავებით, რომელიც, არისტოტელესა და მამრობითი კულტურის დანარჩენი წარმომადგენლების მიხედვით, მხოლოდ „გარკვეული თვისებების არარსებობის გამოა“ ქალი. და მაშინ, როდესაც უარს ვიტყვით იმ მოსაზრების მიღებაზე, თითქოსდა კაცები დადებითები არიან, ქალები კი – უარყოფითები, შეიძლება ითქვას, რომ საერთოდ უარვყოფთ ქალებისა და კაცების არსებობას. სხვაგვარად რომ ვთქვათ, არსებობის მოცემულ პოლარულ მოდელზე დაფუძნებული სისტემა აბსოლუტურად ნამდვილია; მაგრამ თვით მოდელი სიმართლეს არ შეესაბამება. ჩვენ დამწყვდეულები ვართ მავნებელ სიცრუეში, სიცრუეში, რომელზეც სრულიადაა დაფუძნებული ჩვენთვის ნაცნობი სინამდვილე. ჩემი აზრით, სინამდვილის ამ სისტემაში მცხოვრები ვერცერთი ქალი იქნება თავისუფალი მანამ, სანამ სქესობრივი პოლარულობის სიცრუე არ განადგურდება და სინამდვილის მასზე დაფუძნებული სისტემა სრულიად არ ამოიძირკვება ადამიანთა საზოგადოებიდან და მეხსიერებიდან. ეს არის კულტურული ტრანსფორმაციის ცნება, რომლითაც ფემინიზმი საზრდოობს. ეს არის ფემინისტური ბრძოლის თანდაყოლილი რევოლუციური შესაძლებლობა.
ჩემი აზრით, ჩვენი რევოლუციური მიზანია, დავამსხვრიოთ ფალოსური იდენტობა კაცებში და მაზოხისტური არაიდენტობა ქალებში – ვგულისხმობ, ქალებისა და კაცების პოლარული სინამდვილის განადგურებას, რათა ადამიანის სხეულის ორ ბანაკად – ერთის მხრივ შეიარაღებულ, საპირისპირო მხარეს კი, საკონცენტრაციო ბანაკებად – დაყოფა შეუძლებელი გახდეს. ფალოსური იდენტობა სინამდვილეა და ის უნდა განადგურდეს. ქალთა მაზოხიზმი სინამდვილეა და ის უნდა განადგურდეს. კულტურული ინსტიტუტები, რომლებიც ამ შეკავშირებულ ცდომილებებს ახორციელებენ – მაგალითად კანონი, ხელოვნება, რელიგია, ნაციონალური სახელმწიფოები, ოჯახი, ტომი ან თემი, რომელიც მამის უპირატესობაზეა დაფუძნებული – ეს ინსტიტუტები სინამდვილეა და ისინი უნდა განადგურდნენ. თუკი ეს არ მოხდება, ჩვენ, ქალები, სამუდამო არასრულფასოვნებისა და მორჩილებისთვის ვიქნებით განწირულნი.
მე მწამს, რომ ქალთა თავისუფლება ჩვენივე მაზოხიზმის უკუგდებით უნდა დაიწყოს. მე მწამს, რომ ჩვენ საკუთარ თავებში, სექსუალურ ფესვებთანვე უნდა გავანადგუროთ მაზოხიზმისკენ სწრაფვა. მე მწამს, რომ ჩვენ დამოუკიდებლად უნდა ჩამოვაყალიბოთ ჩვენი სინამდვილე, ინდივიდუალურად და ჩვენსავე ფარგლებში – რათა გამოვცადოთ იგი, შევქმნათ მისგან და წავართვათ კაცებს საკუთარი კაცობის ტყუილის ჩვენზე ბატონობითა და ჩვენთან წინააღმდეგობით დამტკიცების ყოველი შესაძლებლობა. მე მწამს, რომ ჩვენი უპირველესი პრიორიტეტია, გავითავისუფლოთ თავი ჩვენში ღრმად ფესვგადგმული მაზოხიზმისგან, რომელიც უამრავი ტანჯული ფორმით გვაცნობს თავს; ეს იქნება უპირველესი მომაკვდინებელი დარტყმა, რომელიც შეგვიძლია კაცთა სისტემატიურ მბრძანებლობას მივაყენოთ. შედეგად, როდესაც ჩვენ წარმატებულად ამოვკვეთთ მაზოხიზმს ჩვენივე პიროვნებებიდან და გონებრივი მოწყობიდან, ჩვენ გავწყვეტთ იმ სასიცოხლო ხაზს, რომელიც კაცებს აკავშირებს ძალაუფლებასთან ჩვენზე და ჩვენს წინააღმდეგ, ქალთა დამცირების საპირისპიროდ წარმოჩენილ კაცურ ღირებულებასთან, ქალთა უარყოფითობისგან მხეცურად წარმოშობილ კაცურ იდენტობასთან – ჩვენ გავწყვეტთ იმ სასიცოცხლო ხაზს, რომელიც კაცებს თვით კაცობასთან აკავშირებს. მხოლოდ მაშინ, როდესაც კაცობა მოკვდება – და ის აუცილებლად მოკვდება, როდესაც განადგურებული ქალურობა მას მხარს აღარ დაუჭერს – მხოლოდ მაშინ გავიგებთ, რა არის თავისუფლება.