ავტორები: ნინკა ხაინდრავა, გვანცა ხონელიძე

ქალების შობადობის უნარი ყოველთვის მოითხოვდა რეგულაციებსა და სამედიცინო ცოდნებს. გვიანდელ ფეოდალურ ეკონომიკურ ფორმაციამდე არ არსებობდა სისტემური დემოგრაფიული პოლიტიკა, ქალები ბალახეულის გამოყენებით ფლობდნენ არასასურველი ორსულობისგან თავის არიდების ტექნიკებს. ამაზე კონტროლს არც ოჯახი და მითუმეტეს არც სახელმწიფო ახორციელებდა. დაახლოებით მეთექვსმეტე მეჩვიდმეტე საუკუნეებში, ევროპაში ქალებმა დაკარგეს სოციალური ცხოვრების ყველა დასაყრდენი, ქალთა შრომა გაუფასურდა, გაიზარდა მუშა ხელზე მოთხოვნა. მუშა ხელზე მოთხოვნის ზრდამ ქალს წაართვა შობადობაზე კონტროლი, ქალებს აეკრძალათ იმ ცოდნათა გამოყენება, რომლითაც ბალახეული კონტრაცეპტივების საშუალებით თავად არეგულირებდნენ შობადობას. ნელ- ნელა  დაიწყო ქალის რეპროდუქციის რეგულაცია საკანონმდებლო დონეზე, რაც ადასტურებს იმას თუ როგორი პატრიარქალურია სამართლის ნაგებობა, როგორც ზედნაშენი იმ ეკონომიკური ძვრებისა რამაც ქალის სხეულის ექსპლუატაცია სოციალურ წესრიგში ჩაწერა.

ქალის სხეული წარმოადგენს მუშახელის შემქმნელ ბუნებრივ აპარატს, რომლის დამორჩილება და კონტროლი პირველადი მიზანი იყო სახელმწიფოსათვის. შობადობის უნართან ერთად ქალი აწარმოებს მუშა ხელს პოტენციური სამუშაო ძალით, პაოლო ვირნოს აზრით სწორედ აქ ჩნდება ბიოპოლიტიკა, კაპიტალისტს ამ შემთხვევაში შეიძლება გაუჩნდეს სხეულის კონტროლის ინტერესი. ადამიანის სხეული, რომელიც სამუშაო ძალის პოტენციალს ყიდის, არ შეიძლება განიხილებოდეს ცალკე ამ პოტენციალისგან. შესაბამისად კაპიტალისტი არა მხოლოდ შრომის პროდუქტით არამედ ადამიანის სხეულზე კონტროლით არის დაინტერესებული.

 ქალის სხეულზე კონტროლი არ შემოიფარგლება მხოლოდ შობადობის რეგულაციით, იგი უფრო თანმიმდევრულია და იწყება ორსულობის, დედობის და მშობიარობის ფეტიშიზაციით. შუა საუკუნეებში არ არსებობდა კონცეპტი „დედობა“ და „ბავშვობა“. ბავშვი თავისი ცნობიერებით არ იყო გაყოფილი მოზრდილი ადამიანისგან. ნელ- ნელა ბავშვები ყალიბდებიან როგორც კლასი, განსაკუთრებული სათამაშოებით, ტანსაცმლით, განსაკუთრებული საკომუნიკაციო ენით. ნელ-ნელა ქალი, ყალიბდება როგორც ამ არსების მომვლელი, დამასპეციალიზირებელი, პირველი სოციალიზაციის მიმნიჭებელი. შობადობა საკრალურად იქცა, პრიორიტეტი იმისკენ გადაიხარა ვინც გამნაყოფიერებელია, გამნაყოფიერებელი იძლევა გვარსაც და საკუთრებასაც შესაბამისად განაყოფიერებული ზიგოტის დაცვა იქცა სოციალური წესრიგის  შენარჩუნების სიმბოლოდ.

მშობიარობისა და ბედნიერი დედობის მითების მიღმა დგას ქალის გამოფიტული სხეული, შეცვლილი ჰორმონალური ბალანსი, მშობიარობის შემდეგ გარკვეული პერიოდი შეზღუდული შერაცხადობა, დეპრესიები, ტოქსიკოზი, მასტოპათია. მიუხედავად ამისა კულტურა და მედია გვეუბნება რომ ეს ყოველივე არ არსებობს. მითები სწორედ მაშინაა საჭირო, როცა რაღაც მნიშვნელოვანია დასამალი, სენტიმენტების წარმოქმნით მოხდა ქალების აზროვნების დაშორება თავიანთი სხეულებისგან, რომლებსაც ისინი უკვე ფრაგმენტულად აღიქვამენ,  ქალის შობადობის უნარი არის ის, რაც მიითვისა სახელმწიფომ და ძალაუფლებრივმა აპარატმა და ეს ცარიელი ადგილი ამოავსო აბსტრაქტული დედობის კონცეპტით.

არგუმენტები, რომლებსაც ქალებს უპირისპირებენ არის შემდეგი: 1)აბორტი მკვლელობაა; 2) აბორტის ლეგალიზება სექსის წახალისებას მოახდენს, რაც ცოდვაა, განსაკუთრებით ქალებისთვის; ყველა ეს არგუმენტი ისევ და ისევ ფარავს რეალობას და იტყუებს ფემინისტ აქტივისტს  არასწორ დისკურსში. ამ ჩიხში ძალაინ კარგად შედის ლიბერალური ფემინიზმი და იწყებს ორივე არგუმენტის ნეგაციას. ეს პოზიცია წამგებიანია და ისევ არ ამხელს რეალურ ძალაუფლებას. რეალური ძალაუფლება კი დამალულია გაბატონებულ წარმოების წესში, მის მიერ ნაწარმოებ დაკვეთაში, იაფი მუშა ხელის საჭიროებაში, ღარიბი ფენების გამრავლების მომგებიანობაში და სექსზე სამედიცინო ცოდნის ხალხისთვის არ მიწოდებაში. მესამე არგუმენტია ის რომ  აბორტი წაართმებს კაცებს ქალების ფეხმძიმობაზე კონტროლს, რაც ნარკანახევია იმ ისტორიული გამოცდილებით რომ კაპიტალისტი „დამკვეთი“ და „დამგეგმავი“ყოველთვის იყო კაცი.

აბორტის უფლება ხშირ შემთხვევაში ვერ ასახავს პრობლემის ისტორიულობას, აბორტის საშუალება შეიძლება მხოლოდ გარკვეულ ფენას ჰქონდეს, მთავარი პოლიტიკაა ქალებს დავუბრუნოთ ის ცოდნები, რომლებიც ადრე წაერთვათ, რეპროდუქციის კონტროლის ტექნიკები დაეხმარება ქალებს სხეული ერთ მთლიანობაში აღიქვან, რაც საკუთარი გრძელვადიანი მიკრო პოლიტიკის დაგეგმვაში დაეხმარება.

პოლონეთის მაგალითზე ვხედავთ, რომ რევოლუციური ცნობიერების გარეშე ქალის პოლიტიკურ თანამდებობაზე ყოფნა მჩაგვრელ პრაქტიკებს არ ცვლის. ლიბერალების არგუმენტია რომ პოლონეთის პრემიერ მინისტრი ქალი ბოროტია და პრობლემა მის პერსონაში და ემპათიის ნაკლებობაშია, რეალურად პრობლემა კლასობრივი ცნობიერების უქონლობაშია, რაც ქალებისათვის, როგორც ჩაგრული კლასის ბრძოლისათვისაა საჭირო.