ქალები 115-ე აუდიტორიიდან

 

სტატია პირველად გამოქვეყნდა ჟურნალ ლიბერალში.

ავტორი: ნათია ქარჩილაძე

ყველაფერი 14 სექტემბრის აქციით დაიწყო. უნივერსიტეტში უკვე მეოთხე სასწავლო წელი იწყებოდა და ისევ საგნების გარეშე დავრჩით. მაშინ ჩვენ უბრალოდ 20 ადამიანი ვიყავით, რომლებიც ყოველ სასწავლო წელს პლაკატებით, სასტვენებითა და მეგაფონით ვიწყებდით. ვცდილობით, რაც შეიძლება მჭიდროდ ვმდგარიყავით პირველკურსელებთან, რომ ბევრნი გამოვჩენილიყავით. ყველას ჭირვეული და უზრდელი ბავშვები ვეგონეთ, რომლებსაც უბრალოდ სწავლა არ უნდოდათ. სულ რამდენიმე თვეში კი მოვიდა დრო, როცა ვეღარ ვეტეოდით პირველი კორპუსის კიბეებზე, შემდეგ ეზოშიც გადავინაცვლეთ და ბოლოს პირველი კორპუსის ეზოსაც გავცდით. ეს პროტესტი არ იყო რაღაც სტიქიური მოვლენა, ეს იყო ალბათ ყველაზე თანმიმდევრული პროცესი, რომელიც დაიწყო თვითმმართველობის მიერ ჩატარებული 24 600-ლარიანი ტრენინგის გაპროტესტებით და გაგრძელდა განათლების პოლიტიკის ცვლილებებზე მუშაობით.

რა განასხვავებს ამ პროტესტს სხვა მოძრაობებისგან? ალბათ ქალის ხმა, რომელიც ამ პროტესტში ნამდვილად ისმოდა. ქალი, როგორც აქტივისტი არათუ ალაპარაკდა, არამედ ამ პროტესტის ერთ-ერთი მთავარი აქტორი გახდა. ეს პროტესტი მნიშვნელოვანი იყო არამარტო იმიტომ, რომ ის განათლების პოლიტიკის ძირეულ რეფორმებზე მუშაობას შეუდგა და, იმედი მაქვს, ძირეული შედეგებიც ექნება, არამედ იმიტომ, რომ ის ანტისექსისტური და ანტიჰოფობიური დისკურსის ღია გამტარებელი იყო. ეს პროტესტი იყო ძვრა ალბათ იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ვერ წარმოედგინათ ქალი რუპორთან, ვერ წარმოედგინათ, რომ ისინი ღიად დაიწყებდნენ აკადემიურ თავისუფლებასა და ლგბტ კონფერენციაზე საუბარს (ამ თემებზე საუბარი ხომ ისევ და ისევ ქალებმა დაიწყეს), ვერ წარმოიდგენდნენ, რომ ეკლექტურ გოგო-ბიჭებში ლგბტ ორგანიზაციის სოლიდარობას ტაში მოჰყვებოდა. მჯერა, რომ ეს 6 დღე არამარტო უნივერსიტეტისთვის, არამედ ჩვენთვის, ქალებისთვის, კიდევ ერთი შანსი იყო, რომ უფრო თავდაჯერებულები, უფრო ძლიერები გავმხდარიყავით და წინ გავძღოლოდით ცოცხალ ჯაჭვს.

როდესაც დგები, ხელში რუპორს იღებ და ცდილობ, თავი მოუყარო სიტყვებს, მაშინ ორმაგად ნერვიულობ. ნერვიულობ საკუთარ თავზე, რადგანაც იცი, რა მწარე იქნება თითოეული არასწორად ნათქვამი სიტყვა საზოგადოებისთვის; ნერვიულობ სხვა ქალების გამო, რომელთა რუპორი შენ ხარ, შენ ხარ მათი ხმა, რომელმაც უნდა უთხრას ყველას, რომ ის არ არის “კასტრირებული კაცი”, ის არის ადამიანი, რომელიც ბრძოლის აქტორია.

ეს ბრძოლა იყო ლოგიკური გაგრძელება ტყიბულში დაწყებული ბრძოლისა, რომელშიც კვლავ და კვლავ ქალები ყვიროდნენ: “წინ, ქალებო!” ეს ორივე ბრძოლა დაცლილი იყო ნაციონალიზმისგან, ჰომოფობიისა თუ სექსიზმისგან. მასში მხოლოდ სოლიდარობა გახდა ის მთავარი მამოძრავებელი, რომელმაც ჯერ ტყიბულში ჩაგვიყვანა და შემდეგ მეშახტეები უნივერსიტეტში ჩამოიყვანა. ამ დროს გაქრა ყველა ბარიერი, ყველა წყენა თუ აცდენა, რომელიც ჩვენ შორის არსებობდა. ამ დროს მართლა გვჯეროდა, რომ ეს მოვლენები ნამდვილად არის დასაწყისი უფრო დიდი და თანასწორი სოციალური მოძრაობისა.

„აუდიტორია #115“ ქვეყანაში განვითარებული სოციალური ფონის გამოძახილია. ნელ-ნელა ირყევა პრივილეგირებური ჯგუფების სკამები. ნელ-ნელა პოლიტიკური ელიტაც გრძნობს ამ ძვრებს და იმ საფრთხეს, რომელსაც სოციალური მოძრაობები სთავაზობენ. ნელ-ნელა ქალებიც შემოვდივართ საჯარო სივრცეში და აღარ ვართ მამაკაცთა ჩრდილები. სწორედ ეს არის ნამდვილი ემანსიპაცია, ეს არის ნამდვილი ძვრა, ცვლილებები, რომლებიც იწყება ქვემოდან, ბუნებრივად და თანმიმდევრულად. ჩვენ არავისი ხმა არ გვჭირდება, რომ ვთქვათ ჩვენი სათქმელი, ჩვენ არ გვჭირდება დათმობილი ადგილები, ჩვენ არ გვჭირდება თბილი საწოლები, რადგანაც უნივერსიტეტის იატაკზეც მშვენივრად გვძინავს. ჩვენ გვჭირდება ადგილი, სივრცე, საიდანაც ჩვენს ხმას გაგაგონებთ, რომელიც იქნება ნაომარი, ჩახლეჩილი, აკანკალებული, მაგრამ მაინც ქალის ხმა.

დიდი იმედი მაქვს, რომ „აუდიტორია #115-ის“ პლატფორმა კიდევ უფრო მეტ ქალს მოანდომებს, რომ თქვას თავისი სათქმელი, გააგონოს ქალის ხმა ყველას და, პირველ რიგში, ყველა ქალი დაარწმუნოს საკუთარ ძალებში. თავად მოძრაობა კი, იმედი მაქვს, იქნება პოლიტიკურად მწიფე და არა ფრაგმენტული, სადაც სულ დომინოს პრინციპით გაიზრდება ქალის ხმა!