ავტორი: ნათია ქარჩილაძე

2015 წელი იყო, როცა ჩვეულებრივ გავიარე უნივერსიტეტის ეზო, გავუძელი კაცთა ბიუსტების მრისხანე მზერას და ასევე კაცის სახელობის აუდიტორიაში შევედი, რათა ჩემს კვლევაზე მესაუბრა, რომელიც მასკულინური ქალების შესახებ ჩავატარე. არ მოვყვები იმაზე, იმ “ლოგიკურ” რეაქციებსა და კომენტარებზე, რაც ჩემმა მოხესენებამ გამოიწვია, მაგრამ მაშინ პირველად ვიწვნიე, თუ როგორია იყო ქალი, გამოდიოდე საჯარო სივრცეში და ისაუბრო ქალებზე. პირველად მაგრძნობინა ჩვენმა აკადემიამ, რომ რომ ის არათუ არამგრძნობიარეა გენდერულად სენსიტიური თემების მიმართ, არამედ მზად არის ყველას მარგინალიზება მოახდინოს, ვინც გადაუხვევს ჰომოგენურ და მასკულინურ ლოგიკას.

ბევრი თანმხდება იმაზე, რომ უფასო განათლება საჭიროა, საჭიროა განათლების პრიორიტეტად ქცევა და დაფინანსების გაზრდა, თუმცა ძალიან ცოტა ხედავს გენდერულად სენსიტიური რეფორმის საჭიროებას განათლების სისტემაში.

უნივერსიტეტში გამოცდილება, რომელსაც ჩვენ ვიზიარებთ არის მთლიანად კაცების მიერ დაგროვილი; ცოდნა, რომელსაც ობიექტურს ვუწოდებთ, სინამდვილეში კაცების მიერაა შექმნილი; სამყარო, რომელსაც ჩვენ ვუყურებთ, კაცების მიერაა დანახული, პროფესია, რომელსაც ვეუფლებით მასკულნურ დღის წესრიგსაა მორგებული. ჩვენ მუდმივად გვაჯერებენ, რომ ქალებს არანაირი განსაკუთრებული გამოცდილება არ გვაქვს.
როცა აუდიტორია 115-ში უნივერსალური, ყველასთვის სავალდებულო კურსის შემოღებაზე დავიწყეთ ლაპარაკი, კურსი, რომელიც ქალ მეცნიერებზე იქნებოდა ორიენტირებული, ყველას კითხვები დაებადა, ზოგიერთმა პროტესტი გამოთქვა, ბევრიც კი გაღიზიანდა, რადგანაც მამაკაცების ასეთივე კურსი არ არსებობდა. ის ისტორიული მეხსიერება, ის გამოცდილებები, ის კოლექტიური ცნობიერება იმდენად ჰომოგენურად გვიყალიბდება, რომ ვერ ვამჩნევთ იმას, რომ წიგნები, ქსეროქსები, ლექციები მთლიანად მამაკაცების მიერაა შექმნილი და კონსტრუირებული. ამიტომაც ყოველი გადახვევა, უკვე თავისთავად დევიაციაა.

სად იყვნენ ქალები იმ დროს, როცა კაცები მეცნიერულ ცოდნას ქმნიდნენ? რატომ ვერ უწევდნენ “კონკურენციას” მათ ? არ დავიწყებ იმის ახსნას როგორია ქალების რეპრეზენტაცია საჯარო სივრცეში, როგორ იპარავს მათს დროს უხილავი შრომა, როგორ ძალადობენ მასზე ეკონომიკურად, როგორ ვერ იღებდა/იღებს სრულფასოვან განათლებას ის, და რომ კლასობრივ ბრძოლაში ის ორმაგად ჩაგრულია. მაგრამ ყველაზე საინტერესო ისაა, რომ დღეს ქალურ გამოცდილებაზე დამყარებული მეცნიერება დღითი დღე თვითკმარი და ავტონომიური ხდება, უბრალოდ ჩვენი მასკულინური სისტემა მის მუდმივ მარგინალიზებას ეწევა.
თუ ჩვენ ისტორიულ მეხსიერებას დავძაბავთ ალბათ წარმოვიდგენთ ქალს, რომელიც კაცებს ზრდიდა, ქალს, რომელიც მამას უვლიდა; ქალს, რომელიც ქმარს უვლიდა. ცოდნები, რომლებიც დღეს ჩვენამდე მოვიდა, ქალების “ხარჯზე” ყალიბდებოდა, რადგანაც კაპიტალიზმის ფორმირებასთან ერთად, ქალები ნელ-ნელა განიდევნენ საჯარო სივრცეებიდან, კაცები კი საჯარო სივრცის თითოეულ კუთხის ოკუპირებას ახდენდნენ. ჩვენი შემოქმედების არეალმა კი კერძო სფეროში გადმოინაცვლა, ყველაზე უჩინარსა და დაუფასებელში. სფეროში, რომელიც რეალურად იყო საჯარო სივრცეების მანქანა. დღეს, როცა კაცი მეცნიერების ნაშრომებს ვკითხულობთ, ყველაფერი ბუნებრივ მოცემულობად გვეჩვენება, ქალებისაგან განყენებულად, სრულიად უმტკივნეულად: უმტკივნეულოდ დაეცა ვაშლი ნიუტონს, უმტკივნეულოდ მივიდა მარქსი კლასთა შორის ბრძოლასთან და ა.შ. სინამდვილეში, ამ ცოდნას თან ქალთა მტკივნეული გამოცდილებები ახლდა/ახლავს.

როგორც აღვნიშნე, დღეს, განათლების პოლიტიკა ჰომოგენურად პატრიარქალურია და ჩვენს აკადემიაში ამას ვერ შეცვლის ვერც მეცნიერების დაფინანასების გაზრდა და ვერც ხელმიაწვდომი განათლება. ამ პრობლემის მოგვარებით, ჩვენ მხოლოდ დაავადების ტკივილებს ვებრძვით და არა მის გამომწვევ მიზეზებს. და თუ ერთს მოვაგვარებთ, მეორე პრობლემის კვლავწარმოებას შევუწყობთ ხელს. ასეთი სისტემა ზუსტად, რომ კაპიტალისტურ მუშა ხელის დახელოვნების ლოგიკას ერწყმის. სისტემას, რომელიც იძულებულს გხდის, რომ მოერგო მასკულინურ დღის წესრიგს, კონკურენციას. და თუ ეს ვერ მოახერხე,  შენი, ინდივიდუალური დანაშაულია, რადგანაც ცოდნები და გამოცდილებები, რომლებსაც უნივერსიტეტები გვაძლევს, უნივერსალურია და მისი ეჭვქვეშ დაყენება, არ შეიძლება. ასეთ ცოდნებს სქესი არ გააჩნია და მისი კრიტიკა მხოლოდ სამეცნიერო თვალსაზრისითაა შესაძლებელი. ეს თავის მხრივ, ხელს უწყობს ნეოლიბერალიზმს, რომელიც ერთი მხრივ საჯარო სივრცეში გიშვებს, რომელსაც კაპიტალიზმი მოქნილად იყენებს, მაგრამ მეორე მხრივ, საოჯახო საქმესაც არ გწყვეტს .

დღეს, როცა სოციალური მოძრაობები პოლიტიკურად მწიფდება, როცა ისინი მზად არიან, რომ შექმნან დღის წესრიგი, როცა ისინი მზად არიან, რომ პოლიტიკურ ელიტას წაუყენონ თავიანთი მოთხოვნები, დროა წამოიწიოს არამარტო განათლების რეფორმის საჭიროებამ, არამარტო უფასო განათლებამ, არამედ ისეთი განათლების სისტემის შენებამ, რომელიც არ იქნება ფრაგმენტული და არ მოემსახურება არსებული პრობლემების კვლავწარმოებას.

არ შეიძლება ისევ იგივე ლოგიკით ვმოქმედებდეთ და პრიორიტეტები გავანაწილოთ, “ჯერ ბანკები, მერე ქალები”, ჯერ განათლების რეფორმა, მერე ქალები. ალბათ ძალიან პოპულარულია იყვირო “ძირს პრივილეგიები”, “პრიორიტეტი მეცნიერებას” და ა.შ, რაც თავის თავში, რა თქმა უნდა კარგია, თუმცა, ალბათ ჩვენთვის, ქალებისთვის, ეს ბრძოლის ნახევარია, ყველაზე დიდი ბრძოლა ხომ თავად ჯგუფში გელოდებათ, რომელიც მუდამ ჩაგითრევთ ინდივიდუალურ ბრძოლაში, პრივილეგიებისთვის. სწორედ ამის გამო არ უნდა დაიხიოს მოძრაობამ, არ უნდა დასახოს პრიორიტეტები, არ უნდა თქვას, რომ ეს ბრძოლა არის სხვისი. მხოლოდ ის მოძრაობა, იქნება თვითმყოფადი, რომელიც არ შეეცდება თაროზე შემოდოს პრობლემათა გარკვეული კატეგორია. მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება მოძროაბის ბრძოლა სწორი და ავთენტური. რადგან ამის გარეშე ქალები გავაგრძელებთ უბრალო დამკვირვებლებლად ყოფნას და ვერ შევქმნით ცოდნას, ჩვენ საკუთარ გამოცდილებაზე დამყარებულს. ამის გარეშე, არანაირი საერთო ბრძოლა ან თუნდა პოლიტიკა არ არსებობს.