ანუ რა ნაციონალისტური სიამაყის ღირებულება აქვს სამოსს ოლიმპიადაში, რომლისგანაც მედლებს არ ველოდებით

ავტორი: ვერიკო დუნდუა

მოკლედ დიდ ალიაქოთს წავაწყდი სოც. ქსელებში. ქართული საზოგადოების ნაწილი, რომელიც თავს ამავდროულად ‘პროგრესულად’ მოიაზრებს აღშფოთებულია ქართული ოლიმპიური გუნდის ჩაცმულობით, ოღონდ ამ აღშფოთებას ორი სხვადასხვა საფუძველი უდევს და ორივე საფუძველი ერთი შეხედვით სასაცილო, მეორეს მხრივ კი საკმაოდ საშიშია და შევეცდები ავხსნა რაც ვგულისხმობ ამაში.

ჯერ ზოგადად მიმოვიხილოთ რა არის ოლიმპიადა. ოლიმპიადის ჩატარების ოფიციალურ მიზნად ითვლება მეგობრული თამაშების წარმოება ქვეყნებს შორის, რომლებიც შეიძლება ერთმანეთთან პოლიტიკურ დაპირისპირებაში იყონ და ამითი  მოხდეს ერთობის, სოლიდარობის წაქეზება მშვიდობიანი შეხვედრით, სადაც მტრობა და ტერორი შეიძლება ეფექტურად იქნას დავიწყებული და მაყურებელი ლამაზი სანახაობებით აღტაცებული ხელჩაკიდებული ერთად იმღერებს ინტერნაციონალური მეგობრობის და მსოფლიო მშვიდობის სიმღერებს.

თუმცა ოლიმპიადის რეალური შედეგები ძალიან შორსაა ამ იდეალთან. ოლიმპიური თამაშების ისტორიას თუ გადავავლებთ თვალს, მისი ბოიკოტი ხშრად ხდებოდა პოლიტიკური და სამხედრო დაძაბულობების შედეგად სხვადასხვა ქვეყნების მხრიდან და რეალურად ხელჩაკიდებული მეგობრობის და მშვიდობის იდეალები დიდ ფინანსურ მოგებას ეწირება, რაც ოლიმპიადას შემოაქვს მსხვილი კორპორატიული სპონსორებისა და სამშენებლო კომპანიებისთვის (რომლებიც ასევე ცნობილები არიან თავიანთი მოხერხებულობით თავი დაიძვრინონ გადასახადებისგან). ოლიმპიადის მიღებისთვის საჭირო უზარმაზარი ხარჯების გაწევა, ხშირად ეკონომიურად ყველაზე გაჭირვებული ქვეყნების მხრიდან, მართლდება როგორც ამ ქვეყნის მცდელობები გახადოს ქვეყანა ცნობადი და მოიზიდოს ტურისტების და ბიზნეს ინვესტიციების დიდი რაოდენობა ქვეყნის ფინანსური კრიზისიდან გამოსაყვანად თუმცა ეს მისწრაფებები არ მართლდება და ტურისტების და  ბიზნეს ინვესტიციებით შემოტანილი თანხები ახლოსაც ვერ მოდის ოლიმპიადის წარმოებისთვის საჭირო სახელმწიფო ხარჯებთან და შესაბამისად ოლიმპიადის დასრულების შემგომ ეს ქვეყნები კიდევ უფრო დიდ კრიზისში ჰყოფენ თავს.

გარდა ამისა ოლიმპიადა ხშირად ხდება ნაციონალისტური სიამაყის მიზეზი. შეჯიბრებისას საკუთარი ქვეყნის გუნდის ბრმა გულშემატკივრობა სპორტით ნაკლებად დაინტერესებული მოსახლეობის მიერ, გამარჯვებული ათლეტების დაჯილდოების ცერემონიალზე სახელმწიფო დროშებისა აღმართვა და ჰიმნების გაჟღერება, ასევე სამშობლოში დაბრუნებული სპორტული გუნდის მედლებისა და ჯილდოების რაოდენობა ხშირად დიდ ნაციონალისტურ ზეიმად გარდაიქმნება. როგორც მოცემულ სტატიაშია განხილული ხშირად ოლიმპიური თამაშები ამა თუ იმ ქვეყნის შესახებ კულტურული სტერეოტიპების დამკვიდრებას უწყობს ხელს და ეს სოციალურად კონსტრუირებული სტერეოტიპები და სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებს შორის განსხვავებების ხაზის გასმა, ხშირად ნაციონალისტური იდეოლოგიის მთავარ საფუძლად იქცევა.

მოკლედ სიტყვა გამიგრძელდა, ახლა ქართული სამოსელის პრობლემას რომ დავუბრუნდეთ.საქართველოში რამდენადაც მედლებს და ჩვენი ქვეყნის ჰიმნის გაჟღერებას სტადიონზე დიდად არავინ ელოდება და ჩვენი ნაციონალისტური სიამაყისთვის მედლების რაოდენობა ვერ გამოდგება, სამოსს და სხვა პირობით ნიშნებს ძალიან დიდი მნიშნელობა ენიჭება. როგორც აღვნიშნე სამოსით უკმაყოფილოთა პროტესტის 2 ძირითადი ფორმა გამოიყო:

1)ერთი ნაწილი ქართული სამოსელის ‘გოიმობას’  და უგემოვნობას უსვამენ ხაზს, აღშფოთებულები არიან რომ სამოსელი ქვეყნის მთავარ ნაციონალისტს დაუკვეთეს და სველი სიზმრები აქვთ ფრანგულ და კუბურ (ლაბუტენის) დახვეწილ და გემოვნებიან ჩაცმულობაზე. მაგრამ გავიწყდება რომ სხვა ქვეყნების სპორტული გუნდის ჩაცმულობის მიზეზები ისეთივე ნაციონალისტურია როგორიც ქართულის, რადგან ოლიმპიადის მთელი იდეა სწორედ ამ ნაციონალისტურ სიამაყეში მდგომარეობს. შესაბამისად ქვეყნის მთავარი ნაციონალისტის მიერ შეკერილმა სამოსმა ერთიორად გაზარდა ნაციონალიზმი და ნაციონალური სიამაყე სოციუმის იმ ნაწილში, რომელიც მანამდე ნაციონალისტურ რიტორიკას უპირისპირდებოდა და ყველა აალაპარაკა ხელოვნური თემის გარშემო, როგორ აქციო შენი, აბსოლუტურად შემთხვევითი, დაბადება რომელიმე პირობითად შემოსაზღვრული ქვეყნის საზღვრებს შიგნით შენს იდენტობად და იამაყო  ამ პირობითი იდენტობით. როგორ წარმოვაჩინოთ ეს პირობითი იდენტობა სხვა პირობით იდენტობებთან კონტრასტში. ერთადერთი მაგალითი, რაც ამ შემთხვევამ მოგვცა, არის როგორ ფრთხილად უნდა ვიყოთ ჩვენი ანტი ნაციონალისტური რიტორიკით უნებლიედ არ გავხდეთ ნაციონალისტური იდეოლოგიის წამქეზებლები.

2)მეორე ნაწილი ქართული სამოსის უზბეკურთან მსგავსებაზე აღშფოთდა და მოითხოვა დადასტურება, არის თუ არა მოცემული სამოსი რეალურად ‘ჭეშმარიტად და აუთენტურად ქართული’, რაც პირდაპირი ნაციონალისტური იდეოლოგიის მაგალითია ჭეშმარიტი და აუთენტურად ქართული, ისტორიულად დადასტურებული ტრადიციული ქართული ელემენტების ძიება გვანიშნებს რამდენად ფესვგადგმულია ნაციონალისტური რიტორიკა ქართულ რეალობაში და საზღვარს ე.წ. ‘ბნელებსა’ და ‘პროგრესულებს’ შორის შლის, რამდენადაც გვაჩვენებს რომ სულ ერთია რომელ პირობით კატეგორიაში მოვიაზრებთ თავს, ნაციონალიზმი იმდენად ნორმალიზებულია სოციუმში რომ ხშირად ყველაზე ‘პროგრესულებიც’ მხოლოდ ძალიან მკაფიო და არაორაზროვან შემთხვევებში ახერხებენ ნაციონალიზმის, როგორც პრობლემის იდენტიფიკაციას თუმცა უმეტეს შემთხვევებში სრულიად გულგრილად და გაუაზრებლად ახდენენ ნაციონალისტური რიტორიკის გავრცელებას.

ეს იყო ის ორჯერ ორი, რისი თქმაც დღეს მინდოდა. მინდა ამ ოლიმპიადის შესახებ ქართული ოლიმპიელების სამოსიდან ყურადღება გადმოვიტანო თვითონ ოლიმპიადის შესახებ. ოლიმპიადა ტარდება ბრაზილიაში, რიოში, რომელიც დგას უდიდესი ეკონომიური კრიზისის წინ რაც კი ბოლო ასწლეულის მანძლზე უნახავს, რაც იწვევს სიღარიბის, უმუშევრობის და უსახლკარობის  დიდ აფეთქებას. უდიდესი ჯანდაცვის კრიზისის წინ (ზიკა ვირუსი), უდიდესი ეკოლოგიური კრიზისის წინ (წყლების დაბინძურება). ამ ყველაფრის შესახებ შეგვიძლია მოცემულ ლინკზე წავიკითხოთ. დროა ჩვენი ყურადღება ევროპული ღირებულებების მატარებელი თანამედროვე ოლიმპიური სამოსელის მოთხოვნის მაგივრად გადავიტანოთ ყველაზე მნიშვნელოვანზე, რაც არის ზოგადად ამ ოლიმპიადების აბსოლუტურად ამორალური ხასიათი, რომელიც მსოფლიოში კლასობრივ და ნაციონალისტურ დახლეჩვას ემსახურება და დიდი კორპორატიული მოგების მიღების მიზნით სიარულისას უკან ეკონომიური და პოლიტიკური კრიზისების ნანგრევებს ტოვებს