თარგმანი: ნოდარ შუკაკიძე;

ანალიზი: გვანცა ხონელიძე;


პოლონეთში ქალები მასობრივი გაფიცვის მოწყობას და ქვეყნის მიერ შემუშავებული გეგმის გაპროტესტებას აპირებენ, რომელიც ყველა სახის აბორტის აკრძალვას ითვალისწინებს.

ორშაბათიდან დასაქმებული ქალები მთელი პოლონეთის მასშტაბით გამოსვლებს გეგმავენ, რათა ხელი შეუშალონ მთავრობის მცდელობას, კიდევ უფრო გაამკაცროს კანონმდებლობა აბორტის შესახებ. გაფიცვის მონაწილეები იმედოვნებენ, რომ ეს ქმედება პოლონურ საზოგადოებასა და პოლონეთის ეკონომიკას ჩიხში მოამწყვდევს.

მჟამად, აბორტი მხოლოდ იმ შემთხვევებშია დაშვებული, როდესაც საფრთხეშია დედის ან ნაყოფის სიცოცხლე, ანდა საქმე ეხება გაუპატიურების შემთხვევას. თუმცა, კანონმდებლების ახალი ინიციატივით, ეს კანონი კიდევ უფრო უნდა გამკაცრდეს და აღნიშნული გამონაკლისებიც კანონგარეშედ გამოცხადდეს. რაც შეეხება კანონდამრღვევებს, მათ 5 წლიანი თავისუფლების აღკვეთა შეიძლება მიესაჯოთ. ცვლილებების განხილვა სამთავრობო კომიტეტის მიერ ამჟამად მიმდინარეობს.

პროტესტის მიმდინაროებისას, ქალები სამსახურში გამოცხადებაზე უარს იტყვიან და ამ გზით შეუერთდებიან გაფიცვას. “შავი პროტესტის” სახელით ცნობილი ოფიციალური გაფიცვები პოლონეთის 60 სხვადასხვა ქალაქში განხორციელდება. გარკვეულმა კორპორაციებმა სოლიდარობის ნიშნად გამოაცხადეს, რომ ორშაბათს დაიხურებიან. აქციის მონაწილეებს მოუწოდებენ ჩაიცვან შავი ტანსაცმელი და სოციალურ მედიაში გაავრცელონ მონაწილეობის ამსახველი ფოტო სურათები.

ონლაინ სივრცეში გავრცელებულ პამფლეტში ვკითხულობთ: “შავი პროტესტი -ქალთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლებების დასაცავად პოლონეთში. ჩვენ მოვითხოვთ სანდო სექსუალურ განათლებაზე წვდომას, კონტრაცეფციასა და ეფექტურ ინ-ვიტრო პროცედურებს. ჩვენ ვეწინააღმდეგებით აბორტის კანონის კიდევ უფრო გამკაცრებას.”

“რა შეგიძლია გააკეთო შენ? სამსახურში წასვლის ნაცვლად, დემონსტრაციაზე წადი. თუ სახლში ან სამსახურში ყოფნა გიწევს, ჩაიცვი შავი ტანსაცმელი, გადაიღე სურათი და გაავრცელე სოციალურ მედიაში ჰაშთაგით #BlackProtest #CzarnyProtest, რათა გამოხატო შენი სოლიდარობა. დაელაპარაკე შენს დას, დედას, ნათესავს, მეგობარს, კოლეგას. შეატყობინე გაფიცვის და საერთო მდგომარეობის შესახებ პოლონეთში.”

 Photo: NurPhoto/Zuma Press

Photo: NurPhoto/Zuma Press

რაც შეეხება ყველა სახის აბორტის აკრძალვის შესახებ კანონს, მას მხარს უჭერს მოძრაობა „შეაჩერე აბორტი’’ (Stop Abortion), კათოლიკური ეკლესია და პრემიერ-მინისტრი ბეატა სზიდლო იუსტიციის მინისტრ პატრიკ ჟაკისთან ერთად.

ოფიციალური სტატისტიკით, ყოველწლიურად, პოლონეთში დაახლოებით 1000 ლეგალური აბორტი კეთდება. თუმცა, მიიჩნეულია, რომ არალეგალური პროცედურების რიცხვი საგრძნობლად აღემატება ოფიციალურ ციფრებს, როცა თითქმის 150 000 ქალი, ყოველწლიურად, თავად იკეთებს აბორტს და ეს ხშირად ონლაინ რეჟიმში ნაყიდი აბებითაც ხდება.

საერთაშორისო მასშტაბით, 66 ქვეყანა აბორტს მხოლოდ იმ შემთხვევაში უშვებს, თუ ქალის სიცოცხლე საფრთხეშია.

გაერთიანებულ სამეფოში, ჩრდილოეთ ირლანდიაში, აბორტის გაკეთება კრიმინალური დანაშაულია და ზოგიერთ სიტუაციაში ქალებს სამუდამო პატიმრობაც კი ემუქრებათ აბორტის გაკეთების შემთხვევაში, მაშინაც კი, თუ საქმე ეხება გაუპატიურებას, ინცესტს ან ნაყოფის გადარჩენის მცირე შანსს.

წყარო: http://www.independent.co.uk/news/world/europe/polish-women-strike-abortion-laws-restrictions-changes-economy-a7339141.html

საბჭოთა კავშირის 1920 წლის 18 ოქტომბრის „ბრძანებულებით ქალთა ჯანდაცვის შესახებ’’ ბოლშევიკური პარტია აბორტს აცხადებს, როგორც ლეგალიზებულ ქმედებას. საბჭოთა კავშირი გახდა პირველი ქვეყანა, სადაც ლეგალიზებულ აბორტთან ერთად, ძირითად შემთხვევაში, აბორტს ქალებს უფასოდ უკეთებდნენ.

1936 წელს ბოლშევიკთა ეს მიღწევა და ქალთა თანასწორუფლებიანობის საკანონმდებლო ასახვა – აბორტი ისევ არალეგალური გახდა სტალინის სურვილის გამო. მისი პრიორიტეტი პოპულაციის ზრდაზე ზრუნვა იყო. სტალინმა არა მარტო აბორტის ბრძანებულების რეფორმირება მოახდინა, არამედ პოპულაციის გაზრდის მიზნით ისეთი რეფორმები განახორციელა, როგორიცაა მრავალშვილიანი ოჯახებისა და დედების წახალისება, ალიმენტის გადახდის იძულების გამკაცრება, განქორწინების კანონში ცვლილებები, მომვლელები, სკოლებისა და საბავშვო ბაღების ხელმისაწვდომობის გაზრდა.

1944 წლიდან, მესამე და მომდევნო შვილზე ქალებისთვის გასაცემი ჯილდოები გაიზარდა, მაგრამ ყველა ეს დახმარება 1948, მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდგომ მალევე შეწყდა. ეს რეფორმა კარგად გვანახებს, თუ როგორ იკარგება კომუნისტური რევოლუციური იდეები სტალინიზმის ხანაში და როგორც ხდება დავიწყებული თანასწორობა, რომლის ჩამნაცვლებელიც გახდა საერთო მიზანზე ზრუნვა.

თანასწორობა მრავალწახნაგოვანი ცნებაა, რომლის ქვაკუთხედსაც ყველასთვის პოტენციური ან არსებული უთანაბრობის გადალახვის შესახებ მუდმივი საუბარი წარმოადგენს, რამდენადაც საერთო დიად მიზანზე საუბარი ჰომოგენურია და ვერასდროს ჩაიწერს საკუთარ თავში თანასწორობის იდეას.

1953 წელს კვლავ გადაიხედა 1936 წლის აბორტის კანონი, ამ გადახედვის შემდგომ ლინგვისტურ დონეზე აისახა, რომ დედობა არჩევანს უნდა დაფუძნებოდა, მაგრამ აბორტისაგან პრევენცია მაინც პრიორიტეტი იყო. 1950-იან და 1960-იან წლებში, აბორტის ყველაზე დიდი რაოდენობა, წელიწადში 6 მილიონი აბორტი ფიქსირდებოდა. საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდგომ, პოსტსაბჭოთა სივრცეში შობადობის რეგულაციების სხვადასხვა პრაქტიკა ჩანს. რუსეთში 2011 წლიდან მოქმედებს კანონი, რომელიც ქალს 12 კვირამდე აბორტის უფლებას აძლევს, ხოლო 22 კვირამდე იმ შემთხვევაში, როცა სამედიცინო ჩვენება ან გაუპატიურების მიზეზი არსებობს. უკრაინაში აბორტი პირველი 11 კვირაა ლეგალური, ხოლო 12-დან 28 კვირამდე სხვადასხვა მიზეზი უნდა უძღოდეს წინ; სომხეთშიც იგივე პრაქტიკა არსებობს.

პოლონეთში 1932 წლამდე აბორტი აკრძალული იყო ნებისმიერი გამონაკლისის გარეშე. აბორტის შესახებ კანონის შემსუბუქება ნელ-ნელა მიმდინარეობდა და მასში სამედიცინო ჩვენებების ჩამატება მოხდა,  ხოლო უფრო მოგვიანებით, 1956 წელს სეიმმა (პოლონეთის პარლამენტი) აბორტის ლეგალიზება მოახდინა იმ ქალებისათვის, რომლებსაც რთული სოციალური პირობები ჰქონდათ. პოლონეთში კომუნიზმის დაცემის შემდეგ, მთავრობამ აკრძალა აბორტი გარდა იმ შემთხვევისა, თუ ეს იყო ერთადერთი გზა ორსულის გადარჩენისათვის. სტატისტიკის მიხედვით, თუკი პოლონეთში აბორტების მაჩვენებელი 1962 წელს 272,000 წლიურ შემთხვევას აღწევდა, 1994 წელს 11, 640 შემთხვევამდე,  ხოლო 1993 წლიდან  1, 240 შემთხვევამდე ჩამოდის. ამ კანონის ფუნქციონირების პერიოდში მაჩვენებელი ერთ ასეულსაც კი აღარ შორდება. 2006 წელს არსებული 340 შემთხვევის შემდგომ, 2008 წლიდან აბორტის მაჩვენებელმა პოლონეთში სამი ასეულით აიწია, ხოლო 2014 წელს 970 ლეგალულ ნიშნულზე დადგა.  ამ პროცესებს 2009 წლის ფინანსური კრიზისის პიკი დაემთხვა, როდესაც ევროკავშირის ჯიდიპი 4.5 პროცენტით დაეცა, მაგრამ ამ დროს პოლონეთის ჯიდიპი 1.6 პროცენტიან ზრდას განაგრძობდა. თუკი 2013 წელს პოლონეთში დაუსაქმებელთა რაოდენობა 11 პროცენტს შეადგენდა, 2014 წელს ეს მაჩვენებელი 7 პროცენტიან ნიშნულზე ჩამოვიდა.  პოლონეთს თამამად უწოდეს აღმოსავლეთ ევროპის სასწაული, რომელმაც მოახერხა და გლობალურ ფინანსურ კრიზისს გადაურჩა. მაგრამ, მიუხედავად ასეთი საიმედო ეკონომიკური ფონისა, 2011 წლიდან აბორტის თემაზე ახალი დებატი გაღვივდა.  ამ წელს აბორტის მოწინააღმდეგე არასამთავრობო ორგანიზაციებმა 500 000 ხელმოწერა მოაგროვეს პოლონეთში აბორტის სრულად აკრძალვისთვის. მემარცხენე ფლანგის დემოკრატიულმა მემარცხენე ალიანსმა ამ ინიციატივას ,,არჩევანის თავისუფლების’’ პოლიტიკა დაუხვედრა, ხოლო 2015 წელს 205-მა მოწინააღმდეგემ ეს ინიციატივა დაბლოკა. 2016 წელს, აბორტის საწინააღმდეგო მოძრაობამ უფრო მეტ მხარდამჭერი შეიძინა, ქალი პრემიერ-მინისტრისა და კათოლიკური ეკლესიის სახით.

ავტორი: ანუკ ბელუგა

ავტორი: ანუკ ბელუგა

აბორტის პოლიტიკა ცენტრალური წერტილია ქალის ჯანრთელობისა და რეპროდუქციული პოლიტიკისა, რომელიც კერძო სფეროს ნაწილად განიხილება ხოლმე, რაც მის დეპოლიტიზებასა და გაინდივიდუალურებას იწვევს. კანონმდებლობა აბორტის რეგულაციების შემუშავებით, ხოლო შემდეგ მისი პერმანენტული გადახედვით, აწარმოებს ბიოპოლიტიკას, რომლის ბრძოლის ველი ქალის სხეულია. არაფერი ისე დეტალურად არაა დანაწევრებული და ძალაუფლების ქვეშ მოქცეული, როგორც ქალის სხეული და მისი კონტროლი შობადობაზე არასდროსაა თავისი ნების ქვეშ, რაც კარგად მიგვანიშნებს, რომ შემოსაზღვრული პროლეტარიატის კლასის ქვეშ გაერთიანება საჭიროებს დისკურსულ მრავალფეროვნებას და მრავალ წინააღდეგობათა ჯაჭვს, რომელშიც ქალი იდენტობის პოლიტიკის და სეპარაციის შემომტან უცხო სხეულად კი არა, რევოლუციისათვის უმთავრეს კომპონენტად მიიჩნევა. რაც პოლონეთში ახლა ხდება სამაგალითოა, საინტერესოა,  თუ რამდენად შეძლებენ ორგანიზდნენ ქალები და მოახდინონ სოციალური ცხოვრების პარალიზება. რადგან ქალი აწარმოებს კაპიტალისტისთვის საჭირო ფუნდამენტურ საქონელს, მას ხელთ უპყრია ფუნდამენტური სოციალური ძალა: მას შეუძლია უარი თქვას წარმოებაზე. სწორედ ესაა წინააღმდეგობა, რომელსაც ბელადი არ ეყოლება, რადგან უპირობოდ ყველა ქალი ხდება წინააღდეგობის მატარებელი.

პოლონეთის ეკონომიკა ზრდადია, უმუშევრობა ყოველწლიურად კლებადი, მათ პრემიერ-მინისტრად ქალი ყავთ, თითქოს ყველა ის „ნიშანი’’ სახეზეა, რაც წესით ლიბერალური თუ მეინსტრიმ დისკურსის მიხედვით ქალთა მეტ ლიბერაციას უნდა გვპირდებოდეს, მაგრამ  სწორედ აქ ვხედავთ ნათლად, რომ ეს ნიშნები ცარიელი აღმნიშვნელები არიან, საჭიროა ქალთა პრობლემების, ქალთა საკითხის და ქალებზე, როგორც ისტრიულად პირველ ექსპლუატირებულ ჯგუფზე ცალკე საუბარი.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი ბეატა შიდლო არის მემარჯვენე ნაციონალ-კონსერვატიული პარტიის წევრი, რომელიც კათოლიკურ ეკლესიასთან ერთად ოპონირებას უწევს მემარცხენე ფლანგს და ითხოვს აბორტის სრულად აკრძალვას. 4 დღის წინ, სეიმმა მხარი დაუჭირა აბორტის კანონში ცვლილებას, რაც ქალს მაშინაც კი აღარ აძლევს აბორტის გაკეთების უფლებას, თუ ეს მისი ერთადერთი გადარჩენის გზაა. ეს ეწინააღმდეგება ადამიანის, როგორც უპირატესი ღირებულების პრინციპს და ჩანასახს აყენებს იერარქიულად მაღალ საფეხურზე. პოლონეთის მოსახლების ზრდა სტაგნაციას განიცდის და თითქმის 0.8 პროცენტზეა ჩამოსული, ამ პრობლემის მოსაგვარებლად „ზრუნვა’’ ქალის სხეულის კონტროლით დაიწყეს.

ორშაბათიდან, პოლონელი ქალები ფართომასშტაბიან გაფიცვას აპირებენ, ეს იქნება უსამართლობის წინააღმდეგ გალაშქრება, რომელიც არა მხოლოდ მათ, არამედ მთელი მსოფლიოს ქალებს ახსენებს ისტორიულად უთანაბრო მდგომარეობას. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში მსგავს ფაქტებზე რეფლექსია მოხდეს და საჯარო სივრცეში ქალთა საკითხი დადგეს, როგორც ძირითად და არა მეორადი, ნაკლებად პოპულარული ანდა არათანაბარმნიშვნელოვან სხვა ფუნდამენტურ მემარცხენე საკითხებთან შედარებით.