San Junipero – სამოთხე დედამიწაზე

ავტორი: მარიამ მეფარიშვილი

„შავი სარკე“ დისტოპიურ ამბებზე დაფუძნებული სერიალია, რომელიც ადამიანსა და ტექნოლოგიას შორის ურთიერთობას განიხილავს. თითოეული ეპიზოდი ამ ურთიერთობის სხვადასხვა ასპექტს ეხება, მაგრამ ყველა მათგანი ერთი თემის გარშემო ტრიალებს – ადამიანის არჩევანზე, ინდივიდუალურსა და კოლექტიურზე, თუ როგორ გამოიყენოს ტექნოლოგია.

საინტერესო ისაა, რომ იგი გვანახებს რომ ტექნოლოგიის განვითარებით ადამიანის ბუნება უეცრად არ იცვლება, რაღაც ახალი არ იღვიძებს მასში. იგი უბრალოდ ადამიანს საშუალებას აძლევს გაავარჯიშოს საკუთარი თავისუფალი ნება. ტექნოლოგია მხოლოდ ცვლის იმას, რასაც ადამიანები საუკუნეების განმავლობაში ვაკეთებდით. რა განსხვავებაა საჯარო სიკვდილით დასჯასა და სპექტაკლის დადგმას შორის, სადაც მსჯავრდებულს იმავე ტკივილს აყენებ, რაც თავის მსხვერპლს მიაყენა?! რა განსხვავებაა სასაფლაოს მორთვასა (მაგალითისთვის, „გილმორის გოგონების“ ახალ სეზონში, ემილი გილმორი გარდაცვლილი მეუღლის საფლავის ქვას ექვსჯერ ცვლის, რადგან წარწერაში გრამატიკულ შეცდომებს აღმოაჩენს) და საყვარელი ადამიანის რობოტის შექმნაში? იცვლება მხოლოდ მეთოდი, გზა, რომლითაც იმას ვაკეთებთ, რაც ისედაც ზის ჩვენში.

თუ ტექნოლოგია სამყაროს შეცვლის შესაძლებლობაა, რა გარანტია გვაქვს, რომ მას უარესობისკენ არ შეცვლით? სერიალის ყოველ ეპიზოდში ამ კითხვაზე პასუხის გაცემა გვიწევს. „სან ჯუნიპეროს“ ძალა კი სწორედ იმაშია, რომ იგი გეზს იცვლის. იორკი კელის ეუბნება, „ეს მახე არ არის“ და ერთადერთხელ მთელი „შავი სარკის“ ისტორიაში, ეს მართლაც ასეა.

მაშ, რა მოხდება თუ ტექნოლოგიას ბოროტებისთვის არ გამოვიყენებთ და ამის ნაცვლად, იგი უმცირესობათა ხსნის ხელსაწყოდ იქცევა? მივიღებთ სიყვარულის ისტორიას შავკანიან ბისექსუალ ქალსა და თეთრკანიან ლესბოსელს შორის (ამ თვალსაზრისით იმაზე კამათიც შეიძლება, რომ „ველური დასავლეთის სამყარო“ რეალური სამყაროს პოლიტიკა რომ არა, იქნებოდა სერიალი, სადაც უმცირესობათა სურვილების აღსრულებაზე შექმნილი ფიციური სამყარო შეიქმნებოდა. სამყარო, სადაც თეთრკანიანი მამაკაცები ქალებს აუპატიურებენ და ხალხს კლავენ უკვე არსებობს, იგი რეალობაა).

ის, რომ სან ჯუნიპეროს მთავარი პროტაგონისტები ქალები არიან, ამძაფრებს ისტორიას, სიახლე შემოაქვს მასში. იგი კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორი უნდა იყოს უმცირესობების რეპრეზენტაცია – ის, რომ იორკი ლესბოსელია ჰომოფობი მშობლებით, ის, რომ კელი შავკანიანი ბისექსუალია, არ არის სან ჯუნიპეროს ამბის მთავარი მამოძრავებელი ძალა, მაგრამ ამ ფაქტების ხაზგასმით იქმნება ამბავი, რომელიც ჯერ არავის მოუყოლია, და რომელსაც უფრო მეტი ემოციური დატვირთვა აქვს.

ყველა მორცხვობს ახალი ადამიანების გაცნობისას, ყველას უჭირს ახალ ადგილთან შეგუება, ყველა შფოთავს ლამაზ გოგოსთან ცეკვის დროს, მაგრამ იორკის გასაჭირი ორმაგდება, როცა ვიგებთ რომ ეს მისი, როგორც ლესბოსელის პირველი გამოცდილებაა. ლესბოსელის, რომელსაც რელიგიური, ჰომოფობი ოჯახი ჰყავს. როცა ვიგებთ რამხელა ძალისხმევის ფასად მიდის ყოველ კვირას სან ჯუნიპეროში, უფრო მეტად თანავუგრძნობთ და გვესმის, რატომ სურს ვირტუალურ სამყაროში ახალი ცხოვრების დაწყება. ეს ხომ ფაქტობრივად ცხოვრების ერთადერთი შანსია მისთვის.

იგივე შეიძლება ითქვას კელის შემთხვევაში. ამბავს უფრო მეტი წონა ენიჭება, როცა ვიგებთ, რომ ბისექსუალია, რომელსაც მეუღლე და შვილი ჰყავდა და ბედნიერად ცხოვრობდა სანამ ორივე მათგანი გარდაიცვლებოდა. განსხვავებით იორკისგან, მას მთელი ცხოვრებისეული გამოცდილებები აქვს, ამიტომაც უფრო უჭირს გადაწყვეტილების მიღება. კელის ორიენტაცია ხაზს უსვამს მნიშვნელოვან პრობლემას: რამდენად რთულია იყო ბისექსუალი მონოგამიურ ურთიერთობაში და გამოხატო შენი მიზიდულობა ორივე სქესის მიმართ ისე, რომ ხალხმა ღალატის სურვილში არ დაგადანაშაულოს. ამიტომაც დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ ამბავში კელის ურთიერთობას ქმართან და მის გრძნობებს იორკის მიმართ ერთნაირი წონა აქვს, ორივე პატივცემული და ვალიდურია და ორივე შემთხვევაში კელი არ კარგავს საკუთარ თავს, საკუთარ ბისექსუალობას. უკეთ რომ დავინახოთ პრობლემა, გავიხსენოთ თუნდაც სერიალი „ნარინჯისფერი – ახალი შავი ფერია“, სადაც პროტაგონიტ ფაიფერს, მიუხედავად იმისა, რომ თავად ხაზს უსვამს ორივე სქესისადმი მიზიდულობას, ლესბოსელი ქალები „ჰეტეროსექსუალს“ ეძახიან, ჰეტეროსექსუალი ადამიანები კი „ლესბოსელს“.

და ბოლოს, ვფიქრობ, აღსანიშნავია, რომ სან ჯუნიპერო ნოსტალგიური ვირტუალური ქალაქია. მიუხედავად იმისა, რომ სერიალის განვითარებისას იორკი და კელი სხვადასხვა ეპოქებში მოგზაურობენ, მთავარი პერიოდი 80-იანებია. საინტერესოა, რომ შავი სარკის ეს ეპიზოდი ჰომოფობიისგან, სიკვდილისგან, დროისგან გაქცევას სთავაზობს ჰომოსექსუალ წყვილს, რომლისთვისაც 80-იანი წლები რეალურად არ იქნებოდა მხოლოდ ბრჭყვიალა სამოსი, დიდი თმები, არკადული თამაშები და კლუბში ცეკვა. ამ ამბავში „სამოთხე ადგილია დედამიწაზე“ იმ ეპოქის სოციალური და კულტურული ჰომოფობიისა და, რაც მთავარია, შიდსის გარეშე. გარკვეულწილად, სან ჯუნიპერო გაქცევაა არა მხოლოდ კელისა და იორკისთვის, არამედ მთელი ლგბტქ+ ჯგუფისთვის, განსაკუთრებით მათთვის, რომლებსაც ახალგაზრდობა 80-იანებში გამოიარეს და მათთვის, ვისთვისაც ჰომოფობია ყოველდღიური პრობლემაა.

როცა “შავი სარკე” იმედიან დასასრულს გვთავაზობს, ეს ასევე ნორმისგან გადახვევაა. 2016 წელი ყველას თავისებურად დაამახსოვრდება. ზოგისთვის კარგი მოგონებები ცუდს გადაწონის. პოპ კულტურაში ეს იქნება წელი, როდესაც 26 ლესბოსელი და ბისექსუალი ქალი მოკლეს სერიალებში, მაგრამ შოუში, რომელიც თავისი გროტესკული ამბებითაა ცნობილი, ორ ქალს, რომლებსაც ერთმანეთი შეუყვარდათ, საშუალება მიეცათ მარადიულად ერთად ცხოვრების 80-იანი წლების ნოსტალგიით გაჟღენთილ ქალაქში, რადგან…რატომაც არა?