საქართველოში სერვისის სფეროში დასაქმებული ადამიანების პრობლემების შესახებ ინფორმაცია ახალი არ არის. ამ სფეროში არსებული პრობლემები ყველასთვის ნაცნობია. ყველას უმუშავია, ან შეხება ჰქონია ადამიანთან, რომელიც სერვისის სფეროშია დასაქმებული. დასაქმების საიტების ერთჯერადი გადათვალიერებითაც შეგვიძლია დავრწმუნდეთ რომ სერვისის სფერო ერთერთი მსხვილი დამსაქმებელია. არც სერვისის სფეროში არსებული ხელფასების ზღვრებია უცნობი. ყველა, ვინც სერვისის სფეროში გამოცხადებულ ვაკანსიაზე ვაგზავნით რეზიუმეს ვიცით, დაახლოებით რა ოდენობის ანაზღაურებას ველოდებით. არც სერვისის სფეროში დასაქმებული ადამიანებისთვის განსაზღვრული სამუშაო საათებია უცნობი არავისთვის. სკეპტიკოსებს ვურჩევდი სამუშაოს დაწყებამდე და სამუშაოს დასრულების შემდგომ შეისეირნონ ნებისმიერ სუპერმარკეტსა თუ ლოკალურ მაღაზიაში და ნაცნობ სახეებს გადახედონ. ერთი სიახლე, რაც ამ ბოლო პერიოდში ხდება, ეს არის ამ სფეროში დასაქმებული ხალხის მიერ პრობლემების წინააღმდეგ ხმამაღალი გალაშქრება. სიახლე და გასაკვირი ეს სწორედ იმიტომ არის არსებული ტოტალური უმუშევრობის ფონზე ისეთ სფეროში დასაქმებული პირები, რომელთა ჩანაცვლება კომპანიისთვის ადვილია, ბედავენ და უსამსახუროდ დარჩენის რისკის პირობებში ახერხებენ სფეროში არსებულ პრობლემებსა და დარღვევებზე ისაუბრონ.

განსაკუთრებით მინდა ხაზი გავუსვა ფრესკოსა და ბიბლუსის თანამშრომლებიც მიერ ბოლო პერიოდში გაკეთებულ განცხადებებს. გულზე ხელი რომ დავიდოთ არავისაც არ გაგვკვირებია მათი გაუსაძლისის შრომის პირობების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება და ის ვინც ამბობს რომ გაუკვირდა, პირდაპირ ვიტყვი რომ ტყუის. ისიც ტყუის, ვისაც ეჭვი შეაქვს სერვისის სფეროში არსებული კაბალური პირობების არსებობაში. რაც რეალურად გაგვიკვირდა, ეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ გაკეთებული განცხადებებია.

სანამ მინისტრის გაკეთებულ განცხადებებს განვიხილავთ, განვიხილოთ რა არის შრომის ინსპექცია და რა უფლება/მოვალეობები აქვს მას. 2015 წელს დამტკიცებული შრომის პირობების მონიტორინგის სახელმწიფო პროგრამაში განმარტებულია რომ მონიტორინგის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ დამსაქმებლები, რომლებმაც წერილობითი თანხმობა განაცხადეს ამ პროგრამაში ჩართვის შესახებ და დასაქმებულები, რომლებიც მუშაობენ ამ დამსაქმებლებთან. და მონიტორინგის პროგრამას შეუძლია მხოლოდ რჩევებისა და რეკომენდაციების გაწევა შეუძლია, შესაბამისად დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაზე შრომითი უფლებების გაუმჯობესება ისევ დამსაქმებლის კეთილ ნებასაა მინდობილი.

მსგავსი დოკუმენტის კითხვისას რეალურად გვიჩნდება კითხვა – რაში გვჭირდება სახელმწიფო? სახელმწიფო, რომელიც მხოლოდ დამსაქმებლის წერილობითი თანხმობის შემთხვევაში შეამოწმებს ობიექტს და დარღვევების შემთხვევაში დამსაქმებელს არ ავალდებულებს დარღვევების აღმოფხვრისკენ, უკვე საკმაოდ უსარგებლო მექანიზმი ხდება.

8 თებერვალს, ფრესკოსა და ბიბლუსის მიერ გავრცელებული ინფორმაციის შედეგად ცნობილი გახდა რომ შრომის ინსპექტირების დეპარტამენტი ფრესკოს შეამოწმებდა. ნეტგაზეთთან საუბრისას დეპარტამენტის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა განაცხადა:

“შრომით ექსპლუატაციასა და იძულებითი შრომის ნიშნების შემცველ შეტყობინებაზე (იქნება ეს ცხელი ხაზით მიღებული თუ სოციალური ქსელებით) რეაგირება ჩვენი ვალდებულებაა”

თუმცა დღეს უკვე, რამდენიმე საათიანი ბუტაფორული ინსპექტირების შემდგომ, სახელმწიფოს გასაოცრად უტიფარი პასუხი მისი მოქალაქეების გასაჭირზე სწორადაც რომ გასაკვირი და ძალიან გასაბრაზებელი რამაა. თურმე ფრესკოში არსებული პრობლემების შესახებ, რომელსაც ჯერ ფრესკოს, შემდგომ კი ბიბლუსის თანამშრომლებმა ჯერ ვრცელი წერილი, შემდგომ კი ვიდეო მიუძღვნეს, ქსელის ერთ მაღაზიაში რამდენიმე საათით მისული ინსპექციის დროს ‘არც ერთმა თანამშრომელმა არ დაადასტურა’.

მინდა დაგისვათ კითხვები, რისი დასმაც მნიშნელოვანია. რამდენი თანამშრომელი გამოჰკითხეთ? რა პირობებში გამოჰკითხეთ? პრობლემების აღიარების შემთხვევაში რა დაცვის მექანიზმი შესთავაზეთ თანამშრომლებს? ანონიმურობის დაცვას თუ დაჰპირდით? ძალიან დიდი ეჭვი მაქვს რამოდენიმე საათში, რომელიც ‘ინსპექციას’ მოანდომეთ ამ ყველაფრის გარანტორები ყოფილიყავით და უკვე საეჭვოც არ არის რომ ‘არც ერთმა თანამშრომელმა ინფორმაცია არ დაადასტურა’.

‘ინსპექციამ ანონიმური ზარის საფუძველზე რომ დაიწყოს ობიექტებზე სიარული, წარმოუდგენელია’

ამბობს საქართველოს შრომის, განათლებისა და სოციალური დაცვის მინისტრი მაგრამ ისიც გავითვალისწინოთ,  რომ ამ კონკრეტულ შემთხვევებში ანონიმურ ზარზე არ გვაქ საუბარი. საუბარი გვაქ ფრესკოს 4 და ბიბლუსის 6 თანამშრომელზე, რომლებმაც ვიდეოთი ისაუბრეს. სახელმწიფომ ამ სამარცხვინო ინსპექტირებით და სამარცხვინო კომენტარებით როგორც მინიმუმ 10 დასაქმებული ავტობუსის ქვეშ შეაგდო და გიგანტურ კორპორაციებს მარტო შეატოვა საბრძოლად. მინიმალური ანაზღაურების მქონე დასაქმებულების ბრძოლა ულიმიტო ფინანსურის რესურსების მქონე გიგანტურ კორპორაციებთან, არსებულ შრომის კოდექსის პირობებში სასაცილო კონცეპტს წარმოადგენს, ხოლო სახელმწიფოს ჩაურევლობა სვამს კითხვას – აბა რაში გვჭირდება სახელმწიფო.

‘ინსპექცია სასამართლოს ვერ ჩაანაცვლებს. ვინმეს თუ ინდივიდუალური შრომითი დავა აქვს, უნდა მიმართოს სასამართლოს, თუ კოლექტიური, – სამინისტროს. ‘

განაცხადა მინისტრმა. ჯერ მარტო იმ მარცვალის ჩაგდება, რომ სერვისის სფეროში დასაქმებული პირების შრომითი დავა ‘ინდივიდუალური’ შეიძლება იყოს და იმის მინიშნება რომ სახელმწიფო კოლექტიურ პრობლემებს ვერ ხედავს და დავა გადაჰყავს ინდივიდუალურ ჭრილში, გასაოცარი უტიფრობა და თვალებში ნაცრის შეყრაა მოქალაქეებისთვის. სწორედ კოლექტიური პრობლემების გამო მიმართავენ სახელმწიფოს დასაქმებულები და სახელმწიფოს მიერ სირაქლემის პოზის დაკავება და პრობლემების დაუდასტურებლობა  დაუშვებელია.

რაც შეეხება მინისტრის ნათქვამს რომ 

‘ძალიან მნიშნელოვანია, რომ საზოგადოებას სწორი წარმოდგენა ჰქონდეს, რას აკეთებს შრომის ინსპექცია. ეს არ არის სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციაზე რეაგირების სამსახური, რომელიც სასწრაფო ბრიგადის მსგავსად დადის ობიექტ-ობიექტ’.

დროა ჩვენი სახელმწიფო, რომელიც ‘დარგის ექსპერტებთან არის შეთანხმებული ‘ იმაზე, თუ რას წარმოადგენს და რა საფეხურები აქვს ინსპექციას, იმ ფაქტსაც შეეგუოს რომ სოციალური მედია არის მედია და ნებისმიერი მედიით, პირადული თუ ანონიმური წყაროთი გავრცელებული ინფორმაცია შრომის პირობების დარღვევის შესახებ ეხება სახელმწიფოს და სახელმწიფო ვალდებულია მოახდინოს ეფექტური და ადეკვატური რეაგირება მისი მოქალაქეების მიერ გაცხადებულ ნებისმიერ დარღვევაზე და ნებისმიერ გამცხადებელს მისცეს ადეკვატური გარანტიები რომ დარღვევებზე ხმამაღლა საუბრისას სახელმწიფო მის გვერდზე დგას. სხვაგვარად სახელმწიფოს შენახვა ამ უფლებაშელახული დასაქმებულების გამომუშავებული თანხების ხარჯზე უკიდურესად არაეთიკურია.

ასევე რაც ყველაზე მნიშნელოვანია, სახელმწიფოს მიერ არაჯეროვნად შესრულებული ინსპექცია და საქართველოში არსებულ ისეთ კოლექტიურ პრობლემებზე თვალის დახუჭვა, როგორიცაა შრომის პირობების ტოტალური დარღვევა დამსაქმებელთა მხრიდან, ძირს უთხრის და საფუძველშივე ახშობს ქართველი დასაქმებულების პროტესტს და ახდენს არსებული პრობლემების მიჩუმათებას. განცხადებას, რომ რამდენიმესაათიანი ინსპექციის შემდგომ ‘არც ერთმა თანამშრომელმა ინფორმაცია არ დაადასტურა’ შეიძლება პრევენტაციული ხასიათიც ჰქონდეს და ნებსით თუ უნებლიედ იმის გარანტორიც გახდეს, რომ მომავალში სოციალურ მედიაში ხმამაღლა მოსაუბრე პიროვნებათა ვინაობაც დაიმალოს დაპრობლემები ისეთივე ღია საიდუმლოდ დარჩეს, როგორც პროტესტების ტალღის აგორებამდე იყო. ამ შემთხვევაში სახელმწიფოს უკვე გარანტია ექნება რომ სოციალური პროტესტი ანონიმურ, შესაბამისად უსახო, უმნიშნელო და ადვილად იგნორირებადი მოვლენად გადაიქცევა

ავტორი: ვერიკო დუნდუა