კონტრაცეფტივების გვერდითი ეფექტების საიდუმლოდ შენახვის რასისტული და სექსისტური ისტორია

ახალგამოქვეყნებული კვლევა ჰორმონალურ ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებებსა და დეპრესიას შორის საგანგაშო ურთიერთმიმართებას ააშკარავებს. ეს მიგნებები ავსებს იმ ბრძოლების გრძელ რიგს, სადაც ქალები და მათი ექიმები შობადობის კონტროლზე ზუსტი ინფორმაციისთვის ერთმანეთს უპირისპირდებიან.

სექტემბერში JAMA Psychiatry-მ გამოაქვეყნა დანიური კვლევა, რომელმაც ჰორმონალური ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებას და კლინიკური დეპრესიის დიაგნოზს შორის კორელაცია აღმოაჩინა. კვლევა ჰორმონალური ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებას და ანტიდეპრესანტების გამოწერას ექვსი წლის განმავლობაში მილიონზე მეტ ქალში აკვირდებოდა. აღმოჩნდა, რომ ქალებს, რომლებიც ჰორმონალურ საშუალებებს – აბებს, ჰორმონალურ სპირალს ან საშოს რგოლს – იყენებენ, ანტიდეპრესანტებით მკურნალობის დანიშვნის მნიშვნელოვანწილად უფრო მეტი შანსი აქვთ.

მას შემდეგ რაც ეს ამბავი ცნობილი გახდა, ბევრ ქალს თავდაჯერებულობა შეემატა, რადგან მეცნიერებამ როგორც იქნა დაადასტურა მათი ცხოვრებისეული გამოცდილება. “ათი წლის განმავლობაში აბების მომხმარებელი ვიყავი,” ამბობს ჰოლი გრიგ-სპოლი, Sweetening the Pill-ის (აბის დატკბობა) ავტორი. “ერთ-ერთს, რომელს “იასმინი” ერქვა, მძიმე გვერდითი ეფექტები ჰქონდა – ფსიქოლოგიური ეფექტები, დეპრესია, შფოთვა, პანიკის შეტევები. მხოლოდ ორი წლის შემდეგ გავიაზრე, რომ ის, რაც მჭირდა, აბებთან იყო კავშირში.”

კვლევამ განსაკუთრებულად ძლიერი კორელაცია აჩვენა ჰორმონალური საშუალებების თინეიჯერ მომხმარებლებსა და დეპრესიას შორის: გამოვლინდა, რომ თინეიჯერებში, რომლებიც ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებებს იყენებენ, არსებობს 80%-იანი ზრდის რისკი, რომ აბების შემდეგ ისინი ანტიდეპრესანტების მიღებასაც დაიწყებენ. ეს სტატისტიკა განსაკუთრებულად შემაშფოთებელია, რადგან ბევრ თინეიჯერ გოგონას აბებს ჯერ კიდევ იქამდე უწერენ, სანამ ისინი სექსუალურად აქტიურები გახდებიან – ხანდახან აკნეს ან მძიმე მენსტრუალური სიმპტომების სამკურნალოდ და ხანდახან კი, როგორც ზოგად პრევენციულ ზომას. “ეს აუცილებლად მიიჩნეოდა,” ამბობს გრიგ-სპოლი, “ეს მოზრდილობაში გადასვლის ერთგვარი რიტუალი იყო.”

შეიძლება ეს პირველი კვლევა იყოს, რომელიც ჰორმონალურ ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებებსა და დეპრესიას შორის კავშირს ააშკარავებს, მაგრამ აქამდეც იყო კვლევები, რომლებიც ჰორმონალურ საშუალებებს და განწყობის ცვალებადობას შორის კავშირს ავლენდა. ეს უკანასკნელი კვლევა ავსებს შობადობის კონტროლზე ქალებს და მათ ექიმებს შორის მომხდარი ბრძოლების გრძელ რიგს.

XX საუკუნის დასაწყისში ამერიკის შტატების უმრავლესობაში კონტრაცეფცია არალეგალური იყო, ხოლო 1960-იან წლებამდე მარტოხელა ქალებს კონტრაცეფციაზე წვდომას 26 შტატი უკრძალავდა. ქალები ხშირად მხოლოდ თავიანთ საშვილოსნოზე იყვნენ დამოკიდებულნი და მუდამ დაუგეგმავ ორსულობას ექვემდებარებოდნენ. ამიტომ გავრცელებული გამოსავალი იყო ჰისტერექტომია (საშვილოსნოს ამოკვეთა). “ამას მშობიარობის შემდგომ პერიოდში, ექვსი-შვიდი კვირის შემდეგ ვაკეთებდით,” ამბობს დოქტორი რიჩარდ ჰაუსკენეხტი PBS-ის დოკუმენტურ ფილმში “ამერიკული გამოცდილება: ჩასახვის საწინააღმდეგო აბი”. “როდესაც სამი ან ოთხი ბავშვის გაჩენის შემდეგ ქალს მშობიარობის შემდგომ პერიოდში ვაგინალურ ჰისტერექტომიას უკეთებ, ორი არჩევანი გაქვს: ან ძალიან სწრაფად უნდა გააკეთო, ან სისხლის ბანკის მომარაგებაზე იზრუნო, რადგან ქალი ძალიან ბევრ სისხლს დაკარგავს. ეს ყველაფერი ძალიან პრეისტორიული იყო.”

ჰორმონალური საშუალებები ოთხი ადამიანის შემოტანილია. ესენი არიან: აქტივისტი და სექს-განმანათლებელი  მარგარეტ სენგერი, რომელმაც ევგენიკის მოძრაობას შობადობის კონტროლის ადვოკატირება მოსთხოვა; ბიოლოგი გრეგორი პინკასი; სუფრაჟისტი და მილიონერი მემკვიდრე კატრინ მაკკორმიკი; კათოლიკე ექიმი და გინეკოლოგი ჯონ როკი. პინკასმა აღმოაჩინა, რომ თუ ცხოველებს ორგანიზმში პროგესტინს შეუყვანდი, ისინი აღარ ოვულირებდნენ. მაგრამ ხშირი ინექციები მოუხერხებელი იყო, ამიტომ ბიძგი მიეცა ორალური კონტრაცეფციის განვითარებას. მაკკორმიკმა აბის განვითარება საკუთარი ჯიბიდან დააფინანსა. 1950-იან წლებში როკმა საცდელი სუბიექტები იშოვა იმით, რომ აბი მასაჩუსეტსში თავის პაციენტებს მისცა ნაყოფიერების კვლევის ფარგლებში. მას პაციენტებისთვის არ შეუტყობინებია, რომ წესით, აბს ორსულობის პრევენცია უნდა მოეხდინა. მასაჩუსეტსის კვლევაზე ბევრმა ქალმა უარი თქვა, რადგან ვერ გაუძლეს გვერდით ეფექტებს – შებერილობას, სისხლის შედედებას და განწყობის ცვლილებებს.

ამერიკაში კლინიკური ცდების ჩატარება გართულდა, ნაწილობრივ იმის გამო, რომ შტატების უმრავლესობაში კონტრაცეფცია ჯერაც არალეგალური იყო და ნაწილობრივ იმის გამო, რომ საცდელი სუბიექტები კვლევას ტოვებდნენ. ამიტომ პინკასმა და როკმა პუერტო რიკოს მიაპყრეს მზერა, სადაც ჭარბი მოსახლეობის გამო წუხილები (რასაც ნაწილობრივ ევგენიკის მოძრაობამ შეუწყო ხელი) შობადობის კონტროლის შეუზღუდაობას და აბორტის ლეგალურობას განაპირობებდა. მეტიც, მრავალ პუერტორიკოელ ქალს სტერილიზაცია ჩაუტარდა ისე, რომ მათ ამის შესახებ არაფერი იცოდნენ; 1950-იან და 1960-იან წლებში მომხდარი ეს მოვლენა ცნობილია “La Operacion”-ის სახელით. პინკასმა და როკმა ივარაუდეს, რომ იქ საცდელი სუბიექტების დიდ და დამყოლ მასას იპოვიდნენ. მათი აზრით, თუკი აბის გამოყენებას ღარიბი და გაუნათლებელი პუერტორიკოელი ქალები შეძლებდნენ, მაშინ ყველა შეძლებდა.

როკს და პინკასს თავიდან ისევ გაუჭირდათ ისეთი ქალების პოვნა, ვინც აბის გვერდით ეფექტებს აიტანდა. “კვლევას პუერტორიკოელი ქალებიც ტოვებდნენ, ამიტომ მათ ამერიკაშიც და პუერტო რიკოშიც ისეთ ქალებს დაუწყეს ძებნა, ვისაც აიძულებდნენ, რომ მონაწილეობა მიეღოთ,” წერს ენ ფრიდმანი “The New Republic-ში”. “მასაჩუსეტსის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გამოკეტილი ქალები საცდელ სუბიექტებად აქციეს. სან ხუანის სამედიცინო სკოლის სტუდენტები კვლევაში მონაწილეობაზე დათანხმდნენ, რადგან მათ უთხრეს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში გაირიცხებოდნენ.” ქალებისთვის არც ამჯერად უთქვამთ, რა ფუნქცია ჰქონდა აბს; ისინი უბრალოდ უნდა გაჩუმებულიყვნენ, წამალი მიეღოთ და მუდმივად სამედიცინო შემოწმებებს დაქვემდებარებოდნენ.

ბოლოს, დოქტორმა ედრის რაის-რეიმ, “პუერტო რიკოს ოჯახის დაგეგმვის ასოციაციის” სამედიცინო დირექტორმა, ახალი სტრატეგია მოიფიქრა – ეთქვათ ქალებისთვის ის, თუ რა ფუნქცია ჰქონდა აბს. სოციალურმა მუშაკებმა სან ხუანში კარდაკარ სიარული და ქალებისთვის ახსნა დაიწყეს, რომ აბის ყოველდღიურად მიღება ორსულობის პრევენციას მოახდენდა. როგორც კი ქალებს ეს ინფორმაცია მიაწოდეს, აბების მიღების ასობით მსურველი გამოჩნდა. თუმცა ამ ქალებისთვის არ შეუტყობინებიათ, რომ ისინი კლინიკური ცდის მონაწილეები იყვნენ ან ის, რომ ეს ექსპერიმენტალური საშუალება იყო.

როდესაც კვლევა დასრულდა, დოქტორმა რაის-რეიმ როკს და პინკასს უთხრა, რომ აბი ასი პროცენტით ეფექტური იყო. თუმცა მონაწილეთა 17%-მა გამოსცადა ისეთი გვერდითი ეფექტები, როგორიცაა “გულისრევის შეგრძნება, თავბრუხვევა, თავის ტკივილი, მუცლის ტკივილი და ღებინება.”

კვლევის პერიოდში სამი ქალი გარდაიცვალა, მაგრამ ისინი შემოწმების მიზნით არ გაუკვეთავთ. დოქტორმა რაის-რეიმ დაასკვნა, რომ აბს, იმ ფორმით და დოზით, როგორითაც პუერტორიკოელ ქალებს აძლევდნენ, “მეტისმეტად ბევრი გვერდითი ეფექტი ჰქონდა იმისთვის, რომ მისაღები ყოფილიყო.”

ამას ხელი არ შეუშლია G.D. Searle & Co-ისთვის, რომ აბის პირველი ვერსია, “ენოვიდი” გამოეშვათ, იმავე ფორმულით, რომელიც კლინიკური ცდის მონაწილეების თითქმის მეხუთედში ავადმყოფობას იწვევდა. “ენოვიდი” ათჯერ უფრო დიდი რაოდენობის ჰორმონებს შეიცავდა, ვიდრე ორსულობის პრევენციისთვის არის საჭირო.

აღსანიშნავია, რომ პინკასი და სხვები თავიდან კაცებისთვის განკუთვნილ ჰორმონალურ საშუალებებზე მუშაობდნენ. “ამ საშუალებებზე უარი მათი გვერდითი ეფექტების გამო ითქვა,” აცხადებს გრიგ-სპოლი, “რომელთა შორის სათესლე ჯირკვლის დაპატარავებაც იყო.” მიიჩნეოდა, რომ გვერდით ეფექტებს ქალები უკეთ აიტანდნენ, ვიდრე კაცები, რომლებსაც ცხოვრების უკეთესი ხარისხი სჭირდებოდათ.

1970 წელს ჟურნალისტმა ბარბარა სიმენმა დაწერა წიგნი “ექიმები აბის წინააღმდეგ”. წიგნი დეტალურად აღწერდა “ენოვიდის” გვერდით ეფექტებს – არაფორმალურ მონაცემებს, რაც ექიმებმა იცოდნენ, მაგრამ პაციენტებს უმალავდნენ. ამ წიგნმა ვისკონსინის სენატორის, გეილორდ ნელსონის ყურადღება მიიპყრო.

“სენატორ ნელსონის პაციენტის უფლებების კანონის მიღება უნდოდა,” ამბობს “ქალთა ჯანდაცვის ეროვნული ქსელის” აღმასრულებელი დირექტორი სინდი პირსონი. სენატორმა აბი საწყის წერტილად გამოიყენა სამედიცინო ინდუსტრიის მომხმარებლებისთვის გამჭვირვალეობის მოსაპოვებლად ბრძოლაში. ნელსონმა 1970 წლის იანვარში სენატის სხდომა მოიწვია, რათა აბის მოხმარებასა და ლიბიდოს დაქვეითებას, დეპრესიას და სისხლის შედედებას შორის კავშირი განეხილათ. სხდომაზე სალაპარაკოდ არც ერთი ქალი არ მიუწვევიათ. “ვაშინგტონის ქალთა გათავისუფლების კოლექტივმა”, ელის ვულფსონის ხელმძღვანელობით, განხილვაში ქალების არჩართვა გააპროტესტა. “უნდა ითქვას, რომ ქალები შესანიშნავი ზღვის გოჭები არიან,” თქვა ვულფსონმა სხდომაზე. “ისინი არაფერს ითხოვენ, საკუთარ თავს თვითონ კვებავენ, საკუთარ გალიებს თვითონ ასუფთავებენ, აბებს თვითონ ყიდულობენ და კლინიკურ დამკვირვებელსაც ხელფასს უხდიან. ჩვენ აღარ მოვითმენთ ტერორს თეთრხალათიანი ღმერთებისგან, რომლებიც ანტისეპტიკურად მართავენ ჩვენს ცხოვრებას.”

ნელსონის მიერ მოწვეულ სხდომას ორალურ კონტრაცეპტივებში ჰორმონების რაოდენობის მკვეთრი შემცირება მოყვა, აგრეთვე, აბების ყოველ შეკვრას პოტენციური გვერდითი ეფექტების შესახებ ასსიტყვიანი ცნობა დაერთო.

ახლა ყოველი ფარმაცევტული რეკლამის ბოლოს ჩამოთვლილი პოტენციური გვერდითი ეფექტების გრძელი სია სასაცილო ჩანს, მაგრამ სწორედ ჰორმონალური აბის გამჭვირვალობისთვის მებრძოლებმა მოუტანეს ადამიანებს უფლება, იცოდნენ რა რისკები ახლავს თითოეულ წამალს. გარდა ამისა, პუერტო რიკოს არაეთიკურ და ღრმად რასისტულ ექსპერიმენტს მოყვა ინფორმირებული თანხმობის პროცედურების შემოღება, რაც დღესდღეობით ყველა სამედიცინო კვლევისთვის სავალდებულოა.

ბარბარა სიმენი და ელის ვულფსონი ერთმანეთს ნელსონის სხდომაზე შეხვდნენ და შემდგომში “ქალთა ჯანდაცვის ეროვნული ქსელი” დააარსეს.

დღეს პირსონი საუბრობს იმაზე, თუ რა გავლენა მოახდინეს ჰორმონალურმა საშუალებებმა ორგანიზაციასა და მის მისიაზე. “ჩვენ ვფიქრობთ, რომ ქალებისთვის ინფორმაცია მაქსიმალურად ხელმისაწვდომი უნდა იყოს, კონტრაცეფცია ამის მხოლოდ ერთი მაგალითია,” ამბობს პირსონი. მას დანიური კვლევის გაცნობის შემდეგ ჰორმონალურ საშუალებებზე აზრი არ შეცვლია.

 

“დეპრესიის რისკი მაშინვე გახდა ცნობილი, როგორც კი ორალური კონტრაცეფტივები ქალებისთვის ხელმისაწვდომი გახდა,” ამბობს იგი. ახლა კი ქალების გამოცდილებები კვლევით დადასტურდა. “ეს სრულიად რეალისტურია,” ამბობს იგი, “ქალები ამაზე უკვე ორმოცდაათი წელია ლაპარაკობენ.”

 

მაგრამ თუკი ქალები დეპრესიას ჰორმონალური საშუალებების გვერდით ეფექტად უკვე ორმოცდაათი წელია ასახელებენ, მაშინ ამაზე ემპირიულ მონაცემებს მხოლოდ ახლა რატომ ვიღებთ? “ამას უპირველესად ქალთა ჯანმრთელობის მიმართ ინტერესის ნაკლებობა განაპირობებს,” ამბობს გრიგ-სპოლი, რომელიც დასძენს, რომ განწყობების კვლევა რთულია, “რადგან, რა თქმა უნდა, აქ ბევრი სხვა ფაქტორიც ზემოქმედებს.”

დანიურ კვლევას დეპრესიასთან მიმართებაში სხვა ცვლადების სიჭარბის გამო აკრიტიკებენ. ზოგის აზრით, თინეიჯერებში მაღალი დეპრესია სიყვარულში იმედგაცრუებას უკავშირდება და არა ჰორმონალური საშუალებებით გამოწვეულ ჰორმონალური ბალანსის ცვლილებას. სხვები საუბრობენ იმაზე, რომ ზოგიერთმა მედია-საშუალებამ კორელაციების არასწორი ინტერპრეტაცია მოახდინა და ისინი უფრო დიდად წარმოაჩინა, ვიდრე სინამდვილეშია. გრიგ-სპოლმა დანიელი მეცნიერების მეთოდი მოიწონა, განსაკუთრებით იმის გამო, რომ დეპრესიის საზომად ანტიდეპრესანტების გამოწერა გამოიყენებოდა. “კვლევა არა მონაწილეების თვითშეფასებას, არამედ კონკრეტულ მონაცემებს ეყრდნობა.”

დანიურმა კვლევამ პირსონიც აღაფრთოვანა. “ღმერთმა დალოცოს სკანდინავიელები უნივერსალური ჯანდაცვისა და კარგი სტატისტიკის წარმოებისთვის!” ამბობს ის. “ეს ძალიან კარგ მიმართულებებს გვაძლევს, რომლებიც შეიძლება უფრო სიღრმისეულად ვიკვლიოთ.” ერთი ასეთი მიმართულება, რომელიც შემდგომ კვლევას საჭიროებს, ეს არის: რატომ მოხდა ისე, რომ ჰორმონების შედარებით მცირე რაოდენობის შემცველი საშუალებები, როგორიცაა სპირალი და საშოს რგოლი, დეპრესიასთან უფრო მაღალ კორელაციაშია, ვიდრე ჰორმონების დიდი რაოდენობის შემცველი აბები.

პირსონის მიხედვით, ამგვარი კვლევების ფუნქცია ისაა, რომ ქალებს ინფორმაცია მიაწოდოს, რათა მათ თავიანთ სხეულებსა და ჯანმრთელობასთან მიმართებით უფრო გაცნობიერებული არჩევანის გაკეთება შეძლონ. “ქალებისგან ეს ინფორმაცია არ უნდა დაიმალოს იმის შიშით, რომ შემდეგ ისინი არასწორ გადაწყვეტილებას მიიღებენ,” ამბობს იგი. “ვენდოთ ქალებს, რომ თუ კარგად ინფორმირებულები იქნებიან, კარგ გადაწყვეტილებებსაც მიიღებენ.”

ავტორი: ბეტი სქვაიერსი

მთარგმნელი: აია ბერაია

ორიგინალი ტექსტი გამოქვეყნდა BROADLY- ის გვერდზე