ლიდია მეგრელიძის ანდერძი ნინო ჩიხლაძისადმი

ლიტ მუზეუმი, ლიდია მეგრელიძის ანდერძი ნინო ჩიხლაძისადმი

ნინო ჩიხლაძეს

ჩემო ნინო,

მე ძალიან ცუდათ ვარ. შენ უნდა შემისრულო, რასაც გაბარებ. ამის იმედი მე მაქვს.. ხომ იცი ყველა ქალს არ ეხერხება ბრძოლა საქმისთვის.. შენ გაქვს ამის უნარი და ეს უნარი არ უნდა მოადუნო, პირიქით უნდა გააძლიერო. ქალი ხარ და ბოლომდე უნდა იბრძოლო ქალის დამოუკიდებელი ცხოვრების მოსაპივებლად.  ქალის სახელი მუდამ „ცოლი“ როდი უნდა იყოს და კაცის სახელი „ქმარი“.. რაც ნიშნავს მამაკაცის ძლიერებას და დედაკაცის უძლურებას… მე ვფიქრობ კომუნიზმის დროს ეს სახელი „ცოლი“ და „ქმარი“ მოისპობა. ეს მოხდება მაშინ, როდესაც ბავშვი დაიბადება და სახელმწიფო იკისრებს მის აღზრდას განსაზღვრულ ასაკამდე. ეს იმას არ ნიშნავს თითქოს შვილი უნდა მოაშორონ დედამისს. არა. შვილის განსაზღვრულ ასაკამდე, დედაც უზრუნვეყოფილი იქნება სახელმწიფოს მიერ. აი როდის გახდება ქალი დამოუკიდებელი პიროვნება. მაშინ „სიყვარული“ გათავისულდება ყოველგვარი მანკიერებისგან… ო,  რა შორეული ამბავია. მანამდე ვითომ იარსებებს ჩვენი დედამიწა? .. იქნებ ეს ჩემი ოცნებაა.. მაგრამ „ოცნებაც“ კარგია ხანდახან.
ახლა ჩვენს ამბავზე ვილაპარაკოთ. შენ ხომ იცი ჩემ შვილებს არ შეუძლია ჩემი საქმისთვის ბრძოლა.. ეს თავისთავად უხერხულია… არც „კარის უკან“ რაიმეს გაკეთება შეუძლიათ… მე სამარის კარზე ვდგევარ და შენ გაბარებ ჩემს ანდერძს რა უნდა გააკეთო.
ამის შესახებ ცალკე ბარათზე ჩამოვწერ და იმედი მაქვს ჩემო „პატარა“ მეგობარო, შემისრულებ დანაბარებს შესაძლებლობის ფარგლებში.

 

ლიდია მეგრელიძე

 

8.12.1959