დიასახლისები, მეძავები, და მშრომელები – მათი გაცვლადობა – ლეოპოლდინა ფორტუნატი

დიასახლისები, მეძავები, და მშრომელები – მათი გაცვლადობა

კაპიტალისტური ურთიერთობა მდედრობითსა და მამრობით სქესს შორის არაა ინდივიდებს შორის ურთიერთობა, ესაა წარმოებითი ურთიერთობა, გაცვლა, რომელიც მიმდინარეობს ქალსა და კაპიტალს შორის და გაშუალებულია კაცის მიერ. ეს  უკიდურესად რთული ურთიერთობაა, რომელიც ხორციელდება დუალურობით, ამ ურთიერთობის ფორმალური სახისა და რეალური ფუნქციონირების შეპირისპირებით. ამ ურთიერთობის სირთულე, ცხადია, რომ გამოიხატება მის გაცვლადობაში, რომელსაც ორმაგი სახე აქვს. ერთის მხრივ, ესაა გაცვლა ცვალებად კაპიტალსა და საშინაო საქმეს, ხოლო მეორეს მხრივ, ცვალებად კაპიტალსა და პროსტიტუციულ სამუშაოს შორის. ეს სირთულე, ასევე, აისახება მის ორმაგ ხასიათზე მქონე გავლენაში, რომელიც ფორმალურ დონეზე გამოიხატება, როგორც გაცვლა მამრობითი სქესის მშრომელის ხელფასსა და მდედრობითი სქესის მშრომელის საშინაო, ანდა პროსტიტუციულ სამუშაოს შორის, მაშინ, როდესაც, სინამდვილეში, ესაა გაცვლა ცვალებად კაპიტალსა და საშინაო საქმეს შორის, ანუ კაპიტალსა და მდედრობით მშრომელს შორის, და ეს გაცვლა გაშუალებულია მამრი მშრომელის მიერ.

გაცვლის ორმაგი ხასიათი ცვალებად კაპიტალსა და რეპროდუქციულ შრომას შორის გაცვლის არსებობისთვის აუცილებელი მდგომარეობაა, კაპიტალს საკუთარი თავის გაცვლა რეპროდუქციის შრომითი ძალის მეშვეობით მხოლოდ ირიბად შეუძლია, რადგანაც ასეთი შრომითი ძალა უნდა გამოიხატოს, როგორც ,,სოციალური შრომის ბუნებრივი ძალა.’’ ამ ძალას უნდა ჰყავდეს მედიატორი, ხოლო ეს მედიატორი არის მამრობითი სქესის მშრომელი, რომელიც, ამავდროულად, უპირისპირდება გაცვლის რეალურ საგანს, დიასახლისსაც და მეძავსაც, როგორც კაპიტალის ფორმას. ამიტომაც, კაპიტალი რეპროდუქციის შრომით ძალას წარმოაჩენს პირად მომსახურებად, რომელიც მიეცემა მამრობითი სქესის მშრომელს მდედრობითი სექსის რეპროდუქციული მშრომელებისგან, რომლებისთვისაც მსგავსი ,,მომსახურების’’ გაწევა არაა პირდაპირ ანაზღაურებადი სამუშაო.

ქალსა და კაპიტალს შორის არსებული გაცვლადობის სირთულის ხარისხი დიდია, იმდენად დიდი, რამდენადაც საჭიროა მსგავსი სირთულე ამ გაცვლისათვის, რათა მან კაპიტალისტურად იფუნქციონიროს. ეს იმაზე მიანიშნებს, რომ აქ საუბარია არა მხოლოდ ფორმაზე, არამედ ასევე თავად გაცვლის აქტზე, ისევე როგორც ძირითადი პირობებზე, რომლებიც ფორმალურ დონეზე,  ძლიერ განსხვავდება იმ აუცილებელი პირობებისგან, რაც მამრ მშრომელსა და კაპიტალს შორის არსებობს. რომ დავაზუსტოთ, გაცვლა მდედრ დიასახლისსა და კაპიტალს შორის კიდევ უფრო განსხვავებულია მამრ მშრომელსა და კაპიტალს შორის არსებული გაცვლისგან და სექსმუშაკსა და კაპიტალს შორის არსებული გაცვლისგანაც, რადგანაც ეს უკანასკნელი ფასითაა წარმოდგენილი და შესაბამისად, მას რაღაც საერთო მაინც აქვს ანაზღაურებად ურთიერთობასთან. თუმცა, სინამდვილეში, ყველა რეპროდუქციული სამუშაო არაანაზღაურებადია, ეს  ამ სამუშაოს ყველაზე მკვეთრი მახასიათებელია.

ფართოდ გავრცელებული მოსაზრების საპირისპიროდ, ეს მრავალფეროვნება არ ემსახურება იმის დემონსტრირებას, რომ ეს გაცვლები კაპიტალისტურად არაა მოწყობილი, ისინი ნამდვილად ასეა მოწყობილი; ეს მრავალფეროვნება არსებობს მხოლოდ ფორმალურ და არა რეალურ დონეზე. ეს გაცვლა არაა ექვივალენტების გაცვლა. კაპიტალი, შრომითი ძალის, როგორც წარმოების შესაძლებლობის გაცვლის პროცესში, მამრობითი სქესის სამუშაო დროის ექსპროპრიაციას ახდენს გაცვლის გარეშე, მაგრამ გაცვლის ფორმის მეშვეობით, კაპიტალი ასევე, თუნდაც ირიბად, მაგრამ მაინც ახდენს დიასახლისის ანდა მეძავის სამუშაო დროის ექსპროპრიაციას მამრობითი მშრომელის მიერ გაწეული მედიაციის მეშვეობით.

აქვე აღნიშნულ უნდა იქნას, რომ რეპროდუქციის ფუნდამენტური ურთიერთობა აღარაა აუცილებლად მამრობითი/მდედრობითი ურთიერთობა (აქ ეს მაგალითი ზოგადი ილუსტრაციისთვისაა მოცემული), იგი შეიძლება იყოს მამრობითი/მამრობითი, მდედრობითი/მდედრობითი და ა.შ. შესაბამისად, ფუნდამენტური გაცვლაც, შესაძლოა, სხვადასხვაგვარად იქნას წარმოდგენილი.

აქამდე არსებობდა და დღემდე არსებობს დიდი ბრძოლები კაცებსა და ქალებს შორის არსებული ფუნდამენტური უთანასწორობის წინააღმდეგ, ეს ბრძოლები მიმდინარეობს არა მხოლოდ მამრობითი/მდედრობითი გაცვლითი ურთიერთობის კონტექსტში, არამედ გამოხატულია ხოლმე თავად გაცვლაზე უარის თქმით, სხვადასხვა, ალტერნატიული გაცვლის ტიპის განვითარებით (ლესბოსური, გეი მამრობითი, სათემო და ა.შ.). ისე ჩანს, თითქოს ამას პოტენციურად, შეუძლია შემოგვთავაზოს გაცვლისათვის უფრო თანაბარი შესაძლებლობები, მაგრამ საზოგადოებრივ დონეზე, მამრობითი/მდედრობითი ძალის ურთიერთობა იმდენად გავლენიანია, რომ რთულია პრაქტიკაში მისი მოდიფიცირება, ან მისგან თავის დაღწევა, რათა შეძლო გაცვლისათვის შედარებით უფრო თანასწორი ურთიერთობის შექმნა. მაგრამ მაშინაც, როდესაც წარმატებას ვაღწევთ და მეტი თანასწორობის უზრუნველყოფა ხდება შესაძლებელი, შედეგად, კაპიტალის ნაწილში, დამატებითი ღირებულების ნაკლებ ექსპროპრიაციას არ ვიღებთ, შედეგად ვიღებთ მხოლოდ კაპიტალის მიერ წარმოების შრომითი ძალის ექსპლუატაციის შედარებით თანასწორ დისტრიბუციას. თუმცა, კაპიტალზე მაინც აისახება მსგავსი ცვლილებები, რომლებიც გავლენას ახდენს რეპროდუქციის მთლიან ფუნქციონირებაზე. მაგალითად, შემოსავლის სპეციფიური რედისტრიბუცია, რომელიც კაპიტალს პროლეტარიატის შიგნით ესაჭიროება, შეიძლება მწყობრიდან გამოვიდეს, თუკი მამრის ხელფასი ,,დაქორწინდება’’ სხვა მამრის ხელფასზე, იმის ნაცვლად, რომ დაემატოს მდედრის ძირითადად დაბალ ხელფასს და ,,იყიდოს’’ მდედრობითი სქესის მშრომელის საშინაო შრომითი ძალა.

თუმცა, მამრობითი/მდედრობითი ურთიერთობის შემოწმება, რომელიც დღემდე ყველაზე გავრცელებული ფორმაა, აქ ხდება. ყველაზე აშკარა განსხვავება მდედრობით დიასახლისსა და კაპიტალს შორის გაცვლას, რომელიც გაშუალებულია მამრობითი მშრომელის მიერ და მამრობით მშრომელსა და კაპიტალს შორის გაცვლას შორის არის ის, რომ თუმცა ეს უკანასკნელი ფორმალურ დონეზე წარმოდგენილია როგორც ექვივალენტების გაცვლა, აქამდელ, თუნდაც ფორმალურ დონეზეც კი, მსგავსი არაფერი დაფიქსირებულა. ეს ასე ხდება იმიტომ, რომ შეიცვალა ობიექტები – ცვალებადი კაპიტალი და შრომითი ძალა, როგორც შესაძლებლობა შრომითი ძალის  წარმოებისა და კვლავწარმოებისათვის, ორივე მათგანი წარმოგვიდგება როგორც საცვლელი ღირებულებები: შრომითი ძალა წარმოდგენილია როგორც სახმარი ღირებულება, ანუ ღირებულების არმქონე გაცვლა. ეს არ ნიშნავს, რომ მსგავს შრომით ძალას არ აქვს გაცვლითი ღირებულება, რადგანაც დიასახლისს შეუძლია წარმოადგინოს საშინაო საქმე, როგორც ღირებულებისა და გაცვლითი ღირებულების შემადგენელი ნაწილი, მაგრამ მხოლოდ იქამდე, ვიდრე მისი შრომითი ძალა კაპიტალისთვის არის ,,სოციალური შრომის ბუნებრივი ძალა’’, იმდენად, რამდენადაც კაპიტალი მასთან პირდაპირ გაცვლას არ ახდენს, ესეიგი ქალს, როგორც კვლავწარმოების ობიექტური პირობების მფლობელს, არ აღიარებს.

სხვაგვარად რომ ვთქვათ, ქალს შეუძლია საკუთარი საშინაო შრომა მიჰყიდოს მამრობითი სქესის მშრომელს, რადგანაც კაცს ეს სჭირდება პიროვნული მოხმარებისთვის, საკუთარი შრომითი ძალის კვლავწარმოებისთვის. მამრობითი მშრომელი ყიდულობს ქალის საშინაო შრომას, მაგრამ სინამდვილეში იგი ყიდულობს ქალის შრომით ძალას, რომელსაც აქვს შრომითი ძალის წარმოებისა და კვლავწარმოების უნარი. მსგავსი გაცვლითი ღირებულება ვერ იქნება ფორმალური, აქედან გამომდინარე, მონეტარული დონის, რადგანაც ეს იქნებოდა იმის აღიარება, რომ მდედრობითი სქესის შრომით ძალას აქვს საცვლელი ღირებულება. ეს ღირებულება განისაზღვრება სამუშაოს რაოდენობით, რომელიც შესრულებულია მდედრობითი სქესის დიასახლისების მიერ, უფრო სწორად, შესრულებულია მხოლოდ იმ შრომით დროში, რომელიც საჭიროა იმისთვის, რომ იწარმოოს მდედრობითი სქესის დიასახლისი.

გამომდინარე ამ ყველაფრისგან, გაცვლის ძირითადი საგანი, ცვალებადი კაპიტალი, იღებს საცვლელი ღირებულების ფორმას, მაგრამ მხოლოდ საცვლელი ღირებულების კონკრეტულ ფორმას. როგორც მარქსი ამბობს, ცვალებადი კაპიტალი წარმოდგენილია როგორც: საჭიროების პირდაპირი საგანი, არა როგორც გაცვლითი ღირებულება. იგი [მამრობითი სქესის მშრომელი] იხვეჭს ფულს, ეს ნამდვილად ასეა, მაგრამ მხოლოდ როგორც ხურდას, ესეიგი მხოლოდ საკუთარი თავის შენახვისთვისა და მედიაციის განხორციელებისათვის საკმარის რაოდენობას. ის, რასაც კაცი გაცვლის შედეგად იღებს, არაა გაცვლითი ღირებულება, არც სიმდიდრე, ესაა არსებობის საშუალება, მისი სიცოცხლის შენარჩუნების საგანი, მისი ზოგადი საჭიროებების დაკმაყოფილება როგორიცაა ფიზიკური, სოცილური და სხვა. ესაა არსებობის საშუალების სპეციფიური ექვივალენტი, განხორციელებული შრომით გამოხატული და გაზომილი მისი შრომის წარმოების ფასის მიხედვით,1 მაგრამ ეს მიემართება მხოლოდ მამრობითი სქესის მშრომელს. მდედრობითი სქესის დიასახლისთან მიმართებით, ცვალებადი კაპიტალი, სინამდვილეში ფუნქციონირებს, როგორც კაპიტალი. ფორმალურ დონეზე, გაცვლა კაპიტალსა და მდედრობითი სქესის დიასახლისს შორის, რომელიც გაშუალებულია კაცი მშრომელის მიერ, არ გამოდის ნამდვილი საცვლელი ღირებულებების გაცვლა. ერთის მხრივ, არსებობს ცვალებადი კაპიტალი, რომელიც საცვლელი ღირებულებაა, მაგრამ ამ სახით არაა წარმოდგენილი და მეორეს მხრივ, არსებობს მდედრობითი შრომითი ძალა, რომელიც არაა საცვლელი ღირებულება და ქალებისთვის წარმოდგენილია, როგორც საცვლელი ღირებულება, საშინაო საქმის სახით. ეს ყველაფერი ვერ წარმოგვიდგება როგორც ნამდვილი საცვლელი ღირებულებები, რადგანაც ეს გაცვლა არ უნდა წარმოჩინდეს, როგორც კაპიტალისტური წესის მიხედვით ორგანიზებული, რადგანაც, ფორმალურ დონეზე, კაპიტალი ამ გაცვლის სუბიექტი არაა. თუმცა, რეალურ დონეზე, ესაა საცვლელი ღირებულებების და არა ექვივალენტების გაცვლა. მისი არაკაპიტალისტური სახე არის აუცილებელი პირობა იმისთვის, რომ  კაპიტალიზმისთვის იფუნქციონიროს.

ამის გათვალისწინებით, რეალურ დონეზე, არსებობს გაცვლითი ღირებულებების გაცვლა, ეს ხილულია, თუმცა ამ დონეზე არსებობს ასევე ექვივალენტების გაცვლა. გაცვლა მდგომარეობს იმაში, რომ მამრობითი სქესის მშრომელი ცვლის თავისი ხელფასის ნაწილს, რაც შეესაბამება მდედრობითი სქესის დიასახლისის არსებობისთვის აუცილებელი საჭიროებების ღირებულებას, ხოლო ქალი ცვლის საშინაო საქმეს, რომელსაც კაცისთვის ასრულებს. ქალი იღებს ან ფულს ანდა პირდაპირ არსებობისათვის საჭირო საშუალებებს, კაცი იღებს საქონელს, რომლის ფასიც შესატყვისია იმ ფულის ანდა არსებობისთვის საჭირო საშუალებებისა, რომლებსაც კაცი ქალისთვის ყიდულობს. ისე გამოდის, რომ თითქოს ორივე მათგანი ექვივალენტს იღებს, მაგრამ სინამდვილეში, ეს ასე არაა. კაცი საშინაო საქმეს მხოლოდ ფორმალურ დონეზე იღებს, რადგანაც, სინამდვილეში, იგი ყიდულობს მდედრობითი სქესის შრომით ძალას. ამ გზით, კაცი ,,იძენს შრომის დროს, იმდენად, რამდენადაც ეს აჭარბებს შრომის დროს რომელსაც შეიცავს შრომის უნარი, ექვივალენტის არმქონე გაცვლით; კაცი ითავსებს გაუცხოებულ შრომის დროს გაცვლის გარეშე, გაცვლის ფორმის მეშვეობით.’’2

თუმცა, მამრობითი სქესის მშრომელი თავად არ ითავსებს ზედმეტ ღირებულებას, როცა თვითონაა ის, ვინც ამ ღირებულებას იღებს. კაცის მიზანი კაპიტალთან გაცვლისას არა საცვლელი ღირებულების მიღება, არამედ საკუთარი საჭიროებების დაკმაყოფილებაა, ამიტომაც მისი დიასახლისთან გაცვლის მიზანი საკუთარი საჭიროებების დაკმაყოფილებაა და არა იმ ღირებულების აპროპრიაცია, რომელიც ქალის ცოცხალი შრომის შედეგად შეიქმნა. კაცი ახდენს ამის აპროპრიაციას, მაგრამ არა საკუთარი თავისთვის, არამედ კაპიტალისთვის. კაპიტალი ახდენს ამის ექსპროპრიაციას, რადგანაც როდესაც იგი ყიდულობს მამრობითი სქესის მშრომელის შრომით ძალას როგორც წარმოების საშუალებას, იგი ასევე ყიდულობს მდედრობითი სქესის შრომის ღირებულებას, რომელიც მასთანაა შერწყმული. ამიტომაც, რეალურ დონეზე, ქალისა და მამაკაცის ურთიერთგაცვლა არაა ექვივალენტების გაცვლა, რადგანაც მამრობითი მშრომელი იღებს ბევრად მეტ ღირებულებას მდედრობითი სქესის დიასახლისისგან, ვიდრე თავად აძლევს მას.

ბუნებრივია, თუკი ქალი არის მწარმოებელი მშრომელი და აქვს ხელფასი, გაცვლა მასსა და კაცს შორის გარდაიქმნება, რადგანაც მას ექნება გაცილებით დიდი  პოტენციური ძალა. თუკი, როგორც ბოლო პერიოდია ხდება, ქალების ზრდადი რიცხვი მიიღებს ხელფასიან სამუშაოს სახლის გარეთ, და იქ უფრო ინტენსიურად იმუშავებენ, მამრობითი/მდედრობითი გაცვლის პირობების ხელახალი განსაზღვრა გახდება საჭირო. ქალის წვლილი საშინაო საქმეში შემცირდება და კაცის (სავარაუდოდ) გაიზრდება. თუმცა, კვლავ უნდა აღვნიშნოთ, რომ კაპიტალის მიერ რეპროდუქციის დამატებითი შრომის ექსპროპრიაცია არ შეიცვლება; იგი უბრალოდ უფრო თანასწორადა განაწილდება და ექსპროპრირებული იქნება ორი სუბიექტის მიერ, ნაცვლად ერთისა; იცვლება მხოლოდ ექსპროპრიაციის ტიპი. თუმცა, ნაკლებსავარაუდოა, რომ მამრობითი სქესის საშინაო შრომა პირდაპირ გავლენას მოახდენს ქალისაზე, რადგანაც არსებობს საშინაო საქმის სოციალიზაციის მომატებული ზრდადი წნეხი (სერვისული სამუშაო, გარე სამრეცხაოები, გარეთ სადილობა და ა.შ.), რაც ემსახურება მატერიალური რეპროდუქციის რაოდენობის მატებას და სახლის გარეთ გატანას. ცვლილების კიდევ ერთი ასპექტი ისაა, რომ ქალის უფრო მეტი დამოუკიდებლობა, როგორც  ხელფასის მქონისა, იწვევს მის მიერ მეტი მოთხოვნილების გაჩენას, იქნება ეს ფული თუ საქონელი, თუ ჯილდო, სანაცვლოდ მისი შემცირებული საშინაო საქმისა.

ამ გაცვლის კონკრეტული ნაწილები, თავისებურებები, თავად აქტში აისახება, როდესაც მამრობითი და მდედრობითი სქესი წარმოდგენილნი არიან როგორც ინდივიდები, რომლებიც გაცვლას ახდენენ. მდედრობითი სქესის დიასახლისი, განსხვავებით მამრობითი სქესის მშრომელისგან, ღირებულების არმქონედაა გამოხატული: ის ვერ მიიღებს ფულს შესრულებული სამუშაოსთვის, ის არ იღებს ხელფასს გაცვლისას. ხელფასის ლეგიტიმური მფლობელი და განმკარგავი ყოველთვის არის ის ,,ვინც მას გამოიმუშავებს’’, ესეიგი, მამრობითი სქესის მშრომელი. ცვალებადი კაპიტალი საკუთარ თავს ყოველთვის ,,პროდუქტად’’ გამოსახავს (მამრობითი სქესის ხელფასი): რაღაცად, რაც წარმოებულ იქნა საქონლის წარმოების რეალურ პროცესში. ის ფორმალურად არასდროს გამოიხატება, როგორც გაცვლის საგანი მამრობითი სქესის მშრომელსა და მდედრ დიასახლისს შორის. ამის გათვალისწინებით, ,,გაზომვადობის მიხედვით, ფული ექვივალენტს აწვდის მხოლოდ მის სპეციფიურ გამოხატულებას და ამას ასევე აქცევს ექვივალენტის ფორმად,’’3 ის ფაქტი, რომ ეს გაცვლა საშინაო საქმის ხელფასით ანაზღაურებისა არ მიმდინარეობს მონეტარული პირობებით, რამდენიმე სპეციფიური შედეგით ხასიათდება.

ვიდრე ,,თავისუფალი’’ მამრობითი სქესის მშრომელი თავის სამუშაო ძალას ფულზე, სიმდიდრის ძირითად ფორმაზე ცვლის, იგი ,,საერთო ჯამში, ხდება თანამონაწილე სიმდიდრისა თავისი ექვივალენტის საზღვრამდე, რაოდენობრივ ლიმიტამდე, რომელიც, რასაკვირველია, გარდაიქმნება ხარისხობრივ ლიმიტად, ასე ხდება ყველა გაცვლაში;’’4 დიასახლისი, რომელიც არ ცვლის საკუთარ შრომით ძალას ფულზე, ფორმალურად ვერ შეინარჩუნებს ცვალებადი კაპიტალის რომელიმე ნაწილს, რაც ეხმიანება ქალის საარსებო საშუალებების ღირებულებას. ის ფაქტი, რომ ქალის შრომითი ძალა, ქალის ექვივალენტი, ულიმიტოა იმიტომ, რომ მას არ გააჩნია არავითარი ფასი (მონეტარული ღირებულება), ლოგიკურად იმას ნიშნავს, რომ ქალი პირდაპირი მონაწილე ვერ იქნება მთლიანი სიმდიდრით ტკბობისა. ქალს არ აქვს უფლება ფლობდეს ფულს, რომელიც წარმოადგენს მისი შრომითი ძალის ღირებულებას, მას მხოლოდ იმის უფლება აქვს, რომ მოიხმაროს ხელფასის ის ნაწილი, რომელიც ეპასუხება მის საარსებო საშუალებებს. თუმცა, ვიდრე მამრობითი სქესის მშრომელი ,,არც კონკრეტულ საგანზეა დამოკიდებული და არც კმაყოფილების კონკრეტულ მანერაზე,’’5 ქალის მოხმარების ხარისხიდან გამომდინარე, ესაა მამრობითი სქესის მშრომელის კონსესუსი.  თუმცა ქალს არ შეუძლია ფლობდეს ფულს და შეუძლია მხოლოდ იმ ფულის გამოყენება, რომელსაც სხვები ფლობენ, მისთვის დიდი მნიშნელობა არ აქვს, საარსებო საშუალებას ფულით მიიღებს თუ სხვა ფორმით. (რა თქმა უნდა, ამას გარკვეული მნიშნელობა აქვს, რადგანაც ფული ქალს საშუალებას აძლევს ჰქონდეს გარკვეული დონის არჩევანის თავისუფლება, რომელ თავისუფლებასაც საარსებო საშუალება თავისი ბუნებრივი ფორმით, არ აძლევს.)

ამას ემატება ისიც, რომ ექვივალენტს, რომელსაც დიასახლისი მამრობითი სქესის მშრომელს აძლევს, ფორმალური ლიმიტი არ გააჩნია იმიტომ, რომ მას არ აქვს ფასი და ნათელია, რომ:

(1)დიასახლისის მიერ მოხმარებას რაოდენობრივი ლიმიტი აქვს, რომელიც ყოველთვის მიდრეკილია იმისკენ, რომ გადაიხაროს მშრომელი კაცის მოხმარების სასარგებლოდ;

(2)ქალის მოხმარებას ასევე გააჩნია თვისებრივი ლიმიტი, რომელიც პირდაპირ არ ასახავს მოხმარების რაოდენობრივ ლიმიტებს, როგორც ეს მამრობითი სქესის მშრომელის შემთხვევაში ხდება.

თუმცა ეს სიტუაცია მუდმივად ცვალებადია. მეორე მსოფლიო ომის შემდგომ, ქალები აყენებდნენ ოჯახის შიგნით მოხმარებაზე უფრო მეტი კონტროლის მოთხოვნას და მოითხოვდნენ, რომ ხელფასი მათ პირდაპირ მიწოდებოდათ. მაშინაც კი, როდესაც ხელფასი სტრატეგიული ბრძოლის ძირითადი არეალი ხდებოდა კაპიტალსა და მამრობითი სქესის მშრომელს შორის, მამრობითი სქესის ხელფასის მენეჯმენტი თანაბრად სტრატეგიული ბრძოლის საკითხად იქცა მდედრ დიასახლისსა და მამრ მშრომელს შორის, ხოლო ირიბად, ეს იქცა ბრძოლად მდედრ დიასახლისსა და კაპიტალს შორის. ეს განვითარება იდეოლოგიურად გამართლებული იყო და მისაღები იმ ქალებისთვის, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ ეს იყო მოხმარების რაციონალიზების გზა. ამან ის მოიტანა, რომ კაცის ხელფასმა ფორმირება დაიწყო ახალი, ხშირ შემთხვევაში ანტიკაპიტალისტური გზით. ქალებს ამის გამოყენება სურდათ არა მუშათა კლასის რეპროდუქციის გარანტიად, არამედ რეპროდუქციის დონის განსასაზღვრად, რომელიც კაპიტალის ინტერესების წინააღმდეგ წავიდა. მოხმარების კრიტერიუმები სტაბილურად ნაკლებპროდუქტიულად იქცა კაპიტალისთვის და წვლილი შეიტანა ოჯახის მოხმარების იერარქიისა და კლასის შიგნით ძალაუფლების სტრატიფიცირების დამსხვრევაში.

დღეისათვის უფრო და უფრო მეტად, ქალები წყვეტენ რომელი საჭიროებებია პრიორიტეტული და ვისი საჭიროებები უნდა დაკმაყოფილდეს პირველ რიგში; ქალები ასევე განსაზღვრავენ მოხმარების ხარისხისა და რაოდენობის ხელფასთან მიმართებას. ქალია ის, ვინც ზრდის დანაზოგებს, აქამდე ეს იყო კლასობრივი თავდაცვა სამომავლო ცხოვრებისეული კრიზისის წინააღმდეგ და ნაცვლად ამისა, ამით დაინერგა მთლიანად ხელფასის მოხმარების პოლიტიკა, რამაც შექმნა სახელფასო ბრძოლის განგრძობითობა. რასაკვირველია, მამრობითი სქესის მშრომელს ხშირად ეთქმის ,,ბოლო სიტყვა’’ ბევრ ოჯახში, რადგანაც ის დღემდე გამოიმუშავებს ხელფასს, თუმცა მისი სიტყვა დღითიდღე უფრო ნაკლებად წონიანი ხდება.

სხვა ფაქტორები არის ფულის მფლობელობასა და ამ ფულის საქონლად წარმოების გადაკვეთა. 1960-იან წლებში, ხელფასის დახარჯვისას, ქალები პრიორიტეტად ბავშვების საჭიროებებს სახავდნენ. ათწლეულის შემდეგ, ოჯახის დანახარჯების სახემ ახალი მიმართულება მიიღო. პირველ რიგში, ქალებმა საკუთარი თავისთვის მეტის მოხმარება დაიწყეს, საკუთარი თავისვე ხარჯზე. რა თქმა უნდა, იმ ქალების ზრდადმა რიცხვმა, რომლებიც ხელფასს გამოიმუშავებდნენ ამ ყველაფერში წვლილი შეიტანა, რადგანაც ამან ქალებს მიანიჭა დიდი წონა ოჯახისთვის ხელფასის მოხმარების გადაწყვეტილების მიღებაში.

მეორეს მხრივ, ოჯახმა დაიწყო უფრო მეტის დახარჯვა, ვიდრე გამოიმუშავებდა. 1960-იან წლებში ქალებმა დაიწყეს ძველი კრიტერიუმის გადააზრება ოჯახის ხელფასის გახარჯვის, თავის შეკავების, ფულის დაზოგვის და მსხვერპლის გაღების შესახებ. 1970-იანი წლები აღინიშნა ახალი ფაზის დასაწყისად, ამას სათავეში ქალები ედგნენ, ამ ფაზაში ხელფასის მენეჯმენტი ხასიათდებოდა ზედმეტი ხარჯებით და დიდი სესხებით. საკრედიტო ბარათები, შეიძინე დღეს-გადაიხადე ხვალ სქემები და ა.შ. გახდა ხელფასისი ინფლაციის საშუალებები, ,,ის რასაც დავხარჯავთ დღეს, გამომუშავებულ იქნება ხვალ.’’ ეს მექანიზმები მნიშვნელოვნად ახასიათებს მოხმარების დინამიკას. კაპიტალი, თავისი მოტივებით,  ასევე ხელს უწყობდა ,,შეიძინე დღეს-გადაიხადე ხვალ’’ პოლიტიკას, რათა მიეჩქმალა დაღმავალი რეალური ხელფასები, ინფლაცია, უმუშევრობა, საკონტრაქტო ბაზრები და მსგავსი რამეები.

გაცვლის საგნების ფორმალური უთანასწორობა მამრობითი სქესის მშრომელსა და მდედრობითი სქესის დიასახლისს შორის მამრობითი/მდედრობითი ურთიერთობის ზუსტი შედეგებით ხასიათდება. კაპიტალსა და მამრ მშრომელს შორის გაცვლაში, შრომითი ძალა, როგორც წარმოების უნარი, იყიდება ,,თავისუფალი’’ მამრი მშრომელის, ამ ძალის ,,პატრონის’’ მიერ, რომელიც ფულის მფლობელს ბაზარზე ხვდება, სადაც ისინი: ,,ერთმანეთთან ამყარებენ ურთიერთობებს თანასწორობის საფუძველზე, როგორც საქონლის მფლობელები, იმ მცირე განსხვავებით, რომ ერთი მათგანი არის მყიდველი, ხოლო მეორე გამყიდველი; ორივე მათგანი თანასწორია კანონის წინაშე.’’6 ქალსა და კაპიტალს შორის არსებულ გაცვლაში, რომელიც კაცის მიერაა გააშუალებული, მდედრობითი შრომითი ძალა საშინაო საქმის იერით მამრ მშრომელს მიეყიდება, როგორც საქონელი, მაგრამ არა ფორმალურად. შედეგად, როდესაც ,,თავისუფალი’’ ქალი ფულის მფლობელს ხვდება, ხელფასის სახით, ბაზარზე, ისინი ურთიერთობას ამყარებენ, როგორც საქონლის მფლობელები, მაგრამ თანაბარი უფლებების გარეშე, ყოველ შემთხვევაში, ეს უფლებები კანონის თვალსაზრისით თანაბარი არაა.

მამრობითი/მდედრობითი უთანასწორობა, გარდა ბარბარიზმის კვალისა, არის დამახასიათებელი და აუცილებელი წარმოების კაპიტალისტური წესის ფუნქციონირებისთვის. კაპიტალიზმის პირობებში, კაცები და ქალები ვერ იქნებიან თანაბრად ექსპლუატირებულები; კაპიტალისტური საზოგადოება ძალაუფლების უთანასწორობაზეა ნაშენი კლასებს შორის და თავად კლასების შიგნით. ვიდრე ფემინისტური ბრძოლა თანასწორი უფლებებისთვის არ იქცევა კლასობრივ ბრძოლად, ბრძოლად კაპიტალისტური დომინაციის წინააღმდეგ, ის ყოველთვის დარჩება უტოპიური რეფორმის შეუსრულებელ პროგრამად.

უთანასწორობას თავისუფლების არქონა ემატება. რასაკვირველია, მამრობითი სქესის მშრომელი და მდედრობითი სქესის დიასახლისი ერთმანეთს აღიარებენ როგორც ,,თანაზიარნი, როგორც მფლობელები, როგორც პირები, რომლებსაც ესმით თავიანთი საქონლის;’’7 ორივე მათგანი ახდენს თავისი საკუთრების გაუცხოებას თავისუფალი ნების სახელით. მაგრამ დიასახლისის თავისუფლება არის ,,თავისუფალი ფლობა’’ არარსებული ღირებულებისა, როდესაც მამრი მშრომელის თავისუფლება არის ღირებულების ,,თავისუფალი ფლობა’’. როგორც მარქსმა თქვა, ,,თავისუფალი ფლობა’’ მამრი მშრომელისთვის მხოლოდ ფორმალურია და რეალურად არ არსებობს; ,,თავისუფალი ფლობა’’ ფორმალურია მდედრი მშრომელისთვისაც, მაგრამ მისთვის თავისუფლება კიდევ უფრო ნაკლებია.

მდედრ დიასახლისსა და კაპიტალს შორის გაცვლისთვის საჭირო ძირითადი პირობები, რომლებიც გაშუალებულია კაცის მიერ, გასხვავდება იმ პირობებისგან, რომლებიც საჭიროა კაპიტალის, შრომითი ძალის, როგორც წარმოების უნარის ბაზარზე გაცვლისთვის. თუმცა, როგორც აქამდე აღვნიშნეთ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს არაკაპიტალისტურად ორგანიზებული გაცვლაა. ეს შესაძლოა კაპიტალის ელასტიურობის ილუსტრირება იყოს, მისი უნარი, შეითვისოს წესები ზუსტი თანმიმდევრობით იმისთვის, რომ ისინი რეპროდუქციის სფეროში გამოიყენოს. ამ სფეროში კაპიტალი რჩება საქონლის, შრომითი ძალის წინაშე, რომელსაც აქვს კონკრეტული, ზუსტი და სპეციფიური მახასიათებლები. ერთადერთი გზა, რომლითაც კაპიტალს შეუძლია ორგანიზება გაუწიოს ამ შრომითი ძალის წარმოებას, არის სპეციფიური ორგანიზების წესის განსაზღვრა წარმოების პროცესში და მსგავს გაცვლებში. ,,თავისუფალ’’ მშრომელსა და ფულის, როგორც კაპიტალის მფლობელს შორის არსებული განგრძობითი ურთიერთობა ნათელია მხოლოდ იმიტომ, რომ: ,,ერთი მყიდველია, მეორე გამყიდველი; ორივე მათგანი თანასწორია კანონის წინაშე…’’ იმისათვის, რომ ეს მიმართება გაგრძელდეს, შრომითი ძალის მფლობელმა ეს ძალა მუდმივად მხოლოდ შეზღუდულ დროში უნდა გაყიდოს, რადგანაც თუ ის ამას დიდი რაოდენობით გაყიდის, იგი ერთხელ და სამუდამოდ გაყიდის საკუთარ თავს, გარდაქმნის საკუთარ თავს მონად თავისუფალი კაცისგან, საქონლის მფლობელისგან თავად საქონლად. ის საკუთარ შრომით ძალას მუდმივად ისე უნდა ეპყრობოდეს, როგორც თავის ქონებას, თავის საკუთარ საქონელს და მას ამის გაკეთება შეუძლია მხოლოდ მყიდველისთვის გადაბარებით, ანუ ამ ძალის მიცემით მყიდველისთვის, რათა დროებით ამით ისარგებლოს. ამგვარად, ის ახერხებს ორივეს – საკუთარი შრომითი ძალის გაუცხოებას (veraussem) და საკუთარი სამუშაო ძალის მფლობელობაზე უფლების ქონის შესაძლებლობის გაქრობის თავიდან არიდებას.8

თუმცა, კაპიტალსა და მდედრ დიასახლისს  შორის არსებული განგრძობითი ურთიერთობა, რომელიც კაცის მიერაა გაშუალებული, არ მოითხოვს არც ფორმალურ და არც ნამდვილ დონეზე იმას, რომ ქალმა უნდა გაყიდოს საკუთარი შრომითი ძალა მხოლოდ და მუდამ დროის განსაზღვრული პერიოდით. არც ფორმალურ დონეზე, რომელზეც გაყიდვა წარმოჩინდება როგორც საშინაო საქმის გაყიდვა, ანუ როგორც პერსონალური მომსახურება და არც ნამდვილ დონეზე, რომელზეც შრომითი ძალა წარმოჩინდება, როგორც ღირებულების არმქონე. ასე რომ, გაყიდის ქალი საკუთარ შრომით ძალას განსაზღვრული დროით თუ არა, ამას არავითარი ეფექტი არ ექნება იმაზე, ქალი, როგორც ინდივიდი საკუთარ შრომით ძალას ,,საკუთრებად’’ აღიქვამს თუ არა, რადგანაც ეს იქნება რაღაცის ფლობა, რასაც ღირებულება არ გააჩნია. ამ შემთხვევაში, საპირისპირო რამ არის საჭირო. ქალი თავის საშინაო საქმეს, ან თავის შრომით ძალას, განუსაზღვრელი დროით ყიდის, რაც იმას ნიშნავს, რომ ქალი ამას ყიდის განუსაზღვრელი დროით ერთ სამუშაო დღესთან მიმართებაში და მისი სამუშაო დღეების მონაკვეთშიც, რაც ეხამება მის ბუნებრივ ცხოვრებას. კაპიტალსაც და მამრ მშრომელსაც სჭირდებათ ქალი იმისთვის, რომ საკუთარი შრომითი ცხოვრება ბუნებრივი ლიმიტებით განსაზღვრონ, მაგრამ ეს სხვადასხვა მიზეზებითაა განპირობებული. კაპიტალს ეს სჭირდება იმიტომ, რომ მისი შრომითი ძალის დუალური ხასიათის გათვალისწინებით, რაც უფრო მეტს მუშაობს ქალი, როგორც დიასახლისი, მით მეტი ექსპლუატაცია მოხდება მისი, როგორც ,,სოციალური შრომის ბუნებრივი ძალის’’ მქონესი. მამრ მშრომელს ის სჭირდება იმიტომ, რომ კაცმა უნდა კვლავაწარმოოს თავისი საკუთარი შრომითი ძალა და ეს საჭიროებს საშინაო საქმის მოხმარების იმ დონეს, რომელსაც არ აქვს დროებითი ლიმიტები გარდა თავად კაცის ყოფნა-არყოფნისა. კაპიტალს არ აქვს არავითარი სურვილი, თუნდაც სცადოს შეამციროს საშინაო საქმისთვის საჭირო დროის რაოდენობა, რომელიც მამრ მშრომელს სჭირდება, რადგანაც კაპიტალის მიზანია მსგავსი სამუშაოს, ცოცხალი შრომის ექსპროპრიაცია. არც კაც მშრომელს აქვს რაიმე სურვილი, რათა შეამციროს საკუთარი მოხმარება, რადგანაც მისი მიზანი საკუთარი საჭიროებების დაკმაყოფილებაა. ასე რომ, სამუშაო საქმესა და ხელფასს შორის არსებული გაცვლის ძირითადი მდგომარეობა ისაა, რომ მდედრი დიასახლისი საკუთარ შრომით ძალას ყიდის ,,ასეა თუ ისე’’, დროსი განუსაზღვრელი პერიოდით, რაც აბსოლუტურად საპირისპიროა იმისა, თუ როგორ უნდა განაწილდეს დრო წარმოების პროცესში.

ეს ერთის მხრივ იმას ნიშნავს, რომ მდედრ დიასახლისს მხოლოდ ის შეუძლია, რომ ხელახლა დაეუფლოს თავის შრომით ძალას, ყოველ შემთხვევაში, ფორმალურად მაინც, თუკი ის გაწყვეტს კავშირს ,,თავისუფალ’’ მამრ მშრომელთან; და მეორეს მხრივ, ვიდრე მამრი მშრომელი თავის სამუშაო ძალას კაპიტალს მიჰყიდის განსაზღვრულ დროში, რის შემდეგაც კაცი ხელახლა ეუფლება ამ ძალას, ქალი არ აწესებს მსგავს ლიმიტს თავის სამუშაო დროზე, რომელსაც იგი კაცს მიჰყიდის. შედეგად, ქალის დროს საკუთარი კვლავწარმოების დაუფლებისთვის არ აქვს განსაზღვრული ლიმიტი და ვერ განცალკევდება სამუშაო დროისგან, რომელსაც იგი ატარებს მამრობითი სქესის მშრომელისა და მომავალი მშრომელის კვლავწარმოებაში.

თუმცა, ისევე როგორც წარმოებაში, მშრომელის/კაპიტალის ურთიერთობა აღარაა ისეთი განგრძობითი, როგორიც ეს ოდესღაც იყო, ახლა რაღაც პერიოდებში დასაქმება ზრდადად ცვალებადია, რაღაც პერიოდებში უმუშევრობაა სურვილის მიხედვით ან შენგან დამოუკიდებლად, ასევე რეპროდუქციაშიც, მამრობითი/მდედრობითი ურთიერთობა გამოირჩევა განსაზღვრული დროის ლიმიტით. განქორწინებების რიცხვის ზრდა, მოკლე ხნიანი კოაბიტაციისა და კომუნალური თანაცხოვრების ზრდა და ა.შ. წარმოადგენს ,,სამუდამო’’ ურთიერთობების ძველი ცნების შესუსტებას.

მეორე მდგომარეობა რომელიც იმ გაცვლაში მონაწილეობს, არის ფულის, ხელფასის გადახდის გზით, საშინაო საქმის ბაზარზე საქონლად მიჩნევა, ეს მდგომარეობა განსხვავდება წარმოების შრომასა და კაპიტალს შორის არსებული გაცვლისგან.

ვიდრე ამ უკანასკნელი ძირითადი მდგომარეობის პირობები იცვლება ,,რაც ფულის მფლობელს საშუალებას აძლევს მოიპოვოს შრომითი ძალა, როგორც საქონელი, ბაზარზე ხდება ის, რაც შრომითი ძალის მფლობელს, ნაცვლად იმისა, რომ შეძლოს საქონლის გაყიდვა რომელშიც მისი შრომითი ძალაა ასახული, აიძულებს მოახდინოს საქონლის გასაყიდად შეთავაზება რომელიცაა შრომითი ძალა, რომელიც მხოლოდ მის ცოცხალ სხეულში არსებობს,’’9 საშინაო საქმესა და ხელაფსსს შორის გაცვლაში, სიტუაცია ბევრად უფრო რთულია.

კაცი მშრომელის მსგავსად, ქალი დისახლისი ვერ ყიდის საქონელს, რომელშიც მისი შრომითი ძალა გამოხატულია, მას უწევს თავად საკუთარი შრომითი ძალა გაყიდოს, როგორც საქონელი. მაგრამ მას აქვს ორი ფორმალური არჩევანი – მას შეუძლია ან მიჰყიდოს თავისი შრომითი ძალა კაპიტალს თავისი წარმოების უნარით, ანდა მან ეს ძალა უნდა მიჰყიდოს კაც მშრომელს როგორც საშინაო საქმე ანდა როგორც პროსტიტუციული საქმე. თუმცა, პრაქტიკაში ქალს თითქმის მუდამ უწევს გაყიდოს იგი შრომითი ძალის წარმოებისა და რეპროდუქციის შესაძლებლობით ვიდრე ის მას მიჰყიდის კაპიტალს ან როგორც წარმოების უნარს, ანდა როგორც უნარს მამრობითი შრომითი ძალის სქესობრივი რეპროდუქციის უნარს. ერთის მხრივ, მამრ მშრომელს უწევს იყიდოს საშინაო საქმე, ამიტომაც ქალი მასთან იმაზე უსაფრთხო ბაზარს პოულობს რათა თავისი შრომითი ძალა მიჰყიდოს, ვიდრე ეს პროსტიტუციულ საქმეში ხდება. მეორეს მხრივ, მდედრი მწარმობელი მშრომელი კაპიტალში ხედავს მყიდველს, რომელსაც სურს დაიმორჩილოს ეს გაცვლა მამრი მშრომელის სახით და ასეც ხდება, როგორც ქალის შრომის რაოდენობის რეგულირებით, რომელსაც ის ყიდულობს, ასევე დაბალი ფასის შენარჩუნებით. ეს ორივე ფაქტორი ქალს აიძულებს გაყიდოს საშინაო საქმე იმისათვის, რომ გადარჩეს. კაპიტალი ამას აკეთებს იმისათვის, რომ შექმნას პირობები, რომელშიც ორივე – გაცვლა საშინაო საქმესა და ცვალებად კაპიტალს შორის და გაცვლა წარმოებად საქმესა და კაპიტალს შორის აღიქმება, როგორც აუცილებელი და ორმხრივად საჭირო რამ.

რომ შევაჯამოთ, მეორე ძირითადი პირობა არის ის, რომ ქალები გაცვლების პირობებიდან გამომდინარე, არიან დავალდებულებულები, უპირველეს ყოვლისა გაყიდონ თავიანთი შრომითი ძალა წარმოების უნარით და შრომითი ძალის რეპროდუქციის ძალა.

რასაკვირველია, მთელი ეს კამათი გაგებულ უნდა იქნას, როგორც კაპიტალის პასუხის ძირითადი მიმართულების აღწერა მშრომელთა კლასის ბრძოლებთან მიმართებაში, შრომითი დღის შესახებ არსებულ ბრძოლებთან მიმართებაში დიდ ინდუსტრიაში, იგივე ბრძოლებთან, რომლებიც საუკუნეების წინ დაიწყო ინგლისში და გავრცელდა, როგორც ინდუსტრია ვრცელდებოდა კაპიტალიზმის პირობებში. ინდუსტრიული აკუმულირების პირველი პერიოდის განმავლობაში, პროლეტარი ქალი ხშირად იყო ცოლიც, დედაც და მეძავიც. დიდი ინდუსტრიის გაჩენასთან ერთად, ქალები და ბავშვები მუშათა კლასის ხერხემლად იქცნენ. ამ პერიოდში, ქარხანა, ანუ სამუშაო ადგილი, ასევე იქცა პროსტიტუციის ცენტრად. ქალი მშრომელები, რომლებიც იძულებულნი ხდებოდნენ გაეყიდათ საკუთარი სექსუალური უნარი იმისათვის, რომ გადარჩენილიყვნენ, ,,მარტივად მისაწვდომებად’’ მიიჩნეოდნენ. კაპიტალი ყოველთვის იჩენდა უდიდეს მოქნილობასა და მადას ქალის შრომითი ძალის ექსპლუატირების კუთხით. ის არასდროს უშინდებოდა ქალის, როგორც მეძავის, დიასახლისის და წარმოებადი მშრომელის  ექსპლუატაციას როდესაც და როგორც გახდებოდა მისთვის საჭირო, ძალიან ხშირად, სამივე კუთხით ერთდროულად. ზოგ პერიოდში, კაპიტალი ქალს მხოლოდ მეძავის სახით უწევდა ექსპლუატაციას. თუმცა, კაპიტალი მუდამ ცდილობდა გაეყიდა ქალის შრომითი ძალა, როგორც წარმოების უნარი არა როგორც ალტერნატივა, არამედ როგორც დამატება რეპროდუქციის უნარზე.

გაცვლას კვლავწარმოებად შრომასა და ცვალებად კაპიტალს შორის სხვა კონოტაციაც აქვს. გარდა იმისა, თუ რა ხდება კაპიტალსა და წარმოებად საქმეს შორის გაცვლისას, სადაც ყველა საკითხში მშრომელი წინ წევს თავისი შრომითი სახმარ ღირებულებას კაპიტალისტისთვის. მშრომელი უფლებას აძლევს მყიდველს, შეიძინოს ის ვიდრე მშრომელი ფულად ანაზღაურებას აიღებს; ყველგან, მშრომელი კაპიტალისტს შეღავათს აძლევს.10

დიასახლისი მამრ მშრომელს შეღავათს არ აძლევს თავისი საშინაო საქმის სახმარი ღირებულების სანაცვლოდ. მას ეს არ შეუძლია. იგი თავის შრომით ძალას ყიდის განუსაზღვრელი დროით და ამას ფულადად არ უნაზღაურებენ, როგორც მამრ მშრომელს, რადგან ,,ეს მიმდინარეობდა კონტრაქტით ფიქსირებულ პერიოდში, მაგალითად, ყოველი კვირის ბოლოს.’’11

უფრო მეტიც, (1) დიასახლისის/საშინაო მშრომელის მიერ საკუთარი საარსებო საშუალებების მოხმარება ვერ განცალკევდება თავისი საშინაო საქმის/შრომითი ძალის ფორმალური გაუცხოების დროისგან; (2) ცვალებადი კაპიტალი (ხელფასი) საარსებო საშუალებები მთელი ოჯახისთვის, დიასახლისის ჩათვლით, საშინაო საქმის ნაწილია; და (3) რადგან ქალი ფულს თავისი საქმის ანაზღაურებად არ იღებს, ცვალებადი კაპიტალის ნაწილის გარდაქმნა ქალის საარსებო საშუალებებად ვერ განცალკევდება ვერც დროებითი და ვერც ზოგადი საუბრისგან ცვალებადი კაპიტალის მთელი ოჯახის საარსებო საშუალებებად გარდაქმნის შესახებ.

ქალი შეღავათს არ იძლევა საკუთარი შრომითი ძალის სახმარი ღირებულების შესახებ. ქალი, მშრომელი კაცის მსგავსად, კაპიტალს შეღავათს უწევს, მაგრამ სხვაგვარად: როდესაც მშრომელი კაცი შეღავათს პირდაპირ წევს, ქალი ამას არაპირდაპირ აკეთებს. მაგალითად, კაცი მწარმოებელი მშრომელი, რომელსაც ყოველთვიური ფულადი ანაზღაურება აქვს, კაპიტალს შეღავათს აძლევს კვირის მანძილზე მისი სახმარი ღირებულების შრომითი ძალის თაობაზე, კაპიტალი მას თანხას უხდის საქმისთვის, რომელიც უკვე შეასრულა. ქალი მშრომელი, კაპიტალს შეღავათს საკუთარი შრომითი ძალის სახმარ ღირებულებაზე უწევს, როდესაც მშრომელი კაცი ვაჭრობს საკუთარი შრომითი ძალის ფასის შესახებ. ცვალებადი კაპიტალი თავის თავში ასევე შეიცავს ქალი მშრომელის შრომითი ძალის ფასს/ღირებულებას. როდესაც კაპიტალი ყიდულობს კაცი მშრომელის შრომით ძალას ხელფასით, ეს უკანასკნელი შეღავათს არა მხოლოდ თავისი შრომითი ძალის სახმარი ღირებულებით იძლევა, არამედ ასევე შეღავათს იძლევა ქალის სახმარი ღირებულებითაც. კაპიტალი გასცემს ორ საკრედიტო ვალს, როდესაც ის ხელფასს იხდის.

შემდგომი ფაქტორი ერთმანეთისგან განასხვავებს ცვალებად კაპიტალსა და ქალის შრომით ძალას შორის გაცვლასა და წარმოებით შრომასა და კაპიტალს შორის გაცვლას. აქ არ არსებობს შესაძლებლობა აირჩიო, ვის მიჰყიდო საკუთარი თავი, არამედ არსებობს იმ სუბიექტის შეცვლის საშუალება, რომელსაც საკუთარ თავს მიჰყიდი. ,,თავისუფალ’’ კაც მშრომელს უწევს საკუთარი თავი კაპიტალს მიჰყიდოს, თუმცა არა კონკრეტულ კაპიტალისტს; მას შეუძლია გარკვეული ლიმიტების ფარგლებში აირჩიოს რომელ კაპიტალისტს სურს მიჰყიდოს თავი. ქალ დიასახლისს აქვს არჩევანი (კვლავ უნდა აღინიშნოს, გარკვეული შეზღუდვბით) თუ ვის მიჰყიდოს საკუთარი თავი; მისი ერთადერთი შეზღუდვა ისაა, რომ მან საკუთარი თავი ცვალებად კაპიტალს უნდა მიყიდოს, მას არ უწევს საკუთარი თავი კონკრეტულ მამრ მშრომელს მიჰყიდოს. კაცი და ქალი მშრომელები განსხვავდებიან იმ კუთხით, რომ ქალის შანსი ცვლილების შესახებ, ხელახალი არჩევანის შესახებ, მეტად ლიმიტირებულია. ქალის ,,კონტრაქტი’’, პერიოდი, რომლისთვისაც ის საკუთარ შრომით ძალას ყიდის, შეუზღუდავია, ასე რომ, მისი არჩევანი ყოველ შემთხვევაში, საერთო ჯამში, უნდა წარმოჩინდს როგორც საბოლოო არჩევანი. ქალის ურთიერთობა მამრ მშრომელთან ნაკლებად მარტივად დასამსხვრევია ორივე მათგანისგან, ვიდრე კაცი მშრომელის კაპიტალი. მაგრამ ქალისთვის ეს კიდევ უფრო რთულია. მას აქვს ნაკლები შანსი, შეითავსოს არასაშინაო შრომა, მიიღოს ადექვატური ხელფასი; მოკლედ რომ ვთქვათ, მას აქვს ნაკლები სოციალური ძალაუფლება.

და ბოლოს, კაცი მშრომელი, როდესაც ის საკუთარ შრომით ძალას ყიდის, ყიდის: ,,თავისი შრომის განკარგვას, რომელიც სპეფიციური რამაა, სპეციფიური უნარია.’’12 კაპიტალისტი ყიდულობს მხოლოდ  სპეციფიურ შესაძლებლობას. დიასახლისი, კაც მშრომელზე ყიდის მხოლოდ შერჩევითად სპეციფიურ სამუშაოს. ეს სპეციფიურობა იმაში მდგომარეობს, რომ ისაა წარმოება და კვლავწარმოება შრომითი ძალისა, მაგრამ მხოლოდ შერჩევითად სპეციფიურია იმ კონკრეტულ მოცემულ ბუნებაში საშინაო საქმისა, მისი მოხმარება მოითხოვს ქალისგან თავისი შრომითი ძალის გამოყენებას შეუზღუდავი რაოდენობით, და უამრავი უნარ-ჩვევის გამოყენებით, რომლებიც რაოდენობრივი ხედვის თანახმად, სრულიად განსხვავდება ერთმანეთისგან.

,,კახპობიდან პაპობამდე მისაღწევად, ბრბოში უნდა გაიარო!’’13

ახლა ვისაუბროთ პროსტიტუციულ სამუშაოსა და ხელფასს შორის გაცვლის შესახებ. ეს გვაგონებს გაცვლას მშრომელსა და კაპიტალს შორის, მისი ფორმით, იგი წარმოგვიდგება როგორც ექვივალენტების გაცვლა.

გაცვლის საგანი ერთის მხრივ ხელფასი, ანუ საცვლელი ღირებულებაა და მეორეს მხრივ, პროსტიტუციული სამუშაო, სამუშაო, რომელსაც აქვს ფასი და ფორმალურ დონეზე წარმოგვიდგება როგორც საქონელი, საცვლელი ღირებულება. კაცი მშრომელი თავისი ცვალებადი კაპიტალის ნაწილს ცვლის იმაზე, რაც საპასუხოა იმ პროსტიტუციული სამუშაოს ღირებულებისა, რომელსაც ის ყიდულობს. ქალი ცვლის თავის შრომით ძალას და იღებს ფულს; კაცი მშრომელი იღებს საქონელს, რისი ფასიც, მისთვის, თანაბარია იმ ფულადი რაოდენობისა, რომელსაც იგი იხდის. ისე გამოდის, რომ ორივე მათგანი ექვივალენტს იღებს.

თუმცა, სინამდვილეში, კაცმა მშრომელმა მიიღო არა პროსტიტუციული სამსახური, არამედ ქალის შრომითი ძალა. მაშასადამე, მან ,,მიიღო შრომითი დრო იმ ხარისხით, რითაც ის აჭარბებს შრომის დროს, რომელსაც მოიცავს შრომის უნარი, გაცვლა ექვივალენტის გარეშე; კაცმა მიიღო უცხო შრომითი დრო გაცვლის გარეშე, გაცვლის ფორმების საშუალებით.’’ 14

მაშასადამე, სქესობრივი რეპროდუქციის სამუშაოსა და ცვალებად კაპიტალს შორის მიმდინარე გაცვლის მეორე წუთსვე, კაცი მშრომელის მიერ მიღებული ექვივალენტი სულაც არ აღმოჩნდება ექვივალენტი. ისევე, როგორც კაცის კაპიტალთან გაცვლისას, მისი მიზანი, განახორციელოს გაცვლა არ არის საცვლელი ღირებულება, არამედ ეს მისი საჭიროებების დაკმაყოფილებაა, ასე რომ, მის გაცვლაში მეძავთან, კაცის მიზანია არა იმ ღირებულების აპროპრიაცია, რომელიც შექმნილია ქალის ცოცხალი შრომისგან, არამედ თავისი საჭიროებების დაკმაყოფილება. კიდევ ერთხელ რომ განვმარტოთ, კაპიტალი ახდენს ქალის, როგორც სქესობრივი რეპროდუქციული მშრომელის შრომის ღირებულების აპროპრიაციას, როდესაც ქალი სქესობრივად კვლავაწარმოებს კაცის შრომით ძალას; ხოლო საშინაო საქმის შემთხვევაში, კაპიტალი აპროპრიაციას ახდენს ირიბად, როდესაც იგი ყიდულობს კაცის შრომით ძალას ხელფასით, ფულადი ანაზღაურებით. ეს გაცვლა რეალურ დონეზე არაა ექვივალენტების გაცვლა. აქაც, კაცი მშრომელი იღებს ბევრად მეტ ღირებულებას, ვიდრე მან მეძავს მისცა, ხოლო ნამატის აპროპრიაციას კაპიტალი ახდენს. თუმცა ფორმალურ დონეზე ეს გაცვლა წარმოგვიდგება ექვივალენტების გაცვლად, მისი სუბიექტები, თუნდაც ფორმალურ დონეზე, არც თანასწორნი არიან და არც თანაბრად ,,თავისუფალნი’’. კაც მშრომელს შეუძლია ლეგიტიმურად გაყიდოს თავისი შრომითი ძალა და თავისუფლად შეუძლია გაცვალოს თავისი ფული, რომელიც მან საკუთარი შრომის შედეგად გამოიმუშავა. მეძავს არ შეუძლია ლეგიტიმურად გაყიდოს თავისი შრომითი ძალა; ის ხშირად კრიმინალიზებულია; ასევე, იგი თავისუფალია გაყიდოს თავისი შრომითი ძალა, როგორც საქონელი იქამდე, ვიდრე ეს ,,თავისუფლება’’ ზღუდავს მის პირად თავისუფლებას.

დამთხვევა არ არის ის, რომ სქესობრივი სამუშაოს მყიდველი, კლიენტი, იშვიათადაა დამნაშავედ მიჩნეული; დამნაშავე მხოლოდ გამყიდველი, მეძავია. მეძავი ქალის თავისუფლების არქონას ასევე უნდა დაემატოს უთანასწორობა, რადგანაც, თუმცა ფორმალურ დონეზე გაცვლის საგნები ექვივალენტებად წარმოგვიდგება, ისინი რეალურად თანაბარნი არ არიან. ფული, რომელსაც მშრომელი ცვლის, კანონიერია; პროსტიტუციული სამუშაო, რომელსაც მეძავი ცვლის, არაკანონიერი, არასამართლებრივია. მართალია, ორივენი თანაბარ ურთიერთობაში არიან, როგორც საქონლის მფლობელნი, მაგრამ მათ არ გააჩნიათ საერთო სამართლებრივი უფლებები და ეს გაცვლა არის თავისუფლებისა და თანასწორობის კიდევ ერთი უარყოფა მამრობით/მდედრობით ურთიერთობებში. დიასახლისს კაც მშრომელთან უთანასწორო ურთიერთობა აქვს; მეძავს კი კაც მშრომელთან კიდევ უფრო უთანასწორო ურთიერთობა აქვს, რადგანაც იგი ამ ურთიერთობით კრიმინალიზებული ხდება.

კაცი მშრომელის/მეძავის გაცვლის ძირითადი პირობები მოიცავს უფრო დიდ მსგავსებას წარმოების სამუშაოსა და კაპიტალს შორის არსებულ გაცვლასთან, ვიდრე დიასახლისსა და კაპიტალს შორის არსებულ გაცვლასთან, რომელიც კაცი მშრომელის მიერაა გაშუალებული.

წინამდებარე გაცვლაში, მეძავი, მიუხედავად იმ შეზღუდვებისა, რომელიც მისთვისაა დაწესებული, ჰგავს მამრობითი სქესის მწარმოებელ მშრომელს: სამუშაო ძალის მფლოებელი ,,თავისუფალი’’ მშრომელი, რომელსაც იგი იყენებს პროსტიტუციულ სამუშაოში. ქალის შრომითი ძალა მის საკუთრებაშია, შეუძლია გაყიდოს და იგი მას მხოლოდ განსაზღვრული დროით ყიდის, კაცი მშრომელის  მსგავსად. კაცი მშრომელის კონტროლი ქალის სამუშაო ძალაზე შეზღუდულია, ისევე როგორც იმ ქმედებების რიგი, რომელიც ქალმა უნდა განახორციელოს.

ამ გაცვლის მეორე ძირითადი პირობის თანახმად, ქალი კვლავაც ამორიცხულია ნებისმიერი სხვა საქონლის გაყიდვის პროცესისგან, გარდა მისი შრომითი ძალისა, რომელიც ბაზარზე მამრობითი სქესის მშრომელის სექსუალური კვლავწარმოების უნარია. ფორმალურად, ქალს ეკრძალება გაყიდოს წარმოებადი შრომის ყველა სხვა შესაძლებლობა, წარმოებითი შრომა, როგორც საშინაო შრომა შრომითი ძალის წარმოებისათვის და შრომითი ძალის კვლავწარმოების უნარი.

ერთის მხრივ, ქალს ფორმალურად ეკრძალება საკუთარი თავის გაყიდვა როგორც დიასახლისისა და მეძავის ერთდროულად, ესეიგი ერთი პიროვნება ფორმალურ დონეზე ვერ იარსებებს, როგორც ლეგალური (დიასახლისი) და არალეგალური (მეძავი) სუბიექტი ერთდროულად. მეორეს მხრივ, მეძავისთვის საკუთარი შრომითი ძალის, როგორც წარმოების უნარის გაყიდვა, ფორმალურად ასევე შეუძლებელი იქნებოდა. თუმცა, პრაქტიკაში მას ეს შეუძლია და ის ამას აკეთებს. მაგალითად, დღესდღეობით, ოჯახის ცნების მორყევის პირობებში, დიასახლისები და სხვანი შეთავსებით მეძავები ხდებიან, როდესაც ამავდროულად შეიძლება იყონ სტუდენტები, მუშები, მასწავლებლები, მდივნები და ა.შ. ქალის სამსახურეობრივი ბაზრის დაყოფა მეძავებისა და არა-მეძავებისად ბუნდოვანდება. ორ ბაზარზე ერთდროულად შესვლა და გამოსვლა დღეს ბევრად გამარტივდა, ვიდრე წარსულში და მეძავებმა გაუსწრეს კაპიტალის ოპტიმალურ დონეს. აღმასვლა პროსტიტუციაში, საშინაო საქმესთან მიმართებაში ქალების გაზრდილ აბსენტიზმთან ერთად, სახიფათოდ ცვლის მამრობითი სქესის მშრომელის მოთხოვნილების სახეს, რადგან მის მოთხოვნილებებში შედის როგორც გაწეული საშინაო საქმე, ასევე გაწეული პროსტიტუციული სამუშაო, და პირიქით. ამის საპასუხოდ, კაპიტალმა გააძლიერა პროსტიტუციული სამუშაოს რაოდენობრივი კონტროლის მცდელობები. მეძავების შევიწროების ტალღა, სინამდვილეში, კაპიტალის მცდელობაა, ხელახლა გაამყაროს გაცვლის დამატებითი ასპექტები და კიდევ ერთხელ განათავსოს პროსტიტუციული სამუშაო მეორად პოზიციაზე საშინაო საქმესთან შედარებით, მამრობითი მშრომელების მიერ მისი მეორადად მოხმარების მეშვეობით.

ამ გაცვლას აქვს ორი დამატებითი მახასიათებელი, რომელსაც საერთო გააჩნია წარმოების სამუშაოსა და კაპიტალს შორის გაცვლასთან. ისევე, როგორც ,,თავისუფალი’’ მშრომელები აძლევენ უფლებას კაპიტალს თავიანთი შრომითი ძალის სახმარ ღირებულებაზე, ანუ ისინი უფლებას აძლევენ კაპიტალს გამოიყენონ მათი შრომითი ძალა იქამდე, ვიდრე ამისთვის საფასურს გადაიხდის; ასევეა მეძავების შემთხვევაშიც, ისინი მამრობითი სქესის მშრომელს აძლევენ უფლებას თავიანთი სამუშაო/შრომითი ძალის სახმარ ღირებულებაზე. ისევე როგორც მშრომელს აქვს არჩევანის საშუალება (გარკვეული შეზღუდვებით) თუ ვის მიჰყიდოს თავისი შრომითი ძალა, ასევე აქვს არჩევანის საშუალება მეძავ ქალს (მასაც გარკვეული შეზღუდვებით) თუ ვის მიჰყიდოს საკუთარი თავი – თუმცა, მისი არჩევანი მეტად შეზღუდულია, ვიდრე მშრომელი კაცის, მეძავის, როგორც ,,თავისუფალი’’ პიროვნების არაღიარების გამო. თუმცა, მამრობითი სქესის მშრომელის მსგავსად, მეძავსაც შეუძლია შეცვალოს სუბიექტი ვისაც იგი საკუთარ თავს მიჰყიდის (გარკვეული შეზღუდვების ფარგლებში), რადგანაც მეძავი ქალი, დიასახლისი ქალისგან განსხვავებით, თავის შრომით ძალას მხოლოდ განსაზღვრული დროით ყიდის.

 

აღნიშვნები:

1 გრუნდრისე, რვეული 2, გვ. 284.

2 იგივე. რვეული 6, გვ. 674.

3 იგივე. რვეული 2 გვ. 246.

4 იგივე. რვეული 2 გვ. 283.

5 იგივე.

6 კაპიტალი, ნაწილი 1, გვ. 271.

7 გრუნდრისე, რვეული 2, გვ. 243.

8 კაპიტალი, ნაწილი 1, გვ. 271.

9 იგივე.., გვ. 272, თავი. 6.

10 კაპიტალი ნაწილი 1, თავი. 6, გვ. 278.

11 იგივე.

12 გრუნდრისე, რვეული2, გვ. 282.

13 იგივე. რვეული 2, გვ. 272.

14 იგივე. რვეული 6, გვ. 674.

 

ავტორი: ლეოპოლდინა ფორტუნატი

თარგმანი: ანა კამლაძე

 

წიგნიდან ,,რეპროდუქციის საიდუმლოება – საშინაო საქმე, პროსტიტუცია, შრომა და კაპიტალი’’