“საქართველო დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე’’ – მსგავსი განგაშის შემცველი სათაურები ჩვენი დემოგრაფიული მონაცემების შესახებ, პრესაში საკმაოდ ხშირად გვხვდება, თუმცა აუცილებელია განვიხილოთ, თუ რა მოქმედებებს მიმართავს სახელმწიფო დემოგრაფიული კრიზისის აღმოსაფხვრელად, რა მეთოდებს იყენებს შობადობის წასახალისებლად და რამდენად აისახება ეს ყველაფერი ქართველ ქალთა უფლებრივ მდგომარეობაზე. განსაკუთრებით აღსანიშნავია დემოგრაფიული კრიზისები საქართველოს რეგიონებში, სადაც, მძიმე სოციალური პირობების გამო მოსახლეობის მასიური მიგრაციის შედეგად, რეგიონები ცარიელდება.
შობადობის და მრავალშვილიანობის წახალისების პოლიტიკა ახალი არ არის, თუმცა მნიშვნელოვანია, განვიხილოთ როგორ მიმართულებას იღებს ეს პოლიტიკა, ითვალისწინებს თუ არა ქალთა ეკონომიური მდგომარეობის გაუმჯობესების ასპექტს და რა გავლენა აქვს მას ქალთა ცხოვრების ხარისხზე. მაგალითისთვის, განვიხილოთ 2014 წელს დამტკიცებული „დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამა’’, რომლის სამიზნე ჯგუფები არიან: ა. 2014 წლის 1 ივნისიდან დაბადებული ბავშვი (ტყუპებით მშობიარობის შემთხვევაში, ბავშვები), რომელიც ცხოვრობს ბიოლოგიური დედის ფაქტობრივ საცხოვრებელ ადგილას (200 ლარის ოდენობით დახმარება განისაზღვრება მაღალმთიან რეგიონში ფაქტობრივად მცხოვრები ბენეფიციარებისთვის, ხოლო 150 ლარიანი დახმარება ფაქტობრივად სხვა რეგიონში მცხოვრები ბენეფიციარებისთვის) ბ. 2016 წლის 1 იანვრის შემდგომ დაბადებული ბავშვი, რომლის ერთ-ერთი მშობელი მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მაცხოვრებელი პირია (ბენეფიციარს ენიშნება 100 ლარის ოდენობის დახმარება ერთი წლის განმავლობაში, თუ ის პირველი ან მეორე შვილია და 200 ლარის ოდენობის დახმარება ორი წლის განმავლობაში, თუკი მესამე ან მომდევნო შვილია). ეს პროგრამა 2014 წლიდან ეხება გურიის, იმერეთის, კახეთის, მცხეთა- მთიანეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, რაჭა- ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მაცხოვრებლებს, ხოლოს 2017 წლის 1 იანვრიდან, პროგრამაში ჩაერთო სამცხე-ჯავახეთიც.
განსაკუთრებით აღსანიშნავია ამ სახელმწიფო პროგრამის მიზნობრიობა. სახელმწიფო პროგრამის მიზანს არ წარმოადგენს მრავალშვილიან დედათა დახმარება (პროგრამით განსაზღვრულია ბავშვების დაბადების კონკრეტული პერიოდი, ანუ მრავალშვილიანი დედები, რომლებსაც ბავშვები შეეძინათ ამ პროგრამის მიღებამდე, არ არიან სახელმწიფო დახმარებით სარგებლობის უფლების მქონეები), არამედ, პროექტი მიმართულია ქალების წახალისებისკენ, გააჩინონ მეტი შვილი. ქვეყანაში არ არსებობს პროგრამები, რომლებიც უზრუნველყოფს ქალებისთვის განათლების მიღების ხელშეწყობას, დასაქმებას, პროფესიულ გადამზადებას. ეს პროექტი ასევე არ ასახავს მაღალმთიან და სხვა რეგიონებში არსებული ქალების საჭიროებებს, პროექტი ითვალისწინებს ქალებისთვის სახელმწიფოს მიერ მიჩენილი როლის, კერძოდ, დემოგრაფიული პრობლემების აღმოფხვრისა და მხოლოდ შვილოსნობის ფუნქციის ქონის თავსმოხვევას.
მნიშნელოვანია დაისვას კითხვა, გარდა დროებითი ფულადი დახმარებისა, რას სთავაზობს სახელმწიფო ქალებს ბავშვების გაჩენის შემდგომ? “იუნისეფის” 2015 წლის კვლევის შედეგად, ქალაქში მცხოვრები 3-დან 5-წლამდე ბავშვების მხოლოდ 67,6%, ხოლო სოფლად მცხოვრები ბავშვების მხოლოდ 55,1% დადის ბაღში, ბავშვების 18% კი ვერ იღებს სკოლამდელ მომსახურებას რაიონში საბავშვო ბაღის არარსებობის ანდა დაწესებულებაში თავისუფალი ადგილის არქონის გამო. თუმცა, იმ რეგიონებშიც, რომლებშიც მსგავსი დაწესებულებები ფუნქციონირებს, საბავშვო ბაღების სანიტარული მდგომარეობა საგანგაშო მდგომარეობაშია. შესაბამისად, ამ მომსახურებებზე წვდომის არქონის გამო, საქართველოში მცხოვრები მრავალშვილიანი ქალების საყოფაცხოვრებო პირობები ერთიორად უარესდება. ამ პრობლემებთან ბმაშია ის ფაქტიც, რომ საქართველოში სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ბავშვების რაოდენობა ძალიან მაღალია. “იუნისეფის” კვლევის მიხედვით, ,,საქართველოში ყოველი მეხუთე ბავშვი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს, ხოლო ყოველი მეექვსე ბავშვი საარსებო მინიმუმზე ნაკლებს მოიხმარს.’’ ასევე, მაღალია 5 წლამდე ასაკის ბავშვების სიკვდილიანობის მაჩვენებელი, რაც 3-ჯერ აღემატება ევროპის საშუალო მაჩვენებელს.
შესაბამისად, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ სახელმწიფო, დემოგრაფიული პრობლემების აღმოფხვრის მცდელობისას, არ ითვალისწინებს სოფლებში და ქალაქებში მცხოვრები ქალების ეკონომიკურ და სოციალურ მდგომარეობას და ქალთა რეალური მოთხოვნებისა და საჭიროებების გათვალისწინების ნაცვლად, იყენებს ქალთა ,,მოსყიდვის’’ პრაქტიკას, მრავალშვილიანობის წასახალისებლად. სახელმწიფო ვერ ახერხებს მრავალშვილიანი ქალებისთვის ადექვატური დახმარებისა და მომსახურების შეთავაზებას, რაც ამ ქალების ცხოვრების ხარისხის გააუმჯობესებდა. ცხადია, რომ მხოლოდ ის მწირი ფინანსური დახმარება, რაც დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების პროგრამითაა განსაზღვრული, რეალურად, ვერ იქნება ქალთა მრავალშვილიანობის წამაქეზებელი ფაქტორი, სახელმწიფო კი მრავალშვილიანობის წასაქეზებლად რეალურ ალტერნატივებს არ ქმნის. დღეს, ქალთა უმრავლესობას არ აქვს ინფორმაცია და წვდომა ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებებზე, რადგან ეს არ არის გათვალისწინებული საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით. სახელმწიფო განათლების პროგრამა არ აძლევს ქალებს საკმარის ცოდნას საკუთარი რეპროდუქციული ფუნქციების კონტროლის შესახებ. სასკოლო ასაკიდან მოყოლებული, განათლების სისტემა იწყებს გოგოებისთვის დიასახლისის როლის მიჩენას და ხელს უწყობს მათ ასოცირებას მხოლოდ საოჯახო საქმიანობასთან, ბოჭავს მათ ცნობისმოყვარეობას, ენერგიულობას და გოგონათა ნებისმიერი საქციელი აღიქმება ,,მომავალ დედობასთან’’ შესაფერისობის მიხედვით. სასკოლო პროგრამები, ძირითადად, მიმართულია ქალის ფუნქციის მხოლოდ დედობის ფუნქციით შემოფარგვლით.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში აბორტი ლეგალურია, ქალების უდიდეს ნაწილს, ეკონომიური უსახსრობის გამო, ამ მომსახურებაზე წვდომა არ აქვს. მათთვის კი, ვისაც ამ მომსახურებით სარგებლობის საშუალება გააჩნია, აბორტის თემას ებმის სხვადასხვა მცდარი მორალური და სამედიცინო შეხედულება. 2013 წლის სააღდგომო ეპისტოლეში, პატრიარქი სახელმწიფოსგან პირდაპირ ითხოვს კანონს აბორტის აკრძალვის შესახებ, რამდენადაც აბორტი გაიგივებულია ,,ჩვილების უმოწყალო ხოცვასთან’’ მიუხედავად იმისა, რომ ჩანასახი არ შეიძლება განხილული იქნას ჩვილად. აბორტის შვილის მკვლელობად განხილვა და მასზე უამრავი სამედიცინო მითის მიბმა (უშვილობა, ძუძუს კიბო, შემდგომი ფსიქოლოგიური პრობლემები ქალებში) მაშინ, როდესაც აბორტი 99.75% შემთხვევაში არ იწვევს არანაირ ხელშესახებ სამედიცინო პრობლემას, არის ქალებზე ფსიქოლოგიური და მორალური ზეწოლა და წარმოადგენს ქალთმოძულებრივ დამოკიდებულებას. როგორც სახელმწიფო, ისევე რელიგია, ქალით დაინტერესებას გამოთქვამს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი იგი ფეხმძიმედაა. ზემოთმოყვანილი პრობლემები გვაჩვენებს, რომ ბავშვების გაჩენის შემდგომ, სახელმწიფო კარგავს ინტერესს ქალების მიმართ და არათუ ცდილობს, გააუმჯობესოს მათი ყოველდღიური ყოფა, არამედ პირიქით, ხელს უწყობს სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ბავშვების რაოდენობის გაზრდას და ეკონომიური სიდუხჭირიდან ქალებსა და ბავშვებს არანაირ გამოსავალს არ სთავაზობს.
სწორედ ამიტომ, პრობლემურია ყველა ის სახელმწიფო პროგრამა, რომლებიც არ ითვალისწინებს ქალთა საჭიროებებს და ცდილობს, ქალებს ეს საჭიროებები თავად განუსაზღვროს, თავს მოახვიოს არაეფექტური (მოცემული პროექტის დაწყების შემდგომ საქართველოში შობადობის მაჩვენებელი არ შეცვლილა. გეოსტატის მიხედვით, პირიქით, 2014 წლის შემდგომ, შობადობამ მოიკლო: 2014 წელს დაიბადა 60 635 ახალშობილი, 2015 წელს – 59 249, ხოლო 2016 წელს – 56 569) და მჩაგვრელი სახელმწიფო პროგრამები, რომლებიც კიდევ უფრო უწყობს ხელს ქალთა ჩამოშორებას საზოგადოებრივი, პოლიტიკური და ეკონომიკური პროცესებისგან და სახელმწიფოში ქალთა როლს განსაზღვრავს მხოლოდ მათი ბიოლოგიური ფუნქციებიდან გამომდინარე.

ავტორი: ვერიკო დუნდუა