არავის შრომა არ არის ავტომატურად იაფი, არამედ ხდება მისი ხელოვნური გაიაფება. წინასწარგანსაზღვრული მანიპულ აციები იდეებით ქალებისა და გოგოების შესახებ და ცნებები ფემინურო ბაზე წაახალისებს მათ, ვინც ცდილობს გააიაფოს ქალის შრომა.

სინტია ენლო

2015 წელს გამოქვეყნდა სახალხო დამცველის წერილი ჯობს ჯის დირექტორის, ლექსო ხუბულავას მიმართ. წერილში საუბარი იყო ჯობს ჯიზე გამოქვეყნებულ ვაკანსიების უმეტესობაში მოცემულ გენდერულ დისკრიმინაციაზე. კერძოდ საუბარი იყო მოცემულ საიტზე გამოქვეყნებულ ვაკანსიებზე, რომელთა უდიდესი უმრავლესობა შეიცავდა დასასაქმებლის სასურველი სქესის, ფიზიკური მონაცემებისა და ოჯახური მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას, რაც გულისხმობდა გენდერულ დისკრიმინაციასა და თანაბარი დასაქმების საშუალების არქონას საქართველოს მოქალაქეებისთვის. წერილში ასევე საუბარი იყო ჯობს ჯის პასუხისმგებლობაზე, არ გამოაქვეყნოს მსგავსი დისკრიმინაციის შემცველი განცხადებები და ციტირებული იყო „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონის მე-2 მუხლის მე-5 პუნქტი, რომლის შესაბამისად, „აკრძალულია ნებისმიერის ქმედება, რომელიც მიზნად ისახავს პირის იძულებას, წაქეზებას ან ხელშეწყობას მესამე პირის მიმართ ამ მუხლით გათვალისწინებული დისკრიმინაციის განსახორციელებლად’

თავისთავად სახალხლო დამცველმა ეს მომართვა ა.ა.ი.პ ‘კონსტიტუციის 42 მუხლი’-ს დირექტორისაგან მიიღო. ამ ორგანიზაციამ განახორციელა კვლევა ჯობს ჯიზე გამოქვეყნებული განცხადებებისა და ამის შედეგად დაიბადა ეს ჩანასახშივე მკვდარი ინიციატივა, რომელიც აბსოლუტურად აცდენილი იყო ადრესატს და ნაცვლად ჩაღრმავებისა, თუ რა პროცესები უწყობს ხელს შრომის ბაზარზე არსებულ გენდერულ სეგრეგაციას და ამ პროცესების აღმოფხვრის ინიციატივების შემუშავებისა, პრობლემად ხატავდა ვაკანსიების შემცველ საიტზე ვაკანსიების შემცველი საიტის მიერ მიწოდებულ ვაკანსიებში არსებული დისკრიმინაციული ენის გაფილტვრას. ასევე მინდა აღვნიშნო რომ საძიებო სიტყვები, რომლის მიხედვითაც საიტზე გენდერული დისკრიმინაციის არსებობა აღმოაჩინეს იყო:‘„ქალი“„ქალბატონი“ „კაცი“ „დაოჯახებული“ „დასაოჯახებელი“ „სტაბილური“„სასიამოვნო გარეგნობა“ „სიმპათიური მამაკაცი“ამ რეკომენდაციის პრობლემატურობა განცხადების გავრცელებისთანავე გამოჩნდა რამდენადაც ვერ მოიძებნა პასუხისმგებლობის ადრესატი, იყო ეს ჯობსჯის ადმინისტრაცია თუ ვაკანსიების დამდები ორგანიზაციები. ასევე ვერ მოიებნა პასუხი კითხვებზე – რა იწვევს შრომის გენდერულ სეგრეგაციას.

ასევე დღემდე არ იძებნება პასუხი კითხვებზე რა იწვევს სხვაობას ქალებისა და კაცების ანაზღაურებებში, კერძოდ კი რა იწვევს ქალის შრომის გაუფასურებას. ამ კითხვებზე პასუხები გაცილებით უფრო კომპლექსურია, ვიდრე ვაკანსიების ვებსაიტებზე განთავსებულ განცხადებებში გენდერულად დისკრიმინაციული ტერმინების არსებობა/არ არსებობა.

შრომის გენდერულ სეგრეგაციას მრავალი ფაქტორი უწყობს ხელს, რომელთა აღმოფხვრისთვის სახელმწიფოს ადეკვატური სამუშაო გეგმა არ გააჩნია. ქალთა შრომის გაუფასურებაზე მოქმედი პრობლემები პერიოდულად წამოტივტივდება, თუმცა არაეფექტური რეაგირების შედეგად პრობლემების აღმოფხვრა ვერ ხერხდება.

ნაადრევი ქორწინება გოგონათაგან არაკვალიფიციური იაფი მუშახელის წარმოებისთვის

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მონაცემებით 2014 წელს 665 ხოლო 2015 წელს 611 არასრულწლოვანი პირის ქორწინების რეგისტრაცია განხორციელდა. აქედან 95% შემთხვევებში არასრულწლოვანი გოგო იყო.

Screenshot (194)

ასევე საგანგაშოა მონაცემები, რომლებიც ბავშვის რეგისტრაციის მომენტში არასრულწლოვანი მშობლის რაოდენობას შეეხება. ეს მონაცემები უფრო ზუსტად ასახავს არასრულწლოვანი გოგოების ნაადრევი ქორწინების მასშტაბებს, რამდენადაც ხშირად ქორწინების ოფიციალური რეგისტრაცია არ ხდება. 2014-2015 წლის მონაცემების მიხედვით დაფიქსირდა 1527-1372 არასრულწლოვანი დედა.

ეს პრობლემა ასევე მიბმულია განათლების პრობლემებზე, რომელზეც ქვემოთ ვისაუბრებთ. სასკოლო საგანმანათლებლო სისტემა თავიდანვე იწყებს ზრუნვას ქალები გამოზარდოს ‘პოტენციურ დედებად’, რაც თავისმხრივ სახელმწიფო პოლიტიკასაც წარმოადგენს. შესაბამისად არაა გასაკვირი ნაადრევი გათხოვების ეს მაჩვენებელიც რამდენადაც დედობის როლის საკრალიზაცია და ქალის ერთადერთ ნამდვილ გამოძახილად დედობის დასახვა, ასევე ქალის სქესობრივ ცხოვრების ტაბუირება და მის რეპროდუქტიულ უნარებზე ცოდნის არარსებობა დიდნაწილად ხელს უწყობს ქალების ნაადრევი გათხოვების ტენდენციებს.Screenshot (198)

ოჯახის შექმნის მიზნით სწავლის მიტოვების პრობლემაც დისპროპორციულად ქალებს ეხებათ. 2015 წლის მონაცემებით სწავლა 13-დან 17 წლამდე 408 მოზარდმა შეწყვიტა. მონაცემები არაზუსტია, რამდენადაც ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტის ერთეულებში არ აწარმოებდნენ სწავლის შეწყვეტის მიზეზების დეტალურ სტატისტიკას.

Picture1

 

რელიგიის როლი : ნაადრევი გათხოვებების პრობლემაში აუცილებლად უნდა გამოიკვეთოს რელიგიის როლიც. მიუხედავად იმისა რომ დღედღეობით არასრულწლოვანთან სქესობრივი კავშირის დამყარება და არასრულწლოვანთა ქორწინება კანონიერად იკრძალება, არასრულწლოვანთა ჯვრის დაწერის პრეცენდენტები საკმაოდ ხშირია. ასევე ეკლესიას არანაკლებ შეაქვს წვლილი ქალთა მთავარ ფუნქციად მხოლოდ დედობისა და ოჯახის მომვლელის ფუნქციის განსაზღვრაში.

დღედღეობით ყველასთვის ცნობილია რა წარმოადგენს ნაადრევი ქორწინებების პრობლემატურობას. თუმცა ნაადრევი ქორწინებების აღმოფხვრის მეთოდები საოცრად არაეფექტურია. ნაადრევი ქორწინებების ერთერთ მთავარ მიზეზს ეკონომიური სიდუხჭირე წარმოადგენს. საქართველოში ოჯახი წლების განმავლობაში იყო ქალებისთვის თავის გადარჩენის ერთადერთი მექანიზმი. შესაბამისად ნაადრევი ქორწინებების კრიმინალიზაციის ერთადერთი რეალური შედეგი რაც შეიძლება იყოს, არის ქორწინების ასაკის გადაწევა 18 წლამდე, რაც უკვე ლეგალურია. მსგავსი შედეგი კი არ შეიძლება ჩაითვალოს პოზიტიურ შედეგად, რამდენადაც ეს კვლავაც ხელს უწყობს ქალთა შრომის გაუფასურებას და ქალებისაგან დაბალანაზღაურებადი, არაკვალიფიციური მუშახელის შექმნას. რეალური საშუალება, ხელი შევუშალოთ ქალების ნაადრევ ქორწინებას, არის კომპლექსური საკითხი, რაც მოიაზრებს ამ ქალებისთვის რეალური და ხელშესახები ალტერნატივის გაჩენას, კერძოდ კი ქალებისთვის განათლებისა და დასაქმების პოლიტიკების შემუშავება, რაც ქალებისთვის რეალური ალტერნატივა იქნება, რამდენადაც მათი ეკონომიური მდგომარეობის გაუმჯობესებისა დათვითგადარჩენის ერთდერთი საშუალება ოჯახის შექმნა აღარ იქნება.

გენდერული სეგრეგაცია განათლების სისტემაში და ნიადაგის მომზადება ქალთა შრომის გასაიაფებლად

იმისთვის რომ სრული სურათი გვქონდეს, თუ რა იწვევს ბაზარზე ქალის შრომის გაუფასურებას, შრომის ბაზრის გენდერულ სეგრეგაციასა და გარკვეული სფეროების მასკულინიზაცია/ფემინიზაციას, აუცილებელია განათლების პრობლემებზე საუბარი სკოლის პერიოდიდან დავიწყოთ. ნათია გორგაძის 2015 წლის სადისერტაციო ნაშრომში ‘გენდერული განათლება ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის დაწყებით საფეხურზე’ მოიცავს სკოლის სახელმძღვანელოების დეტალურ გენდერულ ანალიზს. ნაშრომში ჩანს რომ სქესთა გენდერული სეგრეგაცია იწყება მეორე კლასის ქართული ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელოდან, საიდანაც იწყება მამაკაცების როლის განსაზღვრა როგორც დომინანტური, აქტიური პერსონაჟებსა, ხოლო გოგოების როლი პასიური და მეორე ხარისხოვანია. ლიტერატურის წიგნებში მოცემული ილუსტრაციების უმეტესობაზე ბიჭებია გამოსახული. წიგნებში მოცემული ქალი პერსონაჟების უმეტესობა გამოჩენილი მამაკაცების დედები, მეუღლეები ან შვილები არიან. VI კლასის ქართული ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელოში გრძელდება ქალთა და მამაკაცთა სტერეოტიპული გამოსახვა, კერძოდ მამაკაცები ხასიათდებიან როგორც ჭკვიანი, საზრიანი, განათლებული, აქტიური, უშიშარი ხოლო ქალების სტერეოტიპული გამოსახვა გულისხმობს ქალებისთვის ლამაზი, კეთილშობილი, სათნო, გმირი მამაკაცებისა და მეომრების გამომზრდელი დედა, მგრძნობიარე, შეუდრეკელი. ასევე აღსანიშნავია რომ მაშინ როცა მამაკაცის სამოქმედო არეალი ფართოა (მეცნიერი, ფილოსოფოსი, პოლიტიკური მოღვაწე, დიპლომატი, სარდალი, მეფე პედაგოგი და ა.შ) ქალთა სამოქმედო არეალი ფრიად ვიწროა მხოლოდ საზღვარგარეთული ლიტერატურის ერთ თავში გვხვდება ქალი, როგორც გარკვეული პროფესიის მქონე. დანარჩენ შემთხვევებში ქალები მხოლოდ საოჯახო როლებში გვხვდება (დედა, მეუღლე, ქალიშვილი).

სასკოლო განათლების მსგავსი სისტემა, რომელიც ქალების მთავარ მიზნებად დედობას და გმირი შვილების აღზრდას მოიაზრებს, ერთისმხრივ ხელს უწყობს წინა სეგმენტში განხილულ გოგონათა ნაადრევ გათხოვებას, მეორეს მხრივ გავლენას ახდენს გოგონათა განათლების შემდგომი საფეხურის არჩევის საკითხში. რამდენადაც გოგონათა მთავარ საბოლოო მიზნად კარგი დედობა და მეოჯახეობა განისაზღვრება და მისი ეკონომიური როლიც მეორეხარისხოვანია, შესაბამისად ხდება გოგონათათვის ისეთი პროფესიების არჩევა, რომლებიც მათ მთავარ ფუნქციებს (მეოჯახეობა) კითხვის ნიშნის ქვეშ არ დააყენებს. ასევე აღსანიშნავია რომ დაწყებითი საფეხურის მასწავლებელთა გამოკითხვის დროს (გამოიკითხა 400 პეგადოდი, 91.9% ქალი და 9.1% მამაკაცი) პედაგოგთა 66.5%-ი თანხმობაშია იმ ფაქტთან რომ ბიჭებს ტექნიკური საკითხები უფრო მეტად ეხერხებათ, ვიდრე გოგონებს, რაც ნიშნავს რომ, მიუხედავად იმისა რომ დაწყებითს განათლების საფეხურზე ფიზიკა არ ისწავლება, უკვე ამ ეტაპიდან მასწავლებლებს გოგოების მხრიდან ნაკლები მოლოდინები აქვთ, ვიდრე ბიჭების.Screenshot (199)

შესაბამისობაშია გენდერული სეგრეგაცია უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში. ჯეოსტატის 2014/2015 სასწავლო წლებში ფაკულტეტებზე გენდერული განაწილება იყო შემდეგი:ჰუმანიტარული მეცნიერებები და ხელოვნება – 85% ქალი, 15% კაცი, მეცნიერება – 40% ქალი, 60% კაცი, საინჟინრო სამშენებლო დარგები -22% ქალი, 78% კაცი.

მსგავსი გადანაწილება სხვადასხვა ფაკულტეტებზე პრობლემატურია რადგან მას დიდი წვლილი შეაქვს ქალთა შრომის გაუფასურებაში. ფაკულტეტების გენდერული სეგრეგაციას, კერძოდ კი გარკვეულ ფაკულტეტების მასკულინიზაციასა და გარკვეულთა ფემინიზაციას დიდი წვლილი შეაქვს წარმოდგენებში, თუ რა სახის საქმიანობა აღიქმება ‘მნიშვნელოვნად’, რა სახის საქმიანობა მოითხოვს ‘მეტ უნარჩვევებსა’ და კომპეტენციას და შესაბამისად უფრო მაღალ ანაზღაურებას, ხოლო რა სახის საქმიანობა არის ფემინური ანუ ნაკლებად მნიშვნელოვანი. ამ ტიპის წარმოდგენების ასახვის ნათელი მაგალითია ჰუმანიტარული მეცნიერებების გაუფასურება და არასათანადო მეცნიერებებად წარმოდგენა. ასევე აღსანიშნავია რომ იმ სფეროებშიც, რომლებიც ქალებითაა დომინირებული, განათლების სისტემიდან დამკვიდრებული ქალებისა და კაცები განსხვავებული ‘უნარჩვევების’ შედეგად უფრო დასაფასებელი ხდება მამაკაცის შრომა. ამის სამაგალითოდ გამოდგება შემდგომში განხილული პედაგოგის პროფესია, რომელიც ტრადიციულად ქალთათვის შესაფერისად ითვლება რადგან ქალს საკმარის დროს უტოვებს საოჯახო საქმიანობისთვის და შესაბამისად სკოლებში დასაქმებულ პედაგოგთა 85% ქალია, თუმცა მამაკაცთა ანაზღაურება, საქსტატის მონაცემების მიხედვით საშუალოდ 209 ლარით მეტია ქალთა ანაზღაურებაზე.

ასევე ამის მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ ის ფაქტიც, რომ მიუხედავად იმისა განათლების სფეროში დასაქმებულ ქალთა ოდენობა მეტია, 2014/2015 სასწავლი წლისთვის საქართველოს უმაღლეს სასწავლებლების ძირითად პერსონალში სრული პროფესორის თანამდებობას 33% ქალი და 67% მამაკაცი იკავებდა მაშინ როდესაც ასისტენტ პროფესორთა თანამდებობებს ქალთა 63% ხოლო მამაკაცთა მხოლოდ 37% იკავებს. დამოკიდებულებები რა არის ‘მნიშვნელოვანი’ შესაბამისად მასკულინიზებული, ერთერთი გადამწყვეტი ფაქტორია ქალთა შრომის გაუფასურებაში.

რელიგიის როლი: უნდა აღინიშნოს რომ განათლების სამინისტროს ყველა მცდელობას, საგანმანათლებლო სისტემაში შეიტანოს სამოქალაქო განათლების საკითხები, ყოველთვის ეკლესიის ცხარე წინააღმდეგობა მოჰყვება. ამის მაგალითად გვახსოვს ახალი საგანი ‘მე და საზოგადოების’ სასკოლო საგანმანათლებლო სისტემაში შეტანის გარშემო ამტყდარი აჟიოტაჟი, განსაკუთრებით ‘ჩემი ოჯახის’ და სიტყვა ‘გენდერის’ გარშემო. ყველა მსგავსი ინიციატივა საპატრიარქოს მხრიდან ‘ოჯახის საწინააღმდეგოდ’ მიმართულ ქმედებად აღიქმება, ამასთან კავშირშია 17 მაისის ‘ოჯახის სიწმინდის დღედ’ გამოცხადება. საპატრიარქო და ეკლესია მუდმივად ცდილობს ქართულ სოციუმში პატრიარქატული ტიპის ოჯახი, ქალის დაქვემდებარებულობისა და მეორე ხარისხოვანი როლის, მისი ფუნქციების მხოლოდ დედობით შემოფარგვლის სტატუსკვო შეინარჩუნოს

სოციალური დამოკიდებულებები ქალთა როლზე და მათი ადგილი ქალის შრომის გაიაფებაში

გაეროს განვითარების პროგრამის(UNDP), გაეროს ქალთა ორგანიზაციისა (UN Women) და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მიერ,

შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) დაფინანსებით 2013 წელს ჩატარებული იქნა კვლევა, ეხება საზოგადოების დამოკიდებულებას გენდერულ თანასწორობაზე, და მოიცავდა 1760 პირდაპირ ინტერვიუსა და 16 ფოკუს ჯგუფს ქალაქისა და სოფლის მაცხოვრებლებთან (სულ 130 მონაწილე, 8 ფოკუს ჯგუფი სამეგრელოში ხოლო 8 კახეთში).Screenshot (201)

გამოკითხვის შედეგებმა აჩვენა რომ მოსახლეობის დისპროპორციულად დიდი ნაწილი იდეალურ ოჯახში მარჩენალის ფუნქციას მამაკაცს უკავშირებს. ამ მხრივ დიდი განსხვავება არ ყოფილა სოფლად და ქალაქად მცხოვრებ გამოკითხულებში, რამდენადაც ქალაქად მცხოვრებ გამოკითხულთა 86% ხოლო სოფლად მცხოვრებ გამოკითხულთა 90% ეთანხმება მოსაზრებას, თუმცა რეალობა ამისგან განსხვავებულია და გამოკითხულთა 34% თვლის რომ საქართველოში დღედღეობით ოჯახის მარჩენალი ქალია. ეს შედეგი არის პირველი მაჩვენებელი იმისა, თუ როგორ ქმნის არსებული ეკონომიური სიტუაცია ქალებისაგან იაფ მუშახელს. ამისი მაჩვენებელია ასევე ემიგრაციაში წასულ ქალთა ოდენობა, რომლებიც არსებული კულტურული, საგანმანათლებლო და ეკონომიური ფაქტორების გავლენით საქმდებიან ქალისთვის სტერეოტიპულ საოჯახო/მომვლელობით სფეროში და ყალიბდებიან უცხო ქვეყნების იაფ მუშახელად. ეპითეტები, რომლებითაც გამოკითხულთა უმრავლესობა ახასიათებს ქალს (ოჯახისთვის თავდადებული, მორჩილი, ბუნებით დამყოლი, მომთმენი, ამტანი, შრომისმოყვარე, მოსიყვარულე, ზედმეტად თავმდაბალი, თბილი) იდეალური რეცეპტია ქალთა მომსახურების სფეროში ჩართვისთვის და ასევე უწყობს ხელს ქალთაგან იაფი მუშახელის ჩამოყალიბებას. კვლევაში ასევე გამოვლინდა ქალისთვის შესაფერისი ‘ბუნებრივი’ პროფესიები, როგორებიცაა სკოლის პედაგოგობა, ფარმაცევტობა, ექიმობა, ჟურნალისტობა, ბანკის ოპერატორობა, მკერავობა, არასამთავრობო სექტორში, მცირე ბიზნესსა და მომსახურების სფეროში საქმიანობა, რამდენადაც ეს პროფესიები არ მოითხოვს ‘ქალთა მხრიდან დიდ დატვირთვას’ და ქალებს საშუალებას აძლევს პროფესიული საქმიანობა ოჯახურ საქმიანობას შეუთავსოს. დაოჯახებამდე რესპოდენტთა უმრავლესობა (90%) მიიჩნევს რომ ქალმა უნდა სრული განაკვეთით იმუშავოს, თუმცა ეს დამოკიდებულება რადიკალურად იცვლება ქალის დაოჯახებისა და ბავშვის გაჩენის შემდგომ და რესპოდენტთა უმეტესობა (70%) თვლის რომ ამ პერიოდში ქალმა უნდა იმუშავოს ან ნახევარ განაკვეთზე, ან სრულად მიატოვოს პროფესიული საქმიანობა და საოჯახო საქმიანობაში უნდა გადაინაცვლოს

Screenshot (203)

ხოლო კითხვაზე ვის უფრო სჭირდება სამსახური ქალს თუ კაცს, და ვის სჭირდება უფრო მაღალი ანაზღაურება, ავლენს დამოკიდებულებას რომ ქალის ეკონომიური ჩართულობა ოჯახში მაინც სასურველია, თუმცა ქალის ეკონომიური როლი კვლავაც მეორეხარისხოვანია და მხოლოდ ეკონომიური დამხმარის როლი აქვს მამაკაცთან და ქალის მთავარ ფუნქციად მაინც ოჯახის საქმეების შესრულება იგულისხმებაPicture2

ეს წარმოდგენები, რომლებიც გარკვეულ სამუშაო სფეროებს ქალისთვის შესაფერისად და ‘ბუნებრივად’ მოიაზრებს, ასევე ქალის ეკონომიურ სტატუს განსაზღვრავს როგორც მხოლოდ მეორეხარისხოვანი, მამაკაცის დამხმარის როლში, ხოლო ხოლო ქალის გათხოვებისა და ბავშვების გაჩენის შემდგომ მათი სამუშაო ძალიდან ნაწილობრივ ან სრულად გასვლის მოთხოვნას აყენებს, ბაზარზე დასაქმების გენდერული დინამიკისთვის განმსაზღვრელი ფაქტორია. ქალთა შრომა ბაზარზე აღიქმება დროებით მოვლენად, რაც ხელს უწყობს იმას, რომ დამსაქმებელთა უმრავლესობა ამჯობინებს ინვესტიცია ჩადოს მამაკაცთა კვალიფიკაციის ამაღლებაში რადგან ქალთა კვალიფიკაციის ამაღლებაში ინვესტიციების ჩადება არარენტაბელური ხდება. ასევე ბაზარზე გამოტანილ ვაკანსიათა დიდ ნაწილს, მიუხედავად მასში გენდერული ლექსიკის არსებობისა, უკვე წინასწარვე გააჩნია სქესი. დაბალკვალიფიციურ, შესაბამისად იაფ და ადვილადჩანაცვლებად სამუშაოთა დიდი ნაწილი ავტომატურად მოიაზრებს ქალი დასაქმებულის ძიებას.

გენდერული სეგრეგაცია დასაქმების სფეროებში და სახელფასო განსხვავებები

ზემოთ განხილული ყველა ფაქტორი გავლენას ახდენს გენდერულ სეგრეგაციას შრომის ბაზარზე. როგორც მოსალოდნელია ქალები დისპროპორციულად არიან წარმოდგენილები იმ სფეროებში, რომლებიც ქალებისთვის უფრო ‘ბუნებრივად’ ითვლება, თუმცა აღსანიშნავია ხელფასებს შორის დიდი სხვაობა, მათ შორის ისეთ სფეროებშიც კი, რომლებშიც უმეტესწილად ქალები არიან დასაქმებულნი. ჯეოსტატის 2014 წლის მონაცემებით სახელფასო განაწილება სხვადასხვა დასაქმების სფეროებში ქალებისა და კაცებისათვის საკმაოდ განსხვავებულად გამოიყურება.Screenshot (206) მოცემულ ცხრილში რამდენიმე გრაფას განსაკუთრებით უნდა მიექცეს ყურადღება.

  • სასტუმროები და რესტორნები

სასტუმროებსა და რესტორნებში დასაქმებულ ქალთა ხელფასი მამაკაცთა ხელფასის 58%-ს წარმოადგენს, თუმცა ამავე კვლევის შედეგად ჩანს, რომ სასტუმროებსა და რესტორნებში დასაქმებულთა 60%-ს ქალი წარმოადგენს ხოლო 40%-ს კაცი. მნიშვნელოვანია განვიხილოთ რისი შედეგია ეს და რა როლი აკისრია სახელმწიფო პოლიტიკურ და ეკონომიკურ კურსს, ასევე საგანმანათლებლო და კულტურულ დამოკიდებულებებს ქალთა შრომის გაიაფებაში. ტურიზმი საქართველოს ეკონომიკურ განვითარების პოლიტიკაში დიდი ხანია ცენტრალური როლი უჭირავს. ამისი უახლეს მაგალითებად შეგვიძლია განვიხილოთ აეროსმიტის კონცერტი, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტს 5.5 მილიონი დოლარი დაუჯდა, ასევე მეექვსე მემილიონე ტურისტის ჩამოსვლისას პრემიერმინისტრის საზეიმო დახვედრის კადრები. ტურიზმზე საუბრისას ძირითადად საუბრობენ ამ გზით ქვეყნის ეკონომიკაში შემოდინებულ ფულზე, თუმცა რაზეც არ საუბრებენ ეს არის ტურიზმის გენდერული პოლიტიკა. ტურიზმის გენდერული პოლიტიკა კი შემგდომში მდგომარეობს: ტურიზმის განვითარებისთვის საკმარისი არ არის მხოლოდ გარემონტებული ინტერიერი, განახლებული ქუჩები ფეხითმოსიარულეებისთვის და ადვილი ტრანსპორტირება ქვეყნის ღირშესანიშნაობების დასათვალიერებლად. ტურიზმს ასევე სასიცოცხლოდ სჭირდება დალაგებული სასტუმრო ნომრები, დარეცხილი პირსახოცები და მზარეულები – კერძოდ კი ყველა ის საქმე, რაც ქალისთვის ‘ბუნებრივად’ ითვლება. ყველა ზემოთჩამოთვლილი ფაქტორები ხელს უწყობს ქალთა იაფ მუშახელად ჩამოყალიბებას რომელითაც სარგებლობს ტურიზმი. სახელმწიფო პოლიტიკა, რომელიც არ ითვალისწინებს ქალთა საჭიროებებს, რომელიც თავისი საგანმანათლებლო სისტემითა თუ ქალთა საჭიროებებზე მორგებული სერვისების არარსებობით წაახალისებს ქალთა იაფ მუშახელად ჩამოყალიბებას, ასევე ბრმა არის ტურიზმის სფეროში ქალთა ექსპლოატაციის მიმართ და ამ სფეროს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების წყაროდ გვისახავს.

  • განათლება

კიდევ ერთი სფერო, რომელშიც კარგად ჩანს შრომის გენდერული გადანაწილების პრობლემატურობა ქალთა შრომის გაიაფების კუთხით არის განათლების სფეროში დასაქმებულ ქალთა და კაცთა ანაზღაურებებს შორის სხვბაობა. მაშინ როდესაც საქსტატის მონაცემებით 2015/2016 წლებში პედაგოგების საერთო რაოდენობის 85.9% ქალია, მათი ხელფასი მამაკაცებთან მიმართებაში მაინც 68%-ს წარმოდგენს. აქაც მუშაობს გენდერული როლების სეგრეგაციის შედეგად მიღებული სტერეოტიპები. რამდენადაც ქალთათვის პედაგოგობა სოციუმისთვის ‘მისაღებ’ საქმიანობად ითვლება რამდენადაც ქალს საკმარისი თავისუფალი დრო რჩება პროფესიული და ოჯახური საქმიანობის შესათავსებლად, ასევე ქალების ეკონომიური როლი ოჯახში მეორეხარისხოვნად და მხოლოდ მეუღლის დამხმარედ მოიაზრება, ამ სფეროშიც ხელს უწყობს ქალთა შრომის გაიაფებას.

  • ჯანმრთელობა და სოციალური დაცვა

საქსტატის მონაცემებით ამ სფეროში დასაქმებულთა 75% ქალია ხოლო 25 მამაკაცი, თუმცა კვლავაც ქალების შრომის ანაზღაურება მამაკაცთა ხელფასის 64%-ს წარმოადგენს. სამწუხაროა რომ საკმარისი სტატისტიკური მონაცემები ამ სფეროში დასაქმებულ ქალთა პოზიციების შესახებ არ გვაქვს, თუმცა შეგვიძლია ვივარაუდოთ რომ მსგავსი სავალალო შედეგის გამომწვევი მიზეზები შესაძლოა იყოს ქალთა დისპროპორციული დასაქმება მედდების, კოსმეტოლოგების, ფარმაცევტებისა და ლაბორანტების პოზიციებზე, კერძოდ კი პოზიციებზე, რომლებიც არ განიხილება განსაკუთრებით მაღალი კვალიფიკაციის სამუშაოებად.

ასევე ზემოთმოცემულ სტატისტიკაში ერთის გარდა აბსოლუტურად ყველა სფეროში ქალთა ანაზღაურება ნაკლებია მამაკაცთა ანაზღაურებაზე, თუმცა არასაკმარისი სტატისტიკა ხელს გვიშლის დავინახოთ ამ განსხვავებების მიზეზი, კერძოდ კი თითოეულ სფეროში რა ადგილს იჭერენ ქალები, რა არის მათი დასაქმების ძირითადი არეალი და რა პროცესები ინარჩუნებს მათ დაბალ ანაზღაურებას, თუმცა ზემოთმოცემული ყველა ფაქტორის გათვალისწინებით შესალოა სავარაუდო დასკვნების გამოტანა.

დასკვნა

ამ განხილვის შემდგომ კიდევ უფრო კომიკურად ჩანს სტატიის დასაწყისში მოცემული სახალხო დამცველის წერილი წერილი ჯობსჯის დირექტორს განთავსებული ვაკანსიებიდან გენდერულად მახასიათებელი ენის ამოღებისკენ და ასევე კომიკურია მსჯელობა იმაზე, რომ ვაკანსიებიდან გენდერულად მახასიათებელი ენის ამოღებით შესაძლებელია თანასწორი დასაქმების პრინციპს მივაღწიოთ.

ყველა ვაკანსიას გაჩენისთანავე აქვს სქესი. დროებითი, არასტაბილური ‘ნაკლებკვალიფიციური’, დაბალანაზღაურებადი სამსახურები თავიდანვე ფემინურია. ასევე აუცილებელია ტერმინი ‘ნაკლებკვალიფიციური’ ბრჭყალებში ჩაისვას რამდენადაც თუნდაც სასტუმროს ნომრის დალაგების არაკვალიფიციურ სამუშაოდ აღქმა პირდაპირ დაკავშირებულია სექსისტურ სტერეოტიპებთან რამდენადაც არა თავად სამუშაოა არაკვალიფიციური, არამედ, ის, ვინც ამას ‘ბუნებრივად’ ასრულებს საჭიროა იყოს არაკვალიფიციური. ის ვინც ბუნებრივად მიიჩნევა მზარეულად, მისი სამუშაო არაკვალიფიციურია, აქედან მოდის ასევე სტერეოტიპი რომ მამაკაცები საუკეთესო მზარეულები არიან რადგან როდესაც საქმეს ქალი აკეთებს, ეს მისი ბუნებიდან გამომდინარეა, ხოლო თუ იმავე საქმეს მამაკაცი აკეთებს, ეს მის განსაკუთრებულ უნარჩვევებზე და კვალიფიკაციაზე მეტყველებს.

ასევე კვალიფიციურია და მონეტარული ღირებულება აქვს ქალის ბუნებრივ საქმიანობად მიჩენილ საოჯახო საქმიანობასაც. ნეტგაზეთის 2017 წლის სტატიაში ‘დიასახლისის უხილავი შრომა’ ზუსტად არის დაანგარიშებული თუ რა ღირებულებისაა საოჯახო შრომა და ეს ღირებულება არის თვეში 2350 ლარი. ყველა ზემოთმოცემული პრობლემა, რაც ხელს უწყობს დასაქმების ბაზარზე ქალის შრომის გაუფასურებას მიმართულია იმისკენ, რომ ქალებზე მოხდეს დაკისრება იმ საოჯახო მოვალეობებისა, რომელთათვის საჭირო ანაზღაურება დღევანდელ საქართველოში საკმაოდ დიდი რიცხვია. ეს არის ის ღირებულება, რომელსაც უსასყიდლოდ ქმნიან დღევანდელ ეკონომიურ, პოლიტიკურ და სოციალურ საქმიანობას მოკლებული და ოჯახებში მომწყვდეული ქალები და აქედან მოგებას ნახულობს ყველა. მოგებას ნახულობს როგორც სახელმწიფო, რომელიც ქალებს არ განიხილავს ეკონომიური ღირებულების მქონე პერსონებად და საკუთარი ეკონომიური პოლიტიკის დაშენებას ქალთა გაიაფებულ შრომაზე გეგმავს (ტურიზმი), ასევე მოგებას ნახულობს თითოეული კერძო დამქირავებელი, რომელიც იაფი შრომის ძებნისას ადვილადჩანაცვლებად, დროებით მუშახელს – ქალებს პოულობს. მოგებას ნახულობს ეკლესია, რომელიც თავის შემომწირველებს (რომლებიც ძირითადად მამაკაცები არიან ქალების მეორადი ეკონომიური როლიდან გამომდინარე) მადლობის ნიშნად ერთ უფასო შინამოსამსახურეს ჰპირდება, ასევე მოგებას ნახულობს ნებისმიერი მამაკაცი, რომელიც თავის კარიერულ, ეკონომიურ, პოლიტიკურ და სოციალურ საქმიანობას ახორციელებს სახლში ცოლის ან დედის უფასო შრომის შედეგად.

გვატყუებს ის, ვინც ამ პრობლემების გადაწყვეტად ვაკანსიებში ენის შელამაზებას მიიჩნევს, ის ვინც ქალთა ეკონომიურ განთავისუფლებას ქალის პირად საქმედ აღიქვამს და ვინც სიტუაციის სრული გააზრების გარეშე სხვადასხვა ფრაგმენტულ ‘პროგრამებს’ გვთავაზობს, როგორებიცაა ‘ქალთა წახალისება სამეცნიერო დარგებში’ და სხვანი. ძლიერი ფემინისტური ანალიზისა და გრძელვადიანი, ძირეული ცვლილებების დაგეგმვისა და გატარების გარეშე ჩატარებული ნებისმიერი საქმიანობა მხოლოდ ემსახურება მიზანს გენდერული თანასწორობის ფასადით გადაიფაროს და კვლავაც უხილავად დარჩეს ქალთა შრომის გაუფასურებაზე მოქმედი სისტემური ფაქტორები.

 ავტორი: ვერიკო დუნდუა