ყველაფერი ბავშვობიდან დაიწყო, მე დავიბადე აჭარაში, ბათუმში, კლასიკურ ტრადიციულ ოჯახში. ჩემთვის, როგორც ქალისთვის, დაბადებიდანვე განსაზღვრული იყო ყველაფერი. დაბადებიდან ოჯახი, მეზობლები, კაცები და ქალები, უცნობი ადამიანები მასწავლიდნენ როგორ გავმხდარიყავი “ქალი”. ისინი მიდგენდნენ ზომას, წონას, სიგრძეს, ფერს, აზრს, შეხედულებას, ქცევას და სულ მახსენებდნენ, რომ გოგო ვიყავი, რომ უნდა მეთამაშა თოჯინებით და არა მანქანებით, რომ ვარდისფერი იყო ჩემი ფერი, და ყველა საგანი თუ ტანსაცმელი რომელსაც მე ავირჩევდი ნაზი უნდა ყოფილიყო.
გოგოსთვის შესაფერისი მოქცევა თავის დახრა და სირცხვილის გრძნობის გამოვლენაა, მუდამ უნდა გეტყობოდეს რომ მორიდებული ხარ, რომ სტუმარი ხარ ამ სამყაროში. კომპლექსების მთელ ნუსხას მაყრიდნენ და ასე მავსებდნენ სულ. მახსოვს ერთხელ როცა სკოლიდან სახლში ვბრუნდებოდი უბანში ბიჭებით სავსე ბირჟას ავუარე გვერდი, სხვა გზით წავედი რადგან მეგონა, რომ დამცინებდნენ ან რაიმეს მომაძახებდნენ, ახლა მეცინება როცა ვიხსენებ.
ყოველთვის  დიდი მკერდი მქონდა, ამიტომ დედაჩემი სულ დახურულ მაისურებს მაცმევდა, ვიხუთებოდი, არ მიყვარდა ზაფხული, რადგან ისე ვერ ვიცვამდი როგორც მინდოდა, მრცხვენოდა ჩემი სხეულის და მკერდის, ზღვაზე სიარულსაც ვერიდებოდი, რომ არავის შემოეხედა, თითქოს რაიმე დანაშაულს ჩავდიოდი. ჩემი ოჯახისთვის მთავარი იყო და არის აზროვნების წესი, “სხვები რას იტყვიან”, მთელი ჩემი ცხოვრებაც ამაზე იყო აგებული, სანამ თვითონ არ დავანგრიე ყველაფერი, სანამ საჭირო დროს და ადგილას, საჭირო ადამიანებთან არ მოვხვდი. მე გამიმართლა რადგან ის ცოდნები, რომლებსაც მკვეთრად კონსერვატიული გარემო და ოჯახი გულმოდგინედ გარიდებს, სხვა სივრცეებში მივიღე. გავიგე, ვისწავლე ისეთი რაღაცეები რაც ყველა ქალმა უნდა იცოდეს, შემიყვარდა საკუთარი თავი და დავაფასე ყველაფერი რაც ჩემია, დავძლიე კომპლექსები, უფრო თამამი, კომუნიკაბელური და თავდაჯერებული გავხდი რასაც ადრე ვერცკი წარმოვიდგენდი. რადიკალურად შევიცვალე, შემეცვალა შეხედულებები, პრიორიტეტები და მიზნები, მივხდი, რომ ჩაცმულობა არ განსაზღვრავდა ადამიანს, და ისე უნდა ჩამეცვა როგორც მე მინდოდა, რომ ადამიანის განმსაზღვრელი მხოლოდ ადამიანობა იყო, ამისათვის დიდი ძალისხმევა და დრო დამჭირდა. ჩემი გადაწყვეტილებების პატივისცემას დღემდე ვასწავლი ჩემს ოჯახს.
მე შემიყვარდა ჩემი სხეული, მკერდი, რომელიც მაკომპლექსებდა, შემიყვარდა ჩემი ,,ბუთქუჩა’’ ლოყები როგორც სკოლაში მეძახდნენ ხოლმე, შემიყვარდა  ზედმეტი ხორცი ჩემ სხეულზე. ჩემთვის სრულიად ნორმალური გახდა ის წონა, რომლის მოცილების აუცილებლობას სულ მახსენებდა ბებიაჩემი, რადგან სხვისთვის მოსაწონი და ტანწერწეტა ვყოფილიყავი.
ადამიანები ჩემს პიროვნებას სხვადასხვა ადგილებში განსაზღვრავენ ჩემი ჩაცმულობით, თმის ფერით, და დეკოლტის სიღრმით, მეგობრობასაც კი ამით მისაზღვრავდნენ, მეგობარმა რომელიც აღარ არის ჩემი მეგობარი, დამპატიჟა დაბადების დღეზე და თან მოაყოლა, თუ შეგიძლია ასე თამამად და გამომწვევად არ ჩაიცვაო, ეს იყო დღე როცა ბოლოჯერ ვნახე ის. მიყვარს ღამით მარტო სეირნობა, ეს არ არის დანაშაული, ხშირად ყოფილა შემთხვევა, როცა მანქანა გაუჩერებიათ და გასეირნება შემოუთავაზებიათ , სიგნალებით ჩაუვლიათ და ეს არამარტო ღამით დღისითაც იგივე ხდება, რაც ძალიან გამაღიზიანებელია, და ხშირად მიკამათია ამის გამო. ამ დროს მრჩება შთაბეჭდილება რომ ჩვენი, ქალების სხეულები დაუცველია და რომ პოტენციური მოძალადე მამაკაცი საზოგადოებისთვის ყველანაირ მორალურ და ადამიანურ სისტემაზე მაღლა დგას.
სამსახურს ვეძებდი, და ერთ-ერთ კაფეში მივედი სადაც მენეჯერი იყო კაცი, მას გავესაუბრე და მკითხა ,,არ გაგიჭირდება ამხელა მკერდის თრევა’’?! ავდექი და წამოვედი, ვნანობ, რომ პასუხი არ გავეცი. სხვა გასაუბრებებზეც აგდებული დამოკიდებულებები იყო, და ხშირად უთქვამთ უარი.  ხუთი თვე ვმუშაობდი ერთ კაფეში სადაც  ყველა მავიწროებდა სექსუალურად, არამარტო პერსონალი, სტუმრებიც კი, რადგან გოგო ვიყავი და თან მიმტანი, კარგად ვხედავდი რომ ესეთ სამუშაოებში ქალი უფრო ადვილად დაჩაგვრადი ხდება. ესეთ სამსახურებში ბევრი ჩემნაირი იმიტომ ჩერდება რომ ფული ძალიან ჭირდებათ, და გამოდის რომ სექსუალურ შევიწროებას ვიტანთ იმის გამო რომ მიზერული ანაზღაურებით ოდნავ დამოუკიდებლები მაინც გავხდეთ.
მიყვარს ფოტოების გადაღება, და გამოვირჩევი თამამი ფოტოებით სოციალურ ქსელში. ჩემთვის ეს ჩვეულებრივია, უბრალოდ მომწონს და არავითარ მიზანს არ ემსახურება, საზოგადოება ყოველთვის აქ ცდება, როცა ქალის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს მუდამ წინასწარ განსაზღვრული ქვეტექსტით კითხულობს. ეს ქვეტექსტი კი მუდამ კაცის გაღიზიანებისკენაა თითქოს მიმართული. მე არ ვცდილობ ვინმესთვის სასურველი ვიყო, განსაკუთრებით კი მამაკაცებისთვის, რომლებიც ხშირად მწერენ, და მეუბნებიან ბევრ ცუდ რაღაცეებს, ფულსაც კი მთავაზობენ და ა.შ. ისინი თვლიან, რომ ჩემთვის სულ ერთია, რომ მე არ მაქვს პრინციპები ან საკუთარი მორალი და ყველა შემოთავაზებას შეიძლება დავთანხმდე, როცა ასე არ ხდება, მეუბნებიან, რომ არ ვყოფილვარ თავისუფალი და სხვა ქართველ გოგოებს ვგავარ, ეს თემა იმდენად პრიმიტიულია ჩემთვის ღიმილს მგვრის. ასეთი შემთხვევა არამარტო თანატოლი ბიჭებისგან არამედ ცოლ-შვილიანი მამაკაცებისგანაც ხშირია, მათ რიცხვს ერთი-ორი ლექტორიც ემატება.
დღეს ჩემთვის სულ ერთია ვინ რას იტყვის, ვის მოვწონვარ და ვის არა, სულ ერთია ჩემი წონა, ჩაცმულობა, გარეგნობა, სულ ერთია რომ პატარა ღიპი მაქვს და ვიღაცისთვის ზედმეტი ,,ხორცი’’ სულ ერთია რომ მკერდის გამო შეიძლება ბევრი მამაკაცისთვის სასურველი ვიყო, ისინი არ არიან ჩემთვის სასურველები. მინდა ვთქვა რომ ყველა სფეროში, სადაც ქალს სოციალიზაცია უწევს, საშინელი ჩაგვრებია გამეფებული. დასაქმების ადგილას სექსუალური შევიწროება, ზოგჯერ ისეთი, რომელსაც ვერცკი აღმოაჩენს უცხო თვალი, საუნივერსიტეტო სივრცეებში, ვირტუალურ ქსელებში, სადაც უეცრად შეიძლება გახდე საჯარო ბულინგის ობიექტი. ყველა ეს ჩაგვრა ჩვენს ფსიქიკისთვის უდიდეს სტრესებს იწვევს.
ჩვენი, ქალების, თავისუფლება და ემანსიპაციაზე ფიქრი დღევანდელ საქართველოში ისევ ფიზიკური გადარჩენის და არ განადგურების საფრთხეებში ტრიალებს. მე მინდა სხეულის სიყვარული, მისი დაცვა და მისი პოლიტიკური ბრძოლის იარაღად გამოყენება ბევრმა ახალგაზრდა გოგომ შეძლოს.

ავტორი: რუსუდან სარხანიძე

პროექტის ფინანსური მხარდამჭერია “ახალგაზრდა ფემინისტური ფონდი ფრიდა”