დავიბადე ქუთაისში. სკოლის დაწყება ცოტა გვიან მომიწია, 8 წლის ასაკში, რადგან  ჩემმა ოჯახმა თბილისში, საქართველოში არსებულ ერთადერთ უსინათლოთა სპეციალიზებულ სკოლასთან ახლოს, გადმოსვლა გვიან მოახერხა. დედას ჩემი დაბადების შემდეგ აღარ უმუშავია. განათლებით დაწყებითი კლასების პედაგოგია, ამიტომ წერა, კითხვა და მათემატიკა მან მასწავლა. სკოლაში 2002 წელს შევედი, იმ დროს, როცა ქვეყანაში და, მაშასადამე სკოლაშიც, არ იყო არც დენი, არც– გათბობა, არც კვება (ინტერნატში მყოფი ბავშვები ნახევრად მშივრები იყვნენ). ერთ მცირემხედველ გოგონა, რომელიც ინტერნატში დატოვა ოჯახმა, იქ დაავადდა ფილტვების ანთებით, რაც გაურთულდა და სულ დაკარგა  მხედველობა. არც სახელმძღვანელოები გვქონდა თავიდან ბრაილით. ამიტომ დედაჩემმა თვითონ ისწავლა ბრაილი და მიწერდა ხოლმე ტექსტებს, მე რომ კითხვაში მევარჯიშა. ძირითადად კი მიკითხავდა ხოლმე საშინაო დავალებებს, მეორე დღეს რომ მომეყოლა. ენობრივი ბარიერიც მქონდა. დედა რუსულენოვანია, ამიტომ ქართული სკოლამდე ფაქტობრივად არ ვიცოდი. სკოლაში, თანდათან, ყოველდღე გაკვეთილების მოყოლით ვისწავლე ქართულიც. დედა ყოველთვის მაძლევდა სწავლის მოტივაციას. მეუბნებოდა, რომ მხედველი, თუ არ ისწავლის, წავა და მაღაზიაში მაინც იმუშავებს გამყიდველად, მე კი ვერა, ამიტომ უნდა ვისწავლო, კონკურენტუნარიანი რომ ვიყო. მან კარგად იცოდა რომ კონკურენციის ლოგიკა საზოგადოების მთავარი ძრავი გახდებოდა.
სკოლა სპეციალიზებული იყო და იქ მეტნაკლებად მაინც გათვალისწინებული იყო ჩვენი საჭიროებები, ბავშვობის წლებში მომცა შესაძლებლობა, გავზრდილიყავი, როგორც ბავშვი და არა– როგორც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვი. მქონდა საშუალება, სულ არ მეფიქრა გარემოს ადაპტირებულობაზე, არამედ – ისტორიაზე, მათემატიკაზე, უცხო ენებზე და ა.შ. სახელმძღვანელოები სანამ არ გვქონდა, მასწავლებლები გვიწერდნენ ზოგს, ზოგს კი მშობლები გვიკითხავდნენ. შემდეგ თანდათან დაიბეჭდა ბრაილის შრიფტით სახელმძღვანელოები, ზოგი კი გახმოვანდა და დისკზე ჩაიწერა. გენდერული სტერეოტიპები ჩვენს სკოლაშიც არსებობდა. ბიჭებს დავალება როცა არ ჰქონდათ და რომ იტყოდნენ, დაგვეზარაო, გაუცინებდნენ, გაუღიმებდნენ და ეგ იყო, მე კი თუ, მაგალითად, უშუალოდ გაკვეთილის წინ დავწერდი რაღაცას, ამის გამოც მეუბნებოდნენ საყვედურს, მეუბნებოდნენ რომ ასე ვერ განვვითარდებოდი და შორს ვერ წავიდოდი.
ერთიანი ეროვნული გამოცდები ბრაილის შრიფტით დავწერე. უნივერსიტეტში რომ მივედი პირველად, ასე მითხრეს, განათლების მიღება თუ გინდა, სადმე ევროპაში ან აშშ–ში წადიო. ჩვენ ცალკე ლექტორებს ვერ დაგიქირავებთ, ამის რესურსი არ გვაქვსო. მას შემდეგ, რაც მე და ჩემმა მშობლებმა ვუთხარით ადმინისტრაციას, რომ თანაბარი შესაძლებლობის უზრუნველყოფა ყველა სტუდენტისთვის სააკრედიტაციო/საავტორიზაციო პირობებითა და სტუდენტთან დადებული ხელშეკრულებით აქვთ ნაკისრი, გაგვესაუბრნენ, გამოიკითხეს ჩემი საჭიროებები. რა თქმა უნდა თვითონ მე, როგორც სტუდენტი, არ ვიყავი გამოცდილი და კარგად არ მესმოდა, რა მჭირდებოდა. თავიდან ვითხოვე, რომ იქნებ ჩემს თანაკურსელებს შორის მომიძიონ მოხალისე წამკითხველები. მაინც ერთი და იგივე მასალა გვაქვს წასაკითხი და ბარემ ერთად ვიმეცადინებდით. თუმცა ამან ვერ იმუშავა: მოხალისეები მოცემული მასალიდან ცოტას კითხულობდნენ, თავს მისი გაუგებრობით იმართლებდნენ. ხან ნაცნობი გამოუჩნდებოდათ სანახავი, ხან – მესიჯი წასაკითხი და ა.შ. სემინარზე ისინი კი ჩაიხედავდნენ წიგნში ან ტელეფონში ან სადმე, მე კი თუ არ ვიცოდი ვერსად ვერ ჩავიხედავდი. ვითხოვე ადმინისტრაციისგან წამკითხველის დაქირავება, მიუხედავად იმისა, რომ თავიდან მინდოდა, დამემტკიცებინა თავისუფალი უნივერსიტეტის ადმინისტრაციისთვის, რომ შშმ სტუდენტის  ყოლა არავითარ დამატებით ძალისხმევას არ მოითხოვდა მათგან. წამკითხველი დამიქირავეს. გამოცდებს კომპიუტერით ვაბარებდი, გამხმოვანებელი პროგრამის მეშვეობით. უნივერსიტეტის მიერ მოჩენილმა ლექტორმა მასწავლა ელ–ფოსტის გამოყენება. გამოცდებისთვის, ისევე როგორც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, გაორმაგებული საგამოცდო დრო მეძლეოდა. მომიჩინეს მოხალისეც, რომელმაც მაჩვენა აუდიტორიების განლაგება, რათა შემდეგ თვითონ შემძლებოდა უნივერსიტეტს შიგნით გადაადგილება, სახლიდან კი მშობლები მატარებდნენ.
თავისუფალი უნივერსიტეტიდან მაინც მომიწია გადმოსვლა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იქ არსებული ევროკავშირის მიერ სრულიად დაფინანსებული ერაზმუს პლიუსის გაცვლითი პროგრამების გამო. აქაც ანალოგიურად დამიქირავეს წამკითხველები, თუმცა რადგან ორნი იყვნენ, ვერ შეთანხმდნენ, ვინ როდის წამიკითხავდა, გახმოვანებული სახელმძღვანელოები კი არ არის. ამიტომ ჩემთვის წაკითხვის მოვალეობა თსუ–ს იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოადგილემ გადააბარა ფაკულტეტის ბიბლიოთეკაში დასაქმებულ სტუდენტებს. ჩემთვის წაკითხვა მათი სამუშაო დროის ნაწილად იქცა. გაკეთდა ცხრილი. წასაკითხად მივდიოდი მაშინ, როცა ლექციები არ მქონდა. 1 და 2 წამკითხველის ნაცვლად რამდენიმესთან ურთიერთობა უფრო საინტერესოც აღმოჩნდა ჩემთვის, უფრო მრავალფეროვანი. ერთადერთი პრობლემა იყო ის, რომ ინგლისური ენის გავლა ვერ შევძელი, რადგან ის სხვა კორპუსში იყო, სადაც ლექციებს შორის უნდა მევლო მარტოს.
ფაკულტეტზე მრავალი წლის განმავლობაში პირველი უსინათლო სტუდენტი ვიყავი. იმის გამო, რომ ქართულ უნივერსიტეტებში არ არსებობს შშმ სტუდენტთა მიმართ სისტემური მიდგომა, არ არსებობს შშმ სტუდენტების საჭიროებებზე მომუშავე დეპარტამენტები, როგორც ეს დასავლეთის მრავალ სახელმწიფოში ხდება, არც ინსტიტუციური მეხსიერება არსებობს. ანუ რომელიმე ფაკულტეტზე ოდესღაც რომ სწავლობდა შშმ პირი, მისთვის ხელმისაწვდომი გარემოს შექმნის პრაქტიკები/გამოცდილება იკარგება, რადგან არ არსებობს მაკოორდინირებელი დეპარტამენტი და როცა წლების შემდეგ ისევ მოდის იგივე ტიპის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტი, მას თავიდან უწევს იმის გააზრება, თუ რა სჭირდება მას.
სტუდენტ ქალთა შესაძლებლობებისადმი სკეპტიკურად განწყობილი ლექტორებიც საკმარისად შემხვდნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, იურიდიულ ფაკულტეტზე. ისინი, წესით, ადამიანების დაცვას და სამართლიანობის პრინციპებს უნდა გვასწავლიდნენ ერთ–ერთი ლექტორი კი სტუდენტ გოგონებს აშკარად დაგვცინოდა. სახელებს გვარქმევდა, თან სულ გარეგნობას უსვამდა ხაზს. მაგ.  „თქვენო ულამაზესობავ“. საუბრისას გვაწყვეტინებდა, აზრის დასრულებას არ გვაცდიდა, თუ რაიმე კაზუსთან დაკავშირებით დისკუსიაში საფუძვლიანად ჩავერთვებოდით, ხუმრობაში გადაჰქონდა და არ გვამთავრებინებდა. კიდევ იტყოდა ადამიანი, ზოგადად ასეთი აგდებული დამოკიდებულება აქვსო და იუმორის გრძნობა, თუმცა ბიჭებს რომ გახუმრებოდეს მსგავსად, ასეთ დამაკნინებელ კონტექსტში, არ შემიმჩნევია. ბოლოს ასე მითხრა, კი ძალიან კარგია, რომ შენ „ასეთ მდგომარეობაში“ (უსინათლოობას გულისხმობდა ალბათ( ასე აქტიურობ, მაგრამ ზედმეტად ხისტი ხარო და არ შეგეფერება, მაგრამ ასაკთან ერთად ალბათ გაგივლისო.. თავი საბავშვო ბაღის აღსაზრდელი მეგონა და არა– სრულწლოვანი ადამიანი.
ბოლოს სამსახურის საკითხს უნდა შევეხო, რადგან სწორედ ეს არის ადამიანის თვითრეალიზებისა და ფინანსური დამოუკიდებლობის უზრუნველმყოფი. საკმაოდ ბევრს ვმოხალისეობ. თარჯიმნად, ახალგაზრდულ ბანაკებში ლიდერად, ტელე-რადიოგადაცემის წამყვანადაც კი. მქონია დროებითი სამსახურებიც. ასევე თარგმანისა და შშმ პირთა უფლებების კუთხით. თუმცა არცერთი მათგანი არ იყო ღია დასაქმების ბაზრის მიერ შემოთავაზებული, ანუ ყველა მათგანი სპეციალურად შშმ პირთათვის შექმნილი ადგილი იყო. მიცდია შრომის ღია ბაზარზე დასაქმებაც, თუმცა იქ პირდაპირ დისკრიმინაციას შევეჯახე. ერთ–ერთი კომპანიის წინააღმდეგ საჩივარიც კი მქონდა შეტანილი სახალხო დამცველში. მეორე საკმაოდ პატივცემულმა ორგანიზაციამ პირდაპირ მითხრა, ხომ იცი, სადაც შეიტანე აპლიკაცია, იმ დროებით სამუშაოზე როგორი დატვირთული და საპასუხისმგებლო სამუშაოა და ვერ გაართმევ თავსო. ამ ყველაფერმა,  ჩემს თვითშეფასებაზე იმოქმედა. ამ ეტაპზე კარგა ხანია, შრომის ღია ბაზარზე აღარ მიცდია დასაქმება. შარშან რამდენიმე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და არმქონე ქალთან ერთად დავაფუძნეთ საინიციატივო ჯგუფი პლატფორმა ახალი შესაძლებლობებისთვის, რომელიც შშმ ქალთა უფლებების დარღვევებს გამოავლენს და მათ აღმოსაფხვრელად იმუშავებს.
ამ გრძელი ბლოგის ბოლოს კი აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ ხშირად შინაგანად ვემიჯნებით და არ ვიღებთ იმ ნორმებსა და წესებს, რომლებსაც საზოგადოება გვახვევს თავს. ვხვდებით, რომ მათ არ ვემხრობით, მაგრამ ეს პროგრამა იმდენადაა ჩვენში ჩაბეჭდილი, რომ ჩვენი თავის წინააღმდეგ გვიწევს ბრძოლა, რათა ის დავძლიოთ.
დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშემწყობი სერვისების (გამყოლები უსინათლოებისთვის, ასისტენტები, ადაპტირებული გარემო და ტრანსპორტი, გახმოვანებული სამეცნიერო ლიტერატურა, ხელმისაწვდომ ფორმატში კანონმდებლობა და ა.შ.) არარსებობა, რომლებიც სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს, შშმ ქალთა თვითრეალიზებაზე ძალიან უარყოფითად აისახება, გვაქცევს რა სრულიად დამოკიდებულებს ჩვენს ოჯახებზე, მათ ფინანსურ შესაძლებლობებზე, დამოკიდებულებებსა და კეთილ ნებაზე. ჩვენი საკითხი ქალთა ემანსიპაციის დიდ ბრძოლაში უპირველესი უნდა იყოს, ეს ის თემაა რომლის აღიარებითაც ქალთა ჯგუფის მრავალფეროვნებას და მრავალ ჩაგვრას ვამხელთ.