თანამედროვე პატრიარქატში კაცებისთვის სექსუალური კონტრაქტის პირობების აღსასრულებლად სხვადასხვა მეთოდები  არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ ქორწინება ჯერ კიდევ  პატრიარქალური უფლების ფუნდამენტური ნაწილია, დღეს ის ქალის სხეულზე წვდომის მხოლოდ ერთ-ერთი სოციალურად მიღებული გზაა. შემთხვევითი სექსუალური კავშირები და „თანაცხოვრება“ აღარ განიცდის სოციალურ წნეხს, როგორც ეს იყო 20-30 წლის წინ და კერძო შეთანხმებების გარდა,  არსებობს უზარზამარი, მრავალ მილიონ დოლარიანი ბაზარი, სადაც ქალის სხეულით ვაჭრობენ. პროსტიტუცია პატრიარქალური კაპიტალიზმის განუყრელი ნაწილია. ქალები საჯარო აუქციონზე აღარ იყიდებიან (თუმცა ავსტრალიაში, ამერიკაში და ბრიტანეთში ფილიპინებიდან მათი გამოწერით ყიდვა შესაძლებელია), მაგრამ კაპიტალისტურ ბაზარზე კაცს ქალის სხეულზე ეკონომიკური წვდომა აქვთ. კონტრაქტის თავისუფლება მკაფიოდ განასახიერებს პატრიარქალურ უფლებას.
მეძავი ბაზრის ნებისმიერ საფეხურზე ხელმისაწვდომია ნებისმიერი კაცისთვის, ვისაც ამის საშუალება აქვს და ხშირად ის ბიზნეს, პოლიტიკური და დიპლომატიური გარიგებების ნაწილს წარმოადგენს. მიუხედავად ამისა, პროსტიტუციის საჯარო ხასიათი არც ისე აშკარაა. კაპიტალისტური მეწარმეობის სხვა სახეობების მსგავსად, პროსტიტუცია ითვლება  კერძო მეწარმეობად და  კლიენტს და მეძავს შორის კონტრაქტი მყიდველის და გამყიდველის შეთანხმების ტოლფასია. ინდუსტრიის მასშტაბის მიუხედავად, პროსტიტუცია იდუმალების საბურველშია გახვეული. ბირმინგემში, ერთმილიონიანი მოსახლეობის მქონე ბრიტანულ ქალაქში,  800-მდე  ქალია მეძავად დასაქმებული  – ქუჩებში, საკუთარ სახლებში, სასტუმროებში, „საუნებში“, „მასაჟის სალონებში“, და „ესკორტ სააგენტოებში.“ მათ სერვისს ყოველდღიურად 14 000-მდე კაცი მოიხმარს. მსგავსი მოთხოვნაა ამერიკის შეერთებულ შტატებშიც, სადაც კლიენტთა მთლიანი რიცხვი დაახლოებით 1,500,00 კაცს აღწევს.  აშშ-ში ინდუსტრიის დღიური ბრუნვა 40 მილიონი დოლარია. იდუმალების ერთი-ერთი მიზეზი ისაა, რომ  ხშირად იქ, სადაც თვითონ პროსტიტუციული აქტი ლეგალურია, პროსტიტუციის წახალისება – დასჯადია. მაგრამ პროსტიტუციის ბიზნესის კრიმინალური ხასიათი არაა მისი იდუმალების ერთადერთი მიზეზი. კაცებს არ სურთ, გარშემომყოფებმა იცოდნენ, რომ ისინი სექსს ყიდულობენ.  დღევანდელ დღესაც კი, პოლიტიკოსის მეძავთან კავშირში შემჩნევა შეიძლება მისი კარიერის დასასრულს ნიშნავდეს. ემპირიული მონაცემების თანახმად, კლიენტების სამი მეოთხედი დაქორწინებულია. ამიტომ, არაა გასაკვირი, თუ ბირმინგემელი მეძავები ყოველ სადღესასწაულო პერიოდში ვაჭრობის შეფერხებას განიცდიან, რადგან მათი კლიენტები ოჯახებითურთ ქალაქგარეთ მიემგზავრებიან.
ცოლების სექსუალურ სუბორდინაციას გამმართლებელი არასდროს აკლდა. მაგრამ დღევანდელ დღემდე, პროსტიტუციის უპირობო გამართლებას იშვიათად შეხვდებით. ადრე პროსტიტუცია იმ აუცილებელ ბოროტებად მიიჩნეოდა, რომელიც ახალგაზდა ქალებს გაუპატიურებისგან, ხოლო ქორწინებას და ოჯახის ინსტიტუტს – კაცების სექსუალური მადის გამანადგურებელი ძალისგან იცავდა. ასევე ის აღიქმებოდა, როგორც ქალების სიღარიბის და ეკონომიკური მოწყვლადობის სამწუხარო შედეგი. მერი უოლსტონკრაფტი პროსტიტუციას ქორწინებაზე, მისი თქმით ‘ლეგალურ პროსტიტუციაზე’(1970), არცთუ უარეს და ამავე დროს უფრო გულწრფელ ფენომენად მოიხსენიებდა.  მეძავი დაუფარავად ვაჭრობს თავისი სხეულით და ამაში როგორც მუშა (ცოლებისგან განსხვავებით) ისე იღებს გასამრჯელოს. როგორც ემა გოლდმანი ამბობს, ‘სხვაობა ქორწინებაში ერთ კაცსა თუ ქორწინების გარეთ მრავალ კაცზე თავის მიყიდვას შორის, მხოლოდ ხარისხობრივია’. სიმონ დე ბოვუარი ცოლს ერთი კაცისგან დაქირავებულ პირად მიიჩნევს,  „ხოლო მეძავს რამდენიმე კლიენტი ჰყავს, რომლებიც ყოველ მომსახურებას უნაზღაურებენ. პირველს ერთი კაცი იცავს სხვა კაცებისგან, ხოლო მეორეს – ყველა კაცი ერთი კაცის ექსკლუზიური ტირანიისგან. 1909 წელს სისილი ჰემილტონმა აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ქალებს თავისუფლად ვაჭრობაში ხელს უშლიდნენ იმ ერთადერთ ბაზარზეც, რომელიც მათ ლეგიტიმურად ხელი მიუწვდებოდათ(ქორწინების ბაზარზე), მათ შეეძლოთ ამ თავისუფლებით არალეგიტიმური ვაჭრობისას ესარგებლათ. „მეძავთა კლასმა ლოგიკურ დასკვნაბმდე მიიყვანა ის პრინციპი, რომ ქალი არსებობს იმ გასამრჯელოს საფუძველზე, რომელსაც იგი საკუთარი თავის სხვისთვის მიკუთვნებისთვის იღებს“.
დღეს პროსტიტუციასთან დაკავშირებული არგუმენტები რადიკალურად იცვლება. პროსტიტუციას უშუალოდ კონტრაქტის მომხრეები იცავენ. მათ არგუმენტაციაზე დაკვირვებით, მარტივად შეგვიძლია დავინახოთ, რატომ ხდება მათი არგუმენტების ფემინისტურ  არგუმენტებთან გადაკვეთა. ბევრი თანამედრვე ფემინისტი ამტკიცებს, რომ პროსტიტუცია ისეთივე სამუშაოა, როგორც ნებისმიერი სხვა, ხოლო მეძავი – ისეთივე მშრომელი, როგორც ყველა სხვა ანაზღაურებადი მუშახელი. შესაბამისად, მეძავებს პროფკავშირის ქონის უფლებაც უნდა ჰქონდეთ. ფემინისტებს ბევრი მოსაზრება აქვთ გამოთქმული იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეუძლიათ მუშებს ამ ინდუსტრიის გაკონტროლება. მსგავსი საუბარი მაინცდამაინც პროსტიტუციის დაცვას არ წარმოადგენს –  ჩვენ შეგვიძლია ერთდროულად მოვითხოვოთ, როგორც პროფკავშირის ქონის უფლება, ასევე კაპიტალისტური ანაზღაურებადი შრომის გაუქმება. თუმცა იმის გამო,  რომ საწინააღმდეგო არგუმენტი არ გვაქვს, ნაგულისხმევი შეთავაზება ბევრ ფემინისტურ დისკუსიაში იმას წარმოადგენს, რომ თუ მეძავი უბრალოდ მუშაა, შესაბამისად პროსტიტუციაში უსამართლო არაფერია. ეს არგუმენტი მინიმუმ იმას გულისხმობს, რომ პროსტიტუციაში არაფერია უსამართლო ისეთი, რაც სხვა ფორმის სამუშაოებს არ ახასიათებთ.
ეს დასკვნა იგივე დაშვებებს ეყრდნობა, რასაც კონტრაქტის დამცველები ეყრდნობიან პროსტიტუციაზე საუბრისას. ისინი თვლიან, რომ პროსტიტუცია წარმოადგენს შეთანხმებას, სადაც, გარკვეული ტიპის შრომა გარკვეული დროის მონაკვეთში ფულზე იცვლება. მეძავსა  და კლიენტს შორის ხდება თავისუფალი გაცვლა და პროსტიტუციული კონტრაქტი შრომითი კონტრაქტის ზუსტი ანალოგია. ამ გადმოსახედვიდან, მეძავი გარკვეული საკუთრების მფლობელია, რომლის ნაწილიც მას ამ კონტრაქტით ბაზარზე გააქვს.  გავრცელებული წარმოდგენის მიუხედავად, ის საკუთარ თავს ან თუნდაც სექსუალურ ორგანოს კი არ ყიდის, არამედ სწევს სექსუალურ მომსახურებას. არ არსებობს არანაირი განსხვავება მეძავს და სხვა სახის დასაქმებულს შორის. სხვა ინდივიდების მსგავსად, მეძავს თავის კუთვნილებასთან  გარე კავშირი აქვს. ასე რომ, ერთი შეხედვით კონტრაქტის თეორია პროსტიტუციის კრიტიკოსებს დამაჯერებელ პასუხს სცემს. კონტრაქტის მომხრეების აზრით, არგუმენტი, რომ სხეულით ვაჭრობა მეძავს აზარალებს ან ამცირებს, მოდის იმის არასწორი აღქმიდან, თუ რისი გაცვლა ხდება. ბაზარზე არ იყიდება მეძავის სხეული და „საკუთარი მე“; მას ისე შეუძლია გასწიოს მომსახურება, რომ ამით  საკუთარ თავს ზიანი არ მიაყენოს. ფემინისტებს, რომლებიც ირწმუნებიან, რომ პროსტიტუცია ქალის ჩაგვრის აპოთეოზს განასახიერებს, შეიძლება უთხრან,  რომ მათი ხედვა სექსზე მოძველებულ წარმოდგენებს ასახავს. და რომ ეს წარმოდგენები კაცების მიერაა შექმნილი იმ ძველ წესრიგში, სადაც ქალები იჩაგრებოდნენ. კონტრაქტის მომხრეები იმასაც კი გვეუბნებიან, რომ „ადამიანებს კომერციული სექსით დაკავების უფლება აქვთ.“
პროსტიტუციის დამცველები აღიარებენ, რომ ინდუსტრია საჭიროებს რეფორმებს სექსმომსახურების ჭეშმარიტად თავისუფალი გაცვლის უზრუნველსაყოფად. ამავე დროს, ისინი დაჟინებით გვიმტკიცებენ, რომ „ჯანსაღი პროსტიტუცია“ შესაძლებელია (ლარა ერიქსონის გამონათქვამი). „ჯანსაღი პროსტიტუციის“ იდეა პროსტიტუციაზე არგუმენტებში დრამატულ ძვრას ასახავს. კონტრაქტის პოზიციიდან პროსტიტუციის გამამართლებელი არგუმენტები უნივერსალობის პრინციპს ეფუძნება. პროსტიტუცია გამართლებულია,  როგორც შრომის ერთ-ერთი  სახეობა, რომლით დაკავებაც ყველას შეუძლია. კონტრაქტის თავისუფლების და შესაძლებლობების თანასწორობის პრინციპი მოითხოვს, რომ პროსტიტუციის ყველასთვის ღია იყოს და სექსის ყიდვა თუ გაყიდვა  ყველა ინდივიდს თანაბრად შეეძლოს. ქალს, კაცს, მოხუცს, ახალგაზრდას, თეთრკანიანს, შავკანიანს, მახინჯს, ლამაზს, დეფორმირებულს თუ უნარშეზღუდულს, ყველას, ვისაც სექსუალური მომსახურება სჭირდება, მასზე ხელიც უნდა მიუწვდებოდეს.  ამგვარად, პროსტიტუცია წარმოგვიდგება, როგორც თერაპიის ფორმა, სოციალური მუშაკის ან მედდის მსგავსად  (პროფესიები რომლებიც მოიცავს უნარშეზღუდული პატიენტების ინტიმურ ჰიგიენაზე ზრუნვას), რადგან „მეძავის როლი ბუნებრივად შეესაბამება ფსიქოლოგის ან თერაპევტის როლს“. არავის უნდა მოაკლდეს სექსი მის მიმართ არსებული არასწორი დამოკიდებულებების  გამო. იქნება ეს კუზიანი ქალი  თუ კუზიანი კაცი – მას მომსახურების მიღების საშუალება უნდა ჰქონდეს.
პროსტიტუციის გამართლება, რომელიც უნივერსალობის პრინციპს ეფუძნება, გულისხმობს, რომ მეძავი ნებისმიერი სქესის წარმომადგენელი შეიძლება იყოს. ქალებს ბაზარზე სექსუალური მომსახურეობს მიღების თანაბარი შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ. ჩვეულებისამებრ, „მეძავი“ ქალად წარმოიდგინება და მართლაც, მეძავთა უმრავლესობა ქალია. თუმცა, კონტრაქტის პოზიციიდან, ეს მხოლოდ შემთხვევითი  ფაქტია. ჯანსაღი პროსტიტუცია თუ დამკვიდრდება, ორივემ მხარის სტატუსის და სექსუალური როლების წინასწარგანსაზღვრულობა(კაცი – მყიდველი, ქალი – გამყიდველი) მოიშლება და ჩანაცვლდება ორი ადამიანის თავისუფალი შეთანხმებით. სექსუალური კონტრაქტის ისტორიაზე ერთი წუთით მაინც თუ დავფიქრდებით, დავინახავთ, რომ პროსტიტუციის გასაყოველთაობას უზარმაზარი სირთულე ახლავს თან. ცნობების თანახმად, ისეთ დიდ ქალაქებში როგორიცაა სიდნეი, ჰეტეროსექსუალი კაცი მეძავებიც მუშაობენ  (უფრო ძველი, ჯიგოლოს ფიგურა სხვა კონტექსტს ეკუთვნის), მაგრამ ეს მაინც იშვიათობაა. მამრი ჰომოსექსუალი მეძავები, მეორე მხრივ, არ წარმოადგენენ იშვიათობას და კონტრაქტის გადმოსახედვიდან, ისინი ქალი მეძავებისგან არც განსხვავდებიან. თუმცა, სექსუალური კონტრაქტის ისტორია შუქს ფენს იმ მიზეზს, რის გამოც „მეძავი“ ქალია.
ეს ისტორია  ჰეტეროსექსუალური ურთიერთობების ისტორიაა. იგი ასევე გვიყვება ამბავს „ძმობის“და მათი კონტრაქტული ურთიერთობების შექმნის შესახებ. ძმობის წევრთა შორის ურთიერთობა არაა ამ განხილვის საგანი, მაგრამ როგორც მერილინ ფრაიმ აღნიშნა, „სტანდარტულ მასკულინობაში ინცესტის ტაბუს მაგვარია ჩაბეჭდილი.“ ეს ტაბუ აუცილებელია; ძმური კავშირი ყოველთვის მოიცავს იმის ცდუნებას, რომ მათი ურთიერთობა ამხანაგობაზე მეტად იქცეს.
მაგრამ ძმობის წევრთა მიერ ამ კონტრაქტის ერთმანეთის სხეულებზე განვრცობის შემთხვევაში, გაჩენილი კონკურენცია პირველადი კონტრაქტის საძირკველს მოარყევდა. კონტრაქტის გადმოსახედვიდან, ამ ტიპის სექსუალური ურთიერთობის აკრძალვა კაცებისთვის მთლიანად გარედან თავსმოხვეულია და თავად კაცების მიერ მისი ასე მგზნებარედ დაცვა – გაუგებარი. თანამედროვე პატრიარქატის შექმნის თავდაპირველი ისტორია ამ გაუგებრობის გაფანტვაში გვეხმარება.
ჩემი გაგებით, კონტრაქტის მომხრეებს, რომლებიც ვითომ ნეიტრალურ, უნივერსალურ და ჯანსაღ პროსტიტუციას იცავენ, ჯერ არ მიუღწევიათ თავიანთი არგუმენტების ლოგიკურ დასკვნამდე. სტატუსის საბოლოო დამარცხებამ და კონტრაქტის გამარჯვებამ ქორწინების პროსტიტუციული ეკონომიკური ურთიერთობებით ჩანაცვლება უნდა გამოიწვიოს, სადაც ინდივიდები საჭიროებისამებრ დადებენ მოკლევადიან კონტრაქტებს სექსუალურ მომსახურებაზე. ამ სახის კონტრაქტისთვის ერთადერთი დამაბრკოლებელი მეორე მხარის  სურვილის არარსებობაა. მხარეების სქესი და ასაკი დიდად არ მნიშვნელობს. თუმცა ამ ეტაპზე ერთ კონტრაქტორს მაინც შეუძლია თანმიმდევრული ანტი-პატერნალიზმიდან უკან დახევა.
პროსტიტუციაზე ნებისმიერი მსჯელობა სირთულეებითაა სავსე. გარდა იმისა, რომ კონტრაქტის დამცველები არ ცნობენ იმ ფაქტის პოლიტიკურ მნიშვნელობას, რომ მეძავთა უმრავლესობა ქალია, ერთერთი ყველაზე დიდი სირთულე იმაში მდგომარეობს, რომ პროსტიტუციის პრობლემა მეძავის, ქალის პრობლემადაა წარმოჩენილი. წარმოდგენა, რომ პროსტიტუცია უშუალოდ ქალების პრობლემაა იმდენად ღრმადაა გამჯდარი, რომ პროსტიტუციის ნებისმიერმა კრიტიკოსმა  იგივე პასუხი შეიძლება მიიღოს, რასაც თანამედროვე კონტრაქტარიანელები ფემინისტების წინააღმდეგ იყენებენ – რომ პროსტიტუციის კრიტიკა ქალების სიძულვილის გამომხატველია. იმაზე საუბარი, რომ პროსტიტუციაში არის რაღაც უსამართლო, არ ნიშნავს, რომ ამ სფეროში მომუშავე ქალებს (ნეგატიურად) განვსჯით.  როდესაც სოციალისტები აკრიტიკებენ კაპიტალიზმს და დასაქმების კონტრაქტს, ამას მუშების სიძულვილის გამო არ აკეთებენ, არამედ პირიქით, ისინი მათი დამცველები არიან.  მიუხედავად ამისა, რამდენიმე წლის წინ, პოპულარული მინიშნებები „ყალბ ცნობიერებაზე“ სპეკულირებდნენ, რომ კაპიტალიზმის პრობლემები მუშების პრობლემებია. კაპიტალიზმის პრობლემატურობის საკითხის მუშების ცნობიერების ნაკლოვანებამდე დაყვანას ის შედეგი აქვს, რომ ყურადღება გადაიტანება კაპიტალისტიდან, ე.ი. დასაქმების კონტრაქტის მეორე მონაწილე პირისგან. ასევე, ის პატრიარქალური დასკვნა, რომ პროსტიტუციის პრობლემა ქალების პრობლემაა კონტრაქტის მეორე მხარეს კრიტიკული განსჯისგან იცავს.
სექსუალური კონტრაქტის ჩამოყალიბება პროსტიტუციის კაცების პრობლემად დანახვის საშუალებას გვაძლევს. შედეგად, იბადება შეკითხვა: რატომ  მოითხოვენ კაცები, რომ ქალის სხეული კაპიტალისტურ ბაზარზე პროდუქტად გაიყიდოს? პასუხს ისევ სექსუალური კონტრაქტის ისტორია გვაწვდის: პროსტიტუცია სექსზე კაცის უფლების განხორციელების ნაწილს წარმოადგენს, ერთ-ერთ გზას, კაცებს ქალის სხეულზე ხელი მიუწვდებოდეთ.
დღეს პროსტიტუციის ფემინისტური კრიტიკა ხანდახან იმ მიზეზითაა უარყოფილი, რომ მეძავები ატყუებენ და ექპლუატაციას უწევენ კლიენტებს; კაცები, და არა ქალები წარმოადგენენ დაზარალებულ პირებს. რა თქმა უნდა, სხვადასხვა ხრიკების თუ დაცდილი მეთოდების გამოყენებით, მეძავებს შეუძლიათ გარკვეულ შემთხვევებში კლიენტებთან ტრანზაქციები საკუთარი კონტროლის ქვეშ მოაქციონ. მაგრამ ისევე, როგორც ქორწინების შესახებ არგუმენტები ხშირად უტრიალებს ერთი რომელიმე კეთილი ქმრის მაგალითს და შედეგად კონკრეტული ცოლ-ქმრის ურთიერთობასა და ქორწინებას, როგორც ინსტიტუტს ვერ განასხვავებს, ასევე პროსტიტუციული შეთანხმების კონკრეტული მაგალითები, სადაც მეძავი კლიენტს ატყუებ, არაფერს გვეუბნება პროსტიტუციაზე, როგორც სოციალურ ინსტიტუტზე. პროსტიტუციის ინსტიტუტში მეძავები სტრუქტურულად ისევე არიან კლიენტებზე დამოკიდებულნი, როგორც ქორწინების ინსტიტუტში ცოლები – ქმრებზე.
პროსტიტუციის შესახებ უზარმაზარი ლიტერატურა არსებობს ოფიციალური ცნობების ჩათვლით. ამასთან, მეძავის ფსიქოლოგიას და ფსიქოპათოლოგიას  საკმაოდ დიდი ყურადღება აქვს დათმობილი.  1974 წელს ბრიტანელი პრობაციის ოფიცრებისთვის განკუთვნილ ბროშურაში ვხვდებით მტკიცებას, რომ პროსტიტუცია პრიმიტიულობის და რეგრესულობის გამოხატულებაა. ხოლო ბრიტანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით „მეძავის ცხორების წესი სოციუმის ნორმალური წეს-ჩვეეულებების იმდენად აშკარა უკუგდებაა, რომ მისი შედარება ნარკომანთანაც შეიძლება.“  ასევე დიდი ყურადღება ეთმობა მიზეზებს, თუ რატომ ხდებიან ქალები მეძავები. ემპირიული მონაცემები გვაჩვენებს, რომ პროსტიტუციაში ჩართვის მიზეზები საიდუმლოებას არ წარმოადგენს. ყველაზე გარდაუვალ შემთხვევაში ქალს ყოველთვის შეუძლია გაყიდოს სხეული საკვების სანაცვლოდ, ისევე  როგორც 19-ე საუკუნის ღარიბი, ახალგაზრდა გოგო  („ჩემი საიდუმლო ცხოვრების“ ავტორისგან) შეკითხვაზე „რისთვის წვები  კაცებთან, სოსისიანი პურებისთვის?“ პასუხობდა „ასევე ხორციანი ღვეზელებისთვის და სხვა ცომეულისთვის.“ უფრო ზოგადად, პატრიარქალურ კაპიტალიზმში, პროსტიტუცია ქალებს სხვა სამსახურებთან შედარებით მეტი ფულის გამომუშავების საშუალებას აძლევს. 1870 და 1880 წლებში,  ქალები „ბრიტანელი ქალების ეროვნული ასოციაციიდან“, რომლებიც „გადამდები დაავადებების აქტს“ აპროტესტებდნენ, ხაზს უსვამდნენ, რომ პროსტიტუცია ღარიბი ქალებისთვის ყველაზე მაღალ-ანაზღაურებადი ინდუსტრია იყო. 1980 წლის ემპირიულმა კვლევამ აჩვენა, რომ ბრიტანელი მეძავები სხვა დასაქმებულებზე მეტ თანხას გამოიმუშავებდნენ და მამაკაც დასაქმებულებთან შედარებით შუა ან მაღალი რანგის ანაზღაურება ჰქონდათ. ამერიკულ ფილმში „მუშა გოგოები“ ნაჩვენებია პროსტიტუციის მიმზიდველობა საშუალო კლასის,  უმაღლესი განათლების მქონე იმ გოგოებისთვის, რომლებსაც მოკლე დროის მონაკვეთში დიდი თანხის გამომუშავება სურდათ. ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს იმ დამოუკიდებლობას და დროის მანევრულობის საშუალებას, რომელიც მეძავის გრაფიკი იძლევა; შესაბამისად მეძავობა დიასახლისობასთან და ბავშვების აღზრდასთან მარტივად  შეთავსებადია. ამ დროისათვის  უკვე ნარკოტიკზე დამოკიდებულება ქალების პროსტიტუციაში ჩართვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიზეზს წარმოადგენს.
როგორც ვხედავთ, თვითონ პროსტიტუციაში ჩართვის  მიზეზები ასე თუ ისე აშკარაა, მაგრამ ნაკლებად ნათელია ის, თუ რა ითვლება პროსტიტუციად. დისკუსიების უმეტესობაში თავისთავადაა ნაგულისხმევი ის, რომ „პროსტიტუციის“ მნიშვნელობა თვით-მხილებადია, რომ ამ ტერმინის მნიშვნელობა საკმარისად გასაგებია. ჩვენს სოციუმში მოყვარულებს და მეძავებს შორის ზღვარის გავლება არაა მარტივი, ასევე ხშირად განსხვავებული კულტურული თუ ისტორიული პერიოდის პრაქტიკები ერთადაა თავმოყრილი.  ერთ-ერთი ყველაზე გმტკიცე წარმოდგენის მიხედვით, პროსტიტუცია ადამიანის სოციალური ცხოვრების უნივერსალური მახასიათებელია და იგი „უძველესი პროფესიის“ კლიშეთია შეჯამებული. ეს კლიშე უძველესი დროიდან დღემდე ძალიან მრავალფეროვან კულტურული ფენომენების ნაკრებს „პროსტიტუციად“ მოიხსენიებს. მაგალითად, როგორც პროსტიტუციის  ერთი კონტრაქტარიანელი დამცეველი ირწმუნება, რომ კომერციული პროსტიტუცია „თანამედრივე გაგებით“ უძველესი „სატაძრო  პროსტიტუციის“ გადმონაშთია.  ერთიდაიგივე სოციალური მნიშვნელობა ენიჭება ისეთ განსხვავებულ პრაქტიკებს, როგორიცაა უძველეს ბაბილონიაში „სატაძრო პროსტიტუცია“, უღარიბესი ქალების მიერ სხეულით ვაჭრობა ბავშვების გამოსაკვებად, „თეთრი მონობა“, ჯარისკაცების განკუთვნილი  საველე ბორდელები, თეთრკანიანი მოგზაურებისთვის ქალების მირთმევა ან მალაიას პროსტიტუცია ნაირობში. ერთი შეხედვითვე აშკარა არაა ის ფაქტი, რომ ამ სოციალურ პრაქტიკებს პროსტიტუციული კონტრაქტის მსგავსი სოციალური მნიშვნელობა ენიჭება. სინამდვილეში, ფემინისტი ისტორიკოსების კვლევები გვაჩვენებს, რომ პროსტიტუცია თანამედროვე გაგებით, კერძოდ პროსტიტუციის ის ფორმა, რომელიც კონტრაქტის დამცველებს „ჯანსაღ“ პროსტიტუციაზე საუბრის საშუალებას აძლევს, თავისებურ კულტურულ და ისტორიულ ფენომენს წარმოადგენს. იგი ბრიტანეთში, შეერთებულ შტატებში და ავსტრალიაში 19-ე საუკუნის ბოლოს და 20-ე საუკუნის დასაწყისში  განვითარდა.
მეძავები, როგორც დასაქმებულების კონკრეტული კატეგორია, რომელთა სამუშაოც კონკრეტული ტიპის სპეციალიზაციას მოითხოვს, ასევე თავად პროსტიტუცია, როგორც პროფესია, არ წარმოადგენს  უნივერსალურ მახასიათებელს პატრიარქალურ-კაპიტალისტური შრომის განაწილებაშისთვის. მე-19 საუკუნის ბოლომდე ამ სამივე ქვეყანაში მეძავები ღარიბ მუშათა კლასს წარმოადგენდნენ. ამ კლასის ქალები პროსტიტუციას, ისევე როგორც სხვა სახის სამუშაოებს ხშირ-ხშირად იცვლიდნენ. თუმცა იმ დროისათვის პროსტიტუციით დაკავებული ქალები არ მიიჩნეოდნენ ქალთა განსაკუთრებულ კლასად და არ იმიჯნებოდნენ სხვა მუშებისგან და არც პროსტიტუცია ითვლებოდა სპეციალიზირებულ პროფესიად.  ბრიტანეთში პროსტიტუციის თანამედროვე ფორმა იმ მოძრაობების წყალობით განვითარდა, რომლებსაც ‘ვენერული დაავადებების აქტმა’ მოუღო ბოლო (1864, 1866, 1869). ამ აქტის თანახმად, სამხედრო ქალაქებში შენიღბული პოლიციელებს უფლება ჰქონდათ ქალისთვის იძულებით ჩაეტარებინათ გინეკოლოგიური შემოწმება შესაძლო ვენერიული დაავადებების გამოსავლენად იმ შემთხვევაში თუ მასში მეძავს ამოიცნობდნენ. ხოლო ანალიზის პოზიტიური პასუხის შემთხვევაში მათი საავადმყოფოში გამოკეტვაც შეეძლოთ. ამას უზარმაზარი პოლიტიკური პროტესტი მოყვა აქტის გაუქმების მოთხოვნით. პროტესტის მონაწილეთა უმრავლესობას ქალები წარმოადგენდნენ.
სამეფო კომისიამ იმაზე პასუხად, რომ ჰიგიენის დასაცავად არა მხოლოდ ქალების, არამედ ჯარისკაცების და მეზღვაურების შემოწმებაც იყო საჭირო, გამოაქვეყნა  მოხსენება, რომლის მიხედვითაც „არ შეიძლება მეძავების შედარება კაცებთან, რომლებიც მათთან დადიან. მათგან ერთი სქესის წარმომადგენლი დანაშაულს სარგებლის მისაღებად ჩადის, ხოლო მეორესთვის იგი ბუნებრივი იმპულსის არარეგულარულ დაკმაყოფილებას წარმოადგენს.“ ისეთი ფემინისტი აქტივისტები, როგორიც იყო მაგალითად ჯოზეფინ ბატლერი, თვლიდნენ, რომ ეს პრბლემა ‘სექსუალური მორალის ორმაგი სტანდარტის’ პრობლემაზე არ დაიყვანებოდა. ბატლერი ფიქრობდა, რომ ზემოთმოხსენებული კანონი  ყველა ქალს უშუალოდ ეხებოდა და რადგან ქალთა უსაფრთხოება და პირადი რესპექტაბელურობა საჯაროდ ხელმისაწვდომი მეძავების „მონათა კლასზე“ იყო დამოკიდებულული, ამას არავინ უნდა შეგუებოდა. მოგვიანებით ბატლერმა თავის დას შემდეგი რამ მისწერა: „რომც არ განვიცდიდეთ თანაგრძნობას იმ მიზეზით, რომ  ჩვენი დების დამაბრკოლებელი ჯაჭვი ჩვენ არ გვზღუდავს, მაინც ვერ გავექცევით იმ ფაქტს, რომ ჩვენ ერთი ქალობის ნაწილი ვართ და სანამ ისინი არიან შებოჭილნი, ვერც ჩვენ ვიქნებით მართლა და მთლიანად თავისუფალნი“. ზემოთმოხსენებული აქტის წინააღმდეგ მებრძოლი ფემინისტებისთვის,  პროსტიტუცია კაცის მიერ ქალზე დომინაციის ყველაზე მკაფიო ფორმას წარმოადგენდა.
მიუხედავად ამისა, ეს ფემინისტური ტალღა 1880 წლებში ბრიტანეთში  განვითარებულმა „სოციალური სისპეტაკის“ მოძრაობამ გადაფარა, რომელმაც 1885 წლის კრიმინალური წესდების აქტის გატარებას შეუწყო ხელი. ეს უკანასკნელი პოლიციას ღარიბი ქალების მიმართ კიდევ უფრო დიდ უფლებამოსილებას აძლევდა. იმ დროისთვის, როდესაც 1886 წელს  ვენერული დაავადებების კანონი გაუქმდა, პროსტიტუციაზე წარმოდგენაც ნელ-ნელა ცვლილებას განიცდიდა და ვაჭრობის ეს ფორმა უფრო „პროფესიულდებოდა“. ქალებს, რომლებიც კანონის წინაშე მეძავებს წარმოადგენდნენ, არ შეეძლოთ აღწერიდან საკუთარო სახელების ამოშლა და შედეგად სხვა სამუშაოს პოვნა ძალიან უჭირდათ. ისინი  ხშირად ქირაობდნენ ოთახებს ქალების მფლობელობაში მყოფ ბორდელებში, სადაც მეძავების გარდა სხვა ქალებიც ცხოვრობდნენ. 1885 წლის კანონით პოლიციას ბორდელების დახურვის უფლება მიეცა, რაც სისრულეში 1890- 1914 წლებში მოვიდა. დასახმარებლად მეძავებმა სუტენიორების მიმართვა დაიწყეს.  შედეგად, ქალების კონტროლქვეშ მყოფი პროსტიტუცია კაცების ხელში გადავიდა და როგორც ჯუდით უოლკოვიცი აღნიშნავს, „გამოიკვეთა მესამე მხარე, რომელსაც  ქალების ქუჩაში დარჩენა აწყობდა.“
სამხრეთ უეილსში, ავსტრალიაში, შტატგარეშე პროსტიტუციის აკრძალვამ სხვა შედეგი გამოიღო. ნიუ საუთ უეილსს,  ბევრი სხვა ბრიტანული კოლონიისგან განსხვავებით, არც ვენერულ დააავადებათა საწინააღმდეგო კანონმდებლობა ჰქონია და არც 1885 წლის კანონი აღუსრულებია. სამაგიეროდ, 1908 წელს მათ მიიღეს კანონი, რომელიც მიზნად ისახავდა პროსტიტუციის, სუტენიორობის და ბორდელის ქონის ხელშეწყობას. ჯუდით ალენის მიხედვით, ამ პოლიტიკის სტრატეგიულ მიზანს  პროსტიტუციის ყველაზე თვალშისაცემი ასპექტების გაუქმება წარმოადგენდა. შედეგად,  ქალებს აღარ შეეძლოთ თვითდსაქმებულებად მუშაობა და „მეძავების შრომა სტრუქტურულად გაპროლეტარიატურდა.“ პროსტიტუცუაში ჩართული ქალები იძულებული გახდნენ ორგანიზებული კრიმინალური ქსელებისთვის ან ამ ქსელების მიერ დაქირავებული  სუტენიორებისთვის მიემართათ. მსგავსი შედეგი მოჰყვა შეერთებულ შტატებში ე.წ. პროგრესულ ხანაში პროსტიტუციის წინააღმდეგ გამართულ  დიდ ლაშქრობას. რუთ როსენი შემდეგნაირად აჯამებს ცვლილებებს, რომლის შედეგადაც ვაჭრობაზე  კონტროლმა „ქალბატონების’ და მეძავების ხელიდან  სუტენიორების და დანაშაულებრივი სინდიკატის ხელში გადაინაცვლა…   ამ ყველაფრის მერე მეძავს თითქმის აღარ შეეძლო თავისუფალ პირად მუშაობა,  ამასთან იგი მხეცური ძალადობის საფრთხის წინაშე არა მარტო პოლიციის , არამედ უკვე მათი ახალი „დამქირავებლებისგანაც მხრიდანაც აღმოჩნდა““. პროსტიტუციის გაპროფესიულების შედეგად,  იგი პატრიარქალური კაპიტალიზმის ერთ-ერთ დიდ ინდუსტრიად ჩამოყალიბდა და კაპიტალისტური  ინდუსტრიების იდენტური სტრუქტურა მიეცა. მეძავები კაცების კონტროლქვეშ მყოფ  პროფესიაში მუშაობენ. მაგალითად, ბირმინგემში მათი უმრავლესობა სუტენიორისგან არის დაქირავებული, ხოლო „საუნების“ მაგვარი დაწესებულებები როგორც წესი, კაცების მართველობაში ან მფლობელობაშია. მხოლოდ ერთეული  მეძავები ხდებიან მენეჯერები ან „სხვა ქალებთან ერთად ორივე მხარისთვის ხელსაყრელ ბიზნეს იწყებენ.“
ის იდეა, რომ პროსტიტუცია ადამიანთა საზოგადოების უნივერსალური მახასიათებელია  ეყრდნობა არა მარტო „უძველესი პროფესიის კლიშეს“, არამედ ფართოდ გავრცელებულ წარმოდგენას, რომ  პროსტიტუცია კაცის ბუნებრივი ჟინის შედეგია. ამ უკანასკნელის მიხედვით, არსებობს ბუნებრივი მამაკაცური იმპულსი, რომელსაც ყოველთვის დასჭირდება რეალიზება პროსტიტუციის მეშვეობით. დღეს, როცა ქორწინების გარეშე სექსის ამკრძალავ არგუმენტებს ძალა აქვთ დაკარგული, პროსტიტუციის დამცველები პროსტიტუციას ხშირად „უსიყვარული სექსის“ ან  ბუნებრივი მადის დაკმაყოფილების მაგალითად მოიხსენიებენ. მაგრამ ეს არგუმენტი არასეკულარულია. უსიყვარულო სექსის და ე.წ „თავისუფალი სიყვარულის“ მომხრეები ყოველთვის იმ წარმოდგენაზე იდგნენ, რომ ამ სახის ურთიერთობები კაცის და ქალის ორმხრივ მიზიდულობას და სურვილის დაკმაყოფილებას უნდა ეფუძნებოდეს. „თავისუფალი სიყვარული“ და პროსტიტუცია ორ სხვადასხა უკიდურესობაა. პროსტიტუცია საკუთარი დაკმაყოფილების მიზნით კაცის მიერ ქალის  სხეულის გამოყენებაა, მეძავს კი – არც სურვილი გააჩნია და არც  სიამოვნებას იღებს. ის არ წარმოადგენს ორმხრივ, სასიამოვნო გაცვლას, არამედ ფულის სანაცვლოდ ქალის სხეულის ერთმხრივ  ხმარებას. ის, რომ პროსტიტუცია ადამიანური იმპულსის ბუნებრივ გაგრძელებად შეგვიძლია წარმოვადგინოთ და რომ „უსიყვარულო სექსი’ კაპიტალისტურ ბაზარზე ქალის სხეულით ვაჭრობას გავუტოლოთ, მხოლოდ იმიტომაა შესაძლებელი, რომ არ ისმება შემდეგი შეკითხვა: რატომ  ითხოვენ კაცები, რომ თავიანთი ბუნებრივი იმპულსის დასაკმაყოფილებლად მათ ღიად, კაპიტალისტურ ბაზარზე ფულის სანაცვლოდ ქალის სხეულზე ხელი მიუწვდებოდეთ?
არგუმენტები, რომლებიც პროსტიტუციას ბუნებრივი მადის უბრალო  გამოხატულებად მოიაზრებენ, მუდმივად ახდენს მის შედარებას საკვების მიწოდებასთან. ის წარმოდგენა, რომ „საკვები ყველას სჭირდება, შესაბამისად მასზე ხელი ყველას უნდა მიუწვდებოდეს და რახან სექსუალური სურვილიც ასეთივე ფუნდამენტური, ბუნებრივი და დაუძლეველია, როგორც კვების მოთხოვნილება, შესაბამისად მასაც იგივე პრინციპი მიესადაგება“ – არ წარმოადგენს პროსტიტუციის, ან სხვა სახის სექსუალური კავშირის  მხარდამჭერ არგუმენტს. საკვების (ასევე წყლის ან თავშესაფრის) მინიმალური რაოდენობის გარეშე ადამიანები კვდებიან, მაგრამ, როგორც ვიცით, არავინ მომკვდარა სექსუალური სურვილის დაუკმაყოფილებლობით.  არსებობს  კიდევ ერთი მნიშვნელოვანი განსხვავება საკვების და სექსის მოთხოვნილებებს შორის. ხანდახან კვება ზოგისთვის მიუწვდომელია, მაგრამ სექსუალური ლტოლვის დაკმაყოფილება ყველასთვის შესაძლებელია. არა არსებობბს არანაირი ბუნებრივი აუცილებლობა იმისა, რომ სექსუალური ლტოლვა აუცილებლად  სექსუალური ურთიერთობით დაკმაყოფილდეს. რა თქმა უნდა არსებობს ამ მეთოდის გამოყენების კულტურული აკრძალვები, მაგრამ ისიც თუ რა ითვლება საკვებად – კულტურითაა განსაზღვრული. არც ერთი სოციუმი განსაზღვრავს უშუალოდ  ისევე როგორც საკვები პროდუქციის და მომხმარების, ასევე  გენდერული ურთიერთობების მისაღები ფორმებს მხოლოდ იმ ფაქტზე დაყრდნობით, რომ ხალხი შიმშილს და სექსუალურ იმპულსების განიცდის. დიდი შანსია, რომ საკვებთან დაკავშირებულ აკრძალვებთან შედარებით, სექსთან დაკავშრებულმა აკრძალვებმა ნაკლებად კატასტროფული შედეგები გამოიწვიოს.
20-ე საუკუნის პროსტიტუციაზე დისკუსიების მორიგი პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ როგორც წესი მეტისმეტად ადვილადაა ნავარაუდები თუ რა სახის აქტივობებს მოიცავს პროსტიტუცია. დღესდღეობით პროსტუტიცია წარმოადგენს საერთაშორისო სექს-ინდუსტრიის ნაწილს, რომელიც ასევე მოიცავს პორნოგრაფიული წიგნების და ფილმების მასიურ ბაზარს, სტრიპტიზ კლუბებს და ღარიბ მესამე მსოფლიოს ქვეყნებში სექს-ტურებს. ქალის სხეულის და მისი ინტიმური ნაწილების გამოფენა,  იქნება ეს გამოსახულების თუ ცოცხალი სხეულის სახით, სექს ინდუსტრიის ბირთვს წარმოადგენს. იგი მუდმივად შეახსენებს მამაკაცებს და ქალებს, რომ კაცს ქალის სხეულის გამოყენების პატრიარქალური უფლება აქვს, და ამით ის თავის სექსუალურ უფლებას ახორციელებს. თუ თავდაპირველ სექსუალურ კონტრაქტს გადავხედავთ, შეგვეძლება სექს-ინდუსტრიაში შემავალი აქტივობების დიფერენცირება, იმის გამოსავლენად თუ რომელ მათგანს შეგვიძლია ჭეშმარიტად ‘პროსტიტუცია’ ვუწოდოთ. მაგალითად ბუნებრივი მადის დასაკმაყოფილებლად სულ არაა საჭირო კაცებს ქალის სხეულზე წვდომა ჰქონდეთ. მაშინ რატომ არის, რომ კლიენტების  15-25 % ბირმინგემელი მეძავებისგან „შვების ხელით მოგვრას“ (როგორც ამ ბაზარზე უწოდებენ) მოითხოვს?
სექსუალური კონტრაქტის ისტორია გვაჩვენებს, რომ ზემოთმოხსენებული მოთხოვნა „მამაკაცურობის“, თანამედროვე მამაკაცის სექსუალობის გამოხატულების ნაწილია. კაცის ბუნებრივი სექსუალური მოთხოვნის დაკმაყოფილება ქალის გამოყენებით უნდა მოხდეს, არ აქვს მნიშვნელობა მისი სხეული პირდაპირ არის თუ არა გამოყენებული. იმის მიუხედავად, აქვს თუ არა კაცს სხვა გზით  თავის დაკმაყოფილების სურვილი ან შესაძლებლობა, იგი  ქალის სხეულის კონტრაქტული გამოყენებით საკუთარ მამაკაცურობას აფიშირებს. კონტრაქტი მეძავთან თავდაპირველი სექსუალური კონტრაქტის მაგალითს წარმოადგენს. მამაკაცურობის აფიშირება მდგომარეობს „სექსუალურ აქტში“ მონაწილეობაში (ამიტომაა, რომ კაცების მიერ სხეულით ვაჭრობა ჰომოსექსუალური მიზნებით არ ხასიათდება იგივე სოციალური მნიშვნელობით). პროსტიტუციის ინსტიტუტი კაცებისთვის „სექსუალური აქტის“ ყიდვის შესაძლებლობას და შესაბამისად, მათი პატრიარქალური უფლების განხორციელებას უზრუნველყოფს. მოქმედებები, რომლებსაც გამართლებულად შეგვიძლია „პროსტიტუცია“ ვუწოდოთ, წარმოადგენენ „სექსუალურ აქტებს“, რომლებიც ისეთ მოთხოვნად მოქმედებებთან ასოცირდება როგორიცაა „ხელით შვების მოგვრა“ და ორალური სექსი. პროსტიტუციაზე მსჯელობებისთვის დამახასიათებელი ზოგიერთი ხშირი გაურკევევლობა ადვილად აცილებადი იქნებოდა, თუ ზოგიერთ სხვადასხვა ქმედებებს უფრო ფართოდ სექსის ინდუსტრიის ნაწილად ჩავთვლიდით. ეს ბაზარი მოიცავს  „სექსუალური მონობის და დისციპლინის“ ან მონობის ფანტაზიის კონტრაქტებზე  უდიდეს მოთხოვნას. ასეთი ძლიერი ურთიერთობების და დომინაციის სიმბოლოების  მასიურად კომერციული რეპლიკაცია კონტრაქტის გენიალურობაზე და ძალაუფლებაზე მეტყველებს, რადგან იგი  ღიად და საქვეყნოდ აცხადებს, რომ მსგავსი სუბორდინაციის კონტრაქტები  (სექსუალური) თავისუფლების ტოლფასია.
1970-ს წლიდან ბრიტანეთში, ავსტრალიაში და შეერთებულ შტატებში მეძავთა შეკრებები იმართება. მაგალითად, 1986 წელს მეძავთა უფლებების საერთაშორისო კომიტეტმა მსოფლიო მეძავთა კონგრესი მოაწყო, რომლის მიზნებში სამუშაო პირობების გაუმჯობესება, ძალადობასთან ბრძოლა და პროსტიტუციის დეკრიმინალიზაციის მოთხოვნა შედიოდა. მოკლედ რომ ვთქვათ, მეძავები ცდილობენ მიიღონ აღიარება როგორც მუშებმა იმ საქმიანობის ფარგლებში, რომელიც პროფკავშირული დაცვის და გარანტიების უქონლობას განიცდის. მეძავს ყველა სხვა ანაზღაურებად მუშა ქალთან „მუშის“ არასტაბილური სტატუსი აქვს საერთო. მაგრამ ამავე დროს, მეძავი განსხვავდება სხვა მუშა  ქალებისგან და მისი სტატუსი კიდევ უფრო არასტაბილურია. მეძავის საქმიანობა ქალთა სხვა შრომებისგან განსხვავებულად აღიქმება, ხოლო თვით ამ საქმიანობის ყველაზე დაბალ საფეხურზე მდგომი ქალები კიდევ უფრო მეტად არიან გაყოფილნი სხვა მუშა ქალებისგან (თითქმის ყველას შეუძლია  წარმოიდგინოს ქუჩაში მოვაჭრე „მეძავი“ თავის ტიპიურ კოსტუმით, პოზით და ოქროს გულით). პროსტიტუციის დამცველები, რომლებიც კონტრაქტის პოზიციიდან უყურებენ საკითხს, მეძავების მუშებად არაღიარებას ფარისევლობას და სექსზე დამახინჯებულ წარმოდგენებს მიაწერენ. რა თქმა უნდა, პროსტიტუციასთან მიმართებაში ფარისევლობა და ირაციონალური დამოკიდებულებები მეფობს, როგორც ჯორჯ ბერნარდ შოუს „მისის უორენის პროფესია“-შია გამოაშკარავებული. მაგრამ  ტერმინი ‘ფარისევლობა’ არც თუ ისე სწორად მიესადაგება იმ დამოკიდებულებას, რომლითაც კაცები პროსტიტუციის მიმართ არიან  განწყობილნი.
მეძავებს კლავენ, რადგან ისინი ნაგვის ტოლფასად აღიქმებიან. ხოლო მათი მკვლელები, ჯეკ რიპერის მსგავსად, ცნობილ ფიგურებად იქცევიან. ნაკლებად მძიმე შემთხვევებში, მეძავები თავიანთი კლიენტებისგან ყოველ დღე ფიზიკური ზიანის და ჭრილობის მიყენების საფრთხის ქვეშ არიან, განსაკუთრებით თუ ქუჩაში მუშაობენ.  „თითქმის გამონაკლისის გარეშე,  მეძავებს რომლებთანაც ბირნიმგემში კონტაქტი დავამყარე,  კლინტებისგან რაიმე ტიპის ძალადობა მაინც აქვთ გამოცდილი“, წერს აილინ მაკლიიოდი. რა თქმა უნდა, მეძავი არ არის ერთადერთი მუშა, რომლებსაც თავისი სამუშაო საფრთხეს უქმნის. ზოგადად მუშების დაშავების ან თუნდაც დაღუპვის შემთხვევები სამუშაო ადგილებზე ძალიან ცუდად შუქდება და მიზეზი ხშირად უსაფრთხოების ზომების უქონლობა ან უბრალოდ უბედური შემთხვევებია.  აქ განსხვავება ისაა, რომ ისინი არ შავდებიან იმის გამო რომ ქალები არიან. იმ ფაქტის მნიშვნელობის უგულველყოფა, რომ მეძავები ქალები არიან, არ არის მხოლოდ კონტრაქტარიანელების ბრალი. რამოდენიმე ფემინისტური ტექსტის გარდა, ძალიან რთულია ისეთი მსჯელობების პოვნა, რომლებიც პროსტიტუციას  პატრიარქალურ სტრუქტურად აღიარებენ. მემარცხენეები თუ მემარჯვენეები, ისევე როგორც ფემინისტების ნაწილი იზიარებენ იმ რწმენას, რომ მეძავის სამუშაო ნებისმიერი სხვა ანაზღაურებადი შრომის მაგვარია. მეძავი უბრალოდ განსხხვავებული პროფესიით მუშაობს და ელექტრიკოსისგან, მდივნისგან თუ ელექტრონული ნივთების ამწყობისგან განსხვავებულ სამუშაოს ასრულებს.
შედეგად არაა გასაკვირი, რომ პროსტიტუციის კრიტიკა ეკონომიკური ტერმინებით შემოიფარგლება. მაგალითად, დიდი ხანია გვესმის არგუმენტი, რომ ქალები პროსტიტუციას ეკონომიკური საჭიროების გამო მიმართავენ. შრომით და ქორწინების კონტრაქტში შესვლის გარემოებებთან შედარებით, პროსტიტუციულ კონტრაქტში შესვლის გარემოებებს არანაკლები ყურადღება ეთმობა და პროსტიტუციაში შესვლის არანებაყოფლობითი ხასიათი ამ უკანასკნელის მთავარ პრობლემადაა წარმოდგენილი. როგორც ელისონ ჯაგერმა აღნიშნა, „ფემინისტური პროტესტი უმთავრესად იმ ეკონომიკურ იძულებას მიემართება, რომელიც პროსტიტუციას უდევს საფუძვლად“
კიდევ ერთი გავრცელებული არგუმენტი, რომელსაც როგორც რელიგიური მემარჯვენეები, ასევე მემარცხენეებიც ეყრდნობიან, არის ის, რომ პროსტიტუციაში ჩართული ქალი ისეთივე ექსპლუატირებული და დამცირებულია, როგორც ნემისმიერი სხვა დასაქმებულია კაპიტალიზმის პირობებში. აქ, კიდევ ერთხელ,  სუბორდინაციის პრობლემა უგულებელყოფილია. ეკონომიკურ იძულებასა და ექსპლუატაციაზე საუბრისას, ხშირად შედარება უკუღმა კეთდება: იმის, მაგივრად, რომ მეძავი იქნას განხილული ექსპლუატირებულ მუშად, პირიქით, მუშის მდგომარეობაზე ხშირად ისე საუბრობენ, როგორც მეძავისაზე. პროსტიტუციის მარქსისტი კრიტიკოსები ციტირებენ მარქსს: „პროსტიტუცია მუშის ზოგადი პროსტიტუციის მხოლოდ ერთი, სპეციფიური გამოხატულებაა”, რაც იმას ნიშნავს, რომ პროსტიტუციაც დაქირავებული შრომასთან დაკავშირებულ ეკონომიკურ იძულებას, ექპლუატაციას და გაუცხოებას განიცდის. როგორც ერთმა კრიტიკოსმა განაცხადა,  ‘პროსტიტუცია თანამედროვე მოქალაქის, როგორს მწარმოებლის, დეგრადაციას განასახიერებს’. ამ ლოგიკით პროსტიტუციული კონტრაქტი კი არ წარმოადგენს შრომითი კონტრაქტის ერთ-ერთ ფორმას, არამედ შრომითი კონტრაქტი წარმოადგენს პროსტიტუციული კონტრაქტის სახეობას.  გამოდის, მეძავის ფიგურაში სიმბოლიზებულია ყველა ის ბოროტება, რაც დაქირავებულ შრომას ახასიათებს.
მეძავის კაპიტალისტური ექპლუატაციის სიმბოლოდ დანახვა და მეძავის ფიგურით მუშის სიმბოლური რეპრეზენტირება საკმაოდ ირონიულია. „მუშა“ მამრობითია, თუმცა მისი დეგრადაცია ქალური სიმბოლოთი გამოიხატება, ხოლო პატრიარქალური კაპიტალიზმი – საყოველთაო პროსტიტუციის სისტემადაა წარმოჩენილი. ის ფაქტი, რომ მეძავი დაქირავებული შრომის დამამცირებლობის ყველაზე აშკარა სიმბოლოდ წარმოჩინდება, ბადებს ეჭვს, რომ ის არ ყიდის იგივე სამუშაო ძალას, რასაც სხვა მუშები ყიდიან. თუ პროსტიტუციას ანაზღაურებადი შრომის კატეგორიაში ჩავსვამთ, მაშინ მეძავის დღევანდელი სტატუსი, როგორც კონტრაქტის პოზიციიდან ამტკიცებენ, მხოლოდ ლეგალური აკრძალვის, ფარისევლობის და სექსზე მოძველებული წარმოდგენების გამო არსებობს.  სექსუალური კონტრაქტის ისტორია ასევე გვთავაზობს  ახსნას, თუ რით განსხვავდება პროსტიტუცია იმ პროფესიებისგან, რომლებშიც ძირითადად ქალები არიან დასაქმებულნი. პროსტიტუციის კონტრაქტი წარმოადგენს კონტრაქტს ქალთან და ამიტომ ვერ ჩაითვლება დასაქმების კონტრაქტის ერთ-ერთ სახეობად ე.ი. ისეთ კონტრაქტად, რომელიც კაცებს შორის იდება. მიუხედავად იმისა, რომ კაპიტალისტურ ბაზარზე პროსტიტუციის კონტრაქტი ბეჭედდარტყმულია, დასაქმების კონტრაქტებისგან იგი მნიშვნელოვნად განსხვავდება. მაგალითად, მუშა შეთანხმებას ყოველთვის კაპიტალისტთან დებს. მეძავიც უბრალოდ მუშა რომ იყოს, მაშინ პროსტიტუციული კონტრაქტიც ასევე კაპიტალიტთან დაიდებოდა; მაგრამ ძალიან ხშირად, თავად კაცი, რომელიც მეძავთან შეთანხმებაში შედის – სწორედ რომ მუშაა.
შეიძლება შეგვეკამათონ, რომ თუ მეძავი ‘მასაჟის სალონში’ მუშაობს, მაშინ ის ანაზღაურებადი თანამშრომელია და შრომით კონტრაქტს ექვემდებარება. და მაინც, პროსტიტუციული კონტრაქტი არ წარმოადგენს შრომით კონტრაქტს. ვინაიდან ის იდება არა დამსაქმებელთან, არამედ -კაც კლიენტთან. მეძავი შეიძლება იყოს ან არც იყოს ანაზღაურებადი თანამშრომელი (მუშა).  ხანდახან  პროსტიტუციაში ჩართულ ზოგ ქალს უფრო სამართლიანად – ‘’მცირე ბიზნესმენებად’’ მოიხსენიებენ. თუმცა ეს დაყოფა  არარელევანტურია იმ საკითხთან მიმართებაში თუ რას წარმოადგენს პროსტიტუცია. არის ეს თავისუფალი სამუშაო და თავისუფალი გაცვლა, თუ ექსპლუატაცია, ან სუბორდინაციის სპეციფიკური ფორმა? არ აქვს მნიშვნელობა მეძავი მუშაა თუ მცირე მიზნესმენი, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება  მისი შრომით თუ მომსახურეობით ვაჭრობა კონტრაქტის სახედ ჩაითვალოს, თუ პროსტიტუციის კონტრაქტი შრომით კონტარქტადაა დანახული. კონტრაქტის გადმოსახედვიდან, შრომითი კონტრაქტი უსასრულოდ ლავირებადია – მან შეძლო  თავის ჩარჩოებში მოექცია  სამოქალაქო მონობა, პროსტიტუციული კონტრაქტები, რომლებიც სამხედრო ბორდელებში, ჯარისკაცებისთვის თუ ემიგრანტ მუშებისთვის იდებოდა. ასე რომ, განურჩევლად იმისა, არის მეძავი ექპლუატირებული, თავისუფალი მუშა თუ მცირე მიზნესმენი, მისი სამუშაო ძალა და გაწეული მომსახურება კონტრაქტით გაყიდულად ითვლება. როგორც ერიქსონი ამბობს, მეძავი ყიდის „არა თავის სხეულს ან ვაგინას, არამედ სექსუალურ მომსახურებას. მართლა საკუთარი თავით ვაჭრობა მას არა მეძავად, არამედ სექს-მონად აქცევდა“. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ის ისევე დაემსგავსებოდა მონას, როგორც მუშა წააგავს ანაზღაურებად მონას.
სამუშაო ძალა პოლიტიკური ფიქციაა. კაპიტალისტს არ შეუძლია მომსახურების ან სამუშაო ძალის კონტრაქტულად გამოყენება. შრომითი კონტრაქტი დამქირავებელს კონტრაქტით გაწერილ ვადაში უფლებამოსილებას  არა მარტო დაქირავებულის სამუშაო ძალის გამოყენებაზე, არამედ მის სხეულზე და პიროვნებაზეც აძლევს. ამის მსგავსად, მეძავის მომსახურება ვერ იქნება გამოყენებული თუ იგი ფიზიკურად არაა ხელმისაწვდომი. მატერიალური საკუთრებისგან განსხვავებით, საკუთრება, რომელიც ადამიანის სხეულის ან მეობის ნაწილია,  ვერ გაიმიჯნება მფლობელისგან. კლიენტი  სწორედ დამქირავებლის მსგავსად იძენს ძალაუფლებას ქალის სხეულსა თუ პიროვნებაზე. და სწორედ ამ ეტაპზე იშლება ზღვარი დაქირავებულ მონასა და მეძავს, შრომით და პროსტიტუციულ კონტრაქტებს შორის. კაპიტალისტის ინტერესი მუშის სხეულს და პიროვნებას არ მიემართება, ყოველ შემთხვევაში იმ ტიპის ინტერესი მაინც არა, როგორიც პროსტიტუციულ შეთანხმებაში შესულ კაცს აქვს.  იგი  პირველ რიგში მუშისგან წარმოებული საქონლით და მოგებით არის  დაინტერესებული. სამუშაო ძალის მფლობელსა და მის საკუთრებას შორის ურთიერთობას ის თავისებურება ახასიათებს, რომ მას  მუშების ორგანიზება უწევს, ე.ი. პროდუქციის წარმოებისთვის მან მუშები უნდა ამუშაოს.  მაგრამ ხშირად,  დამქირავებელს მუშების მოწყობილობებით და რობოტებით  ჩანაცვლება შეუძლია, როგორც ეს მოხდა 1980-იან წლებში. მართლაც, დამქირავებლებს მუშას მანქანა  ურჩევნიათ, რადგან ეს უკანასკნელი ერთგულ მონას წააგავს. მას არ შეუძლია არ-დამორჩილება, დამქირავებლის ბრძანებების წინააღმდეგობის გაწევა ან პროფკავშირების და რევოლიციური ასოციაციების დაარსება. მეორე მხრივ, თუ დამსაქმებელი  თავის ყველა მუშას რობოტით ჩაანაცვლებს, მაშინ ის უბრალო მფლობელად იქცევა. ხოლო  დამქირავებლის ინტერესი მუშას, როგორც პიროვნებას მიემართება იმიტომ, რომ მათ გარეშე ის წყვეტს მბრძანებლად ყოფნას და კარგავს დაქვემდებარებულ პირებზე ბრძანების გაცემის სიამოვნებას.
დამსაქმებლისგან განსხვავებით, კაცს, რომელიც პროსტიტუციულ კონტრაქტში შედის, მხოლოდ ერთი ინტერესი აქვს: მეძავი და მისი სხეული. ბაზარზე უკვე მოიპოვება ქალის  შემცვლელი მოწყობილობები, როგორიცაა, მაგალითად, გასაბერი თოჯინები. მუშის ჩამნაცვლებელი მოწყობილობებისგან განსხვავებით, ეს გასაბერი თოჯინები რეკლამირდება, როგორც „თითქოს-ცოცხალი“.  მუშის შემცვლელი მანქანებისგან განსხვავებით,  რომლებიც ფუნქციურ ჩამნაცვლებლებს წარმოადგენენ, თოჯინები პირდაპირი მნიშვნელობით ანაცვლებენ ქალებს. პლასტმასის ქალსაც კი შეუძლია კაცს იმის შეგრძნება მისცეს, რომ იგი პატრიარქი მბრძანებელია. პროსტიტუციაში შეთანხმების საგანი ქალის სხეული და ამ სხეულზე წვდომაა. ის, რომ სხეულები ბაზარზეა გამოტანილი გასაყიდად, ძალიან ჰგავს მონობას. შესაბამისად, სახელფასო მონობის მეძავით და არა მამაკაცი მუშით გასიმბოლოება საფუძველს არაა მოკლებული. მაგრამ პროსტიტუცია სახელფასო მონობისგან განსხვავდება, რადგან არც ერთ სხვა შემთხვევაში, სამუშაო ძალა არ იმიჯნება სხეულისგან. მხოლოდ პროსტიტუციული კონტრაქტი იძლევა ქალის ცალმხრივი გამოყენების უფლებას.
ამ ეტაპზე, კონტრაქტის დამცველებმა შეიძლება გვიპასუხონ, რომ სხეულს მეტისმეტად დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ. და თუ მაინცდამაინც სხეულზეა საუბარი და არა მომსახურებაზე(როგორც ეს უნდა იყოს) – ადამიანს მორალური თავისუფლების შენარჩუნება შეუძლია მაშინაც კი თუ მისი სხეული ან სხეულის ნაწილი სხვის მიერაა გამოყენებული. სხეული და პიროვნული მე სხვადასხვაა – ასე რომ, სხეულის გამოყენების შემთხვევაში, პიროვნება არ ზიანდება. დევიდ რიჩარდსი აკრიტიკებს როგორც  კანტს, ასევე მარქსისტებს და ფემინისტებს, რომლებიც, მისი თქმით, ამ საკითხში კანტს ეყრდნობიან. კანტი პროსტიტუციას გმობდა, როგორც სასირცხვო შეთანხმებას იმ გაგებით, რომ სხეულის ნაწილის გაყიდვა სექსუალური მოხმარებისთვის იგივეა რაც საკუთარი „მე“-ს საკუთრებად ქცევა, ხოლო  ეს „ადამიანის ნაწილების განუცალკეობის“ პრინციპს ეწინააღმდეგება. კანტი წერს, რომ ადამიანს არ შეუძლია თავისი თავის განკარგვა ისე, როგორც მას სურს:
“ადამიანი არ არის თავისი თავის საკუთრება; საპირისპიროს მტკიცებას წინააღმდეგობამდე მივყავართ. რადგან მანამ, სანამ იგი „ადამიანია“, ის წარმოადგენს სუბიექტს, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს საკუთრება. ხოლო თუ იგი თავისი თავის საკუთრებას წარმოადგენს, მაშინ ის უნდა იყოს ისეთი საგანი, რისი საკუთრებაც მას შეუძლია. შეუძლებელია იყო ერთდროულად ადამიანი და საგანი, მესაკუთრე და საკუთრება.“
რიჩარდსი ამტკიცებს, რომ კანტის მიერ პროსტიტუციის დაგმობა წინააღმდეგობაში მოდის მის ავტონიმიის ზოგად კონცეფციასთან. მე აქ არ ვეცდები იმის განხილვას, რა უფრო შეუთავსებელია ამ კონცეფციასთან, კანტის ეს შეხედულება თუ მისი აზრი სახელფასო შრომაზე, ან თუნდაც  ქორწინების კონტრაქტზე, რადგან რიჩარდსს იმის ხსენება ავიწყდება, რომ კანტი აქ პატრიარქალურ უფლებას იცავს და ამიტომ ბუნებრივია, რომ მას ქალების ავტონომიის და საკუთარი „მეს“ უარყოფა უწევს. კანტის თეორიას ის შეუთავსებლობა ახასიათებს, რომ მას სექსუალური კონტრაქტის პირობების ცოლ-ქმრულ ურთიერთობებში მოქცევა სურს.   ქალის სხეულის, როგორც საკუთრების, გამოყენება მხოლოდ ქმრისთვისაა დასაშვები, ქალს კი საკუთარი სხეულის ბაზარზე გაყიდვის უფლება არ აქვს. რიჩარდსი გვარწმუნებს, რომ პროსტიტუციის გმობა სექსუალური თავისუფლების ხელოვნურად შევიწროების ტოლფასია. საკუთარი „მე“-ს განხორციელება არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს ინდივიდის მორალური ავტონომიისთვის. რიჩარდსის არგუმენტი დაფუძნებულია რაციონალურ, განუსხეულებელ არსებებზე, რომლებიც კანტის კონტრაქტის თეორიის და როულსის  თავდაპირველი პოზიციის სამყაროში ცხოვრობენ. ავტონომია წარმოადგენს „ადამიანის თვითკრიტიკულ უნარს, საკუთარი სურვილების და ცხოვრების განსაზღვრისთვის. ავტონომიის განხორციელების შედეგად, ადამაინი თვითკრიტიკულად განიხილავს თავის სხეულს და უნარებს იმ მიზნით , გაიგოს თუ რას წარმოადგენს მისი ცხოვრება. მოკლედ რომ ვთქვათ, თავისუფლება წარმოადგენს საკუთრებასთან გარეგანად დაკავშირებული მფლობელის შეუზღუდავ შესაძლებლობას გადაწყვიტოს, როგორ განკარგოს სხეული. ადამიანი უდავოდ ფლობს კრიტიკული თვით-რეფლექსიის უნარს და ეს უნარი შეგვიძლია გავიგოთ, როგორც რაციონალური გამოთვლა იმისა, თუ რა მაქსიმალური სარგებლით შეგვიძლია საკუთრების განკარგვა.
ადამიანის რთული და მრავალფეროვანი პოტენციალი რომ არ დაყვანილიყო ამ უბადრუკ, კულტურულად და ისტორიულად სპეციფიკურ მიღწევამდე,  პატრიარქალური სამოქალაქო საზოგადოება ვერ განვითარდებოდა. რიჩარდ ლავლეისმა რიჩარდსის „ავტონომია“ უფრო ლაკონურად შეაჯამა:

„ქვის კედლები არ აგებენ საპყრობილეს,

არც რკინის გისოსები – გალიას“.

ეს ძალიან სუბიექტური თუ სოციალურად ტანგენციალური (თუმცა ზოგ შემთხვევაში -გმირული) მორალური თუ სულიერი თავისუფლების კონცეფცია შეუსაბამოა პროსტიტუციაზე ან სამოქალაქო სუბორდინაციის სხვა ფორმებზე მსჯელობასთან მიმართებაში. სამოქალაქო სუბორდინაცია წარმოადგენს არა მორალურ, არამედ პოლიტიკურ პრობლემას, თუმცა იგი მოიცავს მორალურ პრობლემებს. მცდელობა, ვუპასუხოთ კითხვას, თუ რა არის უსამართლო პროსტიტუციაში, გვიბიძგებს ისეთი საკითხების განხილვისკენ, როგორიცაა პოლიტიკური უფლება პატრიარქალური უფლების სახით ან კაცის უფლება სექსზე. ჩაგრული ადამიანები ყოველ დღე ეწევიან კრიტიკულ თვით-ანალიზს; ისინი ფიქრობენ იმაზე, თუ რატომ არიან მათი მბრძანებლები გაბრაზებული ან ზოგჯერ  – თუ როგორ ხდება მათი გადატრიალება. მაგრამ ვიდრე მბრძანებლები არ დაემხობიან და ვიდრე ჩაგრული ჯგუფები არ ჩაერთვებიან პოლიტიკურ აქტივობაში, ვერანაირი კრიტიკული აზროვნება ვერ დაასრულებს მათ მონობას და ვერ მოუტანს მათ თავისუფლებას.
ის დაშვება, რომ ადამიანის სხეულებრიობა წარმოადგენს არა შემთხვევით და ცვალებად, არამედ უფრო მნიშვნელოვან ფაქტორს თავისუფლებასთან და სუბორდინაციასთან მიმართებაში, შეიძლება არ კმაროდეს იმისთვის, რომ პროსტიტუცია სხვა პროფესიებისგან განვაცალკევოთ ან ვაღიაროთ, რომ პროსტიტუციაში რაღაც ისეთია უსამართლო, რაც სხვა სახის დაქირავებულ შრომას არ ახასიათებს.
მართალია, მეძავის სხეული ბაზარზეა გატანილი გასაყიდად, მაგრამ არსებობს სხვა პროფესიებიც, რომლებშიც სწორედ სხეული წარმოადგენს დამქირავებლის პირდაპირ ინტერესს. მაგალითად, დღეს, როდესაც სპორტი პატრიარქალურ-კაპიტალისტური სისტემის ნაწილია, პროფესიონალი  სპორტსმენის სხეულიც კონტრაქტით განკარგვას ექვემდებარება. ორლანდო პეტერსონი განიხილავს ბეისბოლის მაგალითს შეერთებულ შტატებში, სადაც 1975 წლამდე გუნდის მფლობელს მოთამაშის მტერიალური საკუთრებასავით ყიდვა-გაყიდვა შეეძლო. პეტერსონი ხაზს უსვავს იმ ფაქტს, რომ ბეისბოლის მოთამაშეები არ იყვნენ და არ არიან მონები, არამედ იურიდიულად თავისუფალი მოქალაქეები და მიუხედავად იმისა, რომ დღეს მათი ხმა უფრო კარგად ისმის, მათი სხეულებით ვაჭრობა ისევ გრძელდება. პეტერსონი აღნიშნავს, რომ დღესდღეობით დამქირავებლის მოთხოვნა არ არის, რომ დასაქმებულები:

„გატიტვლებულნი იდგნენ აუქციონზე, სადაც მათ ექიმები და დამქირავებლები შეამოწმებენ. მაგრამ როდესაც დამქირავებელი პროფესიონალი ათლეტისგან ან მუშისგან სამედიციონო სერტიფიკატს ითხოვს, ის არა მარტო ემგვანება მონათმფლობელს, რომელიც გემით  ჩამოსულ თავის ახალ მონებს ამოწმებს, არამედ ასევე  შუქს ფენს იმ აბსურდულობას, რომელიც  „ცარიელა სხეულების“ და ამ სხეულებისგან შესრულებული  მომსახურებას შორის განსხვავებას ახასიათებს.“

გაყიდული სხეულების გამოყენება სხვადასხვანაირად ხდება. ბეისბოლის გუნდის მფლობელს  მოთამაშის სხეულზე უფლებამოსილება აქვს, მაგრამ მისი სხეული უშუალოდ სექსუალური მიზნით არ არის  გამოყენებული.
სხეულს და საკუთარ „მე“-ს შორის შინაგანი კავშირი არსებობს. ისინი არ არიან იდენტურნი, მაგრამ ეს უკანასკნელი სხეულისგან  განუყრელია. ადამიანის საკუთრების კონცეფციას უნდა ვუმადლოდეთ სოციალურ ურთიერთობებში სხეულის როლის აღიარებას. სამოქალაქო მფლობელობა, ისევე როგორც მონათმფლობელობა არ  ვრცელდება მხოლოდ ბიოლოგიურ არსებებზე, რომელთა გამოყენებაც ფიზიკური საკუთრებასავითაა (ცხოველებივით) შესაძლებელი. მესაკუთრეს ვერ მოატყუებთ სამუშაო ძალის თუ სერვისის უსხეულო ფიქციით. ისინი კონტრაქტით სწორედ ადამიანის განსხეულებულ ‘მეს’ გამოყენებაზე თანხმდებიან. სწორედ განსხეულებულობა აძლევს მათ უნარს, შეასრულონ მოთხოვნილი სამუშაო, მოერგონ დისციპლინას, აღიარება უბოძონ და სათანადო მომსახურება გაუწიონ კაცს, რომელის ამ ყველაფრის ადამიანის სხეული და ‘მე’ სქესობრივ დაყოფასაც განიცდის სხეულის და პიროვნული ‘მეს’ მჭიდრო კავშირის ილუსტრაციას წარმოადგენს კაცების მიერ ქალის მისივე სასქესო ორგანოთი მოხსენიება, ისევე როგორც კაცზე დაკნინებით საუბრისას – პენისთან დაკავშირებული სლენგის გამოყენება.

მამაკაცურობა და ქალურობა სექსუალური იდენტობებია; პიროვნული მე მთლიანად სექსუალობის კატეგორიაში არ მოიაზრება, მაგრამ იდენტობა განუყრელია „მე“-ს  სექსუალური კონსტრუქციისგან. თანამედროვე პატრიარქატში, ქალის სხეულის გაყიდვა სხვა, უფრო ღრმა მნიშვნელობის მატარებელია, ვიდრე ბეისბოლის მოთამაშის სხეულით ვაჭრობა ან მუშის მიერ საკუთარი სამუშაო ძალის გაყიდვა. სექსუალური კონტრაქტის ისტორია გვაჩვენებს, რომ ფემინურობას და მასკულინობას შორის არსებული განსხვავება პოლიტიკური განსხვავებაა  თავისუფლებასა და დაქვემდებარებულობას შორის და კაცისთვის სექსუალური მეპატრონეობა მისი მამაკაცობის დამტკიცების ერთ-ერთი გზაა. როცა კაცი მეძავთან კონტრაქტს დებს, ის არაა დაინტერესებული ხორცშეუსხმელი მომსახურებით; იგი კონტრაქტს ქალის დროებით  გამოყენებისთვის დებს. სხვა რატომ ენდომებოდათ ამ ბაზარზე მოვაჭრე კაცებს „ხელით შვების მოგვრისთვის“ ფულის გადახდა? რა თქმა უნდა, კაცებს თავიანთი მამაკაცურობის დამტკიცება სხვა გზებითაც შეუძლიათ, მაგრამ საპირისპორო სქესთან შედარებით, მათთვის აღიარება უშუალოდ „სექსუალურ აქტით“ დაკავებიდან მოდის. სექსუალური აქტით დაკავებით ქალობაც მტკიცდება, ასე რომ როდესაც მეძავი კონტრაქტით თავის სხეულს ყიდის, იგი თავის თავს პირდაპირი მნიშვნელობით ყიდის. სხვა საქმიანობებთან შედარებით, ქალის საკუთარი „მე“ სხვანაირადაა ჩართული პროსტიტუციაში. ყველა სახის მუშა შეიძლება ღრმად „შეყვეს“ მუშაობას, მაგრამ  მჭიდრო კავშირი საკუთარ „მე“-ს და სექსუალობას შორის ნიშნავს იმას, რომ თავდაცვის მიზნით, მეძავს უწევს საკუთარი პიროვნების მუდმივი დისტანცირება თავისივე საქმიანობისგან.

პროსტიტუციაში ჩართულ ქალებს  კლიენტებთან განმკლავებისთვის გამომუშავებული აქვთ  მრავალფეროვანი დისტანცირების სტარატეგიები და პროფესიული მიდგომები. ეს დისტანცირება კაცებისთვის ქმნის პრობლემას, რომელიც მონას და მეპატრონეს შორის შეუთავსებლობის მორიგ ვარიანტად შეგვიძლია დავინახოთ. პროსტიტუციული კონტრაქტი კაცებს თავიანთი თავის სამოქალაქო მეპატრონედ წარმოდგენის საშუალებას აძლევს და სხვა მეპატრონეების მსგავსად, მათ თავიანთი სტატუსის აღიარების მიღება სურთ. აილინ მაკლიოდი ბირმინგენში ესაუბრა როგორც კლიენტებს, ასევე მეძავებს და იმის გათვალისწინებით, რომ მისი შედეგები შეერთებულ შტატებში და ბრიტანეთის სხვა ქალაქებში ჩატარებულ მსგავს გამოკვლევებს ემთხვევა, იგი აცხადებს, რომ „თითქმის ყველა მამაკაცმა, ვისთანაც ინტერვიუ მქონდა, დაიწუწუნა მეძავების ცივ ემოციურობაზე  და ვაჭრულ მიდგომაზე“. მეპატრონეს სჭირდება მომსახურება, მაგრამ მას ასევე იმის მოთხოვნილება აქვს, რომ ეს მომსახურება ადამიანმა,  პიროვნებამ და არა რაღაც ხორცშეუსხმელმა საკუთრების ნაწილმა გაუწიოს. ჯონ სტუარტ მილმა ცოლების სუბორდინაციის შესახებ შენიშნა, რომ „მათი მესაკუთრეები მათგან  რაღაც უფრო მეტს ელიან, ვიდრე მომსახურებას პირდაპირი მნიშვნელობით. კაცებს არ ჰყოფნით უბრალოდ ქალების მორჩილება, მათ ასევე მათი გრძნობების საკუთრება სურთ. ყველა კაცს,  ყველაზე სასტიკი ინდივიდების გამოკლებით, სურს არა დაძალებული მონა, არამედ თავისუფალნებიანი საყვარელი.“

დამქირავებელმა ან ქმარმა უფრო ადვილად შეიძლება მიიღოს ერთგული მომსახურება და მეპატრონედ აღიარება, ვიდრე კაცმა, რომელიც პროსტიტუციულ შეთანხმებაში შედის.  სამოქალაქო მონობის, დასაქმების და ქორწინების კონტრაქტები სუბორდინაციული ურთიერთობების უფრო გრძელვადიან პრაქტიკებს ქმნიან. პროსტიტუციის კონტრაქტი მოკლევადიანია და კლიენტს არ უწევს მისით  ყოველდღიურად სარგებლობა. პროსტიტუციის კონტრაქტი წარმოადგენს არა ისეთივე ღია კონტრაქტს, როგორიც შრომის კონტრაქტი და გარკვეულწილად, ქორწინების კონტრაქტია, არამედ წარმოადგენს შეთანხმებას სპეციფიკურ პერფორმანსზე.  პროსტიტუციულ და შრომით კონტრაქტებს შორის სხვა განსხვავებებიც არსებობს. მაგალითად, პროსტიტუციაში „გაცვლის“ დროს არამომგებიან მდგომარეობაში ყოველთვის მეძავია.  გარდა იმისა, რომ კლიენტი პირდაპირ იყენებს მის სხეულს, არ არსებობს ობიექტური კრიტერიუმი, რის მიხედვითაც მისი მომსახურების შეფასება იქნებოდა შესაძლებელი. პროფკავშირები ხელფასზე და სამუშაო პირობებზე დაობენ, მათი პროდუქცია კი ‘ხარისხის კონტროლს’ ექვემდებარება. მათგან განსხვავებით, მეძავებს ყოველთვის შეიძლება იმ მიზეზით არ გადაუხადონ(და ვინ შეიტანს ეჭვს მათ  სუბიექტურ განსჯაში?), რომ მათი მომსახურება არ იყო დამაკმაყოფილებელი.
დასაქმების კონტრაქტის ხასიათი მფლობელობის არა მარტო ღია და პირდაპირ, არამედ  შეუმჩნევი გზებით აღიარების შესაძლებლობასაც იძლევა. მუშა მამრობითია და სუბორდინაციული ურთიერთობების შექმნისას კაცებმა უნდა დაამტკიცონ სამოქალაქო თანასწორობა და ძმობა (თორემ სოციალური კონტრაქტი ვერ განხორციელდება). პროსტიტუციის შემთხვევაში, მსგავსი დელიკატურობისთვის არც დროა და არც საჭიროება. ასეთ ურთიერთობებში, ზედმეტი გაურკვევლობა არაა საჭირო. ამ კონტექსტში თვითონ  „სექსუალური აქტით“ ხდება პატრიარქალური უფლების აღიარება. როდესაც ქალის სხეული კაპიტალისტურ ბაზარზე იყიდება, თავდაპირველი კონტრაქტის პირობების დავიწყება არ შეიძლება. აქ კაცის უფლება სექსზე საჯაროდაა დამტკიცებული და კაცს, როგორც ქალის სექსუალურ მფლობელს, საჯაროდ ენიჭება აღიარება  – სწორედ ამაში მდგომარეობს პროსტიტუციის უსამართლობა.
აღსანიშნავია კიდევ ერთი განსხვავება პროსტიტუციულ და სხვა ტიპის კონტრაქტებს შორის. მე ადრე ავღნიშნე, რომ ადამიანის საკუთრების კონტრაქტის მიხედვით, ერთი მხარე დაცვის სანაცვლოდ მორჩილებას იღებს. სამოქალაქო მონები და ცოლები სამუდამო დაცვას იღებენ. საოჯახო გასანმრჯელოში სწორედ დაცვა შედის  და რადგან ამ კონტექსტში სამუშაო ძალის გამოწურვა კაპიტალისტური მეწარმეობისთვის დიდ ორგანიზაციულ სირთულეებთანაა დაკავშირებული, დაცვა, როგორც ანაზღაურების ფორმა უფრო მოსახერხებელია, ვიდრე ფულადი გასამრჯელო. მაგრამ სად არის დაცვა პროსტიტუციულ კონტრაქტში? სუტენიორი მეძავის და კლიენტის კონტრაქტს გარეთ მყოფი პირია, ამიტომ მისი როლი შეესაბამება სახელმწიფოს როლს, რომელიც შრომის და ქორწინების კონტრაქტებს გარედან არეგულირებს და ხელს უწყობს . პროსტიტუციის მოკლევადიანი კონტრაქტი არ შეიცავს იმ დაცვის პირობას, რასაც გრძელვადიან კონტრაქტები შეიცავენ. ამ ლოგიკით, პროსტიტუცია კონტრაქტის დამცველების იდეალს წარმოადგენს. ინდივიდი, როგორც მესაკუთრე, არასდროს იღებს საკუთარ თავზე სამომავლო  ვალდებულებას, რადგან ეს საკუთარი თავის სხვების ინტერესებისთვის მძევლად მიცემის ტოლფასი იქნებოდა. ამ გაგებით, ინდივიდი ერთდროულ, შეუძლებელ გაცვლას აკეთებს, რადგან გამოყენება  ხდება ადამიანის, როგორც საკუთრების. ქალის სხეულის ფულზე გაცვლა ასეთი თანადროული გაცვლის ყველაზე ზუსტი ვარიანტია. მარქსისთვის პროსტიტუცია ანაზღაურებადი შრომის მეტაფორას წარმოადგენს. უფრო სწორი ანალოგია უფრო სასაცილოა. საკუთრების (მომსახურების) გაყიდვის  კონტრაქტარიანული კონცეფცია შეუზღუდავი ორმაგი ხმარებას ან უნივერსალურ პროსტიტიცუას წარმოადგენს.
იმ ფემინისტური არგუმენტის მსგავსად, რომელიც მეძავებს სხვა მუშებთან ათანაბრებს, კონტრაქტის პოზიციიდან პროსტიტუციის გამართლებაც ეყრდნობა იმ ვარაუდს, რომ ქალები არიან „ინდივიდები“, რომლებსაც თავიანთ თავზე, როგორც საკუთრებაზე სრული უფლებამოსილება გააჩნიათ. სამ ზემოდმოხსენებულ ქვეყანაში ზოგიერთი  კანონი ქალებს კვლავ უკრძალავს თავიანთი სექსუალური ნაწილებით ვაჭრობას. როდესაც ამ თავის წერას ვამთავრებდი, ნიუ ჯერსის მოსამართლემ „ჩვილი სახელად M“-ის საქმის განხილვის შედეგად დაასკვნა, რომ ქალებს თავიანთი სხეულის კიდევ ერთი ნაწილის – საშვილოსნოს კონტრაქტით გაყიდვა შეუძლიათ და რომ მათ ამ კონტრაქტის პირობების შესრულებაზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ. ეს ე.წ. სუროგატული დედობის კონტრაქტი ახალი ფენომენია და იგი ქალსა და კონტრაქტს შორის მორიგ შეუთავსებლობის დრამატულ მაგალითს წარმოადგენს. სუროგაციის კონტრაქტი ასევე გვაჩვენებს, რომ თანამედროვე პატრიარქატში გარკვეული ცვლილებები მიმდინარეობს.  მამობრივი უფლება თავს ახალი, კონტრაქტული ფორმით იჩენს.
მე აქ არ განვიხილავ დედობას ზოგადად, არამედ იმას რომ ‘სუროგატ დედობად’ სახელდებულ ფენომენს თითქმის არაფერი აქვს საერთო დედობის ფართოდ გაგებულ კონცეფციასთან. სუროგაციის კონტრაქტის პოლიტიკური არსი მხოლოდ მაშინ შეგვიძლია შევაფასოთ სათანადოდ, თუ სუროგაციას შევხედავთ როგორც სექსუალური კონტრაქტის მორიგ გამოვლინებას,  როგორც კაცის მიერ ქალის სხეულზე წვდომის მორიგ ახალ ფორმას. კონტრაქტის მიხედვით სუროგატი ქალი  ხელოვნურად ნაყოფიერდება კაცის სპერმით (წესით სპერმა ეკუთვნის ქმარს, ვისი ცოლიც უნაყოფოა) ბავშვის გაჩენის და შემდეგ მისი გენეტიკური მამისთვის გადაცემის მიზნით. სანაცვლოდ „სუროგატი“ იღებს ფულად კომპენსაციას; ამ მომსახურების საბაზრო ფასი დღესდღეობით 10 000 ამერიკული დოლარია.
ხელოვნური განაყოფიერება ნამდვილად არ არის ახალი – პირველი ადამიანის დაფეხმძიმება ამ გზით 1799 წელს მოხდა, თუნცა დღეს სუროგატული დედობის განხილვა ხშირად ხდება ისეთ მიღწევებთან მიმართებაში, როგორიცაა ახალი ტექნოლოგიების შედეგად მიღებული ინ ვიტრო განაყოფიერება. (ინ ვიტრო განაყოფიერება დღეს კაპიტალისტურ ბაზარზე იყიდება და მიუხედავად იმისა, რომ წარმატებული განაყოფიერებების პროცენტი ძალიან დაბალია, ყოველ წლიურად 30-40 მილიონი დოლარით ფასდება). ახალი ტექნოლოგიების წყალობით გაჩნდა სუროგაციის ახალი ფორმები.  მაგალითად, დაქორწინებული წყვილის კვერცხუჯრედი და სპერმა ჯერ ინ ვიტრო პროცედურის მეშვეობით ჯვარდება, ხოლო შემდეგ ემბრიონი სუროგატის მუცელში თავსდება. ამ შემთხვევაში, ახალშობილი ცოლ-ქმრის გენეტიკური შთამომავალია და ამ ტიპის სუროგატული კონტრაქტი მნიშვნელოვნად განსხვავდება ხელოვნური განაყოფიერების კონტრაქტისგან. მე ყურადღებას ამ უკანასკნელზე იმიტომ ვამახვილებ, რომ  მამობაზე და პატრიარქატზე დასკვნა გამოვიტანო, მაგრამ მსგავსი ტექნოლოგიური მიღწევები, ისევე როგორც ინ ვიტრო სუროგაცია, უკავშირდება უფრო ზოგად და მნიშვნელოვან პრობლემებს ქალის სხეულის კონტრაქტულად გამოყენებასთან დაკავშირებით.
1987 წელს ლეგალური კონსენსუსი სუროგაციის სტატუსზე თუ ლეგიტიმურობაზე ჯერ კიდევ არ არსებობს. შეერთებულ შტატებში, ჩვილი სახელად M’ – ის საქმეზე გამოტანილმა გადაწყვეტილებამ – დავა წარმოებდა სუროგატ დედასთან, რომელსაც ახალშობილი ბავშვის დათმობა არ სურდა – ნათლად დაამტკიცა მსგავსი კონტრაქტების კანონიერი ძალა(ეს საქმე ახლაც აპელაციაშია ნიუ ჯერსის სასამართლოში). სუროგაციის ცენტრები ამ ამბანდე დიდი ხნით ადრეც არსებობდა. პრესის თანახმად, სუროგაციული კონტრაქტი 600-ზე მეტ ქალთანაა გაფორმებული, აქედან მინიმუმ ერთ-ერთ მათგანთან – ორჯერ. სააგენტოების საქმიანობა მომგებიანია – ოფიციალური ცნობით, ერთ-ერთმა მათგანმა  1986 წელს 600 000 დოლარი გამოიმუშავა. ავსტრალიაში, მხოლოდ ვიქტორიაში მოხდა ამ საკითხის იურიდიულად დარეგულირება და შედეგად, კომერციული სუროგაცია და არაფორმალურ გარიგებები აიკრძალა. ბრიტანეთში 1985 წლის სუროგაციის გარიგებების აქტმა კომერციული სუროგაციის კონტრაქტები ეფექტურად აკრძალა. მესამე მხარისთვის სუროგაციით სარგებლის მიღება კრიმინალური დანაშაულია, ხოლო სუროგატი დედისთვის ფულის გადახდა ან მის მიერ ფულის აღება „შვილის აყვანის“ აქტით შეიძლება დანაშაულად ჩაითვალოს. არაკომერციული სუროგაცია ლეგალურია.
ამ ეტაპზე თავს იჩენს ადრინდელი არგუმენტი პროსტიტუციასა და ლეგალურ პროსტიტუციაზე(ქორწინებაზე). ნუთუ კონტრაქტი, რომლიც ქალს მომსახურებისთვის ფულის მიღების საშუალებას  აძლევს უფრო გულწრფელი არ არის, ვიდრე ქორწინება ან არაფორმალური სუროგაცია? უოლერის კომიტეტის მოხსენება, რომლის საფუძველზეც შემდგომ ვიქტორიას კანონმდებლობა დამტკიცდა  (რომელიც სუროგატ დედობას ინ ვიტრო განაყოფიერების კონტექსტში განიხილავდა) გვირჩევს, რომ არც კომერციული და არც არაკომერციული სუროგაცია უნდა იყოს ინ ვიტრო პროგრამების ნაწილი. მაგრამ ნუთუ სუროგატის მომსახურების საჩუქრის სახით მიღება უფრო დაშვებულია ვიდრე მისი ფულით ანაზღაურება? ბრიტანული კანონმდებლობა გვეუბნება, რომ ეს ასეა. თუმცა, სუროგაციის უანგარო ურთიერთობის ფორმად განხილვა ბადებს შემდეგ შეკითხვას: ვისთვის არის მომსახურება გამიზნული? არის ეს ერთი ქალისგან მეორესიდმი გაღებული წყალობის მაგალითი თუ ფულის სანაცვლოდ  კაცის სპერმით ქალის განაყოფიერება? პროსტიტუციის გამართლება ხშირად მის სოციალურ სამუშაოსთან ან თერაპიასთან შდარებით ხდება. სუროგატული დედობაც ხშირად ამ კონტექსტში წარმოჩინდება – როგორც უნაყოფო ქალებისადმი თანაგრძნობით გაწეული ანაზღაურებადი მომსახურება. სუროგატული კონტრაქტის კითხვის ნიშნის ქვეშ მოქცევა არ ნიშნავს იმის უარყოფას, რომ ქალები უნაყოფო ქალების მიმართ მართლა თანაგრძნობას  განიცდიან და რომ უნაყოფობა ზოგჯერ ქალების გაუბედურებას მართლა იწვევს (ასეთ განხილვებში ხშირად ავიწყდებათ ან უგუველყოფენ იმ ფაქტს, რომ უნაყოფო ცოლ-ქმარს შეუძლია თავის მდგომარეობას შეეგუოს   და ბედნიერად იცხოვროს). ისევე, როგორც პროსტიტუციაზე დისკუსიებში, აქაც, თანაგრძნობაზე დაფუძნებული არგუმენტები სუროგატული დედობის პრობლემას  ქალის პრობლემად და მიწოდების პრობლემად წარმოაჩენს. მოთხოვნა სუროგაციაზე და სუროგაციულ კონტრაქტში კაცების მონაწილეობა არაპრობლემატურადაა მიჩნეული
ხშირად ხდება სუროგაციის პროსტიტუციასთან შედარება. როგორც გამოჩენილმა ისტორიკოსმა, ლორენს სტოუნმა „ჩვილი სახელად M”-ის საქმესთან მიმართებით აღნიშნა, „კონტრაქტი უნდა შესრულდეს. ვაღიარებ, რომ ეს საკმაოდ უცნაური კონტრაქტია. შენ აქირავებ  შენს სხეულს. მაგრამ მეძავსაც კი მოეთხოვება კონტრაქტის შესრულება.“ არგუმენტთა უმრავლესობა, რომლებიც პროსტიტუციის წინააღმდეგ თუ მის მხარდასაჭერად გამოიყენება, სუროგაციასთან დაკავშირებულ კამათშიც იჩენს თავს. სუროგაციის კონტრაქტი უდავოდ აჩენს კითხვას კონტრაქტში შესვლის გარემოებებსა და ეკონომიკურ იძულებაზე. პატრიარქალურ კაპიტალიზმში, შრომის გენდერული დანაწილება და „სიღარიბის გაფემინურება“ მუშათა კლასის ქალებისთვის  სუროგაციული კონტრაქტის  ფინანსურ მიმზიდველობას უზრუნველყოფს.  იმის მიუხედავადაც კი, რომ მომსახურების დროის და ხასიათის გათვალისწინებით, ანაზღაურება ძალიან დაბალია.  ასევე ისმება სოციალურ კლასის საკითხი. „ჩვილი სახელად M”-ის შემთხვევაში, სუროგატმა დედამ სკოლას თავი  16 წლის ასაკში დაანება და ცოლად გაყვა კაცს, რომელიც დასუფთავების სფეროში მუშაობით წელიწადში 28,000 დოლარს გამოიმუშავებდა. ხოლო კონტრაქტის მეორე მხარის, ექიმის ხარისხის მქონე ცოლ-ქმრის საერთო შემოსავალი წელიწადში 91,500 დოლარს შეადგენს. და მაინც, კლასობრივ უთანასწორობასა და ეკონომიკურ იძულებაზე, როგორც კონტრაქტში შესვლის გარემოებაზე ხაზგასმას, ყურადღება გადააქვს კითხვიდან, თუ რისი გაცვლა ხდება და რა აქვს სუროგაციულ კონტრაქტს საერთო სხვა კონტრაქტებთან,რომლებიც ადამიანის, როგორც საკუთრებით ვაჭრობას ეხება.
ვიქტორიაში სუროგაცია იმ საფუძვლით   იყო უარყოფილი, რომ „რეალურად,ფულად გარიგებებში მონაწილეობა ბავშვებით ვაჭრობას ნიშნავს, რაც დაუშვებელია.“ ბავშვებით ვაჭრობა დაგმობილი და აკრძალულია თაობების მიერ. ჩვენ არ უნდა მივცეთ მას  დაბრუნების საშუალება. ბავშვის აყვანა მკაცრადაა რეგულირებული, რათა დავიცვათ ღარიბი ქალები, უფრო სწორედ თეთრკანიანი ღარიბი ქალები თავიანთი ბავშვების გაყიდვის შეთავაზების მიღებისგან. მსჯელობის ეს ხაზი პრობლემურია არა მისი ლოგიკური უკმარისობის გამო, არამედ იმიტომ რომ ‘ბავშვით ვაჭრობაზე’ აპელირება არანაირად არ ეთავსება კონტრაქტის თეორიას. კონტრაქტის გადმოსახედიდან, „ბავშვებით ვაჭრობის“ არგუმენტი  სუროგაციის ისეთივე მცდარ გაგებაზე მიუთითებს, როგორც ეს პროსტიტუციის შემთხვევაშია. მეძავი ყიდის არა თავის სხეულს, არამედ მომსახურებას. სუროგატული კონტრაქტიც  მომსახურების გაწევას და არა ბავშვით ვაჭრობას გულისხმობს. გამნსაზღვრელი – ‘სუროგატი’ მიუთითებს კონტრაქტის მიზანზე ‘დედობა’ შეუსაბამო გახადოს და „სუროგატის“ დედობა უარყოფილი იყოს. სუროგაციის კონტრაქტში შესული ქალი ანაზღაურებას ბავშვის მუცლით ტარებისთვის არ იღებს; ასეთი კონტრაქტი მართლაც ბავშვის გაყიდვის ტოლფასი იქნებოდა. სუროგატი დედა გასანმრჯელოს იღებს იმისთვის, რომ კაცს მისი მომსახურებით სარგებლობის საშუალება მიეცეს. კონტრაქტი იდება საშვილოსნოს, როგორც საკუთრების დროებით გადაცემაზე.
კონტრაქტის გადმოსახედიდან, ის ფაქტი, რომ მომსახურება დედობას გულისხმობს, სრულიად შემთხვევითია. საშვილოსნოს, როგორც საკუთრებას არ გააჩნია განსაკუთრებული სტატუსი. ქალმა ზუსტად იგივენაირად შეიძლება სხეულის სხვა ნაწილი გახადოს შეთანხმების საგანი. ის ფაქტი, რომ ბავშვის გადაცემას აქვს ადგილი, არანაირ განსაკუთრებულ მნიშვნელობას არ ატარებს.
სხვა სახის მომსახურებაზე დადებული კონტრაქტები, განსაკუთრებით ისინი, რომლებიც შრომითი კონტრაქტის ფორმას იღებენ, იგივე ტრაექტორიას მიყვებიან, ე.ი.  საკუთრებას მხოლოდ ერთი მხარის უფლებამოსილებას უქვემდებარებენ. მუშას თავისი შრომის შედეგზე პრეტენზია ვერ ექნება, რადგან ისინი კაპიტალისტს ეკუთვნის. მსგავსი ლოგიკით, სუროგატი დედის მომსახურეობით გაჩენილი ბავშვი იმ კაცის კუთვნილებაა, რომელმაც მომსახურეობისთვის კონტრაქტი დადო. „ჩვილი სახელად M”-ის საქმეზე მომუშავე მოსამართლემ ამას მკაფიოდ გაუსვა ხაზი. თავის გადაწყვეტილებაში მან გამოაცხადა, რომ:

„ფული სუროგატს გადაეხდება არა იმისთვის, რომ ბავშვი მამას გადასცეს… ბიოლოგიური მამა სუროგატს უხდის მისი გამოვლენილი ნებისთვის დაფეხმძიმდეს და ატაროს სხვისი ბავშვი. მამა არ ყიდულობს გაჩენილ ბავშვს,  რადგან იგი მისი ბიოლოგიური და გენეტიკური შვილია. იგი ვერ იყიდის იმას, რაც უკვე მისია.”

სუროგაციაზე საუბრისას, ხშირად ახსენებენ ორ ბიბლიურ ამბავს ძველი აღთქმიდან. პირველი ისტორიის მიხედვით, სარაი, რომელიც უნაყუფოა, თავის ქმარ აბრაამს შემდეგს ეუბნება: „გთხოვ, მიდი ჩემს მსახურთან; იქნებ მისგან მომევლინოს შვილი.“ შემდეგ სარაი თავის მსახურს, ეგვიფტელ მსახურს სახელად ჰაგარს, ცოლად მიჰგვრის აბრაამს.   მეორე ისტორიაში, რეიჩელი, მორიგი უნაყოფო ცოლი, თავის ქმარს, იაკობს „ცოლად მიუყვანს თავის მსახურს, ბილას, რომელშიც იაკობი შევა.“ ამ ბიბლიურ ისტორიებში სუროგატი არის მსახური, დაქვემდებარებული პირი, მაგრამ იგი ცოლის მსახურია. ამის გამო  შეიძლება  გააკრიტიკონ  სუროგატი დედის ჩემეული განმარტება, რომლის მიხედვითაც სუროგაციის მომსახურებით კაცი სარგებლობს. შემომედავებიან რომ, პირიქით,  ბიბლიური ისტორიები გვაჩვენებს, როგორი არასწორია  დღეს სუროგაციაზე წარმოდგენა და რომ მომსახურების მიმღებნი რეალურად ქალები არიან. სუროგატულ მომსახურებაზე კონტრაქტი ცოლ-ქმრის მიერ იდება. თუმცა მომსახურეობიდან არა ქმარი, არამედ მისი უნაყოფო ცოლი სარგებლობს, რომელიც კონტრაქტის მიხედვით ‘დედაა’. გამოდის, რომ შეთანხმება ქალებს შორის იდება(მიუხედავად იმისა, რომ განაყოფიერებისათვის კაცის სპერმაა გამოყენებული)
ქალების და კონტრაქტის საკითხი ირონიითაა სავსე. ისტორიულად, ქალების კონტრაქტიდან სისტემატური გამიჯვნის შემდეგ,სუროგაციის კონტრაქტი ქალის კონტრაქტად წარმოისახება, სადაც  ქალები მთავარ მხარეებად ითვლებიან. შედეგად იმალება არა მარტო ის ფაქტი, რომ  მომსახურებაზე მოთხოვნა კაცებისგან მოდის, არამედ განხორციელებული  „გაცვლის“ ნამდვილი ბუნებაც. ბრიტანეთში, ავსტრალიასა და შეერთებულ შტატებში  კითხვა, თუ მაინც ვინ სარგებლობს სუროგატის მომსახურებით გადაფარულია  ძლიერი სოციალური წნეხით დაქორწინებული წყვილებისათვის სუროგაციაზე წვდომის (და შესაბამისად ახალი რეპროდუქტიული ტექნოლოგიების გამოყენების) შეზღუდვის მიზნით. კონტრაქტის გამოსახედიდან, როგორც პროსტიტუციაში სექსზე მოთხოვნას არ გააჩნია სქესი, ანალოგიურად – სუროგაციაზე მოთხოვნაც გენდერულად ნეიტრალურია.   სუროგატ ქალთან კონტრაქტის დადება კაცს ქალის შუამავლობის გარეშეც შეუძლია, რადგან ფაქტობრივად ერთი ინდივიდი კონტრაქტით იყენებს მეორეს საკუთრებას. ცოლი კონტრაქტში ზედმეტი დანამატია (თუმცა მისი იქ ყოფნა ტრანზაქციას სოციალურად  ლეგიტიმურს ხდის). ქალი შეიძლება წარმოადგენდეს კონტრაქტის ფორმალურ მხარეს, მაგრამ მისი პოზიციონირება ძალიან განსხვავდება  ქმრისასგან. ქალს კონტრაქტში არაფერი შეაქვს; იგი მხოლოდ შედეგს ელოდება.
სუროგაციულ კონტრაქტში ნახსენები გაცვლა კაცსა და სუროგატის საკუთრების მყოფი ნაწილის – კერძოდ სპერმას და საშვილოსნოს შორის ხდება. სუროგაციული შეთანხმება პროსტიტუციული შეთანხმებისგან იმით განსხვავდება, რომ ხელოვნური განაყოფიერების შემთხვევაში კაცი ქალის სხეულს არა პირდაპირ, არამედ ირიბად მოიხმარს. კაცის თესლი, როგორც ლოკი იტყოდა, ერევა ქალის საშვილოსნოს და თუ ის თავის ფუნქციას სწორად შეასრულებს, კაცს შეეძლება შედეგი საკუთრებად მიიღოს. ლოკის სიტყვები ამჟამად კონტრაქტში მიმდინარე ცვლილებებს გამოხატავს. ზოგადად კონტრაქტმა კლასიკური პატრიარქატი გაათანამედროვა, მაგრამ სუროგაციული კონტრაქტის გაჩენით კლასიკური პატრიარქატის ერთი ასპექტი უკან დაბრუნდა. თუ ქალის საშვილოსნო არ არის უფრო მეტი, ვიდრე საკუთრების ნაწილი, რომელთანაც ქალს გარე კავშირი აქვს, იგი სერ რობერტ ფილმერის „ცარიელა ჭურჭელს“ ემსგავსება. დღეს, ამ ‘ცარიელა ჭურჭლის’ კაცისთვის მიქირავებაა შესაძლებელი, რომელიც მას თავისი თესლით აავსებს ეს მორიგი მამაკაცური კრეატიულობა საკუთრების კიდევ ერთ ნაწილს შესძენს.
სუროგაციულ კონტრაქტში შესული კაცი შეგვიძლია დამქირავებელს შევადაროთ. კონტრაქტის დოქტრინის მიხედვით, ეს უკანასკნელი წარმოადგენს იმ შემოქმედებით ელემენტს, რომლითაც გაშუალებულია სამუშაო   ძალა და საბოლოო პროდუქტი. თუმცა პირველს დამქირავებელზე მეტი შეუძლია; პატრიარქალური მექანიზმის საოცარი შებრუნებით, სუროგაციის კონტრაქტი კაცს საშუალებას აძლევს თავის ცოლს უდიდესი საჩუქარი – ბავშვი უბოძოს.
სამუშაო ძალა პოლიტიკური ფიქციაა, მაგრამ სუროგატი დედისგან გაწეული მომსახურება – კიდევ უფრო დიდი ფიქცია. მუშა სხეულის გამოყენების, ხოლო მეძავი – სექსუალურად მოხმარების უფლებას აქირავებს. ორივე შემთხვევასი, მეძავის და მუშის საკუთარი „მე“-ები ქირავდება. სუროგატი დედის პიროვნული მე მაინც უფრო დიდი რისკების ქვეშ დგას. სუროგატ დედას კონტრაქტში სხეულის ფსიქოლოგიურად, ფიზიოლოგიურად და შემოქმედებითად უნიკალური უნარი შეაქვს  ე.ი. თავისი თავი, როგორც ქალი. ცხრა თვის განმავლობაში მას მეორე არსებასთან ყველაზე ინტიმური კავშირი აქვს, რაც კი შესაძლებელია. ეს არსება მისი ნაწილია. ახალშობილი დედისგან განცალკევებული არსებაა, მაგრამ დედის ბავშვთან კავშირი თვისებრივად განსხვავდება მუშის და მისგან წარმოებული პროდუქტის კავშირისგან. პროსტიტუციის და ქორწინების ინსტიტუტებზე და სუროგატულ დედობაზე არაფერს გვეუბნება სუროგატული კონტრაქტის წარმატებით განხორციელების, პარტრიარქალურ უფლებაზე უარის მთქმელი ქმრების ან კლიენტის მჩაგვრელი მეძავების ინდივიდუალური მაგალითები. სუროგაციის კონტრაქტი პატრიარქალური სუბორდინაციის განმტკიცების მორიგ გზას წარმოადგენს. ერთი შეხედვით, სუროგაციული კონტრაქტი ძალიან ჰგავს დასაქმების კონტრაქტს. დამსაქმებელი მუშის სხეულის გამოყენების უფლების შეძენის შედეგად, პროდუქტის წარმოების პროცესებზეც იღებს უფლებამოსილებას. ამის მსგავსად, სუროგაციული კონტრაქტი კაცს უფლებას აძლევს მოითხოვოს მომსახურების პირნათლად შესრულება და ამ მიზნით შეზღუდოს სუროგატის გარკვეული მოქმედებები
ის ფაქტი, რომ ქალები ისეთ შეთანხმებებში შედიან, რაც სხვა ქალების სუბორდიანციას გულისხმობს, არაა გასაკვირი. შვილების არ ყოლის შემთხვევაში, ისინი სრულყოფილ ქალებად არ ითვლებიან.  კონტრაქტის დოქტრინის მიხედვით, ადამიანის საკუთრებად გამოყენება შეუზღუდავია თუ მისი გამოყენება კონტრაქტითაა გაწერილი. რატომ არ უნდა ისარგებლოს თავადაც კონტრაქტში მყოფმა, უნაყოფო  ქალმა ახალი კონტრაქტის დადებით? ხშირად უნაყოფო წყვილის მიერ სუროგატული მომსახურებით სარგებლობას ბავშვის აყვანას ადარებენ, რაც ადრე ერთადერთ გამოსავალს წარმოადგენდა მათთვის, ვისაც თავის მოცენულობასთან შეგუება არ სურდა. მაგრამ ეს ორი პრაქტიკა მნიშვნელოვნად განსხვავდება. შვილის აყვანის მსურველ წყვილს, გამონაკლისების გარდა,  ბავშვთან არ აქვს გენეტიკური კავშირი. ხოლო სუროგატის შვილი ასევე ქმრის შვილია. უფრო სწორი იქნება, თუ ცოლს  ვუწოდებთ „სუროგატ დედას“, რადგან ბავშვის აყვანის შემთხვევაში უნაყოფო წყვილი “სუროგატ მშობლებს” წარმოადგენენ. რა თქმა უნდა ქალი, სხვა შვილაყვანილი მშობლების მსგავსად, ბავშვს ისე გაზრდის „როგორც თავისას“, არ აქვს მნიშვნელობა რამდენად ბედნიერია მისი ქორწინება ან რამდენად მართლაც  „თავისად“ გაიზრდება შვილი, საბოლოოდ ბავშვი მაინც მამას ეკუთვნის.
თავდაპირველი კონტრაქტი მოგვითხრობს „მამობის“ პოლიტიკური მარცხის და მისი შვილების, ძმების მიერ  პატრიარქატის სპეციფიკური, არა-მამობრივი ფორმის დაარსების შესახებ. სუროგატული ‘დედობის’ გამოჩენა კონტრაქტის მორიგ ტრანსფორმაციაზე მიუთითებს. კაცებმა პატრიარქალური უფლების კვლავ მამობრივ უფლებად გარდაქმნა დაიწყეს, თუმცა სხვა გზებით. სუროგატული დედობით გამოვლენილი  კონტრაქტის ლოგიკა ნათლად მიგვანიშნებს, რომ „ინდივიდის“ კონცეფციის ქალებზე განვრცობა ხელს უწყობს და ანახლებს პატრიარქატს, მაგრამ ამავე დროს პატრიარქალურ ინსტიტუტებს ეჭვქვეშ აყენებს. ქალებზე „ინდივიდის“, როგორც მფლობელის კონცეფციის განვრცობა და ასევე „თავისუფლების“ იმგვარი გაგება, რომ შენს საკუთრებას შეგიძლია სურვილისამებრ  მოეპყრო, იგივეა ქალ მესაკუთრეს, მის სხეულს და მის რეპროდუქციულ უნარებს შორის  შინაგანი, თავისთავადი კავშირის უარყო. შედეგად იგი თავის საკუთრების მიმართ იკავებს  იგივე გარეგან პოზიციას, რაც აქვს კაც მფლობელს – მისივე სპერმის ან სამუშო ძალის მიმართ; ისე, თითქოს ქალობას არანაირი განმასხვავებელი ნიშანი არ გააჩნია.

კონტრაქტის გადმოსახედიდან, სქესობრივი განსხვავება არა მარტო სექსუალური ურთიერთობებისთვისაა უმნიშვნელო, არამედ რეპროდუქციულისთვისაც. „დედის“ და „მამის“ უწინდელი სტატუსები  კონტრაქტისთვის მოძველებულია. ისინი უნდა ჩანაცვლდეს  „მშობლის“ ნეიტრალური ტერმინით. არადა,  მინიმუმ სუროგატული კონტრაქტის შემთხვევაში მაინც არაა ტერმინი „მშობელი“  ნეიტრალური.  „სუროგატულ“ დედობა სერ რობერტ  ფილმერის ჩრდილშია მოქცეული.  კლასიკურ პატრიარქატში მამა მთავარი მშობელია. როდესაც სუროგატი დედის საკუთრება, კონტრაქტში შეტანილი „ცარიელი ჭურჭელი“ კაცის თესლით ივსება, ეს კაცი ყველაზე მნიშვნელოვანი მშობელი ხდება, რადგან იგი ახალი სიცოცხლის შემქმნელ (საკუთრების), შემოქმედებით ძალას წარმოადგენს. შედეგად კაცებმა უარყვეს ქალის სხეულის უნაკალური უნარის მნიშვნელობა, იგი მამაკაცურ პოლიტიკურ საწყისად აითვისეს და გარდაქმნეს. სოციალური კონტრაქტის ისტორია კაცების მიერ პოლიტიკური შობის უდიდეს ისტორიას წარმოადგენს, მაგრამ სუროგაციის კონტრაქტმა თანამედროვე პატრიარქატში ცვლილება შეიტანა. შემოქმედებითი პოლიტიკური ძალის შუამავლობის მეშვეობით, დღეს კაცებს ფიზიკური საწყისის ათვისებაც შეუძლიათ. კაცის სპერმის შემოქმედებითი ძალა „ინდივიდისგან“ კონტრაქტით გაყიდულ საკუთრებას სიცოცხლის ახალ ფორმად აქცევს.

დღემდე ქალობა დედობისგან განუყრელი – თითქმის მისგან შთანთქმული იყო. უკანასკნელი რამდენიმე საუკუნის განმავლობაში ფემინისტებმა დიდი ძალისხმევა დახარჯეს იმის საჩვენებლად, რომ ქალებს, კაცების მსგავსად, უამრავი სხვა უნარი აქვთ, სიცოცხლის შექმნის უნარის გარდა. თუმცა დღეს, დედობის ქალობისგან გამიჯნვა პატრიარქალურ უფლებას მხოლოდ აფართოებს. ეს მონობის პარადოქსის მორიგი მაგალითია. ქალს სუროგატული დედობის უფლება ეძლევა იმიტომ, რომ მისი „ქალობა“ უმნიშვნელოდაა მიჩნეული და იგი მომსახურე  „ინდივიდად“ არის აღქმული. ამავე დროს, მას სწორედ  იმიტომ შეუძლია სუროგატობა, რომ ქალია. ამ დროს,  სუროგატიულ კონტრაქტში შესული კაცის საკუთრება (სპერმა) მხოლოდ კაცისაა, რადგან იგი მას მამად აქცევს. შესაბამისად, სპერმა ადამიანში არსებული საკუთრების ერთადერთი მაგალითია, რომელიც პოლიტიკურ ფიქციას არ წარმოადგენს. სამუშაო ძალის, სექსუალური ორგანოების, საშვილოსნოს და სხვა გაქირავებადი საკუთრებებისგან განსხვავებით, სპერმა ერთადერთია, რომლის სხეულისგან განცალკევებაა შესაძლებელი. მართლაც, სპერმის ხელოვნურ განაყოფიერებაში გამოყენება, ხოლო გენეტიკურად მაღალი ხარისხის სპერმის გადანახვა იქამდე, სანამ მის მისაღებად სათანადო ქალი არ გამოჩნდება, მხოლოდ იმიტომაა შესაძლებელი, რომ მისი სხეულისგან განცალკევება შეიძლება.
სუროგაციის კონტრაქტის გაჩენამდე, მამაკაცის თესლის თავისებურება გენეტიკურ მამობას პრობლემურს ხდიდა. მამობა ქალისგან უნდა დამოწმებულიყო. როგორც ჰობსმა აღნიშნა, ბუნებრივ მდგომარეობაში ბავშვზე პოლიტიკური უფლებამოსილება  ქალს გააჩნდა, ხოლო კაცს მამობრივი უფლების მოსაპოვებლად, ამ ქალთან კონტრაქტი უნდა დაედო. კონტრაქტის ძალამ დღეს გენეტიკური მამობა მტკიცე და მამაკაცურ პოლიტიკურ შემოქმედებითობაზე მიბმული გახადა. კონტრაქტი კაცს საშუალებას აძლევს საკუთარ მამობაში მაინც იყოს დარწმუნებული. შედეგად, „მამობის“, „მამობის ძალის“ და ზოგადად ტრადიციული პატრიარქატის მნიშვნელობებმა საკმაო ცვლილება განიცადეს.
არსებობს სხვა მინიშნებები იმაზე, თუ რას ნიშნავს „სუროგატული“ დედობა. მაგალითად, ბრიტანეთში, აუსტრალიაში და შეერთებულ შტატებში კაცებს ჰქონდათ მცდელობები მამობის უფლების მტკიცებით ქალისთვის აბორტის გაკეთება კანონის მეშვეობით აეკრძალათ. ასევე ადგილი ჰქონდა მომაკვდავი ქალისთვის სიცოცხლის ხელოვნურად გახანგრძლივების ნაყოფის გადარჩენის მიზნით. გამოჩნდნენ კაცები, რომლებიც  მეურვეობისთვის იბრძვიან. ბოლო წლებში, 19-ე საუკუნეში შეცვლილი პრაქტიკის წყალობით, განქორწინების შემთხვევაში, ბავშვი დედას რჩება. ქალებზე მეურვეობის გადაცემასთან  დაკავშირებით ქრისტინ დელფი აღნიშნავს, რომ სინამდვილეში განქორწინება ქორწინების გაგრძელებაა, სადაც კაცები პასუხისმგებლობისგან თავისუფლდებიან. დღეს,  როდესაც  ფემინისტებს მოპოვებული აქვთ უმნიშვნელოვანესი რეფორმები და სამოქალაქო უფლებების მხრივ ქალი და კაცი თითქმის თანასწორია, ქალებს მეურვეობა გარანტირებული აღარ აქვთ. ვეღარც დაუქორწინებელი ქალი იქნება იმაში დარწმუნებული, რომ მისი შვილის მამას ბავშვზე უფლებას არ მისცემენ. თუმცა, ქარი სხვა მიმართულებითაც უბერავს. მაგალითად, ხელოვნური განაყოფიერება ქალებს საშუალებას აძლევს კაცთან სექსუალური ურთიერთობის  გარეშე გახდნენ დედები.

ქალების კონტრაქტული ფორმით დაქვემდებარება ურთიერთწინააღმდეგობებით, პარადოქსებით და ირონიებითაა სავსე.  ყველაზე დიდი ირონია ალბათ ჯერ კიდევ წინ გველოდება. მიიჩნევა, რომ კონტრაქტმა ძველი პატრიარქალური სისტემა დაამარცხა, მაგრამ ძველი  სამყაროს ნარჩენენების ნგრევისას, მან შესაძლოა მამობრივი უფლების ახალი ფორმის შობადობა მოახდინოს.

ავტორი: ქეროლ პეითმანი (წიგნიდან მისივე ავტორობით – “The Sexual Contract” / what’s wrong with prostitution ?)
მთარგმნელები: ანა როგავა; მარიან ჭიღიტაშვილი
რედაქტორი: მარიამ ჭიღიტაშვილი

პროექტის მხარდამჭერია – ახალგაზრდა ფემინისტური ფონდი ფრიდა