იმ წლების განმავლობაში, როდესაც ქალთა განმათავისუფლებელი მოძრაობები ფორმირდებოდნენ, ყურადღება გამახვილდა ულიდერო, უსტრუქტურო ჯგუფების, როგორც მოძრაობები,ს ორგანიზაციული ფორმის არსებობაზე. ამ იდეის წყარო იყო ბუნებრივი რეაქცია ზესტრუქტურიზებული საზოგადოების წინააღმდეგ, რომელშიც ჩვენ ყოველდღიურად გვიწევს არსებობა და რომელიც, სხვებს ჩვენს ცხოვრებაზე უსაზღვრო კონტროლს ანიჭებს. ასევე მემარცხენე ჯგუფების გამუდმებული ელიტიზმი, მათზე, ვინც შეძლებისდაგვარად ებრძოდნენ ამ ზესტრუქტურიზებულობას.

“სტრუქტურის არარსებობის” იდეა ამ ტენდენციების ჯანსაღი წინააღმდეგობიდან წარმოიშვა და თვითონვე გადაიქცა პრობლემად.  ტერმინს ხშირად გადავაწყდებთ- იდეა მცირედ თუა გამოკვლეული, თუმცა ის ქალთა განმათავისუფლებელი მოძრაობის დამახასიათებელ ნაწილად იქცა. მოძრაობის თავდაპირველი განვითარებისთვის ეს დიდად არაფერს ნიშნავდა. თავიდან ის გამოხატავდა მოძრაობის მთავარ იდეას, მის მთავარ მეთოდს ცნობიერების გაზრდისთვის. მისი არაფორმალურობა ამხნევებდა სხვებს დისკუსიებში მონაწილეობისთვის და ხშირად დამხმარე ატმოსფეროს ქმნიდა ინდივიდუალური გათვიცნობიერებისთვის.

ბაზისური პრობლემები არ დაწყებულა იქამდე, სანამ ინდივიდუალური ჯგუფები არ დაიღალნენ “ცნობიერების გაზრდით” და გადაწყვიტეს, რომ უფრო სპეციფიურ რამ უნდოდათ. ამ მხრივ ისინი ჩვეულებრივ მოიკოჭლებდნენ, რადგანაც ჯგუფების უმრავლესობას არ სურდა თავიანთი სტრუქტურის შეცვლა. ქალებმა “სტრუქტურის არარსებობის” იდეა ისე მიიღეს, რომ არ გაუაზრებიათ მისი გამოყენების ლიმიტები. ადამიანები ცდილობდნენ ასეთი ჯგუფების გამოყენებას ისეთი მიზნებისთვის, რომლებიც ადრე შეუფერებელი იყო იმ რწმენით, რომ სხვა რაიმე ფორმა აუცილებლად მჩაგვრელი იქნებოდა.

თუ მოძრაობას სურს გაიზარდოს განვითარების ამ ელემენტარული ეტაპებიდან, უნდა გათავისუფლდეს ორგანიზაციასთან და სტრუქტურასთან დაკავშირებული ცრურწმენებისგან. ამაში არაფერი ცუდი არ არის. შესაძლოა, მათი გამოყენება ხშირად ხდება არასწორად, მაგრამ ამის გამო უარყოფა ნიშნავს მომდევნო განვითარებისთვის საჭირო იარაღების უარყოფას. ჩვენ გვჭირდება იმის გაგება, თუ რატომ არ მუშაობს “სტრუქტურის არარსებობა”.

ფორმალური და არაფორმალური სტრუქტურები

იმის საწინააღმდეგოდ, თუ რისი დაჯერებაც გვინდა, არ არსებობს სტრუქტურის არმქონე ჯგუფი. ადამიანთა ნებისმიერი სახის დაჯგუფება, ნებისმიერი დროის მანძილისთვის, აუცილებლად სტრუქტურიზდება რაღაც ფორმით. სტრუქტურა შესაძლოა მოქნილი იყოს, შესაძლოა შეიცვალოს დროთა განმავლობაში; შესაძლოა თანაბრად, ან არათანაბრად გადაანაწილოს დავალებები, ძალაუფლება და რესურსები ჯგუფის წევრებს შორის, მაგრამ ის აუცილებლად ფორმირდება, ჩაბმული ადამიანების შესაძლებლობების, ხასიათების ან მისწრაფებების მიუხედავად. ის ფაქტი, რომ ყველა ინდივიდუალურია, სხვადასხვა ნიჭით, მიდრეკილებებით და ფონით, ამ ფაქტს გარდაუვალად აქცევს. მხოლოდ, მაშინ მივაღწევდით რაღაც სახით სტრუქტურის არარსებობას,  თუ გამოვრიცხავდით ნებისმიერი სახით ინტერაქციას ერთმანეთს შორის-თუმცა ადამიანთა ჯგუფის ბუნება ამგვარი არაა.

სტრუქტურის არმქონე ჯგუფის არსებობისკენ სწრაფვა ისეთივე საჭირო და მაცდურია, როგორც სწრაფვა
“ობიექტური” ნიუსისკენ, “ღირებულებისგან თავისუფალი” სოციალური მეცნიერებისკენ,  ან “თავისუფალი” ეკონომიკისკენ. “თავისუფალი ბაზრის” ჯგუფი ისეთივე რეალისტურია, როგორც “თავისუფალი ბაზრის” საზოგადოება; იდეა ყურადღების გადამტან მექანიზმად იქცევა ძლიერების ან იღბლიანების ხელში, უპირობო ჰეგემონიის დასამყარებლად სხვებზე. ეს ჰეგემონია მარტივად მყარდება, რადგანაც “სტრუქტურის არარსებობის” იდეა არ აღმოფხვრის არაფორმალური სტრუქტურების ფორმაციას, არამედ მხოლოდ ფორმალურებისას. მსგავსად, “თავისუფალი ბაზრის” ფილოსოფია ვერ იცილებდა თავიდან ეკონომიკურად ძალაუფლების მქონეთა კონტროლს ხელფასებზე, ფასებზე და საქონლის დისტრიბუციაზე, არამედ მხოლოდ მთავრობის. სტრუქტურის არარსებობა ძალაუფლების დაფარვის გზა ხდება და ქალთა მოძრაობაში ხშირად ყველაზე მეტად ადვოკატირდება ყველაზე ძლიერებისგან (მიუხედავად იმისა, აცნობიერებენ თუ არა ისინი თავიანთ ძალაუფლებას). იქამდე, სანამ ჯგუფის სტრუქტურა არაფორმალურია, წესები გადაწყვეტილებების მიღების შესახებ მხოლოდ მცირე რაოდენობამ იცის და ძალის გაცნობიერება ლიმიტირებულია იმათთვის, ვისაც ცოდნა აქვს ამ წესებზე. ისინი ვინც არ იციან, რჩებიან დაბნეულობაში, ან იტანჯებიან პარანოიით, რომ ხდება ისეთი რამ, რაშიც გათვიცნობიერებულები არ არიან.იმისთვის, რომ ყველას ჰქონდეს შესაძლებლობა ჩაერთოს ჯგუფის საქმიანობაში, სტრუქტურა ნათელი უნდა იყოს და არა დაფარული. გადაწყვეტილების მიღების წესები აუცილებლად ღია და ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს და ეს მხოლოდ მაშინ ხდება, თუ ეს წესები ფორმალიზებულია. ეს არ გულისხმობს, რომ ჯგუფის სტრუქტურის ფორმალიზაცია გაანადგურებს არაფორმალურ სტრუქტურას. ჩვეულებრივ, ეს ასე არ ხდება. მაგრამ ხშირად ის ხელს უშლის არაფორმალურ სტრუქტურას დომინირებული კონტროლის ქონისგან და მის საწინააღმდეგო საშუალებებს ხელმისაწვდომს ხდის. სტრუქტურის არარსებობა ორგანიზაციულად შეუძლებელია . ჩვენ არ შეგვიძლია გადავწყვიტოთ გვქონდეს სტრუქტურიზებული თუ  სტრუქტურის არმქონე ჯგუფი, არამედ გვქონდეს თუ არა ფორმალურად სტრუქტურიზებული. ამიტომაც,  ამ სიტყვას მეტჯერ არ გამოვიყენებთ, გარდა იმ იდეის აღნიშვნისას, რომელსაც ის წარმოადგენს. “სტრუქტურის არმქონე” ამიერიდან აღნიშნავს იმ ჯგუფებს, რომლებიც განზრახ სტურქტურიზებული არაა. სტრუქტურიზებულ ჯგუფს ყოველთვის გააჩნია ფორმალური სტრუქტურა და შესაძლოა ჰქონდეს არაფორმალური, ან დაფარული სტრუქტურაც. სწორედ ამ არაფორმალურ სტრუქტურაში, განსაკუთრებით “სტრუქტურის არმქონე” ჯგუფებში ხდება ელიტების ბაზის ფორმირება.

ელიტიზმის ბუნება

“ელიტისტი” დიდი ალბათობით ყველაზე გაუგებრად გამოყენებული სიტყვაა ქალთა განმათავისუფლებელ მოძრაობაში. მას გამოიყენებენ ხშირად, და იგივე მიზეზებით, როგორც “pinko” გამოიყენებოდა 50-იანებში. ამ სიტყვას იშვიათად ხმარობენ სწორად. მოძრაობაში ის მიემართება ინდივიდებს პიროვნული ხასიათსა და აქტივობების მიხედვით და ისინი, ვისაც მიემართება, ხშირად ფართოდ განსხვავებულები არიან; ინდივიდი, როგორც ასეთი, არ შეიძლება იყოს ელიტისტი, რადგანაც ერთადერთი სწორი მიმართება ტერმინი “ელიტისა”, არის ჯგუფისადმი. ნებისმიერი ინდივიდი, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად ცნობილი პერსონაა ის, ვერასდროს იქნება ელიტა.

სინამდვილეში, ტერმინი “ელიტა” მიემართება ადამიანთა მცირე ჯგუფს, რომლებსაც გააჩნიათ ძალაუფლება იმ უფრო ფართო ჯგუფზე, რომელთა ნაწილიც არიან; ხშირად არაპირდაპირი პასუხისმგებლობით ამ ფართო ჯგუფზე და ასევე ხშირად მათი ცოდნის ან თანხმობის გარეშე. ადამიანი ელიტისტია, თუ ის ნაწილია, ან ადვოკატირებს მცირე ჯგუფის კანონებს, მიუხედავად იმისა, ცნობილია თუ არა ეს ინდივიდი. სახელგანთქმულობა არ არის ელიტისტის დეფინიცია. ყველაზე ცბიერ ელიტებს ხშირად ის ხალხი წარმოადგენს, რომლებიც ფართო საზოგადოებისთვის არ არიან ცნობილი. ასეთი ელიტისტები ხშირად საკმაოდ ჭკვიანები არიან იმისთვის, რომ პუბლიკის სააშკარაოზე გამოვიდნენ; როდესაც ისინი ცნობადები ხდებიან, მათ აკვირდებიან და ძალაუფლების მათსეულ ნიღაბს მჭიდროდ ვეღარ ირგებენ.

ელიტები კონსპირაცია არ არის.  იშვიათია, რომ ადამიანთა მცირე ჯგუფი შეიკრიბოს და განზრახ სცადოს ფართო ჯგუფის ხელში აღება. ელიტები მეტი არაფერია, თუ არა მეგობრების წრე, რომლებიც პოლიტიკურ აქტივობებში მონაწილეობენ. ისინი დიდი ალბათობით, მეგობრები იქნებოდნენ იმის მიუხედავად, ჩაერეოდნენ თუ არა პოლიტიკურ აქტივობებში; დიდი ალბათობით პოლიტიკურ აქტივობებში იქნებოდნენ ჩარეულები, მიუხედავად  იმისა, შეინარჩუნებდნენ თუ არა მეგობრობას. ამ ორი ფენომენის დამთხვევა წარმოქმნის ელიტებს ნებისმიერ ჯგუფში და ართულებს მის დაშლას.

ასეთი სამეგობრო წრეები ფუნქციონირებენ კომუნიკაციის ქსელებად იმ ნებისმიერი რეგულარული კომუნიკაციის არხებს გარეთ, რომლებიც ფართო ჯგუფის მიერ არის შექმნილი. თუ არანაირი არხები არ არსებობს, მაშინ ისინი ფუნქციონირებენ, როგორც კომუნიკაციის ერთადერთი ქსელი. რადგანაც ეს ადამიანები მეგობრები არიან და რადგანაც ისინი ხშირად იზიარებენ ერთნაირ ღირებულებებს და ორიენტაციებს, რადგანაც ისინი ერთმანეთთან სოციალურად საუბრობენ და ეხმარებიან გადაწყვეტილებების მიღებაში, ამ ქსელში მყოფ ადამიანებს უფრო მეტი ძალაუფლება აქვთ ჯგუფში, ვიდრე მათ, ვინც ქსელში არ იმყოფება. ჯგუფისთვის ძალიან იშვიათია, რომ მასში მყოფმა მეგობრებმა არ დააფუძნონ რაიმე სახის არაფორმალური კომუნიკაციის ქსელები.

ზოგიერთ ჯგუფს, მათი ზომების გათვალისწინებით, შეიძლება ჰქონდეს ერთზე მეტი არაფორმალური საკომუნიკაციო ქსელი. ეს ქსელები შეიძლება გადაკვეთილებიც იყოს. როდესაც მხოლოდ ერთი ასეთი ქსელი არსებობს, ის არის სხვამხრივ არასტრუქტურიზებული ჯგუფის ელიტა, მიუხედავად იმისა, სურთ თუ არა ქსელში მყოფ ინდივიდებს ელიტისტობა. თუ სტრუქტურიზებულ ჯგუფში არსებობს ერთი ასეთი ქსელი, მაშინ ეს შეიძლება იყოს, ან არ იყოს ელიტა, მისი შემადგენლობიდან და ფორმალური სტრუქტურის ბუნებიდან გამომდინარე. ორი და მეტი სამეგობრო ქსელის შემთხვევაში, მათ შეიძლება კონკურენცია გაუწიონ ერთმანეთს ჯგუფზე ძალაუფლების ხელში აღების მიზნით, ამგვარად შეიქმნას ფრაქციები, ან, შესაძლოა, ერთი მათგანი განზრახულად გამოეთიშოს “შეჯიბრებას” და დატოვოს მეორე ელიტად. სტრუქტურიზებულ ჯგუფში, ასეთი სახის ორი ან მეტი სამეგობრო ქსელი ხშირად ეჯიბრება ერთმანეთს ფორმალური ძალაუფლებისთვის. ეს ხშირად ყველაზე ჯანსაღი სიტუაციაა, რადგანაც ჯგუფის სხვა წევრები არიან არბიტრის პოზიციაში და ამგვარად, შეუძლიათ მოთხოვნების წამოყენება მათთვის, ვისაც შეპირდებიან დროებით ლოიალობას.

გარდაუვალად, ელიტისტური და ექსკლუზიური ბუნება მეგობრების არაფორმალური საკომუნიაკციო ქსელებისა, არ არის ახალი ფენომენი ან ექსკლუზიური მახასიათებელი ქალთა მოძრაობისთვის, ან ზოგადად ახალი ფენომენი ქალებისთვის. ასეთი არაფორმალური ურთიერთობები ქალებს საუკუნეების განმავლობაში უშლიდა ხელს იმ ინტეგრირებულ ჯგუფებში მონაწილეობისგან, რომელთა ნაწილსაც ისინი წარმოადგენდნენ. ნებისმიერ პროფესიასა თუ ორგანიზაციაში, ასეთი ქსელები ქმნიდნენ “გასახდელი ოთახის” მენტალობას და “ძველი სკოლის”  კავშირებს, რომლებიც ქალებს, როგორც ჯგუფს (ასევე ზოგიერთ კაცსაც ინდივიდუალურად) უკრძალავდა ძალაუფლების თანასწორი რესურსების ქონას. წინარე ქალთა მოძრაობების უდიდესი ენერგია მიმართული იყო გადაწყვეტილების მიმღები სტრუქტურების ქონაზე და სელექციური პროცესების ფორმირებაზე, რომლებიც პირდაპირ დაუპირისპირდებოდნენ ქალების გარიყვას. როგორც მოგვეხსენება, ასეთმა მცდელობებმა ვერ დაიცვეს ქალები კაცთა არაფორმალური ქსელების  დისკრიმინაციისგან, მაგრამ უფრო რთული კი გახადეს.

რადგანაც ელიტები არაფორმალურია, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ისინი უჩინარია. ნებისმიერ მცირე ჯგუფის შეკრებაზე მახვილი თვალს შეუძლია განსაზღვროს, ვის ვისზე აქვს გავლენა. სამეგობრო წრის წევრებს უფრო მეტი საერთო აქვთ ერთმანეთთან, ვიდრე სხვებს. ისინი უსმენენ ყურადღებით და აწყვეტინებენ ნაკლებად; იმეორებენ ერთი მეორის აზრებს და ერთვებიან თავაზიანად; ისინი აიგნორებენ, ან ეწინააღმდეგებიან “გარე ტიპებს” რათა კარგ ურთიერთობაში იყვნენ “შიდა ტიპებთან”. რა თქმა უნდა, საზღვრები ისეთი მკაფიო არ არის, როგორც მე დავხატე.  ინტერაქციაში არსებობს ნიუანსები და არა წინასწარ დაწერილი სკრიპტები, მაგრამ ელიტა ხილვადია და მას გააჩნია თავისი ეფექტები. მას შემდეგ, რაც გაიგებ, თუ ვისთან გადამოწმებაა საჭირო გადაწყვეტილების მიღებისას და ვისი თანხმობაა ყველაზე მნიშვნელოვანი, გაიგებ, თუ ვინ მართავს ჯგუფს.

რადგანაც მოძრაობებს არ მიუღიათ რაიმე კონკრეტული გადაწყვეტილებები ძალაუფლების მინიჭების თაობაზე, უამრავი სხვადასხვა კრიტერიუმი გამოიყენება ქვეყნის გარშემო. კრიტერიუმების უმრავლესობა მიუყვება ტრადიციული “ქალური მახასიათებლების” ხაზს. მაგალითისთვის, მოძრაობის თავდაპირველ ხანებში, ქორწინება ხშირად იყო პრერეკვიზიტი არაფორმალური ელიტის წევრობისთვის. როგორც ქალებს ტრადიციულად  ესწავლებოდათ, დაქორწინებულებს უფრო შეეძლოთ ერთმანეთთან საერთოს გამონახვა და მარტოხელა ქალები მიიჩნეოდნენ საფრთხის შემცველად ახლო მეგობრობისთვის. უამრავ ქალაქში, ეს კრიტერიუმი უფრო რაფინირებული იყო და ელიტები შეიცავდნენ მხოლოდ იმ ქალებს, რომლებიც მემარცხენე კაცების  ცოლებს წარმოადგენდნენ. ამ სტანდარტს ზურგს ტრადიციაზე მეტი რამ უმაგრებს, რადგანაც მემარცხენე კაცებს ხშირად ჰქონდათ წვდომა იმ რესურსებზე, რომლებიც მოძრაობას ჭირდებოდა; როგორიცაა ფოსტის სიები, ბეჭდური პრესა, კონტაქტები და ინფორმაცია. ქალები კი შეჩვეულები იყვნენ, რომ საჭირო საგნები მიეღოთ კაცების მეშვეობით და არა დამოუკიდებლად. რადგანაც მოძრაობა დროთა განმავლობაში შეიცვალა, ქორწინება გახდა ნაკლებ უნივერსალური კრიტერიუმი ეფექტური მონაწილეობისთვის, მაგრამ ყველა არაფორმალური ელიტა აწესებდა სტანდარტებს, რომელთა მიხედვითაც მხოლოდ იმ ქალებს შეეძლოთ წევრობა, რომლებიც სპეციფიურ მატერიალურ თუ პერსონალურ მახასიათებლებს ატარებდნენ. ეს ხშირად მოიცავდა: საშუალო კლასის წევრობას (მიუხედავად რიტორიკისა, მუშა კლასთან რელევანტურობის შესახებ); ქორწინებაში ყოფნას; ქორწინებაში არ ყოფნას, მაგრამ ვინმესთან ცხოვრებას; ლესბოსელად ყოფნას, ან ამის მოჩვენებას; 20-იდან 30-წლამდე ასაკს; კოლეჯდამთავრებულად ან კოლეჯთან შეხების ქონას; “კარგ ტიპად” ყოფნას; ძალიან “კარგ ტიპად” არ ყოფნას; გარკვეული პოლიტიკური ნიშის ქონას ან “რადიკალად” იდენტიფიცირებას; ბავშვების ყოლას, ან ზოგადად ბავშვების სიყვარულს; ბავშვების არ ყოლას; გარკვეული “ფემინური” მახასიათებლების ქონას, როგორიცაა “სასიამოვნო (nice)”; სწორად ჩაცმა (ტრადიციულ ან არატრადიციულ სტილში) და ა.შ. ასევე არსებობს მახასიათებლები, რომლებიც თითქმის ყოველთვის “გარიყულის” იარლიყს მიაკრავს მის მქონეს. მაგალითად: მოხუცებულობა; სრულ განაკვეთზე მუშაობა, განსაკუთრებით თუ აქტიურად ხარ მიმართული “კარიერაზე”; “სასიამოვნო ტიპად” არ ყოფნა; საჯაროდ მარტო ყოფნა (ე.ი არც აქტიურად ჰეტეროსექსუალი და არც ჰომოსექსუალი).

შეგვიძლია სხვა კრიტერიუმებიც ჩამოვთვალოთ, მაგრამ მათ ყველას საერთო ფონი გააჩნიათ.  მახასიათებლები, რომლებიც პრერეკვიზიტებს წარმოადენენ  მოძრაობის არაფორმალურ ელიტებში გაწევრიანებისთვის და აქედან გამომდინარე ძალაუფლების ხელში ჩაგდებისთვის, გამოხატავენ პიროვნების კომპეტენციას, ფემინიზმისადმი ღვაწლს, ნიჭებს, ან მოძრაობისთვის პოტენციურ კონტრიბუციას.

მონაწილეობისთვის საჭირო კრიტერიუმები შეიძლება გასხვავებული იყოს სხვადასხვა ჯგუფს შორის, თუმცა ის, რომ ამ კრიტერიუმების დაკმაყოფილებით პიროვნება ხდება ელიტის წევრი, საერთოა. ერთადერთი მნიშვნელოვანი განსხვავება დამოკიდებულია იმაზე,  პიროვნება ჯგუფში თავიდანვეა, თუ შემდგომში ერთვება. თუ თავიდანვე ჩართულია, მაშინ მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება მეტი პერსონალური მეგობარი გაწევრიანდეს მასთან ერთად. თუ ერთი ტიპი მეორეს კარგად იცნობს, მაშინ ისინი აყალიბებენ სამეგობროს განსაზღვრული რაოდენობის წევრებით და ამყარებენ არაფორმალური ურთიერთობების მოდელებს, რომლებიც უმნიშვნელოვანესია არაფორმალური სტრუქტურის შექმნისთვის. როცა არაფორმალური მოდელები ფორმირდება, ისინი თავიანთ თავს “კვებავენ”. მათი შენარჩუნებისთვის ყველაზე წარმატებული ტაქტიკა იმ ახალი ხალხის შემოერთებაა, რომლებიც მახასიათებლებში ჯდებიან. ახალი წევრის შემოერთება ელიტაში ზუსტად ისე ხდება, როგორც სამეგობროში შემოერთება. თუ პიროვნება პოტენციურ დამატებად აღიქმება, მაშინ წევრების მიერ ჩქარდება მისი ელიტაში შეყვანა და შემდგომში ან შენარჩუნება, ან გაგდება. თუ სამეგობრო პოლიტიკურად საკმარისად შეგნებული არაა, რომ აქტიურად ჩაერთოს ამ პროცესში, მაშინ ელიტის დაფუძნება შესაძლოა დაიწყოს აუთსაიდერმა, რაც კერძო კლუბში გაწევრიანების პატერნს მიყვება. პოულობს სპონსორს, ე.ი ირჩევს ელიტის წევრს, რომელიც პატივისცემით სარგებლობს და აქტიურად იყენებს ამ ადამიანთან მეგობრობას. ადრე თუ გვიან, ის აუცილებლად შეიყვანს ახალ მეგობარს შიდა წრეში.

ყველა ამ პროცედურას დრო სჭირდება. ამიტომაც, თუ ვინმე სრულ განაკვეთზე მუშაობს ან რაიმე მსგავსი ვალდებულება აკისრია, ხშირად არ შეუძლია გაწევრიანება იმიტომ, რომ არ აქვს საკმარისი დრო ყველა შეკრებაზე დასასწრებად და იმ პერსონალური ურთიერთობების ჩამოსაყალიბებლად, რომლებიც საჭიროა გადაწყვეტილების მიღებისას ხმის ქონისთვის. ამიტომაც, გადაწყვეტილების მიმღები ფორმალური სტრუქტურები უპირატესობაა სამუშაოთი დაკავებული ადამიანისთვის. გადაწყვეტილების მიღების პროცესის გაცხადება საშუალებას აძლევს ყველას, მიიღოს მასში მონაწილეობა რაღაც დონეზე.

მიუხედავად იმისა, რომ მცირე ჯგუფებში ელიტის ფორმირების პროცესის ანალიზი კრიტიკულია პერსპექტივაში, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ასეთი არაფორმალური სტრუქტურები აუცილებლად ცუდია- უბრალოდ გარდაუვალია. ყველა ჯგუფი ქმნის არაფორმალურ სტრუქტურებს, ჯგუფის წევრებს შორის ინტერაქციის მოდელების შედეგად. ასეთი არაფორმალური სტრუქტურები შესაძლოა ძალიან საჭიროც იყოს, თუმცა მხოლოდ მაშინ, თუ არასტრუქტურიზებული ჯგუფები მთლიანად მართულია მათ მიერ. როდესაც არაფორმალური ელიტები გაერთიანებულია “სტრუქტურის არქონის” მითთან, შეუძლებელია მათ ძალაუფლებას ლიმიტები დაუწესო.

ამას ორი პოტენციურად ნეგატიური შედეგი მოყვება, რომლებზეც აუცილებლად უნდა ვიცოდეთ. პირველი არის ის, რომ გადაწყვეტილების მიღების არაფორმალური სტრუქტურა სამეგობროს მსგავსი იქნება, ანუ სადაც ხალხი მოუსმენს მათ, ვინც მოწონს პერსონალურად და არა მათ, ვინც ჭკვიანურად ლაპარაკობს.  თუ მოძრაობა არ ახორციელებს მნიშვნელოვან მიზნებს, მაშინ ეს დიდად არ მნიშვნელობს. მაგრამ, თუ მისი განვითარება თავდაპირველ სტადიაზევე არ შეწყდება, მაშინ ამ ტრენდის შეცვლა რთულდება. მეორეა ის, რომ არაფორმალურ სტრუქტურებს არ გააჩნიათ რაიმე მოვალეობა იყვნენ ფართო ჯგუფზე პასუხისმგებლები. მათთვის ძალაუფლება ნებით არ მიუციათ; ამიტომაც ვერც წაართმევენ. ეს გავლენა არაა იმაზე დაფუძნებული, თუ რას აკეთებენ ისინი ჯგუფისთვის; ამიტომაც ფართო ჯგუფს არ ექნება პირდაპირი გავლენა მათზე. თუმცა, არაა აუცილებელი, არაფორმალური სტრუქტურები უპასუხისმგებლოები იყვნენ. ისინი, ვისაც თავიანთი გავლენის შენარჩუნება აღელვებთ, ხშირად ცდილობენ იყვნენ პასუხისმგებლიანები. ბრალოდ , ასეთ პასუხისმგებლობას მათ ჯგუფი ვერ დააკისრებს; ეს დამოკიდებულია ელიტის ინტერესებზე.

“ვარსკვლავური” სისტემა

“სტრუქტურის არქონის” იდეამ შექმნა “ვარსკვლავური” სისტემა. ჩვენ ვცხოვრობთ საზოგადოებაში, რომელიც პოლიტიკური ჯგუფებისგან ელის გადაწყვეტილებების მიღებას და ირჩევს ხალხს, რომელიც გააჟღერებს ამ გადაწყვეტილებებს პუბლიკის წინაშე. პრესამ და პუბლიკამ არ იცის როგორ მოუსმინოს სერიოზულად ინდივიდუალურ ქალს, როგორც ქალს; მათ უნდათ გაიგონ, თუ რას გრძნობს ჯგუფი. მასობრივი ჯგუფის აზრის დადგენისთვის მხოლოდ სამი ტექნიკაა განვითარებული: ხმის მიცემა, ან რეფერენდუმი, სახალხო გამოკითხვა და ჯგუფის სახელით მოლაპარაკე ხალხის არჩევა შესაბამის შეხვედრაზე. ქალთა განმათავისუფლებელ მოძრაობას არ გამოუყენებია არცერთი მათგანი პუბლიკასთან კომუნიკაციისთვის. არც მოძრაობას როგორც მთლიანს და არც მასში შემავალ მრავალრიცხოვან ჯგუფებს არ დაუნერგავთ საჭირო ხერხები უამრავ პრობლემაზე თავიანთი პოზიციების ახსნისთვის. ხალხს კი მოსმენისთვის სჭირდება ჯგუფის წარმომადგენელი, რომელიც იდეებს გააჟღერებს.

მიუხედავად იმისა, რომ მოძრაობა განზრახ არ ირჩევს წარმომადგენლებს, ის ხშირად იყენებს იმ ქალებს, რომლებმაც სხვადასხვა მიზეზის გამო მიიქციეს საზოგადოების ყურადღება. ეს ქალები არ აჟღერებენ რომელიმე ჯგუფის ან მოძრაობის ჩამოყალიბებულ აზრს; მათ იციან ეს და ხშირად ამბობენ კიდეც. რადგანაც არ არსებობს ოფიციალური წარმომადგენელი, ან რაიმე სახის გადაწყვეტილების მიმღები სტრუქტურა, რომელსაც პრესა დაეყრდნობა საგანზე მოძრაობის პოზიციის გასაგებად, ზემოთ ნახსენები ქალები აღიქმებიან, როგორც წარმომადგენლები. აქედან გამომდინარე, მათ სურთ თუ არა, ან მოძრაობას მოსწონს თუ არა, საზოგადოების მიერ ყურადღებამიქცეული ქალები თავისთავად მიიჩნევიან წარმომადგენლებად.

ხშირად ეს არის მთავარი მიზეზი იმ რისხვისა, რომელიც მიმართულია “ვარსკვლავური” ქალების მიმართ. რადგანაც ისინი მოძრაობის ქალებს არ აურჩევიათ მათი აზრის რეპრეზენტაციისთვის, ბრაზს იწვევენ მაშინ, როდესაც პრესა მიიჩნევს, რომ ისინი მოძრაობის სახელით ლაპარაკობენ. თუმცა, იქამდე, სანამ მოძრაობა არ აირჩევს საკუთარ წამომადგენლებს, ასეთი ქალები პრესის მიერ ყოველთვის ამ როლში წარმოდგინდებიან პუბლიკისთვის, მიუხედავად მათი სურვილისა.

ამას რამდენიმე ნეგატიური შედეგი აქვს მოძრაობისთვისაც და “ვარსკვლავური” ქალებისთვისაც. პირველ რიგში, რადგანაც მოძრაობას ისინი არ აურჩევია წარმომადგენლებად, ვერც გადააყენებს მათ. პრესამ დააყენა ისინი ამ ადგილზე და მხოლოდ პრესას შეუძლია აღარ მოუსმინოს მათ. პრესა გააგრძელებს “ვარსკვლავებისადმი”, როგორც წარმომადგენლებისადმი მოქცევას იქამდე, სანამ არ გაჩნდება ოფიციალური ალტერნატივები მოძრაობის ავტორიტეტული განცხადებების გასავრცელებლად.  მოძრაობას არ გააჩნია კონტროლი პუბლიკისთვის წარმომადგენლების არჩევაზე, სანამ სჯერა, რომ მას არ უნდა ჰყავდეს წარმომადგენელი საერთოდ. მეორე, ქალებს, რომლებიც ამ როლს თავის თავზე იღებენ, ხშირად ესხმიან თავს თანამებრძოლები. ასეთი თავდასხმები იწვევს იმას, რომ ქალი ან ტოვებს მოძრაობას საერთოდ, ან გრძნობს გაუცხოებას. მან შეიძლება შეინარჩუნოს ლოიალობა მოძრაობისადმი, მაგრამ აღარ იქნება სხვა ქალების მიერ წნეხისადმი მგრძნობიარე. მას აღარ შეეძლება პასუხისიმგებლობა იკისროს იმ ხალხის მიმართ, რომლებმაც ამხელა ტკივილი მიაყენეს და ეს ქალები ხშირად ძალიან ძლიერები არიან იმისთვის, რომ თავი დაუხარონ ასეთი სახის პერსონალურ წნეხს. აქედან გამომდინარე, “ვარსკვლავური” სისტემის უარყოფითი შედეგები აძლიერებს ინდივიდუალისტურ უპასუხისმგებლობას, რასაც მოძრაობა გმობს.

პოლიტიკური მნიშვნელობა

სტრუქტურის არ მქონე ჯგუფები შესაძლოა ძალიან ეფექტური იყოს ქალების დასაყოლიებლად,  მოყვნენ საკუთარ ცხოვრებაზე; მაგრამ არ არიან ეფექტურები საქმის საკეთებლად. მაშინ, როდესაც ხალხი იღლება “მხოლოდ ლაპარაკით” და უნდათ, რომ გააკეთონ უფრო მეტი, ჯგუფი წაბორძიკდება, თუ არ შეცვლის მოქმედების სტრუქტურას. ხანდახან, ჯგუფის ჩამოყალიბებული არაფორმალური სტრუქტურა ერგება არსებულ საჭიროებას ისე, რომ შეიძლება ჩანდეს, თითქოს სტრუქტურის არმქონე ჯგუფი რეალურად მუშაობს. ეს ხდება მაშინ, როდესაც ჯგუფი შემთხვევით აყალიბებს ისეთი სახის სტრუქტურას, რომელიც კარგად ერგება კონკრეტულ პროექტს.

მიუხედავად იმისა, რომ ასეთ ჯგუფში მუშაობა “მათრობელა” გამოცდილებაა, ის ასევე იშვიათი და მისაბაძად რთულია. უმეტესწილად, ასეთ ჯგუფებში ოთხგვარი მდგომარეობა გვხვდება:

  1. ორიენტირებულია ამოცანაზე. მისი ფუნქციონირება ძალიან სპეციფიურია, მაგალითად, კონფერენციის გამართვა ან გაზეთის გამოშვება. ფაქტობრივად, კონკრეტული ამოცანა აგებს ჯგუფს. სწორედ ამოცანა განსაზღვრავს, რა უნდა გაკეთდეს და როდის უნდა გაკეთდეს. ის ქმნის ერთგვარ ინსტრუქციას, რომლითაც ხალხი განსაზღვრავს თავიანთ ქმედებებს და აწყობს გეგმებს მომავალი აქტივობისთვის.
  2. ის შედარებით პატარა და ჰომოგენურია. ჰომოგენურობა აუცილებელია იმისთვის, რომ წევრებს ჰქონდეთ საერთო ენა ინტერაქციისთვის. განსხვავებული ფონური მდგომარეობის ხალხმა შესაძლოა გაამდიდროს ცნობიერების ასამაღლებელი ჯგუფი, რადგანაც ისინი ისწავლიან სხვების გამოცდილებიდან, თუმცა დიდი განსხვავება ამოცანაზე ორიენტირებული ჯგუფის წევრებს შორის ნიშნავს იმას, რომ ისინი ხშირად ვერ გაუგებენ ერთმანეთს. ასეთი განსხვავებული ხალხი სიტყვებს და ქმედებებს სხვადასხვანაირ ინტერპრეტაციას აძლევს. მათ გააჩნიათ სხვადასხვა მოლოდინები ერთმანეთის ქცევაზე და ქმედებებს სხვადასხვა კრიტერიუმებით განსჯიან. თუ ერთმანეთს ყველა საკმარისად კარგად იცნობს, ეს შესაძლოა დაძლეული იქნას. თუმცა ხშირად, ამ ყველაფერს დაბნეულობისკენ და კონფლიქტების მოგვარებისთვის დახარჯულ უსასრულო საათებამდე მივყავართ.
  3. კომუნიკაციის მაღალი ხარისხი. ინფორმაცია აუცილებლად უნდა გადაეცეს ყველას, შემოწმდეს აზრები, დაიყოს საქმიანობა და თანამონაწილეობა რელევანტურ გადაწყვეტილებებში. ეს შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, თუ ჯგუფი მცირეა და ხალხი პრაქტიკულად ერთად ცხოვრობს ამოცანის შესრულების ყველაზე მნიშვნელოვან ფაზებში. იმ ინტერაქცების რაოდენობა, რომლებიც საჭიროა ყველას ჩართულობისთვის, წევრთა შემოერთებასთან ერთად გეომეტრიულად იზრდება. ეს გარდაუვალად ზღუდავს ჯგუფის წევრების რაოდენობას 5-ამდე, ან ზოგიერთ წევრს გამორიცხავს გადაწყვეტილების მიღების პროცესისგან. წარმატებული ჯგუფების წევრების რაოდენობა შესაძლოა 10-15იც იყოს, მაგრამ მხოლოდ მაშინ, თუ ისინი გადანაწილებულები არიან ქვეჯგუფებში, რომლებიც ასრულებენ ამოცანის სპეციფიურ ნაწილებს და რომელთა წევრებიც კვეთენ ერთმანეთს ისე, რომ ცოდნა ქვეჯგუფების საქმიანობის შესახებ ადვილად გადაეცეს ჯგუფის ყველა წევრს.
  4. უნარების სპეციალიზაციის დაბალი ხარისხი. არაა აუცილებელი, რომ ყველას შეეძლოს ყველაფრის გაკეთება, მაგრამ ყველაფრის გაკეთება უნდა იყოს შესაძლებელი ერთზე მეტი პიროვნებებისგან. აქედან გამომდინარე, არავინაა შეუცვლელი. გარკვეულ დონეზე, ადამიანები ურთიერთმონაცვლე ნაწილები ხდებიან.

მიუხედავად იმისა, რომ ეს მდგომარეობები ხშირად გვხვდება მცირე ჯგუფებში, შეუძლებელია დიდ ჯგუფებში. ამრიგად, რადგანაც ფართო მოძრაობები ქალაქების უმეტესობაში ისევე არასტრუქტურიზებულია, როგორც ინდივიდუალურებში, ისინი არ არიან უფრო მეტად ეფექტურები ცალკეულ ჯგუფებთან შედარებით სპეციფიურ ამოცანებში. არაფორმალური სტრუქტურა იშვიათადაა საკმარისი ეფექტური მოქმედებისთვის. ამიტომაც, მოძრაობა ასრულებს ბევრ ქმედებას და აღწევს ნაკლებ შედეგებს. სამწუხაროდ, ამ ქმედებების გვერდითი მოვლენები ხშირად გადაფარავს შედეგს და მსხვერპლად თავად მოძრაობა გვევლინება.

ზოგიერთი ჯგუფი მთლიანად გადადის ლოკალური ქმედებების პროექტებზე და ამგვარად, არ მოიცავს ბევრ ადამიანს -რჩება პატარა ჯგუფად. თუმცა ეს ფორმა ზღუდავს მოძრაობის აქტივობას ლოკალურ დონემდე; არ გადადის რეგიონალურსა და ნაციონალურზე. გარდა ამისა, კარგად ფუნქციონირებისთვის ეს ჯგუფები ზღუდავენ თავიანთ თავს მეგობრების არაფორმალურ წრემდე, რომლებიც პროცესებში თავიდანვე იყვნენ ჩართულები. ეს ბევრ სხვა ქალს მონაწილეობის მიღების საშუალებას არ აძლევს.

იმ ჯგუფებისთვის, რომლებსაც არ შეუძლიათ იმ ლოკალური პროექტების მოძიება, რომლებსაც თავს მიუძღვნიან, უბრალოდ ერთად დარჩენის აქტი ერთადერთი მიზეზია მათი ერთად დარჩენისა. როდესაც ჯგუფს არ გააჩნია სპეციფიური ამოცანა (და ცნობიერების ამაღლება ამოცანაა), ადამიანები თავიანთ ენერგიას მიმართავენ ჯგუფის სხვა წევრების გაკონტროლებისკენ. ეს უფრო მეტწილად მანკიერი სურვილის (აკონტროლონ სხვები) გამო კი არ ხდება, არამედ უბრალოდ იმის გამო, რომ უკეთესი არაფერი არ აქვთ საკეთებლად. ნიჭიერი ხალხი, რომელსაც თავისუფალი დრო გააჩნია და ერთად შეკრებების გასამართლებელ მიზეზს ეძებს, თავიანთ ენერგიას მთლიანად კონტროლის მოპოვებისკენ მიმართავს და დროს ჯგუფის სხვა წევრების ხასიათის კრიტიკაში ხარჯავს. შიდა კონფლიქტები და პერსონალური ძალაუფლება დღის მთავარი თემა ხდება. როდესაც ჯგუფი ჩართულია ამოცანაში, ხალხი სწავლობს, თუ როგორ შეეწყოს ერთმანეთს და დათრგუნოს პერსონალური ანტიპათია უფრო დიდი მიზნისთვის.

ცნობიერების ამაღლების დასასრული ხალხს წასასვლელ ადგილს აღარ უტოვებს და სტრუქტურის არარსებობა მათ ყველანაირ გზას უჭრის. არსებობს მოქმედებების რამდენიმე ალტერნატივა. ზოგიერთი ქალი “აკეთებს თავის საქმეს”. ამას შეუძლია ინდივიდუალური კრეატიულობის მაღალი ხარისხი გვიჩვენოს, რომელიც მოძრაობისთვის ძალიან საჭიროა, მაგრამ ეს არ არის ყველა ქალისთვის ხელმისაწვდომი ალტერნატივა და უდავოდ ვერ შეედრება კოოპერატიული ჯგუფის მიღწევებს. სხვა ქალები მთლიანად გამოეყოფიან მოძრაობას, რადგანაც არ სურთ ინდივიდუალური პროექტის შესრულება და ვერ პოულობენ სხვა გზას აღმოჩენებისთვის, გაერთიანებისთვის, ან ისეთ ჯგუფური პროექტების დასაწყებად, რომელიც დააინტერესებდათ.

ბევრი მათგანი შედის სხვა პოლიტიკურ ორგანიზაციებში იმ სტრუქტურიზებული, ეფექტური აქტივობების მისაღებად, რომლებიც ქალთა მოძრაობაში ვერ იპოვეს. ასეთი პოლიტიკური მოძრაობები ქალებთა უფლებებს,  უყურებენ როგორც იმ უამრავი პრობლემიდან ერთს, რომლებსაც ქალებმა თავიანთი დრო უნდა დაუთმონ. აზრიანი პოლიტიკური აქტივობის სურვილი, რომელიც ქალებშია გენერირებული ქალთა განმათავისუფლებელი მოძრაობის ნაწილად ქცევიდან, საკმარისია იმისთვის, რომ შეუერთდნენ სხვა ორგანიზაციებს, მაშინ, როდესაც მოძრაობა თავისთავად არ აწარმოებს მათი იდეების და ენერგიების გასავალს. ის ქალები რომლებიც უერთდებიან სხვა პოლიტიკურ ორგანიზაციებს და თან რჩებიან ქალთა მოძრაობაში, ან ისინი ვინც უერთდებიან ქალთა მოძრაობას, მაშინ როდესაც რჩებიან სხვა პოლიტიკურ ორგანიზაციებში, ხდებიან ახალი არაფორმალური სტრუქტურების საფუძვლები. ასეთი მეგობრული ქსელები დაფუძნებულია მათ საერთო არაფემინისტურ პოლიტიკაზე და არა იმ მახასიათებლებზე, რომლებზეც ზემოთ ვისაუბრეთ, თუმცა მოქმედებენ იგივე გზებით. რადგანაც ეს ქალები იზიარებენ საერთო ღირებულებებს, იდეებს და პოლიტიკურ ორიენტაციას, ისინიც ხდებიან არაფორმალური, არადაგეგმილი, არაარაჩეული ელიტები-მიუხედავად იმისა, გეგმავდნენ ამას, თუ არა.

ეს ახალი არაფორმალური ელიტები ძველი არაფორმალური ელიტებისგან ხშირად აღიქმებიან როგორც საფრთხე. ეს სწორი აღქმაა. ასეთი პოლიტიკაზე ორიენტირებული ქსელები იშვიათად არიან მხოლოდ “სამეგობრო” , განსხვავებით ძველი ელიტებისა, და სურთ გააერთიანონ თავიანთი პოლიტიკური მიზნები ფემინისტურ იდეებთან. ეს ბუნებრივია, მაგრამ მისი გართულებები ქალთა მოძრაობისთვის არასდროს განხილულა ადეკვატურად. ძველ ელიტებს არ სურთ აზრთა ასეთი სხვადასხვაობის საჯაროდ წამოწევა, რადგანაც ეს გამოააშკარავებდა ჯგუფის არაფორმალური სტრუქტურის ბუნებისაც.

ამ არაფორმალურ ელიტათა დიდი ნაწილი “ანტი-ელიტიზმის” და “სტრუქტურის არქონის” ბანერს უკან იმალება. სხვა არაფორმალური სტრუქტურის კონკურენციის ჩასახშობად, მათ მოუწევდათ ‘საჯაროობა”, და ეს შესაძლებლობა სავსეა მრავალი საშიში გართულებებით. ამგვარად, თავისი ძალაუფლების შესანარჩუნებლად, უფრო მარტივია სხვა არაფორმალური სტრუქტურის წევრთა გარიყვის გამართლება ისეთი საშუალებებით, როგორიცაა “წითლების დევნა”, “რეფორმისტების დევნა”, “ლესბოსელთა დევნა”, ან “ჰეტეროთა დევნა”. სხვა ალტერნატივა არის ჯგუფის ფორმალურად სტრუქტურიზება ისე, რომ თავდაპირველი ძალაუფლებრივი სტრუქტურა ინსტიტუციონალიზდება. ეს ყოველთვის არაა შესაძლებელი. თუ არაფორმალური ელიტები კარგად არიან სტრუქტურიზებულები და წარსულში გადაჭარბებული ძალაუფლება გამოავლინეს, ასეთი ნაბიჯი დასაშვებია. ამ ჯგუფებს აქვთ წარსულში პოლიტიკური ეფექტურობის ისტორია და არაფორმალური სტრუქტურის სიმჭიდროვედან გამომდინარე,  ფორმალური სტრუქტურა ადეკვატური ჩამნაცვლებელია. სტრუქტურიზება მნიშვნელოვნად არ ცვლის მათ ქმედებებს, თუმცა ძალაუფლებრივი სტრუქტურის ინსტიტუციონალიზება მას ღიად ტოვებს ფორმალურობის გამოწვევებისთვის. სწორედ ის ჯგუფებს, რომლებსაც საციცოცხლოდ ესაჭიროებათ სტრუქტურა, ხშირად ყველაზე ნაკლები უნარი აქვთ მისი შექმნისთვის. მათი არაფორმალური სტრუქტურები უკვე კარგადაა ფორმირებული და მისი “სტრუქტურის არქონის” იდეოლოგიასთან შეზრდა საშუალებას არ იძლევა ტაქტიკების შეცვლისთვის. რაც უფრო არ არის სტრუქტურიზებული ჯგუფი და რაც უფრო შეზრდილია ის “სტრუქტურის არქონის” იდეოლოგიასთან, მით უფრო მოწყვლადია სხვა პოლიტიკური ჯგუფების მიმართ.

რადგანაც მთლიანობაში მოძრაობა ისეთივე არასტრუქტურიზებულია, როგორც მასში შემავალი მცირე ჯგუფების უმრავლესობა, ისიც მსგავსად მგრძობიარეა არაპირდაპირი გავლენების მიმართ. მაგრამ თავად ფენომენი სხვაგვარად მჟავნდება. ლოკალურ დონეზე ჯგუფების უმრავლესობას შეუძლია ავტონომიურად მოქმედება; მაგრამ ერთადერთი ჯგუფები, რომლებსაც ნაციონალური აქტივობების ორგანიზება შეუძლიათ, ნაციონალურად ორგანიზებული ჯგუფებია. აქედან გამომდინარე, ხშირად სტრუქტურიზებული ფემინისტური ორგანიზაციები არიან ისინი, რომლებიც ნაციონალურ მიმართულებას აწარმოებენ ფემინისტური აქტივობებისთვის და ეს მიმართულება განსაზღვრულია ამ ორგანიზაციების პრიორიტეტებით. ისეთი ორგანიზაციები, როგორებიცაა NOW, WEAL და სხვა მემარცხენე ქალთა პარტიები, ხშირად ერთადერთი ორგანიზაციებია, რომლებსაც შეუძლიათ ნაციონალური კამპანიის გაძღოლა. სტრუქტურის არმქონე ქალთა ჯგუფების უმრავლესობას შეუძლია მხარი დაუჭიროს, ან არ დაუჭიროს ნაციონალურ კამპანიებს, მაგრამ მათი საკუთრივ წარმართვა არ შეუძლიათ. ამიტომაც,  სტრუქტურიზებული ორგანიზაციები მათი ლიდერები ხდებიან. ღიად სტრუქტურის არმქონე ჯგუფებს არ აქვთ შესაძლებლობა, წარმართონ მოძრაობის რესურსები ისე, რომ საკუთარ პრიორიტეტებს დაუქვემდებარონ.

რაც უფრო არასტრუქტურულია მოძრაობა, მით უფრო ნაკლები კონტროლი გააჩნია მას იმ მიმართულებებზე, რომლებშიც ის ვითარდება და იმ პოლიტიკურ ქმედებებზე, რომლებშიც ის ერთვება. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მოძრაობის იდეები არ ვრცელდება. მედიის მიერ გარკვეული ყურადღების და სოციალური მდგომარეობის შესაბამისობის შემთხვევაში, იდეები ფართოდ გაიბნევა, მაგრამ იდეების დიფუზია არ ნიშნავს იმას, რომ ისინი დაინერგება. იმ  შემთხვევაში, თუ მათი გამოყენება ინდივიდუალურადაა შესაძლებელი, ისინი შეიძლება განხორციელდეს. ხოლო თუ ისინი საჭიროებს მწყობრი პოლიტიკური ძალაუფლების იმპლემენტაციას -არა.

იქამდე სანამ ქალთა მოძრაობა მიმართულია ისეთი ორგანიზაციული ფორმისკენ, რომელიც აწარმოებს მცირე, არააქტიურ დისკუსიას მეგობრების ჯგუფებს შორს, სტრუქტურის არქონის ყველაზე ცუდი პრობლემები არ იგრძნობა. თუმცა ასეთი სტილის ორგანიზაციას თავისი ლიმიტები აქვს; ის პოლიტიკურად ძალადაკარგულია, ექსკლუზიურია და იმ ქალების მიმართ დისკრიმინაციული, რომლებიც არ არიან ჩართულები სამეგობრო ქსელებში. ისინი ვინც  არიან ჩართულები კლასის, რასის, ადგილმდებარეობის, განათლების, ოჯახის სტატუსის, ხასიათის და ა.შ. გამო, აუცილებლად აუცრუვდებათ გული ჯგუფში ჩართულობაზე. ხოლო ისინი ვინც ერგებიან, საგნების შეუცვლელად დარჩენის დიდ ინტერესს გამოხატავენ.

არაფორმალური ჯგუფების ინტერესები დაცული იქნება არაფორმალური სტრუქტურების მიერ  და მოძრაობას არ ექნება არანაირი გზა, გაარკვიოს ვის უნდა ჰქონდეს ძალაუფლება მასში. თუ მოძრაობა გააგრძელებს განზრახ არ აირჩიოს ის, ვისაც ძალაუფლების განხორციელების შესაძლებლობა ექნება, ამით ვერ აღმოფხვრის ძალაუფლებას. ერთადერთი რასაც იზამს, არის ის, რომ  უფლებამოსილებას მოიხსნის იმის მოთხოვნაზე, რომ ვინც გამოიყენებს ძალაუფლებას და გავლენას, პასუხისმგებელიც უნდა იყოს მასზე. თუ მოძრაობა გააგრძელებს ძალაუფლების გაბნევას რამდენადაც შეუძლია, რადგანაც იცის, რომ არ შეუძლია პასუხისმგებლობის მოთხოვნა მათგან, ვისაც აქვს ეს ძალაუფლება. ეს ერთ ჯგუფს, ან ერთ პიროვნებას ხელს შეუშლის დომინაციაში, მაგრამ ამავდროულად, გამოიწვევს მოძრაობის არაეფექტურობასაც. აუცილებელია მოიძებოს შუალედი დომინაციას და არაეფექტურობას შორის.

ეს პრობლემები ამ დროისთვის რელევანტურია, რადგანაც მოძრაობის ბუნება აუცილებლად ცვალებადია. ცნობიერების ამაღლება, როგორც მთავარი ფუნქცია ქალთა განმათავისუფლებელი მოძრაობისა, მოძველებული ხდება.  ბოლო ორ წელში  პრესის ინტენსიური პუბლიცისტიკის და მრავალი წიგნის თუ სტატიის შემდგომ, რომლებიც ახლა ტრიალებს ჩვენს გარშემო, ქალთა მოძრაობა შინაურულ ტერმინად იქცა. მის პრობლემებს განიხილავენ და ყალიბდება სხვადასხვა არაფორმალური ჯგუფები იმ ხალხის მიერ, რომლებსაც არ გააჩნიათ ნათელი კავშირი რომელიმე მოძრაობის ჯგუფებთან. მოძრაობას ჭირდება ნაბიჯების გადადგმა, საკუთარი პრიორიტეტების გამჟღავნება, მიზნების არტიკულირება და ამ მიზნების განხორციელება კოორდინირებულად. ამისთვის აუცილებლად უნდა ორგანიზდეს ლოკალურად, რეგიონალურად და ნაციონალურად.

.დემოკრატიული სტრუქტურის პრინციპები

მას შემდეგ, რაც მოძრაობა აღარ დაეფუძნება “სტრუქტურის არქონის” იდეოლოგიას, მას შეეძლება ორგანიზაციის ისეთი ფორმების ჩამოყალიბება, რომელიც ჯანსაღი ფუნქციონირების საშუალებას მისცემს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მეორე სახის ექსტრემიზმში გადავეშვათ და ბრმად გადმოვიტანოთ ორგანიზაციის ტრადიციული ფორმები, მაგრამ არც ბრმად არ უნდა უარვყოთ ისინი.ზოგიერთი ტრადიციული ტექნიკა გამოსადეგი იქნება, თუმცა არა იდეალური; ზოგიერთი დაგვანახებს, თუ რა უნდა გავაკეთოთ და რა არა, მინიმალური დანახარჯების ფონზე გარკვეული მიზნების მისაღწევად. უმთავრესად, ჩვენ მოგვიწევს ექსპერიმენტაცია სხვადასხვა სახის სტრუქტურებზე და მრავალი ტექნიკის განვითარება სხვადასხვა სიტუაციებთან მოსარგებად. ლოტ-ის სისტემა არის ერთი მსგავს იდეათაგანი, რომელიც მოძრაობაში წარმოიშვა. ეს სისტემა არ ერგება ყველა სიტუაციას, თუმცა სასარგებლოა ზოგიერთთან. საჭიროა სხვა იდეები სტრუქტურიზებისთვის. სანამ დავიწყებთ ექსპერიმენტაციას, ჩვენ ჯერ უნდა მივიღოთ იდეა, რომ სტრუქტურაში თავისთავად ცუდი არაფერი არ არის- მხოლოდ მისი გადაჭარბებული გამოყენება.

სანამ ცდის პროცესზე გადავალთ, იქამდე მხედველობაში უნდა მივიღოთ ის პრინციპები, რომლებიც არსობრივია დემოკრატიული სტრუქტურისთვის და ასევე ეფექტურია პოლიტიკურად:

1) სპეციფიური ძალაუფლების გადაცემა სპეციფიურ ინდივიდებზე სპეციფიური ნაბიჯებისთვის, დემოკრატიული პროცედურებით. ხალხისთვის სამსახურების და ამოცანების დაკისრება გაუაზრებლად, არასაიმედოა. თუ ამოცანების შესასრულებლად ის ხალხი აირჩევა, რომელთაც ინტერესი და მზადყოფნა გამოთქვეს, ეს ნიშნავს იმას, რომ ისინი იღებენ ვალდებულებას, რომელსაც ადვილად ვეღარ უარყოფენ.

2) ის, ვისაც ძალაუფლება გადაეცემა, მოეთხოვება იყოს პასუხისმგებელი მათზე, ვინც ეს ძალაუფლება გადასცა. სწორედ ამგვარად ექნება ჯგუფს კონტროლი ძალაუფლების მქონე ხალხზე. ინდივიდებს შესაძლოა ჰქონდეთ მისი გამოყენების უფლება, მაგრამ ჯგუფს ეკუთვნის საბოლოო სიტყვა, თუ როგორ განხორციელდება ის.

3) ძალაუფლების დისტრიბუცია რაც შეიძლება მეტ ხალხზე, გონივრულობის ფარგლებში. ეს ხელს უშლის ძალაუფლების მონოპოლიზებას და ძალაუფლების მქონეს სხვებთან კონსულტაციას აიძულებს, სანამ გადადგამს ნაბიჯს. ეს ასევე ბევრ ადამიანს აძლევს შესაძლებლობას, ჰქონდეს პასუხისმგებლობა სპეციფიურ ამოცანებზე და ამგვარად გამოიმუშავოს სხვადასხვა უნარები.

4) ამოცანების მონაცვლეობა ინდივიდებს შორის. თუ პასუხისმგებლობები დიდი ხნის განმავლობაში აკისრია ერთ ადამიანს, ფორმალურად თუ არაფორმალურად, მიიჩნევა, როგორც ამ ადამიანის “საკუთრება” და რთულად ითმობა ან კონტროლდება ჯგუფის მიერ. ამის საპირისპიროდ, თუ ამოცანები იცვლება ძალიან ხშირად, ინდივიდს არ ექნება დრო თავისი სამუშაოს კარგად შესაწავლად და აქედან გამომდინარე, კმაყოფილების შეგრძნების შესაძლებლობა კარგად გაკეთებული სამუშაოთი.

5) ამოცანების განაწილება რაციონალური კრიტერიუმებით. ვიღაცის დანიშვნა პოზიციაზე იმის გამო, რომ ის ჯგუფისგან მოწონებულია ან რთული სამუშაოს მინიჭება ანტიპათიის გამო, არ ეხმარება არც ინდივიდს და არც ჯგუფს გრძელვადიან პერიოდში. შესაძლებლობა, ინტერესი და პასუხისმგებლობა უნდა იყოს სამი მთავარი კრიტერიუმი არჩევისას. ხალხს უნდა მიეცეს შესაძლებლობა აითვისოს უნარები, რომლებიც მათ არ აქვთ, მაგრამ ეს ყველაზე კარგად მოხერხდება “ასისტენტობის” პროგრამით, ვიდრე “ჩაიძირე ან გაცურე” მეთოდით. ისეთი პასუხისგებლობის ქონა, რომელსაც ინდივიდი ვერ უმკლავდება, ახდენს მის დემორალიზებას. ამის საპირისპიროდ, იმ საქმიანობის შავ სიაში შეყვანა, რომელსაც ინდივიდი კარგად ასრულებს, გულს აუცრუებს მას უნარების განვითარებაზე. ქალები არ უნდა ისჯებოდენ კომპეტენტურობისთვის, როგორც კაცობრიობის ისტორიაში მუდმივად ხდებოდა; მოძრაობამ არ უნდა გაიმეოროს ეს პროცესი.

6) ინფორმაციის გაბნევა ყველასთან, რაც შეიძლება ხშირად. ინფორმაცია ძალაა. ინფორმაციაზე წვდომა აძლიერებს ძალაუფლებას. როდესაც არაფორმალური ქსელი ავრცელებს ახალ იდეებს და ინფორმაციებს თავისთვის, ჯგუფს მიღმა, ის უკვე ჩართულია აზრის ჩამოყალიბების პროცესში – ჯგუფის მონაწილეობის გარეშე. რაც უფრო მეტი იცის პიროვნებამ იმაზე, თუ როგორ მუშაობს ესა თუ ის საგანი, უფრო პოლიტიკურად ეფექტური იქნება ის.

7) რესურსებზე თანაბარი წვდომა. მართალია, ეს ყოველთვის იდეალურად შესაძლებელი არაა, მაგრამ ამისკენ უნდა მივიღწოდეთ. წევრს, რომელსაც გააჩნია მონოპოლია საჭირო რესურსზე (მაგალითად, ქმრის საკუთრებაში მყოფი საბეჭდი პრესა), შეუძლია არასწორი გავლენა მოახდინოს ამ რესურსის გამოყენებაზე.  უნარები და ინფორმაციაც ასევე რესურსებია. წევრების უნარები თანაბრად ხელმისაწვდომი უნდა იყოს, თუ წევრებსაქვთ სურვილი გადასცენ ეს ცოდნა.

ამ პრინციპების განხორციელება უზრუნველყოფს სხვადასხვა ჯგუფებში პასუხისმგებლობის შეგრძნებას და საერთო კონტროლს. ძალაუფლების პოზიციაზე მყოფი ხალხი იქნება გაფანტული, მოქნილი, ღია და დროებითი. მათ არ შეეძლებათ საკუთარი ძალაუფლების ინსტიტუციონალიზება, რადგანაც უმთავრეს გადაწყვეტილებებს მთლიანად ჯგუფი მიიღებს. ჯგუფს ექნება ძალაუფლება ავტორიტეტულ ინდივიდებზე.

ავტორი: ჯო ფრიმანი; ამერიკელი ფემინისტი, პოლიტოლოგი, მწერალი.
მთარგმნელი: ანო გულიშვილი; ქალთა მზერის კოლექტივის წევრი, ფემინისტი აქტივისტი.

პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ახალგაზრდა ფემინისტური ფონდი ფრიდა