ლექცია ჩატარდა 2006 წლის 28 ოქტომბერს  ნიუ იორკში და არის ნაწილი “”This is Forever: From Inquiry to Refusal Discussion” სერიებისა.

დღეს მე წარმოგიდგენთ პრეკარიოტული შრომის თეორიის კრიტიკას, რომელიც ჩამოყალიბდა იტალიელი ავტონომისტი მარქსისტების მიერ. კერძოდ შევეხები ანტონიო ნეგრის, პაოლო ვირნოს და მაიკლ ჰარდტის ნაშრომებს. მას თეორიას ვუწოდებ, რადგანაც ნეგრის და სხვების ხედვა  სამუშაოს ორგანიზებაში ცვლილებების აღწერაზე შორს მიდის, რომელიც სათავეს 1980-90იანებში იღებს გლობალიზაციის პროცესთან ერთად-როგორებიცაა “სამუშაოს პრეკარიზაცია”, ის ფაქტი, რომ სამუშაო ურთიერთობები  წყვეტილი ხდება, “მოქნილი დროის”  შემოღება და სამუშაო გამოცდილების მზრდადი ფრაგმენტაცია. მათი ხედვა პრეკარიოტულ შრომაზე წარმოადგენს ძირითად პერსპექტივას კაპიტალიზმის რაობასა და წინააღმდეგობის ბუნებაზე დღეს. მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ეს არ არის უბრალოდ მცირე ინტელექტუალთა იდეები, არამედ თეორიები, რომელიც წლების განმავლობაში ტრიალებდა იტალიურ მოძრაობაში და ახლახანს უფრო გავლენიანი გახდა ა.შ.შ-იც.

პრეკარიოტული და არამატერიალური შრომის თეორიის წარმოშობა და ისტორია

ჩემი პირველი წანამძღვარი აუცილებლად არის კითხვა – უნდა იყოს თუ არა პრეკარიოტული შრომა ჩვენს დღის წესრიგში? პრეკარიოტული შრომაზე დისკუსია გადამწყვეტია იმისთვის, რომ გავიგოთ, როგორ გავცდეთ კაპიტალიზმს. ის თეორიები, რომლებსაც მე განვიხილავ, ეხებიან სამუშაო ორგანიზაციის განვითარების მნიშვნელოვან ასპექტებს; ასევე უბრუნდებიან სამუშაოს კაცზე ცენტრალიზებულ კონცეფციას და სოციალურ წინააღმდეგობას. მე განვიხილავ თეორიის იმ ელემენტებს, რომელიც ჩემი კრიტიკისთვის ყველაზე რელევანტურია.

იტალიელი ავტონომისტების პრეკარიოტული შრომის თეორიის მნიშვნელოვანი წანამძღვარი არის ის, რომ სამუშაოს პრეკარიზაცია, გვიანი 70-იანებიდან დღემდე იყო კაპიტალისტური პასუხი 60-იანებში კლასობრივი ბრძოლის მიმართ, ბრძოლა რომელიც ფოკუსირდებოდა სამუშაოს უარყოფაზე სლოგანით “მეტი ფული, ნაკლები სამუშაო”. ეს იყო პასუხი ბრძოლების ციკლისა, რომლებიც უპირისპირდებოდა კაპიტალიზმის ბატონობას შრომაზე, გამოხატავდა რა მუშების მიერ კაპიტალისტური სამუშაო დისციპლინის, კაპიტალისტური წარმოების წესის მიერ ორგანიზებული ცხოვრების, საწარმოებსა და ოფისებში გატარებული ცხოვრების უარყოფას. მეორე მნიშვნელოვანი თემა არის ის, რომ სამუშაოს პრეკარიატიზაციის ურთიერთობები ღრმადაა ფესვგადგმული სხვა ცვლილებაში, რომელსაც ადგილი ქონდა 80-იანებში წარმოების რესტრუქტურიზაციასთან ერთად. ეს არის ცვლილება ინდუსტრიული შრომიდან იმაში, რასაც ნეგრი და ვირნო “არამატერიალურ შრომას” უწოდებენ.

ნეგრი და სხვები  ფიქრობდნენ, რომ წარმოების რესტრუქტურიზაცია მოხდა 80-იან, 90-იან წლებში 60-იანი წლების წინააღმდეგობების საპასუხოდ. დაიწყო პროცესი, სადაც ინდუსტრიული შრომა ჩანაცვლდა სხვა სახის სამუშაოთი; იგივე გზით, როგორც ინდუსტრიულმა შრომამ ჩაანაცვლა აგრარული სამუშაო. ისინი ახალი ტიპის სამუშაოს “არამატერიალურ შრომას” უწოდებენ, რადგანაც ამტკიცებენ, რომ კომპიუტერული და ინფორმაციული რევოლუციებით სამუშაოს დომინანტური ფორმა შეიცვალა. როგორც ტენდენცია გვიჩვენებს, სამუშაოს დომინანტური ფორმა დღევანდელ კაპიტალიზმში არის სამუშაო, რომელიც არ აწარმოებს ფიზიკურ საგნებს, არამედ ინფორმაციას, იდეებს, ყოფით მდგომარეობას, ურთიერთობებს.

სხვა სიტყვებით, ინდუსტრიული სამუშაო-რომელიც ჰეგემონური იყო კაპიტალიზმის განვითარების წინა ფაზაში-ახლა ნაკლებ მნიშვნელოვანი გახდა; ის მეტად აღარ წარმოადგენს ძრავს კაპიტალისტური განვითარებისთვის. მის ადგილზე ჩვენ ვხედავთ “არამატერიალურ შრომას”, რომელიც არსებითია კულტურულ, კოგნიტურ და ინფორმაციულ სამუშაოში.

იტალიელ ავტონომისტებს სჯერათ, რომ შრომის პრეკარიატიზაცია და არამატერალური შრომის გამოჩენა ასრულებს მარქსის წინასწარმეტყველებას, რომელსაც “Grundrisse”-ში წერს, ცნობილ თავში მანქანების შესახებ. ამ თავში მარქსი ამტკიცებს, რომ კაპიტალიზმის განვითარებასთან ერთად, უფრო და უფრო ნაკლები კაპიტალისტური წარმოება ეყრდნობა ცოცხალ შრომას და უფრო მეტი მეცნიერების, ცოდნის და ტექნოლოგიის , როგორც შეგროვების ძრავების, ინტეგრაციას წარმოების პროცესში: ვირნო და ნეგრი ხედავენ გადანაცვლებას პრეკარიოტული შრომისკენ, როგორც ამ წინასწარმეტყველების ასრულებას. ამგვარად, კოგნიტური სამუშაოს და კომპიუტერების განვითარების მნიშვნელობა ჩვენს დროში უკავშირდება იმ ფაქტს, რომ ისინი წარმოადგენენ კაპიტალიზმის ისტორიული ტენდენციის ნაწილს, რომელიც მიმართულია შრომის შემცირებისკენ.

შრომის პრეკარიულობა ფესვგადგმულია წარმოების ახალ ფორმებში. სავარაუდოდ, ცვლილება არამატერიალური შრომისკენ აწარმოებს შრომის პრეკარიზაციის ურთიერთობებს, რადგანაც კოგნიტური სამუშაოს სტრუქტურა განსხვავდება ინდუსტრიული, ფიზიკური სამუშაოსგან. კოგნიტური და ინფორმაციული სამუშაო ნაკლებად ეყრდნობა მუშის უწყვეტ ფიზიკურ არსებობას, როგორც ეს იყო ტრადიციულ სამუშაო ადგილზე. მუშაობის რიტმი გაცილებით უფრო წყვეტილი და მოქნილია.

შეჯამებისთვის, პრეკარიოტული შრომის განვითარება და არამატერალური შრომისკენ გადანაცვლება ნეგრისთვის და სხვა ავტონომისტი მარქსისტებისთვის არ არის მთლიანად ნეგატიური ფენომენი. პირიქით, ისინი მიიჩნევიან სამუშაოს შემცირებისკენ მიმართულ ტენდენციად და ამგვარად ექსპლოატაციის შემცირებისკენ, კლასობრივი ბრძოლის  საპასუხოდ.

წარმოების ეს საშუალებები დღეს უკვე გვაძლევს საშუალებას შევხედოთ ახალ სამყაროს; სადაც განვთავისუფლდებით სამუშაოს აუცილებლობისგან და თავისუფლების ახალ არეებში შევაღწევთ.

ავტონომისტ მარქსისტებს სჯერათ, რომ ეს განვითარება ქმნის ახალი სახის “საერთოს”, იმ ფაქტიდან, რომ არამატერალური შრომა სავარაუდოდ წარმოადგენს ნახტომს სოციალიზაციაში და სამუშაოს ჰომოგენიზაციაში. იდეა ისაა, რომ განსხვავებები სამუშაოს ტიპებში, რომლებიც მნიშვნელოვანი იყო (წარმოება/კვლავწარმოება; სასოფლო/ინდუსტრიული/ემოციური შრომა) წაიშლება, ყველა ტიპის სამუშაო გახდება ასიმილირებული, რადგანაც ყველა მათგანი გაერთიანდება კოგნიტურ სამუშაოში. დამატებით, ყველა აქტივობა მზრდადად  ერთვება კაპიტალისტურ განვითარებში, ისინი ემსახურებიან შეგროვების პროცესს, საზოგადოება ხდება უზარმაზარი საწარმო. ამგვარად, მაგალითისთვის, განსხვავება წარმოებით და არაწარმოებით შრომას შორის ასევე ქრება.

ეს ნიშნავს იმას, რომ კაპიტალიზმი არა მარტო მიგვიძღვის შრომის გადაღმა, არამედ ქმნის გარემოებებს ჩვენი სამუშაო გამოცდილების გაერთიანებისთვის, სადაც დაყოფები აღარ იარსებებს. ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ, თუ რატომ ხდება ეს თეორიები პოპულარული. მათ გააჩნიათ უტოპიური ელემენტები, რომლებიც განსაკუთრებით მიმზიდველია კოგნიტური მუშებისთვის- “კოგნიტარიატი”, როგორც ნეგრი და სხვა იტალიელი აქტივისტები უწოდებენ მათ. ამ ახალი თეორიით, ფაქტობრივად წამოიქმნა ახალი ლექსიკონი. პროლეტარიატის მაგიერ გვაქვს “კოგნიტარიატი”. მუშა კლასის მაგივრად – “მასები”, რადგანაც “მასების” კონცეპტი აჩვენებს ერთიანობას, რომელიც სამუშაოს ახალი სოციალიზაციისგან წარმოიშვა; ის გამოხატავს სამუშაო პროცესის გაერთიანებას, იდეას, რომელშიც მუშები ჰომოგენიზირებულნი არიან. ყველა ფორმის სამუშაოში ჩართულია კოგნიტური, კომპიუტერული, კომუნიკაციური სამუშაოები და ა.შ.  

როგორც ავღნიშნე ამ თეორიამ პოპულარობა მოიპოვა, რადგანაც არსებობს ახალ აქტივისტთა თაობები, რომლებიც ახლა დასაქმებულები არიან პრეკარიოტულ სამუშაოებში კულტურის ინდუსტრიის ან ცოდნის წარმოების ინდუსტრიის სხვადასხვა ნაწილებში. მათ შორის ეს თეორიები პოპულარულია, რადგანაც ისინი მათ ეუბნებიან, რომ იმ ტანჯვის და ექსპლოატაციის მიუხედავად, რომელსაც ისინი აწყდებიან  სამუშაო ადგილზე, მაინც მიიწევენ წინ წარმოებასა და სოციალური ურთიერთოებების უფრო მაღალ დონეებზე. მუშათა ეს თაობა, “9-იდან 5-ამდე” რუტინას უყურებს, როგორც საპატიმრო სასჯელს. პრეკარიოტულობას ისინი ხედავენ, როგორც გზას ახალი საშუალებებისკენ. მათ აქვთ საშუალებები, რომლებზეც მათ მშობლებს არც კი უოცნებიათ. დღევანდელელ მამაკაც ახალგაზრდათა უმრავლესობა არ არის მათი მშობლებივით გაზრდილი, რომელთა ცოლები თუ პარტნიორები მათზე იყვნენ ეკონომიკურად დამოკიდებულები. ახლა მათ შეუძლიათ ისეთ სოციალურ ურთიერთობებზე დაყრდნობა, რომლებიც გაცილებით მეტად შეიცავენ ფინანსურ დამოუკიდებლობას. ქალების უმრავლესობას ავტონომიური წვდომა აქვს ხელფასზე და ხშირად არ უნდათ შვილების გაჩენა.

ასე რომ, ეს თეორია მომხიბვლელია აქტივისტთა ახალი თაობისთვის, რომლებიც მიუხედავად პრეკარიოტული შრომისგან გამოწვეული სიძნელეებისა, ხედავენ გარკვეულ შესაძლებლობებს. მათ არ აინტერესებთ ბრძოლა სრული სამუშაოსთვის. თუმცა არსებობს განსხვავება ევროპასა და ამერიკას შორის. მაგალითად, იტალიაში, მოძრაობაში არსებობს მოთხოვნა გარანტირებული შემოსავლისთვის. ისინი მას “მოქნილ უსაფრთხოებას” უწოდებენ. ისინი ამბობენ, რომ “ჩვენ ვართ სამუშაოს გარეშე, ჩვენ ვართ პრეკარიოტული, რადგანაც ასე სჭირდება კაპიტალიზმს, ამიტომაც მათ ამისთვის უნდა გადაიხადონ”. მობილიზაციის უამრავი დღე იყო, განსაკუთრებით პირველი მაისი, სადაც გაჟღერდა მოთხოვნები გარანტირებული შემოსავლისთვის. მილანში, ამ წლის (2006) მაისში, მოძრაობის ხალხში პოპულარული იყო “სან პრეკარიო”. პრეკარიოტულ მშრომელთა წმინდანი. ირონიული ხატი გამოიყენეს სხვადასხვა დემონსტრაციებში.

ამ თეორიებზე ჩემს კრიტიკას გადავიყვან ფემინისტურ ხედვაში. კრიტიკის განვითარებისას, არ მინდა შევამცირო იმ თეორიების მნიშვნელობა, რომლებსაც განვიხილავ. ისინი ინსპირირებულია მრავალი პოლიტიკური ორგანიზების და ბრძოლის შედეგად, რათა განგვიმარტოს შრომითი ორგანიზაციის ის ცვლილებები, რომლებიც ყველა ჩვენგანის ცხოვრებაზე ახდენს გავლენას. იტალიაში, თანამედროვე წლებში, პრეკარიოტული შრომა იყო მობილიზაციის ერთ-ერთი მთავარი საფუძველი ემიგრანტთა უფლებებზე ბრძოლაში.

ნათელია, რომ უკანასკნელი ათწლეულში ჩვენ ვხედავთ ახალი სახის ბრძოლას. ორგანიზების ახალი სახე იღებს სათავეს. ცილდება ტრადიციული სამუშაო ადგილების საზღვრებს, სადაც სამუშაო ადგილი იყო საწარმო ან ოფისი. ჩვენ ვხედავთ ბრძოლას, რომელიც საწარმოდან “ტერიტორიაში” გადადის, აკავშირებს სამუშაოს სხვადასხვა ადგილებს და აშენებს მოძრაობებს და ორგანიზაციებს, ფესვგადგმულს ტერიტორიაში. პრეკარიოტული შრომის თეორიები ცდილობენ  სიახლის ასპექტების შემოტანას სამუშაო და მოძრაობის ორგანიზაციაში; ცდილობენ შეისწავლონ ორგანიზაციის ახალი ფორმები. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ამავდროულად, ვფიქრობ, რომ ის რასაც პრეკარიოტული შრომის თეორიას ვეძახი, აქვს მნიშვნელოვანი დეფექტები რომლებზეც უკვე მივანიშნე ჩემს პრეზენტაციაში. გამოვყოფ მათ და შემდგომ განვიხილავ ალტერნატივებს. ჩემი პირველი კრიტიკა არის ის, რომ ეს თეორია აგებულია კაპიტალიზმის არასწორად აღქმისგან. ის კაპიტალისტურ განვითარებას ხედავს, როგორც წარმოების და შრომის მაღალი ფორმებისკენ სვლას. “მასაში” ნეგრი და ჰარდი პირდაპირ წერენ, რომ შრომა ხდება უფრო “გონიერი”. დასკვნა ისაა, რომ სამუშაოს ორგანიზების კაპიტალისტური წესი და კაპიტალისტური განვითარება უკვე ქმნიან გარემოებებს ექსპლოატაციის გადასალახად. სავარაუდოდ, ოდესმე, კაპიტალიზმი, რომელიც საზოგადოებას მართავს, დაინგრევა და ის შესაძლებლობები, რომელიც მასში ჩამოყალიბდა, გათავისუფლდება. არსებობს ვარაუდი იმის შესახებ, რომ ეს პროცესი უკვე დაიწყო თანამედროვე წარმოების ორგანიზაციაში. ჩემი ხედვით, ეს რესტრუქტურიზაციის ეფექტების არასწორი გაგებაა, რომელიც კაპიტალისტური გლობალიზაციამ და ნეო-ლიბერალიზმმა წარმოშვა. რასაც ნეგრი და ჰარდი ვერ ხედავენ, არის ის, რომ უდიდესი ნახტომი ტექნოლოგიურ სფეროში, რომელიც საჭიროა სამუშაოს კომპიუტერიზაციისთვის და ინფორმაციის ინტეგრაციისთვის შრომით პროცესში, ანაზღაურდება ექსპლოატაციის გაზრდით პროცესის სხვა მხარეს. არსებობს მჭიდრო ურთიერთკავშირი კომპიუტერზე მომუშავესა და კონგოში მომუშავე მუშას შორის, რომელიც შიშველი ხელებით მუშაობს მეტალზე  გადარჩენისთვის, ექსპროპრიაციის, მოსახლეობის მიწების და ბუნებრივი რესურსებისგან გაქურდვის შემდგომ. ფუნდამენტალური პრინციპი ისაა, რომ კაპიტალისტური განვითარება იმავდროულად განუვითარებლობის პროცესიცაა. მარია მაისი ამას თავის ნაშრომში აღწერს: ”ის რაც განვითარებაა კაპიტალიზმის ერთ მხარეს, განუვითარებლობაა სხვა მხარეში”. ეს კავშირი მთლიანად უგულვებელყოფილია ამ თეორიაში; მთლიანი თეორია გაჟღენთილია ილუზიით, რომ სამუშაო პროცესი გაგვაერთიანებს. როცა ნეგრი და ჰარდი ლაპარაკობენ სამუშაოს “საერთოობაზე” და მასის კონცეპტს იყენებენ ამ ახალი ერთობისთვის, რომელიც ეფუძნება წარმოების ძალების განვითარებას, მჯერა, რომ ისინი ვერ ხედავენ თუ რა ხდება პროლეტარიატის სამყაროსთვის. ისინი ვერ ხედავენ კაპიტალისტურ დესტრუქციას ცხოვრებაში და ეკოლოგიურ გარემოში. ისინი ვერ ხედავენ, რომ წარმოების რესტრუქტურიზაცია უმიზნებს მუშათა კლასში დაყოფის გაღრმავებას და არა მათ გაქრობას. იდეა, რომ მიკროჩიპის განვითარება ახალს საერთოს ქმნის, არასწორია. კომუნალიზმი მხოლოდ ბრძოლის პროდუქტი შეიძლება იყოს და არა კაპიტალისტური წარმოებისა. ნეგრის და ჰარდს სწამთ, რომ კაპიტალისტური სამუშაოს ორგანიზაცია არის უფრო მაღალი რაციონალურობის გამოხატულება და რომ კაპიტალისტური განვითარება საჭიროა კომუნიზმის მატერიალური პირობების შესაქმნელად. ეს რწმენა არის პრეკარიოტული შრომის თეორიის ცენტრი. ჩვენ შეგვიძლია განვიხილოთ, წარმოადგენს თუ არა ის მარქსის ნააზრევს. უდავოდ, “კომუნისტური მანიფესტი” კაპიტალიზმზე ამგვარად საუბრობს და ასევე “Grundisse”-ს გარკვეულ თავებშიც შევხვდებით. მაგრამ არ არის ნათელი, რომ ეს იყო დომინანტური თემა მარქსის ნაშრომებში,  განსაკუთრებით “კაპიტალში”. პრეკარიოტული შრომა და კვლავწარმოებითი სამუშაო ასევე სხვა კრიტიკული ასპექტებია, რომელიც გამაჩნია პრეკარიოტული შრომის თეორიის გარშემო, რადგანაც ის თავის თავს როგორც გენდერულად ნეიტრალურს წარმოაჩენს. ის  მიიჩნევს, რომ წარმოების რეორგანიზაცია ხდება ძალაუფლებრივი ურთიერთობებს და იერარქიებს მიღმა, რომლებიც არსებობს მუშათა კლასში  გენდერის და ასაკის ბაზისზე და ამგვარად, არ აღნიშნავს ამ ურთიერთოებებს; მას არ გააჩნია თეორიული ან პოლიტიკური საშუალებები მათთან დასაპირისპირებლად. ნეგრისთან, ვირნოსთან და ჰარდთან არ არსებობს დისკუსია იმაზე, თუ როგორ არსებობს ხელფასი, როგორც ამ დაყოფების საშუალება და ამიტომ როგორ უნდა მოემართებოდნენ სახელფასოს ბრძოლას, რათა არ გახდეს ინსტრუმენტი უფრო მეტი დაყოფისთვის, არამედ გახდეს საშუალება მათ გასანადგურებლად. ჩემთვის ეს ერთ-ერთი ყველაზე მთავარი პრობლემაა მოძრაობაში.

“მასის” კონცეპტი გვთავაზობს, რომ ყველა დაყოფა მუშათა კლასში აღარ არსებობს ან აღარ არის პოლიტიკურად რელევანტური. მაგრამ ეს ილუზიაა. ზოგიერთმა ფემინისტმა აღნიშნა, რომ პრეკარიოტული შრომა ახალი ფენომენი არ არის. ქალებს ყოველთვის პრეკარიოტული ურთიერთობა ჰქონდათ ანაზღაურებად შრომასთან. თუმცა ეს უფრო ღრმა თემაა. ჩემი კრიტიკა ისაა, რომ ნეგრის თეორია პრეკარიოტულ შრომაზე აიგნორებს ფემინისტური თეორიის და ბრძოლის მნიშვნელოვან კონტრიბუციებს, რომლებიცაა შრომის ხელახლა განსაზღვრა და ქალების აუნაზღაურებელი კვლავწარმოებითი შრომის აღიარება, როგორც კაპიტალისტური აკუმულაციის მთავარი წყარო. საშინაო შრომის, როგორც სამუშაოს განსაზღვრით, როგორც არა პერსონალური სერვისის, არამედ სამუშაოს, რომელიც აწარმოებს და აკვლავწარმოებს შრომით ძალას. ფემინისტებმა ფარდა ახადეს ექსპლოატაციის ახალ უმნიშვნელოვანეს საფუძველს, რომელსაც მარქსი და მარქსისტული თეორია მთლიანად უგუვებელყოფენ. ყველა მნიშვნელოვანი პოლიტიკური  მიგნება, რომლებსაც ეს ანალიზი შეიცავს, განყენებულია, თითქოს მათ არანაირი კავშირი არ ჰქონდეთ წარმოების თანამედროვე ორგანიზაციის გაგებასთან. მხოლოდ მკრთალი ექო ფემინისტური ანალიზისა- “ემოციური შრომის” შეტანა “არამატერიალური შრომის” დარგებში. თუმცა, აქაც, ნეგრი და ჰარდი მხოლოდ იმ ქალებს შეეხებიან რომლებიც სტიუარდესებად ან საკვები ინდუსტრიის სერვისში მუშაობენ, სწორედ მათ საქმიანობას უწოდებენ ისინი “ემოციურ შრომას”. რადგანაც მათ ევალებათ მომხმარებლებთან გაღიმება. მაგრამ რა არის “ემოციური შრომა?” და რატომ არის ის არამატერიალური შრომის თეორიაში შესული? ვფიქრობ, რომ ის შეტანილია იმის გამო, რომ ის არ აწარმოებს  ხელშესახებ პროდუქტს, არამედ “ყოფით მდგომარეობას”, აწარმოებს გრძნობებს. უხეშად რომ ვთქვათ, ეს არის ფემინიზმისთვის გადმოგდებული ძვალი, რომელიც პერსპექტივაა, გამაგრებული სოციალური ფონით და მისი იგნორი შეუძლებელია. მაგრამ “ემოციური შრომის” კონცეპტი ფემინისტურ თეორიაში აშიშვლებს საშინაო შრომას ყოველგვარი მისტიური ძალისგან. ფაქტობრივად, მას უკან შემოაქვს კვლავწარმოებითი სამუშაო მისტიკის სამყაროში. შრომის სქესობრივი დაყოფის, გენდერული იერარქიების ფუნქციონირების ფემინისტური ანალიზი, ანალიზი იმისა, თუ როგორ იყენებს კაპიტალიზმი ხელფასს ქალების სამუშაოს მობილიზებისთვის სამუშაო ძალის საკვლავწარმოებლად- ეს ყველაფერი დაკარგული ტერმინში “ემოციური შრომა”. ის, რომ ფემინისტური ანალიზი უგუვებელყოფილია ნეგრისთან და ჰარდთან, ამყარებს ჩემს ეჭვებს, რომ ეს თეორია გამოხატავს მხოლოდ მუშათა გარკვეული ჯგუფის ინტერესებს, თუმცა ამტკიცებს, რომ ლაპარაკობს ყველა მუშის სახელით, რომ ყველა “მასაშია” გაერთიანებული. რეალურად,  პრეკარიული და არამატერიალური შრომის თეორია აჟღერებს იმ მუშათა სიტუაციას და ინტერესებს, რომლებიც კაპიტალისტური ტექნოლოგიის ყველაზე მაღალ საფეხურზე მუშაობენ. ინტერესის არქონა კვლავწარმოებლურ შრომაში და მისი ვარაუდი, რომ ყველა სახის შრომა წარმოქმნის საერთოს, მალავს ფაქტს, რომ ის დაინტერესებულია მუშათა კლასის ყველაზე პრივილეგირებული სექციით. ეს ნიშნავს იმას, რომ ამ თეორიით არ შეგვიძლია ავაშენოთ ნამდვილი მაკვლავწარმოებელი მოძრაობა.

დღესდღეობით, არსებითია ფემინისტური მოძრაობის გაკვეთილი. ფემინისტებმა 70-იანებში სცადეს გამოეკვლიათ ქალთა ჩაგვრის, ექსპლოატაციის და გენდერული იერარქიების საფუძვლები.ისინი მას ახასიათებენ, როგორც შრომის არათანაბარი დაყოფიდან  წარმოქმნილს, რომელმაც აიძულა ქალები ემუშავათ მუშათა კლასის კვლავწარმოებისთვის. ეს ანალიზი იყო რადიკალური სოციალური კრიტიკის ბაზისი, რომლის შედეგების მთლიანი პოტენციალიც კვლავ გასავითარებელი და გასაგებია. როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ საშინაო შრომა სინამდვილეში სამუშაოა კაპიტალისთვის, და რომელიც, მიუხედავად მისი აუნაზღაურებელი ბუნებისა, კაპიტალიცის აკუმულაციაში შეაქვს წვლილი. ჩვენ განვაცხადეთ რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი კაპიტალიზმის, როგორც წარმოების სისტემის ბუნებაზე. ჩვენ ვამბობთ, რომ კაპიტალიზმი დაშენებულია აუნაზღაურებელი შრომის უდიდეს რაოდენობაზე და ის არ არის დაფუძნებული ექსკლუზიურად ან ძირითადად სახელშეკრულებო ურთიერთობებზე; რომ სახელფასო ურთიერთობა იმალება შრომის აუნაზღაურებელ, მონურ ბუნებაში, რასაც კაპიტალიზმის აკუმულაცია მოყვება. ასევე, როდესაც ჩვენ ვთქვით, რომ საშინაო შრომა არის შრომა, რომელიც აკვლავწარმოებს არა მარტო ”სიცოცხლეს”, არამედ“სამუშაო ძალას”, დავიწყეთ ჩვენი ცხოვრების და სამუშაოს, ორი სხვადასხვა სფეროს გამოყოფა, რომელიც განუყრელად დაკავშირებული ჩანდა.  ჩვენ მოგვეცა ბრძოლის ჩასახვის საშუალება საშინაო შრომის წინააღმდეგ, როგორც სამუშაო ძალის მაკვლავწარმოებელის. სხვა სიტყვებით, იმის გაცნობიერებით, რომ რასაც “მაკვლავწარმოებელ შრომას” ვეძახით არის აკუმულაციის ადგილი და მასაშადამე, ექსპლოატაციის ადგილი, ჩვენ შევძელით დაგვენახა რეპროდუქცია, როგორც ბრძოლის ადგილი და რაც ძალიან მნიშვნელოვანია; გვეწარმოებინა ანტი-კაპიტალისტური ბრძოლა  მაკვლავწარმოებელი შრომის წინააღმდეგ. როგორ უნდა ვიბრძოლოთ მაკვლავწარმოებელი შრომის წინააღმდეგ? ის არ ჰგავს ბრძოლას ტრადიციული საწარმოსა, სადაც ბრძოლის მეორე მხარეს ნივთებია და არა ადამიანები. როდესაც ჩვენ ვთქვით, რომ მაკვლავწარმოებელი შრომა ბრძოლის ადგილია, ჩვენ შევეჯახეთ კითხვას, თუ როგორ ვიბრძოლოთ ისე, რომ ამას ის ადამიანები არ შეეწირნონ, რომლებზეც ვზრუნავთ. ეს არის პრობლემა რომელსაც დედები, მასწავლებლები და ექთნები კარგად იცნობენ. ამიტომაცაა მნიშვნელოვანი რომ შევძლოთ გაყოფა ადამიანების წარმოების და მათი ჩვენს მიერ მათი კვლავწარმოების, როგორც სამუშაო ძალის, მომავალი მუშების, რომლებიც უნდა “გავწვრთნათ”, არა აუცილებლათ მათი საჭიროებების და სურვილების, არამედ გარკვეული რეჟიმით და დისციპლინით. ფემინისტებისთვის მნიშვნელოვანი იყო დაენახათ, რომ საშინაო შრომა და ბავშვების აღზრდა არის ჩვენი შვილების კონტროლი, რათა შესაბამისობაში იყვნენ  კონკრეტულ სამუშაო დისციპლინასთან. ჩვენ დავინახეთ, რომ სამუშაოს ვრცელი არეალის უარყოფით არა მარტო ჩვენი თავების, არამედ ჩვენი შვილების გათავისუფლებაც შეგვეძლო. დავინახეთ, რომ ჩვენი ბრძოლა არ ხდებოდა იმ ადამიანების ხარჯზე, ვისზეც ვზრუნავდით, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება გამოგვეტოვებინა სადილის მომზადება ან იატაკის მოწმენდა. სინამდვილეში, ჩვენმა უარყოფამ გაუხსნა გზა მათ უარყოფისთვის და გათავისუფლების პროცესისთვის. როცა ჩვენ დავინახეთ, რომ სიცოცხლის კვლავწარმოებით ჩვენ ვზრდიდით კაპიტალისტურ აკუმულაციას და დავიწყეთ მაკვლავწარმოებელი შრომის, როგორც კაპიტალისთვის სამუშაოს გამოვლენა, ასევე გავხსენით შესაძლებლობა ქალებს შორის რეკომპოზიციის პროცესისა. მაგალითისთვის მოვიყვანოთ პროსტიტუტთა მოძრაობა, რომელსაც ახლა “სექს მუშაკთა” მოძრაობას ვუწოდებთ. ევროპაში ამ მოძრაობის დასაწყისი 1975 წელია, როდესაც სექს მუშაკთა ნაწილმა პარიზში დაიკავა ეკლესია, პროტესტი ახალი ზონების რეგულაციის წინააღმდეგ, რაშიც ისინი თავიანთ უსაფრთხოებაზე შეტევად აღიქვამდნენ. ნათელია კავშირი ამ ბრძოლას, რომელიც მალევე მოედო მთელ ევროპას და ა.შ.შ.-ს და ფემინისტური მოძრაობის მიერ საშინაო შრომის გადააზრებას და დაპირისპირებას შორის. შესაძლებლობას, გვეთქვა რომ სექსუალობა ქალებისთვის სამუშაო იყო იყო, სექსუალური ურთიერთობებზე ფიქრის მთლიანად ახალი გზა მოყვა, გეი ურთიერთობების ჩათვლით. ფემინისტური და გეი მოძრაობების შედეგად ჩვენ დავიწყეთ ფიქრი იმ გზების შესახებ, სადაც კაპიტალიზმი ექსპლოატაციას უწევს ჩვენს სექსუალობას და “პროდუქტიულად” ქმნის მას. ჯამში, მთავარი მიღწევა იყო ის, რომ ქალებმა დაიწყეს გაეაზრებინათ, რომ აუნაზღაურებელი შრომა და წარმოება სახლში და სახლს გარეთ სამუშაო ძალის კვლავწარმოებას ნიშნავს. ამან საშუალება მოგვცა გადაგვეაზრებინა ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ყველა ასპექტი-ბავშვის აღზრდა, ურთიერთობა კაცებს და ქალებს შორის, ჰომოსექსუალური ურთიერთობები, სექსუალობა მთლიანად-კაპიტალისტურ ექსპლოატაციასთან და აკუმულაციასთან კავშირში.

მაკვლავწარმოებელი მოძრაობების შექმნა

რადგანაც ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ყველა ასპექტის გადააზრება მოხდა მისი მთლიანი პოტენციალით გათავისუფლებისთვის და ექსპლოატაციისთვის, ჩვენ დავინახეთ მრავალი გზა, სადაც ქალები და ქალების ბრძოლა დაკავშირებულია. ჩვენ გავიაზრეთ “ალიანსების” ის შესაძლებლობები, რომლებსაც იქამდე ვერც წარმოვიდგენდით და ქალებს შორის დაყოფის გაქრობის შესაძლებლობა, ასაკობრივი, რასობრივი,სექსუალობის კუთხით. ჩვენ არ შეგვიძლია შევქმნათ მოძრაობა, რომელიც გაძლებადია ამ ძალაუფლებრივი ურთიერთობების გაგების გარეშე. ასევე გვჭირდება ვისწავლოთ მაკვლავწარმოებელი შრომის ფემინისტური ანალიზიდან, რადგანაც ვერცერთი მოძრაობა ვერ გადარჩება, თუ არ არის დაინტერესებული მისი წევრების კვლავწარმოებით. ეს არის სოციალური სამართლიანობის მოძრაობის ერთ-ერთი  ნაკლთაგანი ა.შ.შ-ში. ჩვენ მივდივართ დემონსტრაციებზე, ვაკეთებთ ღონისძიებებს და ეს ხდება ჩვენი ბრძოლის პიკი. ანალიზი იმისა, თუ როგორ ვაკვლავწარმოებთ ამ მოძრაობებს, როგორ ვაკვლავწარმოებთ ჩვენს თავებს, არ არის მოძრაობის ორგანიზების ცენტრი, თუმცა უნდა იყოს. ჩვენ გვჭირდება დავუბრუნდეთ მუშათა კლასის “საზიარო დახმარების”  ისტორიულ ტრადიციას და გადავიაზროთ ეს გამოცდილება, არა აუცილებლად იმის გამო, რომ გვინდოდეს მისი კვლავწარმოება, არამედ იმიტომ, რომ  გადმოვიტანოთ ინსპირაცია ჩვენს დროში. ჩვენ გვჭირდება შევქმნათ ისეთი მოძრაობა, რომელიც განსაზღვრავს საკუთარ დღის წესრიგს, საკუთარ კვლავწარმოებას. ანტიკაპიტალისტურმა ბრძოლამ უნდა შექმნას მხარდაჭერის ფორმები და უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა კოლექტიურად ააგოს კვლავწარმოების ფორმები.

უნდა ვიყოთ დარწმუნებულები, რომ ჩვენ არა მარტო დემონსტრაციის დროს  ვეწინააღმდეგებით კაპიტალს, არამედ კოლექტიურად ჩვენი ცხოვრების ყველა მომენტში. ის, რაც საერთაშორისოდ ხდება, ამტკიცებს, რომ როდესაც შენ გაქვს კოლექტიური კვლავწარმოების ეს ფორმები, როდესაც გაგაჩნია თემი, რომელიც თავის თავს კოლექტიურად აკვლავწარმოებს, შენ გაქვს ბრძოლები, რომლებიც რადიკალური გზით უპირისპირდება კაპიტალისტურ წესრიგს, მაგალითისთვის ენდემური ხალხის ბრძოლა ბოლივიაში წყლის პრივატიზაციის წინააღმდეგ, ან ეკვადორში ნავთობ კომპანიების მიერ  ენდემური მიწების განადგურების წინააღმდეგ. ჩემი მოხსენება მინდა დავასრულო იმის თქმით, რომ თუ ჩვენ შევხედავთ ბოლივიასა და ეკვადორში ბრძოლების მაგალითებს, ჩვენ დავინახავთ, რომ ყველაზე რადიკალური წინააღმდეგობები არ იქმნება ინტელექტუალების ან კოგნიტური მუშაკების მიერ. ის, რამაც ხალხს ძალა მისცა, არის სოლიდარობა, რომელმაც ისინი ერთ მუშტად შეკრა. სოლიდარობა, რომელმაც შესაძლებელი გახადა ქვეყნის სხვადასხვა ნაწილიდან ამ ენდემური ხალხის გაერთიანება და “მაესტროების” მხარდაჭერა, რომლებსაც ისინი თავიანთი თემის წევრებად მოიაზრებენ. ბოლივიაშიც, ხალხს, რომელმაც .შეაჩერა წყლის პრივატიზაცია, აქვს საერთო ბრძოლის გრძელი ტრადიცია. ამ სოლიდარობის მშენებლობა, გაგება რომ შეგვიძლია ჩვენს შორის დაყოფების გადალახვა, არის ნაბიჯი, რომელსაც დღის წესრიგში უნდა გადაიდგას. ჯამში, პრეკარიოტული თეორიის მთავარი პრობლემა არის ის, რომ ის არ გვაძლევს ჩვენ ინსტრუმენტსჩვენი დაყოფის გადასალახად. ეს დაყოფები, რომლებიც უწყვეტად იქმნება, არის ჩვენი ფუნდამენტალური ნაკლი, რომელიც არ გვაძლევს საშუალებას შევეწინააღმდეგოთ ექსპლოატაციას და შევქმნათ სამართლიანი საზოგადოება.

ავტორი: სილვია ფედერიჩი; იტალიელი-ამერიკელი აკადემიკოსი, აქტივისტი ავტონომისტ-მარქსისტულ ფემინისტური ტრადიციიდან, პროფესორი ჰოფსტრას უნივერსიტეტში.
მთარგმნელი: ანო გულიშვილი; საერთაშორისო უერთიერთობების ბაკალავრი თავისუფალ უნივერსიტეტში, ქალთა მზერის კოლექტივის წევრი – ფემინისტი აქტივისტი.