ქალთა ჯანდაცვის პრობლემები – კვლევის მიმოხილვა

საქართველოში მოქმედი ჯანდაცვის სისტემის ზოგადი პრობლემები მეტნაკლებად ცნობილია მოსახლეობისთვის, თუმცა ამ ჯანდაცვაში არსებული პრობლემების გენდერული ანალიზი საკმაოდ რთული მოსაძიებელია. კერძოდ კი ინფორმაცია, თუ რა რეალურ გამოწვევებს აწყდებიან სხვადასხვა ასაკობრივი და სოციალური ჯგუფის წარმომადგენელი  ქალები ჯანდაცვის სისტემით სარგებლობისას. ის ფაქტი, რომ ქალთა შემოსავალი მამაკაცთა შემოსავალზე ნაკლებია,  დღესდღეობით ცნობილი ფაქტია, ასევე ცნობილი ფაქტია, რომ საოჯახო/მომვლელობით სამუშაოს უდიდესი ნაწილიც ქალთა კისერზე გადადის, თუმცა ამ ფაქტორების გავლენა ქალთა ჯანდაცვაზე საკმაოდ შეუსწავლელი საკითხია. ასევე საინტერესო საკითხია ქალთა ჯანდაცვის საკითხები რეპროდუქტიული ასაკის შემდგომ, რამდენადაც მიუხედავად რეპროდუქტიული ასაკის გასვლისა, ქალებს კვლავაც ესაჭიროებათ სპეციფიურ ჯანდაცვის მომსახურებებზე (გინეკოლოგის, მამოლოგის, ძუძუს და საშვილოსნოს ყელის კიბოების სკრინინგი და ა.შ.) წვდომა. გამომდინარე ქალის სოციალური როლიდან, გარდა იმისა, რომ ქალების პირად საჭიროებებზე გათვლილი საფულე ასაკთან ერთად მცირდება, ასევე დედობის როლის აღებიდან ქალის პირადი საჭიროებები (მათ შორის ჯანდაცვაც) ხშირად მეორეხარისხოვანი ხდება რამდენადაც ‘კარგი დედის’ როლი ხშირად საკუთარი პრობლემების დამალვით, საკუთარ საჭიროებებზე უარის თქმით გამოიხატება. ასევე ის დამღლელი სამუშაო გრაფიკი, რომელიც მოიცავს როგორც დაბალანაზღაურებად სამსახურში მუშაობას, ასევე სრული საოჯახო/მომვლელობითი შრომის საკუთარ თავზე აღებით, ხშირად მენტალურ სტრესებთან ასოცირდება, ხოლო დროისა და ფინანსების უქონლობა ქალებს კიდევ უფრო უზღუდავს ჯანდაცვაზე წვდომას. ამ სპეციფიური ფაქტორების გაანალიზების გარეშე ქალთა წვდომის გაზრდა ჯანდაცვაზე წარმოუდგენელია.

ამ ფაქტორების შესახებ მცირეოდენი ინფორმაციის მისაღებად გადავწყვიტეთ ინტერნეტ გამოკითხვის ჩატარება, რომელიც ქალთათვის სპეციფიურ ჯანდაცვის საკითხების მოკვლევას ემსახურებოდა. ინტერნეტ გამოკითხვაში სულ 354-მა ქალმა მიიღო მონაწილეობა.  მათგან 13.75% იყო 24 წელზე ნაკლები ასაკის, 23.39% 24-დან 29-წლამდე, 34.8% 30-დან 40 წლამდე, 32.20% 41-დან 52-წლამდე, 11.11% 53-დან 60 წლამდე და 1.75% 60-წელს გადაცილებული ქალები. გამოკითხულთაგან 71.55% იყო თბილისიდან ხოლო 38.45% რეგიონებიდან. აქედან გამოკითხულთა პროცენტული გადანაწილება რეგიონების მიხედვით იყო: იმერეთი 49% , სამეგრელო 12%,  აჭარა 12%, ქვემო ქართლი 11%,  კახეთი 5%, გურია 4%, მცხეთა-თიანეთი 2%, ზემო სვანეთი 2%, შიდა ქართლი 1%, რაჭა ლეჩხუმი 1% .

1) წვდომა  ჯანდაცვის  სერვისებთან: გამოკითხულთაგან უმეტესობა, 58.19%  სარგებლობს საყოველთაო, 26.02% კი კერძო დაზღვევით ხოლო 11.99%-ს არ აქვს ჯანმრთელობის დაზღვევა. კერძო დაზღვევით მოსარგებლენი უფრო ხშირად მიმართავენ ექიმს, ვიდრე საყოველთაო დაზღვევით მოსარგებლენი

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ საყოველთაო დაზღვევით მოსარგებლეთა 20.1%-ს ბოლო 2 წლის განმავლობაში არც ერთხელ არ მიუმართავს ექიმისთვის, მაშინ როცა კერძო დაზღვევის შემთხვევაში ეს რაოდენობა გამოკითხულთა მხოლოდ 5.6%-ს შეადგენს.

საყოველთაო დაზღვევით მოსარგებლეთათვის უფრო ძნელად ხელმისაწვდომია ინფორმაცია, თუ რა ტიპის სამედიცინო მომსახურებები ფინანსდება და რა ხარისხით. კითხვაზე, თუ რამდენად ფლობენ რესპონდენტები ექიმთან ვიზიტამდე ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა ტიპის სამედიცინო მომსახურებები ფინანსდება დაზღვევის პროგრამით და რამდენი პროცენტით?  – საყოველთაო დაზღვევით მოსარგებლეთა 26.12%-ს საერთოდ არ გააჩნია წარმოდგენა, მაშინ როდესაც კერძო დაზღვევით მოსარგებლეთა მხოლოდ 6.74%  იძლევა შესაბამის პასუხს.

ინფორმაციის ფლობა, თუ რა თანხის დამატება შესაძლოა დასჭირდეთ დაზღვევით მოსარგებლეებს ექიმთან ვიზიტამდე, აისახება მათი მხრიდან ექიმთან მიმართვიანობაშიც, რამდენადაც გამოკითხულთა 44.88%, რომლებიც არ ფლობენ ინფორმაციას თუ რა ტიპის სამედიცინო პროცედურები ფინანსდება სადაზღვევო პროგრამის ფარგლებში, ბოლო 2 წლის განმავლობაში არც ერთხელ არ ყოფილა ექიმთან, ხოლო მათგან, ვინც თვლის, რომ სრულყოფილ ინფორმაციას ფლობენ დაფინანსებასთან დაკავშირებით, მხოლოდ 3.4%-ს არ მიუმართავს ექიმისთვის ბოლო 2 წლის განმავლობაში. ექიმთან ყველაზე ხშირი მიმართვიანობით (ბოლოს ორი წლის განმავლობაში 5-ზე მეტი მიმართვა) გამოირჩევიან გამოკითხულები , რომლებიც ფლობენ სრულყოფილ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა ტიპის სამედიცინო სერვისები ფინანსდება და რა ხარისხით. მათგან 36.6%-მა ბოლო 2 წლის განმავლობაში მიმართა ექიმს 5-ზე მეტჯერ.

2) ქალის საფულე: ჯანდაცვის სერვისებზე წვდომა გარკვეულ ხარჯებთანაა ასოცირებული, შესაბამისად მნიშნელოვანია ვიცოდეთ არა მხოლოდ ოჯახის საშუალო ხარჯი, ასევე ქალის პირადი ხარჯებისთვის გამოყოფილი თანხის რაოდენობა და ექიმთან ვიზიტისთვის საჭირო თანაგადახდის რაოდენობა. გამოკითხულთა 36.12% თვის განმავლობაში საკუთარ პირად საჭიროებებზე (ჰიგიენა, ჯანდაცვა, ჰობი) ხარჯავს 0-დან 50 ლარამდე თანხას, 32.84% 50-დან 150 ლარამდე თანხას

გამოკითხვაში გამოიკვეთა ქალის ყოველთვიურ პირად სახარჯო თანხასა და ექიმთან ვიზიტის გადადებას შორის კავშირებიც: ქალთა 43.32%, რომელთა პირად საჭიროებებზე თვეში მხოლოდ 0-დან 50 ლარამდე იხარჯება, გადაუდია ექიმთან ვიზიტი ფინანსური მიზეზების გამო, ხოლო ქალთა 33.18%-ს, რომელთა პირად საჭიროებებზე თვიურად ხარჯავენ 51-150 ₾, გადაუდიათ ექიმთან ვიზიტი ფინანსური მიზეზების გამო. ფინანსური მიზეზებით ექიმთან ვიზიტის გადადება ასევე კორელაციაშია ოჯახის საშუალო თვიურ ხარჯთან:

diagram1

 

 

აღმოჩნდა რომ რაც უფრო მეტი ადამინის მოვლაზე იღებს ქალი პასუხისმგებლობას, მით ნაკლებია მისი პირადი ხარჯი, რაც აისახება ქალთა მხრიდან ჯადაცვის სერვისებზე წვდომის გაუარესებაში. ქალთა უმეტესობა, რომლების ოჯახში 2 ადამიანზე მეტს უვლიან საკუთარ საჭიროებებზე თვეში მხოლოდ 50 ლარამდე თანხის გადადებას ახერხებენ

diagrama2

2)ქალთათვის სპეციფიურ ჯანდაცვით სერვისებზე წვდომა და ქალის ასაკი

მნიშვნელოვანია ყურადღება გავამახვილოთ ქალთა ჯანდაცვაზე რათა გავიგოთ,თუ რამდენად აწვდის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ქალებს საშუალებას, წვდომა მიიღონ ქალთათვის სპეციფიურ ჯანდაცვის სერვისებზე. გამოკითხულოთაგან 40%-ს ბოლო 2 წლის განმავლობაში არ მიუმართავს გინეკოლოგისა და მამოლოგისთვის ჯანმრთელობის პრობლემის გამო, ხოლო 55.37%-ს არ მიუმართავს გინეკოლოგისა და მამოლოგისთვის ჯანმრთელობის პრობლემების პრევენციის მიზნით.

რაც შეეხება ქალთა მიმართვიანობა გინეკოლოგისა და მამოლოგის მომსახურებისთვის სხვადასხვა დაზღვევის მქონე ჯგუფებზე ასე ნაწილდება:

 

 

ბოლო 2 წლის განმავლობაში რამდენჯერ მიგიმართავთ გინეკოლოგის/მამოლოგისთვის ჯანმრთელობის პრობლემის გამო?  

 

საყოველთაო დაზღვევა

 

 

კერძოდაზღვევა

არც ერთხელ 46.2% 34.8%
1 26.9% 23.6%
2-3 14.7% 24.7%
3-ზე მეტი 12.2% 16.9%

 

აღსანიშნავია გინეკოლოგსა და მამოლოგთან მიმართვიანობის გადანაწილება ქალთა სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებზე. გინეკოლოგსა მამოლოგთან მიმართვიანობის ასაკი პიკს აღწევს ქალთა ფერტილობის ასაკში, ხოლო ფერტილობის ასაკის შემდგომ (41 წლიდან ზევით) მიმართვიანობა ჯანმრთელობის პრობლემის არსებობის შემთხვევაში მკვეთრად ეცემა. რაც შეეხება გინეკოლოგსა და მამოლოგთან მიმართვიანობას ჯანმრთელობის პრობლემის პრევენციისთვის, ის ძალიან დაბალია ნებისმიერი ასაკობრივი ჯგუფისთვის

 

ქალთა 61,25%-ს ბოლო 5 წლის განმავლობაში არ ჩაუტარებია საშვილოსნოს ყელისა და ძუძუს კიბოს სკრინინგი. ამ მხრივ დიდი განსხვავება თბილისსა და რეგიონებში მაცხოვრებელთა შორის არ გამოიკვეთა, რამდენადაც თბილისში მაცხოვრებელთა

diagrama 3

 

61.09%-სა და რეგიონებში მაცხოვრებელთა 62.37%-ს ბოლო 5 წლის განმავლობაში არ ჩაუტარებია სკრინინგი, ხოლო თბილისში მაცხოვრებელთა მხოლოდ 10.5% და რეგიონებშ მაცხოვრებელთა 8.6%-ს ჩაუტარებია სკრინინგი საყოველთაო/კერძო ჯანმრთელობის დაზღვევის ფარგლებში. სკრინინგების ჩატარების ყველაზე დიდი მაჩვენებელი მოდის ეროვნულ სკრინინგ ცენტრზე, თბილისში მაცხოვრებელთა 25.5%, ხოლო რეგიონებში მაცხოვრებელთა 26.9%-ს სწორედ ეროვნული სკრინინგ ცენტრის პროგრამის ფარგლებში ჩაუტარებია სკრინინგი. იმის გათვალისწინებით რომ ეროვნული სკრინინგ ცენტრის მხოლოდ 2 ფილიალია და ორივე თბილისშია განთავსებული, შეგვიძლია დავასკვნათ რომ ქალებისთვის საშვილოსნოს ყელისა და ძუძუს კიბოს სკრინინგ პროგრამებზე წვდომა გართულებულია.

3)მომვლელობითი სამუშაო: ქალთა უმეტესობა საკუთარ თავზე იღებს ოჯახში მომვლელობითი სამუშაოს გაწევის პასუხისმგებლობას. ასევე აღსანიშნავია, რომ ქალთა უმეტესობას ოჯახში საშუალოდ 2-3-ზე მეტი ადამიანის მოვლა უწევს, კერძოდ კი ქალთა 35.01% ოჯახში უვლის 2-3 ადამიანს, ხოლო 27.89% 3 ადამიანზე მეტს. რაც პირდაპირ აისახება ქალთა პირადი ხარჯის, შესაბამისად ქალთა მხრიდან ექიმთან მიმართვიანობის შემცირებაში. ეს ფაქტორი ასევე აისახება ქალთა მომატებულ სტრესზე, რაც ასევე აუარესებს ქალთა ჯანმრთელობის მდგომარეობას.  აღსანიშნავია რომ ქალები, რომლებიც 2-ზე მეტი ადამიანის მოვლის პასუხისმგებლობას იღებენ საკუთარ

diagrama4

 

diagrama5

თავზე, პარალელურად ანაზღაურებად საქმიანობაშიც არიან ჩართული. მათ შორის ქალთა 74.78%, რომლებიც 2-დან 3 ადამიანს უვლიან ოჯახში, კვლავაც არიან ანაზღაურებად საქმეში ჩაბმული, მათგან 55.65% სტაბილური დასაქმებით, 12.17% თვითდასაქმებული ხოლო 6.96% წყვეტილი/ არასტაბილური დასაქმებით და მხოლოდ 25.22% უმუშევარი, ანუ მათი უმეტესობა ორმაგ შრომას ეწევა, რაც გულისხმობს როგორც სახლსგარე, ასევე საშინაო შრომას. შესაბამისობაშია მომატებული სტრესის მაჩვენებელიც. რაც შეეხებათ ქალებს, რომლებსაც ოჯახში 3-ზე მეტი ადამიანის მოვლის პასუხისმგებლობა აქვთ აღებული, მათი 57.6% კვლავაც არის ჩაბმული ანაზღაურებად საქმიანობაში საოჯახო მომვლელობით საქმიანობასთან ერთად, ხოლო მათი 42.39% არის უმუშევარი. მიუხედავად იმისა რომ  ქალთა უმეტესობა დასაქმებულიცაა და საკმაოდ დიდი საოჯახო შრომაც აქვთ აღებული მათი პირადი ხარჯებისთვის საჭირო თანხის რაოდენობა მცირდება იმის მიხედვით, თუ რამდენ ადამიანს უვლიან

დასკვნა: ინტერნეტ გამოკითხვა ძირითადად საცდელ ხასიათს ატარებდა, თუმცა ამ საცდელ გამოკითხვაშიც გამოიკვეთა საინტერესო, სტატისტიკურად მნიშვნელოვანი  შედეგები, რაც გვაფიქრებინებს, რომ სხვადასხვა ასაკობრივი და სოციალური ჯგუფის წარმომადგენელი  ქალები გარკვეულ სპეციფიურ პრობლემებს აწყდებიან საქართველოში დღესდღეობით მოქმედი ჯანდაცვის სისტემით სარგებლობისას. ქალთა ჯანდაცვის სერვისებზე წვდომის საკითხები დამატებით, სიღრმისეულ კვლევებს საჭიროებს, რათა ქალებმა შეძლონ ადეკვატურ, მათ მოთხოვნებსა და საჭიროებებზე მორგებულ ჯანდაცვის სისტემით სარგებლობა.

კვლევის და ანალიზის ავტორები: ვერიკო დუნდუა, ნინო კემულარია