კაპიტალიზმი კაცობრიობის ნევროზი – ინტერვიუ რენატა სალეკთან

შპიგელ ონლაინი: ქალბატონო სალეკი, სწრაფი კვების ობიექტში “საბვეი” სენდვიჩის დაგემოვნებამდე ბევრი გადაწყვეტილების მიღება გვიწევს. არის თუ არა ეს ის, რაზეც თქვენს ლექციებში “არჩევანის ტირანია” საუბრობთ?

სალეკი: ვცდილობ მოვერიდო “საბვეის” მსგავს ადგილებს და თუ მაინც აღმოვჩნდები ხოლმე, ყოველთვის ერთსა და იმავეს ვუკვეთავ. როდესაც “არჩევანის ტირანიაზე” ვსაუბრობ, ვგულისხმობ იდეოლოგიას, რომელიც სათავეს პოსტ-ინდუსტრიული კაპიტალიზმიდან იღებს. ის დაიწყო ამერიკული ოცნებიდან-იდეა თვითქმნილი კაცისა, რომელიც თავისით იკვლევს გზას სიღარიბიდან სიმდიდრემდე. ნელ-ნელა ეს კარიერული კონცეპტი უნივერსალურ ცხოვრებისეულ ფილოსოფიად ჩამოყალიბდა. დღეს გვჯერა, რომ ყველაფრის არჩევის უფლება უნდა გვქონდეს: თუ როგორ ვცხოვრობთ, როგორ გამოიყურებით… ყავის ყიდვაზეც კი მუდმივად გვჭრდება ჩვენი გადაწყვეტილებების აწონ-დაწონვა. ეს ყველაფერი ძალიან არაჯანსაღია.

შპიგელ ონლაინი:რატომ?

სალეკი: რადგანაც, ჩვენ მუდმივ სტრესს და დანაშაულის შეგრძნებას განვიცდით. რადგანაც, იდეოლოგიის მიხედვით, ჩვენი უბედურება ჩვენივე ბრალია; ჩვენ მივიღეთ ცუდი გადაწყვეტილება.

შპიგელ ონლაინი: თუ სწორ გადაწყვეტილებას მივიღებთ?

სალეკი: ამ შემთხვევაში, მუდმივად ვგრძნობთ, რომ რაღაც უკეთესი იმალება სხვა კუთხეში. ამიტომაც, არასდროს არ ვართ კმაყოფილები.

შპიგელ ონლაინი: “არ მისცეთ უბრალო ხალხს გადაწყვეტილების მიღების საშუალება.ისინი არ არიან საკმარისად ჭკვიანები”. ეს არგუმენტი საუკუნეების განმავლობაში გამოიყენებოდა ტირანების მიერ. თქვენ ამბობთ, რომ ისინი მართლები არიან?

სალეკი: არა. მე არ ვაკრიტიკებ პოლიტიკურ ან ელექტორალურ თავისუფლებას, არამედ კონცეპტის კაპიტალისტურ პერვერსიას: ილუზიას, რომ ჩემს ცხოვრებაზე ძალაუფლება გამაჩნია.

შპიგელ ონლაინი: მაგრამ მე მაქვს ეს ძალაუფლება. შემიძლია გადავწყვიტო რა მინდა, თუნდაც მაშინ, თუ ამაზე ფიქრი მსტრესავს.

სალეკი: არანაირად. მეგობარმა, რომელიც ფსიქოლოგია, ერთხელ პაციენტზე მომიყვა: ქალზე, რომელსაც კარგი განათლება, კარგი სამსახური, სახლი და მოსიყვარულე ქმარი ყავს. “ცხოვრებაში ყველაფერი სწორად გავაკეთე”-თქვა ამ ქალმა. “თუმცა მაინც არ ვარ ბედნიერი”. მას არასდროს უკეთებია ის, რაც ნამდვილად სურდა, არამედ აკეთებდა იმას, რასაც საზოგადოება მოელოდა მისგან.

შპიგელ ონლაინი: ანუ ჩვენ უნდა გავხდეთ უკეთესები პირადი ბედნიერებისკენ სწრაფვაში?

სალეკი: ესეც კი ილუზიაა. სამყარო სავსეა ქალთა ჟურნალებით, რომლებიც ცდილობენ გვითხრან, თუ რა გაგვაბედნიერებს, ფეისბუქის სტატუსებით, რომლებიც მოგვითხრობენ, თუ როგორია სხვა ადამიანების ცხოვრება. არსებობს ინდექსები, რომლებიც ითვლიან, თუ რამდენად ბედნიერიები არიან გარკვეული ერები. “იყავი ბედნიერი” გახდა სოციალური იმპერატივი. თუ არ ხარ, ე.ი დამარცხდი.

შპიგელ ონლაინი: მაგრამ მოტო ასევე ეუბნება ყველას, რომ შეუძლიათ საკუთარი არჩევანის გაკეთება. ეს ხალხს თავიანთ ცხოვრებაზე უფრო დიდ კონტროლს ანიჭებს.

სალეკი: დიახ, მაგრამ ეს მხოლოდ ნაწილობრივაა მართალი. ჩვენ კვლავ არ შეგვიძლია ვაკონტროლოთ ჩვენი გადაწყვეტილებების შედეგები. ეს შემდგომი საფეხურია. ჩვენ არა მხოლოდ არჩევანის თავისუფლება გვინდა, არამედ გვინდა გარანტია, რომ რასაც ავირჩევთ იქნება ისე, როგორადაც წარმოგვედგინა.

შპიგელ ონლაინი: დინების მიყოლის ასე ძალიან  რატომ გვეშინია?

სალეკი: რადგანაც ყოველთვის, როცა რაიმეს ერთის სასარგებლოდ გადავწყვეტთ, მეორეს ვკარგავთ. მანქანის ყიდვა კარგი მაგალითია. მრავალი ადამიანი არა მარტო კითხულობს შეფასებებს მანქანის ყიდვამდე, არამედ აგრძელებენ შემდგომაც, რათა დარწმუნდეს, რომ ნამდვილად სწორი გადაწყვეტილება მიიღო.

შპიგელ ონლაინი: თუ არ მაქვს არანაირი არჩევანი, რადგანაც ყიდვის საშუალება არ მაქვს, ეს ბედნიერს გამხდის?

სალეკი: პარადოქსულად, არა. კაპიტალიზმის ერთ-ერთი უდიდესი შენაძენი არის ის, რომ მუშაც კი უფროსივით გრძნობს თავს. მას სჯერა რომ საკუთარი ცხოვრების შეცვლის შესაძლებლობა აქვს. ჩვენ ვიმართებით თვითქმნილი ადამიანის იდეოლოგიით;ვმუშაობთ მეტს, ვყიდულობთ მეტს და საბოლოოდ ჩვენ მოვიხმართ ჩვენს თავებს. შედეგები არის ძალის გამოცლა, ბულემია და სხვა ცხოვრებისეული ავადმყოფობები.

შპიგელ ონლაინი: რატომ ვექცევით საკუთარ თავებს ასე ცუდად?

სალეკი: ზიგმუნდ ფროიდმა უკვე აღმოაჩინა, რომ ტანჯვა სიამოვნებას გვანიჭებს. არჩევანის ტირანია იყენებს ამ სისუსტეს. სამომხმარებლო კულტურა გვღლის. ჩვენ ვიტანჯებით, ვნადგურდებით და გაჩერებაც არ შეგვიძლია.

შპიგელ ონლაინი: მაგრამ ჩვენ არ ვართ რეალურად მსხვერპლები. ბოლოს და ბოლოს, ეს სისტემა ჩვენვე შევქმენით და იქამდე, სანამ გავაგრძელებთ კონსუმერიზმს, ის გააგრძელებს არსებობას. კაპიტალიზმი მხოლოდ სარკეა ადამიანის ბუნებისა.

სალეკი: ეს მართალია. ფროიდი ასევე ამბობდა, რომ ჩვენვე ვირჩევთ ჩვენივე ნევროზს. კაპიტალიზმი კაცობრიობის ნევროზია.

შპიგელ ონლაინი: არსებობს სხვა გზებიც. ლონდონში არსებობს რესტორანი, რომელიც მხოლოდ ერთ კერძს ამზადებს და გარეთ მუდმივადაა ხალხის რიგი. ასევე კომპანია ბერლინში, რომელიც ყიდის მაისურებს, ისე, რომ ყიდვამდე მათ არ აჩვენებს მომხმარებლებს.

სალეკი: ეს ჭკვიანური მარკეტინგული სტრატეგიაა. იგივე რაღაცეებს ბავშვებთანაც გადააწყდებით. თუ კინო-თეატრში მათ კითხავთ, თუ რისი ნახვა სურთ, ისინი დიდხანს იფიქრებენ. მეორე მხრივ, თუ წასვლამდე ცოტა ხნით ადრე ეტყვით: “მოდი ვნახოთ “ჯეიმს ბონდი””, ისინი დიდი ალბათობით იტყვიან “არა დედა, ყველაფერი სხვა, ოღონდ “ჯეიმს ბონდი” არა”. თუ არ არსებობს საზღვრები, თვითონ ვქმნით მას.

შპიგელ ონლაინი: ოდესმე ვიქნებით ნამდვილად თავისუფლები?

სალეკი: არა. მაგრამ შეგვიძლია უფრო მშვიდი ცხოვრებით ვიცხოვროთ. შეგვიძლია ვაღიაროთ, რომ ჩვენი გადაწყვეტილებები არ არის რაციონალური, არამედ ყოველთვის განპირობებულია სოციუმით; რომ ჩვენ არჩევანის გაკეთებისას ყოველთვის ვკარგავთ რაიმეს და რომ ჩვენ სინამდვილეში არ შეგვიძლია ვაკონტროლოთ გადაწყვეტილებების შედეგები.

ინტერვიუერი: სტეფან შულცი

წყარო: ონლაინ ჟურნალი “შპიგელ ონლაინი”

მთარგმნელი: ანო გულიშვილი

ქალთა მზერის თარგმანები ხორციელდება ახალგაზრდული ფემინისტური ფონდი “ფრიდას” მხარდაჭერით