გენდერის წინააღმდეგ, საზოგადოების წინააღმდეგ – ნილა ნოკიზარუ

gender warგენდერი ომის იარაღია. ომისა ჩვენი სხეულების, ჩვენი გონების, ჩვენი ურთიერთობების პოტენციალის წინააღმდეგ; სოციალური ომის. რა არის გენდერი და ვინ უნდა იყოს გენდერიზებული? გენდერი სოციალურად კონსტრუირებული კატეგორიაა, რომელიც აყალიბებს იმ ბუნდოვან პარამეტრებს, რომელიც ქცევებს, სექსუალობას, ესთეტიკას, სოციალურ კულტურულ როლებს, სხეულებს აკრავს გარსს.

გენდერი სხვადასხვაგვარად განიმარტება სხვადასხვა ადგილებში, დროში და ინდივიდებში; ზოგიერთისთვის გენდერი ძალიან შემზღუდველია, ზოგი კი არასდროს შეეჯახება იმ საზღვრებს, რომლითაც გენდერი გვზღუდავს. გენდერი გადაჯაჭვულია სექსუალობასთან და ორივე მუდმივად საზღვრავს ერთმანეთს. ორი ფართოდ შემოღებული გენდერია კაცი/ქალი და მათგან გაქცევა, მათ წინააღმდეგ ქცევა ააქტიურებს საზოგადოების მაიძულებელ აგენტებს. გენდერი სარგებელს ანიჭებს მათ, ვისაც სურს კონტროლი, სოციალიზება და ჩვენი მართვა ისე, რომ სანაცვლოდ არაფერს გვთავაზობს.

სოციალური ომი არის კონფლიქტი, რომელიც მოიცავს მთლიან საზოგადოებას. სოციალური ომი არის ბრძოლა სოციუმის წინააღმდეგ- ყველა არსებული სოციალური ურთიერთობის წინააღმდეგ: თვითგანადგურებადი ტენდენცია საზოგადოებაში, ე.წ “ანტისოციალური ქმედება”,  დაქვემდებარების და დამორჩილების სურვილი, ამბოხის და ძალდატანების აქტები, ჯანყი: ამ ბრძოლაში არსებობს შეტევა და კონტრშეტევა. სოციალური ომი არის ბრძოლა მათ შორის, ვისაც სურს საზოგადოების განადგურება და მათ, ვისაც მისი შენარჩუნება უნდა. ქაოსი კონტროლის წინააღმდეგ. არარა და პოტენციალი, ყველაფრისადმი წინააღმდეგობა და არსებულობა.ყველაფერი რაც საზოგადოების ერთიანობას ინარჩუნებს გვაცალკევებს ერთამანეთისგან; ყველა დარტყმა დომინაციასა და კონტროლზე არის ნაბიჯი ერთმანეთისკენ და დაშორება ჩვენზე თავშემოხვეული იდენტობებისგან, გაუცხოებისგან და სვლა უსასრულო შესაძლებლობისკენ. რადგანაც საზოგადოება ყველგანაა, მისგან გაქცევის ერთადერთი საშუალება სოციალური ომის მოგებაა; საზოგადოების განადგურება. გენდერი სოციალური ომის  ერთ-ერთი ფრონტთაგანია.

გენდერი იარაღია ცენტრალიზებისთვის და კოლონიზებისთვის. როცა ევროპელები ევროპიდან გავიდნენ კოლონიზაციისთვის, მათ ამ ადგილებში საკუთარი იდეები და კონცეფციები შეიტანეს გენდერზე. ნუკლეარული ოჯახი და სპეციფიური გენდერები და სექსუალობები, რომელსაც ის საჭიროებს, უცხო იყო მრავალი არადასავლური კულტურებისთვის, რომლებიც ოჯახებს სხვადასხვა გზებით ქმნიდნენ. ნუკლეარული ოჯახი არის აპარატი, რომელიც ყველაზე ადვილად ჯდება დომინანტური დასავლური კულტურის სოციალურ ნარატივში,  ადვილად არსებობს პატრიარქალური ძალაუფლების დინამიკაში. ნუკლეარულ ოჯახში, პატრიარქი აკეთებს კოლონიალისტის სამუშაოს: სოციალიზაცია, ქცევების და როლების დადგენა და გენდერის იძულება და კვლავწარმოება საშუალებას გვაძლევს დასავლურ იერარქიაში უფრო მშვიდობიანად ვიარსებოთ. ეკლესიის ექსპანსიამ და ქრისტიანობის გავრცელებამ დიდი როლი ითამაშა ნუკლეარული ოჯახის, გენდერის და სექსუალობის დასავლური კონცეფციების გავრცელებაში. ზოგიერთმა მოსახლეობამ მიიღო ქრისტიანობა, გააერთიანა ის თავის კულტურასთან სხვადასხვა დონეზე, მაშინ, როდესაც ზოგი მათგანი იძულებული იქნა მიეღო ის. ეს არ ნიშნავს იმას, რომ გენდერი არ არსებობდა კოლონიალიზმის და დასავლური კულტურის გარეთ რაღაც ფორმით. სხვა ძალებიც მონაწილეობენ გენდერის ლიმიტირებასა და განსაზღვრაში, მაგრამ ნათელია, რომ თანამედროვე “უნივერსალური” და “ბუნებრივი” იდეები გენდერზე წარმოიშვა ნაწილობრივ კოლონიალიზმიდან და არადასავლური ცხოვრების ფორმების ცენტრალიზების და კონტროლის საჭიროებისგან. ეს სის/ტრანს ბინარობა ასევე აძლიერებს ცენტრალიზებას და კოლონიალიზმს, იერთებს და კატეგორიებად ყოფს ყველა იდენტობებს მის გარეთ. ყველა ფორმის რეპრეზენტაციის მსგავსად, სის/ტრანს ბინარობა რომელიც მოიცავს  კატეგორიათა მწკრივს არის არაადეკვატური. არსებობს გენდერები, რომლებიც არ არის “სის”, თუმცა ისინი თავის თავს ტრანს კატეგორიაში არ განიხილავენ. ამის გარდა, ყველა, ვინც “სის” არ არის, მიჩნეულია ტრანსად და, პირიქით. LGBTQ+ ავანგარდი ცდილობს გააერთიანოს ყველა “უჩვეულო” გენდერი და გენდერის ნაკლებობაც კი, “ტრანსობაში”. ეს ადგილს არ უტოვებს არავის, ვინც ამ კატეგორიებში არ მოიაზრებს თავს. ეს ხშირად კოლონიალისტური მანერით ხდება, არადასავლური გენდერის განმარტება და მართვა გენდერსა და სექსუალობაზე დასავლური LGBTQ+ ნარატივით.

არცერთი ჩვენგანი არ ვეკუთვნით რომელიმე გენდერს სოციალური ომის კონტექსტს გარეთ. გენდერი არის სოციალური სანქცია ჩვენზე, საშუალება გვაკონტროლონ (იმის ლიმიტირებით,  თუ რა არის მისაღები რაიმე სახით გენდერიზებულთათვის). ტრანსი ადამიანების არსებობა (განსაკუთრებით არაბინარული ადამიანებისა), ან ინტერსქესიანი სხეულები, რომელიც არ ემორჩილებიან წესს, რომ გენდერი გარკვეულ ანატომიურ თავისებურებას ექვემდებარებოდეს, კითხვის ქვეშ აყენებს ნარატივს, რომ გენდერი მოიცავს ორ ბიოლოგიურ კატეგორიას, რომელიც სპეციფიურად სხეულის ტიპიდან მომდინარეობს. ეს რეალობები გვაჩვენებს, რომ გენდერი არ არის ის, რაც ჩვენ “ბუნებრივად”, ან არსებითად ვართ.

არცერთ კატეგორიას არ შეუძლია მოგვიცვას მთლიანად; ნებისმიერი იდენტობა აუცილებლად შეგვბოჭავს, ამიტომაც ჩვენ აუცილებლად უნდა დავუპირისპირდეთ მას. თუმცა, სისულელე იქნებოდა იდენტობის მითების მატერიალური შედეგების უარყოფა- ეს მითები ჩვენი ჩაგვრის საფუძვლებშია. ყველას, ვისაც ეუბნებიან რომ ქალია, ექცევიან ქალივით, მიუხედავად იმისა, რომ ქალები იზიარებენ მხოლოდ ქალურობის მითს და სოციალურ ძალადობას, რომელიც ამ მითს მოყვება. როდესაც გენდერს გვიწესებენ, საზოგადოება ამით ცდილობს ჩვენს საზღვრებში მოქცევას; კონკრეტული ქცევების, როლების და ესთეტიკის საზღვრებში. ქალები მზრუნველები და სუსტები არიან; კაცები არასენსიტიურები და ძლიერები. გენდერი გვძარცვავს ჩვენი პოტენციალისგან ვიყოთ და ვაკეთოთ ის, რაც გვინდა და გვთავაზობს როლების და ქცევების ლიმიტირებულ საზღვრებს.

ყველა ქცევა, რომელიც ჩვენზე თავსმოხვეულ გენდერს გარეთ არსებობს, აუცილებლად მოშლის რეპრესიებს. ის, ეს რეპრესია გამოიხატება ოჯახის წევრის უხერხულ სიცილში, თუ ცემასა და პატიმრობის განაჩენში, დამოკიდებული იქნება კონტექსტზე; ნებისმიერ შემთხვევაში,  თუ გენდერი ხელშეუხებელი დარჩება, ჩვენ ვიქნებით ლიმიტირებული იმ ქცევებში, რომლებიც მისაღებია ჩვენზე თავსმოხვეულ გენდერს შიგნით, წინააღმდეგ შემთხვევაში შევეჩეხებით “გამოსასწორებელ” ძალადობას. ჩვენ გენდერისგან ვერ მივიღებთ ვერაფერს, თუ არ ვიქნებით კონფორმულები, ან სხვაზე არ მოვახდენთ მის დაძალებას; ანუ გენდერის ბენეფიტები ეფუძნება სხვების კონტროლს, ან ჩვენივე თავის ლიმიტირებას. დამატებით, გენდერი ასაზრდოებს და აძლიერებს იერარქიას. იერარქიის შემთხვევაში, “სის-გენდერობა” და “კაცურობა” ცენტრში დგას, პრიორიტიზებული და წახალისებულია. გენდერი ადამიანებს ამ წრესთან ახლოს, ან შორს განალაგებს. იმ წესით, რითაც გენდერი განისაზღვრება საზოგადოებაში , სხვადასხვა გენდერი უფრო მეტად, ან ნაკლებადაა ღირებული. ამას, იმ ფაქტთან ერთად, რომ არცერთ ჩვენგანს არ შეუძლია სოციალიზაციისგან თავის დაღწევა, მივყავართ გენდერული იერარქიის უკვდავყოფასთან. ყველა გენდერი არსებობს დაქვემდებარებულის და დამქვემდებარებულის გადაკვეთის ადგილში. გენდერის, რასის, ტრანსობის/სისობის და სხვა ფაქტორების კომბინაციები ქმნიან სუბიექტის პოზიციას, სადაც შესაძლებელია იყო მჩაგვრელიც და ჩაგრულიც. იერარქია ყოველთვის კონტროლთან და დომინაციასთან ერთად არსებობს. გენდერი კი იერარქიული კონტროლის ერთ-ერთი იარაღია.

ჩვენ არ უნდა მოვითხოვოთ გენდერული თანასწორობა, ან გენდერის პატივისცემა, არამედ გავანადგუროთ ყველაფერი, რაც აძლიერებს ან თავს გვახვევს გენდერს. ჩვენ უნდა დავუპირისპირდეთ საზოგადოებას. გენდერი არის ბრძოლა ყველა ჩვენგანის წინააღმდეგ, მათთვის, ვისაც სურს თავისუფლება. ამ ბრძოლის მოგების ერთადერთი გზა გენდერის სრულად მოსპობაა. მათ, ვისაც სურს ერთმანეთს შორის კედლების ჩამოშლა და არა ერთმანეთისგან უფრო დაშორება, მათ ვისაც სურს ჰქონდეს სრული ხელმისაწვდომობა პოტენციურ ქმედებებზე, პოტენციალზე, გახდნენ ის, ვინც სურთ, გენდერის ლიმიტების გარეშე, უნდა თქვან: დავანგრიოთ საზოგადოება, დავანგრიოთ გენდერი.

ავტორი: ნილა ნოკიზარუ; ტრანს აქტივისტი. 
მთარგმნელი: ანო გულიშვილი
 
სტატია გამოქვეყნდა ფემინისტურ ჟურნალ “LIES”-ში.