sexting-graphic-11

პირადი ცხოვრების ხელშეუხლებლობა და პირადი სივრცის ფარგლები

ადამიანები სოციალური ინდივიდები ვართ და ყოველდღიურად ვურთიერთქმედებთ. მიუხედავად იმისა, რამდენად დიდია ჩვენი ზემოქმედება საჯარო სივრცეზე, ყოველ ადამიანს გააჩნია საკუთარი პირადი სივრცის ქონის უფლება. პირადი სივრცის ქონის უფლება ნიშნავს პირადი და საჯარო სივრცეების ბალანსის საკუთარი ნებით დადგენის და მისი დაცვის უფლებას. აღნიშნული უფლება პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების ქვეშ ექცევა, როგორც ამ უფლებით დაცვადი ერთ-ერთი უფლებრივი კომპონენტი. პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის მთავარი საფუძველი საქართველოში კონსტიტუციის მე-15 მუხლია. კონსტიტუციით აღიარებული უფლების დასაცავად კანონმდებელი ქმნის დაცვის მექანიზმებს, რომლებიც „პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ“ კანონში, საქართველოს სამოქალაქო კოდექსში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსსა და სხვა კანონებშია მოცემული. ამასთან, საქართველო იზიარებს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს, უზრუნველყოს პირთა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა. პირადი სივრცის ქონის უფლება დაცულია როგორც ინდივიდებს შორის ურთიერთობაში, ასევე სახელმწიფოს ჩარევისგანაც.

პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებით ეფექტურად სარგებლობის განუყოფელი ნაწილია იმის ცოდნა, რა წარმოადგენს პირად სივრცეს და როგორ დგინდება კონკრეტულ შემთხვევაში საჯარო და პირადი სივრცის ბალანსი. პირადი სივრცის განმარტება საკმაოდ რთულ სამეცნიერო გამოწვევას წარმოადგენს და მისი განმარტების სხვადასხვა თეორიებიც არსებობს, თუმცა ამ სტატიის მიზნებისთის მის ზოგად მნიშვნელობაზე ჩამოყალიბება უფრო რელევანტურია.

პირადი სივრცის მნიშვნელობის დამდგენ კრიტერიუმებს შესაძლოა წარმოადგენდეს ადგილმდებარეობა, პირის მიერ განხორციელებული ქმედება, პირის მოლოდინი ამ ქმედებით გამოწვეული შედეგისადმი და ა.შ.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში[1] პირად სივრცეს პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებით დაცვადად აღიქვამს და წერს:

„პირადი სივრცის პრივატულობა სწორედ იმაში გამოიხატება, რომ ადამიანს გარანტირებულად უნდა ჰქონდეს მხოლოდ საკუთარი გადაწყვეტილებისა და ნების შესაბამისად,  საზოგადოებრივი კონტროლისგან თავისუფალ პირობებში, სივრცეში განავითაროს საკუთარი პიროვნება, ურთიერთობები მხოლოდ მისთვის სასურველ პირებთან, მისთვის მისაღებ თემებსა თუ საკითხებზე, მისთვის სასურველი ფორმითა თუ მანერით, სტილით, იყოს ისეთი, როგორიც არის, საზოგადოებრივი აზრისთვის ანგარიშის გაწევის მხედველობაში მიღების ვალდებულების გარეშე.“

როგორც ვხედავთ პირი თავად განსაზღვრავს საჯარო სივრცეში შესვლის ინტენსივობის და შესაბამისად საკუთარი პირადი სივრცის ფარგლებს.

შევეცადოთ აღნიშნული გავაანალიზოთ ორი მაგალითის ფონზე:

პირობითად, საკუთარ სახლში ყოფნისას გვაქვს იმის მოლოდინი, რომ ნებისმიერი ჩვენი ქმედება პირად სივრცეში ხორციელდება. იგივე პრინციპი ვრცელდება საკუთარ კომპიუტერში არსებული ინფორმაციისადმი. თუ ჩვენ ვიდეოკამერიან ჟურნალისტს მოვიწვევთ სახლში, ანდა ჩვენს კომპიუტერზე დისტანციურ წვდომას მივცემთ სხვა პირს, შესაძლოა ჩვენს პირად სივრცეში ჩვენი ნებართვით დაშვებულმა პირებმა ისეთი ინფორმაცია მოიპოვონ (სახლში განთავსებული სხვადასხვა ნივთები; კომპიუტერში მოთავსებული პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაცია და ა.შ.), რომელსაც ზოგადად არ გავასაჯაროვებდით. მიუხედავად იმისა, რომ მოყვანილ მაგალითებში პირებმა ჩვენს პირად, ინტიმურ სირვცეზე მოიპოვეს წვდომა და ეს კანონზომიერი იყო ჩვენი ქმედებების, რადგან ჩვენ თავად დავუშვით ასეთი შესაძლებლობა (თავად შევიმცირეთ  საკუთარი პირადი სივრცე საჯაროს გაზრდის ხარჯზე.) ეს არ გვაკარგვინებს კონტროლს შეზღუდვის ფარგლებზე. სახლში შემოშვებულ ჟურნალისტს პირდაპირი ნებართვა სჭირდება ჩვენი სახლის ინტერიერის ვიდეოკამერით გადაღებისთვის, ისევე, როგორც დისტანციური წვდომით შემოსულ მეგობარს ინფორმაციის ჩამოსატვირთად. ამ ნებართვების გარეშე ისინი ჩვენს პირად სივრცეში დაშვებულზე მეტად შემოიჭრებიან.

განვაგრძოთ მაგალითის განხილვა და დავუშვათ, ჟურნალისტსაც მივეცით გადაღების უფლება, და მეგობარსაც კომპიუტერიდან კონკრეტული ინფორმაციის ჩამოტვირთვის საშუალება. ისმის შემდეგი კითხვა:  აქვთ თუ არა ამ პირებს ინფორმაციის გავრცელების უფლება?

თუ მეგობარი, რომელმაც ჩვენი თანხმობით მოიპოვა წვდომა პირადი ცხოვრების ამსახველ ინფორმაციაზე, დაიწყებს ამ ინფორმაციის გავრცელებას ჩვენი პირდაპირი თანხმობის გარეშე, მისი ქმედება ჩვენი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების ისეთი დარღვევა იქნება, რომელიც სისხლის სამართლით დასჯადი ქმედებაა, რადგან ლოგიკურია, როდესაც მას წვდომას ვაძლევთ ინფორმაციაზე, არ ვუშვებთ, რომ ის ამ უფლებას ბოროტად გამოიყენებს და ინფორმაციას გაავრცელებს. ამასთან, არ არის აუცილებელი ჩვენ მიერ წინასწარი პირდაპირი აკრძალვის განხორციელება ინფორმაციის გავრცელებაზე. ჩვენ მიერ საკუთარი პირადი სივრცის ვინმეს სასარგებლოდ შემცირება და მისთვის ჩვენს პირად ინფორმაციაზე წვდომის მიცემა, მთლიანად ეფუძნება ჩვენ ორს შორის არსებული ურთიერთობის ექსკლუზიურობას და ამ ურთიერთობის ხარისხის სუბიექტურ აღქმას. აღნიშნული ნდობაზე დამყარებული ურთიერთობა უაღრესად მნიშვნელოვანია თანაცხოვრებისთვის; არავისთვის ზიანის მომტანი არ არის და ნებისმიერი პირს თავისუფლად უნდა შეეძლოს ხსენებული ექსკლუზიური ურთიერთობების დამყარება იმის შიშის გარეშე, რომ აღნიშნული ექსკლუზიურობა დაირღვევა.

გადაწყვეტილებაში[2], საკონსტიტუციო სასამართლო ამბობს:

„ადამიანის პერსონალური ატონომიურობისა და პირადი სივრცის, მისი ნების, გადაწყვეტილების გარეშე ნებისმიერი ფორმითა და ინტენსივობით გასაჯაროების, ნებისმიერი მესამე პირის მხრიდან ხელმისაწვდომობის საფრთხეზე დაფიქრებაც კი თრგუნავს ადამიანის თვითგამორკვევას, ინიციატივას, თვითრეალიზაციის პერსპექტივებს, რაც ერთნაირად აფერხებს როგორც ადამიანების პერსონალურ, ისე საზოგადოების ჯანსაღ და დამოკრატიულ განვითარებას.“

ჟურნალისტის შემთხვევაში, თუ იგი პირდაპირი ნებართვის გარეშე გაავრცელებს გადაღებულ კადრებს, ძნელი იქნება იმის დასაბუთება, რომ მან ჩვენი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება დაარღვია. გადაღებული ინფორმაციის გავრცელება მოსალოდნელია, რადგან ჟურნალისტის ნორმალური საქმიანობის ნაწილს წარმოადგენს ინფორმაციის გავრცელება და ჩვენი არგუმენტი იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენი საძინებელი ჩვენი პირადი სივრცეა, ძალას კარგავს რადგან ამ პირადი სივრცის გასაჯაროება თავად დავუშვით, როდესაც გადაღების უფლება მივეცით. ამის საპირწონედ, ყოველივე ზემოთაღნიშნული ძალას კარგავს, თუ ჩვენ პირდაპირი ფორმით ავუკრძალეთ ჟურნალისტს ინფორმაციის გავრცელება. აკრძალვის შემთხვევაში, ჩვენ უზრუნველვყოფთ ჩვენი პირადი სივრცის ფარგლებს.

ჩვენს მიერ მოყვანილი მაგალითები ძალიან მარტივ შემთხვევებს აღწერს და, „გუგლის“ და „ფეისბუქის“ ეპოქაში, იმის გარკვევაში რა არის პირადი სივრცე და რა არის საჯარო, უამრავი კრიტერიუმი იღებს მონაწილეობას, მათ შორის თავად იმ მედიუმის შიდა პოლიტიკა, რომლის გამოყენებითაც ხდება პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის მიმოცვლა.

სამართლებრივი დაცვის მექანიზმები

მას შემდეგ, რაც ნათელი გახდა ჩვენი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის შინაარსი და პირადი სივრცის ფარგლები, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, დაცვის რა  მექანიზმებს გვთავაზობს კანონი:

ქართული სისხლის სამართლის კანონმდებლობა საკმაოდ მკაცრ მიდგომას ავითარებს კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩადენილი დანაშაულებისადმი. ამ მიმართულებით 3 მუხლი გვაქვს 284-ე 285-ე და 286-ე თუმცა ისინი შეიძლება კომბინაციაში გამოიყენებოდეს სხვა მუხლებთან, რომელიც თავად დანაშაულის შინაარსის მატარებელია, და სწორედ ისინი წარმოადგენენ ჩვენი ინტერესის ობიექტს. 284-ე მუხლის დისპოზიციის თანახმად, კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა დასჯადი ქმედებაა. ეს მუხლი გამოიყენება იმ შემთხვევებში, როდესაც ჩვენს კომპიუტერულ მოწყობილობაში ჩვენი ნებართვის გარეშე შეღწევის გზით ხდება პირადი, ინტიმური ინფორმაციის მოპოვება.

ჩვენი სტატიისთვის რელევანტურია ისეთი მუხლები, როგორიცაა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლი (პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების ხელყოფა); 157მუხლი (პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფა) 158-ე, 159-ე მუხლები; 150-ე მუხლი (იძულება); მუხლი 1443 (დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა); პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაცია შესაძლოა ჩამოთვლილ მუხლებთაგან თითოეულით გათვალისწინებული დანაშაულის ჩასადენად იქნეს გამოყენებული, ანდა ინფორმაციის მოპოვება მოხდეს ამ დანაშაულების ჩადენით. აქვე აღსანიშნავია, რომ მსხვერპლის არასრულწლოვანება თითოეულ ზემოთაღნიშნული მუხლის დამამძიმებელი გარემოებაა. სექსუალური სახის ქმედებები, ან მათზე არასრულწლოვნის დათანხმება, აღარ გადის პირადი სივრცეში კანონიერი შეღწევის შემოწმებას, ის დასაწყისშივე უკანონოა.

ჩვენი სტატიისთვის ყველაზე რელევანტური იქნება საკითხის 157-ე მუხლის მაგალითზე განხილვა. 157-ე მუხლის 1 ნაწილის თანახმად: „პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის, ან პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გამოყენება, გავრცელება, ან ხელმისაწვდომობის სხვაგვარი უზრუნველყოფა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ისჯება ჯარიმით, ანდა გამასწორებელი სამუშაოთი, ვადით ორ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.“ ვიდრე განხილვაზე გადავალთ, უნდა აღინიშნოს ქართული სისხლის სამართლის თვალშისაცემი დაშორება მთლიანი სამართლის სისტემიდან: მნიშვნელოვანი ზიანი ადგება კონკრეტულ პირს, დამნაშავეს კი ჯარიმა ეკისრება ბიუჯეტის სასარგებლოდ.

სტატიის დასაწყისში, მაგალითების საშუალებით განხილული პირადი სივრცის ფარგლების დადგენის წესი დაგვეხმარება 157-ე მუხლში ნახსენები ტერმინ „უკანონოს“ გააზრებაშიც. 157-ე მუხლში ნახსენები ტერმინი უკანონო დამოუკიდებლად ეხება როგორც მოპოვებას, ისე შენახვას, გამოყენებას და გავრცელებას. თითოეული ქმედების კანონიერება ცალკე, ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა იქნეს გააზრებული, რადგან, მაგალითად, თუ მოპოვება მოხდა კანონიერად, იმ პირის ნებით, ვისი პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებსაც ეხება ქმედება, მაშინ შენახვაც ვერ იქნება უკანონო.

დავუშვათ, რომ პირმა –  A-მ მოიპოვა წვდომა ჩვენი პირადი ცხოვრების ამსახველ ინფორმაციაზე ჩვენივე თანხმობით. ვთქვათ, მას გავუგზავნეთ ჩვენი სიშიშვლის ამსახველი ფოტო, ან ვიდეო მასალა „მესენჯერში“, ანდა განვათავსეთ ის „ფეისბუქის“ ჯგუფში, რომელშიც ათასამდე წევრია. „მესენჯერში“ გაგზავნისას, თუ პირდაპირი წესით არ დავრთავთ პირს ამ ინფორმაციის გავცელების უფლებას და ის მაინც გაავრცელებს, დაისჯება სისხლის სამართლის კოდექსით. თუ A უკანონოდ მოპოვებულ ინფორმაციას გაუგზავნის B-ს, B უკანონოდ ინახავს ამ ინფორმაციას, რადგან მისი მოპოვებაც უკანონოდ მოხდა, თუმცა კი მოპოვებაში თავად არ მიუღია მონაწილეობა. აღნიშნული შემთხვევის დანაშაულებრიობა წარმოადგენს კომპლექსური კვლევის საგანს და არ შეიძლება საკთხის ზედაპირულად გაანალიზება. ერთის მხრივ ფეისბუქში არსებული პროფილი წარმოადგენს ჩვენს პირად საკუთრებას და შესაბამისად ამ სივრცეში შენახული ინფორმაციაც, მეორეს მხრივ ინფორმაციის ნაკადი, რომელიც მასში შემოდის, შესაძლოა საერთოდ არ კონტროლდებოდეს ჩვენ მიერ და არაპროპორციული იქნება სისხლის სამართლის კანონმდებლობით პირის დასჯა, რომელმაც არც კი იცის, რომ ვიღაცის უკანონოდ მოპოვებულ ან გავრცელებულ პირადი ცხოვრების ამსახველ ინფორმაციას ინახავს. მოვლენათა მსგავსი განვთარება ეხმიანება ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს და ამ საკითხის ქართული სამართლის ჭრილში მეტად გაანალიზებისთვის კარგი იქნება დაველოდოთ სასამართლოს და მოსამართლეთა კეთილგონიერების იმედი ვიქონიოთ.

რაც შეეხება მეორე შემთხვევას, როდესაც პირადი სიშიშვლის ამსახველი მასალა „ფეისბუქის“ ათასამდე მომხმარებლიან ჯგუფში განვათავსეთ, ეს შემთხვევა მეტად კომპლექსურია და თავად ფეისბუქის წესებიც ერთვება საკითხის განხილვაში. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ისეთი ფაქტორები, როგორიცაა ჯგუფის სტატუსი (ღია; დახურული); ინფორმაციის უნებართვო გავრცელება მოხდა კიდევ ერთხელ ჯგუფს შიგნით თუ ჯგუფს გარეთ და ა.შ.

სისხლის სამართლის კანონმდებლობისგან განსხვავებით, რომელიც მოწოდებულია მკაცრად დაიცვას პირის პირადი სივრცე ხელყოფისაგან, სამოქალაქო კანონმდებლობა ზერელედ ეკიდება უკვე დარღვეული უფლების მორალური ზიანის ანაზღაურების სახით რესტიტუციას. სამწუხაროდ ამ მიმართულებით სასამართლო პრაქტიკაც არაფრით გამორჩეული გვაქვს. სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლი წარმოადგენს ბრალეული ქმედებით, პირადი ცხოვრების საიდუმლოს დარღვევის შედეგად წარმოშობილი ზიანის მორალურად ანაზღაურების საშუალებას.

იმისათვის, რომ მორალური ზიანის ანაზღაურება მოვითხოვოთ, უნდა იყოს დადგენილი პირის ბრალი – ამგვარი ბრალის დადგენა კი მხოლოდ სისხლის სამართლის წარმოების წესითაა შესაძლებელი. ამ ეტაპზე უკვე თვალშისაცემია კერძო სამართლის მოუქნელობა, რომელიც სისხლის სამართლის გამოძიების და შემდეგ სისხლის სამართლის კოლეგიის მიერ გამოტანილი კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების მოლოდინშია და მხოლოდ ამის შემდეგ, თავად იწყებს მოქმედებას.

აქვე აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ უმნიშვნელოვანესია პროცედურის ბოლომდე მიყოლა, სამოქალაქო სასამართლოსთვის მიმართვა და საკუთარი უფლებების სრულად დაცვა, მათ შორის მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში, რადგან სამართალი მეტი არაფერია, თუ არა ადამიანთა უნივერსალური თანაცხოვრების წესები და მთლიანობაში, იმაზე უკეთეს თანაცხოვრების წესებს ვერ მივიღებთ, რასაც თავად მოვითხოვთ.

ვის მივმართოთ და როგორ დავამტკიცოთ?

თუ თვლით, რომ თქვენი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება დაირღვა, აუცილებლად მიმართეთ პოლიციას. საკითხზე დაიწყება გამოძიება, შემოწმდება თქვენი მიმოწერები იმ მედიუმში, რომელსაც გავრცელების წყაროდ მიუთითებთ. თანამედროვე ტექნოლოგიები იძლევა ინფორმაციის გავრცელების კვალის მარტივად დადგენის საშუალებას. საგამოძიებო ორგანოები თავად მოიპოვებენ და ამოწმებენ მტკიცებულებებს.

მას შემდეგ, რაც გამოძიება დაადგენს დანაშაულის ნიშნებს და პროკურატურა ეჭვმიტანილს წაუყენებს ბრალს , სისხლის სამართლის სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას. აღნიშნული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ შეგვიძლია მივმართოთ სამოქალაქო სასამართლოს მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.

 დასკვნა

როგორც ვხედავთ ჩვენი პირადი სივრცე, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა დაცულია კანონით და ამ უფლებების დაცვის მნიშვნელობას საკონსტიტუციო სასამართლოც განამტკიცებს საკუთარ გადაწყვეტილებებში. მიუხედავად ამისა, სახელმწიფო და კანონი ვერ იქნებიან უფლების დაცვის მთავარი გარანტები, ისინი მხოლოდ და მხოლოდ აღსრულების მექანიზმებს წარმოადგენენ. საკუთარი უფლებების დაცვის გარანტები თავად ინდივიდები უნდა ვიყოთ, ამისთვის კი აუცილებელი წინაპირობაა. ზუსტად გვესმოდეს ჩვენი უფლებების ფარგლები და მისი ეფექტურად დაცვის საშუალებები.

[1] გადაწყვეტილება საქმეზე: გიორგი ბურჟანაძე, ლიკა საჯაია და სხვები საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ; №1/1/625, 640, ბათუმი, 2016 წლის 14 აპრილი, გვ. 28.

[2] იქვე. გვ. 30.

ვახტანგ ბარამაშვილი, იურისტი

სტატია დაწერილია “ქალთა მზერის” დაკვეთით

2019