ანაზღაურებადი ზრუნვის სექტორში დასაქმებული ქალების მაგალითზე

აბსტრაქტი 

ზრუნვის სექტორი და მასში დასაქმებული ადამიანების, განსაკუთრებით კი ქალების რაოდენობა სულ უფრო და უფრო მატულობს. ამ პროცესში პრობლემურია ის, თუ რამდენად აღიარებული და დაფასებულია შრომა, რომელსაც ამ სექტორში დასაქმებული ადამიანები წევენ, როგორია მათი ანაზღაურება, შრომის პირობები და ა.შ. თუმცა, მეორე მხრივ, მნიშვნელოვანი და ნაკლებად შესწავლილია მათ მიერ გაწეული ემოციური შრომის ზეგავლენები მათ ყოველდღიურობაზე, ცხოვრების ხარისხსა და განვითარებაზე. 

    წინამდებარე კვლევის მიზანს წარმოადგენდა იმის გამოკვლევა, თუ რა წილი უკავია ჩვენს რეალობაში ემოციურ შრომას ანაზღაურებადი ზრუნვის შრომაში ჩაბმული ქალების საქმიანობაში, როგორ ზემოქმედებს ეს გარემოება მათი ცხოვრების ხარისხზე და რა პოზიტიური თუ ნეგატიური შედეგები მოაქვს მათთვის პროფესიულ საქმიანობაში ჩადებულ ემოციურ რესურსს. 

  კვლევის ფარგლებში გამოიკითხნენ ანაზღაურებად ზრუნვის შრომაში ფორმალურად და არაფორმალურად ჩაბმული ქალები, რომელთა ასაკიც 22-დან 60 წლამდე მერყეობდა. მკვლევრების მხრიდან ჰეტეროგენული საკვლევი ჯგუფის შერჩევა  და დავიწროებაზე უარის თქმა  ამ შემთხვევაში, საკითხის გარშემო უფრო ფართო და მრავლისმომცველი ინფორმაციის შეგროვების საშუალებას წარმოადგენდა და არსებული განსხვავებების იდენტიფიცირებას ისახავდა მიზნად.

  1. შესავალი

გლობალური მასშტაბით ზრუნვის შრომაში ჩაბმულ ადამიანთა ჯამური რიცხვი 381 მილიონს შეადგენს, აქედან 132 მილიონი კაცია, ხოლო 249 მილიონი კი ქალი.  აღნიშნული რიცხვი, რომელიც მხოლოდ ანაზღაურებად ზრუნვით შრომაში ჩაბმულთა მონაცემს იძლევა, ცხადყოფს, რომ ზრუნვის შრომა დღესდღეობით კვლავ ფემინიზებულ შრომად ითვლება, რამდენადაც მასში ჩაბმული ქალების რაოდენობა პროპორციულად თითქმის ორჯერ აღემატება კაცების რაოდენობას. 

ზრუნვის შრომა, როგორც არამატერიალური, ანუ იმ ტიპის შრომის სახე, რომლის შედეგიც, მიღებული პროდუქტი, კონკრეტული საგანი ან საგნები არ არის, კიდევ უფრო მეტად არის ჩრდილოვანი შრომის მაგალითი, რამდენადაც შრომის ამ ფორმის შედეგად მიღებული პროდუქტი არ არის ხელშესახები, დროში მდგრადი საქონელი და მისი საბაზრო ღირებულების გამოთვლა კიდევ უფრო რთულდება. განსაკუთრებით კი თუ მივყვებით იმ თეორიულ პერსპექტივას, რომლის თანახმადაც, ზრუნვის შრომა აწარმოებს საჯარო სიკეთეს, იქნება ეს სკოლის მოსწავლისთვის განათლების მიცემა თუ ხანდაზმულის მოვლა. ამ თეორიული მიდგომის  მთელი არსი გულისხმობს ზრუნვის შრომის, როგორც საჯარო სიკეთის განხილვას, რომლისგან სარგებელსაც ნახულობს არა მხოლოდ მისი პირდაპირი მიმღები, არამედ უფრო ფართოდ – საზოგადოება. მათ შორის ის ადამიანებიც, რომლებიც არც დამსაქმებლებად და არც ზრუნვის ობიექტებად არ გვევლინებიან, შესაბამისად, არ უწევთ თანხის გადახდა აღნიშნულის სანაცვლოდ.

მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული შრომის ფორმა დროთა განმავლობაში მეტ-ნაკლებად აღიარებული გახდა,  მასთან დაკავშირებული, ასახული და მისით წარმოებული უთანასწორობების კვლევა კვლავ უკიდურესად მნიშვნელოვანია. 

ანაზღაურებადი თუ აუნაზღაურებელი ზრუნვის შემსრულებელი ქალები წარმოადგენენ იმ ძალას, რომელთა მიერ გაწეულ შრომაზეც დგას ნებისმიერი ტიპის საზოგადოება. გარდა იმისა, თუ როგორია მათი ანაზღაურება და ეკონომიკური მდგომარეობა, მნიშვნელოვანია იმ შრეებზე აქცენტირება, რომლებიც გვაჩვენებს, თუ რის ფასად, უფრო ზუსტად კი, რა ემოციური თუ ფიზიკური რესურსის გაღების ფასად უჯდებათ მათ ამგვარი შრომა და როგორ აისახება ეს ყოველივე მათი ცხოვრების ხარისხზე. 

წინამდებარე კვლევის მიზანს წარმოადგენს ანაზღაურებადი ზრუნვის შრომის სექტორში დასაქმებული ქალების საქმიანობაში ემოციური შრომის როლის და შედეგების დადგენა, რამდენადაც ზრუნვის შრომა ინსტრუმენტული მოვალეობების შესრულების გარდა საჭიროებს ჭარბი ემოციური რესურსის ინვესტირებას ზრუნვის მიმღები ობიექტის სასარგებლოდ. 

როგორც ზემოთ აღინიშნა, ზრუნვის შრომა კვლავ მკაფიოდ ფემინიზებული შრომაა. ის, თუ როგორ ფასობს ამგვარი შრომა, ერთდროულად ირეკლავს და განსაზღვრავს ამა თუ იმ საზოგადოებაში გენდერული თანასწორობის მაჩვენებელს. შესაბამისად, ამ სფეროში დასაქმებული ქალების მდგომარეობის სხვადასხვა შრის შესწავლა და პრობლემების იდენტიფიცირება კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

წინამდებარე კვლევის ფარგლებში გამოიკითხა 18 ქალი, რომლებიც ანაზღაურებადი ზრუნვის შრომაში ჩაბმულნი არიან ფორმალური და არაფორმალური გზით. კვლევის ანგარიშის დიდი ნაწილი ეთმობა იმ ემპირიული მონაცემების ანალიზს, რაც საველე სამუშაოების ჩატარების შედეგად შეგროვდა. ასევე მოიცავს ლიტერატურის მიმოხილვას, რომელიც ორ ნაწილად იყოფა და ერთი მხრივ, შლის და განიხილავს ზრუნვის შრომისა და ემოციური შრომის ცნებებს, მეორე მხრივ კი, მიმოიხილავს იმ ძირითად თეორიულ პერსპექტივებს, რომლებიც ზრუნვის შრომას უკავშირდება. დასკვნის სახით კი გამოტანილია ის ძირითადი მიგნებები, რომლებიც საკვლევ თემასთან მიმართებაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. 

წინამდებარე კვლევის მიზანია იკვლიოს, ანაზღაურებადი ზრუნვის სექტორში, ფორმალური და არაფორმალური გზებით ჩაბმული  ქალების საქმიანობაში რა როლი უკავია ემოციურ შრომას და როგორია მისი დადებითი და ნეგატიური შედეგები. აღნიშნული მიზნის მისაღწევად, კვლევის პროცესში მნიშვნელოვან ამოცანებს წარმოადგენდა:

  • იმის შესწავლა, თუ რას გულისხმობს ზრუნვის შრომა ქართულ კონტექსტში, რა ფუნქცია-მოვალეობებს მოიცავს მსგავსი ტიპის საქმიანობები;
  • როგორია ანაზღაურებად ზრუნვის შრომაში ჩაბმული ქალების სამუშაო პირობები: სამუშაო საათები, ანაზღაურება და ა.შ;
  • იმ ფაქტორების იდენტიფიცირება, რომლებიც განაპირობებს  ზრუნვის შრომის სექტორში ქალების ჩაბმას და საქმიანობის გაგრძელებას.
  • ზრუნვის შრომაში ჩაბმული ქალების მათსავე ზრუნვის ობიექტ(ებ)თან კავშირის, ურთიერთობების სპეციფიკის და ამ კავშირის მათზე გავლენის დადგენა. 

 ზრუნვის შრომა და მის გარშემო არსებული თეორიული პერსპექტივები

მიუხედავად იმისა, რომ აფექტური და არამატერიალური შრომის კონცეპტები შედარებით ახალი ცნებებია, შინაარსობრივად ამ ტიპის შრომით ფემინისტური მოძრაობები ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ დაინტერესდნენ. 

არამატერიალური შრომის პრაქტიკებისა და ურთიერთობების კვლევა-ძიება წარმოადგენდა იმ ბრძოლის ნაწილს, რომელიც უშუალოდ შრომის ცნების გაფართოებას და მასში გენდერირებული ფორმების აღწერას ემსახურებოდა. 

აფექტური შრომა ფემინისტური ტრადიციისთვის წარმოადგენს ექსპლუატაციის თანამედროვე ფორმის ფუნდამენტს, როგორც მისი გადალახვის საშუალებას. (Weeks, 2007)

ამ საკითხთან მიმართებაში მნიშვნელოვანია 60-იანი წლებისა და უფრო გვიანდელი დებატები საშინაო შრომის  გარშემო, სადაც სოციალისტი ფემინისტი ავტორები ფოკუსს აკეთებდნენ კაპიტალის დაგროვებასა და სოციალურ რეპროდუქციას შორის არსებულ წინააღმდეგობებზე. მიუხედავად იმისა, რომ სოციალურ რეპროდუქციის ცნებას ისინი უფრო ფართოდ გაიგებდნენ, როგორც შრომას, რომელიც სოციალური ფორმებისა და კავშირების წარმოებას და შენარჩუნებას ემსახურებოდა, ისინი ძირითადად აქცენტირებულნი იყვნენ აუნაზღაურებელ  საშინაო შრომასა და ზრუნვის შრომაზე, რომელიც საშინაო სივრცეში იყო გამოკეტილი. 

ამ პერიოდის ფემინისტური მოძრაობების ერთ-ერთ მთავარ მიღწევას სწორედ შრომის ცნების გაფართოება  წარმოადგენდა, რაც გენდერირებული შრომის აუნაზღაურებელი ფორმების ამ კონცეფციის ქვეშ რეგისტრირებას გულისხმობს მაშინ, როდესაც შრომად ჯერ კიდევ მხოლოდ ანაზღაურებადი შრომის ის ფორმები ითვლებოდა, რომლებიც მატერიალური სიკეთეების წარმოებისთვის იყო გაწეული. 

ამ პერიოდის ფემინისტებმა ზრუნვის შრომა გადაიაზრეს, როგორც რევოლუციური, პოზიტიური და წინააღმდეგობრივი პოტენციალის მქონე შრომა. რამდენადაც ამ ფორმის შრომა ნაცვლად ნივთების, საგნების წარმოებისა, ადამიანებისა და ცოდნის წარმოებას უზრუნველყოფდა, იგი ფლობდა გაწეული ზრუნვის ხარჯზე ტრანსფორმაციის შესაძლებლობებს. (Weeks, 2007)

ზოგადად ზრუნვის შრომის განმარტება გულისხმობს წვლილის შეტანას მიმღების ფიზიკურ, ემოციურ, ინტელექტუალურ განვითარებაში. ის მოიცავს როგორც საშინაო, აუნაზღაურებელ შრომას, რომელსაც ოჯახის წევრები ერთმანეთის მიმართ წევენ, ასევე ანაზღაურებად შრომასაც. ზრუნვის სექტორი დღესდღეობით საკმაოდ ფართოა:  გლობალური ზრუნვის სამუშაო ძალის შემადგენლობაში შედიან მზრუნველობის სექტორებში მყოფი ზრუნვის მუშაკები (განათლება, ჯანდაცვა და სოციალური სამსახური), სხვა სექტორებში მყოფი ზრუნვის მუშაკები, შინამოსამსახურეები და მოვლის სექტორებში მყოფი არა-მზრუნველობითი მუშაკები, რომლებიც ეხმარებიან ზრუნვის სერვისის უზრუნველყოფას. ზრუნვითი დასაქმება მთელ მსოფლიოში დასაქმების მნიშვნელოვანი წყაროა, განსაკუთრებით ქალებისთვის. ((ILO), 2018)

მიუხედავად იმისა, რომ ზრუნვის შრომა დღესდღეობით აღიარებულია, როგორც შრომის კატეგორია და აღარ წარმოადგენს ცალსახად აუნაზღაურებელი საშინაო სფეროს ნაწილს, არსებული სტატისტიკური მონაცემები აჩვენებს, რომ ეს სექტორი მეტწილად დაკომპლექტებულია ქალებით და კვლავ ფემინიზებულია.  ამის პარალელურად ანაზღაურება, რომელსაც აღნიშნულ სფეროში დასაქმებული ადამიანები იღებენ, ხშირ შემთხვევაში ბევრად დაბალი და შეუსაბამოა ამ სფეროში დასაქმებული ადამიანების განათლებასა და გამოცდილებასთან. (ILO, 2021)  

ამერიკელი სოციოლოგი პაულა ინგლენდი სხვადასხვა ავტორზე დაყრდნობით გამოყოფს რამდენიმე მნიშვნელოვან თეორიულ ჩარჩოს, რომლებიც ზრუნვის შრომის და მისი სხვადასხვა შრეების გაანალიზებაში გვეხმარება. ერთ-ერთი ასეთი თეორიული ჩარჩო, რომელსაც „გაუფასურების ჩარჩო“ ეწოდება, აქცენტს აკეთებს იმაზე, რომ კულტურული განწყობები ერთ-ერთი უმთავრესი დეტერმინანტია იმის, რომ შრომის ის სფეროები, რომლებიც უფრო მეტად გაიგივებულია ქალურ საქმიანობასთან, მათ შორის ზრუნვის შრომაც, არის დაბალანაზღაურებადი. ზოგიერთი ავტორი აღნიშნული მოცემულობის ახსნაში ცენტრალურ როლს ანიჭებს იმ ფაქტს, რომ ზრუნვა ჯერ კიდევ კვინტესენციურად ქალურ აქტივობად მიიჩნევა (England, 2005) გაუფასურების ჩარჩო ფოკუსირდება იმაზე, თუ კულტურულად მიკერძოებული წარმოდგენები როგორ ახდენს ამ ტიპის შრომის ანაზღაურების და სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერის ლიმიტირებას.

 ინგლენდი ასევე გამოყოფს თეორიულ პერსპექტივას, რომელიც ზრუნვის შრომას განიხილავს როგორც საჯარო სიკეთეს და მის მნიშვნელობას უფრო ფართო კონტექსტში განიხილავს. აღნიშნული პერსპექტივის მთავარ არგუმენტს წარმოადგენს ის, რომ თუკი ნებისმიერი ტიპის შრომა გულისხმობს, რომ ის სასარგებლო უნდა იყოს ვიღაცისთვის, ზრუნვის შრომის მოგება არის არაპირდაპირი. რამდენადაც ფართოა ზრუნვის შრომის სექტორი, მისგან მიღებულ სარგებელს არ ჰყავს მხოლოდ პირდაპირი მიმღები, არამედ მთლიანად საზოგადოება, რომელიც არაპირდაპირი გზით ნახულობს ამგვარი შრომისაგან სარგებელს.

რამდენადაც ზრუნვის შრომა მიმღების განვითარებაში დიდი წვლილის შეტანას გულისხმობს, იქნება ეს ფიზიკური, ემოციური თუ ინტელექტუალური თვალსაზრისით, ის ერთგვარი პრერეკვიზიტი ხდება როგორც უშუალოდ ზრუნვის მიმღების, ასევე მისი გარშემომყოფების კეთილდღეობისა და ბედნიერებისთვის. ზრუნვის შრომის წვლილი ზემოქმედებს მიმღების უნარების განვითარებაზე, რომლებიც საჭიროა შრომის ბაზრისთვის, ჯანსაღი ურთიერთობების ჩამოყალიბებისთვის და ა.შ.

ამგვარი შრომის საჯარო სიკეთედ განხილვისას მნიშვნელოვანია მისი პირდაპირი და არაპირდაპირი მიმღების ცნებების განვითარება. ზრუნვის შრომისაგან მიღებული არაპირდაპირი სარგებელი იძლევა სწორედ იმის საფუძველს, რომ იგი განხილული იყოს საჯარო სიკეთედ და მისი შედეგი მხოლოდ პირდაპირი მიმღებისთვის გაღებული სარგებლით არ განიხილებოდეს. 

 ასევე საინტერესოა მიდგომა, რომელიც ცდილობს გამოარკვიოს ის მოტივები, რომლებიც განაპირობებს ადამიანების დაინტერესებას და ჩართულობას ზრუნვის სექტორში. ამერიკელ ფემინისტ ეკონომისტ ნენსი ფოლბრეს შემოაქვს ცნება „სიყვარულის ტყვე“ (Prisoner of Love) (England, 2005), რომელიც მიუთითებს იმ ემოციურ მიჯაჭვულობაზე, ზრუნვის მუშაკებს გარკვეული დროის განმავლობაში მათი ზრუნვის ობიექტების მიმართ რომ შეიძლება განუვითარდეთ. ფოლბრე ხაზს უსვამს აღნიშნული მოცემულობის ირონიულობას, რაც იმაში მდგომარეობს, რომ მათი გულწრფელი გრძნობები ხშირ შემთხვევაში ტრანსფორმირდება მათივე, ანუ ზრუნვის მუშაკების, კეთილდღეობის შემაფერხებელ ფაქტორად, რადგან ზრუნვის ობიექტის მიმართ არსებული გრძნობები ხელს უშლის მათ უკეთესი ანაზღაურებისა და შრომის პირობების მოთხოვნაში. ამგვარად, გარკვეული აზრით, ისინი საკუთარი ემოციების ტყვეობაში ექცევიან. 

ემოციების კომოდიფიკაციის/გასაქონლების პერსპექტივა ზოგადად მომსახურების სფეროში, მათ შორის ზრუნვის სექტორში დასაქმებული ადამიანების შრომის სპეციფიკაში, ემოციური რესურსის გაღების პრობლემატიზებას ახდენს. აღნიშნული გულისხმობს, რომ მომსახურების სექტორში დასაქმებული ადამიანების საქმიანობა მოიცავს ცრუ ემოციების მუდმივ წარმოებას და მათ „გაყიდვას“, რამდენადაც მომსახურების მიმღები თანხას იხდის არა მხოლოდ კონკრეტულ პროდუქტში, არამედ იმ ემოციებში, რასაც დასაქმებული ამჟღავნებს. აღნიშნული პერსპექტივის თანახმად, დასაქმებულისგან მოთხოვნა იმ ემოციების წარმოებაზე, რომლებსაც ის რეალურად არ განიცდის, საბოლოოდ, მას აუცხოებს თავის რეალურ შეგრძნებებთან და ემოციებთან, რისი შედეგიც, შესაძლოა, მშრომელების გაუარესებული მენტალური ჯანმრთელობა იყოს. 

ზემოთ მოყვანილი თეორიული პერსპექტივები ზრუნვის შრომის შესახებ, რა თქმა უნდა, არასრულია და აკადემიურ ლიტერატურაში არაერთი ფუნდამენტური ტექსტის მოძიება შეიძლება მის შესახებ. თუმცა მათი ნაწილი, რაც კვლევაშია მოყვანილი, უფრო მეტად უახლოვდება  წინამდებარე კვლევის ფოკუსს და ქმნის ერთგვარ კონტექსტს შედეგების ანალიზისათვის. 

ემოციური შრომა და მისი ფსიქოსოციალური გავლენები

იმის ხაზგასმამდე, თუ რა თავისებურებები ახასიათებს ემოციურ შრომას და რა გავლენას ახდენს დასაქმებულების ცხოვრების სხვადასხვა ასპექტზე, მნიშვნელოვანია განიმარტოს, თუ რას გულისხმობს უშუალოდ ეს ცნება. ამერიკელი სოციოლოგი, ემი ვარტონი მას მიჯნავს იმ სპონტანური ემოციებისაგან, რომლებიც ნებისმიერ ადამიანს სამუშაოს შესრულების პროცესში შეიძლება გაუჩნდეს. (S.Wharton, 1999) ვარტონის თანახმად, ემოციური შრომა გულისხმობს ჩამოყალიბებულ, გარკვეულწილად ინსტრუმენტული დანიშნულების მქონე ემოციების წარმოებას და იმ ემოციურ ძალისხმევას, რომელსაც დასაქმებულები დებენ ორგანიზაციის/დამსაქმებლის  სანქციებთან შესაბამისობაში მყოფი ემოციების წარმოებასა და გამოხატვაში. ვარტონის გარდა სხვა ავტორებიც ხაზს უსვამენ განსხვავებას ემოციურ შრომასა და ემოციების იმ უეცარ, სპონტანურ გამოხატულებებს შორის, რომლებიც ინტერაქციის მომენტში შეიძლება წარმოიშვას. 

აღნიშნული შრომის გაწევის ვალდებულება განსაკუთრებით ეხებათ მომსახურების სფეროში დასაქმებულებს, რომელთაც კლიენტთან მუდმივი ინტერაქცია უწევთ. თუმცა გარდა სერვისის სფეროში დასაქმებული ადამიანებისა, ემოციური შრომის ცნება ეხება და მოიცავს ისეთ პროფესიებს და დასაქმების სფეროებს, როგორიცაა მასწავლებლის, მომვლელის, ძიძის საქმიანობა. ეს პროფესიები, ერთი შეხედვით, არ გულისხმობს კლიენტთან ურთიერთობას, თუმცა ზრუნვის ობიექტთან კომუნიკაცია თავისთავად საჭიროებს ემოციური რესურსის ჩადებას და თანაც იმ ტიპის რესურსის, რომელიც ემოციური შრომის ცნების ქვეშ შეგვიძლია მოვისაზროთ, რამდენადაც ემოციები, რომელთა გამომჟღავნებასაც ზრუნვის სფეროს მიმართულებით სხვადასხვა პროფესია საჭიროებს, არის საკმაოდ კონკრეტული და მდგრადი. 

მიუხედავად იმისა, რომ ემოციური შრომის გავლენები და შედეგები მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული სამუშაო გარემოსა და პირობებზე, ემი ვორტონი ტექსტში „Psychosocial consequences of emotional labour” სხვადასხვა ავტორსა და კვლევაზე დაყრდნობით აიდენტიფიცირებს იმ პოტენციურ სირთულეებსა და თანმდევ შედეგებს, რაც ემოციურ შრომას შეიძლება ახლდეს თან. 

ის წერს, რომ ემოციური შრომა, ერთი მხრივ, გულისხმობს მანამდე მკაცრად პირადული დატვირთვის მქონე აქტების ისეთ საჯარო აქტებად გარდაქმნას, ტრანსფორმირებას, რომლებიც ეთანხმება სხვების მიერ გაწერილ მითითებებს და ემსახურება დამსაქმებლის მოგებას, კეთილდღეობას. შედეგად, გარდა საკუთარ ემოციებზე კონტროლის მოშლისა და მათგან გაუცხოებისა, შრომის სხვა ასპექტები ნაკლებად თვალსაჩინო და აღქმადი ხდება. (S.Wharton, 1999)

დამსაქმებლისა და დასაქმებულის ინტერესები ინტერაქციის შედეგებთან მიმართებაში შეიძლება იყოს განსხვავებული იმის გათვალისწინებით, რომ დამსაქმებლისთვის ემოციური შრომა ინსტრუმენტულია შედეგების მისაღებად, დასაქმებული კი ამ პროცესში უშუალოდ ჩართული, თანამონაწილეა – მისი ემოციური  გამოხატულება ამ პროცესს განაპირობებს. შესაბამისად, ამ აქტში შესაძლოა შეწირული იყოს დასაქმებულის ინტერესები და სურვილები.

აქედან გამომდინარე, ემოციურ შრომასთან მიმართებაში ერთ-ერთი პრობლემური ასპექტი სწორედ ისაა, რომ დასაქმებული თავის სამუშაო როლისაგან დისტანცირების უნარს კარგავს, როცა ის ემოციები და  პიროვნული ემპათია, რასაც სამუშაო გარემო მოითხოვს მისგან, რეგისტრირდება არა როგორც სამუშაო როლი, არამედ მისი, საკუთარი განცდები. ანუ სამუშაო გარემოში გამოხატული ემოციები არ წარმოადგენს რაღაც დროებითს, რომელიც მხოლოდ დასაქმებულების სამუშაო საათების ნაწილია. აღნიშნული კი დასაქმებულებში ზრდის გადაწვის რისკს. (S.Wharton, 1999)

გადაწვა აიხსნება როგორც ემოციური განცდების შინაგანი ნიშნების ჩახშობა, ემოციების, გრძნობების წარმოებისა და შეგრძნების უუნარობა. სერვისის სფეროში დასაქმებულებთან მიმართებაში ამ მდგომარეობას ასევე ეძახიან კონტაქტის/კომუნიკაციის გადატვირთვას, რაც ხასიათდება ემპათიის ნაკლებობით, მექანიკური, რობოტული ქმედებით. განსაკუთრებით ის მშრომელები, რომელთა სამუშაოც მოითხოვს პიროვნულ ემპათიას, აქტიურად დგანან გადაწვის რისკის ქვეშ. ასეთ სამუშაოებს შორისაა: ბავშვის აღმზრდელის/მომვლელი, ექთანი და სხვა. 

ემოციური შრომის ნეგატიურ შედეგებზე საუბრისას ძირითადად გამოკვეთილი რისკები უკავშირდება დასაქმებულის მენტალური მდგომარეობის გაუარესებას, იქნება ეს გადაწვის, დეპრესიის, თვითშეფასების დავარდნის ფორმით თუ სხვა. 

აღნიშნული საშიშროებების წყაროდ კი, როგორც უკვე ითქვა, მშრომელებში საკუთარი, ავთენტური და სამსახურებრივი მოვალეობის ფარგლებში წარმოებული ემოციების გამიჯვნის უუნარობა სახელდება. აღნიშნულისაგან პრევენციის, თავდაცვის საშუალებად კი თვითმონიტორინგის უნარის განვითარებას მიიჩნევენ, რაც მათ ემოციურ დისტანცირებაში დაეხმარება. 

ამერიკელი ფემინისტი ეკონომისტი, ნენსი ფოლბრე ასევე ეხება აღნიშნულ საკითხს, ის საუბრობს, როგორც შედარებით პოზიტიურ ზეგავლენებსა და კმაყოფილების განცდაზე, რომელიც ემოციური შრომის შესრულებისგან უჩნდებათ დასაქმებულებს, ასევე იმ მდგომარეობაზეც, როდესაც ეს კმაყოფილება დამაბრკოლებელ ფაქტორად იქცევა. 

ზრუნვის შრომის ემოციურ განზომილებებთან დაკავშირებით იგი წერს, რომ ზრუნვის მიმწოდებლები/გამცემები თავიანთი საქმიანობიდან გამომდინარე იღებენ როგორც პოზიტიურ, ასევე ნეგატიურ შედეგებს მათი ემოციური ჩართულობის/კავშირის გამო.  ხშირ შემთხვევაში ზრუნვის შრომაში ჩაბმულ ადამიანებს  უჩნდებათ გარკვეული სენტიმენტები ზრუნვის ობიექტისადმი ისევე, როგორც მათ, ვისაც ზრუნვის გაცემა ანაზღაურების გარეშე, თითქოს თავისთავად ევალებათ: მაგალითად, ბებიებს, დედებს და სხვებს. სიყვარული და ემოციური კავშირი ანაზღაურებადი ზრუნვის შრომის ობიექტთან მიმართებაში ემსგავსება იმ გრძნობებს, რომლებსაც ისინი ყოველდღიურობაში მათი გარშემომყოფების მისამართით  აუნაზღაურებლად განიცდიან და გასცემენ. (Folbre, WHO CARES? A Feminist Critique of the Care Economy, 2014)

მსგავსი ტიპის ემოციურ ჩართულობას/კავშირს მოჰყვება სამუშაოსაგან მიღებული კმაყოფილების განცდა, რაც გამოწვეულია შეგრძნებით, რომ ის, რასაც ზრუნვის შრომაში ჩაბმული ადამიანები აკეთებენ, არის ღირებული და სასიამოვნო. როგორც ფოლბრე წერს, ის ექთნებიც კი, ვინც უკმაყოფილოა თავიანთი შრომითი პირობებით, მაინც განიცდიან აღნიშნულ კმაყოფილების განცდას, რამდენადაც გაწეულ სამუშაოს ღირებულად თვლიან. 

ფოლბრე ასევე ხაზს უსვამს იმ ასპექტს, რომ ემოციური მიჯაჭვულობა და ზრუნვის შრომისგან მიღებული კმაყოფილება, შესაძლოა, ზემოქმედებდეს დასაქმებულებში წინააღმდეგობის პოტენციალის ჩახშობაზე, რაც გულისხმობს თუნდაც მშრომელთა საპროტესტო აქციებზე გამოსვლას, სამსახურის მიტოვებას და უკეთესი პირობების მქონე სამუშაო ადგილის ძებნას. 

ფოლბრე ასევე იყენებს “ფსიქიკური შემოსავლის“ (Psychic income) ცნებას, რომელიც გაწეული შრომის სანაცვლოდ გულისხმობს სწორედ ზემოთ ნახსენებ კმაყოფილების, თუ სხვა პოზიტიური ემოციების მიღებას ზრუნვის ობიექტებისაგან და ამ პოზიტიური ემოციების, როგორც ერთგვარი კომპენსაციის, როლს. 

ემოციურ შრომასთან და მის პოტენციურ შედეგებთან დაკავშირებით მოყვანილი ლიტერატურა ერთგვარ თეორიულ ჩარჩოს ქმნის იმისათვის, რომ გავაანალიზოთ ადგილობრივ კონტექსტში ამ კუთხით არსებული მდგომარეობა. 

მეთოდოლოგია

საკვლევი თემის გათვალისწინებით, მკვლევრებმა უპირატესად ჩათვალეს თვისებრივი მეთოდის გამოყენება. გამომდინარე იქიდან, რომ კვლევის მიზანს არ წარმოადგენდა რეპრეზენტაციული შედეგების მიღება და აქცენტი კეთდებოდა არსებული გამოცდილებების შესახებ ემპირიული ცოდნის შეგროვებაზე, შესაბამისი ინფორმაციის მოსაპოვებლად გამოიყენეს სიღრმისეული,  ნახევრად სტრუქტურირებული  ინტერვიუები.


აღნიშნული მეთოდის მოქნილობამ მკვლევრებს საშუალება მისცა, სწორხაზოვნად არ გაჰყოლოდნენ ინტერვიუს გზამკვლევს (კითხვარს) და უფრო სიღრმისეულად მიეღოთ ინფორმაცია რიგ საკითხებზე.  სოციოლოგიური კვლევის აღნიშნული მეთოდის მიზანს შესასწავლ საკითხთან დაკავშირებით რესპონდენტებისაგან მაქსიმალურად დეტალური ინფორმაციისა და მოსაზრებების შესწავლა წარმოადგენს. ამ მეთოდის შეზღუდვას წარმოადგენს სწორედ ის, რომ მიღებული შედეგები ვერ განზოგადდება მთელ  პოპულაციაზე, ასევე შესაძლოა რესპონდენტების მხრიდან თავი იჩინოს სოციალურად სასურველობის ეფექტმა და შესაბამისი პასუხები დააფიქსირონ. (ზურაბიშვილი, 2006)

კვლევაში მონაწილეთა ერთობლიობა, იგივე სამიზნე ჯგუფი, შერჩევის მიზნობრივი, ჰეტეროგენული მეთოდით განისაზღვრა. შერჩევის ეს მეთოდი სხვადასხვა ერთობლიობისთვის როგორც საკვანძო, გაზიარებული მახასიათებლების, ასევე მათთვის ცალკეულად დამახასიათებელი, უნიკალური თავისებურებების შესწავლისა და იდენტიფიცირების საშუალებას იძლევა. (წულაძე, 2020)

წინამდებარე კვლევის ფარგლებში გამოიკითხა 18 რესპონდენტი ქალი, რომლებიც ანაზღაურებადი ზრუნვის ფორმალურ და არაფორმალურ სექტორებში იყვნენ დასაქმებულნი, მათ შორის იყვნენ: სკოლისა და ბაღის აღმზრდელი/მასწავლებლები, მომვლელები, ძიძები, რეპეტიტორები და დამლაგებლები. 

შედეგების ანალიზი

წინამდებარე კვლევის მიზნიდან და ამოცანებიდან გამომდინარე, რესპონდენტებთან ჩატარებული ინტერვიუების გზამკვლევი რამდენიმე მნიშვნელოვანი პუნქტისაგან შედგებოდა, რომლებიც ძირითადად შეეხებოდა რესპონდენტების საქმიანობას, განათლებას, წარსულ სამუშაო გამოცდილებას, ამჟამინდელ სამუშაო გარემოსა და პირობებს, ამ უკანასკნელით კმაყოფილებას და ზოგადად ზრუნვის შრომის ხასიათს, ანუ იმას, თუ რა ტიპის შრომის გაწევა უწევთ მათ ყოველდღიურად, როგორია მათი ურთიერთკავშირი ზრუნვის ობიექტებთან და ა.შ. 

ჩამოთვლილი პუნქტები, რომლისგანაც ინტერვიუს გზამკვლევი შედგებოდა, მკვლევრებს საშუალებას აძლევს, ერთი მხრივ, განსაზღვრონ, თუ როგორია ანაზღაურებად ზრუნვის შრომაში ჩაბმული ქალების შრომის პირობები და რამდენად არის შესაბამისობაში მათი ანაზღაურება იმ შრომასთან, რომლის გაწევაც უწევთ, მეორე მხრივ კი, ამოიცნონ და დაადგინონ, თუ რა თავისებურებებით ხასიათდება მათი ემოციური შრომა და რა ნეგატიური ან/და პოზიტიური შედეგები მოჰყვება მას.  

1.1 ვინ არიან ზრუნვის შრომის სექტორში დასაქმებული ქალები?

წინამდებარე კვლევის ფარგლებში შერჩევის მიზნობრივი, ჰეტეროგენული მეთოდით შერჩეული რესპონდენტები ერთმანეთისაგან განსხვავდებიან როგორც ასაკით, ასევე წარსული სამუშაო გამოცდილებებით და განათლების ხარისხით. მათი ნაწილი ამჟამად დასაქმების ფორმალურ სექტორშია ჩაბმული და შესაბამისად მუშაობენ შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, მეორე ნაწილი  კი არაფორმალურ სექტორში, სადაც, როგორც თავად აღნიშნეს, შრომის პირობებზე დამსაქმებელთან შეთანხმება ძირითადად სიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე ხდებოდა.

რესპონდენტების ასაკობრივი დიაპაზონი 22-დან 60 წლამდე მერყეობდა.  აუცილებლად აღსანიშნია ის ფაქტი, რომ დაბალ ასაკობრივ კატეგორიაში მყოფი ქალები  უმეტესად მუშაობენ როგორც სკოლის მასწავლებლები, ბაღის აღმზრდელები და დასაქმებულნი არიან ფორმალურად, შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე. ასაკთან მიმართებაში გამონაკლისს წარმოადგენდნენ კერძოდ მომუშავე რეპეტიტორები, რომლებიც არაფორმალურად, თვით-დასაქმებულები არიან და დამსაქმებელთან არ აქვთ არანაირი შრომითი ხელშეკრულება.

 ხოლო რაც შეეხებათ შედარებით უფროსი ასაკის ქალებს, ისინი მეტწილად არაფორმალურად არიან დასაქმებული  ძიძებისა და დამლაგებლების პოზიციებზე. მკვლევრებისთვის საინტერესო იყო შეესწავლათ, თუ რატომ დაინტერესდნენ რესპონდენტები ამა თუ  იმ კონკრეტული საქმიანობით და შეესაბამებოდა თუ არა მათი კვალიფიკაცია მათ მიერ დაკავებულ ამჟამინდელ პოზიციას. აღმოჩნდა, რომ მხოლოდ ექთნებისა და რამდენიმე სკოლის მასწავლებლის შემთხვევაში მათ მიერ მიღებული განათლება ზუსტად ესადაგება მათი ამჟამინდელი დასაქმების სფეროს,  ხოლო ისეთ პოზიციებზე მომუშავე ქალები, როგორებიც არიან ძიძები, დამლაგებლები ან კერძო რეპეტიტორები, წარსულში მუშაობდნენ განსხვავებულ სფეროში და უმაღლესი განათლებაც მიღებული აქვთ სხვა მიმართულებით.

ფორტეპიანოზე ვუკრავდი მთელი ცხოვრება, ხო, ესე გამოვიდა, მაგრამ ჩემს სფეროში არ მიმუშავია, რამოდენიმე წელი ვმუშაობდი ბავშვთა გასართობ ცენტრებში, ვიყავი მუსიკალური გამფორმებელი, მერე ვიმუშავე საქართველოს ფოსტაშიც, ვიმუშავე რამოდენიმე წელიწადი ოპერატორად და მერე მომიწია ესე ოჯახებში მუშაობა. (ძიძა, 46წლის)

აღსანიშნავია ის ასპექტებიც, რომლებითაც რესპონდენტები დასაქმების სფეროს ცვლილებას ხსნიდნენ. მაღალი ასაკობრივი კატეგორიის წარმომადგენლების შემთხვევაში აღნიშნულის მიზეზი სწორედ მათი ასაკი იყო, რამდენადაც გარკვეული ასაკს მიღწეულ პირებს შრომით ბაზარზე კიდევ უფრო უჭირდათ სხვა სამუშაო ადგილების მოძიება, მიუხედავად მათი განათლებისა და წარსული სამუშაო გამოცდილებებისა. 

როგორც უკვე ითქვა, კვლევის ფარგლებში გამოკითხულ ქალთა უმრავლესობას წარსულში მიღებული ჰქონდა უმაღლესი განათლება, მათი ნაწილის სპეციალიზაციის სფერო სრულიად განსხვავდებოდა მათი ამჟამინდელი საქმიანობისაგან. ნაწილი კვლავ საკუთარი პროფესიით განაგრძობდა მუშაობას, თუმცა ეკონომიკური პრობლემების და არასაკმარისი ანაზღაურების გამო პარალელურად ჩაბმული იყო არაფორმალური ზრუნვის შრომაში – თავიანთი  ოფიციალური სამსახურიდან მორჩენილ დროს უთმობდნენ არაფორმალურად სხვადასხვა ოჯახის მომსახურებას და მათი სახლების დალაგებას. 

  • 60 წლისა ვარ, განათლება საშუალო და ტექნიკური და ვმუშაობ, დავამთავრე რკინიგზის ტექნიკუმი და იმის მერე ვმუშაობ სულ რკინიგზაში [..]

ჩემი პროფესიით ვმუშაობ 40 წელია. პლიუს მაგას ეხლა ყველამ იცის ჩვენს ქვეყანაში რომ შემოსავლები ძალიან დაბალია, დიდი ოჯახი მაქვს, მეუღლე გარდამეცვალა 2001-ში, 20 წელია, სამი შვილი გავზარდე, პატარები მყავდნენ, დამრჩნენ 10 წლის, 9 წლის, 8 წლის ხოდა დამატებით ვმუშაობ ესე ვალაგებ ხან სადარბაზოებს, ხან სახლებს და ესე გამოვდივარ იოლად – (დამლაგებელი, 60 წლის)

მსგავსი ტენდენცია ასევე ვრცელდება გამოკითხულ რეპეტიტორებზეც: მათგან მხოლოდ ნახევარს აქვს უმაღლესი განათლება მიღებული იმ მიმართულებით, რა სფეროშიც ამჟამად მუშაობენ. დანარჩენების შემთხვევაში კი პროფესიისა და საქმიანობის შეუსაბამობის მიზეზად ინტერესების ცვლილება, ფინანსური პრობლემები და საკუთარი პროფესიით დასაქმების სირთულე იკვეთებოდა. 

1.2. რას გულისხმობს ზრუნვის შრომა ქართულ რეალობაში?

ერთ-ერთ მთავარ მიგნებას, რომელიც კვლევის ფარგლებში გამოიკვეთა, წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ანაზღაურებადი ზრუნვის შრომაში ჩაბმული ქალების საქმიანობა და მისი საზღვრები საკმაოდ ბუნდოვანია. მაშინაც კი, როდესაც ისინი ფორმალურად, შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე არიან დასაქმებულნი და დამსაქმებელთან წინასწარ აქვთ შეთანხმებული, თუ რა ტიპის შრომის გაწევა მოუწევთ. როგორც წესი, ზრუნვის შრომა აერთიანებს ისეთ საქმიანობებს, რომლებიც ზრუნვის წარმოებასა და მის გაცემას მოითხოვს, რაც თავიდანვე შეთანხმებულია, თუმცა უმეტესად ზრუნვის მუშაკებს უწევთ იმაზე მეტი ფიზიკური და ემოციური რესურსის გაღება, ვიდრე მათ ოფიციალურად შეიძლება ევალებოდეთ. ყველაზე ნათლად აღნიშნული საკითხი გამოიხატა ძიძებისა და რეპეტიტორების შემთხვევაში. გამომდინარე იქიდან, რომ ძიძებს, რეპეტიტორებს, სკოლისა და ბაღის მასწავლებლებს უფრო მეტად აქვთ შეთავსებული აღმზრდელობითი ფუნქციები, მათ შემთხვევაში უფრო რთულია იმის გამორკვევა, თუ რა არის მათი პირდაპირი მოვალეობა და სად გადის ამ კუთხით ზღვარი. 

რეპეტიტორებს და მასწავლებლებს, რომელთაც უფრო მეტად მოსწავლეებისთვის განათლების მიწოდების ფუნქცია ავალიათ, ხშირად უწევთ მათზე ზრუნვა ისეთი ფორმებით, როგორებიცაა თვითმომსახურების უნარ-ჩვევების განვითარებაში დახმარება, ემოციური მხარდაჭერა და ა.შ, რაც, რეალურად, უფრო მეტად უახლოვდება აღმზრდელის ან მშობლის როლს.

  • რა ვიცი, ყველაფერი გაგვიკეთებია ერთად, ერთად გამოგვიცვლია, საპირფარეშოში ერთად შევსულვართ, აი, ყველაფერი, რაც კი შეიძლება წარმოიდგინო. (სკოლის მასწავლებელი, 26 წლის)

ასევე ხშირია, ზრუნვის ობიექტებთან ახლო, მეგობრული ურთიერთობების განვითარება, რაც განსაკუთრებით იმ რეპეტიტორების შემთხვევაში იკვეთება, რომლებიც თავიანთ მოსწავლეებთან ასაკობრივად უფრო ახლოს არიან.

  • აქამდე ყავის სმა და მთელი რიტუალები გვქონდა და ეხლა მოვსპეთ, იმიტომ, რომ ვიცავთ ამ რეკომენდაციებს და არ არის მთლად სახარბიელო მდგომარეობა. (რეპეტიტორი, 25 წლის)

აღნიშნულიდან გამომდინარე, ნათელია, რომ ზრუნვის შრომაში დასაქმებული ქალების შემთხვევაში, მათი საქმიანობა ვიწრო სპეციალიზების სფეროთი ვერ შემოისაზღვრება და ითავსებს ისეთ მრავალფეროვან ფუნქციებს, რომელთაც ძირითადად ოჯახის წევრები ან მეგობრები ასრულებენ ხოლმე. 

ასევე პრობლემურია დროის ის რესურსი, რომლის გაღებაც უწევთ ამ სფეროში დასაქმებულ ქალებს, რომლებიც თავიანთი დროის უდიდეს ნაწილს სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებაში ატარებენ. დამღლელი სამუშაოს შემდეგ სახლში დაბრუნებულებს, ფაქტობრივად, დრო აღარ აქვთ საკუთარი თავისთვის: როგორც წესი, მორჩენილი ისედაც მცირე თავისუფალი დროის განაწილება მათი ჯანმრთელობის, ოჯახური ურთიერთობების და სხვადასხვა სოციალური აქტივობის მსხვერპლად გაღების ხარჯზე ხდება. მიუხედავად იმისა, რომ რესპონდენტების უმრავლესობა თავადაც აანალიზებს საკუთარი სამუშაოს ნეგატიურ ზეგავლენას თავიანთი ცხოვრების ხარისხზე, ის საჭიროებები, რაც თავად და მათ ოჯახებს გააჩნიათ, აიძულებთ დამატებითი სამუშაო საათები აიღონ და სრულად აითვისონ ის დროითი რესურსი, რაც გააჩნიათ.                                 

  •  ოჯახში ძირითადად არ ვიცი, რა ხდება იმიტომ რომ, როცა მივდივარ, ძირითადად დაღლილი ვარ, მძინავს, ჩემს ოთახში შევიკეტები და იქ ვარ, ამიტომ ოჯახისგანაც ცოტა შორს ვარ (ექთანი, 30 წლის)

ამ ყველაფრის ფონზე, ბევრმა მათგანმა ახსენა, რომ ანაზღაურება, რასაც იღებენ გაწეულ შრომაში, არ არის მათთვის საკმარისი. ამ კუთხით არაფორმალურად დასაქმებული ქალების ნაწილი საკუთარი ნებით თანხმდება დამატებით სამუშაო საათებს მაშინ, როდესაც ეს საათები ანაზღაურებადია, თუმცა არის შემთხვევებიც, როდესაც, მიუხედავად იმისა, ფორმალურად არიან ისინი დასაქმებულნი თუ არაფორმალურად, მაინც უწევთ ოფიციალური სამუშაო საათების შემდგომ შრომა. 

  •  პირველი ოჯახი [სადაც ვმუშაობდი] იყო საოცრება, ხომ გეუბნებით. ეს გოგო ვერ ხვდებოდა, რომ მე 7 საათზე უნდა დამემთავრებინა და რატომღაც ესე 8-ზე, შეიძლება 9-ის 15 წუთზე მოსულიყო [სახლში] ჩვეულებრივად, არაფრად არ თვლიდა ამას (ძიძა, 46 წლის)


1.3 ემოციური შრომა და მისი შედეგები

ზრუნვის შრომა მიეკუთვნება არამატერიალური, აფექტური შრომის სწორედ იმ კატეგორიას, რომელში ჩაბმულ ადამიანებსაც გარდა ინსტრუმენტული დავალებებისა, თავიანთი ზრუნვის ობიექტების მიმართ რიგი ემოციების წარმოება და გამოხატვა ევალებათ. საუბარია ისეთ გრძნობებზე, როგორიცაა ემპათია, სითბო, მზრუნველობა და ა.შ. მიუხედავად იმისა, კეთდება თუ არა აქცენტი მსგავსი ემოციური შრომის გაწევის საჭიროებაზე და მოთხოვნაზე, ემოციური შრომა, ემოციური რესურსის ინვესტირება საკუთარ სამუშაოში ამ სექტორის განუყოფელი, თუმცა ხშირად ნაკლებად ხილული ასპექტია.

კვლევის შედეგების თანახმად, ემოციური შრომის როლი და მისი წარმოების საჭიროება იცვლება იმის მიხედვით, თუ რა ტიპისაა უშუალოდ სამუშაო, რომელსაც დასაქმებული ასრულებს. მიუხედავად განსხვავებებისა, რომელიც სხვადასხვა მიმართულებით დასაქმებული ქალების გამოცდილებებში და მათ შრომით პირობებში იკვეთება, ემოციების წარმოება და გამომჟღავნება ზრუნვის ობიექტის მიმართ მაინც გამაერთიანებელ ფაქტორად რჩება. 

როგორც აღმოჩნდა, რესპონდენტი ძიძების, სკოლის მასწავლებლებისა და ბაღის აღმზრდელების შემთხვევაში ემოციური მიჯაჭვულობა უფრო მძაფრადაა გამოხატული. რამდენადაც, როგორც უკვე აღინიშნა, მათი შრომა უფრო მეტად მიემსგავსება აღმზრდელის, ან მშობლის როლს, შესაბამისად ისინი ხშირ შემთხვევაში ხილული ან უხილავი ფორმით მაინც განიცდიან გარკვეულ მიჯაჭვულობას მათთან, ვისაც აწვდიან ზრუნვას. განსაკუთრებულად ზრუნავენ და ღელავენ მათ კეთილდღეობაზე და ხშირ შემთხვევაში საკუთარ შვილებთან აიგივებენ თავიანთ ზრუნვის ობიექტებს.

  • ძალიან მალევე ის ბავშვი, რა თქმა უნდა, მიყვარდება ყოველდღიურ ჩვენს ურთიერთობაში, ვნერვიულობ, როცა დაეცემა ან რამე აწუხებს, არ ჭამს და ვერ ვგებულობ რაზე (ძიძა, 38 წლის)

რესპონდენტების ნაწილმა, განსაკუთრებით კი ძიძებმა და მომვლელებმა, ხაზი გაუსვეს იმ ემოციურ დაძაბულობას, რომელსაც სამუშაო საათებში გრძნობენ, რამდენადაც მათი ზრუნვის ობიექტის კეთილდღეობაზე პასუხისმგებლობა მათგან მუდმივ ყურადღებას მოითხოვს როგორც ზრუნვის მიმღების ქმედებებზე, ასევე საკუთარი ემოციებზეც. 

აღსანიშნავია ის ასპექტიც, რომ რეპეტიტორების, სკოლისა და ბაღის მასწავლებლების შემთხვევაში, რომელთა ინსტრუმენტული მოვალეობები უფრო მეტად მოსწავლეებისათვის ცოდნის მიწოდებას და ამისათვის საჭირო პრაქტიკების განხორციელებას მოიცავს, ხშირად სცდება ამ განსაზღვრებას და მოიცავს ისეთ აქტივობებსაც, როგორებიც დროის ერთად გატარება, გართობა და თამაშია. 

ასევე საინტერესოა ისიც, რომ თუკი ემოციური შრომა გულისხმობს გარკვეული ემოციების წარმოებასა და გამომჟღავნებას სამუშაო დროისა და გარემოს ფარგლებში, (S.Wharton, 1999) ანაზღაურებადი ზრუნვის სექტორში დასაქმებული ქალების ნაწილისთვის, განსაკუთრებით კი რეპეტიტორებისა და მასწავლებლებისთვის, ეს მოცემულობა იცვლება, რამდენადაც ზრუნვის მიმღებთან ჩამოყალიბებული კავშირი არ ექცევა მხოლოდ იმ სივრცეში, სადაც მათი მოვალეობის ნაწილად შეიძლება ითვლებოდეს მზრუნველობა. 

  • თითოეული ბავშვი ჩემთვის არის რაღაც ძაან განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი და თითოეულის ხასიათი, ქმედება, კიდევ ანუ, როცა ეხლა ბავშვები წასულები არიან, ბაღის გარეთაც მეკონტაქტებიან და თვითონაც აქვთ სურვილი და მეც, რა თქმა უნდა, მაქვს სურვილი, რომ მოვიკითხო, გავიგო როგორ არიან, იმათი ამბავი. – (ბაღის მასწავლებელი, 24 წლის.)

ემოციურ შრომასთან დაკავშირებით კვლევის კიდევ ერთ მნიშვნელოვან მიგნებას წარმოადგენდა  გამოკითხული ქალების ზრუნვის მიმღებთან არსებული კავშირის ზეგავლენა მათ ფინანსურ კეთილდღეობაზე. ის ემოციური კავშირი, რომელიც მათ გააჩნიათ ზრუნვის ობიექტთან, რთულია, კრიტიკულად გადაიაზრო, რამდენადაც საქმე ეხება ობიექტის კეთილდღეობას და იმ ადამიანურ გრძნობებს, რომლებიც ეთიკურობაში შეიძლება ითარგმნოს. თუმცა თითქმის ყველა სპეციალობის მქონე ქალს ჰქონია შემთხვევა თავის გამოცდილებაში, როდესაც უარი უთქვამთ ანაზღაურებაზე ან დათანხმებულან უფრო ნაკლები თანხის აღებას, ვიდრე სტანდარტულად იღებენ გაწეულ შრომაში. ეს ფენომენი გვხვდება როგორც დამლაგებლებში, ძიძებში, ექთნებში, ასევე მასწავლებლებსა და რეპეტიტორებში. 

  • ზოგჯერ ისეც ყოფილა, რომ შემიხედავს ოჯახს არ აქვს საშუალება და უფასოდაც გამიკეთებია – (ექთანი, 30 წლის)
  • ვცდილობ ხოლმე, სხვათა შორის, რომ მშობლებს გავუწიო შეღავათი, შევიდე მათ მდგომარეობაში, თუ ვიცი, რომ ძალიან ჭირდებათ ეს ბავშვის დამხმარე მასწავლებელი და ძალიან კარგი შემოსავალიც არაა აქვთ. (რეპეტიტორი, 31 წლის)

გამოკითხული რესპონდენტების მაგალითზე, ზრუნვის სექტორში დასაქმებული ქალების შემთხვევაში ფინანსური სარგებლის გარდა ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ზრუნვის მიმღების კეთილდღეობა, რის გარშემოც შემოიფარგლება მათი საქმიანობა და აქტივობები. მათმა ნაწილმა ასევე აღნიშნა, რომ სწორედ ზრუნვის მიმღების კეთილდღეობა მოითხოვს მათგან საკუთარი ინტერესების, ემოციური თუ ფიზიკური მდგომარეობის უკანა ფლანგზე გადაწევას. 

  • . ბავშვებთან ყოველთვის მზად უნდა იყო ემოციურად, ანუ შენ დილით რომ მიდიხარ ბავშვებთან, მათთან უნდა იმუშაო, ანუ შენი პრობლემები, სხვა საკითხები გვერდით უნდა გადადო და ის დრო ბავშვებს უნდა დაუთმო  –  (ბაღის მასწავლებელი, 24 წლის)

როგორც უკვე ითქვა, რესპონდენტების უმრავლესობა კარგად აცნობიერებს თავის შრომით პირობებს და საჭიროებებს, რომელთა დაკმაყოფილების საშუალება მათივე სამსახურებს არ აქვს, რასაც ემატება ემოციური სტრესი და გადაღლა, თუმცა უკანასკნელთან მიმართებაში საინტერესოა ისევ ზრუნვის ობიექტთან კომუნიკაციის პოზიტიური ზეგავლენის ხაზგასმა. კვლევის მონაწილეთა ნაწილმა აღნიშნა, რომ ის სტრესი, რასაც სამუშაო საათებში საკუთარი სამუშაოდან იღებენ, კომპენსირდება იმ პოზიტიური უკუკავშირით, ემოციებითა და დამოკიდებულებით, რომელთაც ზრუნვის ობიექტებისაგან გრძნობენ, რაც, თავის მხრივ, ასევე უვითარებთ განცდას, რომ მათი შრომა ფასეული და მნიშვნელოვანია. 

  • ანუ ბავშვები უფრო მომავლის იმედს გაწვდიან. ეს რაღაც ყოველდღიური სხვა საფიქრალი, სევდა და საფიქრალი უფრო შემდეგ გვერდზე გადადის, როცა ბავშვებთან მუშაობ -(მასწავლებელი, 24 წლის)

ზრუნვის სექტორში დასაქმებული ქალებისათვის ზრუნვის ობიექტთან ემოციური კავშირის სიმყარესა და ამ ობიექტის კეთილდღეობის ცენტრალურ როლზე ასევე მიუთითებს ის ფაქტიც, რომელსაც თავადვე მკაფიოდ აცნობიერებენ და აღიარებენ კიდეც: აღსაზრდელის, მოსწავლის მიტოვება, თუნდაც უკეთესი ანაზღაურების ან უკეთესი სამუშაო პირობების შეთავაზების შემთხვევაში, მათთვის რთული იქნებოდა. ეს უკანასკნელი კიდევ უფრო ცხადყოფს, თუ რა მნიშვნელობა აქვს ემოციურ კავშირებს ამ სფეროში დასაქმებული ადამიანებისათვის, მეორე მხრივ კი, პრობლემურად გამოკვეთს იმას, რომ ემოციური რესურსი რომელსაც ისინი დებენ ყოველდღიურ საქმიანობაში, შრომის ცნებაში ნაკლებად ექცევა, ან თუ ექცევა, ვერ ასუსტებს შემაფერხებელ ზეგავლენას.

   1.4 პანდემიის გავლენა ზრუნვის შრომის მუშაკების საქმიანობაზე

როგორც ადგილობრივი, ასევე გლობალური მასშტაბით კოვიდპანდემია თითქმის ყველა სფეროში დასაქმებულ ადამიანს მეტ-ნაკლებად შეეხო და შეცვალა მათი ცხოვრებისა თუ მუშაობის წესრიგი.  პანდემიამ, ერთი მხრივ, გაზარდა ზრუნვის საჭიროება და მოთხოვნა, მეორე მხრივ კი, გაართულა მისი მიწოდება. ამ მხრივ  გამონაკლისები არ ყოფილან არც ზრუნვის შრომის მუშაკები.  მათმა ნაწილმა საერთოდ ვერ შეძლო სახელმწიფოს მიერ დაწესებული მკაცრი აკრძალვების, საერთო იზოლაციისა და საჯარო ტრანსპორტის შეზღუდვის დროს სამსახურის შენარჩუნება და ფაქტობრივად, შემოსავლის გარეშე დარჩა. ამ კუთხით განსაკუთრებული ზარალი მიადგათ არაფორმალურ სექტორში მომუშავე ქალებს: დამლაგებლებს, ძიძებს და რეპეტიტორებსაც. 

საჯარო ტრანსპორტით სარგებლობის აკრძალვის გამო დამლაგებლებს შეექმნათ მობილობის პრობლემა, შესაბამისად, ისინი ვეღარ ახერხებდნენ ოჯახებში მისვლას და მათთვის მომსახურების გაწევას. 

  • მეც გადავიტანე კორონა, სამსახური მაშინ არ მქონდა, პანდემია როცა იყო და როცა მე კორონა მქონდა, მაშინ არ ვმუშაობდი, ვიყავი სახლში (ძიძა, 38 წლის)

რეპეტიტორების, სკოლისა თუ ბაღის მასწავლებლებისთვის ასევე პრობლემური იყო სასწავლო დაწესებულებების დახურვა და სწავლების ონლაინრეჟიმზე გადასვლა. ბაღის აღმზრდელმა, რომელიც ბოლო ორი წლის განმავლობაში კერძო სექტორში იყო დასაქმებული, ჩაკეტვის პერიოდში რამდენიმეჯერ დაკარგა სამსახური ბაღის დახურვის გამო, უმუშევრობის პერიოდები კი დამსაქმებლის მხრიდან არ ანაზღაურებულა. ანალოგიური პრობლემა შეექმნათ რეპეტიტორებსაც და გარკვეულ პერიოდში დარჩნენ მოსწავლეების გარეშე, სანამ დისტანციური სწავლების რეჟიმთან ადაპტირება მოახერხეს. 

ასევე პრობლემურ საკითხად გამოიკვეთა პანდემიის გავლენა სამუშაო საათებზე, მათი ცვლილება, რამდენადაც მათ უწევდათ ახალი ცხრილების შექმნა სწავლების ახალი ფორმატიდან გამომდინარე, რაც გარკვეულწილად დამატებით სამუშაოს გაწევას, თავისუფალი საათების გაქრობას ან შემცირებას და დამატებით სტრესს უკავშირდებოდა. 

  • უკვე დისტანციური სწავლება რომ შემოდის ჩვენ ყოველდღიურობა, აი, ეგ იყო ძაან არეული რა, სამუშაო საათები და პლუს კიდე დაგეგმვის პროცესი გადადიოდა ხოლმე 9-დან 5-ის მერე, რაც ძაან მაღიზიანებდა და შაბათ-კვირაც ყოფილა ისეთი, ცხრილებს რომ ვაკეთებდით დისტანციურისთვის, შაბათ-კვირა კი არა, ღამის 4 საათამდე და 5 საათამდე გვიკეთებია [..]. ჩემი 1-2 კლასის მიზანი იყო, რომ სკოლის მიმართ პოზიტიური განწყობა ქონოდათ და ძაან მეშინოდა, ყველაზე მეტად ეგ მსტრესავდა, რომ რამე ისე არ ყოფილიყო რეგულაციებიდან გამომდინარე, რო სკოლის მიმართ ეგ მუხტი აღარ ქონოდათ და აი “ვაიმე, სკოლაში რო აღარ უხაროდეთ მოსვლა” –  ეგ ფიქრები ძაან ხშირად მქონია.  – (სკოლის მასწავლებელი, 26 წლის)

პანდემიის გამო სამუშაო და თავისუფალი დროის ცვლილებასთან დაკავშირებით ასევე საინტერესოა ზრუნვის საჭიროებისა და მოთხოვნის გაზრდის გავლენაც, რაც რამდენიმე რესპონდენტის შემთხვევაში გამოიხატა იმით, რომ მათ პრაქტიკულად საცხოვრებლად მოუწიათ იმ ადამიანებთან გადასვლა, ვისთვისაც იყვნენ ზრუნვის მიმწოდებლები. 

  • სადაც ტარდება თერაპია პატარა ბავშვებთან ნუ ეს ონლაინ არ გამოდის [..] კარანტინის დროს  დედამისმა გადმომიყვანა მე სახლში, კვირაში ერთხელ მოვდიოდი [ჩემს] სახლში (ძიძა /თერაპევტი, 50 წლის)

პანდემიამ ასევე გაზარდა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული შფოთვისა და სტრესის ფაქტორები, რამდენადაც ზრუნვის შრომაში დასაქმებულ ადამიანებს კიდევ უფრო მეტად უწევთ საკუთარი ჯანმრთელობის კონტროლი, რათა საფრთხე არ შეუქმნან მათი ზრუნვის ობიექტებს. აღნიშნული განსაკუთრებით შეეხოთ მათ, ვინც ბავშვებთან მუშაობდა: რეპეტიტორებს, მასწავლებლებსა და ძიძებს. 

  • ანსაკუთრებით სკოლაში მუშაობის პერიოდში ყველაზე მეტად რაც არი საჭირო, არის ის, რომ ჯანმრთელობას მიხედო იმიტომ, რომ ყველანაირი ვირუსული აფეთქების, აბსოლუტურად ყველაფერი მოსიარულე რაც კი არის, ყველაფრის ბუდეში ხარ. – (სკოლის მასწავლებელი, 26 წლის)

დასკვნა

მიუხედავად იმისა, რომ წინამდებარე კვლევას გააჩნდა კონკრეტული ფოკუსი, რომელიც მიმართული იყო ანაზღაურებადი ზრუნვის შრომაში ჩაბმული ქალების საქმიანობაში ემოციური შრომის როლისა და მისი შედეგების იდენტიფიცირებაზე, ამ საკითხის კვლევისას გვერდს ვერ ავუვლით მის სოციალურ-ეკონომიკურ განზომილებებს და პრობლემებს, რომლებიც ამ კუთხით არსებობს.

კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ როგორც ფორმალურად, ისე არაფორმალურად დასაქმებული ქალების ანაზღაურება მათ მიერ გაწეულ შრომასთან შეუსაბამოდ დაბალია, რაც ვერ ფარავს ზრუნვის შრომაში დასაქმებულების აუცილებელ საჭიროებებს.

ასევე გამოიკვეთა ის, რომ ამ სფეროში საქმდებიან არა უშუალოდ ამ მიმართულებით სპეციალიზებული მუშაკები, არამედ ქალები, რომელთაც სხვა მიმართულებით აქვთ განათლება მიღებული. კვლევის ფარგლებში გამოკითხულ ქალთა უმრავლესობას გააჩნია განათლების უმაღლესი ხარისხი, მათ ნაწილს კი წარსულში დაგროვილი აქვს საკმაოდ ხანგრძლივი პროფესიული გამოცდილებაც, თუმცა ვერცერთი აღნიშნული ფაქტორი ვერ ახდენს დადებით ზეგავლენას ანაზღაურებაზე, რომელიც ამჟამად გააჩნიათ. 

მათი შრომითი უფლებები ირღვევა ფორმალური დასაქმების შემთხვევაშიც, როდესაც შრომითი ხელშეკრულება მკაცრად უნდა არეგულირებდეს შრომის პირობებსა და სამუშაო საათებს. ზრუნვის მუშაკ ქალებს მუდმივად უწევთ ზეგანაკვეთური შრომის გაწევა, ზოგჯერ დამატებით ანაზღაურების, ზოგჯერ კი სამსახურის შენარჩუნების ან უბრალოდ ზრუნვის ობიექტის კეთილდღეობის მიზნით.

პანდემიამ კიდევ უფრო გაამძაფრა და დაამძიმა ანაზღაურებადი ზრუნვის სექტორში დასაქმებული ქალების შრომითი გარემოებები, მათ შორის ფორმალურად დასაქმებული ქალებისაც, რომელთა ნაწილი ანაზღაურების გარეშე დარჩა. ეს გარემოება კი ცხადყოფს, რომ სახელმწიფოს უპასუხისმგებლობა იმ ადამიანების მიმართ, ვინც ჩართულია ზრუნვის შრომაში, განსაკუთრებით მკაფიო ხდება ისეთ კრიტიკულ სიტუაციებში, როგორიც პანდემიაა და რომლის დროსაც ექთნები, მომვლელები, მასწავლებლები და სხვა მსგავს სფეროში დასაქმებული ქალები რჩებიან ანაზღაურების გარეშე ან მინიმალური, უცვლელი ანაზღაურების ამარა. 

არსებული ტენდენციები, რომლებიც ქალების მიერ გაწეულ ზრუნვის შრომას უფრო მეტად მორალურ ვალდებულებად, ალტრუისტულ ქმედებად ან/და თავისთავად მოცემულობად განიხილავს, (Folbre, WHO CARES? A Feminist Critique of the Care Economy, 2014) აისახება უშუალოდ ამ სექტორში დასაქმებულ ქალებზეც. ზრუნვის მიმღების კეთილდღეობა მათთვის ხშირ შემთხვევაში მთავარი ამოცანაა, რომლის სრულფასოვნად შესასრულებლადაც უკან სწევენ საკუთარ ემოციურ მდგომარეობას, ყოველდღიურ პრობლემებს, სოციალურ, ეკონომიკურ და სხვა ტიპის საჭიროებებს. 

რესპონდენტების დიდი ნაწილისთვის მათი სამუშაო სტრესულია უფრო მეტად ფიზიკური გადაღლის, ზეგანაკვეთური შრომის გამო, ისინი თავადვე არიდებენ თავს იმის იდენტიფიცირებას, თუ რა როლს ასრულებს მათთვის ზრუნვის მიმღების კეთილდღეობა, ის ემოციური შრომა, რომელსაც სამუშაო საათებში თუ მის მიღმა გასცემენ და ნაკლებად აქვთ თვითმონიტორინგის უნარი განვითარებული, რაც მათ სამუშაო გარემოში წარმოებული ემოციების და მათი პირადი ემოციების ურთიერთგამიჯვნაში, დისტანცირებაში უნდა ეხმარებოდეს და იცავდეს ისეთი შედეგებისაგან, როგორიცაა გადაწვა, დეპრესია და სხვა. 

მიუხედავად იმისა, რომ კვლევის მიზანს არ წარმოადგენს მიღებული შედეგებისათვის შეფასებითი ღირებულების მინიჭება, ემპირიულმა მონაცემებმა, რომლებიც 18 რესპონდენტთან ინტერვიუების შედეგად შეგროვდა, ნათელი გახადა, რომ ამ ქალებზე არა მხოლოდ გარედან ზემოქმედებს ის ნორმები და გენდერული როლები, რომლებიც მათ ავტომატურ მოვალეობად ზრუნვის გაცემას არეგისტრირებს, არამედ თავადაც უჭირთ საკუთარი თავისა და საჭიროებების ზრუნვის ობიექტის საჭიროებებზე მაღლა დაყენება. 

მათი საქმიანობა შემოსავლის წყაროს გარდა  იმის განცდაა, რომ რაღაც სასარგებლოს და ფასეულს აკეთებენ. თუმცა აღნიშნული ხშირ შემთხვევაში აფერხებთ, რომ საკუთარი უფლებებისა და საჭიროებების დაკმაყოფილებისათვის იბრძოლონ მაშინაც კი, როდესაც კარგად აცნობიერებენ შეუსაბამობას მათ მიერ გაწეულ შრომასა და სანაცვლოდ მიღებულ ანაზღაურებას შორის.

გამოყენებული ლიტერატურა

(ILO), I. L. (2018). Care work and care jobs: for the future of decent work. 

Andreas Chatzidakis, Jamie Hakim, Jo. (2020). The Care Manifesto. London: Verso.

England, P. (2005). EMERGING THEORIES OF CARE WORK. Annual Review of Sociology.

Folbre, N. (2014). WHO CARES? A Feminist Critique of the Care Economy. New York: Rosa Luxemburg Stiftung.

Folbre, N. (2018). DEVELOPING CARE: RECENT RESEARCH ON THE CARE ECONOMY AND ECONOMIC DEVELOPMENT. Ottawa: International Development Research Centre .

ILO. (2021, 08 23). ზრუნვის მუშაკები და დასაქმება. Retrieved from womensgaze.org.ge: http://womensgaze.org.ge/zrunvis-mushakebi/?fbclid=IwAR3movyM9OOMEjtMbJoFmij975Cc7GfVcxoIjGNF5XQ-qiNj7JnyLPWTL1I

S.Wharton, A. (1999). The Psychosocial Consequences of Emotional Labour. 158-176.

Weeks, K. (2007). Life Within and Against Work: Affective Labor, Feminist Critique, and Post-Fordist Politics. Ephemera, 233-249.

ზურაბიშვილი, თ. (2006). თვისებრივი მეთოდები სოციალურ კვლევაში. თბილისი: CSS.

ორგანიზაცია, გ. ქ. (2018). ქალთა დაბალი ეკონომიკური აქტიურობა და არაფორმალურ სექტორში ჩართულობა. თბილისი: UN Women.

წულაძე, ლ. (2020). სოციოლოგიური კვლევის თვისებრივი მეთოდები. თბილისი: ივანე ჯავახიשვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა.

ჰარდტი, მ. (2020). აფექტური შრომა. In EMC, სოციალური კვლავწარმოება, ქალთა შრომა და შინშრომა (pp. 170-186). თბილისი: EMC.

ავტორები:

მარიამ ვარამაშვილი 

ლიკა გულბანი