მინიმალური ხელფასის დაწესება სამართლებრივი გზით, ან დარგობრივი ხელშეკრულების ძალით (დარგობრივი მინიმალური ხელფასი, როგორც წესი, უნივერსალურზე უფრო მაღალია), წარმოადგენს შრომის ბაზრის რეგულირების ერთ-ერთ მეთოდს. ის ხშირად გამოიყენება რეგულირების სხვა მექანიზმებთან ერთად. შრომის ბაზრის რეგულირება კი თავისთავად მემარცხენე სოციალ-დემოკრატიული დღის წესრიგის პრიორიტეტულ საკითხებს მიეკუთვნება.

ქალთა უფლებები, თავის მხრივ, ბოლო ათწლეულებში უფრო ლიბერალური დღის წესრიგის ნაწილი გახდა. მათი საწყისები წინა საუკუნის ბოლოს წარმოქმნილ ახალ სოციალურ მოძრაობაშია, რომელიც პირველ რიგში ამერიკას უკავშირდება და ნეოლიბერალიზმისა და პოსტმატერიალიზმის ემანსიპაციურ სულისკვეთებას მოიცავს. ამერიკული გაგებით, ეს ახალი ფემინიზმიც „მემარცხენეა“, მაგრამ ამ ტერმინის სპეციფიური, ამერიკული მნიშვნელობით, რომელიც ევროპულისგან განსხვავდება.

ამდენად, მსჯელობა მინიმალურ ხელფასზე ქალური, ფემინისტური თვალსაწიერიდან, წარმოადგენს პრობლემას და გამოწვევას. ერთის მხრივ, ყველას გვახსოვს, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო მსოფლიოში, სადაც ქალებმა საარჩევნო უფლება მოიპოვეს. ანუ ეს ორი თემა თავსებადი უნდა იყოს (და ისტორიულად იყო კიდეც – მაგალითად, აშშ-ში ყოფილა პრეცედენტები მინიმალური ხელფასის მხოლოდ  ქალებისთვის დაწესებისა). მაგრამ ეს იყო მაშინ, მეოცე საუკუნის დასაწყისში, ხოლო ახლა ამ ორი დღის წესრიგის შეთავსება აწყდება ღირებულებრივ დაპირისპირებას: კონფლიქტს საზოგადოებრივ ინტერესსა და ინდივიდუალურ თავისუფლებას შორის. ინტერესებიდან უფლებებისკენ – ეს იყო ნეოლიბერალური შემობრუნების მთავარი ღერძი, რომელმაც მეოცე საუკუნის ბოლოს შეასუსტა კოლექტიური ბრძოლა მშრომელთა საერთო ინტერესებისთვის და ის ადამიანის უფლებების დაცვით ჩაანაცვლა.

დღესდღეობით ბაზრის რეგულირების (მინიმალური ხელფასის, მათ შორის) და ქალთა უფლებების ერთ პრობლემად გაერთიანებას ხელს უშლის არა მხოლოდ მატერიალისტური და პოსტმატერიალისტური ღირებულებების არათანხვედრა. პოსტსაბჭოთა სივრცეში ამას ემატება ტიპიური სინდრომი: წარმოდგენა იმაზე, რომ წარსულში და აწმყოში ყველაფერი ცუდათაა, მაგრამ მომავალში აუცილებლად გამოსწორდება და დადგება ნათელი მომავალი (კომუნიზმი, დემოკრატია, ევროინტეგრაცია თუ ნებისმიერი სხვა  აღმნიშვნელი, რომელიც მკითხველს გაუხარდება). 

ის რომ ამ წარმოდგენებს პოსტსაბჭოთა სინდომი ვუწოდე, სულაც არ ნიშნავს, რომ ის ხანშესულთა ასაკობრივ ჯგუფს უნდა მიეწეროს. პირიქით, ეს პირველ რიგში ახალგაზრდების თვისებაა. ახალგაზრდებს ახასიათებთ ხოლმე რწმენა, რომ ისინი უფრო პროგრესულები არიან, ვიდრე მათი მშობლები. მომავალი, ამდენად, უფრო ნათელი იქნება, წარსულის სიმახინჯეები და ცრურწმენები დაიძლევა, სამართლიანობა და პროგრესი მიღწევადია, თუკი ამ ახალ თაობას შესაძლებლობა მიეცემა უფროსების შეცდომები გამოასწორონ. მაგალითად, ჩემი სტუდენტები (გოგოები) ქალთა უფლებებს და მათი თანასწორობის პრობლემას ხშირად ძალიან მნიშვნელოვნად მიიჩნევენ და რეალობას სწორედ ამ თვალსაწიერიდან იაზრებენ პირველ რიგში. მათ სჯერათ, რომ თუმცა კი ახლა ქალს ხშირად „კუხნაში“ აქვს მიჩენილი ადგილი, ქვეყანაში დემოკრატიის დამკვიდრებასთან ერთად ეს დისკრიმინაცია დაიძლევა. წარსული იყო ბნელი მაგრამ არსებობს ნათელი პერსპექტივა, რომლისთვისაც ღირს ბრძოლა.

არადა თანასწორობის დინამიკა სულაც არ ყოფილა ასეთი სწორხაზოვანი. მატერიალისტური ღირებულებების კონტექსტში საბჭოთა კავშირმა ქალების სრული ემანსიპაცია მოახდინა, ხოლო ბოლო ოცდაათმა წელმა ამ მხრივ მეტი რეგრესი მოიტანა, ვიდრე პროგრესი. დღეს ბევრად ხშირად ვაწყდებით ისეთ ვითარებებს, როდესაც ხდება ბავშვების გენდერული სეგრეგაცია, სკოლაში გოგოების და ბიჭების განსხვავებული პროფესიული ორიენტაცია, ყოველდღიური სოციალური პრაქტიკების ძალისმიერი კომპონენტების გაძლიერება – ყველაფერი მეტყველებს გენდერული ფაქტორის სოციალური როლის ზრდაზე, ვიდრე მის შესუსტებაზე.

 ნორმატიულად, გენდერული თანასწორობის იდეებისა და ღირებულებების დაწყვილება დემოკრატიზაციის პროცესთან გასაგებია.  ემპირიულად კი პარადოქსულად გამოიყურება, ვინაიდან მრავალი მოდერნისტული მახასიათებლით საბჭოთა ეპოქა თანასწორობის მაღალი სტანდარტებით ხასიათდებოდა ამერიკასთან შედარებით. ხოლო დემოკრატიულ ამერიკას დღესაც ბევრი აქვს ამ მხრივ საბრძოლი. ასე მაგალითად, მართალია, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ სულ უფრო მეტი ქალი გამოდიოდა შრომის ბაზარზე და „კუხნას“ ტოვებდნენ, მაგრამ ამერიკის ახლადარჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ცოლი, ჯილ ბაიდენი, იქნება პირველი „პირველი  ლედი“ ისტორიაში, ვინც თეთრ სახლში ყოფნისას არ მიატოვებს თავის პროფესიას, გააგრძელებს საკუთარ კარიერას და იმუშავებს სრული დატვირთვით როგორც პედაგოგი. ამერიკულ პოლიტიკაში დღემდე ბევრად ნაკლები ქალია წარმოდგენილი, ვიდრე ამერიკის ეკონომიკურ და სოციალურ ცხოვრებაში. ქალები მუშაობენ ნაკლებს და გამოიმუშავებენ ნაკლებს, ვიდრე მამაკაცები, და ა.შ.  

აქ იმის თქმა კი არ მინდა, რომ დემოკრატია არ ვარგა, არამედ ის, რომ ის თავისთავად ვერ ერევა კაპიტალიზმის მიერ შექმნილ უთანასწორობებს. ხოლო ვინაიდან კაპიტალიზმი, თუნდაც თავისი ველური ფორმით, დემოკრატიზაციის სლოგანის ქვეშ, იმავე დინამიკის ნაწილი იყო, რომელზედაც ჩვენ ვლაპარაკობთ, გასაკვირი არ არის რომ დრო დადგა როდესაც მდგომარეობა გაუარესდა გაუმჯობესების ნაცვლად. და აქ დგება დრო გადავიდეთ ეკონომიკაზე და დავუბრუნდეთ მსჯელობას შრომის ბაზრის რეგულირების შესახებ, რომლის იდეოლოგიური აღქმა არანაკლებ პარადოქსულია.  

შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობის დადგენა, როგორც შრომის ბაზრის რეგულირების ერთ-ერთი მექანიზმი, წარმოადგენს როგორც პოლიტიკურ პრობლემას, ასევე აკადემიური კვლევების საგანს. 

მკვლევარები, თავის მხრივ, შეიძლება დავყოთ ორ კატეგორიად – ნეოკლასიკოები და ინსტიტუციონალისტები.  ნეოკლასიკოსები ცალსახად ამტკიცებენ რომ რეგულირების გავლენა ეკონომიკაზე ცუდია, ხოლო მათი ოპონენტები – პირიქით. არგუმენტები არსებობს ორივე მხრიდან, თუმცა კი ხშირად განსხვავებულ ფაქტორებზე და ეფექტებზე დაყრდნობით. ფაქტორებისა და ეფექტების ჩამონათვალი ძალიან ვრცელია. ზრდის თუ არა შრომის ბაზრის რეგულირება უმუშევრობას? აზარალებს თუ არა ეკონომიკის ეფექტურობას (თუ პირიქით, ამ ეფექტურობას ამყარებს)? შველის თუ არა სიღარიბის დაძლევას? რა არის დერეგულირებული შრომის ბაზრის სოციალური საფასური (ნაკლებად აინტერესებთ ნეოკლასიკოსებს)? საკითხის კვლევის ისტორია საუკუნეზე მეტს მოიცავს და ეკონომიკის მთელ დარგს აყალიბებს, თავისი თეორიებითა და მდიდარი ემპირიული მასალით. თუმცა სწორედ ეს ხანგრძლივი და მდიდარი ნარატივი წარმოადგენს შემდეგი დასკვნის ინდიკატორს: ერთი სწორი პასუხი ამ პრობლემაზე მეცნიერებას არა აქვს. იმ შემთხვევებში, როდესაც თეორია ამტკიცებს რომ იცის, ის ეყრდნობა რეალობის ძალიან ვიწრო და ხელოვნურ ინტერპრეტაციას, რომელიც ხშირად შორსაა ნამდვილი ვითარებისგან; გარდა ამისა, რეგულირების პოზიტიური თუ ნეგატიური შეფასება დამოკიდებულია იმაზე, თუ რა არის პრიორიტეტში – რომელი შედეგი არის ყველაზე არსებითი. ყველაზე ზოგადი თვალსაწიერიდან, სქემატურად იკვეთება ორი საპირისპირო მიდგომა: ნეოკლასიკოსების ფავორიტია არგუმენტი რომ დერეგულირება ამტკიცებს შრომის ბაზრების ეკონომიკურ ეფექტურობას, ხოლო რეგულირების ინსტიტუციონალისტი მომხრეები ამტკიცებენ, რომ დერეგულირებული შრომის ბაზრები დამღუპველია საზოგადოების კეთილდღეობისთვის და რომ გარკვეული რეგულირება და შრომის დაცვა შედის საზოგადოების ინტერესებში. 

იმ ბევრი არგუმენტიდან, რომელიც მინიმალური ხელფასის სასარგებლოდ არსებობს, გამოვყოფდი მხოლოდ ერთს, რომელიც ყველაზე არსებითი და უნივერსალური მგონია. ეს არის შრომის ბაზრის მხარეების უთანასწორობა. საფასური, რომელსაც იხდის დასაქმებული ამ ბაზარზე კონკურენციის წაგებისას თვისობრივად განსხვავდება იმ საფასურისგან, რომელსაც იხდის ფირმა (დამსაქმებელი). ეკონომიკურ ბაზარზე წაგება ფირმისთვის შეიძლება დამთავრდეს მისი გაკოტრებით. შრომის ბაზარზე წაგება ინდივიდისთვის სრულიად დერეგულირებულ სოციალურ ვითარებაში შესაძლოა სიკვდილის ტოლფასი იყოს. დამეთანხმებით, რომ ამ ორი შესაძლო შედეგის გათანაბრება (ფირმის გაკოტრება და ადამიანის დაღუპვა) შესაძლებელია მხოლოდ მეცნიერების სრული დეჰუმანიზაციის პირობებში (რაც ხშირად თანამედროვე თეორიულ ნეოკლასიკურ ეკონომიკას ახასიათებს).

სიღარიბისა და მაღლი უმუშევრობის კონტექსტში, რაც საქართველოს ახასითებს, პრობლემის ჰუმანური განზომილება განსაკუთრებით თვალნათლივია. ღარიბ ქვეყნებში ადამიანებს აქვთ დაბალი ხელფასები განურჩევლად მათი კვალიფიკაციისა და პროფესიისა. ერთსა და იმავე სამუშაოში ღარიბი ქვეყნის მოქალაქე ღებულობს ბვრად ნაკლებს, ვიდრე მდიდრის. ამას ემატება უმუშევრობა; სამუშაო ადგილები არასაკმარისია და სამსახურის დაკარგვის რისკი მაღალ საფასურს უკავშირდება. შესაბამისად, ანაზრაურება, რომელიც ერგება ყველაზე დაბალანაზრაურებადებს, შესაძლოა ნაკლებიც კი იყოს ვიდრე საცხოვრებელი მინიმუმია. ადამიანებს, განსაკუთრებით კი ბავშვიან ქალებს, უბრალოდ არა აქვთ შესაძლებლობა უარი თქვან მასზე. მხოლოდ სოფლებში, სადაც შესაძლებელია მინიმალური საკვების მოპოვება შრომით ურთიერთობებში ჩართვის გარეშე, ადამიანი ნაწილობრივ თავისუფალია იმისგან რომ თავისი შრომა ბაზარზე ნებისმიერ ფასად გაყიდოს, მას აქვს მინიმუმი, რომელსაც ბაზრის ორმაგი (ორდონიანი) ბუნების წყალობით იცავს. სოფლისგან განსხვავებით, ქალაქში ასეთი მინიმუმი არ არსებობს. ოჯახის, შვილების გამოკვება ყოველდღიური საზრუნავია (განსაკუთრებით ქალისთვის), რომელიც ყველანაირ კომპრომისს მოითხოვს. დაღმავალ სპირალს, რომელიც შრომის სულ უფრო გაიაფებას იწვევს მანამ, სანამ გლობალურ შრომის ბაზარზე ის კონკურენტული არ გახდება, წინ არაფერი არ უდგას. ზედმეტია ლაპარაკი იმაზე, რომ ეკონომიკა, ამ დეჰუმანიზაციის შედეგად, სტრუქტურულად „განვითარებადი“ ხდება, და კარგავს განვითარებული ინდუსტრიული მდგომარეობის მიღწევის პერსპექტივას.

რადგანაც რეგულირება-დერეგულირების პრობლემას არა აქვს ერთი ცალსახა თეორიული პასუხი, დემოკრატიის პირობებში მისი გადაჭრის სწორ გზას წარმოადგენს ამ პრობლემის პოლიტიზირება, მისი გადატანა პოლიტიკურ ველში. პოლიტიკური პროცესით მიიღწევა მოცემული კონტექსტისთვის საზოგადოებრივად მისაღები ბალანსი რეგულირების ოდენობასა და დერეგულირებას შორის. სოციო-ეკონომიკური კონტექსტი, წარმომადგენლობითობისა და საარჩევნო კონკურენციის პირობებში, გავლენას ახდენს ინდივიდუალურ პოლიტიკურ პრეფერენციებზე და საზოგადოებას თავის განაჩენი გამოაქვს კენჭისყრის გზით. ასე ფუნქციონირებდა ტიპიური წარმომადგენლობითი დემოკრატია წარსულში (ნეოლიბერალიზმამდე). როგორც მემარცხენე- მემარჯვენე პოლიტიკური წყალგამყოფის ნაწილი, ეს საკითხი მნიშვნელოვან როლს თამაშობდა დასავლურ პოლიტიკაში, თანამედროვე ევროპის ფორმირებაში, მისი სოციალურად პასუხისმგებლური სახელმწიფოს ჩამოყალიბებაში. სად დაიკარგა ეს განზომილება ჩვენთან და გვექნება თუ არა ოდესმე?

მართლაც,  ძირითადი კითხვა რომელიც უჩნდება ყველა საქმეში ჩახედულ ადამიანს არის შემდეგი: რატომ არ ხდება ამ თემის პოლიტიზირება? რატომ არ გამოდის მემარჯვენე- მემარცხენე განზომილება პოლიტიკის წინა პლანზე? რატომ არის რომ პარტია, რომელიც მინიმალური ხელფასის საჭიროებაზე ლაპარაკობს, არჩევნებში ერთ პროცენტს ვერ აგროვებს? რატომ არის რომ მოსახლეობა, რომელიც მწვავე ყოფით პრობლემებს მასობრივად განიცდის, ასევე მასიურად მემარჯვენე პოლიტიკურ პროგრამებს აძლევს ხმას? რატომ აჩვენებს სოციოლოგიური კვლევები რომ სხვადასხვა პარტიების მხარდამჭერები ერთმანეთისგან დემოგრაფიულად არაფრით არ განსხვავდება – არც შემოსავლით, არც ასაკით, არც სხვა მახასიათებლებით? რატომ არის რომ ყველა გაუმჯობესება, რომელიც ჩვენს კანონმდებლობაში შედის შრომითი ურთიერთობების დასარეგულირებლად ან გენდერული დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად, ხელისუფლებაზე უცხოელი პარტნიორების, და არა საზოგადოების ზეწოლის შედეგია? 

მიუხედავად იმისა, რომ აქაც მრავალი თეორიული და ემპირიული ანალიზი არსებობს, სამწუხაროდ, ისევე როგორც ეკონომიკის შემთხვევაში, პოლიტიკური მიდგომებიც იყოფა, როგორც მინიმუმ, ორ მიმდინარეობად. ერთი ხედვის შესაბამისად, უნდა გავაგრძელოთ მოძრაობა იმავე ნეოლიბერალური მიმართულებით, განვამტკიცოთ დემოკრატიის ინსტიტუტები და გავზარდოთ ეკონომიკის ეფექტურობა, რაც საბოლოო ჯამშო წარმომადგენლობის ხარისხს გააუმჯობესებს და მოგვცემს შესაძლებლობას პოლიტიკური დისკურსი უფრო ჰორიზონტალურ, რეგულირება-დერეგულირების (სახელმწიფო-ბაზრის) ჭრილში გადავიყვანოთ. ამის საპირისპიროდ, მეორე ხედვის თანახმად, ნეოლიბერალურ დემოკრატიზაციას (და, ზოგადად, ნეოლიბერალიზმს) შედეგად მოაქვს არა წარმომადგენლობითი მმართველობა, არამედ პოპულიზმი (უფრო რბილი ფორმებით, დასავლურ დემოკრატიებთან მიმართებაში, გამოიყენება ტერმინები პოსტ-დემოკრატია, კონტრდემოკრატია და სხვა) და ვერტიკალური დაპირისპირება საზოგადოებასა და სახელმწიფოს შორის,  უნდობლობა, პროტესტი და პოლიტიკის მასიფიკაცია ყოველგვარი იდეოლოგიური და სოციალური ჰორიზონტალური დაყოფების მიღმა. 

თუმცა, ეკონომიკასთან შედარებით, არის ერთი სხვაობა: ამ ორიდან რომელიც არ უნდა აღმოჩნდეს სწორი, არც ერთი არ მუშაობს იმ  ღირებულებების სასარგებლოდ, რომლებზედაც აქ იყო საუბარი. ამდენად, ნორმატიული თვალსაწიერიდან, ორივე არადამაკმაყოფილებელ სცენარს გვთავაზობს. 

ჩვენ შევეხეთ ბევრ თემას, მიმოვიხილეთ ეკონომიკა და პოლიტიკა და ძალიან შორს წავედით მინიმალური ხელფასის ავკარგიანობის განხილვისგან, რომლითაც დავიწყეთ. ჩნდება კითხვა – მაშ რისთვის იყო ეს ყველაფერი? რა დასკვნა იქნება აქედან სწორი – ვეცადოთ რომ ოდნავ და ნელნელა შევუმსუბუქოთ მშრომელ ადამიანს ცხოვრების სიდუხჭირე მინიმალური ხელფასის დაწესებით, გენდერული თანასწორობისთვის ბრძოლით თუ სხვა გზებით იმ ოდენობით, რა ოდენობითაც ამას უშვებს სისტემა, თუ ჯობია ვიბრძოლოთ იმისთვის რომ შევცვალოთ განვითარების მიმართულება და ტრაექტორია, ამოვაგდოთ სისტემა იმ ლოგიკიდან, რომელიც ამ ორი სცენარით არის აღწერილი.

არა მგონია რომ ეს დილემა ახალი იყოს რომელიმე მკითხველისთვის მაგრამ შესაძლებელია დღეს ვითარება უფრო სხვა კუთხით ჩანდეს ვიდრე უწინ იმ მოვლენების ფონზე რაც მსოფლიოში მიმდინარეობს: სიახლეები მოდის, მიმართულების ცვლილება უკვე მწიფდება, და ჩემი პრგნოზით რაღაც მომენტში მოხდება კიდეც, სრულიად მოულოდნელად და სწრაფად. რომელიღაც „პატარა“ საქმე რაღაც მომენტში შეიძლება სწორედ იმ ბოლო ბიძგის მიმცემი აღმოჩნდეს რომელიც დიდ ძვრებს გამოიწვევს.

ავტორი: მარინა მუსხელიშვილი

პროექტის მხარდამჭერი: ფრიდრიხ ებერტის ფონდი