არის თუ არა მასტურბაცია ნორმალური?
V თავი
მასტურბაცია ბუნებრივი და ჯანსაღი ქცევაა ადამიანებში. ხალხის უმრავლესობა ამაზე არ ლაპარაკობს, თუმცა ამით თითქმის ყველა კავდება.
5.1 ვინ მასტურბირებს?
არსებობს ძველი ხუმრობა მასტურბაციის შესახებ:
,,ადამიანების 80% მასტურბირებს, დანარჩენი 20% კი ტყუის”. რა თქმა უნდა, ეს არ არის რეალური სტატისტიკა (ზოგიერთი ადამიანი მართლაც არასდროს არ მასტურბირებს), თუმცა ის მართალია, რომ თითქმის ყველა ადამიანმა იცის, რომ მასტურბაცია გავრცელებული და ნორმალურია – თუნდაც არ აღიარებდნენ, რომ თავადაც მასტურბირებენ. ზოგიერთი ადამიანს რცხვენია აღიარება, რადგანაც არსებობს უამრავი მითი, რომ მასტურბაცია ბინძური და სამარცხვინოა. შეიძლება გეგონოს, რომ არავინ აკეთებს ამას, რადგანაც მასტურბირება პირადულია და ადამიანებს არ უყვართ მასზე ლაპარაკი.
სიმართლე ისაა, რომ ქალებიც და კაცებიც მასტურბირებენ. ტრანსი და გენდერქვიარი ადამიანები მასტურბირებენ. ჰეტეროსექსუალი, ჰომოსექსუალი და ბისექსუალი ადამიანები მასტურბირებენ. ყველა ასაკის ხალხი მასტურბირებს. ზოგიერთი მათგანი დღეში რამდენჯერმე, ზოგიერთი – იშვიათად. ზოგი კი საერთოდ არასდროს – ესეც ნორმალურია. მასტურბირება პირადი გადაწყვეტილებაა.
ბევრი ფიქრობს, რომ მასტურბაცია მხოლოდ მარტოხელა ადამიანებისთვის ან მათთვისაა, ვისაც სექსი არ აქვს, თუმცა ეს სინამდვილეს არ შეესაბამება. მრავალი ადამიანი მასტურბირებს სხვადასხვა მიზეზის გამო, მიუხედავად მისი ურთიერთობის სტატუსისა. სავსებით ნორმალურია, თუ თქვენი შეყვარებული მასტურბირებს – ეს არ ნიშნავს იმას, რომ თქვენ საკმარისად კარგი არ ხართ.
5.2 შესაძლებელია თუ არა ზედმეტი მასტურბაცია?
ბევრი ადამიანი ზედმეტად დარდობს მასტურბაციაზე, მაგრამ ხშირი მასტურბაცია სავსებით ნორმალურია – თუნდაც დღეში ერთ ჯერზე მეტად. მასტურბაცია პრობლემაა მხოლოდ მაშინ, თუ ის ხელს გვიშლის ყოველდღიურ ცხოვრებაში, სკოლაში სიარულში, მუშაობაში, მეგობრებთან და ოჯახთან ურთიერთობაში და ა.შ. თუმცა, ზოგადად, რეგულარული მასტურბაცია სანერვიულო არაა.
5.3 რა უნდა ქნა, თუ ვინმე მასტურბაციისას შემოგისწრებს?
მასტურბაცია პირადულია და, შესაძლოა, სხვა ადამიანის შემოსწრებამ სირცხვილის გრძნობა გაგიჩინოთ. თუმცა, რადგანაც მასტურბირება ბუნებრივი აქტია, დიდი შანსია, რომ ისინიც მასტურბირებენ ხოლმე. ამიტომაც, დიდი ალბათობით მათ ეცოდინებათ რას გრძნობთ და თქვენს სირცხვილს გაგებით მოეკიდებიან.
თუ ვინმე შემოგისწრებთ, შეგიძლიათ გაიხუმროთ ან გაიცინოთ, რომ ეს ინციდენტი გაანეიტრალოთ. ასევე ეს კარგი დროა, რომ გაესაუბროთ თქვენს პირად სივრცეზე. ყველა იმსახურებს რომ თავს კომფორტულად გრძნობდეს საკუთარი სხეულის გამოკვლევისას პირად სივრცეში.
5.4 არის თუ არა მასტურბაცია კარგი?
მასტურბაცია ნორმალური და ძალიან ჯანსაღი გზაა თქვენი სხეულის გამოსაკვლევად. მეტიც, ის ყველაზე უსაფრთხო ფორმაა სექსუალური სიამოვნების მისაღებად – ამ დროს არ არის დაორსულების ან სექსუალურად გადამდები დაავადების რისკი.
5.5 არის თუ არა მასტურბაცია ჯანსაღი?
მასტურბაცია ბუნებრივი და ნორმალურია, თუმცა არსებობს უამრავი მითი მის შესახებ, რომელიც თქვენი დაფრთხობისკენ ან მასტურბაციის მავნებლობის დასაჯერებლადაა მიმართული. სინამდვილეში, მასტურბაცია უსაფრთხოა; ის არ დაგაბრმავებთ, გაგაგიჟებთ, ან დაგაჩლუნგებთ. ის არ ვნებს თქვენს გენიტალიებს, არ იწვევს მუწუკების წარმოშობას, ან აფერხებს თქვენს ზრდას. ის არ უშლის ხელს სხვა სახის სექსისგან სიამოვნების მიღებას. მეტიც, მასტურბაცია, შესაძლოა, კარგიც კი იყოს თქვენთვის.
მასტურბაციის სასარგებლო თვისებებია:
- მასტურბაცია უფრო უსაფრთხოა, ვიდრე რომელიმე სხვა ტიპის სექსი
- მასტურბაციას შეუძლია გასწავლოთ რა მოგწონთ, ან არ მოგწონთ სექსუალურად და თუ თქვენ გადაწყვეტთ პარტნიორთან სექსს, გეცოდინებათ რა უნდა გააკეთოთ, ან არ გააკეთოთ. ბონუსი: თქვენს პარტნიორთან კომფორტულად ლაპარაკი სექსზე და თქვენს სხეულზე ამარტივებს სექსუალურად გადამდები დაავადებებისგან თავდაცვასა და ორსულობაზე ლაპარაკსაც
- საკუთარი სხეულის გამოკვლევამ და ცოდნამ, თუ როგორ ასიამოვნო საკუთარი თავი, შესაძლოა გაგიძლიეროთ თვითშეფასება და საკუთარი თავის აღქმა
- მასტურბაციას შეუძლია სტრესის მოხსნა და თქვენი დამშვიდება. ზოგიერთ ადამიანს ის ძილშიც ეხმარება
- ორგაზმის ქონისას გამოიყოფა ენდორფინები- ბედნიერების ჰორმონები თქვენს ტვინში. ორგაზმი ბუნებრივი ტკივილგამაყუჩებელია და მენსტრუაციის დროს ხსნის სპაზმებსაც.
- საერთო მასტურბაცია (მასტურბაცია პარტნიორთან ერთად) სექსის ქონის უსაფრთხო გზაა და ამ დროს შეგიძლიათ გააგებინოთ პარტნიორს რა გსიამოვნებთ. თუ სექს- სათამაშოს პარტიორთან იზიარებთ, გამოიყენეთ პრეზერვატივი სათამაშოზე და გაწმინდეთ გამოყენებამდე.
5.6 შეიძლება თუ არა სქესობრივი გზით გადამდები დაავადების შეძენა მასტურბაციისას?
არა. მასტურბაცია ყველაზე უსაფრთხო სექსუალური აქტივობაა. რეალურად, სექსუალური გზით გადამდები დაავადების ან ინფექციის შეძენის არანაირი შანსი არ არსებობს თქვენი გენიტალიების შეხებით (ასევე არც დაორსულებისა). სგგდ გადადის ერთი ადამიანიდან მეორეზე, ამიტომაც მასტურბაციისას სგგდ-ის შეძენა შეუძლებელია. ერთადერთი გამონაკლისი ჰერპესია- თუ ტუჩთან ნაწიბურები გაქვთ და მათ შეეხებით, აუცილებლად დაიბანეთ ხელები მასტურბაციის წინ. თუმცა, სგგდ-ს შეძენა შესაძლებელია თუ თქვენ სხვა ადამიანთან ერთად მასტურბირებთ და მის გენიტალიას შეეხებით. ყოველთვის, როცა სპერმა, ან ვაგინალური სითხე მოხვდება მეორე ადამიანის სხეულზე, ან გენიტალიები მიედება ერთმანეთს, სგგდ-ს რისკი ჩნდება. ამიტომაც, თუ პარტნიორის გენიტალიას შეეხებით, აუცილებლად დაიბანეთ ხელი თქვენ გენიტალიებთან შეხებამდე. თუ მხოლოდ საკუთარ სექს-სათამაშოს იყენებთ, მაშინ შეგიძლიათ არ ინერვიულოთ სგგდ-ზე. მასტურბაციამ შესაძლოა გამოიწვიოს გაღიზიანება, ან ინფექცია, თუ თქვენი სხეული სენსიტიურია, მაგრამ ეს იგივე არაა რაც სგგდ. ლოსიონებმა, ვაზელინმა, ზეთებმა ან სურნელოვანმა კრემებმა შეიძლება გააღიზიანოს თქვენი ვულვა და ვაგინა. უხეშად მასტურბირებამ და ლუბრიკაციის გამოუყენებლობამ, შესაძლოა, ასევე გამოიწვიოს გაღიზიანება ხახუნის გამო. ბაქტერიებმა ანუსიდან, შესაძლოა, ასევე გამოიწვიოს ვაგინალური ინფექციები, ამიტომაც არასდროს გამოიყენოთ ვაგინაზე ის, რაც თქვენს ანუსში იმყოფებოდა, მისი გარეცხვის ან პრეზერვატივის გარეშე.
თუ ნერვიულობთ, რომ გაქვთ სგგდ გენიტალიების მიდამოებში ტკივილის, ქავილის ან დისკომფორტის გამო, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.
© Planned Parenthood Federation of America Inc.
კრებულის სხვა თავების სანახავად გადადით საიტის განყოფილებაში “ყველაფერი შენი სხეულის შესახებ”.