ავტორი: გიორგი ჩუბინიძე

ხალხი ამბობს დასაწყისი ყველაზე რთულიაო და ამიტომაც მას მთლიანად გამოვტოვებ [იგულისხმეთ, რომ რაღაცის დაწერას ვაპირებდი და არ დავწერე] და მსჯელობას პირდაპირ საკითხის გულიდან დავიწყებ. აქვე წინასწარ აღვნიშნავ, რომ ამ კომენტარის დაწერა ორმა საჯარო პოსტმა გადამაწყვეტინა: პირველი – პოპულარული თამაშის – “რა? სად? როდის?”-ის ფემინისტური კრიტიკა [სამწუხაროდ ავტორის სახელი და გვარი არ ვიცი], ხოლო მეორე – შოთა ხინჩაგაშვილის მიერ ამავე პოსტზე დაწერილი კომენტარების ანალიზი იყო.

ამ შემთხვევაში მოკლედ ვეცდები არა უფრო შოთას მოსაზრებების განვრცობას, არამედ იმ მეზობელი საკითხის გაანალიზებას, რომელიც პირველი გამახსენდა ზემოთ ნახსენები ბლოგების კითხვისას. ეს საკითხი კი არის ცინიკური სექსიზმი, რომელსაც მე “განათლებულ სექსიზმსაც” ვუწოდებდი.

“განათლებული სექსიზმის” სლოგანია: “ჩვენ ვიცით რომ სექსიზმი ცუდია და სექსისტები არ ვართ, სწორედ ამიტომ თამამად შეგვიძლია ვისიამოვნოთ იმ შეურაცმყოფელი და დამამცირებელი ფრაზებით, რომლებსაც გაუნათლებელი უმრავლესობა, ჩვევისამებრ, სერიოზულად იყენებს”.

სხვა სიტყვებით, გაუნათლებელიც და განათლებულიც სიამოვნებას იღებს [ხო, ზუსტადაც სიამოვნებას, განა სიამოვნებისთვის არ მივილტვით ძალაუფლებისკენ!?] ადამიანთა დაჩაგრული კატეგორიის დამცირებითა და გაშარჟებით, მაგრამ მათ შორის განსხვავება ისაა რომ პირველს სჯერა იმის, რასაც ამბობს, ხოლო მეორეს – არა.

ცინიკური სექსიზმი თავის თავში იმეორებს იმ იდეოლოგიურ მატრიცას, რომლის მიხედვითაც თანამედროვე, ჰიტლერის პიროვნებით მონუსხული ცინიკოსი ნეო-ნაცისტი [აქვე, ჩვენ სამშობლოში ძალიან ბევრ ასეთ ადამიანს შეხვდებით] და 30იანი წლების გერმანიაში მცხოვრები ფაშისტი, ისევე განსხვავდებიან ერთმანეთისგან როგორც ზემოთ აღწერილი ორი კატეგორიის სექსისტები.

30იანი წლების ნაცისტი იმ მსოფლიოში აღიზარდა, სადაც მთელი რიგი რეჟიმების ოფიციალური დოქტრინა ღიად რასისტული იყო, ხოლო დღევანდელი ნეო-ნაცისტი იმ იდეოლოგიურ გარემოში აღიზარდა, სადაც რთულია ირწმუნო ის თეზა, რომლის მიხედვითაც შავკანიანი ადამიანი “ბუნებრივად” ან “თავისთავად” დაბალი განვითარებისაა. ცინიკოს სკინჰედს იმისათვის, რომ საკუთარ სინდისის ხმასთან თანხმობა ჰქონდეს, სჭირდება მინიმალური წაპოტინება ჰეგემონიურ იდეოლოგიასთან, რათა წინააღმდეგობაში არ მოვიდეს იმ გაშინაგანებულ ლიბერალურ დოქტრინებთან, რომლითაც ის აღიზარდა.

მაშასადამე, ნეო-ნაცისტი ამბობს: “მე არ ვარ რასისტი, არც რასობრივ უთანასწორობასა და ჩაგვრას არ ვემხრობი, მაგრამ…”, მაგრამს აუცილებლად მოჰყვება მსჯელობა ერთფეროვნების წინააღმდეგ, თუ როგორი ამარზენი იქნება რეალობა როცა ყველა გაშავდება, შემდეგ შეიძლება ესთეტიკასა და მრავალფეროვნებაზე საუბარი ეკონომიკაზე საუბარშიც გადაიზარდოს, სადაც ის მოგიყვებათ იმ სტატისტიკურ მონაცემებზე, რომელთა მიხედვითაც მათ რასიზმს საფუძვლად უდევს, არა a priori მტკიცებები, არამედ – არც მეტი, არც ნაკლები – სოციოლოგიური კვლევები! [მაგ. ევროპელი რასისტების საყვარელი და ცენტრალური არგუმენტი უცხოელების მიერ სამუშაო ადგილების მითვისებაა] [1]

მკითხველმა შეიძლება იფიქროს, რომ ავცდით თავში დასმულ საკითხს, მაგრამ თუ დავფიქრდებით, შევამჩნევთ – განათლებული სექსიზმისა და განათლებული რასიზმის “ჩემ თავთან მართალი ვარ” იდეოლოგიური მაქსიმა არსებითან ერთიდაიგივეა. არც ერთი არაა იმის ჩიტი, რომ დაიჯეროს ისეთი სისულელეები, როგორიცაა თეთრების ბიოლოგიური უპირატესობა [ბოლო ბოლო ფილმებიც გვინახავს და სპორტსაც ვადევნებთ თვალს] შავკანიანებზე, ან კაცების უპირატესობა ქალებზე [აქ საქმე უფრო კარგადაა, რადგან დიდი ალბათობით ფემინისტი მეგობრებიც გვეყოლება, რომელსაც თავშესაქცევად სექსისტურად გავეხუმრებით ხოლმე].

მოკლედ, არ გვჯერა, მაგრამ მაინც ვასრულებთ. გვენანება იმის დაკარგვა, რაც სინამდვილეში უფრო ღრმადაა ჩვენში ფესვგადგმული ვიდრე ეს ერთი შეხედვით გვეჩვენება.

როდესაც განათლებულ სექსიზმზე ვსაუბრობ, მხედველობაში მაქვს ის “უმცირესობა”, რომელიც ამა თუ იმ ფორმით ღირებულებით დაპირისპირებაშია ”უმრავლესობასთან”, მაგრამ გავბედავ და ვიტყვი, რომ “უმცირესობის” ბანაკი მთელ რიგ საკითხებში სარკისებრ აირეკლავს “უმრავლესობის” იდეოლოგიური მატრიცებს, მეტიც, ჩაგვრის მოდერნული ფორმები, “უმცირესობასთან” პოსტმოდერნულ ჩარჩოში იწერება.

რას ნიშნავს ის მტკიცება, რომლის მიხედვითაც განათლებულ უმცირესობაში მასკულინურ კულტურას იმდენად ღრმად აქვს ფესვები გადგმული, რომ არა თუ ამ ექსცესების ტაბუირებით აღარ იწუხებს თავს [ლიბერალური-პოლიტკორექტულობა], არამედ ფსევდო-მემარცხენე ტერმინოლოგიაშიც კი ჰპოვებს გამართლებას. ზოგის წარმოდგენაში ადამიანთა დამცირება და მასკულინური პრივილეგირებული როლის შესრულება ლიბერალიზმზე გალაშქრებადაც კი ითარგმნა [sic!].

პოსტმოდერნული, ან გნებავთ გვიანი კაპიტალიზმის ეპოქაში ინტერპელირებული მცხოვრები ადამიანები, მოდერნულობის ეპოქის ადამიანებისგან იმით განსხვავდებიან, რომ იმისათვის, რომ მათ, მათში ღრმად გამჯდარი იდეოლოგიის [აქ: მასკულინური კულტურის] მოთხოვნები შეასრულონ – სჭირდებათ “ადამიანური სახე”, ირონიული დისტანცია იმ იდეოლოგიისგან, რომელსაც საბოლოოდ უფრო კარგად ასრულებენ [perform], ვიდრე ისინი ვინც ამ იდეოლოგიასთან სრული იდენტიფიცირებით ცდილობენ მისი როლის შესრულებას [ე.ი. უმრავლესობა].

მაშასადამე – ნეიტრალური, განათლებული და ამაღლებული პოზიციიდან [“ჩვენ ხომ ისედაც ვიცით და ვთანხმდებით, რომ სექსიზმი ცუდია”] მეტყველი ცინიკი-სექსისტი ამ იდეოლოგიური “ეშმაკობით” ორ კურდღელს ერთდროულად იჭერს: ერთი მხრივ ის კომფორტულად ინარჩუნებს ადგილს ძალადობრივ მასკულინურ ქცევით მოდელში და მეორე მხრივ კი, მასკულინური კულტურისადმი ირონიული დისტანციით იოლად უვლის გვერდს ფემინისტურ კრიტიკას და უკანა კარიდან შემოაქვს ის, რასაც “გაუნათლებელი უმრავლესობა” კარიბჭესთან წითელი ხალიჩით ეგებება.

ბოლოსკენ კი გავიხსენებ სლავოი ჟიჟეკის [ბოლო დროს გადავყწვიტე, რომ მისგან ბევრს ახალს ვეღარ გავიგებდი, მაგრამ სასიამოვნოდ შევცდი] კომენტარს სტენლი კუბრიკის ფილმზე “Full Metal Jacket”, სადაც ჯარისცაკი, რომელიც სამხედრო რეჟიმთან ზეიდენტიფიცირებით ცდილობს მოერგოს არმიას, საბოლოოდ ჭკუიდან იშლება, ხოლო მეორე სამხედრო რომელიც  ”ადამიანურ ირონიულ დისტანციას” იჭერს სამხედრო რეჟიმთან, საბოლოოდ ნერვის შეუტოკებლად მოკლავს განიარაღებულ დაჭრილ ვიეტნამელ სნაიპერს. ჟიჟეკის თქმით კი ეს არის სრული იდეოლოგიზირების საუკეთესო და სამხედრო სუბიექტად კონსტრუირების სანიმუშო მაგალითი, რომლის პირველი მაუწყებელი იდეოლოგიური ოპერაციის ნეიტრალურად გასაღებაა [“იდეოლოგია არასდროს ამბობს, რომ იდეოლოგიაა” – ლუი ალთუშერი].

[1] – აქვე აღვნიშნავ რომ ცინიკურ რასიზმთან, ცინიკური სექსიზმის შედარებას მხოლოდ იმ პარამეტრით ვახდენ, რაზეც ზედა აბზაცებში ვისაუბრე და ცხადია, მათ შორის ტოლობის ნიშანს არ ვსვამ.

[*] – “რა? სად? როდის?”-ის ფემინისტური კრიტიკის ავტორი: ვერიკო დუნდუა