ავტორი: ეკა დარბაიძე; პოლიტიკის მეცნიერების დოქტორი

შესავალი

 

მიუხედავად ბოლო წლებში ჩვენს ქვეყანაში გენდერული თანასწორობის კუთხით წინ გადადგმული ნაბიჯებისა, სამწუხაროდ გენდერული თანასწორობის მიღწევა კვლავ გადაუჭრელ პრობლემად რჩება. გაეროს მოსახლეობის ფონდის შეფასებით, აღნიშნული პრობლემა საქართველოში საგანგაშოა, განსაკუთრებით, როდესაც საქმე სელექციური აბორტის თემას ეხება. ტერმინი „გენდერული სელექცია“, იგივე „სელექციური აბორტი“ ბავშვის სქესის გამო ორსულობის შეწყვეტას და ნაყოფის მოცილებას გულისხმობს, რაც ძირითადად სამხრეთ, სამხრეთ-აღმოსავლეთ და ცენტრალური აზიის სახელმწიფოებშია ფართოდ გავრცელებული. იმ ქვეყნებს შორის, სადაც ემბრიონული ნაყოფის სელექციური აბორტის შემთხვევები ხშირია, ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი საქართველოსაც მოიხსენებს და აღნიშნავს, რომ ასეთი დისკრიმინაციური პრაქტიკა საზოგადოებაში ქალის როლის არასასურველ სტატუსს უკავშირდება (Human Rights Europe, 2014).

ნაადრევი ქორწინებების აღმოფხვრა, სელექციურ აბორტებთან ბრძოლა და ოჯახის დაგეგმვის სერვისის არსებობა – ეს მხოლოდ იმ საკითხთა ნაწილობრივი ჩამონათვალია, რომელთა გადაჭრისაკენ გაერო საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს და რომელთა მოგვარებისათვის შესაბამისი რეკომენდაციები, გაეროს „ქალთა ყველა ფორმის დისკრიმინაციის წინააღმდეგ მომუშავე“ კომიტეტის რიგით 58-ე სესიაზე დაიდო. გაეროს რიგი რეზოლუციები და მნიშვნელოვანი დოკუმენტები სწორედ სქესის ნიშნით აბორტის საკითხს შეეხება. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია უმნიშვნელოვანესს საერთაშორისო ინსტრუმენტს წარმოადგენს, რომელსაც საქართველომ ხელი 28 სახელმწიფოსთან ერთად მოაწერა. აღნიშნულ კონვენციაში მოცემულია დებულება, რომლის მიხედვითაც: “სამედიცინო ჩარევა არ არის ნებადართული ბავშვის სქესის გარჩევის მიზნით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საქმე გვაქვს სერიოზულ სქესთან დაკავშირებულ მემკვიდრეობითი დაავადების პრევენციასთან” (ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლი).

ჩვენს ქვეყანაში ოჯახების გენდერული შემადგენლობა რეპროდუქციული სტრატეგიის განმსაზღვრელია და მის მთავარ მიზანს მინიმუმ ერთი ვაჟის ყოლა წარმოადგენს. წარსულში მშობლებს ჰქონდათ საშუალება მიეღწიათ გენდერული მიზნისათვის და ვაჟის ყოლის სურვილი მეტი შვილის გაჩენის საშუალებით აღმოეფხვრათ, რასაც ძალიან ხშირად მიმართავდნენ კიდეც, თუმცა მაინც გვხდებოდა ისეთი ოჯახებიც, რომელთაც არ ჰყავდათ ვაჟი ოთხი და ხუთი შვილის შემდეგაც კი. მოგვიანებით სიტუაცია შეიცვალა და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებამ, ჯერძოდ კონტრაცეფციებმა და აბორტმა, ხელი შეუწყო სასურველი გენდერული შემადგენლობის მიღწევას.

საბჭოთა ტოტალიტარულ ეპოქაში, საბჭოთა ქვეყნებში, მათ შორის საქართველოს კანონმდებლობაში ფორმულირებული ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა მთელი სპექტრი მხოლოდ დეკლარირებულ ხასიათს ატარდებდა. 1920 წელს საბჭოთა კავშირში აბორტი ლეგალური გახდა, თუმცა მოგვიანებით, სტალინის ხელისუფლებამ 1936 წელს მიღებული სამოქალაქო კანონით აბსოლიტურად შეცვალა ფსევდო ლიბერალური ხედვა ქალთა საკითხებთან მიმართებაში და შესაბამისად აბორტი ოფიციალურად აიკრძალა. არასასურველი ორსულობის, დედათა სიკვდილიანობისა და სამშობიარო დაწესებულებების გარეთ მშობიარობის საგანგაშოდ მზარდი ტენდენციის პრევენციის მიზნით, საბჭოთა კავშირის ქვეყნებში აბორტი მხოლოდ 1955 წელს გახდა კანონიერი.

გარდამავალი პერიოდის დაწყებამ ხელი შეუწყო სამედიცინო დაწესებულებებისა და კლინიკების მოდერნიზების პროცესს და თანამედროვე ტექნოლოგიების უცხოეთიდან შემოტანამ მნიშვნელოვნად შეცვალა საქართველოში რეპროდუქციული მომსახურების ხარისხი და შესაბამისად, პრენატალური სქესის ადრეული დიაგნოსტიკა ჩვეულებრივ პროცედურად იქცა. ამრიგად, ულტრაბგერითი გამოკვლევისა და აბორტის ხელმისაწვდომობამ შესაძლებელი გახადა სქესის პრენატალური შერჩევა, რამაც საქართველოში წყვილებს ოჯახების ზომის შემცირება და გენდერული შემადგენლობის შერჩევის შესაძლებლობა მისცა. 1990-იანი წლებიდან საქართველოში დაიწყო ჯანმრთელობის სფეროსთან დაკავშირებული რეფორმების გატარება, რომელიც ჯანდაცვის სექტორის ყველა მიმართულებას მოიცვა და ყურადღებას ამახვილება სამედიცინო მომსახურების ხარისხზე, ხელმისწვდომობის გაუმჯობესებაზე, ეფექტურობის ზრდასა და პირველადი ჯანდაცვის სისტემის რეაბილიტაციაზე.

მდგომარეობა მნიშვნელოვნად  შეიცვალა 90-იანი წლების შემდგომ, როდესაც ქვეყანა აღმოჩნდა უმძიმესი ეკონომიკური და პოლიტიკური გამოწვევების წინაშე, რამაც დემოგრაფიული კრიზისის შექმნას შეუწყო ხელი. საგულისხმოა ის ფაქტი, რომ არსებობდა თანხვედრა დაბადებისას სქესთა თანაფარდობის მაჩვენებლის ზრდასა და დამოუკიდებლობის გამოცხადებას შორის, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს პოლიტიკური გარემოს ცვლილების ზეგავლენას ოჯახის დაგეგმვის სტრატეგიაზე. ჩვენს ქვეყანაში ოჯახის დაგეგმვის პროცესში წამყვანი ადგილი კვლავ აბორტს უკავია, რომლის  მაჩვენებელი სტაბილურად მაღალია. აღსანიშნავია, რომ აბორტის სერვისის მოხმარების ტენდენცია უმეტესწილად მომდინარეობს ოჯახის დაგეგმვისა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხებში ქალთა არასაკმარისი განათლებისა და ინფორმირებულობიდან გამომდინარე.

ჩვენს ქვეყანაში კონსერვატიული ჯგუფების მიერ აბორტის თემის აქტუალიზება და მისი გამოყენება, ხშირად მათ მიერ ქალთა უფლებებზე თავდასხმისა და ფემინიზმის დისკრედიტაციის მთვარ სამიზნეს წარმოადგენს. აბორტი, როგორც პრობლემა პატრიარქალურ საზოგადოებაში მხოლოდ ქალის ინდივიდუალურ პასუხისმგებლობად მოიაზრება, რომელიც ყველა სახის ვალდებულებასა და ტვირთს, მათ შორის ემოციურს, ეკონომიკურსა და ფიზიკურს მხოლოდ ქალს აკისრებს. დღესდღეობით ჩანასახის სიცოცხლის უფლებასთან დაკავშირებით არსებობს ორი ურთიერთსაწინააღმდეგო მოსაზრება. აბორტის მომხრენი მიიჩნევენ, რომ ჩანასახი არ სარგებლობს ამ უფლებით, რადგან მას არ შეუძლია ამ უფლების გამოყენება. ამასთან, ჩანასახის უფლებას უპირისპირდება დედის უფლება, მოიშოროს არასასურველი ნაყოფი. არანაკლებ საინტერესო და მნიშვნელოვანია ექიმ გინეკოლოგთა მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ სქესის დიაგნოსტირების აკრძალვა ადრეულ პერიოდში, ქვეყანაში ხელს შეუწყობს ჩრდილოვანი ეკონომიკის ჩამოყალიბებას, რაც არალეგალური აბორტების გავრცელებასა და დედათა სიკვდილიანობის ზრდას გულისმობს. სწორედ ამიტომ გამოსავალს ისინი ისევ და ისევ მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებასა და ინფორმირებულობაში ხედავენ. აბორტის მოწინააღმდეგენი კი მიიჩნევენ, რომ ჩანასახს სიცოცხლის იგივე უფლება აქვს, როგორიც დაბადებულ ადამიანს. ისინი აბორტს ადამიანის მკვლელობის ტოლფასად აღიარებენ. ეს პოზიცია ხშირად რელიგიური წარმოდგენებიდან გამომდინარეობს.

აბორტის შესახებ არანაკლებ საინტერესოა მართმადიდებლური ეკლესიის მიდგომაც. აბორტის ყველაზე დიდი მოწინააღმდეგე სწორედ რელიგიაა და ამიტომაც რელიგიური მოტივიდან გამომდინარე ბევრი ქალი უარს ამბობს ამ უფლების გამოყენებაზე. ქრისტიანულმა ეკლესიამ მსოფლიო საეკლესიო კრებაზე განიხილა აბორტის საკითხი და ჩვილთა კვლა კაცის კვლის დანაშაულს გაუტოლა. (ანკირიის კრება, კანონი 21; მე-6 მსოფლიო კრება, კანონი 91). საეკლესიო პირები აცხადებენ, რომ ,,ცოცხალი ორგანიზმი ჩასახვის მომენტიდანვე წარმოიშობა, რომელიც უკვე გენეტიკური კოდისა და ადამიანის მთელი პიროვნული პოტენციალის მატარებელია. ექსპერიმენტულად უკვე დამტკიცებულია, რომ ნაყოფს რთული და მიზანმიმართული რეაქციები გააჩნია გარემო პირობებზე. ეს არსება ტკივილს განიცდის, სიცოცხლის სურვილი აქვს და რაც ქრისტიანისათვის ყველაზე მთავარია – ადამიანის უკვდავი სული გააჩნია, რომლის არასრულყოფილება მხოლოდ ის არის, რომ სხეული – ეს სულის ინსტრუმენტი – არ არის ფორმირებული… ჩვენი უპირველესი მოთხოვნაა, რომ ადამიანის ნაყოფს, როგორც პიროვნებას, დაცვა ესაჭიროება. პრინციპული განსხვავება ნაყოფის მოკვდინებასა და სხვა სახის მკვლელობას შორის არ არის (არქიმანდრიტი რაფაელი ,,აბორტის ცოდვის შესახებ”).

სქესის სელექცია წარმოადგენს დისკრიმინაციას სქესის საფუძველზე, რომელიც საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. კონსტიტუციის 14-ე მუხლი აწესებს ადამიანთა თანასწორობის პრინციპს, რომელიც ერთ–ერთი ყველაზე ძირითადი პრინციპია სამართლებრივ სისტემაში. შესაბამისად სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას მათი უფლებები, ვის ინტერესებსაც ზიანი ადგება დისკრიმინაციის შედეგად. ქვეყანამ საკუთარი საკანონმდებლო ბაზით უნდა უზრუნველყოს აბორტისა და თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების კომბინირებით სეროზული გენდერული უთანასწორობის თავიდან აცილება, რომელსაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს სამომავლოდ გენდერული ბალანსისა და ნორმალური დემოგრაფიისათვის. გენდერულ სელექციასთან დაკავშირებით ასევე საინტერესოა საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის N 01-74 ნ ბრძანება, რომლის მიხედვით, დაუშვებელია სქესის შერჩევის მიზნით ორსულობის ხელოვნური შეწყვეტა.

საქართველოს კანონმდებლობით აბორტი ლეგალურია. „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 140-ე მუხლის მეორე პუნქტის მიხედვით, 12 კვირამდე ორსულობის შეწყვეტა შესაძლებელია ორსულის სურვილის მიხედვით (გარკვეული წინაპირობების არსებობისას, როგორიცაა წინასწარი გასაუბრება, მოსაფიქრებელი ვადა და ა.შ.). 12 კვირის შემდეგ ორსულობა შეიძლება შეწყდეს სპეციალური სოციალური (საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით) და სამედიცინო (საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო) ჩვენებების შემთხვევაში. სამედიცინო ჩვენებით აბორტის გაკეთება ნებადართულია ორსულობის 22-ე კვირამდე. აბორტის გაკეთება შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ სათანადო უფლების მქონე სამედიცინო დაწესებულებაში, სერტიფიცირებული ექიმის მიერ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 133-ე მუხლის შესაბამისად, უკანონო აბორტი აკრძალულია და ითვალისწინებს სისხლის სამართლებრივ სანქციებს.

საქართველოს სამართლებრივ სივრცეში არ არსებობს სამართლებრივი რეგულირება ნაყოფის სქესის გასარკვევად ჩასატარებელი ექოსკოპიის შესახებ. ჯანმრთელობის დაცვის კანონის 140-ე მუხლის მიხედვით, ორსულობის 12 კვირამდე აბორტის გაკეთება მხოლოდ და მხოლოდ ორსულის სურვილზეა დამოკიდებული. ამასთან ერთად თავისუფალია სქესის გარკვევა ორსული ქალისათვის ორსულობის ნებისმიერ ეტაპზე, რაც აძლევს მას საშუალებას  გაიგოს ნაყოფის სქესი და ამავდროულად არ იყოს ამოწურული განსაზღვრული 12 კვირიანი ვადა.  შედეგად ვიღებთ იმას, რომ კანონი ვერ იცავს 12 კვირამდე ნაყოფს გენდერული დისკრიმინაციისაგან.

 

აბორტი და მსოფლიო გამოცდილება

სწორედ ფემინისტური მოძრაობის დიდი დამსახურება და ძალისხმევის შედეგია, რომ ამჟამად ევროპის მრავალ სახელმწიფოში აბორტი ლეგალიზებულია, ხოლო პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან აბორტი მხოლოდ პოლონეთშია აკრძალული. პოლონეთში აბორტი დასაშვები იყო მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დედის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა, ნაყოფი არასწორად ვითარდებოდა, ან თუ ორსულობა გაუპატიურების შედეგს წარმოადგენდა. საინტერესოა ის ფაქტი, რომ 2016 წელს პოლონეთის პარლამენტში განსახილველად შევიდა კანონპროექტი, რომლის მიხედვით ქალს აბორტის გაკეთების შემთხვევაში 5 წლიანი პატიმრობა ემუქრებოდა, ასევე დაისჯებოდა ის ექიმიც, რომელიც ამ პროცედურას ჩაატარებდა. თუმცა ქალთა მასობრივმა საპროტესტო მოძრაობებმა, რომლებიც ქალთა უფლებების უხეშ დარღვევას აპროტესტებდნენ გავლენა იქონია ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს გადაწყვეტილებაზე და შესაბამისად საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტის პირველივე მოსმენაზე ჩავარდა (The Guardian, 23.09.2016).

რელიგიური მოსაზრებებით აბორტს ირლანდიის კანონდებლობაც კრძალავს, თუმცა დასაშვებია მხოლოდ და მხოლოდ იმ შეთხვევაში, როდესაც ორსულობა დედის ჯანმრთელობას სერიოზულ საშიშროებას უქმნის. სწორედ ამიტომ, მეზობელ ქვეყნებში ვიზიტი აბორტის გასაკეთებელად, ორივე ქვეყნის ქალებისათვის მიღებულ პრაქტიკას წარმოადგენს (World Abortion Politicies, 2013).

ამერიკის შეერთებულ შტატებში აბორტი ოფიციალურად 1973 წლიდანაა ნებადართული. აქ ყოველწლიურად დაახლოებით 1 300 000 ქალი მიმართავს აბორტს, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ყველაზე მძლავრი აბორტ საწინააღმდეგო კამპანია სწორედ ამერიკაში არსებობს და რეგულარულ ხასიათს ატარებს. რაც შეეხება ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში აბორტი კანონით აკრძალულია. გამონაკლისს წარმოადგენს გენუას რესპუბლიკა და კუბა. ლათინური ამერიკა, რომელიც მსოფლიოში ყველაზე დიდი კათოლიკური რეგიონია კრძალავს აბორტს, თუმცა ეს ფაქტი არ გამორიცხავს უკანონო აბორტების არსებობას. მაგალითად, ბრაზილიაში ყოველწლიურად დაახლოებით 1 500 000 უკანონო აბორტს აქვს ადგილი (ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, 2014). განსაკუთრებით მკაცრად ისჯება უკანონო აბორტი ჩილეს რესპუბლიკაში, სადაც ქალებს ხშირ შემთხვევაში პატიმრობა ემუქრებათ.

დღეს აფრიკის ძალიან ცოტა რესპუბლიკაშია აბორტი ნებადართული. აქ ყოველი 100 000 აბორტის შემთხვევიდან, 680 სიკვდილით მთავრდება და ამის მიზეზად ცხოვრების ცუდი პირობები სახელდება (Guttmacher Institute, 2015). ამ მხრივ, ყველაზე ცუდი მდგომარეობაა ეთიოპიასა და ნიგერიაში. ყველაზე მკაცრად აბორტი აკრძალულია ნეპალში, სადაც აბორტი იკრძალება მაშინაც კი, როცა დედის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. აკრძალვის სიმკაცრეზე აქაც რელიგიური ფაქტორი მოქმედებს. სასჯელი ემუქრება როგორც ქალს, ასევე ექიმსაც. მიუხედავად ამისა, აბორტი მაინც კეთდება და ნეპალელ ქალთა 2/3 ციხეში იხდის სასჯელს.

ინდოეთს სელექციური აბორტების რაოდენობით ერთ-ერთ მოწინავე ადგილი უკავია მსოფლიოში. ინდოეთში გოგონა ერთგვარი „ტვირთია“, რომელიც საკმაოდ ძვირი უჯდება საკუთარ ოჯახს, რადგან იგი უნდა დაქორწინდეს და გამზითვდეს. ე.წ გამზითების პრაქტიკა ინდოეთში 1961 წელს ოფიციალურად აიკრძალა, თუმცა ინდურ ოჯახებში აღნიშნული ტრადიცია დღემდე მყარად არის ფესვებგადგმული. ტრადიციისამებრ ინდოეთში  გოგონა თხოვდება და ოჯახას ტოვებს, ხოლო ვაჟი კი მშობლებთან რჩება ოჯახში. დღემდე ინდოეთის განათლებული ოჯახების ცნობიერებაშიც კი, ოჯახი ვაჟიშვილის გარეშე  სრულყოფილ ოჯახად არ მიიჩნევა (Ferrarini, 2013). 2010 წელს გაეროს განვითარების პროგრამის ანგარიშის თანახმად, ინდოეთში 43 მილიონი ქალია გაუჩინარებული. 2011 წლის მოსახლეობის აღწერის თანახმად, ყოველ 1000 მამაკაცზე  940 ქალი შეადგინა,  0-დან 6 წლამდე ბავშვებში კი სხვაობა კიდევ უფრო მკაფიოდ ვლინდება: 1000 ბიჭზე დღეს ინდოეთში 914 გოგონა მოდის. სქესის ეს თანაფარდობა ბოლო ათწლეულებში კიდევ უფრო გაიზარდა: 1991 წელს, 10000 ბიჭზე 947 გოგონა, 2001 წელს 927, და დღეს კი 914 გოგონა მოდის. აღნიშნული მაჩვენებლები მხოლოდ იმის დასტურია, რომ სელექციური აბორტები სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ქვეყნისათვის. მამაკაცთა რაოდენობის სიჭარბის ნიშნები და ქალთა დეფიციტი უკვე მკაფიოდ ვლინდება, სადაც მამაკაცების დიდი ნაწილი გვიან ნახულობს პარტნიორს, ხოლო ღარიბი ფენებისათვის ქორწინება შესაძლოა, რომ ძალიან მალე უკვე მიუღწეველ ოცნებად დარჩეს. საინტერესოა თავად ფაქტი, რომ იდოეთში ქალებით განსაკუთრებით მცირერიცხოვან რეგიონებში მამაკაცებს სხვა ქვეყნის ქალები მოჰყავთ ცოლად, ხშირად მათ ყიდულობენ ხოლმე გარკვეული ფინანსური გარიგების საფუძველზე. ასევე ხშირია შემთხვევები, როდესაც რამდენიმე ძმას ერთი, საერთო ცოლი ჰყავთ (Ferrarini, 2013). ქალების სერიოზულმა ნაკლებობამ ინდოეთში  ძალადობის და განსაკუთრებით კი გაუპატიურების შემთხვევათა საგანგაშო ზრდა გამოიწვია. ბოლო 40 წლის მანძილზე ინდოეთის დანაშაულთან ბრძოლის ბიუროს მონაცამების მიხედვით, გაუპატიურების შემთხვევები 900%-ით გაიზარდა. სელექციური აბორტების აღნიშნულმა ტენდენციამ სერიოზული საფრთხის წინაშე დააყენა ინდოეთის მოსახლეობა. 2004 წელს ინდოეთის ხელისუფლებამ გარკვეული ნაბიჯები გადადგა არსებული პრობლემის დაძლევის მიზნით და ოფიციალურად აკრძალა ბავშვის სქესის შესახებ მშობლების წინასწარი ინფორმირება. პარალელურად შემუშავდა სპეციალური ხელშემწყობი პროგრამები, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო ფინანსურად ეხმარებოდა გოგონას ყოლის შემთხვევაში სიღარიბის ზღვარს მიღმა არსებულ ოჯახებს. აკრძალვის მიუხედავად ინდოეთში აბორტმა იატაკქვეშ გადაინაცვალა და დღეს ინდოეთის კერძო კლინიკები არალეგალურად კვლავ ახორციელებენ შერჩევითი აბორტის პრაქტიკას.

1980-იანი წლების დასაწყისში აზიაში ბიჭების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა, განსაკუთრებით კი ჩინეთში, სადაც სქესთა შორის დისბალანსმა სახიფათო ნიშნულს მიაღწია და სქესთა თანაფარდობა 100 გოგონაზე 120 ბიჭი გახდა. ამ ქვეყანაში შეერჩევითი აბორტების ტემპი მნიშვნელოვნად დააჩქარა ერთი ბავშვის ყოლის პოლიტიკამ. 40 წლის განმავლობაში 1971-წლიდან 2010-წლამდე ოფიციალურად 330 სელექციური აბორტი იქნა გაკეთებული (Monde, 2013). ერთი ბავშვის პოლიტიკის ერთადერთი მიზანი კი მოსახლეობის ზრდის ტემპის შეჩერება და ჩინელი მოსახლეობის სიღარიბის შემცირება იყო, რამაც როგორც ჩანს კარგად იმუშავა. D2005 წლის მონაცემებით, 20 წელს ქვემოთ ასაკის მამაკაცი 32 მილიონით მეტი იყო, ვიდრე ქალი, სწორედ ამიტომ, ჩინეთის ხელისუფლებამ სელექციური აბორტი ოფიციალურად აკრძალა. აბორტის გაკეთების შემთხვევაში ექიმს სამუდამოდ ჩამოერთმევა საქმიანობის ლიცენზია და სისხლის სამართლის პასუხიმგებლობა ეკისრება. ჩინეთში პარალელურად დაიწყო კამპანია “გავუფრთხილდეთ გოგონებს”, რომელმაც შედეგი გამოიღო და თუ 2005 წელს 120 ბიჭი 100 გოგონას ეფარდებოდა, 2011 წელს ეს მონაცემები 113-დე დაეცა.

სელექციური აბორტის ფენომენი არამარტო აზიაში, არამედ ევროპაშიც ფართოდ არის გავრცელებული, მათ შორის ბაკლანეთის დასავლეთ ნაწილსა და სამხრეთ კავკასიაში. 2013 წელს, „Ined“-(დემოგრაფიული კვლევების ეროვნული ინსტიტუტის) მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, ზოგიერთ ამ ქვეყანაში, გაცილებით მეტი ბიჭი იბადება, რასაც მკვლევარ კრისტოფერ გილმოტოს კვლევა კიდევ ერთხელ ადასტურებს (Cuilmoto C.Z., Duthe G 2013). საინტერესო აღმოჩნდა, რომ ევროპაში სელექციური აბორტების რაოდენობით შემდეგი ევროპული ქვეყნები ლიდერობენ, ესენია: ალბანეთი, კოსოვო, სომხეთი, აზერბაიჯანი, მონტენეგრო და მაკედონია.

ამ ქვეყნებში სქესის თანაფარდობის მიხედვით 110 გოგოზე 117 ბიჭი მოდის. აღნიშნული ტენდენცია მნიშვნელოვნად გაძლიერდა სამედიცინო სერვისების  მოდერნიზებისა და მათი ხელმისაწვდომობის გაზრდის შემდეგ და როგორც მკვლევარები ამობობენ, განსაკუთრებით კი მას შემდეგ, რაც აბორტის ეს მეთოდი, ანუ პრენატალური დისკრიმინაცია  ჩვეულებრივ „ნორმად“ იქცა ამ ქვეყნებში.

 

 

სურათი 1.  მეორეული სქესთა რაოდენობრივი თანაფარდობით საგანგაშო შედეგების მქონე ქვეყნები

ლინჩენსტეინი 1.26
კურაჩაო 1.16
აზერბაიჯანი 1.13
ჩინეთი 1.12
ინდოეთი 1.12
ვიეტნამი 1.12
ალბანეთი 1.11
სომხეთი 1.11
საქართველო 1.10
მაკედონია 1.08
კოსოვო 1.08

წყარო CIAS, World Cactbook, 2013

როგორც აღნიშნული გრაფიკიდან ირკვევა, ეს გახლავთ ძირითადად ევროპაში ბალკანეთის ნახევარკუნძულის ქვეყნები-კოსოვო, მაკედონია, ალბანეთი და კავკასია-საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი.

 

სქესის მეორეული თანაფარდობა და გამქრალი გოგონები საქართველოში

სელექციურ აბორტს ზოგადად უწოდებენ ფეტუსის რომელიმე არასასურველად მიჩნეული ნიშნის გამო ჩატარებულ აბორტს. სელექციური აბორტის ძალიან გავრცელებული ფორმას წარმოადგენს აბორტი ფეტუსის სავარუდო სქესის მიხედვით. ეს პრაქტიკა ძირითადად მდედრობითი სქესის ფეტუსის აბორტს გულისხმობს და გავრცელებულია ისეთ საზოგადოებებში, სადაც კულტურული ნორმებით ოჯახში უპირატესობა ენიჭება ბიჭის ყოლას გოგონასთან შედარებით. როგორც უკვე ავღნიშნეთ, სქესის მიხედვით შერჩევითი აბორტები ძირითადად გავრცელებულია აზიის ქვეყნებში, განსაკუთრებით კი სამხრეთ, სამხრეთ-აღმოსავლეთ და ცენტრალური აზიის ისეთ დიდ სახელმწიფოებში, როგორიცაა ინდოეთი და ჩინეთი (Filmer, Friedman and Schady, 2008), სადაც ოჯახები აჩენენ შვილებს მანამ, სანამ არ ეყოლებათ ვაჟი, ხოლო შემდეგ წყვეტენ ბავშთაშობის პროცესს (Widmer, McClelland and Nickerson, 1981).

დაბადებისას სქესთა რაოდენობრივი თანაფარდობა წარმოადგენს ბიჭებისა და გოგონების რაოდენობრივ თანაფარდობას ცოცხლად დაბადებულთა შორის, ანუ 100 გოგონაზე რამდენი ბიჭი მოდის. როგორც წესი ეს მაჩვენებელი ძალიან ახლოს არის 105-თან (Hardy 2002:288), თუმცა შესაძლებელია, რომ ქვეყნების მიხედვით მერყეობდეს 103-სა და 107-ს შორის. თუ მეორეული სქესთა რაოდენობრივი თანაფარდობის მაჩვენებელი აღემატება  107-ს ითვლება, რომ ის „მნიშვნელოვნად“ არის გადახრილი ნორმისგან, რაც თავისთავად შეიძლება იყოს გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური, პოლიტიკური თუ კულტურული ფაქტორების გავლენით (Chahnazarian, 1988).

გაეროს მოსახლეობის ფონდის წარმომადგენლობის UNFPA-ის ის მხარდაჭერით, საქართველოში გენდერული ნიშნით სქესის შერჩევასთან დაკავშირებით პირველად ჩაატარა კვლევა. „გენდერული ნიშნით სქესის შერჩევა საქართველოში: კონტექსტი, მტკიცებულება და შედეგები.“  კვლევამ ცხადყო, რომ სისტემური კვლევის თანახმად, 90-იანი წლებიდან მოყოლებული 2010 წლამდე, საქართველოში შერჩევითი აბორტის გამო, 25 ათასი გოგოა „გამქრალი“ და ეს მოხდა 1990 წლიდან ქვეყანაში დაბადებისას არსებული სქესთა შორის არსებული დისბალანსის შედეგად. დაბადებისას სქესთა მაღალი თანაფარდობის შემთხვევაში, რაც 11 ვაჟი 100 გოგონაზე გულისხმობს, ეს რიცხვი ნელ-ნელა კლებულობს წლების განმავლობაში, რადგან დაბადების კოჰორტის მოცულობა იკლებს შობადობის დაბალი დონის გამო (გილმოტო ზ., 2014). როგორც სქემა გვიჩვენებს, გამქრალი გოგონების მთლიანი რიცხვი შეიძლება 40 000 – მდე გაიზარდოს 2020 წლისთვის, 60 000-მდე 2035 წლისთვის და შესაძლოა 2050 წელს 80 000-ს მიაღწიოს (იხ. დიაგრამა 2).

 

დიაგრამა 2.  საქართველოში გამქრალი გოგონების (20 წლის ასაკის ქვემოთ) პროგნოზირებადი რიცხვი, დაბადებისას სქესთა მაღალი თანაფარდობის სცენარი, 2010-2050 წწ.
diagrama 2 ek
წყარო: გილმოტო ., “გენდერული ნიშნით სქესის შერჩევა საქართველოში”, 2014

 

კვლევის ავტორის, ფრანგი პროფესორ გილმოტოს გამოთვლებით, 2010 წლისთვის 25 ათასი 0-დან 19-წლამდე გოგონა არ დაბადებულა საქართველოში  და თუ აღნიშნული ტენდენცია, ანუ გენდერის ნიშნით სქესის სელექცია შენარჩუნდება, იგი სერიოზულ გავლენას მოახდენს საქართველოში დემოგრაფიულ სიტუაციაზე, ვინაიდან კიდევ უფრო დაეცემა შობადობა და ქალთა პოპულაცია იქნება კიდევ უფრო ნაკლები.

როგორც უკვე ავღნიშნეთ, სქესთა შორის სტატისტიკური თანაფარდობის ნორმად მიჩნეულია 1.05, ანუ როდესაც ყოველ 105 დაბადებულ ბიჭს 100 გოგონა შეეფარდება, თუმცა საქართველოში სტატისტიკური ნორმა დარღვეულია და 1.05-ის ნაცვლად არის 1.09, რაც ბუნებრივია, რომ სელექციური აბორტების შედეგია. ამ მხრივ ანალოგიური მდგომარეობაა ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ალბანეთი, აზერბაიჯანი და სომხეთი, სადაც მდგომარეობა საქართველოსთანEშედარებით გაცილებით კიდევ უფრო საგანგაშოა.

კვლევაში, რომელიც ევროსაბჭოს ასამბლეის მოთხოვნის საბაბი გახდა, აღნიშნულია, რომ საქართველოს ეროვნულმა რეპროდუქციულმა ჯანმრთელობის საბჭომ დაადასტურა მონაცემები სქესთა შორის დაბადების ფარდობითობის შესახებ და აღნიშნა, რომ არც ჯანდაცვის საზოგადოება და არც მოსახლეობა სელექციურ აბორტებს მნიშვნელოვან პრობლემად არ მიიჩნევს. კვლევამ დაადასტურა, რომ 2008-2012 წლებში საქართველოში ახალშობილთა სქესის გადანაწილება იყო 112 ბიჭი 100 გოგონაზე იმ დროს, როდესაც გლობალური ბუნებრივი თანაფარდობა არის 105 ბიჭი 100 გოგოზე. სიტუაცია ბოლო წლებში შედარებით გამოსწორდა და ბუნებრივ თანაფარდობას მიუახლოვდა. საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებზე დაყრდნობით, ამ მაჩვენებელმა 2014 წელს შეადგინა 107 ბიჭი 100 გოგოზე. როგორც ექიმ–რადიოლოგები აცხადებენ, მათთან დღეში საშუალოდ 20 პაციენტი მაინც მიდის, რომელთა დაახლოებით 80%–ის მიზანს ექოსკოპიის გაკეთება და მხოლოდ ბავშვის სქესის დადგენა სურს. მათი განცხადებით, ხშირად სქესის დიაგნოსტიკის დროს გარეგანი ნიშნები ყოველთვის არ ნიშნავს სქესის სწორ დიფერენცირებას, რადგან იგი იწყება მე-13 კვირიდან და მთავრდება მე-19 კვირაში, რის გამოც ხშირია შემთხვევები, როდესაც ექიმები ცდებიან ბავშვის სქესის დადგენაში.

აღნიშნული ტენდენციის მკვეთრი გამოხატულება საქართველოს რეგიონებში შეიმჩნევა, განსაკუთრებით კი ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რაიონებში, სადაც ბავშვის სქესის წინასწარი დადგენისადმი წყვილებს განსაკუთრებული მოთხოვნილება გააჩნიათ. ბოლო ათი წლის განმავლობაში საქართველოში ჩვენ ვხდებით სქესთა თანაფარდობის დონეების შემცირებას. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფიციალური მონაცემების თანახმად, საქართველოში ბიჭების რაოდენობამ 1993 წელს, ყოველ 100 დაბადებულ გოგონაზე 107-ს გადააჭარბა, რის შემდგომ მისი მნიშვნელობა კიდევ უფრო გაიზარდა. გენდერული სელექციის ყველაზე მაღალი მაჩვენებლი საქართველოში 2008 წელს დაფიქსირდა (127.7), ხოლო 2009 წელს კი 104.5.(იხ. დიაგრამა 3.).

დიაგრამა 3.

                                სქესთა მეორეული თანაფარდობა საქართველოში
diagrama 3 ek
   წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

 

საქართველოში სელექციურ აბორტებს ძირთადად შემდეგი მიზეზები განაპირობებს:

  • საზოგადოებაში ვაჟისადმი უპირატესობის მინიჭება, რაც ნიშნავს იმას, რომ აბორტი მიიჩნევა შობადობის კონტროლის ძირითად მეთოდად და ბიჭი-შვილი უფრო „ფასეულია“ მშობლისათვის
  • 90-იანი წლებიდან მოყოლებული შობადობის კლება, რაც გამოწვეულია ქვეყანაში არებული მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ფონით, რაც არ აძლევს ოჯახებს საშუალებას იყოლიონ რამდენიმე ბავშვი და შესაბამისად მშობლები არჩევანს მამრობით სქესზე აკეთებენ
  • რეპროდუქციულ ტექნოლოგიაზე ხელმისაწვდომობა, რაც იძლევა ორსულობის ადრეულ სტადიაში ნაყოფის სქესის დადგენის საშუალებას და სწორედ ამის შემდეგ ხორციელდება შერჩევითი აბორტები არასასურველი სქესის ნაყოფის მოშორების მიზნით.

აზიურ სახელმწიფოებში, იქ სადაც პატრიარქატი ყვავის და ქალთა დისკრიმინაციას თავად კანონი უწყობს ხელს, ოდითგანვე ვაჟი პროდუქციის მწარმოებლად და გვარის გამგრძელებლად მიიჩნეოდა, ხოლო გოგონა კი – ხარჯის მომტანად, რომელსაც მზითევი სჭირდებოდა. დღეს ექსპერტები მიიჩნევენ, რომ სელექციური აბორტების მიზეზი ქართულ კულტურაში უნდა ვეძებოთ, რომელიც პატრიარქალური კულტურაა და რომლის მიხედვით ოჯახის გვარის გამგრძელებლად ვაჟია მიჩნეული. ქართულ საზოგადოებაში ფარული უპირატეობა ყოველთვის ბიჭს ენიჭებოდა, რაც განპირობებული იყო მამაკაცი მემკვიდრის საჭიროებოთ. ბაჭის ყოლის სურვილი მჭიდროდაა დაკავშირებული ჩვენს ქვეყანაში დამკვიდრებულ პატრიარქალურ სისტემასთან. ერთი შვილის ყოლის შემთხვევაში ისინი უპირატესობას ბიჭს ანიჭებენ, ურჩევნიათ ჰყავდეთ ბიჭი და არა გოგო, რომელიც მათი გვარის გამგრძელებელი იქნება.

საქართველოში 1990-2015 წლებში, ბიჭის ყოლის სურვილის გამო, 31446 გოგონა არ დაბადებულა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2016 წელს 56 569 ბავშვი დაიბადა, 2015 წელს კი – 59 249. 2016 წელს დაბადებულთაგან 28 887 ბიჭია, ხოლო 27 682 – გოგონა. სტატისტიკა ცხადყოფს, რომ შობადობა მნიშვნელოვნად შემცირებულია და გასულ წელს 2 680-ით ნაკლები ბავშვი დაიბადა საქართველოში 2015 წელთან შედარებით, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში აბორტების სტატისტიკა მნიშვნელოვნად, რამდენიმე ათასით არის შემცირებული (იხ. დიაგრამა 4).

 

 

დიაგრამა 4

აბორტების რაოდენობა, ათასი
diagrama 4 ek
წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

 

საქართველოს  შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გაცემულმა რეკომენდაციამ, რომ არ მომხდარიყო სქესის წინასწარი გაგება, სამწუხაროდ ვერ იმუშავა, რასაც ადასტურებს ბოლო პერიოდში ჩატარებული სელექციური აბორტების სტატისტიკა. სწორედ ამიტომ, მ.წ 17 ნოემბერს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, ამიერიდან ორსულ ქალებს სქესის წინასწარ გაგების საშუალება აღარ ექნებათ, რადგან  სამწუხაროდ ხშირად გავლენას ახდენს მშობლების გადაწყვეტილებაზე, რომ მოიშორონ მათთვის არასასურველი სქესის ნაყოფი.

ბუნებრივია ჩნდება კითხვა, მაინც რა შედეგები შეიძლება მოუტანოს  ფართოდ გავრცელებული სელექციური აბორტების ტენდენციამ და ქალთა რაოდენობის კლებამ ჩვენს ქვეყანას? პირველ რიგში იგი უარყოფითად იმოქმედებს ქვეყნის დემოგრაფიულ მაჩვენებელზე, რაც შობადობისა და შესაბამისად მოსახლეობის რაოდენობის შემცირებას გულისხმობს. ისტორიულმა გამოცდილებამ ცხადყო, რომ საზოგადოება, სადაც მამაკაცთა არაბუნებრივი სიმრავლე შეინიშნება, ვერ პოულობს საკუთარ პარტნიორს და ისინი ძალადობისაკენ და ხშირ შემთხვევაში კი სექსუალური ძალადობისკენ არიან მიდრეკილნი. დადგენილია, რომ ძალადობრივი დანაშაულის ზრდის მაჩვენებელი ჩინეთისა და ინდოეთის იმ რეგიონებში შეიმჩნევა, სადაც სქესთა შორის ბალანსი დარღვეულია. ამრიგად, დემოგრაფიულ პროცესებზე გავლენას ახდენენ ეკონომიკური, პოლიტიკური, კულტურული, რელიგიური და სხვა ფაქტორები. ბუნებრივია, რომ პრობლემა, რომელიც დღეს კვლავ აქტუალური რჩება, საზოგადოების მხრიდან მუდმივ ყურადღებასა და ძალისხმევას საჭიროებს, რადგან იგი პირდაპირაა დაკავშირებული ქვეყანაში მიმდინარე დემოგრაფიულ პროცესებთან. სელექციური აბორტების თავიდან აცილებისა და ვითარების გაუმჯობესების მიზნით, აუცილებელია როგორც ხელისუფლების, ასევე საზოგადოების სათანადო ძალისხმევა. ფაქტია, რომ აღნიშნული პრობლემის გადასაჭრელად კვლავაც მრავალმხრივი და ინტენსიური მუშაობის ჩატარებაა საჭირო, რაც უპირველეს ყოვლისა ოჯახებისა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას, ღირებულებებისა და დამოკიდებულების შეცვლასა და პირველ რიგში იმის გააზრებას გულისხმობს, რომ გოგოცა და ბიჭიც თანაბრად ფასეულია.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გამოყენებული ლიტერატურა

  1. ანკირიის კრება, კანონი 21; მე-6 მსოფლიო კრება, კანონი 91
  2. ბრძანება N 67/ნ -“თორმეტ კვირაზე მეტი ხანგრძლივობის ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტის სამედიცინო ჩვენებების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2000 წლის 13 მარტის 30/ო ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე, 02.2007. http://medportal.ge/mohsrv/lawfiles/2043.pdf, მოძიებულია 02.06.2015
  3. გილმოტო გ., (2014 წელი) ანგარიში “გენდერული ნიშნით სქესის შერჩევა საქართველოში,” მომზადებულია UNFPA-ისათვის, http://ru.calameo.com/books/000713529e550bd4baefa ნანახია: 05.07.2015
  4. ევროპის საბჭო. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია მე-2 მუხლი
  5. ორსულ ქალებს სქესის გაგების საშუალება აღარ ექნებათ, http://jandacva.ge/orsul-qalebs-bavshvis-sqesis-winaswar-gagebis-sashualeba-aghar-eqnebat/ ნანახია: 11.2017
  6. რეპროდუქიცული ჯანმრთელობის საკანონმდებლო მიმოხილვა, საქართველო, (2014). ასოციაცია ჰერა XXI
  7. სერგეენკო: პრობლემაა აბორტების რაოდენობა და ე.წ სელექციური აბორტები, ტაბულა. http://www.tabula.ge/ge/story/78851-sergeenko-problemaa-abortebis-raodenoba-da-ets-seleqciuri-abortebi ნანახია: 07.01.2014
  8. საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი 14
  9. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, მუხლი 133
  10. საქართველოს კანონი ჯანმრთელობის დაცვის შესახებ, მუხლი 140, მე-2 პუნქტი
  11. Breton L (11/12/2013), Avortement selectif: ces pays ou l’on avorte encore parce qu’on attend une fille. accessed: 01.05.2017 http://www.huffingtonpost.fr/2013/12/09/avortement-selectif-masculinisation-europe-orientale_n_4412556.html
  12. Chahnazarian, A., 1988 – Determinants of the sex ratio at birth: review of recent literature. Social Biol., 35, 214–235
  13. Commissioner for Human Rights. Nils Muižnieks: Sex-selective abortions should be banned. accessed: 01.15.2014: http://www.humanrightseurope.org/2014/01/nils-muiznieks-sex-selective-abortions-should-be-banned/
  14. Ferrarini H. Inde, le pays ou les filles ont disparu. (12.2013). accessed: http://www.slate.fr/monde/80707/inde-le-pays-ou-les-filles-ont-disparu. retrieved:25.06.2014
  15. Filmer, Friedman J. & Schady N. (2008) Development, modernization, and son preference in fertility decisions. In Policy Research Working Paper 4716. The World Bank, Development Research Group, Human Development and Public Services Team & Poverty Team.
  16. Gendercide in the Caucasus, (2013, September 14). The Economist, http://www.economist.com/news/europe/21586617-son-preference-once-suppressed-reviving-alarmingly-gendercide-caucasus, accessed: 21.09.2013
  17. Guilmoto C.Z., Duthe G. Population et Societes, N 506, Ined, Decembre 2013
  18. Gustavus,O. Susan., 1968 – The formation and stability of ideal family size norms among young people, Unpublished doctoral dissertation, Florida State University.
  19. Gustavus, O. Susan. and Charles B. Nam., 1970 – THE FORMATION AND STABILITY OF IDEAL FAMILY SIZE AMONG YOUNG PEOPLE. in DEMOGRAPHY, Volume 7, Number 1.
  20. James W. 2009. The variations of human sex ratio during and after wars, and their potential explanations, Journal of Theoretical Biology, 257: 116-123.
  21. McClelland H. (1979) Determining the impact of sex preferences on fertility: a consideration of parity progression ratio, dominance, and stopping rule measures. Demography 16, 377–388.
  22. National Committee on Confidential Enquiries into Maternal Deaths (2012). Saving Mothers Report, 2008-2010. Saving Mothers Report, 2008-2010
  23. Serbanescu, F., Morris, L., Nutsubidze, N., Imnadze, P., and Shaknazarova, M. (2001). Women´s reproductive health survey Georgia, 1999-2000: Final report. Atlanta, Georgia: Centers for Disease Control and Prevention
  24. Polish lawmakers push on with near-total ban on abortion, (2016, September 10). The Guardian. accessed: 29.03.2017: https://www.theguardian.com/world/2016/sep/23/polish-lawmakers-anti-abortion-bill
  25. World Abortion Policies 2013, United Nations. 2013. Retrieved 5 March 2015
  26. World Bank, World Development Report 2014; Gender Equality and Development (Washington, DC: World Bank, 2011)
  27. Widmer, McClelland G. & Nickerson C. (1981) Determining the impact of sex preferences on fertility: a demonstration study.Demography 18, 27–37.