- By WG
- July 7, 2016
- თარგმანები
აუგუსტ ბებელი -‘ქალი და სოციალიზმი’
ავტორი: აუგუსტ ბებელი
მთარგმნელი: ნესტან მღებრიშვილი
ეს ძალიან მოკლე თავი იქნება. ის შეიცავს მხოლოდ აქამდე გამოთქმული მოსაზრებების დასკვნას, რომლის გამოტანასაც მკითხველი დამოუკიდებლადაც შეძლებს.
მომავლის საზოგადოების წევრი ქალი სოციალურად და ეკონომიკურად დამოუკიდებელია, ის მბრძანებლობისა და ექსპლუატაციის სულ მცირე ნიშანწყალსაც კი აღარ ექვემდებარება; ის თავისუფალია, თანასწორია კაცთან და განაგებს საკუთარ ბედისწერას. მისი განათლება ზუსტად ისეთივეა, როგორიც კაცის, გარდა რამდენიმე გამონაკლისი სახეცვლილებისა, რომლებიც სქესებისა და სქესობრივი ფუნქციების განსხვავებულობითაა გამოწვეული. ცხოვრობს რა ბუნებრივ მდგომარეობაში, მას შეუძლია განავითაროს და ავარჯიშოს თავისი ფიზიკური და გონებრივი სიძლიერე და ნიჭი საკუთარი მოთხოვნილებებიდან გამომდინარე. ის ირჩევს საკუთარ საქმიანობას ისეთ სფეროში, რომელიც მის სურვილებს, მიდრეკილებებს და ნიჭს შეეფერება და მისი სამუშაო პირობები იდენტურია კაცის სამუშაო პირობებისა. თუკი ის ატარებს რამდენიმე საათს თავისი საქმის კეთებაში, მას შეუძლია, გადადოს თავისი დღის ერთი ნაწილი განმანათლებლად, მასწავლებლად ან მედდად სამუშაოდ, მეორე ნაწილი ხელოვნების ან მეცნიერების რომელიმე დარგის შესწავლას დაუთმოს და კიდევ ერთი ნაწილი შემოინახოს ადმინისტრაციული ფუნქციების შესასრულებლად. ის ერთვება სწავლასა და სამუშაოში, სიამოვნებას იღებს ყურადღების გადატანით და გართობით სხვა ქალებთან ან კაცებთან ერთად, საკუთარი სურვილებიდან და გარემოებებიდან გამომდინარე.
სასიყვარულო ობიექტის არჩევის პროცესში ქალი, კაცის მსგავსად, თავისუფალი და შეუფერხებელია. ის არშიყობს ან მას ეარშიყებიან, კავშირის დამყარების დროს, ის უგულვებელყოფს ყველაფერს საკუთარი სურვილების გარდა. ეს კავშირი კერძო შეთანხმებაა, რომელიც სახელწიფო მოხელის შუამავლობის გარეშე ყალიბდება ისევე, როგორც ქორწინება იყო კერძო შეთანხმება შუა საუკუნეებამდე. აქ სოციალიზმი ახალს არაფერს ქმნის, ის მხოლოდ და მხოლოდ ცივილიზაციის ახალ, უფრო მაღალ დონეზე და სხვა სოციალური ფორმით აღადგენს იმას, რაც ისედაც საყოველთაოდ იყო გავრცელებული მანამ, სანამ საზოგადოებაზე კერძო საკუთრება გაბატონდებოდა.
იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი თავისი ინსტინქტების დაკმაყოფილებით არავის აზარალებს, მან ყური უნდა უგდოს თავის სურვილებსა და საჭიროებებს. სექსუალური ინსტინქტის დაკმაყოფილება ისეთივე პირადული საკითხია, როგორც ნებისმიერი სხვა ბუნებრივი ინსტინქტისა. არავინაა ამ თვალსაზრისით სხვების წინაშე პასუხისმგებელი და არავის აქვს უფლება, საკუთარი ინიციატივით ჩაერიოს სხვათა ცხოვრების ამ ასპექტში. ის, თუ რას ვჭამ, როგორ ვსვამ, მძინავს და ვიცვამ, ჩემი პირადი საქმეა ზუსტად ისევე, როგორც ჩემი სექსუალური კავშირი საპირისპირო სქესის წარმომადგენელთან. ინტელექტი და კულტურა, ინდივიდის სრული დამოუკიდებლობა – ყველა ის თვისება, რომელიც მომავლის საზოგადოებისთვის შესაფერისი განათლებისა და სხვა პირობების არსებობის შემთხვევაში ბუნებრივად განვითარდება – ყველას დაიცავს ისეთი საქციელის ჩადენისგან, რომელიც შეიძლება საზიანო იყოს მისთვის. მომავლის საზოგადოებაში მცხოვრებ კაცებსა და ქალებს ბევრად უკეთ შეეძლებათ თვითდისციპლინირება და თვითშემეცნება, ვიდრე მათ, ვინც დღევანდელ სამყაროში ცხოვრობს. ის მარტივი ფაქტი, რომ სექსუალური საკითხების განხილვასთან დაკავშირებული სულელური მოკრძალება და იდუმალების სასაცილო სიყვარული აღარ იარსებებს, გვაძლევს იმის გარანტიას, რომ სქესებს შორის სექსუალური კავშირი ბევრად უფრო ბუნებრივი იქნება, ვიდრე ახლა. თუ ორი ადამიანი შეკავშირების შემდეგღა აღმოაჩენს, რომ ერთმანეთს არ შეეფერებიან, თუ ისინი იმედგაცრუებას ან ზიზღს იგრძნობენ ერთმანეთის მიმართ, მორალი მოითხოვს, რომ ეს არაბუნებრივი და შესაბამისად ამორალური კავშირი დაირღვეს. გამომდინარე იქიდან, რომ ის პირობები, რომლებიც ქალების უდიდეს ნაწილს დღესაც კი ცელიბატობისკენ, ანდაც საკუთარი სხეულით ვაჭრობისკენ უბიძგებს, უკვე გამქრალი იქნება, კაცები ვეღარ შეძლებენ უპირატესობის შენარჩუნებას. მეორეს მხრივ კი, გადასხვაფერებული სოციალური პირობები აღმოფხვრიან უამრავ დაბრკოლებასა და უხერხულობას, რომლებიც ქორწინებას ასე აზიანებენ, ხშირად ხელს უშლიან განვითარებაში, ანდაც სრულიად შეუძლებელს ხდიან მას.
დღევანდელი ქალის პოზიციასთან დაკავშირებული დაბრკოლებების, წინააღმდეგობებისა და არაბუნებრივი ასპექტების შესახებ ცნობადობა დღითიდღე იზრდება; ეს ცნობადობა ძალზე თვალსაჩინოდაა გამოხატული როგორც სოციალურ, ისე მხატვრულ ლიტერატურაში, თუმცა ამ გამოხატულების ფორმები ხშირად მიზანს ვერ პასუხობს. არცერთ მოაზროვნე ადამიანს შეუძლია, უარყოს, რომ ქორწინების ახლანდელი ფორმა სულ უფრო და უფრო ნაკლებად შეესაბამება თავის მიზანს. შესაბამისად, გასაკვირი არაა, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ თავისუფალი არჩევანი სიყვარულსა და უკვე დალუქული კავშირის დარღვევაში მხოლოდ ბუნებრივია, მაგრამ ამავდროულად სულაც არ იჩენენ იმ აუცილებელი დასკვნის გაკეთების სურვილს, რომ დღევანდელი სოციალური სისტემა უნდა შეიცვალოს. მათი აზრით, სექსუალური კავშირის თავისუფლება მხოლოდ პრივილეგირებული კლასებისთვისაა გამართლებული. მაგალითისთვის, მატილდა რაიხჰარტ-სტრომბერგი მწერალ ფანი ლევალდის მიერ ქალთა ემანსიპაციის მხარდაჭერის საპასუხოდ წერს:
თუ თქვენ მოითხოვთ ქალის სრულ თანასწორობას სოციალურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში, მაშინ გამართლებულია ჟორჟ სანდის ბრძოლაც ემანსიპაციისთვის, რომელიც მიიღწვის იმის მოპოვებისკენ, რაც უკვე დიდი ხანია კაცის უდავო საკუთრებაშია. საერთოდაც, არ არსებობს კეთილგონიერი საფუძველი, რომლის მიხედვითაც ქალი მხოლოდ თავისი გონებით, და არა თავისი გულითაც, უნდა იყოს თანასწორი და შეეძლოს კაცის მსგავსად აღება და მიცემა. მეორეს მხრივ, თუ ქალს ბუნებრივად აქვს უფლება და შესაბამისად მოვალეობა – ჩვენ ხომ არ უნდა დავასამაროთ ჩვენთვის ბოძებული ნიჭი – უსაზღვროდ დაძაბოს თავისი ტვინის ქსოვილები საპირისპირო სქესის წარმომადგენელ, ინტელექტუალ ტიტანებთან საბრძოლველად, მაშინ მას უნდა ჰქონდეს უფლება, რომ მათ მსგავსად აასწრაფოს საკუთარ გულში სისხლის მიმოქცევა ნებისმიერი ხერხით, რომელსაც თვითონ მიიჩნევს საჭიროდ და ამ გზით შეინარჩუნოს წონასწორობა. ჩვენ ხომ ყოველგვარი მორალური გულისწყრომის გარეშე ვკითხულობთ იმის შესახებ, თუ როგორ ფლანგავდა გოეთე – მაგალითისთვის საუკეთესოთა შორის საუკეთესო რომ ავირჩიოთ – თავისი გულის სითბოსა და დიდებული სულის მგზნებარებას სხვადასხვა ქალზე. განათლებული ადამიანი – სწორედ მისი დაუკმაყოფილებელი სულის სიდიადის საფუძველზე – ამას მხოლოდ და მხოლოდ ბუნებრივად მიიჩნევს, ამავდროულად, მხოლოდ ვიწრო თვალთახედვიან მორალისტს ჰგონია, რომ ცხოვრების ასეთი წესი მანკიერია. მაშინ, რატომ უნდა დავაკნინოთ ქალთა „დიდებული სულები“?!… მოდი, დავასკვნათ, რომ სრულიად მდედრობითი სქესი მხოლოდ ისეთი დიდებული სულებისგან შედგება, როგორებსაც ჟორჟ სანდი აღგვიწერდა, რომ ყველა ქალი ლუკრეცია ფლორიანია, რომლის შვილებიც სიყვარულის შვილები იყვნენ და რომელმაც ეს შვილები გამჭრიახობასა და საღ აზროვნებასთან ერთად, დედობრივი სიყვარულით და თავდადებით აღზარდა. რა მოუვიდოდა ამ შემთხვევაში მსოფლიოს? უეჭველია, რომ ის ისევე გააგრძელებდა არსებობას და განვითარებას, როგორც დღეს და სავარაუდოდ, ამ პროცესში თავს განსაკუთრებულად კარგად იგრძნობდა.
და მაინც, რატომ უნდა იყოს ეს ყველაფერი მხოლოდ „დიადი სულების“ განსაკუთრებული უფლება და არა მათიც, ვინც „დიადი სულები“ არ არიან? თუ გოეთეს და ჟორჟ სანდს, მხოლოდ ორს იმ უამრავი ადამიანიდან, რომლებიც მათსავით ცხოვრობდნენ და ცხოვრობენ, შეეძლოთ თავიანთი გულების განკარგულებაში ცხოვრება – და გოეთეს სასიყვარულო კავშირების შესახებ მთელი ბიბლიოთეკები იბეჭდება, რომლებსაც მისი მამრობითი და მდედრობითი სქესის წარმომადგენელი მოტრფიალენი აღტაცებული ექსტაზის განცდით შთანთქავენ – მაშ, რატომ უნდა გავკიცხოთ სხვებში ის, რაც გოეთესა და ჟორჟ სანდის შემთხვევაში ამგვარი ექსტაზით სავსე ტრფიალის საგანია?
ვაღიაროთ, რომ ბურჟუაზიულ საზოგადოებაში სასიყვარულო ობიექტის შერჩევის თავისუფლება შეუძლებელია – ეს თვალსაჩინო გავხადეთ აქამდე ნახსენები ყველა არგუმენტით – თუმცა, თუ მთლიანი საზოგადოება სოციალური და ინტელექტუალური ელიტის მსგავს სოციალურ მდგომარეობაში აღმოჩნდება, მისთვის მსგავსი თავისუფლებები ხელმისაწვდომი ხდება. თავის ნაწარმოებში სახელად „ჟაკი“, ჟორჟ სანდი აღწერს ქმარს, რომელიც თავისი მოღალატე ცოლის კავშირს სხვასთან შემდეგი სიტყვებით განსჯის: „არცერთ ადამიანს შეუძლია სიყვარულის განკარგვა, არავინაა დამნაშავე, თუ გრძნობს მას, არც მაშინ, თუ ვერ გრძნობს. ტყუილი არის ის, რაც ქალს ამცირებს, ღალატი არის არა ის ერთი საათი, რომელსაც ქალი თავის საყვარელს უთმობს, არამედ შემდეგი ღამე, რომელსაც ის თავის ქმართან ერთად ატარებს.“ თავისი შეხედულებებიდან გამომდინარე, ჟაკი თავს ვალდებულად გრძნობს, ადგილი მოწინააღმდეგეს დაუთმოს და სწორედ ამ პროცესში მყოფი აღმოაჩენს საკუთარ გონებაში ფილოსოფიურ აზრებს:
ბორელი ჩემს ადგილას თავის ცოლს ჩუმად გალახავდა და შემდეგ, ვითომც არაფერი, თავისი დარტყმებითა და კოცნებით შეურაცხყოფილს, გულში ჩაიკრავდა. არსებობენ ადამიანები, რომლებიც აღმოსავლური ტრადიციების მსგავსად, კლავენ თავიანთ მოღალატე ცოლებს, რადგან ისინი მათ თავიანთ კანონიერ საკუთრებად მიიჩნევენ. სხვები იბრძვიან თავიანთ მოწინააღმდეგეებთან, კლავენ მათ ან განდევნიან და შემდეგ ქალს, რომელიც ვითომ ასე უყვართ, კოცნასა და მოფერებას თხოვენ, ქალი კი ან შიშისგან იკუმშება, ანდაც სასოწარკვეთილი ნებდება. ეს მისაღები ქმედებებია ცოლ-ქმრულ სიყვარულში და მე მგონია, რომ ღორების სიყვარულიც კი ნაკლებად არასრულფასოვანი და ტლანქია, ვიდრე ასეთი ადამიანებისა.
ამ ნაწყვეტის შესახებ ბრანდესი წერს:
ეს სიმართლეები, რომლებიც დღევანდელი ცივილიზებული სამყაროსთვის ელემენტარულად მიიჩნევა, ორმოცდაათი წლის წინ სიბილწედ იყო შერაცხული. თუმცა, „საკუთრებისა და კულტურის მსფოლიო“ დღესაც ვერ ბედავს ჟორჟ სანდის პრინციპების აღიარებას მიუხედავად იმისა, რომ სწორედ მათ მიხედვით ცხოვრობს. ისევე როგორც მორალსა და რელიგიაში, ის სამართლიანობას ქორწინებაშიც აზიანებს.
იმას, რასაც გოეთე და სანდი აკეთებდნენ, დღესაც აკეთებს ათასობით ადამიანი, რომლებიც სულაც ვერ შეედრებიან გოეთესა და სანდს და თანაც, ეს საზოგადოების მხრიდან პატივისცემის დაკარგვის გარეშე გამოსდით. საჭიროა მხოლოდ საპატიო პოზიცია, დანარჩენი თავისით მოდის. მიუხედავად ამისა, ის თავისუფლებები, რომლებიც გოეთესა და ჟორჟ სანდს გააჩნდათ, ბურჟუაზიული გადმოსახედიდან სრულიად ამორალურია, რადგან ისინი ეწინააღმდეგებიან საზოგადოების მიერ დაწესებულ მორალურ კანონებს და შეუთავსებელნი არიან ჩვენი სოციალური პირობების რაობასთან. ბურჟუაზიულ საზოგადოებაში სტანდარტული ჩვეულებაა გარიგებით ქორწინება – ერთადერთი „მორალური“ კავშირი სქესებს შორის. ბურჟუაზიული ქორწინება, როგორც ეჭვგარეშედ დავადგინეთ, ბურჟუაზიული ქონებრივი ურთიერთობების შედეგია. მჭიდრო კავშირშია რა კერძო საკუთრებასთან და მემკვიდრეობის უფლებასთან, ქორწინების უმთავრესი დანიშნულება „კანონიერი“ შვილების, მემკვიდრეების გაჩენაა. სოციალური პირობების ზემოქმედებით, ქორწინებას მათაც აძალებენ, ვისაც მემკვიდრეობით არაფერი აქვს მისაღები; ქორწინება ხდება სოციალური კანონი, რომლის დარღვევაც სახელმწიფოს მიერ ისჯება მოღალატე ან განქორწინებული ქალებისა და კაცების ციხეში ჩასმით.
სოციალისტურ საზოგადოებაში მემკვიდრეობით მისაღები არაფერია, თუ, რა თქმა უნდა, ავეჯსა და პირად ნივთებს მემკვიდრეობად არ მივიჩნევთ; მაშასადამე, ქორწინების თანამედროვე ფორმა დრომოჭმული ხდება. შესაბამისად, მემკვიდრეობის საკითხიც გადაჭრილია და სოციალიზმს აღარ უწევს მისი აღმოფხვრის მცდელობით თავის შეწუხება. მაშინ, როდესაც არ არსებობს კერძო საკუთრება, ვერც მემკვიდრეობის უფლება იარსებებს. შესაბამისად, ქალი თავისუფალია და შვილები დამოუკიდებლობას არ უზღუდავენ, ისინი მხოლოდ უმრავლებენ მას ცხოვრებისგან მიღებულ ბედნიერებას. მედდები, მასწავლებლები, ქალი მეგობრები, ქალების აღმავალი თაობა, ისინი მხარში ამოუდგებიან ქალს ყოველთვის, როცა მას დახმარება დასჭირდება.
შესაძლებელია, რომ მომავალში იარსებებენ კაცები, რომლებიც ალექსანდერ ფონ ჰამბოლდტის მსგავსად იტყვიან: „მე არ ვარ შექმნილი ოჯახის მამობისთვის. მეტიც, ქორწინებას ცოდვად მივიჩნევ და ბავშვების გაჩენას – დანაშაულად.“ მერე რა? ბუნებრივი ინსტინქტების სიძლიერე აუცილებლად შეძლებს წონასწორობის დაცვას. ჩვენ არ გვაშინებს არც ჰამბოლდტის მტრული დამოკიდებულება ქორწინების მიმართ და არც შოპენჰაუერის, მაინლენდერის, ანდაც ფონ ჰარტმანის პესიმისტური ფილოსოფია, რომლებიც ვარაუდობენ, რომ „იდეალურ სახელმწიფოში“ კაცობრიობას თვითგანადგურების პერსპექტივა აქვს. ამ თვალსაზრისით, ჩვენ ვეთანხმებით დოქტორ რატცელს, რომელიც სრულიად სამართლიანად წერს:
კაცმა აღარ უნდა მიიჩნიოს საკუთარი თავი ბუნების კანონების გამონაკლისად, არამედ ბოლოს და ბოლოს უნდა დაიწყოს თავისი ქცევებისა და ფიქრების გამომწვევი წესებისა და სისტემების ძიება და მიიღწვოდეს თავისი ცხოვრების ბუნებრივი კანონების მიხედვით წარმართვისკენ. ადრე თუ გვიან, ის ისწავლის თავის თანასწორ არსებებთან, ანუ ოჯახთან და სახელმწიფოსთან თანაცხოვრების ორგანიზებას არა კარგად დავიწყებული ეპოქებისგან წარმოშობილი წეს-ჩვეულებებიდან გამომდინარე, არამედ ბუნების შეცნობის შედეგად გამოწვეული რაციონალური პრინციპების მიხედვით. პოლიტიკა, მორალი, კანონები, რომლებიც დღესდღეისობით სხვადასხვანაირი წყაროებიდანაა ამოკრეფილი, მხოლოდ და მხოლოდ ბუნების კანონებზე დაყრდნობით ჩამოყალიბდება. არსებობა, რომელსაც ადამიანები იმსახურებენ და რომელზეც კაცობრიობა ათასწლეულების მანძილზე ოცნებობდა, ბოლოს და ბოლოს იქცევა სინამდვილედ.
ეს დღე სწრაფი ნაბიჯებით გვიახლოვდება. ადამიანთა საზოგადოება ათასწლეულების მანძილზე გადიოდა განვითარების სხვადასხვა საფეხურებს, მაგრამ საბოლოოდ ისევ და ისევ საწყის წერტილს დაუბრუნდა, კომუნისტურ საკუთრებას, სრულ თავისუფლებასა და მეგობრობას, მაგრამ არა მხოლოდ ერთმანეთის მსგავს პირებს, არამედ სრულიად ადამიანთა მოდგმას შორის. ასეთია მისი დიდებული პროგრესი. ის, რისკენაც ბურჟუაზიული საზოგადოება ამაოდ მიიღწვის, რისი მიღწევის მცდელობებიც სრულ მარცხს განიცდის, თავისუფლების, თანასწორობისა და მეგობრობის დამყარება ყველასთვის, მხოლოდ სოციალიზმის წყალობით თუ შეისხამს ფრთებს. ბურჟუაზიულმა საზოგადოებამ მხოლოდ თეორიის განვითარება შეძლო, თუმცა აქ, ისევე როგორც უამრავი სხვა თვალსაზრისითაც, პრაქტიკა არ შეესაბამებოდა თეორიას. სოციალიზმი გააერთიანებს თეორიას და პრაქტიკას.
თუმცა, ბრუნდება რა კაცობრიობა განვითარების საწყის წერტილებთან, ის ამას ცივილიზაციის ბევრად უფრო მაღალ საფეხურზე აკეთებს. პრიმიტიული საზოგადოება ფლობდა საერთო საკუთრებას მოდგმასა და კლანში, თუმცა ძალიან უხეში ფორმებით და განუვითარებელ საფეხურზე. განვითარების გზამ, რომელიც კაცობრიობამ მას შემდეგ გაიარა, საერთო საკუთრება პატარა, უმნიშვნელო ნარჩენებამდე დაიყვანა, დაანგრია მოდგმები და როგორც იქნა, ატომებად დაშალა საზოგადოება; თუმცა, განვითარების სხვადასხვა საფეხურებზე მან შესამჩნევად გაზარდა საზოგადოების პროდუქტიული ძალები და მისი საჭიროებების მრავალფეროვნებაც; მან მოდგმები და კლანები სახელმწიფოებად აქცია და შესაბამისად, თავიდან შექმნა პირობები, რომლებიც დამაბრმავებელ ურთიერთწინააღმდეგობაში მოდის საზოგადოების საჭიროებებთან. ახლა მომავალს აქვს დავალება, გაანადგუროს ეს ურთიერთწინააღმდეგობა ქონებისა და საწარმოო საშუალებების საერთო საკუთრებაში დაბრუნების შედეგად, ყველაზე ფართო საფუძველზე დაყრდნობით.
საზოგადოება კვლავ იბრუნებს იმას, რაც ოდესღაც მის საკუთრებაში იყო და რაც თავისით შექმნა, მაგრამ ის ყველას აძლევს შესაძლებლობას, იცხოვრონ სიცოცხლის ახლად შექმნილ პირობებში ცივილიზაციის უმაღლეს საფეხურზე. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ის ყველას უბოძებს იმას, რაც მეტად პრიმიტიულ პირობებში მხოლოდ ცალკეული ინდივიდების ან კლასების პრივილეგია იყო. ქალისთვისაც აღდგენილა აქტიური როლი, რომელსაც ის პრიმიტიულ საზოგადოებაში ასრულებდა, როლი არა დომინანტისა, არამედ კაცთან გათანასწორებული არსების.
„სახელმწიფოს განვითარების დასასრული ადამიანის არსებობის დასაწყისს წააგავს. როგორც იქნა, ბრუნდება თავდაპირველი თანასწორობა. დედობრივი საწყისი იწყებს და ასრულებს ციკლს ყოველი ადამიანური საკითხისა“ – წერს ბახოფენი თავის „მატრიარქატში“ ხოლო მორგანი ამბობს:
ცივილიზაციის საწყისებიდან მოყოლებული დღემდე, სიმდიდრის მატება ისე უშველებელია, მისი ფორმები ისე მრავალგვარი, მისი მოხმარება ისე ფართო და მისი მართვა-გამგეობა ისე ჭკვიანური მისივე მფლობელების სასიკეთოდ, რომ ეს სიმდიდრე იქცა დაუმარცხებელ ძალაუფლებად ხალხის წინააღმდეგ. ადამიანის გონება – თავისივე ქმნილების შემხედვარე – უმწეო და შეცბუნებულია. თუმცა, მოვა დრო, როდესაც ადამიანის ინტელექტი საკმარისად ძლიერი იქნება იმისთვის, რომ მართოს სიმდიდრე, განსაზღვროს როგორც სახელმწიფოს ურთიერთობა ქონებასთან, რომელსაც იცავს, ასევე მისი მფლობელების ვალდებულებები და საზღვრები მათი უფლებებისა. საზოგადოების ინტერესები პირველხარისხოვანია ინდივიდის ინტერესებისთვის და ისინი სამართლიან და ჰარმონიულ კავშირში უნდა იყვნენ ერთმანეთთან. თუ პროგრესი წარსულის მსგავსად, მომავლის კანონადაც უნდა შენარჩუნდეს, მაშინ სიმდიდრის დევნა არ არის კაცობრიობის უმთავრესი მიზანი. ცივილიზაციის საწყისებიდან გასული დრო კაცობრიობის წარსული არსებობის უმცირესი ფრაგმენტია; ის კაცობრიობის მომავალი არსებობის უმცირესი ფრაგმენტია. ჩვენ გვაშინებს საზოგადოების განზევება, როგორც აღმოფხვრა ისტორიული კარიერისა, რომლის ერთადერთი მიზანიც სიმდიდრე იყო; რამეთუ ასეთი კარიერა შეიცავს თავისივე განადგურების ელემენტებს.
დემოკრატია მთავრობაში, ძმობა საზოგადოებაში, თანასწორობა უფლებებსა და პრივილეგიებში და ზოგადი განათლება, ეს ყველაფერი დააფუძნებს საზოგადოების შემდეგ, უფრო მაღალ საფეხურს, რომლისკენაც გამოცდილება, კეთილგონიერება და ცოდნა გამუდმებით მიგვიძღვიან.
ეს იქნება ძველი მოდგმებისათვის დამახასიათებელი თავისუფლების, თანასწორობისა და ძმობის მეტად მაღალი ფორმებით აღორძინება.
აქედან გამომდინარე, ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული შეხედულებების მქონე ადამიანები, მეცნიერული გამოძიების შედეგად იდენტურ დასკვნამდე მიდიან. ქალის სრული ემანსიპაცია და მისი თანასწორობა კაცთან ჩვენი კულტურული განვითარების უმთავრესი მიზანია, რომლის მიღწევასაც დედამიწაზე არსებული ვერცერთი ძალა ხელს ვერ შეუშლის. თუმცა ეს შესაძლებელია მხოლოდ სრული გარდაქმნის საფუძველზე, რომელიც აღმოფხვრის ყოველგვარ ძალაუფლებას ადამიანისა სხვა ადამიანზე და შესაბამისად, კაპიტალისტისა – მუშაზე. მხოლოდ ასე შეძლებს ადამიანის განვითარება ბოლო საფეხურამდე მიღწევას. როგორც იქნა, დადგება „ოქროს ხანა“, რომელზეც ადამიანები ათასწლეულების მანძილზე ოცნებობდნენ და რომლისკენაც ისინი ასე მიისწრაფვოდნენ.
სამუდამოდ დასრულდება კლასობრივი მმართველობა და მასთან ერთად – კაცის მმართველობაც ქალზე.