X თავი

ძალადობრივი ურთიერთობა და შეურაცხყოფა არასდროს არ არის თქვენი ბრალი – თქვენ იმსახურებთ, რომ თავს უსაფრთხოდ გრძნობდეთ პარტნიორთან. ქვემოთ მოყვანილია ძალადობრივი ურთიერთობის ნიშნები და ის, თუ რა უნდა გააკეთოთ, თუ ასეთ სიტუაციაში იმყოფებით.

10.1 რა არის ძალადობრივი ურთიერთობა?

ძალადობრივი ურთიერთობა არის პარტნიორის მიერ თქვენთვის ტკივილის მოყენება ან რეგულარული გაკონტროლების მცდელობები. ეს შეიძლება ყველას დაემართოს. არ აქვს მნიშვნელობა თქვენს ასაკს, გენდერს, სექსუალურ ორიენტაციას, რამდენ ხანს იყავით ამ ადამიანთან ან რამდენად სერიოზულია ურთიერთობა. ძალადობრივი ურთიერთობის მსხვერპლად ყოფნა არასდროსაა თქვენი ბრალი.

ძალადობრივი ურთიერთობა შესაძლოა მოიცავდეს: ფიზიკურ  ძალადობას – დარტყმას, დახრჩობას, საგნების გატეხვას ან სროლას, კარის დაკეტვას, როდესაც წასვლას ცდილობთ. ეს ქმედებები ძალადობრივია მაშინაც, კი თუ რაიმე ქმედება არ ტოვებს ჩალურჯებას.

ვერბალურ ძალადობას – ყვირილს, ან თქვენთვის სულელის,მახინჯის, გიჟის ან მსგავსი შეურაცხმყოფელი სიტყვების დაძახებას.

ემოციურ ძალადობას – იმის თქმას, რომ სხვას არავის ენდომება თქვენთან ყოფნა, ან თავს დამნაშავედ გაგრძნობინებთ მაშინ, როდესაც ცუდი არაფერი გაგიკეთებიათ, თითქოს არ იმსახურებთ სიყვარულს. იმის თქმას, რომ მათი ცუდი ქცევა თქვენი ბრალია. ასევე თქვენ გაბრალებენ თავიანთ ბრაზს და ძალადობას, ან თქვენს თავზე გაჯერებენ არასწორ რამეებს.

ციფრულ ძალადობას – თქვენი პროფილის გატეხვას, იმის კონტროლს, თუ რას აკეთებთ სოციალურ მედიაში, თქვენს პროფილზე თვალთვალს.

იზოლირებას და ეჭვიანობას – იმის გაკონტროლების მცდელობას, თუ სად მიდიხართ და ვისთან ერთად, უაზრო ეჭვიანობას.

დაშინებას ან საფრთხეებს – დაშინებას იმით, რომ თქვენთან ურთიერთობას გაწყვეტენ, ძალადობით დაშინებას (შენდამი ან საკუთარ თავზე) ან დაშინებას, რომ თქვენს საიდუმლოს გაამჟღავნებენ, თქვენი კონტროლის მიზნით.

დაძალებას – ნარკოტიკების, ალკოჰოლის და სხვა საგნების მოხმარების დაძალებას, რაც თავად არ გსურთ. სექსუალურ ძალადობას – სექსის, ან სხვა სქესობრივი აქტის დაძალებას ან დაძალებას, შეწყვიტოთ თავდაცვა (კონტრაცეპტივები, პრეზერვატივები).

ეს ქცევები არის გზა თქვენი შეყვარებულისთვის თქვენს საკონტროლოდ და ურთიერთობაში ძალაუფლების ქონისთვის. ნებისმიერი სახის ძალადობას შეუძლია დაგსტრესოთ, გაგაბრაზოთ, ან დეპრესიაში ჩაგაგდოთ. ძალადობრივ ურთიერთობას შეუძლია გავლენა მოახდინოს თქვენი სხვა საქმიანობის ხარისხზე, ან გიბიძგოთ ნარკოტიკის და ალკოჰოლის გამოყენებისკენ.

10.2 როგორ გავიგო, არის თუ არა ჩემი ურთიერთობა ძალადობრივი?

ხანდახან რთულია გაგება, ხარ თუ არა არაჯანსაღ და ძალადობრივ ურთიერთობაში. მაგრამ თუ ფიქრობ, რომ ცუდად გექცევიან, სავარაუდოა რომ – კი. ენდე შენს გულს. ჯანსაღი ურთიერთობები თავს კარგად უნდა გაგრძნობინებდნენ და არა პირიქით.

სავარაუდოდ, ძალადობრივ ურთიერთობაში ხარ, თუ ის ადამიანი, ვისაც ხვდები:

  • გირეკავს, გწერს მუდმივად, გეკითხება სად ხარ, ვისთან ერთად ხარ, ან რას აკეთებ. ამოწმებს შენს მობილურს, სოციალური ქსელის მესიჯებს, შენი თანხმობის გარეშე.
  • გეუბნება ვისთან შეგიძლიათ და ვისთან არ შეგიძლია მეგობრობა.
  • გემუქრება შენი საიდუმლოს გამჟღავნებით.
  • გითვალთვალებს, ან მუდმივად ამოწმებს თუ რას აკეთებ სოციალურ მედიაში.
  • გაიძულებს მიწერო სექსუალური ხასიათის მესიჯები.
  • შენს შესახებ ხალხთან სამარცხვინო ან ცუდ რაღაცეებს იძახის.
  • ეჭვიანობს, ან ცდილობს გაგაწყვეტინოს სხვა ადამიანებთან ურთიერთობა.
  • ადვილად ფეთქებადია და გეშინია მისი გაბრაზების.
  • გადანაშაულებს ღალატში ან რაიმე ცუდის ჩადენაში ყოველთვის.
  • იმუქრება რომ დაიზიანებს ან მოიკლავს თავს, ან გავნებთს შენ, თუ დაშორდებით.
  • გვნებს ფიზიკურად.

თუ ფიქრობთ, რომ ძალადობრივ ურთიერთობაში ხართ, დაელაპარაკეთ თქვენს მშობლებს, ან სანდო უფროსს. ისინი დაგეხმარებიან გარკვევაში და ურთიერთობის უსაფრთხოდ დასრულებაში.

10.3 რა უნდა ვქნა, თუ ძალადობრივ ურთიერთობაში ვარ?

თუ ძალადობრივ ურთიერთობაში იმყოფებით, აუცილებლად უნდა შეწყვიტოთ. მოძალადესთან დაშორება შესაძლოა ძალიან რთული იყოს, განსაკუთრებით მაშინ, თუ გიყვართ. ძალიან ნორმალურია, რომ გენატრებოდეთ, თუმცა მუდმივად შეახსენეთ თავს, თუ რატომ დაშორდით. ის უნდა გააკეთოთ, რაც თქვენთვის საუკეთესოა.

როდესაც დაშორებისთვის მზად იქნებით, არ მისცეთ საშულება მოძალადეს, რომ გადაგაფიქრებინოთ. თუ ის გაშინებთ თავისი თავის ან თქვენი დაზიანებით, მიმართეთ უფროს ადამიანს. თქვენი უსაფრთხოება ყველაზე მნიშვნელოვანია. არ შეგეშინდეთ, დახმარება სთხოვოთ თქვენს მშობლებს, ან მეგობრებს. თუ პირისპირ დაშორება საშიშად გეჩვენებათ, უკეთესია მობილურით, მესიჯით ან მეილით დაშორდეთ.

თუ ძალადობრივ ურთიერთობაში იმყოფებით, იცოდეთ, რომ თქვენ მარტო არ ხართ და უკეთესს იმსახურებთ. ძალადობა არასდროსაა თქვენი ბრალი.

არავის აქვს უფლება, რომ გატკინოთ, თავი ცუდად გაგრძნობინოთ, ან გაიძულოთ ისეთი რამეების კეთება, რაც არ გინდათ. ზოგჯერ ყველა იქცევა არაადეკვატურად, თუმცა პრობლემებთან გამკლავება საუბრით უნდა მოხდეს და არა თქვენთვის ზიანის მოყენებით.

10.4 როგორ დავეხმარო მეგობარს, რომელიც ძალადობრივ ურთიერთობაშია?

ძალადობრივ ურთიერთობაში მყოფი მეგობრის ყურება, შესაძლოა, ძალიან რთული იყოს, მაგრამ ხანდახან საუკეთესო გზა მათ დასახმარებლად მოსმენაა და არა განსჯა.

ერთ-ერთი მარტივი გზა მეგობრის დასახმარებლად, იყოს უსაფრთხოდ, არის ის, რომ არ მონიშნოთ, ან ახსენოთ მისი სახელი ფეისბუქზე, თვითერზე და ა.შ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია მაშინ, თუ ის ადამიანი ვისაც ხვდება, ამოწმებს და უთვალთვალებს ონლაინში.

ასევე შეგიძლიათ სცადოთ თქვენი მეგობრისთვის დახმარების გაწევა სკოლაში, ან სანაცნობო წრეში. მშობლები, მასწავლებლები და სხვა უფროსი პირები, რომლებსაც ენდობით, შესაძლოა ძალიან კარგი დამხმარეები აღმოჩნდნენ. თუ ფიქრობთ, რომ თქვენი მეგობარი საფრთხის ქვეშ იმყოფება, სასწრაფოდ გაესაუბრეთ ამაზე ვინმეს.

აცადეთ თქვენს მეგობარს, გააკეთოს თავისი არჩევანი. შეგიძლიათ მხარში ამოუდგეთ ან რჩევა მისცეთ, მაგრამ არ უთხრათ, რა გააკეთოს. არ გაბრაზდეთ, როცა არ აკეთებს იმას, რასაც თქვენ ფიქრობთ, რომ უნდა გაეკეთებინა. ძალადობრივი

ურთიერთობიდან გამოსვლა, შესაძლოა, ძალიან რთული და ხანგრძლივი პროცესი იყოს – ხანდახან, საშიშიც. ხოლო უფრო რთულია მაშინ, როდესაც თქვენს მეგობარს უყვარს ის ადამიანი, ვინც მასზე ძალადობს.

ნორმალურია, რომ ხშირად განიცდიდეთ იმედგაცრუებას, მაგრამ ეცადეთ, დარჩეთ კარგ მეგობრად. გაერთეთ მათთან ერთად და შეახსენეთ, თუ რამდენად კარგები არიან, რამდენად იმსახურებენ სიყვარულს და დაფასებას. ხანდახან, უბრალოდ გვერდში დგომა საუკეთესოა, რაც შეიძლება გააკეთოთ.

ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის სახელმწიფო ცხელი ხაზი: 116 006

მთარგმნელი : ანო გულიშვილი

© Planned Parenthood Federation of America Inc. 

კრებულის სხვა თავების სანახავად გადადით საიტის განყოფილებაში “ყველაფერი შენი სხეულის შესახებ”.